მთავარი,სიახლეები

„ეს კანონპროექტი თითოეული მოქალაქის წინააღმდეგაა“- არასამთავრობოები აჭარის მთიდან

22.02.2023 • 1174
„ეს კანონპროექტი თითოეული მოქალაქის წინააღმდეგაა“- არასამთავრობოები აჭარის მთიდან

რას ფიქრობენ აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩაითვლება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით დაინტერესდა.

თორნიკე აბულაძე ორგანიზაცია “სოლიდარობის თემის” აღმასრულებელი დირექტორია. ამ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა აჭარის რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების მხარდაჭერაა. „სოლიდარობის თემის“ მიმდინარე თუ აქამდე განხორციელებულ პროექტებს უცხოური დაფინანსება აქვს.

თორნიკე აბულაძის თქმით, კანონი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას არ მიემართება.

„ჩემი შეფასებით, საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის წინააღმდეგაა ეს კანონპროექტი მიმართული, რადგან ის სრულად უგულებელყოფს, შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, კვლევითი ცენტრების საქმიანობის წარმოებას. საქმიანობის, რომელიც უპირველესად მიმართულია მოსახლეობისკენ, მოსახლეობისთვის“, – გვითხრა თორნიკე აბულაძემ.

თორნიკე მიიჩნევს, რომ კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას:

„ქვეყანაში იქნება მხოლოდ ერთი პოზიციიდან დანახული მდგომარეობა. ევროპული ინტეგრაცია მიუწვდომელი და შეუძლებელი იქნება ჩვენთვის. ხალხის ხმა, საჭიროებები სრულიად დაიკარგება“. 

თორნიკე აბულაძის თქმით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერა, რომელიც პარლამენტში გაჟღერდა, სახიფათოა.

„ჩვენ ცალსახად არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტს. რა შეიძლება ამის შესაჩერებლად სამოქალაქო სექტორის მხრიდან გაკეთდეს, ალბათ, რთულია ასე პირდაპირ ვთქვათ.

ამ ეტაპზე, ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია და იმ პრობლემების წინ წამოწევას ვცდილობთ, რაც შეიძლება ამ კანონპროექტს მოჰყვეს.

მე ვფიქრობ, რომ მთავრობას სურს მისი საქმიანობის შეფუთვით წარმოჩენა. არ უნდათ მათი იმ საქმიანობის გასაჯაროება, რასაც სხვადასხვა სექტორი იკვლევს – კორუფცია, უფლებების დარღვევა, სამართალწარმოებისას შერჩევითი სამართალი და ა.შ.“.

„სოლიდარობის თემის“ დირექტორი აღნიშნავს იმასაც, რომ თავად სახელმწიფო ინსტიტუტებიც უცხოური გრანტებით სარგებლობენ.

„საფრთხე ცალსახად დიდია. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, როგორც რუსეთში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, აგენტებად წარმოვჩნდებით და სხვადასხვა შეზღუდვასაც მივიღებთ. ეს არ იქნება მხოლოდ ინსტიტუციური შეზღუდვები სახელმწიფოს მხრიდან“, – ამბობს თორნიკე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქედის სათემო განათლების ცენტრი“ 2014 წელს დაარსდა. ორგანიზაციის დირექტორმა, დავით ანანიძემ გვითხრა, რომ ქედაში არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობენ. აქვთ პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსები.

დავით ანანიძის თქმით, პირდაპირი უცხოური დაფინანსება ორგანიზაციაში არ აქვთ, თუმცა გერმანული ორგანიზაცია აფინანსებთ.

„ის, რომ ვთქვათ, აგენტებად მოგვიხსენიოს კანონმა და გარკვეულ ჩარჩოებში მოგვაქციოს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ვისთვის არ წარმოადგენს ეს პრობლემას?

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ კარგს, როდესაც მოსახლეობაში იქნება ჩვენი წოდება „აგენტი“, შეეცვლებათ წარმოდგენა. ორგანიზაციას მოაკლდება ბენეფიციარები და შესაბამისად, ეს დაფინანსებაზეც იმოქმედებს.

შეუძლებელია ამ კანონზე დადებითი შეფასების გაკეთება. ამ გადასახედით, ვერ ექნება კანონს დადებითი ეფექტი“, – ამბობს დავით ანანიძე.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღება, შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობას.

„სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. ვინც უკვე დეტალურად გაიცნო ეს კანონი. სამოქალაქო საზოგადოება ერთად უნდა დადგეს და ერთიანი ძალისხმევით რამენაირად უნდა დაბრკოლდეს ამ კანონის მიღება პარლამენტში. ჩვენი სიტყვა ყველამ უნდა ვთქვათ“, – ამბობს დავით ანანიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: