ნეტგაზეთი • RU

ეს მოქალაქეებს აიძულებს, გაიქცნენ ქვეყნიდან, რომელიც დარჩება ასობით ათას რუსს – ისტორიკოსი

ხელისუფლება აპირებს მიიღოს რუსული კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, აგენტად მიიჩნევა.

რას ნიშნავს აგენტის იარლიყი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და რაში სჭირდება ხელისუფლებას რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა, „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს.

  • ხელისუფლება, ვგულისხმობ უმრავლესობის ლიდერებს, ამბობს, რომ ტერმინ აგენტს არ აქვს უარყოფითი მნიშვნელობა და ეს უწყინარი სიტყვაა. მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორც ისტორიკოსის, საბჭოთა წარსულის მკვლევრის, რეალურად რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას პოსტსაბჭოთა ქვეყანაში?

ძალიან მარტივი უნდა იყოს საღად მოაზროვნე უმრავლესობისთვის, რომ ეს არის სრული დემაგოგია. კალკით გადმოაქვთ ყველაფერი, რაც რუსეთში უკვე გამოცდილია და ჰგონიათ, რომ აქაც იმუშავებს.

რეალურად ეს უკიდურესად დამამცირებელი, სახიფათო და საშიში ტერმინია ტოტალიტარული, საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი არსებობიდან გამომდინარე. ეს თაობებს აქვთ უკვე გამჯდარი და ეს კანონმდებლობაც და ეს კამპანიაც – საღად მოაზროვნე, პატიოსანი ადამიანების დევნის წამოწყება ამ კანონით, ზუსტად ამას ემსახურება.

საბჭოეთის დროს ასიათასობით ადამიანი არის განადგურებული ზუსტად ამ რიტორიკით, რომ ისინი არიან უცხო სახელმწიფოს აგენტები, ან კონკრეტული სახელმწიფოების – საფრანგეთის, იაპონიის და ა.შ.

ეს კუდიანებზე ნადირობის კამპანიაა. ნებისმიერი ადამიანისთვის საქმის შეკერვა, ჯაშუშის და აგენტის იარლიყის მიწებება არის ის, რაც წინა თაობებმა გადმოცემით მაინც იციან.

ეს რიტორიკა კარგად იყო ცნობილი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებამდე, ეს უკვე გავლილი აქვს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ მმართველ რეჟიმს ახლა უნდა ეს ისევ დააბრუნოს, ჰგონია, რომ ამას შეძლებს და რახან წამოიწყეს, დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ კიდეც.

ცხადზე ცხადია, რატომ კეთდება ეს და რა იქნება ამის შედეგი.

  • რა იქნება ამის შედეგი, თქვენი აზრით? ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საჭიროა მეტი გამჭვირვალობისთვის, თუმცა, ცხადია, მისთვის ცნობილია ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების შესახებ. რა არის ამ კანონის რეალური მიზანი და შედეგი, რაზე გასვლასაც ცდილობს მთავრობა?

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ფაქტობრივად ცივი ომის ერთ-ერთი აქცია, ასე ვთქვათ, რუსული სტრატეგიული წარმატებისთვის საქართველოში.

ის, რაც რუსეთმა სხვაგან ვერ შეძლო ანალოგიური და ღია სამხედრო მეთოდებით, ახლა აქ უნდა განახორციელოს დაჩქარებული ტემპებით. ეს გულისხმობს საქართველოს დასავლეთთან კავშირის ჩახსნას.

დასავლეთთან თანამშრომლობის და ინტეგრაციის წლობით ნაშენი პროცესი, ფაქტობრივად, დიპლომატიური კუთხით უკვე გააჩერეს. ერთადერთი ძაფი, რაც ჯერ კიდევ არსებობს და გავლენის მქონეა, არის ის, რომ საზოგადოება არის ინტეგრირებული, საზოგადოება იზიარებს ღირებულებებს და ძალიან აქტიური ფორმატები სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული წრეების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და უამრავ სფეროში, ორგანულად არის დაკავშირებული დასავლურ ცივილიზაციასთან.

ეს მისი ნაწილია და შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოების, ამ სეგმენტის მხრებზე დგას ის, რომ ჩვენ დღეს მაინც ვართ დასავლური საზოგადოება.

აი, ეს უნდა მოისპოს, რისი გზაც არის, პირველ რიგში, ფინანსურად ჩაჭრა ამ თანამშრომლობის და არხების.

პოსტტოტალიტარულ საზოგადოებაში დიდხანს ვერ ხერხდება ქვეყანაში გაჩნდეს სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი დაფინანსების კულტურა. ამას სჭირდება ათწლეულები და თაობები. ამ ვაკუუმს აკომპენსირებენ მოკავშირეები, დასავლური სახელმწიფოები, რომელთა იდეა არის დემოკრატიის, განვითარების, კეთილდღეობის, ადამიანის უფლებებზე, ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ხელშეწყობა.

შესაბამისად, სამოქალაქო, სათემო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების, საუნივერსიტეტო კვლევითი სექტორის განვითარება დიდწილად დამოკიდებულია დასავლურ ფინანსურ დახმარებაზე.

