ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის წევრების განცხადებები მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ომობს, განსაკუთრებულად მკაფიოდ აჩვენებს ხელისუფლების საგარეო პრორუსულ ვექტორს.
„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებების არქივს გადახედა 24 თებერვლიდან 24 თებერვლამდე
————-
ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეს – 23 თებერვალს იწყება საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის სასარგებლოდ.
იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის, კონფლიქტი უნდა გადაწყდეს დიპლომატიით“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს. მანამდე რამდენიმე კვირით ადრეც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს – როცა რუსეთის არმია უკრაინის საზღვართან ლაგდებოდა, საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, თუმცა რუსეთი საერთოდ არ ახსენა.
24 თებერვალი – ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე ინგლისურად დაწერა: „ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ. სამხედრო შეტევა სუვერენულ სახელმწიფოზე მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაატარონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
25 თებერვალი – „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე. მაშინ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადება, არამედ „უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“.
პრემიერმა ღარიბაშვილმა კი, დასავლეთის პასუხად და რუსეთის თავის მოსაწონად თქვა, რომ „საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“. ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, აპირებს თუ არა უკრაინაში ჩასვლას. მას შეახსენეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკრაინის ლიდერები საქართველოში იმყოფებოდნენ.
„უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
28 თებერვალი – პრემიერის რიტორიკა საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმა გაიზიარეს. მაგალითად, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ თქვა: „საქართველო ყოვლისშემძლე არ არის და მისი ეროვნული ინტერესია, ქვეყანაში ომი არ დაუშვას“
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კი, აღნიშნა, რომ „რუსეთს რამდენიმე წუთი დასჭირდება საქართველო დააყენოს თავდაყირა“.
28 თებერვალი ასევე ის დღეა, როცა საქართველომ უარი უთხრა უკრაინულ მხარეს ჩარტერული რეისის შესრულებაზე – თვითმფრინავს საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა და წაეღო მოქალაქეთა ინიციატივით შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი.
„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როცა მან 2022 წლის პირველ მარტს საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია.
25 მარტი – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში, ოპოზიციაში მყოფი ადამიანები უკრაინაში ხელისუფლებაში არიან და ეს მისთვის „უცნაური მოცემულობაა“. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ აუხსნია, რაში მდგომარეობს „უცნაურობა“. თუმცა, ფაქტობრივად, მან ისევ სცადა უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა, მისი პარტნიორად დანახვის ნაცვლად.
„სამწუხაროდ, გვაქვს რთული მოცემულობა, იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი არის გაწვეული. ეს არის მთავარი ასპექტი ამ კუთხით, ანუ კონკრეტული დემარში განხორციელდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სიღრმისეული განსჯის საფუძველზე იქნა მიღებული.
გვაქვს სამწუხარო და ძალიან უცნაური მოცემულობა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, უკრაინაში ხელისუფლებაში არიან. ეს არის ძალიან უცნაური მოცემულობა, ალბათ, უნიკალური მსოფლიოს ისტორიაში,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
28 მარტი – რამდენიმე დღეში ირაკლი კობახიძემ სცადა უკრაინასთან „ურთიერთობის გარკვევა“ – ის უკრაინაში ენმ-ს წევრების ვიზიტს გამოეხმაურა და ეს განაცხადა:
„რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო“.
1-ელი აპრილი – „ვერ ვხედავ ვითარების შეცვლის რესურსს“ – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრის დროს.
„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება ომის მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ მოვაკლებდით მცდელობას, თუმცა ასეთ ვითარებაში მე ვერავითარ რესურსს ვერ ვხედავ, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. კომუნიკაციის მცდელობები იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, ნაბიჯები არ გადმოდგმულა,“ – პირიქით უკრაინა დაადანაშაულა ურთიერთობის გაფუჭებაში ირაკლი კობახიძემ.
3 აპრილი – ამ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 25 თებერვალი გაიხსენა, უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღე, როცა მან თქვა, რომ ომში უკრაინა „დაისჯება და დაიჩაგრება“. ღარიბაშვილს არც კი უთქვამს, რომ, მაგალითად, იმ დღეს სხვა რამ იგულისხმა, რაც ვერ გავიგეთ, ან რამე მსგავსი. პირიქით, ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ უკრაინა „დაისჯება“ და „დაიჩაგრებ“ და ირიბად დაადასტურა, რომ კრემლის რუპორად, პირველ რიგში, საქართველოში საქართველოს მთავრობა იქცა.
„სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. – „თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინაა,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
15 აპრილი – საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში გაემგზავრა. ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო.
27 აპრილი – ირაკლი ღარიბაშვილმა კონსპირაციის ახალი თეორია გაახმოვანა. მან თქვა, რომ არსებობდა კონკრეტული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ომი უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ ამ პერიოდში, „მეორე ფრონტის გახსნის მიზნით“ ჩამოვიდა.
ღარიბაშვილმა იქვე დასძინა, რომ მას ბევრი ინფორმაცია აქვს, რომელთა ნაწილი საჯაროდ ითქმის, ნაწილი კი – არა.
„მე, როგორც მთავრობის მეთაურს, მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელთაგან ბევრი ითქმის საჯაროდ, მაგრამ უფრო მეტი არ ითქმის საჯაროდ. მე რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს და თქვენ, ამაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ იყო განზრახვა მეორე ფრონტის გახსნის. ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უკრაინაში უნდა დაწყებულიყო ნოემბერში ან დეკემბერში.
ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის. ეს, სამწუხაროდ, დაადასტურეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა. რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და არ შეეფერება, არაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
9 მაისი – ირაკლი ღარიბაშვილი: „რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და, რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, ჩვენთვის, საქართველოსთვის,“ – უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოს ევროპული არჩევანზე ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
13 ივნისი – რამდენიმე დღეში ირაკლი ღარიბაშვილი ჩვეულ პათოსს დაუბრუნდა და თქვა: „თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა.“
22 ივნისი – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინული მხარე ითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაეშვა მათ მიერ „დაქირავებული მოხალისეები“.
„ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები… ითხოვდნენ, ჩარტერული რეისებით მთავრობას გაგვეშვა მეომრები, მათი დაქირავებული, ასე ვთქვათ, მოხალისეები… ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა, ძვირფასო ოპონენტებო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
7 ივლისი – „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოზე გაღიზიანებული არიან, რადგან ქართველი ქალები და ბავშვები არ იხოცებიან.
როგორც ქადაგიშვილი ამბობს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ კი საქართველო დააზიანონ.
23 სექტემბერი – პრემიერ-მინისტრმა 2022 წლის 23 სექტემბერს გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ „საქართველო დგას უკრაინის გვერდით“. „ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
27 სექტემბერი – „ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რაც დღეს ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს რუსეთის „ცინიკური ქმედება“ უწოდა. სალომე ზურაბიშვილის პოზიციები რუსეთ-უკრაინის ომზე რადიკალურად განსხვავდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს მთავრობის წევრების რიტორიკისგან.
20 ოქტომბერი – ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს პარლამენტიდან დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მიეშველა პრორუსული გზავნილების გაძლიერებასა და ივანიშვილის დაცვაში. ამ პერიოდში გააქტიურდა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა.
„რაკი ვერ მიაღწიეს პირდაპირი მოთხოვნების წარმოდგენით, ახლა, როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიაგნეს. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა და ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი, ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, რაიმე უცნაურ გადაწყვეტილებას მიღებენ,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
3 დეკემბერი – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.
5 დეკემბერი – „სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები „ომის პარტიას“ მიჰყავს უკრაინაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
7 დეკემბერი – ორი დღის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა, არ მიგულისხმია ის, რაც თქვენ გაიგეთო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნდა გაიმიჯნოს, ვინც საკუთარი გულწრფელი სურვილითაა უკრაინაში წასული და ის ადამიანები, რომლებიც ღარიბაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი წევრები არიან და ფრონტიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
„…ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული, არიან ადამიანები კონკრეტული გვარებით და სახელებით, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
8 დეკემბერი – „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინისთვის გენერატორების მიწოდების თემას „წარმოაჩენენ ისე“, თითქოს კიევი ე.წ. დვიჟოკებს ითხოვს. მანვე გააკრიტიკა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც თქვა, რომ თბილისს არ უპასუხია კიევის თხოვნაზე გენერატორებით დახმარების თაობაზე.
„საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ამას ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. დვიჟოკებს. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რომ რა გახდა დვიჟოკების გაგზავნა უკრაინაში… ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს დვიჟოკებს. ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
8 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ კიდევ ამ განცხადებით დაგვამახსოვრა თავი, როცა ის უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებზე საუბრობდა: „მე იმედი მაქვს და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა.“ 34-ვეში კობახიძე დაღუპულ მებრძოლებს გულისხმობდა.
2023 წელი
9 თებერვალი – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამადაც და საერთო ჯამშიც უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს. მისი თქმით, „ბოლო 1-2 კვირაში“ უკრაინას არც ერთი, რუსეთს კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აქვს აღებული.
„…ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს… დღეს ვის აქვს უპირატესობა, ეს არის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ამჯერადაც შეასრულა კრემლის რუპორის როლი და თქვა, რომ „საქართველოს ომში ჩართვა სურთ“.
„არსებობს მეორე ფრონტის გახსნის კონკრეტული ინტერესი იმისთვის, რომ რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა. და ეს [საქართველოში ომის დაწყება] ამას გამოიწვევს, ბუნებრივია. ჩვენ გვყავს 25 ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს 100-მდე ტანკი, 2 მოიერიშე თვითმფრინავი და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რესურსი, რომ ჩვენ რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
9 თებერვალი – სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „სიფრთხილე ღირსებას და სოლიდარობას არ გამორიცხავს.“ პრეზიდენტმა ამ დღეს რუსეთ-უკრაინის ომში გამოხმაურების და სოლიდარობის გამოხატვის კუთხით საქართველოს მთავრობა ღიად გააკრიტიკა:
„ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს, ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას. სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.
ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, – დასძინა ზურაბიშვილმა.
11 თებერვალი – ირაკლი კობახიძეს ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა. „ამერიკის ხმასთან“ პოდოლიაკმა თქვა: „არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინარობა“.
20 თებერვალი – უკრაინის პარლამენტმა 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავზე, სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოდანაც მიიწვია დეპუტატები. „ქართულმა ოცნებამ“ კიევში ჩასვლაზე უარი განაცხადა.