ახალი ტენდერი ბათუმში ატრაქციონების მოწყობაზე – შემცირებული მისამართებით და თანხით

მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟსა და რეაბილიტაციაზე ტენდერი ბათუმის მერიის სამმართველომ ხელახლა გამოაცხადა. ახალ ტენდერში შემცირებულია ეზოების რაოდენობაც და სატენდერო თანხაც.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, სამმართველომ 2-მილიონიანი ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ არც მისამართები ჰქონდა დაზუსტებული და არც შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი.

  • ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს წინა ტენდერი 2 მილიონ 30 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც ატრაქციონები 38 ეზოში უნდა მოეწყოთ.
  • ხელახალ ტენდერში კი, 36 ეზოა მითითებული, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ჯამში 1 957 254 ლარია.

„ტენდერში, რომლის სატატუსია „შერჩევა-შეფასება“, სატენდერო მოდულის პირობების გადამოწმებისას, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზები [სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე საპროექტო მისამართები საჭიროებს დაზუსტებას. ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში დასამატებელია სხვადასხვა სამუშაოები], რომელიც ხელშეკრულების დადების შემდეგ ვერ აღმოიფხვრება, რადგანაც მკვეთრად ცვლის სატენდერო პირობებს“ – აღნიშნულია წინა ტენდერის შეწყვეტის ოქმში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სამმართველომ ტენდერი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 3 მაისს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.

წინა ტენდერისგან განსხვავებით, ახალში ორი მისამართია ამოღებული: აბუსერიძის 16 და ტაბიძის 40[ძვ.8].

ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა თუ რეაბილიტაციის ვადები ახალ ტენდერში არ შეცვლილა. სამუშაოები ყველა მისამართზე ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ახალი მისამართები და თითოეულ მისამართზე ატრაქციონის მოწყობის მაქსიმალური ფასები ნახეთ ცხრილში:

მისამართები ბათუმში სადაც ატრაქციონების მოწყობა/რეაბილიტაცია იგეგმება / წყარო: ხელახალი ტენდერი

დეტალები წინა ტენდერის შესახებ, რომელიც მერიის სამმართველომ შეწყვიტა, ნახეთ ამ ბმულზე:

2 მილიონი ლარი ატრაქციონების მონტაჟისა და რემონტისთვის ბათუმში – ნახეთ მისამართები

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აპრილის 21 საათიდან 17 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია; ტალღის სიმაღლე 5-10დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, 18-19 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 182 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 520]
  • ტანკი – 3 657 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 083 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 795 ერთეული [+10]
  • MLRS – 538 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 284 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 339 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 658 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 326 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 407 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 760 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 689 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 086 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 600 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 542 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსები დღეში ხარჯავენ 20 ათას ჭურვს, უკრაინელები პასუხობენ 5 ათასი ჭურვით“ – ინტერვიუ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 181 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 460]
  • ტანკი – 3 653 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 073 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 785 ერთეული [+1]
  • MLRS – 534 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 283 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 307 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 346 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 646 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 324 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია არ განუახლებია ჯერ რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 407 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 753 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 672 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 084 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 584 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 504 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

52% მიიჩნევს, რომ ქორწინებამდე სექსი არც კაცისთვის არის დასაშვები და არც ქალისთვის – კვლევა

„გენდერული სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ“ – ასე ეწოდება კვლევას, რომელიც „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ბოლნისში, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ხაშურში ჩაატარა.

კვლევაში, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი იყო დამოკიდებულება ქორწინებამდე სექსის შესახებ. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქალისა და კაცის ქცევის შეფასება განსხვავებული სტანდარტებით ხდება, რაც კაცისათვის მისაღებია, ქალისათვის დაუშვებელ საქციელად აღიქმება.

„გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ქორწინებამდე სექსუალური კავშირი ვაჟისათვის დასაშვებია. მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ ქორწინებამდე სექსუალური კავშირის ქონა დასაშვებია როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის“ – ნათქვამია კვლევაში. 

აქვე ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა 52%-ს მიაჩნია, რომ ქორწინებამდე სექსუალური გამოცდილების ქონა არც ერთი სქესისთვის არ არის დასაშვები.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ძლიერია სტერეოტიპი, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში კაცი უნდა იყოს უფრო აქტიური:

„სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოკითხულთა საერთო რაოდენობის უმრავლესობას, კერძოდ, 68%-ს მიაჩნია, რომ სიყვარული კაცმა უნდა აუხსნას ქალს, მხოლოდ 2%-ს მიიჩნია, რომ სიყვარული ქალმა უნდა აუხსნას კაცს. დაახლოებით მესამედი მიიჩნევს, რომ გრძნობების გამჟღავნების შემთხვევაში სქესს მნიშვნელობა არ აქვს“.

კვლევა განხორციელდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ სამიზნე მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის ზაფხულში. გამოყენებულ იქნა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები: ჩატარდა გამოკითხვა, სიღრმისეული ინტერვიუები და სამაგიდე კვლევა.

________________

ფოტო: Pixels

„რუსები დღეში ხარჯავენ 20 ათას ჭურვს, უკრაინელები პასუხობენ 5 ათასი ჭურვით“ – ინტერვიუ

„ყოვლად დაუშვებელია, უკრაინამ წარუმატებელი კონტრდარტყმა განახორციელოს. ჯობს არ გააკეთოს საერთოდ და მოემზადოს ზამთრის კამპანიისთვის, ვიდრე ახლა ეცადოს და არ გამოუვიდეს. თუ ეს კონტრდარტყმა ვერ განახორციელა, მაშინ მას უფრო მეტი დრო დასჭირდება შემდეგი მომზადებისთვის. შედეგის გარეშე კი, ომი შევა ჩიხში,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს.

გადამდგარი გენერლის აზრით, კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა არაფერზე არ აისახება, ვინაიდან ამ კონტრშეტევას დიდი ხანია ყველა ელოდება. „დარჩენილია ოპერატიული და ტაქტიკური მოულოდნელობის ვარიანტი. ოპერატიული მოულოდნელობა გამოიხატება ადგილისა და ძალების განსაზღვრით – მოულოდნელ ადგილას და მოულოდნელი დაჯგუფების დარტყმით, ხოლო ტაქტიკური გამოიხატება დროითა და იმ მეთოდით, რომელიც იქნება გამოყენებული,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

მისივე აზრით, ამ ეტაპზე მთავარია სამხედრო აღჭურვილობის უკრაინისთვის დროულად მიწოდება, რისთვისაც რამდენიმე ქვეყანაში აპირებენ შესაბამისი ქარხნების გახსნას, თუმცა „წარმოებას უნდა მოქოქვა, ამუშავება, უამრავი პირობაა გასათვალისწინებელი,“ – დასძენს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • თქვენი აზრით, როგორ აისახება უკრაინელების კონტრშეტევაზე პენტაგონიდან უკრაინის ომზე დოკუმენტების გაჟონვა? პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით ამერიკული მედია წერს, რომ გაჟონილია დოკუმენტები, რომელიც აშშ-ისა და ნატოს გეგმებს ასახავდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღეჭურვათ უკრაინის არმია კონტრშეტევამდე.

ჩემი აზრით, ამ ინფორმაციის გაჟონვა არანაირად არ აისახება, ვინაიდან, ზოგადად, ამ კონტრშეტევას დიდი ხანია ყველა ელოდება. საკითხი დგას ასე, რომ ამ კონტრშეტევის სტრატეგიული მოულოდნელობის ეფექტი ფაქტობრივად დაკარგულია.

დარჩენილია ოპერატიული და ტაქტიკური მოულოდნელობის ვარიანტი. ოპერატიული მოულოდნელობა გამოიხატება ადგილისა და ძალების განსაზღვრით – მოულოდნელ ადგილას და მოულოდნელი დაჯგუფების დარტყმით, ხოლო ტაქტიკური გამოიხატება დროში და იმ მეთოდში, რომელიც იქნება გამოყენებული ბრძოლის ველზე.

ასე რომ, კონტრშეტევა უნდა იყოს და ყველა ელოდება ამ კონტრშეტევას, ეს არ არის ახალი.

ყველა პირობა მიუთითებს, რომ უკრაინას კონტრშეტევა უნდა გაეკეთებინა.

რამდენად მიიღეს მათ ამისთვის საკმარისი იარაღი და რამდენად შეძლებენ ამის განხორციელებას, ეს ცალკე თემაა.

  • თუმცა, დოკუმენტებში შეიძლება ყოფილიყო სამხედრო საიდუმლოების შემცველი კონკრეტული მონაცემები. თუ ამას გამორიცხავთ?

არ მგონია ყოფილიყო ისეთი გადამწყვეტი რამ, რომ ამ ინფორმაციას გეგმა შეეცვალოს. უკრაინელებს კონტრდარტყმის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ შემუშავებული და არ მგონია, რომ ზუსტი მიმართულება, თარიღი ყოფილიყო ამ დოკუმენტებში ჩადებული. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა შეიარაღებით მომარაგება.

  • უკრაინის არმიის კონტრშეტევა, შესაძლოა დაიწყოს ამ ზაფხულს“ – ამბობს უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი. რა წინაპირობები გაჩნდა ამისთვის?

აბა, როდის უნდა დაიწყოს? მერე შემოდგომა იქნება და ისევ წვიმები, „რასპუტიცა“ და თოვლი.

გაზაფხული მთავრდება და თუ აპირებენ დაწყებას – უნდა დაიწყონ.

სამწუხაროდ, მე ცოტა უკვე პესიმიზმით ვუყურებ უკრაინელების მხრიდან გარდამტეხი კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობას. იმდენი ძალა და რესურსი დახარჯეს ბახმუტთან და მომარაგებაც, რომ ვერ გეტყვით…

შეიძლება, უკრაინელებმა ფარულად მოახერხეს დაჯგუფებების ჩამოყალიბება, აღჭურვა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში შეიძლება ეს განხორციელდეს. მაგრამ მთავარია ერთი რამ – უკრაინა ამ წელში შეძლებს მხოლოდ ერთი კონტრდარტყმის განხორციელებას. მეტს ვერა – ეს გამორიცხულია.

ასე რომ, თუ გააკეთებს, უნდა გააკეთოს ეს კონტრდარტყმა ძალიან ეფექტიანად და წარმატებულად.

  • ანუ უშვებთ, რომ შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რაც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს?

ვუშვებ, რომ საერთოდ ვერ ჩაატარონ, თორემ, რომ უნდა ჩაატარონ მნიშვნელოვანი, გარდამტეხი კონტრშეტევა, ორი აზრი არ არსებობს.

საუბარია ისეთი დაჯგუფების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მნიშვნელოვან გარღვევას გააკეთებს ამ დაპირისპირებაში. თორემ ლოკალურ მიმართულებაზე ახლაც მიდის კონტრშეტევები ბახმუტთან და ავდეევკასთან ამისთვის ოპერატიულიდაჯგუფების შექმნა საჭირო არ არის.

  • რამდენად გაძლიერდა ამ ეტაპზე უკრაინა მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობით და რამდენად შეიცვალა რუსეთის სამხედრო რესურსი? თქვენი ამბობთ, რომ მაინც და მაინც ოპტიმისტური მოლოდინი არ გაქვთ, მაგრამ რაც ხელთ აქვთ ახლა უკრაინელებს და რაც არის დაანონსებული, რომ უნდა მოაწოდონ, რამდენად გაზრდის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობას?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არასაკმარისია გარდამტეხი კონტრშეტევისთვის.

დღე-ღამეში რუსები ხარჯავენ 20 ათას ჭურვს, უკრაინელები პასუხობენ 5 ათასი ჭურვით. არის ეს საკმარისი? მგონი, არ არის საკმარისი. ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

ახლა აპირებენ უკრაინისთვის ჭურვების წარმოების ქარხნის გახსნას. პოლონეთმა და სლოვაკეთმა გამოთქვეს სურვილი. გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც შეიძლება დაიწყოს, მაგრამ ამას ხომ უნდა დაწყება. სურვილი გამოითქვა, მაგრამ ამას ხომ უნდა აშენება? – წარმოებას უნდა მოქოქვა, ამუშავება. უამრავი პირობაა ასევე გასათვალისწინებელი.

ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და ხვალვე ამუშავდეს ეს ქარხნები, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინას აღჭურვილობა სჭირდება, საჰაერო ძალები სჭირდება. ამის გარეშე როგორ წარმოუდგენიათ კონტრდარტყმა არ ვიცი – თანაც, ფართო მასშტაბს.

  • რა ხდება ამ ეტაპზე ბახმუტში, სადაც უკვე 8 თვეა გრძელდება ბრძოლა? ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ საკმაოდ ორგანიზებულად უტევენ რუსები უკრაინის დამცველებს ამ ქალაქში. 

ფლანგები დაუთმო „ვაგნერმა“ საჰაერო-სადესანტო ძალებს, თვითონ მოქმედებს ცენტრში. წარმატებები გააჩნიათ გარკვეული, განსაკუთრებით ჩრდილოეთით და ბახმუტის ცენტრში. აიღეს სტადიონი „ავანგარდი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია, აიღეს რამდენიმე სამრეწველო კომბინატი და ნელ-ნელა მიიწევენ წინ. ახლა უშუალოდ რკინიგზის სადგურთან არიან მისულები.

შეიძლება ითქვას, რომ ბახმუტის 80%-ი რუსების კონტროლქვეშაა. მიდის ბრძოლა რკინიგზის სადგურის მიმდებარედ. დიდი სისხლის ფასად, მაგრამ რუსები ნელ-ნელა აღწევენ წარმატებას.

  • ამ შემთხვევაში რაზე შეიძლება ჰქონდეთ უკრაინელებს გათვლა – რესურსს ახარჯვინებს რუსეთს?

უკრაინას ყველაფერზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა, შეიძლება ეს იყოს გათვლა თავისი მიწის თითოეული გოჯისთვის ბრძოლაზე. ის, რომ იმას დაახარჯვინებს და თვითონ არ დახარჯავს, ასე არ გამოდის. თვითონაც ბევრ და მნიშვნელოვან მსხვერპლს იღებს. რუსი შეავსებს თავის დანაკარგს „საზარბაზნე ხორცით“, ხოლო უკრაინელებს მომზადებული, კვალიფიციური რესურსი აკლდებათ.

  • რუსეთის არმიის მხარდამჭერმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ვიდეო, თუ როგორ მოკვეთეს დანით თავი უკრაინელ სამხედრო ტყვეს რუსებმა. ამ ვიდეოზე ასახულმა სისასტიკემ შეძრა ადამიანები. ჰააგის ტრიბუნალის გარდა, რას ნიშნავს ეს სამხედრო ენაზე?

წესით, ის ჰააგის ტრიბუნალამდე თვითონ რუსებმა უნდა დასაჯონ, რადგან ეს არის ჟენევის კონვენციის, სამხედრო კანონის, ელემენტარული სამხედრო დისციპლინის დარღვევა და უშუალოდ რუსული სამხედრო კოდექსის დარღვევა.

ეს შემაძრწუნებელია, მაგრამ ახალი არ არის, განსაკუთრებით რუსებისგან არ გამკვირვებია. თუმცა, ადრე ამაში რუსები არ იყვნენ შემჩნეულები, ადრე უფრო ჩეჩნები ჭრიდნენ რუსებს თავებს ჩეჩნეთის ომის დროს. არ ვიცი ეს რუსი სამხედრო ვინ იყო ეროვნებით, იძახიან, რომ ვაგნერის დანაყოფიდან იყო. ვერ გეტყვით, საშინელებაა.

ეს კადრები ალბათ გაუშვეს იმისთვის, რომ რუსები ტყვედ აღარ ჩაბარდნენ. ახლა უკრაინელები არანაკლები სასტიკები იქნებიან – თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. ომი არ არის „კეთილშობილ ქალიშვილთა გიმნაზიის“ შეჯიბრი – ამას რომ ანახებ უკრაინელ მებრძოლს, ის მერე როგორ მოიქცევა?

  • რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელმა 9 მაისის აღლუმის ჩატარებაზე უარი თქვა. საუბარია რეგიონებზე, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, ასევე ოკუპირებულ ყირიმზე. მათ თქვეს, რომ ამას უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკეთებენ. უკრაინის თავდასხმის შიშით 9 მაისის აღნიშვნაზე უარი რას ნიშნავს რუსეთისთვის?

ფრთხილობენ, რადგან 9 მაისის პერიოდში შეიძლება უკრაინამ დაარტყას. რუსების გარკვეულ ტერიტორიებს ბელგოროდიდან დაწყებული, ყირიმით დამთავრებული, წვდება უკრაინა. თავი დაიზღვიეს. ამის გარდა, ფულიც უჭირთ, თუნდაც ამ რეგიონებს. რუსების აღლუმები რომ გავიხსენოთ, საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიებებია.

  • უკრაინის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 180 ათასზე მეტი რუსი სამხედრო გაანადგურეს. ეს ციფრები შეიძლება საკამათოა, მაგრამ რუსეთის დიდ ადამიანურ დანაკარგებზე სხვა წყაროებიც საუბრობენ. რუსეთში ოდნავ მაინც არ აწუხებთ ეს ადამიანური მსხვერპლი?

წუხდებიან, მაგრამ ავსებენ დანაკარგებს. ალბათ მალე ახალი მობილიზაცია დაიწყება. კანონი გამოვიდა – ვისაც მიუვა შეტყობინება გაწვევის შესახებ, თუნდაც ინტერნეტით, ვერ დატოვებს ტერიტორიას. ძალიან გაამკაცრეს კანონები დეზერტირებთან დაკავშირებით.

რუსეთი ხალხს მოაგროვებს და ამაშია საქმე, რომ უკრაინა ხარჯავს ხალხს. რუსეთს აქვს ჯერ ეს რესურსი. 2014 წლიდან უკრაინის უმცროს მეთაურთა მომზადებული შემადგენლობიდან რამდენი შეიძლება იყოს დარჩენილი. ისინი ან დაწინაურდნენ ან დაიხოცნენ. ბრძოლის ველზე გადამწყვეტი მეთაური ვინც არისდა რითაც უდიდესი უპიატესობა ჰქონდათ უკრაინელებს, ეს ქვედა რგოლი,
ახალგაზრდა მეთაურებია. თანდათან აკლდება უკრაინას ეს რესურსი, ახალს კი – გაზრდა სჭირდება.

  • შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს, ისე, როგორც ნატოს გახდა ბალტიის ზღვა“, – აცხადებს დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამას პესკოვი პასუხობს, რომ ეს არასოდეს მოხდება. რა პერსპექტივა ჩნდება ამ გადასახედიდან, მათ შორის საქართველოსთვის?

საქართველოს აქვს ეს პერსპექტივა და ჰქონდა ყოველთვის, რაც არ უნდა იძახოს პესკოვმა.

როდესაც რუსეთი მარტო დარჩება არანატოს წევრი ქვეყანა შავ ზღვაზე, მაშინ რას იტყვიან, როგორ არ გადაიქცევა ნატოს ზღვად? რუსეთის გარდა უკრაინაა, რუმინეთი, საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი ხომ? ყველა არის ნატოს წევრი ქვეყანა საქართველოს და უკრაინის გარდა.

რა შეუშლის ხელს, რომ გადაიქცეს შავი ზღვა ნატოს ზღვად. მე ვერ ვხედავ ამაზე რუსეთმა რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს. ბალტიის ზღვაში რამე ქმედითი მოიმოქმედა, როცა ცხვირწინ ორი მძლავრი ქვეყანა შეუერთდება ნატოს? გადაიქცევა კიდეც, გარანტირებულად გეუბნებით. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ, რა ფასად დასრულდება ეს დაპირისპირება უკრაინაში. საუბარია ეგრეთ წოდებული შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოებაზე და, ზოგადად, მთელი კავკასიაც მოიაზრება.

საქართველო დიდი ხანია მონაწილეობს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ასეთ კარგ პირობებში საზღვაო ძალები არ გვყავს.

  • ამ ეტაპზე რას აჩვენებს თქვენთვის ბრძოლა ბახმუტისთვის, საითკენ მიდის პროცესი?

იმედი მაქვს, უკრაინას რაღაც აქვს მომზადებული და გადანახული. იმედია, აპრილის შუა რიცხვებიდან, როცა გაშრება მიწა, რაღაცას გააკეთებს უკრაინა. თორემ მერე, შემოდგომაზე იგივე ვითარება იქნება. ამ პერიოდში უნდა მოასწროს ფართომასშტაბიანი, ოპერატიულ კონტრდარტყმა და ამას უნდა ჰქონდეს ფასი, შედეგი.

ყოვლად დაუშვებელია, უკრაინამ წარუმატებელი კონტრდარტყმა განახორციელოს. ჯობია არ გააკეთოს საერთოდ და მოემზადოს ზამთრის კამპანიისთვის, ვიდრე ახლა ეცადოს და არ გამოუვიდეს. თუ ეს ვერ განახორციელა, მაშინ უფრო მეტი დრო დასჭირდება შემდეგ მომზადებისთვის. შედეგის გარეშე კი, ომი შევა ჩიხში.

წელს რუსეთიდან 298 285 მოქალაქე შემოვიდა და 320 236 გავიდა – შს სამინისტროს სტატისტიკა

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 298 285 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა – ასეთია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა.

ამავე დროს, შს სამინისტრო წერს, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან რუსეთში 320 236 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა.

დღემდე უცნობია, რუსეთის რამდენი მოქალაქე იმყოფება ამჟამად საქართველოში.

2023 წლის პირველ თებერვალს საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 869 874 ადამიანი შემოვიდა, 809 873 კი უკან გავიდა, შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში 60 ათასამდე რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა იმ დროისთვის.

ამავე დროს, შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში ჯამში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ მესამედზე მეტი.

შს მინისტრმა პარლამენტში საზღვრის კვეთების სიხშირე ასე ახსნა:

„საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება და შეიძლება დღეში დღეში 3-ჯერ და 5- ჯერ გადმოვიდეს რუსეთის მოქალაქე საზღვარზე. …ის, რომ კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში და უბედურება ხდება, ნამდვილად არ ხდება. მე არ ვლაპარაკობ საზღვრის კვეთაზე“.

2023 წლის პირველ კვარტალში, რეკორდულად არის გაზრდილი საზღვრის კვეთის რაოდენობა სომხეთის რესპუბლიკიდანაც.

2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში სომხეთიდან საქართველოში საზღვრის 224 342 კვეთა განხორციელდა, მაშინ, როცა, მაგალითად, 2022 წლის პირველ კვარტალში ეს რიცხვი იყო 78 869, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში – 17 970. აღნიშნული რიცხვები მოცემულია შს სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ამავე თემაზე: 

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

 

სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, უფასო რეგისტრაცია 2023 წლის საჯარო რეესტრის შეცვლილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხულოში, სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებსა და ქობულეთში, სოფელ დაგვაში ამ წლის დასაწყისში, თებერვალში უნდა განხორციელებულიყო.

სხალთის თემს ეკუთვნის სოფელი წაბლანა. როგორც წაბლანელები ამბობენ, მიწის უფასო რეგისტრაციით დაინტერესებულები არიან და შესაბამისად, ამ თემაზე კითხვებს ხშირად სვამენ ხულოს მერიაში, საკრებულოში თუ მერის წარმომადგენელთან სხალთაში, თუმცა პასუხი ვერავისგან მიიღეს.

ადგილობრივების თქმით, სოფელში მიწა არავის დაურეგისტრირებია თებერვლის თვეში, რადგან საჯარო რეესტრის განრიგის მიუხედავად, ამ თემასთან დაკავშირებით სოფელში არავინ მისულა.

„ვინც დაარეგისტრირა მიწა, ყველამ ფული გადაიხადა. მიწის უფასო რეგისტრაცია ჯერ არ ყოფილა.

მეც მინდა ამ პროგრამით სარგებლობა. სხალთაში მერის წარმომადგენელთანაც მქონდა კონტაქტი. როგორც კი მოვლენ, გაგაგებინებთო. ჯერ არავინ არ მოსულა და არც არავის გაუგებინებია“, – გვითხრა წაბლანელმა რომან შაინიძემ.

ამ სოფლის მკვიდრია ზებურ შაინიძეც. მისი თქმით, არავინ გამოჩნდა, ვინც ყურადღებას გამოიჩენს ამ საკითხით დაინტერესებული ადგილობრივების მიმართ.

„ამ საკითხზე რამდენჯერმე მივმართე [ხულოს მერიას] შარშან. მივმართე ხულოს იუსტიციას, ამბავი მოვიკითხე საკრებულოში და სად აღარ. „მოვალთ, მოვალთ.. დაგირეკავენ, დაგირეკავენ” და საერთოდ არაფერი.

თუ არ ვცდები, შარშან ამოვიდნენ, 1-2 კაცთან მივიდნენ და საერთოდ გაქრნენ. წელს არავინ არ მოსულა“, – გვეუბნება ზებურ შაინიძე.

კიდევ ერთი წაბლანელი, ბეგლარ შაინიძე იხსენებს, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის განრიგში სხალთა 2022 წელსაც მოხვდა, მაგრამ უშედეგოდ:

„მაშინ სოფელ წაბლანაშიც შემოვიდნენ, მაგრამ შედეგზე ვერ გავიდნენ, არ დაუსრულებიათ მუშაობა. არ ვიცი რა მოხდა. ამის შესახებ ვიკითხე ხულოს იუსტიციის სახლში, მაგრამ თვითონაც არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ხდება.

საკარმიდამო ნაკვეთი ინდივიდუალურად გავაფორმე, ფული გადავიხადე. გარე მიწების გაფორმებაც მინდოდა და მას შემდეგ აღარ მოსულან“.

„ბათუმელები“ სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს რაულ მახარაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ არ იცის ვადები 2023 წლის მიწის სისტემური რეგისტრაციების შესახებ სხალთაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ ახალი განრიგის მიხედვით მიწის რეგისტრაცია მათთან თებერვალში უნდა განხორციელებულიყო, დიდთოვლობაზე მიანიშნა.

„თებერვალში მიწის ნახაზი ხულოში, სხალთაში როგორ გაკეთდებოდა? 2 მეტრი თოვლი იყო. არ ვიცი, მე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს ამ საკითხზე“, – ამბობს რაულ მახარაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვის მოსახლეობაც იმავეს ამბობს, რაც სხალთაში გვითხრეს. დაგველების თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაცია თებერვალში არც მათთან განხორციელებულა.

„ჯერ არავინ არ მოსულა სოფელში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიკითხეთ ამის შესახებ. 2 თვის წინ მერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ახლა ვიწყებთო. ჯერ არაფერი არ დაწყებულა. ვინც დაარეგისტრირა მიწა, ყველამ თავისი ხარჯით“ – გვითხრეს დაგვაში.

„ბათუმელები“ დაგვაში მერის წარმომადგენელთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ – მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მიწის უფასო რეგისტრაცია სახელმწიფომ 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელში უნდა დასრულდეს. წელს მიწის სისტემური რეგისტრაცია აჭარის 40-ზე მეტ თემში და მათში შემავალ სოფლებშია დაგეგმილი.

___________________________

ამავე თემაზე:

რომელ სოფლებში დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2023 წელს – განახლებული გრაფიკი

„საბჭოთა ქართველებმა ენისთვის ბრძოლა მოიგეს“ – The New York Times, 1978 წელი

„საბჭოთა ქართველებმა ენისთვის ბრძოლა მოიგეს“, – ამ სათაურით გამოუქვეყნებია სტატია The New York Times-ს 1978 წლის 18 აპრილს, გაზეთის მეორე გვერდზე. გაზეთის გაციფრულებული ვერსია The New York Times-ის საარქივო მასალებში ინახება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციას თბილისში შესწრებიან ადვოკატები ნიუ იორკიდან, რომლებმაც გამოცემას ნანახის შესახებ უამბეს.

გთავაზობთ სტატიის თარგმანს ქართულად.

_____

ფოტო: New York  Times, „საბჭოთა ქართველებმა ენისთვის ბრძოლა მოიგეს“, The New York  Times, 1978 წლის 18 აპრილი.

„მოსკოვი, 17 აპრილი. დედაქალაქ თბილისში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ადგილობრივების პატრიოტული გრძნობებისადმი უჩვეულო დათმობით, ქართული სახელმწიფო ენად აღადგინა.

კონსტიტუციის პროექტში, რომელიც 24 მარტს გამოქვეყნდა, გამოტოვებული იყო მუხლი, რომელიც აზუსტებდა ქართულს, როგორც ოფიციალურ ენას. როდესაც რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, საკანონმდებლო ორგანო, პარასკევს პროექტის განსახილველად შეიკრიბა, ასობით ადამიანი პროტესტის ნიშნად მთავრობის შტაბ-ბინისკენ გაემართა. მომდევნო დღეს [კონსტიტუციას] ტექსტს მუხლი ჩაემატა.

როგორც გუშინ თბილისში გაზეთი „ზარია ვასტოკა“ წერდა, [კონსტიტუციის] მუხლი ამბობს: „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა ქართულია“. ახალი მუხლი გასწორდა თითქმის ზუსტად ისე, როგორც 1937 წლის დოკუმენტშია.

ამ ქვეყანაში ხალხის უკმაყოფილების დემონსტრირებაზე ასეთი დათმობა უჩვეულოა. მაგრამ მიიჩნევა, რომ ეთნიკური გრძნობა ქართველებში, რომლებიც საქართველოში რუსებს თითქმის რვაჯერ აღემატებიან, უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ძირითადი ეთნიკური ჯგუფების უმეტესობაში, რომლებიც შედიან საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკაში.

„ზარია ვასტოკას“ ოფისებში დღევანდელი სატელეფონო ზარის პასუხად უყოყმანოდ დაადასტურეს ცვლილება ახალ კონსტიტუციაში. „ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ადრე იყო“, – თქვა ერთ-ერთმა რედაქტორმა.

ფოტო: სქრინშოთი The New York Times-ის არქივიდან

დღეს ორმა ნიუ-იორკელმა ადვოკატმა, რომლებიც პარასკევს თბილისის სტუმრები იყვნენ, განაცხადეს, რომ ისინი ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქის განაპირას მდებარე ქარხანაში, როდესაც დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში, მთავრობის შტაბ-ბინასთან შეიკრიბნენ. ადვოკატების – რობერტ ბ. მაკკეისა და ერიკ რაგმანის თქმით, როგორც მათ მოგვიანებით აუხსნეს, დემონსტრანტები, რომლებიც გამოვიდნენ „მშობლიური ენის“ მოთხოვნის სლოგანებით, ძირითადად თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.

საბჭოთა ჟურნალისტმა დაგვიდასტურა, რომ საპროტესტო აქცია გაიმართა. მან თქვა, რომ დემონსტრანტებთან სალაპარაკოდ ქართული პარტიის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა.

„გვითხრეს, რომ მან დემონსტრანტებს ასე მიმართა: „ჩემო შვილებო, რას აკეთებთ?!“. ზოგიერთმა კი მას შეაგინა“, – თქვა ბატონმა მაკკეიმ.

ამერიკელის თქმით, მოგვიანებით მას უთხრეს, რომ ბატონი შევარდნაძე ისევ გამოვიდა [სტუდენტებთან] და განაცხადა, რომ ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდება.

კრეიგ რ. უიტნი სპეციალურად The New York Times-ისთვის.
1978 წლის 18 აპრილი.“

 

90 წლის ექთანი ბათუმიდან, რომელიც ისევ მუშაობს კლინიკაში

90 წლის შორეთ ბეჟანიძე 65 წელია ექთანია. ის ახლაც ბათუმის ინფექციური ცენტრის ფთიზიოპულმონოლოგიურ დეპარტამენტში მუშაობს.

„დილის შვიდ საათზე ვდგები. ვემზადები. სახლიდან გაჩერებამდე ფეხით მივდივარ. მერე ავტობუსში ვჯდები და ცხრაზე უკვე სამსახურში ვარ. დაგვიანება არ მიყვარს და არასდროს ვაგვიანებ. ერთი დღე არ დამიგვიანია, ერთი დღე ადრე არ წავსულვარ,“ – გვიყვება შორეთი და სამუშაო კაბინეტისკენ მიგვიძღვის.

შორეთის მოვალეობებში ახლა რეგისტრატურაში პაციენტების მიღება, მათი საბუთების მოწესრიგება და დაქსეროქსება შედის.

„ნემს ვეღარ ვაკეთებ ძველებურად კარგად,“ – ამბობს და იღიმის.

ამბობს, რომ მადლიერია კლინიკის ხელმძღვანელების, რომლებმაც პენსიონერ ექთანს სამსახური შეუნარჩუნეს.

„ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში ჩემი სპეციალობა მიყვარს. იმიტომ, რომ მე ვარ ავადმყოფებთან. როცა ისინი კმაყოფილები არიან, მეც კმაყოფილი ვარ. ეს სამსახური ჩემთვის რას ნიშნავს, იცით? ადამიანი მეორედ რომ დაიბადება აი, ისე ვარ. მიხარია, დილას ადგომა და აქ მოსვლა,“ – ამბობს შორეთი.

90 წლის შორეთ ბეჟანიძე ექთანია და ახლაც მუშაობს კლინიკაში

შორეთ ბეჟანიძემ ბათუმის საფერშლო სკოლა 1954 წელს დაამთავრა. კურსზე სულ ბიჭები იყვნენ, ქალების განათლებას მაშინ დიდად ყურადღებას არავინ აქცევდაო ამბობს.

„ძალიან კარგი მშობლები მყავდა. ყველანაირად შემიწყვეს ხელი, რომ მესწავლა. არაფერში არ შევუზღუდივარ. ქალების განათლება უწინ ძალიან იშვიათი იყო. მე რომ საფერშლო დავამთავრე, მთელი ჩემი საგვარეულო გაგიჟდა – როგორ ისწავლე და როგორ დაამთავრეო. მე კიდევ, როგორც კი სწავლას მოვრჩი, მაშინვე დავიწყე მუშაობა ტუბდისპანსერში.

რთული სამუშაო მქონდა. არ იყო ადვილი. ძალიან ბევრი სირთულე მაქვს გამოვლილი. როგორც ტუბდისპანსერის ექთანს, მგზავნიდნენ ხულოში, ქედასა და შუახევში მარტოს. სოფლებში დავდიოდი, აცრებს ვაკეთებდი,“ – იხსენებს შორეთი.

სამსახურზე საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ყოველ დილით სამსახურში წასვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

65 წელია ეს რუტინა არ შეუცვლია და უნდა, რომ არც შეიცვალოს.

„ეს სამსახური ჩემთვის არის ქმარიც, შვილიც, ოჯახიც. ყველაფერი. კი, იტყვიან ქალისთვის ოჯახია მთავარიო, მაგრამ მე ეს არასდროს მითქვამს. არასდროს ჩამითვლია, რომ ქალისთვის მარტო ოჯახი საკმარისია.

უამრავი სიგელი მაქვს მიღებული კარგი მუშაობისათვის. ვარ პირველი კატეგორიის ექთანი. საუკეთესო მედდის წოდება მაქვს მიღებული“, – ამბობს შორეთი.

ამიტომაც იყო, რომ, როდესაც საპენსიო ასაკი მოუწია და პენსიონერი გახდა, ერთი წუთითაც არ უფიქრია სამსახურისთვის თავი დაენებებინა.

შორეთის თქმით, სირთულეების მიუხედავად, მაინც კარგი ახალგაზრდობა ჰქონდა. ბევრს მოგზაურობდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი ქვეყანა და ქალაქი აქვს მოვლილი.

„საზღვარგარეთის გარდა ყველგან ვიყავი,“ – ამბობს.

რას ფიქრობთ ევროპაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე, ვკითხეთ შორეთ ბეჟანიძეს.

„ევროპა კაია. გვეხმარება ძალიან ბევრს. გაერო ეხმარება ჩვენ საავადმყოფოს, უფასოდ გვაქვს აბასთუმანი. გვიფინანსებენ. ევროპა კარგია. არ ითქმება ცუდი. მათ რომ რამე არ შემოიტანონ და არ ივაჭრონ, ჩვენი ხალხი დარჩება მშიერი. იმათი ხელშეწყობით, იმათი კარგი მუშაობით ჩვენც ვართ,“ – ამბობს შორეთ ბეჟანიძე.

როგორ აგროვებენ ფულს წალკაში სკოლის მოსწავლეები „ციფრული ოთახისთვის“

წალკაში, სოფელ ტბეთის სკოლის მოსწავლეების „ციფრული ოთახის“ მოსაწყობად „ორბელიანი მეტზე“ თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო.

ეს სკოლა წალკის მე-2 საჯარო სკოლას მიერთებული სკოლაა, რომელსაც 32 მოსწავლე და 6 მასწავლებელი ჰყავს. აქ მხოლოდ მეექვსე კლასის ჩათვლით ასწავლიან.

რა სჭირდებათ ამ სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო ნაყოფიერი სწავლისთვის და რა გზებით ცდილობენ მასწავლებლები ამ რესურსების მოძიებას, ამის შესახებ ინგლისური ენისა და ბუნების მასწავლებელი, სოფო თავართქილაძე გვესაუბრა, რომელიც უკვე 7 წელია, რაც ამ სკოლის მოსწავლეებს ასწავლის. მისი თქმით, სკოლა, მოსწავლეების მცირე რაოდენობის მიუხედავად, ძალიან მრავალფეროვანია. მოსწავლეები ძირითადად სვანეთიდან და აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების ოჯახებიდან არიან, ჰყავთ ბერძენი მოსწავლეებიც.

„სკოლაში რესურსების არქონა ყველა ნაბიჯზე გვაფერხებს, რადგან დღეს ყველაფერი კომპიუტერითაა საკეთებელი, შეეხება ეს არაფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებას.

გჭირდება პრინტერი, კომპიუტერი, მონიტორი, რომ მოსწავლეს სრულყოფილად მიაწოდო ინფორმაცია.

ხშირად გვაქვს კომპლექსური დავალებები, რომელთა შესრულებასაც სჭირდება მასალის ამობეჭდვა, ინფორმაციის მოძიება. აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, რადგან სკოლაში  ერთადერთი და ძალიან ძველი კომპიუტერია. 32 მოსწავლეს და 6 მასწავლებელს გვიწევს აი, ამ ერთ კომპიუტერთან მუშაობა. გვიწევს, თორემ ფიზიკურად ვერ ვმუშაობთ, იმიტომ, რომ ძალიან ძველია ეს კომპიუტერი.

სახლიდან ვეზიდებით ამ ყველაფერს. მაგალითად, მე მუნიციპალიტეტიდან დავდივარ სოფელში და თუ გაკვეთილზე ქსეროქსი მჭირდება, წინასწარ უნდა დავგეგმო, დავაქსეროქსო. თუ დამავიწყდა რაღაცის ამობეჭდვა, იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი გეგმები ხვალისთვის უნდა გადავდო, რადგან სკოლის ბაზაზე არ არსებობს ქსეროქსი. ძალიან ვფერხდებით.

ვგეგმავთ ციფრული ოთახის მოწყობას, რომლისთვისაც სივრცე გვაქვს სკოლაში და დაახლოებით 4 000 ლარის შეგროვება გვჭირდება. ამ თანხის შეგროვების შემდეგ ჩვენ შევძლებთ კომპიუტერების, პრინტერისა და პროექტორის შეძენას.

„ორბელიანი მეტზე“ მასწავლებლებმა გავაგზავნეთ განაცხადი და გავიმარჯვეთ. უკვე სამი დღეა ჩაეშვა ჩვენი იდეა პლატფორმაზე და თანხის შეგროვება დაიწყება“, – გვიყვება სოფო.

მისი თქმით, ახლა მოსწავლეები ყოველდღიურ მოლოდინში არიან, როდის ექნებათ სკოლაში „ციფრული ოთახი“.

მასწავლებელი იმედოვნებს, რომ სკოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენის შემდეგ მოსწავლეები უფრო ხალისიანად ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებას მრავალფეროვან სივრცეში გააგრძელებენ.

„მოლოდინზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ, რომ ამ პაწაწუნა მოსწავლეებს მართლა არასდროს არაფერი არ ჰქონიათ და ემოციით ელოდებიან, როდის მოხდება ეს, ინფორმაციის მოძიებას სკოლის ბაზაზე დაიწყებენ და არ მოუწევთ სახლში სირბილი“.

პედაგოგის თქმით, სკოლაში ძალიან ცუდად მუშაობს ინტერნეტი, ფაქტობრივად, საერთოდ ვერ იყენებენ, რის მოგვარებაშიც სკოლის დირექტორის დახმარების იმედი აქვთ.

ტბეთის სკოლაში მალე მუსიკის ოთახის მოწყობასაც აპირებენ, ერთ-ერთი პროექტის დახმარებით.

________________________

მთავარ ფოტოზე: სოფო თავართქილაძე მოსწავლეებთან ერთად

86% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალმა არ უნდა მოითმინოს ოჯახში ძალადობა – კვლევა

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ბოლნისში, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ხაშურში ჩაატარა კვლევა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ”.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა. გამოკითხულთა 94% ფიქრობს, რომ იშვიათ შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია ქმარმა ფიზიკურ ძალადობას მიმართოს, თუმცა გამოკითხულთა 6%-ს მიაჩნია, რომ იშვიათ შემთხვევაში ქმარი შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდეს ცოლს.

კვლევაში გამოკითხულთა 86% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ქალმა არ უნდა მოითმინოს ძალადობა და გაშორდეს ქმარს, თუმცა ამავდროულად, გამოკითხულთა 12% ფიქრობს, რომ მოძალადე ქმართან მცხოვრები ქალებისათვის ამგვარი ურთიერთობა მისაღებია.

ასევე, გამოკითხულთა 46% ეთანხმება აზრს, რომ ქალი უნდა „შეეცადოს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც ქმარი სთხოვს, რათა არ გამოიწვიოს ძალადობის შემდგომი შემთხვევები“. მოსაზრებას – „უთანხმოების შემთხვევაში ქმრის აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი“ ეთანხმება რესპონდენტთა 36%.

გამოკითხულთა მესამედზე მეტი (36%) დაეთანხმა დებულებას: „უთანხმოების შემთხვევაში ქმრის აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი“. გამოკითხულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაეთანხმა ამ მოსაზრებას ქედაში, სადაც გამოკითხულთა 80%-მა მიიჩნია, რომ უთანხმოების შემთხვევაში ქმრის აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი.

ქალი უფრო დაცულია ძალადობისაგან, თუ საკუთარი შემოსავალი აქვს – კვლევის თანახმად ასე ფიქრობს სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოკითხულთა ჯამური რაოდენობის ორი მესამედი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევაში ქალმა სამართალდამცველებს უნდა მიმართოს, თუმცა დაახლოებით იმდენივე პროცენტი – 77% ეთანხმება დებულებას, რომ მსხვერპლმა „დახმარება უნდა სთხოვოს მშობლებსა და ნათესავებს სიტუაციის რეგულირებისათვის“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სიღმისეულ ინტერვიუებშიც გამოიკვეთა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, სამართალდამცავებისათვის მიმართვა გაზრდილია. ინტერვიუერები ამის მიზეზად ძალადობის პრობლემაზე მეტი ინფორმაციის არსებობას მიიჩნევენ.

პოლიციის საქმიანობა ოჯახში ძალადობის სფეროში ეფექტურად მიიჩნია გამოკითხულთა 51-მა პროცენტმა.

კვლევაში ნათქვამია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში პოლიციის ჩარევა ყველაზე ნაკლებეფექტურად მიიჩნიეს ქედის მუნიციპალიტეტში გამოკითხულებმა, კერძოდ, მხოლოდ მეოთხედი (25%) მიიჩნევს, რომ პოლიციის ჩართულობა ეფექტურია.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტთა საკმაოდ დიდ რაოდენობას გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, კერძოდ, ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა დაახლოებით მესამედმა უპასუხა, რომ არ იცის, პოლიციის ჩართულობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ეფექტურია თუ არა. ხარაგაულში გამოკითხულთა შორის ასეთი რეპონდენტების რიცხვი 40%-ზე მეტს შეადგენდა, ქედაში კი – ნახევარზე მეტს“ – აღნიშნულია კვლევაში, სადაც ასევე ვკითხულობთ:

„სასურველია, შსს-მ წარმართოს საინფორმაციო სამუშაო ფართო საზოგადოების ინფორმირებისათვის, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რეგულირებაში პოლიციის როლის შესახებ“.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, სოციალური სამსახურის ჩარევა ყველაზე ნაკლებეფექტურად მიიჩნიეს ქედის მუნიციპალიტეტებში გამოკითხულებმა, კერძოდ, მხოლოდ მეოთხედი (25%) მიიჩნევს, რომ სოციალური სამსახურების ჩართულობა ეფექტურია, ხოლო რესპონდენტთა ნახევარი ფიქრობს, რომ სოციალური სამსახურების ჩართულობა არ არის ეფექტური.

კვლევა განხორციელდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ სამიზნე მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

კვლევა 2022 წლის ზაფხულში ჩატარდა. გამოყენებულ იქნა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები: ჩატარდა გამოკითხვა, სიღრმისეული ინტერვიუები და სამაგიდე კვლევა. გამოიკითხა სულ 214 რესპონდენტი.

ტაქსი უნდა ავიყვანო, რომ ბავშვი სკოლაში გავუშვა – მახინჯაურში მოსახლეობა ტრანსპორტს ითხოვს

მახინჯაურში, ე.წ. აბანოებთან და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. მოქალაქეების თქმით, ბოლო სამი წელია მათ დასახლებაში ტრანსპორტი არ მოძრაობს, რის გამოც სახლში მისასვლელად ან მახინჯაურის ცენტრში ჩასასვლელად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. უტრანსპორტობა განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის სკოლის მოსწავლეებსაც.

ლია სურმანიძეც ამ უბანში ცხოვრობს. მისი თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ მოძრაობს, წვიმის დროს შვილს სკოლაში კი ვერ უშვებს.

„მე, მაგალითად, ტრანსპორტი არ მყავს და იძულებული ვარ, დილით ტაქსი გამოვიძახო. ტაქსის თანხაც ყოველდღიურად არ არის და მიწევს, ბავშვი სახლში დავტოვო და ისე მოვამზადო“, – გვითხრა მან.

წვიმიან ამინდში ბავშვები ფეხით თუ წავლენ სკოლაში,  სველდებიან და მთელი დღე ასეთ მდგომარეობაში უწევთ სკოლაში ყოფნა.

„არადა, თუ ბავშვი სკოლაში არ წავა, თავისთავად კარგი მომავალი არ ექნება და კარგი თაობა არ გვეყოლება ხომ? “ – გვეუბნება ლია.

ამავე პრობლემაზე საუბრობს ნაზიბროლა სურმანიძეც, რომელიც ასევე ამ უბანში ცხოვრობს.

„აქ საკმაოდ დიდი დასახლებაა, მარტო ერთ კორპუსში 70 ოჯახი ცხოვრობს. სხვა კორპუსებიც დგას და არის კერძო დასახლებებიც.

ადრე მოძრაობდა 21 ნომერი მიკროავტობუსი. მართალია, ისიც იშვიათად დადიოდა, მაგრამ შემდეგ საერთოდ მოგვიხსნეს და მთელი უბანი დაგვტოვეს ტრანსპორტის გარეშე.

დავწერეთ მერიაში განცხადება, რომ ავტობუსი მაინც დაინიშნოს. გვპირდებიან, მაგრამ გადის წლები და არაფერი იცვლება“, – ამბობს ნაზიბროლა სურმანიძე.

მისი თქმით, ავტობანის მშენებლობის გამო გზაც დაზიანდა და მიკროავტობუსებმა მიმართულება შეიცვალეს.

„ავტომანქანები შემოვლითი გზით დადიან და ჩვენი გზა დატოვეს ასე, მოუწესრიგებელი.

მერია გვპირდებოდა, რომ პირველი მარტისთვის დანიშნავდა ტრანსპორტს, მერე თქვეს პირველი აპრილიო და ახლაც უტრანსპორტოდ ვართ“, – გვეუბნება ნაზიბროლა სურმანიძე.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, იციან თუ არა მოსახლეობის პრობლემის შესახებ და როდის დაინიშნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მახინჯაურში.

მერიაში გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და „მალე აღდგება, დაინიშნება ტრანსპორტი“.

თუმცა კონკრეტულ თარიღს ხელვაჩაურის მერიაში ისევ არ ასახელებენ.

________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

„დასავლეთი ცდილობდა, თბილისი მეორე ფრონტის გახსნაში ჩაეთრია“ – ლავროვი კლავ აქებს „ოცნებას“

„დასავლეთი ცდილობდა, თბილისი ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში ჩაეთრია, მაგრამ ამჟამინდელი ქართველი ხელმძღვანელები ავლენენ პასუხისმგებლიან მიდგომას, მათი ხალხის ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა დღეს, 14 აპრილს, უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ლავროვის ციტატას რუსული სამთავრობო ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას აქებს.

2023 წლის იანვარში ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, საქართველო არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს  და იმედი გამოთქვა, რომ მალე განახლდება საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები.

„ქართული ოცნება“ ფაქტობრივად იმეორებს ლავროვის რიტორიკას, როცა აცხადებს, რომ გლობალური ომის პარტია, ცდილობს საქართველო ჩართოს რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს ომში ჩათრევა არავის სურს და ეს არის რუსული პროპაგანდა.

ასევე, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ არ იცის, ვის გულისხმობენ „ოცნების“ ლიდერები, როცა „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობენ.

ამავე თემაზე: 

ხუცუბანში სახლი დაიწვა

დღეს, 14 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

ხუცუბანში მერის წარმომადგენელმა, ზვიად თამაზაშვილმა „ბათუმელებს“  უთხრა, რომ სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა მათი გამოყვანა მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ჯგუფები.

მერის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი.

ხანძარი ხუცუბანში. 14 აპრილი, 2023 წელი

„არ ვიცი, ვინ არის ომის პარტია. ნაგულისხმევია გერმანია? ევროკავშირი?“ – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ არ იცის, ვის გულისხმობენ „ოცნების“ ლიდერები, როცა „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობენ.

„ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „გლობალურ ომის პარტიაზე“.

არ ვიცი, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“. ნაგულისხმევია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმევი?

მე ვკითხავდი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ასე ვერ იქნება. ეს სისულელე იქნებოდა, რადგან ჩვენი მიზანი იყო ამ ომის თავიდან აცილება და როცა რუსეთის აგრესიის გამო ომი დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით მის შეზღუდვას და არა გაფართოებას.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სისუსტეები და შეზღუდვები და პატივს ვცემთ მათ. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. მაგრამ ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია და ეხება რაღაც გლობალურ ომის პარტიას და მეორე ფრონტს და იმას, რომ ვიღაც ცდილობს ამის მოწყობას. არ ვიცი, ვის გულისხმობენ. არა მგონია, ეს იყოს დასავლეთი“ – განაცხადა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მუშაობენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„კანდიდატის სტატუსი არის გზის დასაწყისი, რომელიც წევრობამდე მიდის. რატომ? იმიტომ, რომ ქართველების უმრავლესობას ეს სურს. მე ვიტყოდი, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ის, თუ რომელ ორბიტაზე იმყოფება საქართველო.

ჩვენ გვაქვს ინტერესი, გვაქვს უფრო მეტი შეთავაზება, მეტი, ვიდრე უბრალოდ „ჩვენს ორბიტაზე ყოფნაა“ – ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს გახდეს ჩვენი კავშირის წევრი და როცა ეს მოხდება, ქართველები იქნებიან ევროკავშირის მოქალაქეები ყველა იმ უფლებითა და ვალდებულებით, რაც ევროკავშირის მოქალაქეობას მოჰყვება,“ – განაცხადა ელჩმა.

შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 16-17 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რატომ თქვა აშშ-ში ვიზიტზე უარი ბათუმის სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა

თამარ ბეჟანიშვილმა, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, კიდევ ორ მოსამართლესთან ერთად აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა. ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ავრცელებს, ერთ-ერთი მოსამართლე მათ შორის, ვინც აშშ-მ დაასანქცირა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ, ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა, უარი განაცხადა გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.

ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში [როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობასა და გამგზავრებაზე], რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ,“ – დაწერა ფეისბუქგვერდზე დიმიტრი გვრიტიშვილმა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ნამდვილად სოლიდარობის მიზნით თქვა უარი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე, თუ სხვა მოტივაციით, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. სასამართლოში მხოლოდ ეს განმარტეს: „ქალბატონი თამარი პროცესებზეა“.

მოსამართლეებმა  აშშ-ში ვიზიტზე უარი მაშინაც თქვეს, როცა აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა და შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა.

———————

5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოში  სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.

სანქცია გულისხმობს მოსამართლეების — ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძისთვის და მათი ოჯახებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

ბათუმში ველობილიკებს ღებავენ

ბათუმში ველობილიკების შეღებვა დაიწყეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „სამუშაოები დაწყებულია და მშრალი ამინდის პარალელურად, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება“.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი ქალაქში ველობილიკების მოსაწესრიგებლად. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ველობილიკებს ორგანიზაციის ბალანსზე არსებული საღებავის მარაგით აწესრიგებენ.

„ამ ეტაპზე განახლდა ველობილიკის ზოლები ასათიანის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის კვეთამდე), ბაქოს ქუჩაზე (შავშეთის ქუჩის კვეთიდან „ბელუქსის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიამდე). შესაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულია თამარ მეფის გამზირზე, სადაც უახლოეს დღეებში, უნალექო ამინდის პირობებში განახლდება სამუშაოები.

ველობილიკის შეღებვა ითვალისწინებს გზის დარჩენილი, სავალი ნაწილისგან გამყოფი თეთრი კანტების გავლებასაც. შესაბამისად, ყველა მონაკვეთზე, სადაც ველობილიკი განახლდება, შეიღებება გამყოფი ზოლებიც. სამუშაოები იწყება ბილიკის წითელი მონაკვეთის დახაზვით, შემდეგ იღებება თეთრი, გამყოფი ზოლები. ასათიანის ქუჩაზე არსებულ ველობილიკის ნაწილზე გამყოფი ზოლები უკვე დახაზულია, დარჩენილ ნაწილზე კი დაიხაზება სამუშაოების განახლებასთან ერთად“, – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

„ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“ ისიც მოგვწერეს, რომ წელს ქალაქში არსებული ყველა ველობილიკის განახლებაა დაგეგმილი. ბათუმის მერიას ველობილიკები გასულ წელს ცალკეული გამონაკლისის გარდა პრაქტიკულად არ შეუღებია.

ბათუმში ველობილიკების ფართობი სულ 20 ათასი კვ.მეტრია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 181 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 500]
  • ტანკი – 3 650 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 069 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 2 784 ერთეული [+7]
  • MLRS – 534 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 283 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 307 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 346 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 640 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 321 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია არ განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 407 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 753 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 672 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 084 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 584 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 504 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს“ – კულებას განცხადება და კრემლის პასუხი

ხელფასი თვეში 147 ლარი – სანიტრები ლანჩხუთიდან კოლექტიურ დავას იწყებენ

„სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის სანიტრები კოლექტიურ დავას იწყებენ. სანიტრებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკასთან მოლაპარაკებისთვის მედიატორის დანიშვნის მოთხოვნის განცხადებით 12 მარტს მიმართეს.

ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკის სანიტარი თვეში ერთ პოზიციაზე იღებს 147 ლარს. „140 და 150-ლარიანი ანაზღაურება, რომელიც ქვეყანაში საარსებო მინიმუმზე (256 ლარი) დაბალია, ვერ ჩაითვლება ხელფასად“ – ამბობს „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე.

რეფორმა, რომელიც წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ექთნებისა და პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიიღო და რომელიც მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას მოიცავდა, უმცროს და დამხმარე სამედიცინო პერსონალს არ შეხებია.

„13 სანიტარია ლანჩხუთის კლინიკა „მედალფაში“ და ყველა გაწევრიანდა ჩვენთან, ითხოვენ ხელფასების ზრდას, იმიტომ, რომ მათ ხელფასი თვეში აქვთ 147 ლარი, ერთ პოზიციაზე. მათ აქვთ 24-საათიანი ცვლა და კვირაში მუშაობენ დაახლოებით 48 საათს, თვეში 8 მორიგეობაა და ხელფასი ერთ პოზიციაზე გამოდის დაახლოებით 147 ლარი. პრობლემებია შვებულებით სარგებლობის კუთხითაც“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

რევაზ კარანაძე: „ფორმებსაც კი არ აწვდის “მედალფა” დასაქმებულებს და ეს მაშინ, როცა სანიტრებს თვეში 147 ლარს უხდის ხელფასს. ფაქტობრივად ხელფასის ნახევარი, 70 ლარი რომ ფორმა ღირს, მოდი და იცხოვრე ამ ხელფასზე ადამიანმა”. 

რეზო კარანაძე

პროფკავშირებში განმარტავენ, რომ სანიტრები სახელმწიფოსგან ითხოვენ მედიატორის დანიშვნას, რათა დაიწყოს მედიაცია/მოლაპარაკებები, რომელშიც ჩართული იქნებიან პროფკავშირები, როგორც დასაქმებულების წარმომადგენლები.

„თუ მედიაცია არ დამთავრდება წარმატებულად, იქნება გაფიცვა. სამმხრივი მოლაპარაკების ფორმატში, სამინისტრო ვალდებულია, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული დავის დროს, დანიშნოს მედიატორი, რის შემდეგაც იწყება 21-დღიანი ვადა მოლაპარაკებების, იმიტომ რომ 147-ლარიან ხელფასს ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ შევეგუოთ“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

თიკო ხვედელიძე ლანჩხუთის „მედალფაში“ 2013 წლიდან მუშაობს. იგი ამბობს, რომ სანიტრის ანაზღაურება ხელშეკრულებით აქამდე განისაზღვრებოდა საათში 60 თეთრით, ახლა ეს თანხა 1 ლარამდე გაიზარდა.

„ეს რომ გავაპროტესტეთ, ჩამოვიდა წარმომადგენელი [თბილისიდან], მოისმინა ჩვენი წუხილი და გვითხრა, რომ მოგიმატებთ ხელფასს იმის მიხედვით, რა საშუალებაც ექნება კლინიკასო. ბოლო თვეში 6 ოცდაოთხსაათიანი მორიგეობის ანაზღაურება დამერიცხა 107 ლარი, მომატებული თანხა ცალკე დაირიცხებაო და ველოდი რომ 100 ლარზე ნაკლები არ იქნებოდა, მაგრამ მეორე დღეს ჩამერიცხა ზუსტად 31 ლარი“ – ამბობს თიკო.

მისი განმარტებით, სანიტრის მოვალეობაში სივრცის დასუფთავების გარდა შედის პაციენტის შემოსვლის დროს ექთნისთვის დახმარებაც:

„მეორე სართულზე ლაბორატორიაში სინჯარით სისხლის თუ სხვა მასალის ატანა, თუ დასჭირდება პაციენტს, უნდა გავხადოთ ფეხზე, გამოვუცვალოთ პამპერსი, მიგვაქვს სარეცხი სამრეცხაოში, გაგვაქვს ნარჩენები… ბევრი საპასუხისმგებლო საქმეა და რეანიმაციაში, სტაციონარში განსაკუთრებით მძიმეა შრომა” – ამბობს ის.

სანიტარი ჰყვება, რომ დაბალი შემოსავლების გამო, მან ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში კონსულტანტობაც შეითავსა.

„ჩემი მეუღლე გამწვანებაში მუშაობს და 380 ლარი აქვს ხელფასი. დედამთილი პენსიონერია, მე ვმუშაობ „მედალფაში“ და დავიმატე 24-საათიანი ცვლა ერთ-ერთ მარკეტში. ხანდახან მიწევს გადაბმა ცვლების და რანაირად მივდივარ და მოვდივარ ერთიდან მეორე სამსახურში, არ ვიცი. ვფიქრობდი ერთმანეთს მიემატება-მეთქი, მაგრამ თავს ვიტყუებ, არაფერში არ ჩანს…

მორიგეობის დროს, დილიდან დილამდე, სულ მინიმუმამდე რომ დავიყვანო ჩემი მენიუ, 10 ლარი მაინც მეხარჯება კვებაში, პური გინდა, ყავა გინდა… ამას გარდა შვილები მყავს, საკვები, სწავლა…“ – გვიყვება თიკო.

„7 მორიგეობისას მერიცხებოდა 125 -130 ლარამდე, ნამატი დამოკიდებულია პაციენტების რაოდენობაზე. 8 მორიგეობა როცა მიწევს, ხელფასი 150-160 ლარს შორის მერყეობს“ – თიკო ხვედელიძე, „მედალფას“ სანიტარი. 

იგი ამბობს, რომ ეს ხელფასი ისეთ საბაზისო საჭიროებებსაც ვერ სწვდება, როგორიცაა კვება და ჯანდაცვის სერვისებია:

თიკო ხვედელიძე

„ჰაიმორიტი მაქვს, სამი დღე მტკიოდა თავი, რენტგენიც გადავიღე. მითხრეს, მარცხენა მხარეს საშინელი მდგომარეობა გაქვსო, მივედი ექიმთან და 116 ლარის წამალი გამომიწერა, ზუსტად იმდენი, ჩემი ხელფასი რომ იყო. ვისესხე და ვიყიდე, დღეს ვამთავრებ კურსს. მაგის გარდა, საკვები ყველამ იცის რა ფასებია, ხარჯი ძალიან დიდია, ნახევარზე მეტი ჩვენი ხელფასის მიდის სესხების დაფარვაში. ისე, სესხის გარეშე ვერაფერს ვაკეთებთ ოჯახში“ – ჰყვება თიკო ხვედელიძე.

„თვეში რამდენჯერმე ჩამოდის უფროსობა, ამოწმებენ, ყველაფერი გაპრიალებული უნდა იყოს, თავზე გვადგანან, მაგრამ ჩვენ არ გვითვალისწინებენ, გვეუბნებიან, რომ კლინიკა პატარაა, არ აქვს მეტი შემოსავალი და რომ იმ ხელფასზე ვიყოთ კმაყოფილი, რაც არის, თუ არადა, გვეუბნებიან, რომ ნუ მივალთ ამ ხელფასზე და სხვა მოვაო, ჯერ ვინ მივა ამ ხელფასზე, მერე რატომ გვეუბნებიან?! სხვა რატომ იმუშავებს, ჩვენ თუ არ ვიმუშავებთ ორ კაპიკზე?!“ 

„სოლიდარობის ქსელს“ ბოლო პერიოდში 119 ახალი წევრი შეემატა ქუთაისის ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან, “მათ შორის ყველა კადრია სანიტარი, ექიმი, ექთანი, ლაბორანტი, რეგისტრატურაც კი შემოგვიერთდა. კიდევ ძვრები წავიდა სამტრედიაში, იქ ექთნები არიან“ – გვითხრეს პროფკავშირში.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: სანიტრები ლანჩხუთიდან. ფოტო: “სოლიდარობის ქსელი”

ამავე თემაზე:

სანიტრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 150 ლარია

გამოგვიყენეს – რატომ არ აძლევენ ბინებს „ოცნების ქალაქში“

„ოცნება 2024 წლის არჩევნებს უცდის, იმიტომ არ გვაძლევენ ბინებს,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე, რომელიც ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. აქ დღეს არ უჭირთ იმის თქმა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ – 2022 წლის აპრილის შუალედურ არჩევნებზე მოატყუეს და მმართველი პოლიტიკური ძალა „ოცნების ქალაქის“ გამოყენებას მომავალი არჩევნებისთვისაც აპირებს.

„ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა „ოცნების ქალაქში“ კორპუსებზე, რომელთა მშენებლობაც ამ დრომდე არ დასრულებულა. ეს ის კორპუსებია, სადაც შესახლებას მთავრობა აქ მცხოვრებლებს ჯერ 2021 წლის აგვისტოში დაჰპირდა, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, შემდეგ კი, 2022 წლის აპრილში – ისევ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

მორიგი არჩევნები 2024 წელსაა. რას ფიქრობენ ამჯერად „ოცნების ქალაქში“?

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – იმის მიუხედავად, რომ არჩევნების პირველი ტური ბათუმში ოპოზიციამ მოიგო, არჩევნების მეორე ტურში „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა. „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. 

წინასაარჩევნოდ „ოცნების ქალაქში“ ასობით ადამიანი დარეგისტრირდა „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“. ამ მისამართზე „ოცნების ქალაქია“ – ადგილი, სადაც ასეულობით ოჯახი წლებია საცხოვრებელს ითხოვს, მთავრობა წლებია მათთვის კორპუსებს აშენებს. ბარაკებში მცხოვრებმა ადამიანებმა არც მაშინ და არც ახლა არ იციან ზუსტად, ვის მოუწევს ბინა ან როდის დასრულდება კორპუსების მშენებლობა.

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატთან – რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად თორნიკე რიჟვაძეც გამოჩნდა და ამ ადამიანებს ბინების გადაცემას დაჰპირდნენ. 338 ამომრჩეველი, რომელიც ახლაც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს და არჩევნების პირველ ტურში ხულოში, შუახევში, ქობულეთსა და წალკაში მისცეს ხმა, 2 აპრილის არჩევნებზე ბათუმში ჩადგნენ „ოცნების“ მხარდამჭერთა რიგში.

ამ დრომდე არავის გამოუძიებია დამისამართების ეს პროცესი, რასაც, მაგალითად, საია უკანონობად აფასებდა. გამოძიებას არც „ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“ გამოუძიებია – საკრებულოს ამ დეპუტატის გარდაცვალების შემდეგ გახდა საჭირო შუალედური არჩევნები.

ენმ-ს გავრცელებული აუდიოჩანაწერით და ენმ-ს ლიდერების მტკიცებით კი, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. აუდიოჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს სთხოვენ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას. თუ ნუგზარ ფუტკარაძე დასთანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.

აჭარის მთავრობა აპირებდა, რომ„ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებდა [პირველი ეტაპი], ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს [მეორე ეტაპი]. დღემდე კორპუსების მშენებლობა არ დასრულებულა.

დღეს, 13 აპრილს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ასევე კომპანიაში „დაგი“ ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, როდის დასრულდება კორპუსების მშენებლობა „ოცნების ქალაქში“.

მშენებარე კორპუსები „ოცნების ქალაქში“ – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„გამოყენებულად და მოტყუებულად ვგრძნობთ თავს, დიდი ხანია ასეა, შეგუებულიც ვართ ამას“, – ეს „ოცნების ქალაქის“ კიდევ ერთმა მცხოვრებმა, ნანა ბერიძემ გვითხრა. ისიც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მორიგ არჩევნებს ელის.

„ბევრჯერ გადაიწია მშენებლობის დასრულების ვადა, კიდევ რამდენჯერ გადაიწევა ვინ იცის… შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს არჩევნებს, რომ უფრო მობილიზდეს ხალხი, რომ ჰქონდეთ მხარდაჭერა.

ჩვენ რამაზ ჯინჭარაძეს მივენდეთ და მივეცით შანსი, რომ ჩვენ გვერდით იყოს ბოლომდე. თუ ეს არ იქნება დასანახი, ვეღარ მიიღებენ მხარდაჭერას,“ – გვიყვება ნანა ბერიძე. ის და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები სხვა ადამიანები მიიჩნევენ, რომ „ზედმეტი ჩართულობის“ და დამისამართების გარეშეც რამაზ ჯინჭარაძე  გაიმარჯვებდა.

ამ ადამიანებს შევახსენეთ, რომ მათი დამსახურებით რამაზ ჯინჭარაძე ახლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა.

„მარტო მასზე ხომ არ არის დამოკიდებული…“ – გვითხრა, მაგალითად, მაია ცეცხლაძემ. ისიც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, სადაც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე აქცენტს გაურბიან.

შესაბამისი თანამდებობის პირისთვის, მაგალითად, რამაზ ჯინჭარაძისთვის, ან მთავრობაზე შესაბამისი პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, „ოცნების ქალაქში“ ყურადღებას ამახვილებენ ახალი კორპუსების მშენებლობის ხარისხზე – ისინი შიშობენ, რომ სახლები უხარისხოდ შენდება.

„რაღაც ნაწილი ჩამოიშალა, ქარიშხლის დროს საშინელება ხდებოდა… კედელი გამრუდებულიც იყო, შიშის გრძნობა გვაქვს, რომ უარესი არ დაგვემართოს,“ – ამბობს ნანა ბერიძე.

„გლეხიც რომ მიხვდება გარედან, კედელი რომ არასწორად ამოიყვანეს, ეს იყო…

„ოცნების ქალაქში“ აშენებული კორპუსის ერთ-ერთი კედელი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

იყო ისიც, რომ სათანადო მასალები არ შეიტანეს და ასე შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზის დასკვნას, როცა დასრულდება მშენებლობა,“ – გვითხრა მარინა ბერიძემ. მას უკვე დაუთვალიერებია ერთ-ერთი კორპუსი, რომლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ამბობს, რომ საცხოვრებელი ბინები ძალიან ვიწროა. მარინა ბერიძის აზრით, დასრულებულ კორპუსში, პირველ რიგში, ის ოჯახები უნდა შეასახლონ, რომლებიც ახლა საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

„განსაკუთრებით ამ ძლიერი ქარის დროს გამოჩნდა იმ ოჯახების პრობლემა, რომლებიც „ოცნების ქალაქში“, ძველ კორპუსებში ცხოვრობენ… ის რომ ჩამოიშალოს, თურქეთი განმეორდება ჩვენთან, ვინმე თუ გადარჩება, არ ვიცი… დასრულებულია ერთი კორპუსი და ხომ შეიძლება ეს ოჯახები მაინც გადაიყვანონ?“ – კითხულობს მარინა ბერიძე.

მარინა ბერიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნებამდე მოუწევს მინიმუმ რამდენიმე ოჯახის შესახლება ახალ კორპუსებში. მოქალაქის დაკვირვებით, ხელისუფლება მორიგი პოლიტიკური რეკლამისთვის ამზადებს „ოცნების ქალაქს“.

„ახლა ხალხმა უკვე დაინახა რეალური სახე. ეს ხალხი ჯერ კიდევ დაიმედებულია, რომ ყველას მოუწევს ბინა, მაგრამ მგონია, რომ აპირებენ მხოლოდ 580 ოჯახი შეასახლონ, ამით დაასრულონ, მაგრამ რეკლამის ქალაქს ესენი ვერ ეღირსებიან.

შესახლების პროცესი როცა დაიწყება, აქ იქნება მეორე მსოფლიო ომი. დიდი აყალ-მაყალი იქნება, რადგან აქ ვინც ცხოვრობს, ყველა იმსახურებს საცხოვრისს, არ ვგულისხმობ რამდენიმეს, ვისაც 3 ბინა აქვს და დღესაც ჩემ გვერდითაა.

არჩევნებიდან არჩევნებამდე თამაშობს ხელისუფლება ხალხის ბედით, ეს არის რეალობა. ხელისუფლებამ იცის კარგად ხალხის სუსტი წერტილი. აი, ძაღლს რომ დაამშევ და მერე პურს მიუგდებ, ასე ვართ საცოდავი ხალხი.

გამოიყენეს და მოატყუეს ოცნების დასახლება, მაგრამ, ჩემი აზრით, რამაზს [რამაზ ჯინჭარაძე – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] იმდენი პლუსი აქვს, არც სჭირდებოდა ეს კამპანია, ჩირქი მოსცხეს ტყუილად.

მოსახლეობა იყო გამოყენებული, რაც არ ეკადრებოდათ, არ უნდა გადადგმულიყო ეგ ნაბიჯი.

დღემდე აქ რამდენიმე ადამიანი ისევ ცდილობს „ოცნების“ პიარს. რამდენს უხდიან არ ვიცი, მაგრამ იმდენად მათ დაკრულზე ცეკვავენ, რომ შეუძლიათ არაერთი პოსტი მიუძღვნან ხელისუფალს და ზეცაში აიყვანონ.

მე ერთი პროცენტი ნდობა, რაც დარჩენილი მქონდა, ისიც დავკარგე, როცა ჩვენს ერთადერთ უფლებადამცველს –  თამაზ ბაკურიძეს ბორკილები დაადეს ხელზე. ძალადობა დააბრალეს უფლებადამცველს, როცა თვითონ იძალადეს და ამის მტკიცებულებებიც არსებობს. უფლებადამცველს რომ ამას გაუკეთებ, მე რას გამიკეთებ ხვალ?“ – მარინა ბერიძე ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას გულისხმობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„ხალხი უკვე ხედავს, რაც ხდება. მთხოვენ, დავიწყოთ ისევ აქციები. აქაური ხალხის გაჩერება არა მგონია, ვინმემ შეძლოს,“ – დასძინა მარინა ბერიძემ.

„რასაც ვუყურებ, ისე შენდება ეს კორპუსები, მგონი, ჩემი ქოხი მირჩევნია ისევ,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე. – „არჩევნებზე მე არ დავდივარ საერთოდ და არც 2 აპრილის არჩევნებზე მივსულვარ, მაგრამ ფაქტია, რომ დაჰპირდნენ ადამიანებს ბინებში შეყვანას და არავინ შეუყვანიათ.

არავინ გვეხმიანება საერთოდ მთავრობიდან, ან მერიიდან. არ აქვთ პასუხი და რა პასუხი უნდა გაგვცენ?

უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიმსახურებთ საცხოვრისს, თუ არადა, 8 წელი აქ ვცხოვრობ და ვიცხოვრებთ აწიც,“ – გვითხრა მაია ცეცხლაძემ.

აქცია „ოცნების ქალაქში“, 2022 წლის აპრილი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

———————————————————

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს საახალწლოდ, ანუ 2022 წლისთვის, ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, 2021 წლის აგვისტოში დაჰპირდნენ. მოგვიანებით კი, „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, რომ მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდებოდა; რაც შეეხება ბინების გადაცემას, „კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე“ იყო და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა ბინების გადაცემა.

კორპუსებს კომპანია „დაგი“ აშენებს, რომელთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება 38 620 856 ლარზე აქვს გაფორმებული. მთავრობის ახალი პროგრამის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის სოციალური სახლების მშენებლობა ორეტაპიანია და 2025 წელს მთლიანად უნდა დასრულდეს. პროგრამისთვის 2022-2024 წლებში აჭარის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

ამ თემაზე:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

„ჩემს ნამუშევრებს უცებ ვცნობ. ვამბობ, აი, ჩემი სამზარეულო, ჩემი სკამები“ – დურგალი ხულოდან

ამჯერად ხულოს სოფელ აგარაში მცხოვრებ 42 წლის მალხაზ მარკოიძეზე გიყვებით, რომელიც 20 წელია დურგალია.

მალხაზი 19 წლის იყო, როცა ქედაში, ავეჯის საწარმოში დამხმარე ხელოსნად დაიწყო მუშაობა. მისი დურგლობის ამბავიც სწორედ აქედან იწყება.

„იქამდე ცულზე ტარიც კი არ მქონდა გაკეთებული. რომ მივდიოდი, მამაჩემმა თქვა – 1 კვირაში დაბრუნდება, ცულის ტარიც არ გაუკეთებია, ავეჯს ვინ მიაკარებსო. ამან პირიქით, სტიმული მომცა, რომ აი, ნახავთ, თუ ვერ შევძლებ-მეთქი.

ჯერ უმნიშვნელო საქმეების შესრულებით დავიწყე. 1 თვის შემდეგ კი პატარა მოცულობის სამზარეულო დამოუკიდებლად გავაკეთე.

ეს საკმაოდ მასშტაბური საწარმო იყო, ნამდვილი პროფესიონალები მუშაობდნენ.

ღამით, როცა სამუშაო საათები სრულდებოდა, შევდიოდი და ვაკვირდებოდი ვინ რას და როგორ, რა ფორმით აკეთებდა. შესაძლოა, რომელიმე ხელოსანს რაღაც არასწორად ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ რაკი ხელოსნის ნაკეთები იყო, ვიწერდი, ვინიშნავდი, ვიზეპირებდი.

19 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. მაშინ ეს ჩემი მოწოდება იყო-მეთქი ვერ გეტყვით, ტყუილი იქნება. საკმაოდ რთული ცხოვრება იყო. გვიჭირდა და ოჯახისთვის რომ მატერიალური დახმარება გამეწია, მაგის გამო წავედი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც ის საქმე იყო, რომელიც უნდა მეკეთებინა. ჩემი სფერო ვიპოვე. საკმაოდ მოკლე დროში ავითვისე ყველაფერი.

9 წელი ვიმუშავე ქედის საწარმოში. თავიდან დამხმარე ხელოსანი, შემდეგ დურგალი და ბოლო წლებში წარმოების წამყვანი ხელოსანი ვიყავი.

ამ დროის განმავლობაში საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა“, – გვითხრა მალხაზმა.

დურგალი იხსენებს, რომ ქედის ავეჯის საწარმოს ხელმძღვანელმა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა და მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზით წარმოების გაგრძელებას ვერ ახერხებდა, მალხაზს ურჩია, მისგან შეეძინა ავეჯის დამზადებისთვის საჭირო ინვენტარი დამოუკიდებელი მუშაობის გასაგრძელებლად.

„2009-20010 წლებში დავიწყე საამქროდან ინვენტარის ეტაპობრივი შესყიდვა, რადგან ფინანსური მდგომარეობა დალხენილი არ მქონდა. მომდევნო წლებში ნაწილი – ბანკის ვალით, ნაწილი – სხვა საშუალებით, შევიძინე რამდენიმე დაზგა და საქმიანობაც დავიწყე.

დანადგარების შეძენისას ცალკე შენობა არ მქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერს ვაზვიადებ, დანადგარები დავალაგე ბოსელში, სათივეში, შეშის სათავსოში. ყველგან, სადაც სივრცე იძებნებოდა.

სახლის მეორე სართულს ავეჯის შესაღებად და გასალაკად ვიყენებდი. როცა ცოტა მოიმატა შეკვეთების რაოდენობამ, ვეღარ ვასწრებდი და ღამეც ვმუშაობდი. ჩემი ოჯახის წევრებს კარს იქეთ სძინავდათ, მე კარს აქეთ ვმუშაობდი.

2 წლის შემდეგ, ისევ ბანკიდან აღებული სესხის დახმარებით, სახლთან ახლოს ავაშენე საამქრო. ამ საამქროში ვმუშაობთ დღემდე“, – გვითხრა მალხაზმა.

მის სახელოსნოს „ამხანაგობა აგარა“ ჰქვია.

დურგალმა 2016 წელს პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში 10 000-ლარიანი თანადაფინანსება მოიპოვა, რომლითაც დამატებითი დაზგები შეიძინა და 2 თანამშრომლის აყვანის შესაძლებლობაც მიეცა.

სამუშაო პროცესი “ამხანაგობა აგარაში”

„ამხანაგო აგარა“ საჭირო მასალის გამოხარშვას თავად აწარმოებს და ძირითადად, სწორედ გამოხარშული ხის ავეჯს ამზადებენ.

„ის, რომ მასალას თავად ვამზადებთ, საშუალებას მაძლევს, მომხმარებელს თამამად შევთავაზო 5-10-წლიანი გარანტია ჩვენს დამზადებულ ავეჯზე და ავიღო პასუხისმგებლობა, რომ ქარხნული დეფექტით არ გაფუჭდება.

99% დატვირთვა მოდის გამოხარშული წიფლის მასალის გამოყენებაზე, ასევე ნაძვზე. უფრო იშვიათად წაბლი და კაკალი, რადგან ეს მერქანი ჩვენთან მოსაპოვებლად რთულია.

ვამზადებთ ყველა სახის ავეჯს – სამზარეულოებს, საძინებლებს, მაგიდებს, სკამებს და ა.შ.

გვაქვს ჩვენი კატალოგები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა შეკვეთიდან დავაგროვეთ. ჩვენ თვითონაც ვხაზავთ ახალ ესკიზებს და მომხმარებლის შემოთავაზებულ მოდელებსაც ვამზადებთ.

ავეჯის წარმოებაში მეხმარებიან ჩემი სტუდენტი შვილებიც, როცა თავისუფალი დრო აქვთ. რაც შეეხება მომხმარებლებს, ძირითადად შეკვეთებია ბათუმიდან და წალკიდან“, – გვითხრა მალხაზმა.

მალხაზის სამომავლო გეგმა ავეჯის წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და ბაზრის საქართველოს მასშტაბით მოცვაა, რადგან ფიქრობს, რომ მათი ავეჯი კონკურენტუნარიანია.

„შემოსული შეკვეთების ძალიან დიდ ნაწილზე გვიწვეს უარის თქმა. შეკვეთა მიიღო, ვერ შეასრულო… ტყუილი კლავს ბიზნესსაც და ადამიანების ურთიერთობასაც. დროში ვერ ვეტევით, რომ ყველა შეკვეთა ავითვისოთ. ამის საშუალებას არც სამუშაო ფართობი გვაძლევს. 3-4 თანამშრომელი ძლივს ვეტევით ამ შენობაში.

აუცილებელია ახალი შენობა წარმოებისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება 10-დან 15-მდე თანამშრომელმა თავისუფლად იმუშაოს. ეს არის ჩემი სამომავლო გეგმა, რათა ყველა შეკვეთა ავითვისოთ“, – მოგვიყვა მალხაზი.

მისი თქმით, ახლაც საკმაოდ დიდი შეკვეთა აქვთ და 2-სართულიანი საწოლების, სამზარეულოსა და საძინებლის დამზადებაზე მუშაობენ.

მალხაზ მარკოიძის სახელოსნოში დამზადებული 2-სართულიანი საწოლი

დურგლის თქმით, მაგალითად, სამზარეულოს დასამზადებლად 7-დან 10 დღემდე სჭირდებათ, მოდელისა და ზომის შესაბამისად.

„ყოველი შესრულებული ავეჯი თავისებურ კვალს ტოვებს. როცა შეკვეთაზე მუშაობას ვასრულებ და გაშრობის პროცესშია, ბევრჯერ ავუვლი და ჩავუვლი. მიუხედავად იმისა, რომ ათობით და ასობით შეკვეთა მაქვს შესრულებული, ყველა შეკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

არის შემთხვევები, სოციალურ ქსელში, სატელევიზიო სივრცეში ვნახავ ჩემს ნამუშევრებს. ვამბობ, აი, ჩემი სამზარეულო, აი, ჩემი სკამები… ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლე მეუბნება, რომ რა არის შენი, შეასრულე, საფასური მიიღე და წაიღეს, მათიაო, მაგრამ არა. რაც უნდა გადაიხადონ, მე იმდენი შრომა, იმდენი შეხება მაკავშირებს თითოეულ ნივთთან, რომ დამიჯერეთ, ნამდვილად ჩემია.

ჩემს ნამუშევრებს დანახვისთანავე ვცნობ, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს მისი დამზადებიდან გასული.

განსაკუთრებით პირველ ეტაპზე გაკეთებული ავეჯი მახსოვს, როცა სოფელში დავბრუნდი და დამოუკიდებელი წარმოება დავიწყე, რადგან თითოეული საქმის დასრულება ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლას ნიშნავდა“, – გვითხრა მალხაზმა.

მასთან საუბრის ბოლოს გავიგეთ, რომ ყველაზე დიდხანს, 26 დღე, დამხმარე ხელოსანთან ერთად, დიდი სამზარეულოს დამზადებაზე უმუშავია, რომლის ფასიც, განსაკუთრებული დიზაინის გამო, სამი სტანდარტული სამზარეულოს ფასის ტოლი იყო.

მინისტრი არც კი გვხვდება, რომ გვკითხოს, რატომ გვინდა პორტფოლიოს გაუქმება – მასწავლებელი

„როცა კლასებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება 20-15 მოსწავლემდე, კლასები აღიჭურვება თანამედროვედ და მასწავლებელს ექნება მაღალი ხელფასი, დარწმუნებული ვარ, სწავლის ხარისხიც ორ-სამ წელიწადში შეიცვლება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ცანავა, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის წამყვანი მასწავლებელი. ის გვესაუბრება სამინისტროსა და სკოლას შორის კომუნიკაციის არარსებობაზე და გამოსავალზე, რომელიც, მისი აზრით, არსებობს, თუმცა სამინისტრო ამ მოთხოვნებზე არ რეაგირებს.

  • ქალბატონო თამარ, პედაგოგები, როცა სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე მიდგება ჯერი, იწყებთ სტრესსა და გადაღლაზე საუბარს. რა იწვევს ამ სტრესს, ვალდებულებები თუ ქაოსი?

ყველაფერი ერთად. ადრე იყო ძველი სქემა, სადაც ვაგროვებდი კრედიტებს სტატუსის შესაცვლელად, შემდეგ ამან არ გაამართლა და გაგვიუქმეს ეს კრედიტები. ახალ სქემაში მხოლოდ მცირე ნაწილი დაგვიტოვეს. ეს ახალი სქემაც იყო ქაოსური, ძლივს დავიმახსოვრეთ მიზნები, სტანდარტები და ახლა შემოვიდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც ისეთი ტერმინოლოგიითა ყველაფერი გაწერილი, ვერაფერს გაიგებთ. უნდა დაჯდე და ისწავლო, სხვანაირად ვერ გაერკვევი რა ხდება.

  • რთულ ტერმინოლოგიებში რას გულისხმობთ, კალკირებული თარგმანია, თუ აზრი არ არის ნათლად გადმოცემული?

კი, ნათარგმნია დოკუმენტი, მაგრამ იქ არის მოცემული დონეები ესგ-ს მიხედვით, რა მიზანზე უნდა გახვიდე, რა დონეზეა მოსწავლე, კომპლექსურ დავალებას რომ დააწერინებ, სათითაოდ ყველა მოსწავლეს უნდა მოარგო დავალება და ასე შემდეგ.

ზოგიერთს,. მაგალითად, 300 მოსწავლე გვყავს და წარმოიდგინეთ, რამდენი შრომაა საჭირო. წელიწადში ერთხელაც რომ ჩაატარო ყველა კლასში კომპლექსური დავალება, მერე უნდა დაჯდე და წერო ამის შეფასებები.

ძალიან ბევრი საწერი გვაქვს, ყველაფერი ოქმებად უნდა წარმოადგინო. სხვა ყველა აქტივობებიც ასე უნდა დავაოქმოთ. პანდემიის დროს კოლეგებს რომ ვეხმარებოდი და ტექნიკის არცოდნის გამო ორ-სამ მასწავლებელზე გადადიოდა მთელი პროცესის მართვა, ეს როგორ უნდა დავაოქმო? ან რატომ უნდა ვუმტკიცო ეს სამინისტროს, ისე არ უნდა მენდოს?

ძალიან ბევრი ბიუროკრატიაა და შესაძლებელია ამის გაფილტვრა. ცდილობენ, მოგვარგონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მაგრამ არასდროს არც ერთ მინისტრს უცდია შეექმნა ისეთი ფოკუსჯგუფი, ვინც მასწავლებელს მოუსმენს. ქართველ მასწავლებლებს ცოტა სხვანაირი ფსიქოლოგია აქვთ, ხშირად ეშინიათ ცვლილებების, სანამ ერთი არ გაბედავს, მეორე ვერ ბედავს, ზოგჯერ ბრმად მიდიან ხოლმე ამ ცვლილებებისკენ ისე, რომ საერთოდ არ იციან რა უნდა გააკეთონ.

მერე უცებ ქაოსში აღმოჩნდებიან, ცდილობენ გამოსავალი იპოვონ და ნახეთ, რა ხდება ამ გამოსავლის ძიებაში? კვლევები იყიდეს, ისე აიმაღლეს სტატუსები, ახლა პორტფოლიოებს ყიდულობენ, ისე იმაღლებენ სტატუსებს.

ანუ რეალურად, ჩვენი ფუნქცია რა არის, რომ მოსწავლე იყოს რაღაც მიზანზე გასული, ხომ? ამ დროს კი მოსწავლე გვეკარგება. ამ ციკლში მე ვწერო, ვწერო, ვწერო და მოსწავლე სად არის?

  • როდესაც ამაზე მიდის საუბარი მეორე მხარესთან, ისინი ამბობენ, რომ მასწავლებელი წერს იმას, რაც გააკეთა, ან უნდა გააკეთოს ბავშვისთვის გაკვეთილზე და რატომ იკარგება ამ პროცესში ბავშვი, თუ ეს ყველაფერი მიზანზე გაგიყვანთ?

კი გასაგებია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამარტივებულად. მაშინ არ უნდა ვიჯდე და ვწერდე ყველაფერს. მაშინ უნდა მომაწოდოს გამზადებული ოქმი, თუნდაც რაღაც შაბლონი, რომ თუ მე, ვთქვათ, ვითანამშრომლე კოლეგებთან, არ უნდა მიწევდეს ამ ყველაფერზე წერა. ან ასისტენტები უნდა გვყავდეს, ვინც ამ ქაღალდომანიას მოაგვარებენ და იმ ორ საათში, რაც მე რეფლექსიებში უნდა ვხარჯო, შემიძლია ამ დროს რესურსი გავაკეთო ბავშვისთვის. უფრო პროდუქტიულად გამოვიყენო ეს დრო.

გასაგებია, რომ შემაჯამებლის ანალიზები უნდა ვწეროთ, ამას არც არავინ აპროტესტებს, რადგან მე უნდა გავიგო ჩემი მოსწავლის შესაძლებლობები და გავითვალისწინო მომდევნო შემაჯამებელზე.

ცხადია, ჩვენ გვინდა განვითარება, მე დიდი სიამოვნებით გავივლიდი წელიწადში ერთხელ თუნდაც საჭირო ტრენინგს, სკოლამ რომ გამიშვას და დამიფინანსოს.

ახლა არც სკოლა გიფინანსებს ამას და არის ფასიანი ტრენინგები, რომლებსაც ზოგჯერ გამოუცდელი ტრენერები ატარებენ და შესაძლოა საერთოდ არასწორი გზით წაგიყვანოს.  „თიმსის“ ჯგუფში რომ ტრენინგი 10-15 ლარი ღირს და 500 მასწავლებელი ესწრება, იქ მე რა უნდა ვისწავლო, როგორ უნდა ავიმაღლო კომპეტენცია. კომპეტენციის ამაღლება მაშინ ხდება, თუ აქტიურად ხარ ტრენინგებზე ჩართული, არსებობს ინტერაქცია, სწავლა-სწავლების მეთოდით, რასაც მე მოსწავლეებს უნდა ვასწავლიდე, იმავეს უნდა მასწავლიდეს განათლების სამინისტრო ხომ? ეს რაღაცები ირღვევა.

ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ტრენერებმა აკეთონ ფული, მეტი არაფერი.

„მასწავლებლის სახლი“ იშვიათად ატარებს ტრენინგებს. ახლა დარეგისტრირებული ვარ 12-საათიან სავალდებულო ტრენინგზე, თებერვალში უნდა დაერეკათ, აპრილია და ჯერ კიდევ არავის დაურეკია. ზაფხულში, შვებულების პერიოდში დარეკავენ, როცა მე უფლება მაქვს, ჩემი 24- დღიანი შვებულება გამოვიყენო და ამ მხრივაც ძალიან ხშირად ირღვევა ჩვენი უფლება.

ძალიან ბევრი ონლაინტრენინგი გამივლია უცხოურ უნივერსიტეტებში და ამ ყველაფერზე ბევრ მასწავლებელს ხელი არ მიუწვდება. აბა, რისთვის არსებობს „მასწავლებლის სახლი“, კონსულტაციას თუ არ გაუწევს მასწავლებელს. როგორ განვითარდეს ისეთ სოფელში მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც ინტერნეტიც კი არ აქვს.

  • იგივე ქოუჩები და თუნდაც „მასწავლებლის სახლი“ ამბობს, რომ უამრავი რესურსია დამზადებული და განთავსებული მათ გვერდზე, რომლის გამოყენება შეგიძლიათ პროფესიული ზრდისთვის. რა არის რეალური აქედან, არ გაწვდიან თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მასალებს?

კი, არის ასეთებიც, მაგრამ ყველა საგანში არა. მე გამიმართლა, რადგან ინგლისურის მასწავლებელი ვარ და მარტივად ვეძებ, მაგრამ ასაკოვანმა პედაგოგმა, ვისაც, ვთქვათ, არ აქვს საკმარისი კომპიუტერული უნარები, როგორ გამოიყენოს ეს რესურსი, თუ ვიღაცამ სკოლაში არ აუხსნა და დაანახა გზა, როგორ უნდა ისწავლოს?

  • დირექციას არ შეუძლია ეს გააკეთოს? ხომ არსებობს კათედრები, წამყვან მასწავლებლებს არ აქვთ ვალდებულება, კოლეგებს დაეხმარონ?

კი, აზიარებენ ხოლმე რაღაცებს, რომ აქ შეგიძლიათ ეს გაიაროთ, მაგრამ აქ სხვა ფაქტორიც იჩენს თავს – მასწავლებლის მოტივაცია არის ძალიან დაბალი, რადგან ხელფასებია დაბალი.

თუ დიდი საათობრივი დატვირთვა გაქვს და ორ ადგილზე მუშაობ, შეიძლება მაშინ გამოგივიდეს ათას ლარზე მეტიც, მაგრამ საერთო ჯამში საშუალო ხელფასი ძალიან დაბალია. რატომ იმუშაონ იმაზე მეტი, როცა არავინ არ უფასებს რეალურად.

არანაირი წახალისება არ აქვთ მასწავლებლებს, არანაირი პრემია, ათასში ერთხელ, ესეც დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ოჯახებს ვეღარ უვლიან, რადგან თითქმის ყველა სკოლა ორცვლიანზე გადავიდა და ის მითი, რომ მასწავლებელი 2 საათზე სახლშია, აღარ არის.

სკოლების ნაკლებობაა ქვეყანაში, ერთ უბანში, სადაც 5-6 კორპუსი ემატება და ბავშვების რაოდენობა იზრდება, როგორ გინდა, რომ დაატიო კლასში ბავშვები.

ზოგიერთ მასწავლებელს ცხრის ნახევრიდან საღამოს ხუთამდე უწევს სკოლაში ყოფნა, ამ მასწავლებლებმა რა უნდა გააკეთონ სახლში როცა მივლენ? რა რესურსი უნდა შექმნან?

გაკვეთილების პერიოდში როცა შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სკოლაში არანაირი ხელშეწყობა, ყავის აპარატი მაინც რომ იდგეს ან ბუფეტი იყოს ნორმალური სკოლაში, არაფერი არ არის. პრობლემა ძალიან ბევრია.

სამინისტრომაც იცის, წესით, ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი, რატომ არიან ამ პოზიციაში. საერთოდ არ გამოდიან კონტაქტზე. მარტო დაპირებებია და რეალური შედეგი არ არის.

საპროტესტო მოძრაობა რომ წამოვიწყოთ, იმისთვისაც კი არ გვცალია ხოლმე.

ახლა ძალიან დიდი ტალღაა აგორებული, ბოლო 20 წელიწადში არ მახსენდება ასეთი გამოცოცხლება, 50-მა მასწავლებელმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა და ცდილობენ, ასე მიაწვდინონ ხმა სამინისტროს.

  • არასდროს გქონიათ შესაძლებლობა თუნდაც გეკითხათ სამინისტროსთვის, სად იყვნენ ამ შვიდი თვის განმავლობაში, რატომ ვერ მოხერხდა დროულად პორტფოლიოს დამტკიცება, რის გამოც ამხელა მღელვარებაა, რატომ ქმნიან მუდმივად ფორსმაჟორულ გარემოს მასწავლებლებისთვის – ეს დიალოგი არ არსებობს სკოლასა და სამინისტროს შორის?

არ ვიცი, ვინმე თუ გაბედავს სამინისტროს უთხრას, „სად იყავით აქამდე“. ერთადერთი, ონლაინჯგუფებია, სადაც აქტიურობენ ხოლმე მასწავლებლები და ეს ბოლო დღეები იმხელა პროტესტია აქ, რომ დღის განმავლობაში უკუკავშირს ვერ ავუდივარ.

სექტემბერში საინიციატივო ჯგუფი როცა შეხვდა „მასწავლებლის სახლს“ და მინისტრის მოადგილეს, მაშინვე თქვეს, რომ „ახლა დავდებთ დოკუმენტს“ და პერიოდულად ეხმიანებოდნენ მასწავლებლები. თუმცა სამინისტრო წელავდა პროცესს და ასე გავიდა შვიდი თვე.

ამიტომ აგორდა ეს საპროტესტო ტალღაც, რომ ცოტა დრო მისცეს პედაგოგებს პორტფოლიოს ასატვირთად. ესეც დისკრიმინაციაა, რადგან ჯერ სამი წელი ალოდინეს ეს მასწავლებლები სქემის ცვლილების გამო, შემდეგ უზარმაზარი ლიტერატურა დაუდეს გამოცდაზე პირველ ნაკადს და მეორე ჯერზე, ლიტერატურაც შეამცირეს და გამოცდის დროც გაზარდეს. ანუ ვინც პირველი გავიდა გამოცდაზე, ის არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს. ახლა უკვე ისეთი ტალღაა, ვფიქრობ, არ გაჩერდება.

  • მიიღეთ სათანადო უკუკავშირი სამინისტროსგან?

მე, პირადად, არ დავსწრებივარ ამ შეხვედრას, მაგრამ ვინც დაესწრო, ვერც მათ გაიგეს ვერაფერი. ინფორმაცია, რომ გადავადდება პორტფოლიოს ატვირთვა, არც ამაზე მოსულა და არც იმაზე, რომ პორტფოლიო გაუქმდება.

მინისტრი არც კი გვხვდება, რომ გვკითხოს, რატომ გინდათ პორტფოლიოს გაუქმება? ჩვენ გვაქვს არგუმენტები და ვეტყვით. მხოლოდ 4 კაცს კი არ უნდა შეხვდეს, ბევრი აზრი უნდა მოისმინოს. რაღაც გზა ხომ უნდა გამონახოს, რომ შეგვხვდეს, მაგრამ არ აკეთებს ამ ყველაფერს.

  • რაზეც ახლა საუბრობთ, ეს რა ტიპის პრობლემებს აჩვენებს სისტემაში?

ეს აჩვენებს, რომ კომუნიკაცია სამინისტროსა და მასწავლებლებს შორის არ არის. კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობაა, ამის გარდა სხვა პრობლემებიცაა, არ გვაქვს ნორმალური ჯანდაცვა მასწავლებლებს, არც ნორმალური პენსია. ჯილდოს სანაცვლოდ პენსიაში გასვლის პროგრამაც, ვფიქრობ, უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ის, ვინც დაიღალა და ამოწურა სკოლაში თავი, გავიდოდა სისტემიდან, მაგრამ ახლა ვერ მიდის, მშიერი რომ არ დარჩეს.

თუ პოლიციელი 20 წლის მერე გადის პენსიაზე, მასწავლებლებს ნაკლები შრომა აქვთ? ჩვენც გვაქვს საფრთხეები, ერთი პატარა გადაცდენა სკოლაში, სადამრიგებლო კლასში და შეიძლება პატიმრობაში აღმოჩნდე. დამრიგებელს შეიძლება 80 ლარი ჰქონდეს ხელფასი? ამაზეც გავაკეთეთ პეტიცია და ადგა პროფკავშირი და 125 ლარით მოითხოვა გაზრდა, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მხარეს იყოს, ყოველთვის მთავრობის პოლიტიკას ატარებს.

  • როგორ ისურვებდით პროფესიულ ზრდას ისე, რომ ნაკლები სტრესი იყოს და სწავლის ხარისხიც ამაღლდეს?

მასწავლებლები ვითხოვთ ნაკლებ ქაღალდომანიას, ნაკლებ ვალდებულებას, მეტ თავისუფლებას ბავშვთან მიმართებაში. შემოწმების სხვა მეთოდების დანერგვას და არა ისე, რომ ყველაფერი ფურცელზე ვწერო.

ცოცხალ გარემოში შეგვამოწმონ. ჰყავდეს სამინისტროს მეთოდისტები ან დამკვირვებლები და დაგვაკვირდნენ. სხვა ყველაფერი შეიძლება იყოს ყალბი.

  • საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ქართველ ბავშვებს უჭირთ კრიტიკული აზროვნება და წაკითხულის გააზრება. თუკი ამ პრობლემებს მოაგვარებს მასწავლებელი, იქნება საკმარისი კრიტერიუმი მისი საქმიანობის შესაფასებლად?

დღევანდელ რეალობაში ნაკლებად, რადგან მოსწავლე შესაძლოა სხვაგან ემზადებოდეს და სხვისი შრომის შედეგი აჩვენოს.

როცა კლასებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება 20-15 მოსწავლემდე, კლასები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, მასწავლებლებს ექნებათ სასწავლო რესურსები, 2-3 წელიწადშიც დაიდება შედეგი.

მასწავლებელსაც ნაკლები შრომა ექნება და  ხელფასიც უნდა გაიზარდოს პერიოდულად.

როცა მასწავლებელს შეეძლება არჩინოს ოჯახი ხელფასით, არც კერძო მოსწავლეებს აიყვანს და მთელ ენერგიას თავის საქმეს მოახმარს. ეს გვინდა, მეტი კი არაფერი.

როგორ შეიძლება პუტინს 9 მაისი შემოუბრუნდეს – ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში

ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონმა 9 მაისს აღლუმის ჩატარებაზე უარი განაცხადა, ზოგი კი აღლუმს ტრადიციულად გამართავს.

რუსეთის ფედერაციის იმ რეგიონების ლიდერებმა, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, ისევე როგორც ოკუპირებული ყირიმის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუქმებენ 9 მაისის ტრადიციულ, პომპეზურ სამხედრო აღლუმს.

„როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, საზღვრის მახლობლად უსაფრთხოების პრობლემების გამო გაუქმდა“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა დღევანდელ ანგარიშში.

ამავდროულად, როგორც დაზვერვის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინიდან მოშორებით მდებარე რუსეთის სხვა ქალაქები ადასტურებენ, რომ ტრადიციულად გამართავენ გამარჯვების დღის აღსანიშნავ აღლუმს.

რადგან „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა გამოცდილების სულისკვეთებით აყალიბებს, „ეს გზავნილი ზრდის რისკებს უფრო მეტი შფოთვა გამოიწვიოს იმ რუსებში, რომლებმაც იციან უკრაინაში წარმოებული კამპანიის ცუდ ორგანიზებასა და წარუმატებლობაზე“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.

„დაღუპული წინა თაობებისთვის პატივის მიგება შეიძლება ადვილად გადაიქცეს ბოლოდროინდელი დანაკარგების იმ მასშტაბის გამოვლენად, რომლის დაფარვასაც კრემლი ასე ცდილობს“, – ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.

9 მაისი – გამარჯვების დღეს რუსეთში, მოსკოვში, წითელ მოედანზე ტრადიციულად ფართომასშტაბიანი აღლუმით აღინიშნება, სადაც ქვეყანა საკუთარი სამხედრო „სიძლიერის“ დემონსტრირებას ახდენს. უკრაინასთან ომის წამოწყებამდე ვლადიმერ პუტინი ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იწვევდა ლიდერებს მთელი მსოფლიოდან. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ კი სულ უფრო ნაკლები პოლიტიკოსი თანხმდებოდა პუტინის მიწვევას.

გასულ წელს ამ ღონისძიებაზე დასასწრებად უცხოელი პოლიტიკოები მოსკოვში თითქმის აღარ ჩასულან.

„შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს“ – კულებას განცხადება და კრემლის პასუხი

ბუქარესტში მიმდინარე შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს, ისე, როგორც ნატოს გახდა ბალტიის ზღვა.

კულებას თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი მოხდება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების იგნორირება.

„საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა – მოსკოვი ახორციელებდა სასტიკ თავდასხმებს ერთი მეორის მიყოლებით. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ „საკუთარი სიმართლე“. მაგრამ ერთადერთი სიმართლე არის ის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იქნებოდა იალტის მორიგი კონფერენცია [მოკავშირე სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა 1945 წელს], რომ დაეყო ევროპა გავლენის სფეროებად“ – განაცხადა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ დასავლეთს არ ჰქონდა შავი ზღვის თანმიმდევრული სტრატეგია, მაშინ როცა რუსეთს ყოველთვის ჰქონდა აგრესიული, რევანშისტული სტრატეგია.

„ყოველ ნაბიჯზე, რუსეთი იქ მოქმედებდა იქ, სადაც დასავლეთი ეჭვობდა. 2008 წელს, როცა შიშით გამოწვეული სიფრთხილემ მიხურა ნატოს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთს სწრაფად ჰქონდა რეაქცია ამაზე, ორივე ქვეყანაზე თავდასხმით.

რუსეთი მანიაკი ხდებოდა, მაგრამ ზოგიერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო სტრატეგიაა, გააბედნიერო მანიაკი, მათ შორის მისი პოტენციური მსხვერპლების დაუცველად დატოვებით“, – თქვა კულებამ.

კულებას განცხადებას დღეს, 13 აპრილს კრემლმა უპასუხა.

„შავი ზღვა არასოდეს იქნება ნატოს ზღვა, ის საერთოა მის სანაპიროზე მდებარე ყველას სახელმწიფოსთვის“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან კულებას განცხადების კომენტირებისას.

შავ ზღვას სულ 6 სახელმწიფო ესაზღვრება, აქედან 3 ქვეყანა: თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყნებია, საქართველოსა და უკრაინას კი სურთ ნატოში გაწევრიანება და თუ ეს მოხდება, შავ ზღვაზე მხოლოდ ერთი ქვეყანა, რუსეთი დარჩება ნატოს მიღმა.

____________
ფოტოზე: დმიტრო კულება. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/

ვისთვის და რატომ არის სასარგებლო ცხარე საკვები – ექიმის რჩევები

ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას პაციენტის კვების რაციონში მარილიანი და შაქრიანი საკვების გარდა ცხარე საკვებიც იზღუდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ ჯანმრთელ ადამიანს ზომიერების ფარგლებში მიღებული ცხარე საკვების არ უნდა ეშინოდეს, მეტიც, ასეთ შემთხვევაში ცხარე საკვები სარგებლის მომტანიც კია ორგანიზმისთვის.

„ცხარე საკვების მოყვარულებს ხშირად ესმით, რომ ეს საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რომ ეს კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს, და ა.შ., მაგრამ ეს არ არის სწორი, ცხარე საკვები მაშინ უნდა გამოირიცხოს რაციონიდან, როცა ადამიანს უკვე აქვს კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები“ – ამბობს ენდოკრინოლოგი. 

ექიმის განმარტებით, ნატურალური ცხარე სანელებლების, როგორიცაა: წიწაკა, კოჭა თუ ნიორი, არ უნდა გვეშინოდეს თუ მათ ზომიერად გამოვიყენებთ კერძებში, „ბუნებრივი სანელებლები არა მხოლოდ გემოვნური თვისებებით ამდიდრებენ კერძს, არამედ დადებით გავლენას ახდენენ ორგანიზმზეც.

თუ ადამიანი არის ჯანმრთელი, ზომიერად მიღებული ცხარე საკვები ეხმარება საჭმლის მონელებაში, ცხარე საკვები ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას, ეს კი საჭმლის ათვისებას აჩქარებს, ასევე, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. აჯიკა, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს და ზიანს არ აყენებს, მაგრამ გააჩნია როგორ ვიღებთ მას, მშიერ კუჭზე აჯიკის მირთმევა არ არის რეკომენდებული“ – ამბობს ექიმი. 

ჩილის წიწაკასა და წიწაკის ექსტრაქტებში ნაპოვნი კაპსაიცინოიდები პასუხისმგებელნი არიან მეტაბოლიზმზე. 2018 წელს BMC obesity-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიზანიც იყო შეეფასებინა კაპსაიცინოიდების ზემოქმედება სხეულის ცხიმოვან მასაზე, დიეტასთან და მეტაბოლურ მიდრეკილებასთან ურთიერთქმედების გათვალისწინებით, აჩვენა პოტენციური სარგებელი სხეულის ცხიმსა და ცხიმოვან მასაზე. „საერთო ჯამში, კაპსაიცინოიდები უნდა იქნას გამოყენებული როგორც გრძელვადიანი, ბუნებრივი წონის მართვის დამხმარე საშუალება“ – წერია კვლევის შედეგებში.

ექიმის განმარტებით, წიწაკიანი კერძი მცირედით, მაგრამ მაინც ეხმარება ბედნიერების ჰორმონის – სერატონინის სტიმულირებას და დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობაზე; ასევე, ცხარე დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე და გვეხმარება წნევის შემცირებაში, მასში შემავალი ვიტამინები სისხლძარღვთა გაფართოებას უწყობს ხელს და მოქმედებს არტერიულ წნევაზე. 

ნეგატიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს ცხარე საკვებს თუ მივიღებთ მშიერ კუჭზე, ან თუ უკვე სახეზეა კუჭის ან კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები და რაციონში მაინც გვაქვს ცხარე საკვები.

2016 წლის, იაპონელი მეცნიერების კვლევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხარე საკვების ხშირმა მოხმარებამ, ზოგიერთ ადამიანში დისპეფსიით (ან საჭმლის მონელების დარღვევით) შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის სიმპტომები. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ცხარე საკვებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უსიამოვნო სიმპტომები.

ექიმის განმარტებით, ჯანმრთელობის კიდევ ერთი მდგომარეობა, რა დროსაც შესაძლოა რეკომენდებული არ იყოს ცხარე საკვების მიღება, შაქრიანი დიაბეტია, რადგანაც ცხარემ შესაძლოა შაქრის შემცველობა აამაღლოს სისხლში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა დაავადების დროს რაციონში ცხარე საკვები ექიმის მითითებით იქნას დაშვებული ან ამოღებული.

კვლევამ, რომლის ფარგლებშიც ჩინეთში შვიდი წლის განმავლობაში იკვლევდნენ თითქმის 500 000 ადამიანის კვების რაციონს, დაადგინა, რომ მათთან, ვინც კვირაში ერთი ან ორი დღე იღებდა ცხარე საკვებს, სიკვდილის რისკი 10%-ით შემცირდა იმათთან შედარებით, ვინც ასეთ საკვებს იმაზე იშვიათად მიირთმევდა, ვიდრე კვირაში ერთხელ. სიკვდილის რისკი 14%-ით ნაკლები იყო მათთვის, ვინც კვირაში 3-7 დღე მიირთმევდა ცხარე საკვებს.

აჭარაში მუნიციპალური ორგანიზაციების უფროსების დამალული ქონება – TI კვლევა

აჭარის მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაციები არასრულად შეავსეს. არიან ისეთებიც, რომლებმაც ეს ვალდებულება საერთოდ დაივიწყეს. რეგიონში მოქმედი 75 მუნიციპალური ორგანიზაციიდან 35 ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ვალდებული, შეევსო დეკლარაცია, თუმცა მხოლოდ 27-მა შეავსო.

მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების დეკლარაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა. ორგანიზაციის განმარტებით, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

ორგანიზაციამ შეისწავლა ასევე ამ ორგანიზაციების 2021 წლის შესყიდვების გეგმები, საბიუჯეტო დაფინანსება და გაარკვია, რომ ყველა მათგანის დაფინანსება 100 000 ლარს აღემატება. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ წარადგინეს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაციები. ორგანიზაცია აპირებს შესაბამისი კითხვით საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართოს.

კვლევის მიხედვით:

  • 27 თანამდებობის პირიდან 15-მა (55%) დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო
  • 9 თანამდებობის პირს არ აქვს დეკლარირებული, რომ თავად ან/და მისი ოჯახის წევრი მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში – ფლობს წილებს და ხელმძღვანელობს საწარმოს
  • 6 თანამდებობის პირს დეკლარაციაში არ მიუთითებია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება
  • 4-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება
  • 4 თანამდებობის პირს არ გადაუცია წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის და ამდენივე თანამდებობის პირს არ დაუტოვებია კერძო კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობა.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ  საქართველოს კანონით საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, თანამდებობის პირი არ არის ვალდებული, დეკლარაციაში მიუთითოს იმ საწარმოს შესახებ, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის საწარმოების ბრუნვების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებით კომპანიების სტატუსების შესახებ – კვლევაში ნახსენები ყველა კომპანიის სტატუსი არის „აქტიური“.

არჩილ კონცელიძე- ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ დირექტორი

არჩილ კონცელიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა დედის, იამზე გვარიშვილის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში. კერძოდ, ის არის შპს „ურანის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი.

 ლევან ლაზარიაშვილი- შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი

ლევან ლაზარიაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ 2021 წელს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიიღო შრომის ანაზღაურება/ხელფასი.

დავით ლეკვეიშვილი – შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორი

დავით ლეკვეიშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 26,86 კვ.მ ბინა ქალაქ ბათუმში და დედის, მზისადარ ხელაიას მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში. კერძოდ, ის არის „შპს მეცხრე აფთიაქის“ დირექტორი და 100%-ს მფლობელი. ასევე, დავით ლეკვეიშვილს არ აქვს დეკლარირებული 2021 წელს შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.

 ირაკლი არჩაია – ა(ა) „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“ დირექტორი

ირაკლი არჩაიამ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, სოფიკო სიხარულიძე, საკუთრებაში ფლობს 981 კვ.მ მიწის ნაკვეთს ქალაქ ბათუმში, რომელზეც განთავსებულია 169,45 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მიმდინარეობს მეორე შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

 დავით დიასამიძე – ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორი / ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ ყოფილი დირექტორი

დავით დიასამიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი ფლობს შპს „დადის“ 30% და შპს „ოფის-პაპერის“ 50%-ს. მას ეს წილები მართვის უფლებით არ გადაუცია მესამე პირზე, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. დავით დიასამიძეს აგრეთვე არ აქვს დეკლარირებული 2021 წელს ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება.

ჯუმბერ კობალაძე – ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი

ჯუმბერ კობალაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ თავად და მისი მეუღლე, ქეთევან მანელიშვილი მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში. კერძოდ, ჯუმბერ კობალაძე ფლობს შპს „ჯ.დ.კ“-ის 100% წილს და კომპანიის დირექტორია, ხოლო ქეთევან მანელიშვილი ინდივიდუალური მეწარმეა. კობალაძეს შპს-ს წილი მართვის უფლებით მესამე პირზე არ გადაუცია და არც დირექტორის თანამდებობა დაუტოვებია, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.

გელა ქობულაძე – შპს „სარაგბო კლუბი ბათუმის“ დირექტორი

გელა ქობულაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 32,5 კვ.მ, 30,74 კვ.მ, 47,78 კვ.მ და 49,46 კვ.მ ბინები ქალაქ ბათუმში. აგრეთვე, დეკლარაციაში არ ასახა დედის, ასმათ კობალაძის და მეუღლის, ნანა კილაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

კერძოდ, ასმათ კობალაძე ფლობს 209,5 კვ.მ და 218,2 კვ.მ. ბინებს ქალაქ ბათუმში, 997 კვ.მ  მიწის ნაკვეთს ქალაქ ბათუმში და თანამესაკუთრესთან ერთად 165 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული 107,65 კვ.მ შენობა-ნაგებობით კურორტ ბეშუმში.

ნანა კილაძე ფლობს 52,07 კვ.მ ბინას ქალაქ ბათუმში. გელა ქობულაძეს აგრეთვე არ აქვს დეკლარირებული 2021 წელს შპს „სარაგბო კლუბი ბათუმის“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.

 ვალერიანე კაკულია – შპს „ხელბურთის კლუბი ბათუმის“ დირექტორი

ვალერიანე კაკულიამ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, თეა მითაიშვილი და შვილი, თორნიკე კაკულია მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში. კერძოდ, თეა მითაიშვილი ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო თორნიკე კაკულია ფლობს შპს „ფეიფერ ფლეინის“ 25%-ს.

 მამუკა შამილიშვილი – ა(ა)იპ „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორი

მამუკა შამილიშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის ინდივიდუალური მეწარმე და შპს FRESH TIME-ს დირექტორი. მას ინდივიდუალური მეწარმეობა უნდა შეეჩერებინა და დაეტოვებინა შპს-ს დირექტორის თანამდებობა, რაც არ გააკეთა და დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.

პაატა ზაქარაძე – შპს „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი

მამა-შვილი სიმონ და პაატა ზაქარაძეები 2022 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე ხელმძღვანელობენ ხელვაჩაურის მუნიციპალურ ორგანიზაციებს: სიმონ ზაქარაძე შპს „საფეხბურთო კლუბი მაჭახელას“ დირექტორია, ხოლო შვილი, პაატა ზაქარაძე – შპს „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი.

მათ, როგორც თანამდებობის პირებმა, 2022 წლის 24 და 25 თებერვალს შეავსეს დეკლარაციები, სადაც ერთმანეთი ოჯახის წევრებად მიუთითეს და დააფიქსირეს მათი, როგორც ოჯახის წევრების მიერ, 2021 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები. ეს მონაცემები მათ დეკლარაციებში განსხვავებულია.

განსხვავებულია როგორც დეკლარაციებში მითითებული სამსახურებრივი პოზიციები, ასევე მიღებული შრომის ანაზღაურების მოცულობები, კერძოდ: სიმონ ზაქარაძის დეკლარაციის მიხედვით, პაატა ზაქარაძემ, როგორც ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის“ დირექტორის მოადგილემ, მიიღო 7 200 ლარის შემოსავალი; როგორც კაზინო „მერიდიანის“ უსაფრთხოების სპეციალისტმა – 6 600 ამერიკული დოლარი, ხოლო პაატა ზაქარაძის სხვა შემოსავლები დეკლარაციაში ნაჩვენები არ არის.

პაატა ზაქარაძის დეკლარაციით კი ირკვევა, რომ მან, როგორც ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის“ დირექტორის მოადგილემ, მიიღო 5 979 ლარის შემოსავალი; საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისგან მწვრთნელის პოზიციაზე – 2 090 ლარი; როგორც გუნდზე პასუხისმგებელმა პირმა – 2 299 ლარი; როგორც შპს „ემფაერის“ უსაფრთხოების სპეციალისტმა – 628 ლარი და როგორც შპს „ემფაერის“ უსაფრთხოების ოფიცერმა – 15 741  ლარი.

ყოველივე აღნიშნულიდან დასტურდება, რომ მამა-შვილი სიმონ და პაატა ზაქარაძეების მიერ შევსებული დეკლარაციებიდან მინიმუმ ერთი დეკლარაცია არასწორადაა შევსებული.

 ირაკლი კარანაძე – ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ დირექტორი

ირაკლი კარანაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა მის თანასაკუთრებაში არსებული 5 004 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში, რომელზეც განთავსებულია 314,57 კვ.მ შენობა-ნაგებობა.

მან დეკლარაციაში აგრეთვე არ აჩვენა მისი და მისი მეუღლის, თინათინ ლიპარტიანის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში. კერძოდ, ირაკლი კარანაძე არის შპს „თაზო და კომპანიის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს B.T.M SUPER MOTORS-ს 50%-ის მფლობელი და დირექტორი, შპს „კარ ჯორჯიას“ 100% მფლობელი და დირექტორი, ამავე დასახელების, მაგრამ სხვა კომპანიის შპს „კარ ჯორჯიას“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „როი-ფრუთის“ 100% მფლობელი და დირექტორი და შპს „ლევკას“ დირექტორი, ხოლო თინათინ ლიპარტიანი არის შპს „ოლ სოლუშენსის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

მას შპს-ების კუთვნილი წილები მესამე პირზე მართვის უფლებით არ გადაუცია და არც დირექტორის თანამდებობები დაუტოვებია, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. ირაკლი კარანაძეს ასევე არ აქვს დეკლარირებული 2021 წელს ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.

სულხან გორჯელაძე –შპს „ქობულეთის წყლის“ დირექტორი

სულხან გორჯელაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა დედის, ნინო ბლადაძის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში. კერძოდ, 2014 წლის 19 ნოემბრიდან დღემდე ის არის ინდივიდუალური მეწარმე.

სილოვან ბერიძე – შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ დირექტორი

სილოვან ბერიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი  შპს „კანდელის“ დირექტორია. მას უნდა დაეტოვებინა შპს-ს დირექტორის თანამდებობა, რაც არ გააკეთა  და დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.

 რაულ ცინცაძე – შპს „ქედის ტურიზმის განვითარების და  ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი / შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორი

რაულ ცინცაძე ქედაში ორი მუნიციპალური შპს-ს დირექტორის პოზიციებს იკავებს.

2022 წელს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შეავსო, როგორც შპს „ქედის ტურიზმის განვითარების და  ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორმა. მან დეკლარაციაში არ მიუთითა 2021 წელს შპს „ქედის ტურიზმის განვითარების და  ხელშეწყობის ცენტრსა“ და შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოში“ დირექტორობის დროს მიღებული შრომის ანაზღაურება.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები სათანადო რეაგირების მიზნით. აგრეთვე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს მოქმედი კანონმდებლობა და არ შეავსეს დეკლარაციები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 180 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 540]
  • ტანკი – 3 646 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 7 053 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 777 ერთეული [+7]
  • MLRS – 534 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 283 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 307 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 293 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 346 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 637 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 320 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 407 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 747 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 659 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 082 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 576 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 487 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ვის [არ]ესმის ხალხის ხმა – პეტიციები

ხალხს ჯერ გზა უნდა, შემდეგ – ხიდი, ავტობუსი, სასმელი წყალი, მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მდინარეზე გაუფილტრავად მიერთებული არ არის. ხალხს უნდა რეგულარულად მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დროული სამედიცინო სერვისი და ასე შემდეგ.

სწორედ იმავე მოტივით, რომ ხალხს ჯერ გამართული ინფრასტრუქტურა უნდა, 10-ზე მეტი წელია, რაც ეს ჩამონათვალი ყოველი ახალი წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებშია და არ იცვლება.

ამ მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მიღმა, რომელთა მოგვარებასაც „არასოდეს ეშველა“, ყოველთვის მეორეხარისხოვან საკითხებად რჩება ისეთი პრობლემები, როგორიც არის სოფელში ბიბლიოთეკის, კინოკლუბის, ხანდაზმულთა ცენტრების არარსებობა ან არსებულის ფუნქციონირება, ინტერნეტით უზრუნველყოფა, სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და ასე შემდეგ.

2 ათეული წლის განმავლობაში მთავრობის პრიორიტეტი ისევ გზა და წყალია. იმას კი, რაც პრიორიტეტებში ვერ მოხვდა, ხალხი პეტიციით ითხოვს.

პეტიცია ერთ-ერთი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, მიმართოს თავისივე არჩეულ საკრებულოს კონკრეტული მოთხოვნით. აჭარაში მოქალაქეებს პეტიციის წარდგენა უმაღლეს საბჭოშიც შეუძლიათ.  მუნიციპალიტეტში პეტიციაზე მხარდასაჭერად ხელმოწერის დაფიქსირება შეუძლიათ მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში კი, აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისთვის მისაღებ მოთხოვნას დაუჭიროს მხარი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის.

  • შეხვედრების ადგილი

შეხვედრების ადგილის აუცილებლობა, მისი არსებობის მნიშვნელობა მთავრობისთვის რომ ეჩვენებინათ, გასული წლის ნოემბერში მოქალაქეებმა ქობულეთიდან, აჭარის უმაღლეს საბჭოს პეტიციით მიმართეს და „არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრების ამოქმედება“ მოითხოვეს.

პეტიციის ავტორის, გვანცა ვარშანიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მოქმედი საჯარო ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად ვერ ფარავს მოთხოვნებს და არც ამის რესურსი აქვს.

„პრაქტიკულად არ გვაქვს სივრცეები, სადაც სხვადასხვა თაობის მოქალაქეები შეძლებენ შეხვედრას და საერთო აქტივობების ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს განსხვავებული ინტერესების შეჯერებას, საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საერთო ინიციატივების შემუშავებას, დისკუსიას, ახალი ცოდნის მიღებას და გაზიარებას“, – ნათქვამია პეტიციის განმარტებით ბარათში.

საზოგადოებრივი სივრცეების შექმნის აუცილებლობის დასასაბუთებლად პეტიციის ავტორი მიუთითებს ასევე ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ კვლევაზე, რომელიც ა(ა)იპ „ახალგაზრდულმა ჰორიზონტმა“ ქობულეთში 2020-2021 წელს ჩაატარა.

გვანცა ვარშანიძის ინფორმაციით, პეტიცია აჭარის უმაღლესმა საბჭომ განიხილა და მუნიციპალიტეტებში გადააგზავნა. გამონახეს თუ არა ადგილი თავისუფალი სივრცეების მოსაწყობად, ჯერ პეტიციის ავტორისთვის არ უცნობებიათ.

გვანცას აზრით, ცენტრისთვის შეიძლება გამოინახოს ფართობი მუნიციპალიტეტის ბალანზე არსებულ შენობაში, მისი მოვლისა და აღჭურვის თანხა კი სხვადასხვა, მათ შორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შეიძლება დაფინანსდეს.

პეტიციის მომზადებაში გვანცას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაეხმარა.

თავისუფალი სივრცეების მოწყობას შუახევის მუნიციპალიტეტში პეტიციით ითხოვდა მაგდა ქათამაძეც.

„გარდა ბათუმისა, არ არსებობს სივრცე, რომელშიც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გამართონ სხვადასხვა შეხვედრა, ჩაატარონ ტრენინგები, სემინარები, მოაწყონ კინოჩვენებები სხვადასხვა ასაკობრივი თუ მიზნობრივი ჯგუფებისთვის.

თითოეულ ცენტრს სასურველია გააჩნდეს დაახლოებით 50 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო სივრცე, ასევე მცირე ზომის, 10-15 ადამიანზე გათვლილი შეხვედრების ოთახი. ცენტრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინტერნეტით, საოფისე ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკით. გააჩნდეს ადმინისტრაციული ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს შეხვედრების ოთახების დაჯავშნას და სივრცის მოვლა/შენახვას“, – წერს პეტიციის ავტორი.

ამ პეტიციის პასუხად, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერიამ უმაღლეს საბჭოს აცნობა, რომ საკუთრებაში აქვთ ახალგაზრდული ცენტრის ოფისი, ასევე საჯარო ბიბლიოთეკის დამოუკიდებელი დარბაზი, სადაც შესაძლებელია მსგავსი შეხვედრების გამართვა. მიუთითებენ ასევე სასოფლო კლუბების გამოყენების შესაძლებლობაზე.

პეტიციის ავტორს ასევე აცნობეს, რომ 2023-2026 წლებში მუნიციპალიტეტები მეტი ხელმისაწვდომობის მიზნით ახალგაზრდული სივრცეების გაფართოებას გეგმავენ ბათუმში.

  • ინტერნეტი

აჭარის უმაღლეს საბჭოს პეტიციით მიმართა ასევე იზა ფუტკარაძემ. მან შუახევის სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მოითხოვა. ამ პეტიციის პასუხად მთავრობა აჭარის უმაღლეს საბჭოს წერს:

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ მიერ, ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაგეგმილია შუახევის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელში. პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალი მათ შორის მოიცავს სოფ. ინწკირვეთსაც. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ქსელის მშენებლობის ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია 2023 წლისთვის“.

  • პიროტექნიკის აკრძალვა

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პეტიციით პიროტექნიკის აკრძალვა მოითხოვეს. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ პეტიციასთან დაკავშირებით ერთადერთი დოკუმენტია ატვირთული, სადაც ვკითხულობთ, რომ პეტიციის ფორმა და შინაარსი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეესაბამება.

  • ჯანდაცვის სერვისები იალაღებზე

მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ ასევე ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას სამთო იალაღებზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რამდენიმე თვეს ატარებს.

„რელიეფური სირთულისა და გეოგრაფიული დაშორების გამო ათასობით მცხოვრები ხშირ შემთხვევაში მოკლებულია ჯეროვან სამედიცინო მომსახურებას. რესურსების სიმწირის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები რთულად აღწევენ სხვადასხვა დასახლებამდე, პრაქტიკულად უფუნქციოა ათწლეულების წინ გახსნილი რამდენიმე ამბულატორია, მედიკამენტების შესაძენად მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში უწევთ გადაადგილება“, – წერს პეტიციის ავტორი ნესტან ანანიძე.

ნესტანის თქმით, ეს მოთხოვნა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა.

  • ხის მეჩეთების გადარჩენა

„სოლიდარობის თემმა“ ხის მეჩეთებთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა პეტიცია. პეტიციის მოთხოვნაა, აღირიცხოს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ხის მეჩეთებს, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

პეტიციის ავტორი წერს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე აჭარაში არსებულ მუსლიმურ ნაგებობებს სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს, რაც მათ განადგურებას იწვევს, მაშინ, როცა ეს ნაგებობები „რეგიონის ისტორიული მეხსიერებისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“.

პეტიციის ავტორის, ნესტან ანანიძის ინფორმაციით, უმაღლესმა საბჭომ პეტიცია განიხილა და რეაგირებისთვის განათლების სამინისტროს გადაუგზავნა. ამ სამინისტროს ექვემდებარება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომლის მოვალეობაც ძეგლების მოვლა-პატრონობაა. პეტიციის ავტორმა მიიღო განათლების მინისტრის წერილი, სადაც ზოგადად იყო მიმოხილული, თუ რა მომსახურება შეისყიდა სააგენტომ მეჩეთების რეაბილიტაცია-რესტავრაციის ეტაპობრივად განსახორციელებლად.

  • ადაპტური ტექნოლოგიები

აჭარაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამის, ან ქვეპროგრამის დაფინანსებას მოქალაქეები ითხოვენ.

შესაბამისი შინაარსის პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში 2022 წლის 5 სექტემბერს მაია ქათამაძემ დაარეგისტრირა. ის წერს ასევე, რომ პროგრამით 55 პირი ისარგებლებს და პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტში 60 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვს.

ამ პეტიციასთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უმაღლეს საბჭოს წერს, რომ 2023 წლის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი ამ ეტაპზე განსაზღვრულია და არ ექვემდებარება ცვლილებებს. სამინისტრო მომავალში ამ მოთხოვნის გასათვალისწინებლად ტექნიკური პარამეტრებისა და ღირებულების დაზუსტებას ითხოვს.

  • საბავშვო ბაღის მშენებლობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მოსახლეობამ საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში 2022 წლის ივნისში  დაარეგისტრირა. ეს სოფლის მოსახლეობის უკვე მეორე მცდელობაა. იგივე შინაარსის პეტიციით 2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართეს, თუმცა – უშედეგოდ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, მარიკა გვიანიძის ინფორმაციით, ამ ბაღისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია: „გადაწყვეტილია, რომ ბაღი აშენდება.“

  • დაგვის კულტურის ცენტრის გადარჩენა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებმა დაგვის კულტურის ცენტრის გადასარჩენად პეტიცია 2021 წელს დაარეგისტრირეს და შენობის რესტავრაცია მოითხოვეს. შენობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული ბერძნული აკროპოლისის ელემენტებით.

შენობის გადარჩენას სოფლის მოსახლეობა ათზე მეტი წელია ითხოვს, მაგრამ მათი ხმა დღემდე არავის ესმის. 2021 წელს პეტიციას ხელს 701 მოქალაქე აწერდა. ორი წელი გავიდა, თუმცა შენობა იგივე მდგომარეობაშია.

  • ქობულეთის ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

2021 წელს მოქალაქეებმა პეტიციით მოითხოვეს ქობულეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და წიგნადი ფონდის განახლებაც. მოქალაქეები წერენ, რომ ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს და „ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.“

2 წელის გავიდა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მერია ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვას წელს გეგმავს.

  • ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა

2022 წლის მარტში აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის დაფინანსების მოთხოვნით პეტიცია შევიდა. პეტიციის ავტორმა, თამილა ფუტკარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალური ტრანსფერის გათვალისწინება მოითხოვა.

მოთხოვნის ტექსტში პეტიციის ავტორი წერს, რომ ქალთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში გამოწვევად რჩება, რასაც ის გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ მიზეზადაც ასახელებს. „გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგი კი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაა“, – წერს ავტორი.

ის პეტიციაში საუბრობს 2019 წელს ქალთა გაძლიერების მიზნით მიზერული ბიუჯეტის მქონე პროგრამის მნიშვნელობაზე, რომლითაც სამი იდეის დაფინანსება მოუხერხებიათ:

„საქართველოს მასშტაბით პირველად, 2019 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა განახორციელა 9000 ლარით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის იდეების დაფინანსება, ჯამში დაფინანსდა 3 იდეა. 2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე, პროგრამა არ განხორციელებულა. პროგრამის თანხა სოციალურ საკითხებს მოხმარდა.

2021 წელს კი ბიუჯეტი 10 500 ლარი იყო და 4 გამარჯვებული გამოვლინდა. პროგრამა დღესაც წარმატებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 15 000 ლარია. ასევე, 2022 წელს ქედის მუნიციპალიტეტმაც შეძლო 15 000 ლარის მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში ქალთა იდეების დაფინანსებისთვის.“

პეტიციის ავტორი ითხოვს მთავრობამ შეიმუშაოს მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სპეციალური ტრანსფერით დაფინანსდება. ამ პეტიციას 263 ხელმოწერა აქვს.

პეტიცია თავისი დასკვნებით უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას და მუნიციპალიტეტებს გადაუგზავნა. მთავრობის აპარატის უფროსმა, ჯაბა სურმანიძემ უმაღლეს საბჭოს ასევე წერილობით უპასუხა, რომ „აჭარის მთავრობა და შესაბამისი უწყებები მიესალმებიან სხვადასხვა სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას და ამ მიზნით მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების/პროგრამების ინიცირებას“.

ჯაბა სურმანიძე ასევე წერს: „ სასურველია პეტიციის განხილვაში ჩართული იქნეს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.“ ამ წერილს მთავრობის წევრებისა და მერების ოფიციალური გამოხმაურებებიც თან ერთვის.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე მთავრობას პასუხობს, რომ დაფინანსება მწირია და, შესაბამისად, საუკეთესო ბიზნესიდეები დაფინანსების გარეშე დარჩა.

მთავრობის წევრებიდან გამორჩეული იყო აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის პასუხი. მინისტრმა ჩამოწერა პროგრამები, რომლებშიც მეტი ქალი მონაწილეობს. იგი ასევე წერს, რომ მისი „სამინისტრო მიესალმება სხვა სფეროებში ინიცირებული, ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.“

  • უმაღლესი საბჭოს წევრის განმარტება

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, მარიკა გვიანიძის განმარტებით, რეგლამენტით გაწერილი პროცედურის შესაბამისად ბიურო წყვეტს, რომელ კომიტეტს დაეწეროს პეტიცია განსახილველად. განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ის შესაბამის უწყებას ეგზავნება რეაგირებისთვის.

„ჩემმა კომიტეტმა განიხილა სამი პეტიცია. ერთი იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, თავისუფალი სივრცეების მოწყობა ყველა მუნიციპალიტეტში, დაბა ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობა. ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ შესაბამისი პასუხი, რომელიც დაეგზავნა პეტიციის ავტორებს, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობები, რა თქმა უნდა, დროს საჭიროებს.

თარიღებს ვერ გეტყვით, გვქონდა საუბარი შესაბამის პირებთან და ეს საკითხი დგას დღის წესრიგში – გადაწყვეტილია, რომ ბაღი უნდა აშენდეს“.

უმაღლესი სბაჭოს წევრის ინფორმაციით, გაეროს ფონდის დახმარებით დადებითად გადაწყდა ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის საკითხიც: „გაეროს განვითარების პროგრამამ გააორმაგა თანხები. ეს თანხები გაიცემა კონკურსით.

რაც შეეხება თავისუფალი სივრცეების მოწყობას, ყველა მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ მათ ბაზაზე არის სივრცეები, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს შეუძლია შეიკრიბოს.“

ცხრილი, ინგლისური, ბუფეტი – რა პრობლემებზე საუბრობს ბსუ-ს სტუდენტი

20 წლის გვანცა დიასამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მედიცინის სპეციალობას სწავლობს. ის მეორე კურსის სტუდენტია.

გვანცა გვიყვება, რა პრობლემებს ხედავს უნივერსიტეტში, რატომ გადაწყვიტა სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყება და რა შეიძლება იყოს სტუდენტების ნაკლები აქტიურობის მიზეზები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

  • გვანცა, ჩვეულებრივ, აბიტურიენტობიდან აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადამიანებს, როგორი იქნება მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში გარემო, სწავლების პროცესი. თქვენ შემთხვევაში თუ იყო ასე და რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?

დავიწყებ იმით, რომ ეს უნივერსიტეტი მე თვითონ შევარჩიე. ერთადერთი უნივერსიტეტი ბსუ მეწერა და მოვხვდი კიდეც.

პანდემია დაგვემთხვა. პირველი სემესტრი უნივერსიტეტს გარეთ გავატარეთ. სამწუხაროდ, კარგი შთაბეჭდილება ამ პროცესიდან არ დამრჩენია, რადგან ონლაინ ლექციები არაკომფორტული და ნაკლებად ინფორმაციული იყო.

რაც შეეხება მოლოდინებს, პირველ რიგში, არასდროს იყო ორგანიზებული ცხრილი, რაც, ალბათ, უნივერსიტეტს შეიძლება დავაბრალოთ ან თვითონ სტუდენტებს. ჩვენც საკმაოდ არეულები ვიყავით.

მეორე კურსზე მივხვდით, რომ პირველ სემესტრში მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები არ იყო ისე ცუდი, როგორც მიგვაჩნდა, რადგან კიდევ უფრო მეტად დავინახეთ არსებული პრობლემები.

მედიცინის ფაკულტეტზე ყველაზე რთული აღმოჩნდა უნივერსიტეტსა და საავადმყოფოს შორის ურთიერთობის დაბალანსება, ორგანიზებული ცხრილი, რომელიც მოგვცემდა დროის ისეთი გადანაწილების საშუალებას, რომ უფრო მშვიდად და ორგანიზებულად შეგვძლებოდა სწავლა.

თუმცა ჩვენი დეკანი ამჟამად არეგულირებს ამ სიტუაციას. ჩვენს პრეტენზიებს და სურვილებს ითვალისწინებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად კომფორტული ცხრილი და განრიგი შეადგინონ.

  •  რამდენად ხშირად ესწრებიან ლექცია-სემინარებს სტუდენტები? თუ აცდენენ, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

მეც მიწევს ლექციების გაცდენა და ყველაზე ხშირად ამის მიზეზი სამსახურია.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ხშირად მუშაობენ სამედიცინო სფეროში, ექთნის დამხმარეებად. მეორე კურსზე ამის საშუალება გვაქვს. 4 დღეში ერთხელ უნდა იმუშაო 24 საათი. ამ შემთხვევაში მოგიწევს რაღაც დროით უნივერსიტეტის გაცდენა. მაგრამ ბევრი სტუდენტი ვერ მუშაობს ექთნის დამხმარედ დაბალი ანაზღაურების გამო. მე და ჩემი თანაკურსელები სხვა პოზიციებზეც ვმუშაობთ.

მე ვმუშაობ მიმტანის პოზიციაზე და ამის გათვალისწინებით საკმაოდ რთული გრაფიკი მაქვს. ხშირად მიწევს ლექციების გაცდენა, რის ანაზღაურებასაც მაქსიმალურად ვცდილობ სემინარების ხარჯზე.

სტუდენტები, რომლებიც მაღალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ, მათ შორის მეც, ორიენტირებული ვართ, დავაგროვოთ თანხა საერთაშორისო გამოცდებისთვის. უცხო ენების გამოცდაზე მაქვს საუბარი, რადგან ჩვენს ფაკულტეტს არ აქვს ინგლისური ენის პროგრამა. ჩვენ არ გვასწავლიან ინგლისურ ენას.

მე, პირადად, ამის გამო დავიწყე მუშაობა, რომ ინგლისურის დონე სერტიფიკატით მქონდეს დადასტურებული. „ტოეფელის” და ტესტების გამოცდები საკმაოდ ძვირადღირებულია.

პირველივე კურსზე დაგვებადა კითხვა ინგლისური ენის კურსის არარსებობაზე. სამწუხაროდ, ჩვენი პროგრამა იმდენად რთული და ჩაშლილია, საათების რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ ფიზიკურად ვერ ხერხდება ინგლისური ენის საათების ჩასმა.

გვქონდა ამაზე საუბარი ადმინისტრაციასთან, უნივერსიტეტში. აგვიხსნეს, რომ ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ ხერხდება ინგლისური ენის ჩასმა პროგრამაში.

  • ზოგადად, რისი შეცვლა გსურთ უნივერსიტეტში და თუ არის რამე, რაც არ მოგწონთ? რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს მის გადასაჭრელად?

ალბათ უნივერსიტეტის სივრცე, რომელიც სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით ოდნავ მოძველებულად გვეჩვენება, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ახალი ავეჯის შემოტანა. ეს საკმარისი არ არის.

ბსუ-ში 8 000-მდე სტუდენტი სწავლობს. სივრცეები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ გართობა და ა.შ., საკმარისი არ არის. 

ასევე, ჩემი აზრით, პატარა ბუფეტი გვაქვს. ზედმეტად პატარა სივრცეა იმისთვის, რომ ყველა მოვთავსდეთ. მე, პირადად, ხშირად ვერ ვასწრებ ბუფეტში შესვლას ლექციებს შორის შუალედში, რადგან ფიზიკურად ადგილი არ არის.

  • რა შეგიძლიათ თქვათ ბსუ-ს თვითმმართველობაზე. არიან თუ არა ისინი დამოუკიდებლები და თუ აკეთებენ საქმეს, რისთვისაც არსებობს ეს ორგანო?

ის ფაქტი, რომ მე, როგორც რიგითი სტუდენტი, საერთოდ არ ვარ ინფორმირებული უნივერსიტეტის თვითმმართველობის საქმიანობაზე, უკვე ცხადყოფს, რომ მათი საქმიანობა არც ისე წარმატებულია.

თავად შეხება არასდროს მქონია თვითმმართველობასთან. ერთადერთი, თვითმმართველობის არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა და ისეთი კანდიდატურები იყო პირდაპირ შერჩეული, რომ არც თვალით გვინახავს და არც ყურით გვსმენია მათ შესახებ. არასდროს ყოფილა წინასაარჩევნო კამპანია, ახსნა-განმარტება. შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ მასშტაბური, ჩემამდეც რომ მოსულიყო ან ჩემი კურსელების ყურამდე, ასეთი არა.

მაშინ, როცა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს მასშტაბური აქციები, უცნაური იყო, რომ ამ აქციებს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი არ ესწრებოდა. ან ჩემს თვალთახედვას გამორჩა, ვერ გეტყვით. ან ისე აშკარად არ იღებდნენ მონაწილეობას, რომ დაგვენახა.

როგორც სტუდენტი, გეუბნებით, რომ მაკლია მათი აქტიურობა უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ანტიდასავლურ სხვა ნაბიჯებზეც [ასეთის შემთხვევაში] ექნებათ სტუდენტებს რეაგირება?

რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ სტუდენტები ყრუები არ არიან. უბრალოდ, მათთან უნდა მივიტანოთ ინფორმაცია უფრო ნათლად, გასაგებად და იმდენად ხმამაღლა, რომ იმ სტუდენტებმაც გაიგონ, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ მსგავს ამბებს.

ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. რაღაც რომ ხდება, ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე. ყველა იმდენად დაკავებულია სემინარებით და ლექციებით, რომ თუ ძალიან ხმაურიანი სიტუაცია არ შეიქმნა, ისე ჩვენი ყურადღების მიქცევა რთულია.

თუ ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, რომელსაც სტუდენტი უნდა გამოეხმაუროს, აუცილებლად მოჰყვება გამოხმაურება, თუ სწორად იქნება მოტანილი ეს ამბავი ჩვენამდე. ამიტომ, პრობლემას ვხედავ ინფორმაციის გავრცელების სისტემაში.

  • ზოგადად, რას ფიქრობთ, რატომ აქტიურობენ სტუდენტები ნაკლებად, მაშინაც კი, როცა შესაძლოა ჩვენი მომავალი წყდებოდეს?

ვერ გეტყვით ასე გადაჭრით, რატომ ვერ შეიძლება მოსულიყვნენ სტუდენტები. შესაძლებელია პრობლემა იყო სტუდენტის ოჯახში, პოლიტიკურ შეხედულებებში ან თუნდაც შიში, რომ თუ გავლენ მსგავს აქციებზე, პასუხს მოსთხოვენ მათ საჯარო სამსახურში მყოფ მშობლებს.

ამ შიშზე მეც გავიგე. განსაკუთრებით, როდესაც ტელევიზიებთან ურთიერთობაა საჭირო, სტუდენტები, რომელთა მშობლებიც საჯარო სამსახურებში არიან, ცოტა უფრთხიან ჩაწერას, რადგან ეს შემდეგ შესაძლოა მათი მშობლების სამსახურზე აისახოს.

  • თქვენი დაკვირვებით, ზოგადად, რისი ეშინიათ სტუდენტებს ყველაზე მეტად?

ყველაზე მნიშვნელოვანი შიში უნივერსიტეტიდან გარიცხვაა რაღაც „არასწორი ქმედებების“ გამო. ამიტომ ძალიან ბევრი სტუდენტი ალბათ არასდროს გააკეთებდა იმას, რაც სწორი ჰგონია სინამდვილეში.

ხშირად უფრთხიან ლექტორების წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს შეიძლება ცუდად აისახოს მათივე მოსწრებაზე. სტუდენტები ხშირად უფრთხიან სიტყვით გამოსვლას, თუ ეს სიტყვა ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში საერთო აღიარებულ აზრს.

რა უნდა ვიცოდეთ შაქრის შემცვლელების შესახებ – ექიმის რჩევები

შაქრის ჭარბად მოხმარება ზოგადად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით საზიანო კი შაქარი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვისაა. 

სწორედ შაქრის ჩასანაცვლებლად შექმნეს ბუნებრივი წარმოშობისა და ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც დღეს ბაზარზე სხვადასხვა დასახელებითა და ფორმითაა ხელმისაწვდომი. თუმცა ყველა დამატკბობელი ერთნაირად სასარგებლო არ არის. ასევე, ხელოვნური და ბუნებრივი წარმოშობის შაქრის შემცვლელები იყოფა ორ – კალორიულ და არაკალორიულ კატეგორიად.

ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს ესაუბრა. 

ექიმი ამბობს, რომ შაქრის შემცვლელის ბუნებრივი წარმოშობა ყოველთვის მის სარგებლიანობაზე არ მიანიშნებს:

„შაქრის ბუნებრივი შემცვლელია, მაგალითად, ფრუქტოზა, რომელსაც შეიცავს ხილი, მაგრამ ის კალორიულია, შაქარი ორგანიზმში იმატებს ხილის მიღების შემდეგაც. ფრუქტოზის მიღებისას, რამდენიმე სტადიის გავლის შემდეგ, იგი იძლევა ფაქტობრივად ისევ გლუკოზის მოლეკულას, ანუ გარდაიქმნება გლუკოზად, რის შედეგადაც, ბუნებრივია, იმატებს შაქრის დონე.

კიდევ ერთი ბუნებრივი დამატკბობელია სტევია, რომელიც მცენარისგან მიიღება და ხელოვნურად მიღებული დამატკბობლებისგან განსხვავებით, სავარაუდო გვერდითი ეფექტები არ აქვს, მაგრამ დიდი რაოდენობით არც მისი გამოყენებაა რეკომენდებული, რადგან ასეთ შემთხვევაში მასაც შეუძლია აამაღლოს შაქრის დონე. ძალიან ცოტა რაოდენობით შეიძლება გამოიყენოს პაციენტმა“ – ამბობს თეონა გოგიტიძე.

ექიმის განმარტებით, ჭარბად მოხმარებული ხელოვნური დამატკბობლების სავარაუდო გვერდითი ეფექტები შესაძლოა იყოს მათი კანცეროგენობა, რაზეც რამდენიმე ექსპერიმენტული გამოკვლევა მიანიშნებს, მაგრამ ამ ეტაპზე ამის ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება არ არსებობს.

ექიმის განმარტებით, უმეტესად უპირატესობა ენიჭება შაქრის „არაკალორიულ“ შემცვლელებს, მათ შორის არის საქარინი/საქაროზა, ასპარტამი და ციკლამატი, რომლებიც ხელოვნური დამატკბობლებია.

არაკალორიული არ ნიშნავს, რომ ასეთ დამატკბობელს საერთოდ არ აქვს კალორიები, უბრალოდ ისინი შაქართან შედარებით გაცილებით დაბალკალორიულებია. ანუ ნივთიერებათა ცვლის, შეწოვის შემდეგ, იძლევიან უფრო დაბალ კალორიებს.

დიაბეტით დაავადებული პაციენტების გარდა, შაქრის დაბალკალორიული შემცვლელები გამოიყენება ჭარბწონიან პაციენტებში, ვისაც სურს, რომ ტკბილი საკვებიდან ნაკლები კალორია მიიღოს. თუმცა ექიმი ამბობს, რომ ხელოვნური დამატკბობლების იმავე რაოდენობით მიღებასაც, როგორც ჩვეულებრივ შაქარს ვიღებთ, შეუძლია ჯანმრთელობის დაზიანება.

„იმის გამო, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი დამატკბობლები დაბალკალორიულია, რა თქმა უნდა, ვაძლევთ პაციენტებს უფლებას, რომ გამოიყენონ, მაგრამ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, დღეში მაქსიმუმ ნებადართულია 4 ტაბლეტი, მაგალითად, 1 ტაბლეტი – 1 ფინჯანი ყავისთვის“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.

გასულ წელს ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული, მრავალწლიანი მასშტაბური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელოვნური დამატკბობლების შემცველი საკვებისა და სასმელების რეგულარული მოხმარება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკთან.

კვლევისთვის სორბონის პარიზის ნორდ უნივერსიტეტის ექსპერტებმა შეაფასეს ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება ჯგუფში, რომელშიც 103 000 წევრი იყო.

მკვლევრებმა მიუთითეს სხვა კვლევებზე, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ხელოვნურად დამტკბარი სასმელები შეიძლება დაკავშირებული იყოს მეტაბოლურ სინდრომთან (ისეთი პრობლემების ერთობლიობა, როგორიცაა: მაღალი წნევა, ქოლესტერინის მომატებული დონე და სისხლში შაქრის გაუარესებული კონტროლი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი. სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ დამატკბობლებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ როგორ აკონტროლებს ჩვენი სხეული სისხლში შაქრის დონეს.

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ხელოვნური დამატკბობლები „არ უნდა განიხილებოდეს შაქრის ჯანსაღ და უსაფრთხო ალტერნატივად“.

„ამ ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები მიუთითებს პოტენციურ, პირდაპირ კავშირზე ხელოვნური დამატკბობლების (განსაკუთრებით ასპარტამის, აცესულფამის კალიუმის და სუკრალოზას) მაღალ მოხმარებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს შორის“ – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.

ხელოვნური დამატკბობლები ასევე წარმოდგენილია საკვებისა და სასმლის ათასობით ბრენდში მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. ასეთი პროდუქტებია: ტკბილი, ე.წ. დიეტური გაზირებული სასმელები, იოგურტები და სხვა. ამ თემაზე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ეს პროდუქტები კვლავ საკამათო თემად რჩება და ეს საკითხი „ამჟამად ხელახლა ფასდება ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ჯანდაცვის სააგენტოების მიერ“.

„მე, როგორც ენდოკრინოლოგი, საერთოდ არ ვუწევ რეკომენდაციას ე.წ. დიაბეტური პროდუქტების მიღებას, ერთი იმიტომ, რომ უმეტესობა ფრუქტოზაზეა დამზადებული, მას კი მაინც მაღალი კალორაჟი აქვს, შესაბამისად ამ პროდუქტების მიღება მაინც იწვევს შაქრის მატებას სისხლში, თუმცა არა ისეთი მაჩვენებლებით, როგორც ჩვეულებრივი რაფინირებული შაქრის შემთხვევაში.

ასევე, არ ვუწევ რეკომენდაციას, რადგან პაციენტები ვერ საზღვრავენ ნორმას და მცდარი წარმოდგენის გამო ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დიდი რაოდენობით მოიხმარონ ეს პროდუქტი. ამიტომ ჯობს, საერთოდ არ მიიღონ“, – ამბობს თეონა გოგიტიძე.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტებს, მათ შორის ჭარბწონიან პაციენტებსაც, რომლებიც დაბალკალორიულ დიეტაზე არიან და არ უჭირთ ტკბილის გარეშე ცხოვრება, შეუძლიათ შაქრის შემცვლელების გამოყენება, მაგრამ აუცილებლად მცირე რაოდენობით და არა თვითნებურად, არამედ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

„კლანმა“ ხელისუფლებისგან მიიღო გარანტია, რომ მათ არ შეეხებიან – ექსმოსამართლე აშშ-ის სანქციებზე

„არავის არ სურს, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც ეს 4 პირი აღმოჩნდა,“ – გვითხრა ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად მოსალოდნელია „სასამართლო კლანის“ დაშლა?

ყოფილი მოსამართლის დაკვირვებით, „კლანმა“ პრემიერისგან გარანტიები მიიღო, რომ მათ თანამდებობებს არავინ შეეხება აშშ-ის სანქციების მიუხედავად. ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის განცხადებებზე, სადაც ჯერ არ ჩანს მკაფიოდ – რაზეა წამსვლელი „ოცნება“ სასამართლოზე კონტროლის შენარჩუნების სანაცვლოდ.

„გააჩნია, რა იქნება შესაწირი მსხვერპლად, ამას მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას…

სასამართლო ხელისუფლების განვითარებაში ამერიკას უზარმაზარი რესურსი აქვს ჩადებული. როგორც ჩანს, საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ თვითგაჯანსაღების პროცესი დაწყებულიყო ან ეთქვათ: საკმარისია,“ – ამბობს ყოფილი მოსამართლე და განსაკუთრებით იმ მოსამართლეებზე წუხს, რომლებმაც ანტიამერიკულ კამპანიაში ჩართვით „სახე დაკარგეს“.

როდის და რა შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს „კლანი“ სასამართლოში? – „ბათუმელებმა“ მაია კოპალეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

  • ქალბატონო მაია, იმის გათვალისწინებით, რაც სასამართლოს გარშემო ახლა ხდება, რამდენად მოსალოდნელია, რომ „კლანი“ დაიშალოს?

პროცესები, რასაც ვაკვირდებით, მყარად ფესვგადგმულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი, ჩემი აზრით, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პროცესს, მაგრამ ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი.

მგონი, ეს არ იქნება სწრაფი პროცესი.

  • როგორ ოპერირებს ამ ეტაპზე „კლანი“? მოსამართლეები შეხვდნენ პრემიერს და მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის. რას ცვლის „კლანის“ მხარდაჭერის დემონსტრირება?

მთავრობამ გამოხატა მხარდაჭერა კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც მოხსენიებულნი არიან სახელმწიფო დეპარტამენტის აქტში და ალბათ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მხარს უჭერს ამ კონკრეტულ პირებს.

თუმცა ეს არაფერს ცვლის, ჩემი აზრით. ეს არ ამყარებს მათ მდგომარეობას მეტად, ვიდრე შესაძლოა ეს აქამდე იყო. როგორც ჩანს, მათ სჭირდებათ, მთავრობამ ისინი წარმოიდგინოს, როგორც მსხვერპლი.

შეხვედრით, რაც შედგა უზენაეს სასამართლოში, ვფიქრობ, მათი რეპუტაცია პირიქით, დაეცა – თუკი ხარ მოსამართლე და ძლიერი სასამართლო ხელისუფლება, ეს არ არის პოზიციების გამყარება, პირიქით, ეს სისუსტეზე მიანიშნებს.

შესაძლოა თვითონ ამ პროცესს უყურებენ, როგორც გაძლიერებას, მაგრამ სინამდვილეში ამან შესაძლოა პროცესი გაწელოს, თუმცა შედეგობრივად ეს გაძლიერებას არ ემსახურება.

  • ანტიამერიკული გზავნილებით და საჯაროდ მხოლოდ 6-მა მოსამართლემ გააპროტესტა მოსამართლეების დასანქცირება. რატომ არ გამოჩნდნენ სხვები, თქვენი აზრით?

