დღეს, 22 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ოთხი ტელევიზიის სარჩელი და არაკონსტიტუციურად მიიჩნია კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რაც კრიტიკული ტელევიზიების შეფასებით, ხელისუფლებას ცენზურის საშუალებას აძლევდა.
დავის საგანი იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვანისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა.“
მსგავს შემთხვევაში მაუწყებლის დასანქცირება ვეღარ მოხერხდება და პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს.
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი სხვა ნაწილში და აღნიშნა, რომ „პირდაპირი ეთერის დროს მაუწყებელი, რედაქცია თუ ცალკეული ჟურნალისტები არ თავისუფლდებიან მოვალეობისა და პასუხისმგებლობისაგან, ყურადღებით შეისწავლონ გასაშუქებელი საკითხები, რამდენადაც შესაძლებელია, განჭვრიტონ მოსალოდნელი რისკები, რათა ნებსით თუ უნებლიედ არ გახდნენ ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო კონტენტის გამავრცელებლები, აგრეთვე, სადაც შესაძლებელია, მყისიერად გაემიჯნონ ამგვარ ინფორმაციასა და მოსაზრებებს და გააკეთონ გამაფრთხილებელი მითითებები“.
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა მაუწყებელმა ობიექტური მიზეზების გამო ვერ აიცილოს თავიდან გადაცემის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობის დროს ყველა შესაძლო საფრთხე და ის შეიძლება გახდეს სანქციის სუბიექტი.
„ამგვარ შემთხვევაში, ოღონდ იმ პირობით, თუკი დადგინდა, რომ მაუწყებელმა განახორციელა, გამოხატვის თავისუფლებისაგან განუყოფელი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სიფრთხილის ყველა ღონისძიება, მათ შორის, შეასრულა ის ვალდებულებებიც, რომლებიც უშუალოდ მედიის საშუალებებს ეკისრებათ მათი დიდი თავისუფლების დასაბალანსებლად, გამორიცხული უნდა იყოს მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
კანონმდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს წინასწარ განუჭვრეტელი შემთხვევების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების ალბათობა მედია საშუალებისათვის, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და, შესაბამის გარემოებებში, მიმართა სიფრთხილის ყველა შესაძლო ღონისძიებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“, „ფორმულამ“, „კავკასიამ“, ასევე მოქალაქეებმა ქეთევან დევდარიანმა, ირაკლი საღინაძემ, გიორგი ლიფონავამ 2020 წლის სექტემბერში მიმართეს.
მოსარჩელეების აზრით, „განუჭვრეტელი ნორმების საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება წარმოადგენს ამ უფლების შეზღუდვისათვის კონსტიტუციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევას… სადავო ნორმათა ასეთი განუსაზღვრელობა არა მხოლოდ „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელია მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ შეიცავს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს. იგი მაუწყებლებს აიძულებს, უწყვეტ კოორდინაციაში იყვნენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და, სანქციის შიშით, წინასწარ დააზუსტონ მათ მიერ გადაცემული პროგრამის ან პროგრამაში განთავსებული მასალის შინაარსი,“ – ეწერა სარჩელში, რაც საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა განიხილეს.
მოსარჩელეები ასევე განმარტავდნენ, რომ სადავო ნორმები კომისიას აძლევდა განუსაზღვრელ შესაძლებლობას, ფართო ინტერპრეტაციის გზით, მათ შორის, ეთიკურ-მორალურ ჭრილში დაარეგულიროს მაუწყებლის მიერ გადაცემული კონტენტის შინაარსი. „კანონმდებელმა ბუნდოვანი საკანონმდებლო ნორმების დაწესებით, კომისიაზე მოახდინა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების არა ტექნიკური საკითხების, არამედ მთლიანი უფლებამოსილების დელეგირება, რაც კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება,“ – ეწერა სარჩელში.
პარლამენტის პოზიცია კი ის იყო, რომ ბავშვის და არასრულწლოვანის დაცვა ისეთი ინფორმაციისაგან, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას, უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია და არასრულწლოვანთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა ასევე ევროპული სასამართლოს განმარტებებზე, რომელთა მიხედვით, დადგენილია, რომ ტელე და რადიო საშუალებებით გადაცემული მოსაზრებები თუ ინფორმაცია, რომლებსაც ადამიანები იღებენ და ეცნობიან საცხოვრებელი სახლის პრივატულ გარემოში, ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოების აზრის ფორმირებაზე.
„მაშინ როდესაც, საქმე ეხება ისეთ მოწყვლად პირთა ჯგუფს, როგორიცაა არასრულწლოვანები, ნებისმიერი შეზღუდვის გამართლების შეფასებისას უპირობოდ მნიშვნელოვანია მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება,“ – ამ პოზიციას აჟღერებდა პარლამენტი არსებითი განხილვის სხდომაზე.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვანისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა, არ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლების უფლებით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტებს.
ამავდროულად, სწორედ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების აღნიშნული ნორმატიული შინაარსი ქმნის ისეთ გავლენას მაუწყებელთა გამოხატვის თავისუფლებაზე, რომ პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გავრცელებული ინფორმაციის გამო მოსალოდნელი სანქციის შიშით, ვერ განახორციელონ თავიანთი სარედაქციო პოლიტიკა კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.