აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მისი მოადგილე მინდია ქათამაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამის მიზეზი დეპარტამენტის უფროსის მოლდოვაში ვიზიტი გახდა, მისი მოადგილე კი, მინისტრის გინებისთვის გაათავისუფლეს.
„ჭორებს შევეშვათ, არანაირი მიზეზი არ ყოფილა,“ – ასე გვიპასუხა ლაშა ჩავლეშვილმა, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა, როცა მას მოლდოვაში ვიზიტთან დაკავშირებით ვკითხეთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი თანამდებობიდან გათავისუფელაბა მოლდოვაში ვიზიტს უკავშირდება, რამაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გააბრაზა.
სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი, ირმა ნიჟარაძე 21 თებერვალს უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინა. დეპარტამენტის ახალი უფროსი თორნიკე რიჟვაძის ადმინისტრაციის უფროსის, თინა ზოიძის დეიდაშვილია.
„გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მოვაწყობ ფედერაციებთან და იქ ყველა კითხვას ვუპასუხებ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ლაშა ჩავლეშვილმა. მედიასთან დუმილი არჩია მინდია ქათამაძემაც, ის ლაშა ჩავლეშვილის მოადგილე იყო. მან ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს არ უპასუხა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ლაშა ჩავლეშვილს აჭარის მთავრობაში უთხრეს, რომ მოლდოვაში მივლინებით არ უნდა წასულიყო, თუმცა ის მაინც წავიდა. ინფორმირებულმა პირებმა „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სწორედ „არამეგობარ მოლდოვაში“ ვიზიტის გამო გაათავისუფლეს ჩავლეშვილი თანამდებობიდან.
ასევე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა ჩავლეშვილის გათავისუფლების შემდეგ მისმა მოადგილემ, მინდია ქათამაძემ იმის გამო შეაგინა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს, რომ დეპარტამენტის უფროსად სხვა დანიშნეს და არა თვითონ.
დადასტურებული ინფორმაციით, ამ დაპირისპირების დროს სამინისტროში პოლიცია გამოიძახეს.
შს სამინისტროში არ გვითხრეს, დაიწყო თუ არა ამ ფაქტზე გამოძიება ან მოკვლევა მაინც.
აჭარის სპორტის დეპარტამენტის პრესცენტრმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს ლაშა ჩავლეშვილი და მინდია ქათამაძე თანამდებობიდან.
„მოლდოვაში ვიზიტთან დაკავშირებით დაუკავშირდით თავად ლაშა ჩავლეშვილს, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ“, – გვითხრა აჭარის სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
აჭარის განათლების სამინისტროს, ასევე სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურებში დაგვიდასტურეს, რომ ლაშა ჩავლეშვილი და მინდია ქათამაძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ და ეს მათი სურვილით არ მომხდარა.
ეს ვუთხარით ლაშა ჩავლეშვილსაც, რომელმაც სამსახურიდან გაშვების მიზეზად გვითხრა, რომ „შესვენება დასჭირდა“.
„ცოტა ხნით შესვენება დამჭირდა…. 11 წელი ცოტა არ არის,“ – გვითხრა ლაშა ჩავლეშვილმა, დაგვემშვიდობა და ტელეფონი გამორთო.
საჯარო უწყებაში მიმდინარე პროცესზე ინფორმაციის მოწოდებაზე უარი თქვა სპორტის დეპარტამენტის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ირმა ნიჟარაძემ.
ჯერჯერობით ვაკანტურია სპორტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.
„ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის პრესცენტრს ჰკითხა, რამდენად უკავშირდება „არამეგობარ მოლდოვაში“ ვიზიტი სპორტის დეპარტამენტის უფროსის გათავისუფლებას. პრესცენტრში განაცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას.
ლაშა ჩავლეშვილი შემჩნეულია იმ აქციებში მონაწილეობაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ.
______________________________________
ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი – ლაშა ჩავლეშვილი, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა ნიჟარაძე – აჭარის სპორტის დეპარტამენტის ახალი უფროსი, ბადრი ნაკაშიძე – აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, მინდია ქათამაძე – აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე.