ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოწყობას ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 1 167 949 ლარად გეგმავს.
სკეიტპარკი უკრაინის მოქალაქის პროექტის მიხედვით მოეწყობა, სამუშაოებს კი ბულვარი ტენდერით შეისყიდის. ტენდერის გამოცხადებამდე ბულვარის ადმინისტრაცია ბაზარს იკვლევს.
„ელექტრონული ტენდერის დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს წინასწარი ბაზრის კვლევა, პოტენციური მიმწოდებლის გამოცდილების დადგენის მიზნით“ – აღნიშნულია ბულვარის განაცხადში და ის დაინტერესებული პირებისგან ითხოვს მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:
- „2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, არანაკლებ IV კლასის პროექტების (გარდა დემონტაჟის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, შეკეთების და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოებისა) დღგ-ს ჩათვლით, ღირებულებით არანაკლებ 2 919 872 ლარის ოდენობით;
- წარმოდგენილი უნდა იქნას არანაკლებ IV კლასის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი ელექტრონული ტენდერის სატენდერო ნომრების მითითებით;
- თუ ხელშეკრულებების რეესტრში მითითებულია არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია ამ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას არანაკლებ IV კლასის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტები/შესრულებული სამუშაოს აქტი;
- მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს თანამშრომელი (შესაბამისი სპეციალობის და კვალიფიკაციის სპეციალისტი), რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მინიმუმ 1 სკეიტპარკის მშენებლობის სამუშაოებში.“
აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა ბულვარის ადმინისტრაციას 2023 წლის 28 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ბულვარის ადმინისტრაციამ სკეიტპარკის პროექტზე ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ გენადი ბორისოვთან 2022 წლის 11 ოქტომბერს გააფორმა. ბორისოვი უკრაინის მოქალაქეა და მას ბულვარმა პროექტის მომზადებაში უკვე გადაუხადა 106 200 ლარი.
ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში შტორმის დროს ნაპირის ნგრევა გრძელდება. დანგრეულ ტერიტორიებს და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ბულვარის ადმინისტრაციაში თავის დროზე განაცხადეს, რომ აღდგენა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა სანაპირო ზოლში ზღვის ხელოვნური კვების სამუშაოები დასრულდება.