ამის ჩაჭრა ფიზიკური ლიკვიდაციის პირველი ფაზაა.

ვინც არ შეეგუება საკუთარი თავის აგენტად გამოცხადებას და ამ სუფთა საბჭოთა რიტორიკაში ცხოვრებას, შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფინანსური სანქციებით, გადარჩენილებს მაქსიმალურად მალე გაანადგურებენ – იძულება, რომ ფიზიკურად გაეცალონ იმ გარემოს, სადაც არ აძლევენ თავისუფლად ცხოვრების, მუშაობის, აზროვნების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საშუალებას.

ეს რუსეთში უკვე მოხდა და ამის მაგალითი გვაქვს ცხვირწინ, არ სჭირდება მარჩიელობა, რა როგორ იქნება.

აი, ეს არის სტრატეგიული მიზანი, ამას აკეთებს რუსეთის სატელიტი რეჟიმი იმ გათვლით, რომ ის ინარჩუნებს ძალაუფლებას, სხვა ყველაფერს აკონტროლებს. ერთადერთი დარჩა სამოქალაქო სექტორი, მედიის ნაწილი, რომელიც არ ემორჩილება მმართველ რეჟიმს და პოლიტიკური პარტიების მცირე ნაწილი.

აი, ამათ წინააღმდეგ დიდი, ერთობლივი შეტევის და განადგურების კამპანიის ნაწილია ეს ყველაფერი, რუსეთის დაკვეთით ზურგგამაგრებული.

ამის ფონზე ჩვენ გვაქვს სრული ღია კარის პოლიტიკა და სასათბურე პირობები რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში. ჩემი აზრით, ესაა ოკუპაციის და კოლონიზაციის ცხადი პროექტი, როდესაც მმართველი, ფაქტობრივად უკვე რუსული, ღიად დეკლარირებული რეჟიმი, რომელსაც ხელში უჭირავს ძალის აპარატი, პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები, აშთობს ბოლო დარჩენილ თავისუფალ სივრცეებს და მოქალაქეების დიდ ნაწილს აიძულებს, უბრალოდ გაიქცნენ ამ ქვეყნიდან, გაეცალონ ამ უპერსპექტივო სივრცეს და დე ფაქტო დარჩეს ის უმრავლესობა, ვისზეც ვილაპარაკეთ – ეს არის რუსეთის ასობით ათასი და მილიონობით მოქალაქე.

შეიძლება ითქვას, ეს არის თანამედროვე, დაჩქარებული რეკოლონიზაცია და ფაქტობრივი ოკუპაცია, როცა შეიძლება რუკაზე დარჩეს ქვეყანა, მაგრამ რეალურად იყოს ყოფილი ქვეყანა, უკვე იზოლირებული, მომაკვდავი, უპერსპექტივო რუსეთის ნაწილი, ისევე, როგორც თითზე ჩამოსათვლელი მარიონეტული რეჟიმები, ისეთი, როგორიცაა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.

  • ტერმინს რომ დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, იქნება თუ არა საზოგადოებისთვის ეს დამაჯერებელი? 

საზოგადოების უმრავლესობის დაჯერება-არ დაჯერებაზე არ არის საუბარი. ეს არის ინსტრუმენტი ამ რეჟიმის ხელში, რომელიც ამას გააკეთებს, რომ პროცედურულ ჩარჩოში მოაქციოს მისი ოპონენტების განადგურება.

ხელისუფლებას აქვს პროპაგანდის ასევე რუსული მანქანა, ჰყავს სეგმენტი საზოგადოებში, ალბათ 15-20 პროცენტი, ორთოდოქსულად მისი მორჩილი და მისი არსებობით სასიცოცხლოდ დაინტერესებული და, ასევ ვთქვათ, გარანტორი. ასევე, მთელი სახელმწიფო აპარატი, ცენტრალურიდან დაწყებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩათვლით, რომელიც სხვა მიზანს აღარ ემსახურება უკვე, გარდა პროპაგანდისა და რეჟიმის სასარგებლოდ ვირტუალური რეალობის შექმნის, რომ თითქოს ეს უმრავლესობის მმართველობაა.

თუმცა ეს ასე არ არის. ესაა უმცირესობის და რუსული სენტიმენტების მქონე უმცირესობის მმართველობა. ცხადად ჩანს, რომ მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის დასავლური და ანტირუსული კურსის და განწყობის.

შესაბამისად, ტერმინს ვინ როგორ მიიღებს და ეს როგორ შეფასდება, ამას არანაირი გავლენა და მნიშვნელობა არა აქვს.

ეს ტერმინი მოიაზრება იმ პროცედურების ნაწილად, რომელიც პირდაპირ იმ მიზანს ემსახურება, რაზეც ვისაუბრეთ – მონიშვნა, გაუქმება, იძულება ამ სექტორის, რომ თავი დაიმციროს, პირველი კომპრომისი გააკეთოს სინდისთან და შემდგომ ეს გახსნის გზას, რომ მათი უკვე ლეგიტიმური განადგურება გაგრძელდეს.

  • დაახლოებით ათი წლის წინ ალბათ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ეს რეალობა გვექნებოდა, ვგულისხმობ ამ კანონპროექტს და ბევრ სხვა მოვლენას. თქვენი აზრით, როგორ მოვედით აქამდე, როგორ მოახერხა მმართველმა პარტიამ, რომ ეს რეალობა შექმნა, რაშიც ახლა ვართ?

პირადად ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. პოლიტიკური ძალა, კოალიცია იქნება ეს თუ ნებისმიერი, რომელსაც წინასაარჩევნო დაპირებად აქვს, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე საკითხი და პრობლემა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის, გასაგებია ვინ არის, რისთვის მოდის და რას გააკეთებს.

ეს იმთავითვე ცხადი იყო.

ამ პოლიტიკური ძალის არქიტექტორის წარსულიდან, ღირებულებებიდან, საერთო კულტურის დონიდან გამომდინარე ცხადზე ცხადი იყო, რომ რუსი ოლიგარქი, რუსული ოლიგარქიული სისტემის ნაყოფი დასავლური დემოკრატიული, სუვერენული საქართველოს პოლიტიკური ლიდერი ვერ გახდებოდა და ეს არის „ორჯერ ორი ოთხი“, მაგრამ სანამ ურემი არ გადაბრუნდა, საზოგადოების ნაწილმა ამას ვერ გაუსწორა თვალი.

დანარჩენი იყო ტექნიკის და დროის ამბავი, რა დრო დასჭირდებოდა ამის რეალიზებას. ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც იყო რეალური დღის წესრიგი ამ პოლიტიკური ძალის, მათ გააკეთეს.

ის დაპირებები, რაც ცხადად გამოფინეს 2012 წელს, ნამდვილად შეასრულეს – საქართველო აღარ არის საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე როგორც თემა, პრობლემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოს სუვერენიტეტი აღარ ხვდებოდა რუსეთს როგორც პრობლემა და საკითხი, რომელიც მას დისკომფორტს შეუქმნიდა.

ფორმატები, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო მკაფიოდ და სტაბილურად წარმოდგენილი იგივე უკრაინასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ განადგურდა, თავდაცვა და უსაფრთხოება რას დაემსგავსა. ცხადია, და ეს ჩვენ თვალწინ ხდებოდა.

2018-2019 წლებიდან, როდესაც უკვე ძალიან სწრაფი ნაბიჯები იყო გადასადგმელი, საზოგადოების ნაწილმა, რომელიც იქამდე ამას ვერ გრძნობდა და რაღაც ილუზიებში იყო, დააფიქსირა საგანგაშო სიმპტომები, რომ აღმოვჩნდით რუსულ პროექტში, ცხადად და შეულამაზებლად.

რომ არა უკრაინა და უკრაინის სასწაული გმირობა, რაც გრძელდება ჩვენ თვალწინ და, ფაქტობრივად, ახალი სამყაროს არქიტექტურა ჩნდება, დარწმუნებული ვარ, ეს ინტერვიუც ვერ შედგებოდა. შეიძლება არც თქვენი გამოცემა ყოფილიყო უკვე და არც მე აქ ვყოფილიყავი აქ და ახლა.

ამ სცენარისთვის, რისი განხორციელებაც იყო რეალური ამოცანა „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის, უკვე გამორიცხული იყო, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებელი აქტორები – თავისუფალი მედია, დასავლური სივრცის ორგანული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. ეს ყველაფერი ფიზიკურად უნდა გამქრალიყო. შორს რომ არ წავიდეთ, როგორც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი აქტორების სიაში ჩვენი ორგანიზაცია წარმოდგენილი იყო 2021 წლის ბოლოს [2021 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, ასევე „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“, რადიო „თავისუფლება“ და სხვა ქართული გამოცემები „საბჭოთა წარსულის საწინააღმდეგო პროპაგანდაში“ დაადანაშაულა].

გასაგებია ხომ, უკრაინაში რუსეთის გეგმები ისე რომ წარმართულიყო, როგორც რუსეთს ჰქონდა დაგეგმილი, საქართველოში რა სცენარი იქნებოდა?! პოსტფაქტუმ, ასეთ მოცემულობაში ამისთვის თვალის გასწორება კი, სასარგებლოა და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ლოგიკა შეიძლება გამოგვეცნო, ამაზე უფრო ადრე დაგვეწყო საუბარი და მოქმედება.

ვართ უკიდურესად წამგებიან და რთულ სიტუაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ ათი წელი სხვა არაფერზე არ იხარჯებოდა სახელმწიფო რესურსი და სტრუქტურების შრომა, გარდა იმ ამოცანის შესრულებისა, რაზეც ვისაუბრეთ – სრული ჩახსნა, ნეიტრალიზება, გამოშიგვნა, საქართველოს დასავლეთთან რეალური ინტეგრაციის აუნაზღაურებლად დათმობა ნაცვლად იმისა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც რუსეთის პოზიციები ირყევა, მისი გავლენა სუსტდება, ამით საქართველომ ისარგებლოს, დააღწიოს თავი მთავარ საფრთხეს და ისეთი ხანგრძლივი, სტაბილური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ შეაღწიოს, როგორიცაა ევროსტრუქტურები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com