მე ამას მოსამართლეების პროტესტს ვერ დავარქმევდი, ეს იყო შეუწყნარებელი სიტყვები მოსამართლეთა მხრიდან.

მოსამართლეებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ ასეთი ლექსიკა, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, ფორმატიდან ისინი არ უნდა გამოვიდნენ. ეს ნიშნის მოგებით საუბარი ნამდვილად არ შეესაბამება მოსამართლის მაღალ სტატუსს.

ჩემი აზრით, მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფისთვის ამ ეტაპზე მთავარი იყო შეხვედრა მთავრობასთან, ვიდრე სხვა მოსამართლეებისგან ღიად პოზიციების დაფიქსირება. ამ შეხვედრის შემდეგ ისინი უფრო მყარად შეხედავენ თვალებში სხვა მოსამართლეებს. შესაძლოა, ჰგონიათ, რომ ეს არის სიმყარე, მაგრამ მათ ამ სიმყარეს უკვე ვერაფერი ვეღარ მოუტანს.

მოსამართლის სტატუსი, პირველ რიგში, მოსამართლეს აიძულებს, კარგი გაგებით, არ დაკარგოს სახე. დარწმუნებული ვარ, არც ერთ ღირსეულ მოსამართლეს, თუნდაც მათ მხარდამჭერს, არ მოეწონებოდა ის ლექსიკა, რომელიც მოსამართლეებმა თავიანთ განცხადებებში გამოიყენეს. ახლა სხვები რას იზამენ, ეს სხვა საკითხია, თუკი იძულების ქვეშ რამეს გააკეთებენ, მაგრამ აქამდე რომ არ გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ლექსიკით არ გამოხატავენ სათქმელს თუ მოსაზრებას.

  • ვინც პოზიცია დააფიქსირა, სახე დაკარგა? 

ნამდვილად. მოსამართლე, რომელიც გამოდის და ნიშნის მოგებით ელაპარაკება მეგობარ სახელმწიფოს, იმ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, უამრავი რესურსი აქვს ჩადებული ამ ქვეყნის განვითარებაში, მათ შორის, მოსამართლეების დატრენინგებაში, მათი თვალსაწიერის და პროფესიული უნარების გაზრდაში.

ასეთი ლექსიკით მოსამართლე არ უნდა ესაუბრებოდეს სტრატეგიულ პარტნიორს. მას, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, არ აქვს ამის უფლება. მოსამართლე სახელმწიფოს წარმომადგენელია, მას სახელმწიფოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები. მოსამართლეს არ აქვს უფლება, გადააბიჯოს სახელმწიფოს ინტერესებს.

  • თქვენ რა ფაქტორები გაფიქრებინებთ, რომ შესაძლოა „კლანის“ დასუსტების პროცესი გაჭიანურდეს? 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, რაც მხოლოდ სასამართლო სისტემის შიგნით არ ფორმირდება.

პოლიტიკური ნება თუ იქნება, შესაძლოა ეს ღიად გამოხატული არც იყოს და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მაინც იფიქროს ამ საკითხებზე, მაშინ შესაძლოა, ეს დაჩქარდეს. მაგრამ თუ სათანადო პოლიტიკური ნება არ იქნა გამოხატული, მაშინ ფაქტია – ეს ვერ მოხდება, მით უმეტეს ახლა, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად მათით [„კლანის“ წევრებით] არის დაკომპლექტებული: იქ არამოსამართლე წევრები არ არიან, მაგრამ რომც იყვნენ, ეს ვერ შეცვლის მდგომარეობას.

იმისთვის, რომ სისტემური ცვლილება მოხდეს, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება.

  • ამ ნების გაჩენის რა პირობა არსებობს, როცა ჩანს, რომ მთავრობა „სასამართლო კლანის“ მოკავშირეა? ღარიბაშვილი მოსამართლეებს შეხვდა, მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და ამბობს, რომ „მიუღებელია სუვერენულ სასამართლოში ჩარევა“. 

შეიძლება, პრემიერს მრჩევლებმა არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია, არ ვიცი, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ აქტზე როგორ შეიძლება იფიქრო, რომ ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა? სხვა სახელმწიფო განსაზღვრავს, თავის ქვეყანაში ვინ შეუშვას და ვინ – არა. აშშ-მ თქვა, რომ არ შემოვუშვებ ჩემს ქვეყანაში კონკრეტულ პირებს იმ საფუძვლით, რომ ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაშიო, სუვერენიტეტში ჩარევა ეს რატომ შეიძლება იყოს?

სუვერენიტეტს აქვს თავისი ნიშნები და, ბუნებრივია, ვერ იქნება ეს სუვერენიტეტში ჩარევა. ასე ჩვენი სახელმწიფოც არ უშვებს ძალიან ბევრ ადამიანს საზღვრებს აქეთ, ამით რა, რომელიმე სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტში ერევა? არც კი შეიძლება ამის განხილვა და დატოლება, რომ აი, რატომ არ არის, ან არის სუვერენიტეტში ჩარევა, როცა კონკრეტულ პირებს სხვა ქვეყანაში შესვლაზე სანქცია დაუწესეს.

მეორე მხრივ, ეს სანქცია მიემართება კონკრეტულ პირებს. იმავე აქტში და შემდგომაც ითქვა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერას. ასე, რომ ეს სანქცია არის კონკრეტულ პირების მიმართ და არა სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

  • მოსამართლე ირაკლი შენგელია აპირებს აშშ-ში გაასაჩივროს აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება მის დასანქცირებაზე. რამდენად რეალურია მსგავსი სარჩელი?

ეს განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა ირაკლი შენგელიამ, შესაძლოა იყოს ცხელ გულზე ნათქვამი.  ალბათ წარმოდგენაც არა აქვს ამერიკის სასამართლოს სისტემაზე, როგორ ხდება გასაჩივრება.

თუნდაც რომ გაასაჩივროს, პირველ რიგში, შეიძლება დადგეს დასაშვებობის საკითხი – შესაძლოა, დასაშვებობის მოთხოვნებიც ვერ გადალახოს.

დავუშვათ, რომ დაუშვეს და მივიდა საქმე არსებით განხილვამდე, რა უნდა მოითხოვოს: რატომ მიკრძალავთ აშშ-ში შემოშვებას? ნებისმიერი სახელმწიფოს დისკრეციაა, თავად განსაზღვროს, ვინ შეუშვას თავის ქვეყანაში.

  • მანამდე, თქვენი დაკვირვებით, რას აპირებს პოლიტიკური ხელისუფლება „სასამართლოს კლანთან“ მიმართებით? 

ამ პროცესს აქტიურად უნდა დავაკვირდეთ. როცა დასრულდა შეხვედრა პრემიერთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მთავრობას ვთხოვეთ სამართლებრივი ჩარჩო შევიმუშაოთო. არ არის გამორიცხული, გარკვეული სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავების მცდელობა არსებობდეს. სხვა საკითხია, ეს ნამდვილად მოხდება, თუ არა.

ამ შეხვედრის მიზანი პირდაპირ ის იყო, რომ არ მომხდარიყო მათთან მიმართებით პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა. როგორც ჩანს, მათ ეს გარანტიები მიიღეს პოლიტიკური ხელისუფლებისგან. ამ შეხვედრის ქვეტექსტიდან ჩანდა ის, რომ პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან არ წამოვიდოდა მაგალითად, მათი გადადგომის მოთხოვნა.

  • ანუ თავი დაიზღვია „კლანმა“ მთავრობისგან? 

კი, თავი დაიზღვია, რადგან შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები ისე, რომ ეთქვათ, ეს რეპუტაციულად დამაზიანებელია სასამართლოსთვის, ან დაწყებულიყო გამოძიება.

სამართალდამცავმა ორგანოებმა რეაგირება ხომ უნდა მოახდინონ იმაზე, როცა ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა სწორედ კლანის მხრიდან, გავლენიანი ჯგუფისგან, როგორც ეს გამოჩნდა სხვადასხვა დოკუმენტში? თუ ეს რეაგირება იქნება გამოძიების კუთხით, არ ვიცით, რა პროცესი მოჰყვება შემდეგ ამას. ამიტომაც ცდილობენ, წინასწარ დააზღვიონ, რომ არ მოსთხოვოს ვინმემ გადადგომა, ან თუნდაც შემდეგ არ დადგეს მათთვის საზიანო შედეგი.

  • რამდენად მუშაობს ის ფაქტორი, რომ შესაძლოა გაგრძელდეს დასანქცირების პროცესი და ეს შეეხოს პოლიტიკურ ლიდერებსაც? 

ამიტომაც, გააჩნია, რა იქნება მსხვერპლად შესაწირი, ამას შეხედავენ და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

არავინ იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა. ახლა უკვე, როცა ეს რეალობაა, არავინ გამორიცხავს ამას გაგრძელებაც ჰქონდეს. ამიტომაც, ახლა ყველა თავს იზღვევს, ეს იქნება განცხადებები, თუ კონკრეტული მოქმედებები.

სასამართლოს ხელისუფლების განვითარებაში ამერიკას უზარმაზარი რესურსი აქვს ჩადებული. როგორც ჩანს, საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ თვითგაჯანსაღების პროცესი დაწყებულიყო, ან ეთქვათ: საკმარისია.

აშშ-ს კი ნამდვილად აქვს ამის თქმის უფლება. მართლაც იმდენი თანხა აქვთ დახარჯული ჩვენი სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე – როცა ვიწონებთ თავს სასამართლოს მოწესრიგებულ შენობებით, ეს უზრუნველყოფილია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის ფინანსური რესურსებით.

  • სასამართლოს ერთგულების გამო შესაძლოა „ოცნებას“ აწყობდეს ღიად ანტიამერიკულ კამპანიაში ჩართვა? 

არა, ხომ ხედავთ, რომ მოზომილია მთავრობის განცხადებები, იყენებენ ოფიციალურ ტერმინებს, საუბრობენ იმაზე, რომ, მაგალითად, მტკიცებულებები უნდა იქნეს წარმოდგენილი. ეს მიანიშნებს, რომ მთავრობის საუბარი უფრო დაბალანსებულია.

მოსამართლეებმა კი, თავიანთ სტატუსს გადააბიჯეს, მათ არ ჰქონდათ ასეთი ლექსიკით საუბრის უფლება, მით უმეტეს მეგობარი სახელმწიფოზე. მე არ მახსენდება, რომელიმე ამ მოსამართლეს ჰქონოდა ასეთივე განცხადებები მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ.

  • ამ ეტაპზე გარანტიები მიიღეს მოსამართლეებმა, მაგრამ „ოცნებას“ ვინ მისცემს იმის გარანტიას, რომ სანქცირება არ გახდება შეუქცევადი პროცესი? 

ეს უკვე პოლიტიკური პროცესია. შესაძლოა, „ოცნებამ“ სცადოს, გარკვეული, დიპლომატიური არხით ამ საკითხების გარკვევა.

  • ახლა „კლანში“ ყველაზე უფრო რა პროცესი გააქტიურდა? 

ეს ისეთი პროცესია, როცა რაღაც არსებობს, მაგრამ მის არსებობას აზრი არა აქვს – არავის არ სურს, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც ეს 4 პირი აღმოჩნდა.

აქ ხომ მართლაც იმაზე არაა საუბარი, რომ სულ არ გვინდა ამერიკა და არც წავალთ ამერიკაში. მნიშვნელოვანია, რა საფუძვლით გეუბნება უარს მეგობარი სახელმწიფო მის ქვეყანაში შესვლაზე – საუბარია კორუფციაზე.

ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ასეთი ატრიბუტით მოხსენიება წარმოუდგენელია მოსამართლის შემთხვევაში? რამდენიმე მოსამართლემ კი თქვა, მეც რატომ არ მასანქცირებენო, ერთი ქართული ფილმის პერსონაჟისა არ იყოს, როგორც ჩემი შვილი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯოო, მაგრამ ეს ხომ არ არის ნამდვილი მოსამართლის სწორი პოზიცია?

არცერთ მოსამართლეს, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ როგორც მოსამართლე შემდგარი იყოს, არ სურს ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. შესაძლოა, ერთეული ვინმე ასეთი, მაგრამ ბევრი ვერ იქნება.

  • გამოდის, „კლანი“ ისე თავდაჯერებულად და მშვიდად ვეღარ გრძნობს თავს, როგორც აქამდე? 

ვფიქრობ, რომ ვერა. ჯერ ერთი ამ მოსამართლეების უკან ოჯახები დგას, შვილები. პირადი ცხოვრების კუთხითაც ეს საკითხი გარკვეული პრობლემის მატარებელია. ყოველ მოსამართლეს აქვს პირადი ცხოვრება, რომელზეც გავლენას ახდენს ასეთი გადაწყვეტილებები. არცერთ მოსამართლეს არ უნდა, მის შესახებ ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდეს.

ამას წინათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასრული შემადგენლობით მოახდინა მოსამართლეთა განმწესება. როგორც ვიცით,  არამოსამართლე წევრები არ არიან არჩეულები, მხოლოდ მოსამართლე წევრები არიან და პლუს ერთი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი. შესაძლოა, დაიწყოს დისკუსია: რამდენად ლეგიტიმურია მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც არასრული შემადგენლობით ჩაატარეს კონკურსი?

მოსამართლეებს განცხადებები ამაზე უნდა ეკეთებინათ, რომ აი, დროულად აირჩიეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომ შევივსოთ და სრული სახით შევძლოთ ფუნქციონირება.

  • რას ნიშნავს, როცა მოსამართლე ღიად პოზიციონირებს „ალტ ინფოს“ დეზინფორმაციული რიტორიკით? „პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება“, – წერს მოსამართლე ირაკლი შენგელია. რამდენად დასაშვებია მან განიხილოს რელიგიური უმცირესობების, ან ლგბტქ თემის სარჩელები და იქნება ადეკვატური?

ეს ლექსიკა ნამდვილად მიუღებელია. მნიშვნელოვანია მოსამართლის ღირებულებები. შესაძლოა, მოსამართლეს ჰქონდეს სხვადასხვა შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ მთავარია, ამას როგორი ფორმით გამოხატავ. ეს არ უნდა იყოს გამოხატული, პირველ რიგში, შეურაცხმყოფელი ფორმით.

თანაც, მოსამართლეებმა ფეისბუქპოსტებში P.S.- ნაწილი ერთნაირად გააკეთეს, თითქოს შეთანხმდნენ, რაღაც ერთნაირი ტექსტით მიდის ეს ყველაფერი. ეს მაფიქრებინებს, რომ წინასწარ შეთანხმდნენ, ცუდი რა ჩაეწერათ, ნიშნის მოგებით რომ ესაუბრათ ამერიკასთან.

არ უნდა შევხედოთ ისე, რომ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ მოსამართლეებმა მთავრობისგან გარანტიები მიიღეს. გარანტიები მიიღეს, რა თქმა უნდა, მაგრამ დემოკრატია ზოგადად ასე არ მუშაობს – 3 ხელისუფლებას შორის შესაძლოა იყოს რაღაც შეთქმულება. არ უნდა გამოვრიცხოთ საზოგადოება, ანუ კონტროლი ხელისუფლებაზე. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს მართლაც ასეა. აქტიური საზოგადოება ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს მათაც ძალიან კარგად იციან.

საზოგადოება კი არ უნდა შეჩერდეს იმის გამო, რომ გუშინ რაღაც თითქოს „დალაგდა“.

  • თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ამ ეტაპზე საზოგადოების მოთხოვნა, როცა საქმე სასამართლოს ეხება? 

პირველ რიგში, ამ პირებმა უნდა დატოვონ თანამდებობები, ამიტომაც შედგა შეხვედრა პრემიერთან, რომ არ მოეთხოვა ვინმეს მათთვის თანამდებობის დატოვება, არ ვგულისხმობ უშუალოდ მოსამართლის თანამდებობას, ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან.

ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში კი, ცვლილება ისე უნდა განხორციელდეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახლა აირჩეს „კლანის“ ჩართულობის გარეშე. ასევე უნდა გაიზარდოს არამოსამართლე წევრების რაოდენობა ისე, რომ მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრების ხმა არ იყოს საკმარისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მოთხოვნა უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლების რეალური რეფორმა.

  • ვახორციელებ ამ რეფორმას და ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებასაც ვაპირებთო, აცხადებენ „ოცნებაში“. 

რეფორმა თუ ხორციელდება კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ ეს ხალხი აღარ უნდა იყოს იმ თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრები გავლენას არ უნდა ახდენდნენ ადმინისტრირების პროცესზე. როცა საუბარია მოსამართლეების შერჩევასა და მათ დაწინაურებაზე, გადანიშვნა-გადმონიშვნა და ასე შემდეგ, ამ პირებს თანამდებობები არ უნდა ეკავოთ სასამართლო ხელისუფლებაში.

ძლიერ სასამართლო ხელისუფლებას რეფორმები სჭირდება არა ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაში.

ბათუმის ყინულის სასახლის ვერშემდგარი პროექტი და დაკარგული მილიონები – რა გაარკვია აუდიტმა

ბათუმის ყინულის არენის ვერშემდგარი მშენებლობის ამბავმა შეიძლება გაგახსენოთ ყოფილი პრემიერის ცნობილი გამონათქვამი – „რა კორუფცია, რის კორუფცია. შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია?“ – ოპოზიცია კი სხვაგვარად ფიქრობს და გამოძიებას ითხოვს. 

გადახდილია 10 მილიონი ლარი, მაგრამ სამუშაო შესრულებული არ არის – ასეთია სახელმწიფო აუდიტის შეფასება, ბათუმში ყინულის არენისა და საცურაო აუზის მოწყობის ჩავარდნილ პროექტზე. ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში ყინულის არენისა და საცურაო აუზის მოწყობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ 2017 წელს შეისყიდა.

აუდიტი არ აქცენტირებს ამაზე, თუმცა დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ ამბავში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა და აჭარის მთავრობას გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ მიუღია. 

ამ თემას „ბათუმელები“ პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე აშუქებდა, 2022 წლის სექტემბერში კი გამოვაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც საუბარია შეუსრულებელ სამუშაოსა და არამიზნობრივ ხარჯვაზე, რომელიც მთავრობამ საარბიტრაჟო დავის თავიდან ასაცილებლად გასწია.

ყინულის მოედნისა და აუზის აშენებაზე 29 მილიონი დაიხარჯა – ადგილზე კი არც მოედანია, არც აუზი

თბილისში მიღებული გადაწყვეტილებები, რაზეც აუდიტი არ ამახვილებს ყურადღებას, ამ საქმის ახალი გარემოებაა. დოკუმენტების მიხედვით, შეუსრულებელი სამუშაოების ხარჯის დასაფარად პრემიერმა აჭარის მთავრობას თანხა სესხად მისცა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აჭარის მთავრობას, მიმწოდებელი კომპანიისთვის, Westincor limited-ისთვის გადასახდელი 6 მილიონ 810 022 დოლარი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ჰქონდა, საქართველოს მთავრობამ შპს „სტადიონს“ სესხი მისცა. კონკრეტულად კი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობამ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან 20 მილიონი ლარი გამოუყო.

ამ თანხის დაფარვა აჭარის მთავრობამ 2024 წლიდან უნდა დაიწყოს.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად, ფართობით უზრუნველყოფის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა შპს „სტადიონს“ ზემდგომმა ორგანომ, აჭარის ფინანსთა და ეკონომის სამინისტრომ 2017 წლის 7 თებერვალს დაავალა. კომპანიამ დავალებას თავი დროულად ვერ გაართვა, რის გამოც „საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით“ ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმეს.

შეთანხმება ითვალისწინებდა ახალი საცურაო აუზისა და ყინულის დარბაზის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და მშენებლობას ლადო ასათიანის ქუჩა № 27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე. ხელშეკრულების ღირებულება 19 მილიონ 990 002 დოლარით განისაზღვრა.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, კომპანია Westincor limited-ის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. მონაცემები არ იძლეოდა სრულ ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოებზე და არ იყო შედგენილი საბაზრო ფასების გათვალისწინებით.

ამ გარემოებების გათვალისწინებით მხარეებს შორის დავა დაიწყო, რაც ხელშეკრულების შეწყვეტით დასრულდა.

პროექტების მართვის კომპანიამ, ზემდგომთან შეთანხმებით, 2020 წლის 1 აპრილს Westincor limited-ს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და ავანსის სახით გადახდილი 3 მილიონ 998 001  დოლარი ბანკიდან გამოითხოვა. ასევე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საგარანტიო თანხა – 999 500 დოლარი. ეს თანხა პროექტების მართვის კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა სრულად.

2021 წლის 20 დეკემბერს Westincor Limited-მა პირველი ფაზის მშენებლობაზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯების, ასევე შპს „სტადიონის“ მიერ გამოთხოვილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიით გათვალისწინებული თანხა და ვადაგადაცილებული გადახდების გამო დამატებით დარიცხული ჯარიმების, ჯამში სულ – 10 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

ფაქტობრივ ხარჯებთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, 2021 წლის 29 დეკემბერს Westincor Limited-თან გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შემსყიდველები იღებენ ვალდებულებას, მიმწოდებელ კომპანიას გადაუხადონ 10 მილიონ აშშ დოლარი.

პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მოთხოვნილი თანხა კომპანიას გადაუხადეს მოწოდებული აპარატურის ვარგისიანობისა და ღირებულების გათვალისწინებით.

აუდიტის პერიოდში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, მორიგების აქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, Westincor Limited-ზე გადახდილია 57 84 162 აშშ დოლარი. შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ირკვევა, რომ სულ შესრულებულია 1 მილიონ 810 375 აშშ დოლარის ღირებულების პირველი ეტაპის სამუშაოები.

აუდიტის განმარტებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულია დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება მოქმედი კანონმდებლობას შესაბამისადაა განსაზღვრული.

ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 7 აპრილს გამოაქვეყნა.

ბახმუტის მესაზღვრეებმა „ვაგნერის“ თავდასხმა მოიგერიეს – უკრაინის სასაზღვრო სამსახური

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბახმუტის მცველმა მესაზღვრეებმა 11 აპრილს, ღამით „ვაგნერის“ თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინული მხარის ცნობით, 20-ზე მეტმა „ვაგნერელმა“ სცადა ფარულად მიახლოებოდა მესაზღვრეების პოზიციებს ბახმუტში და თავს დასხმოდნენ მათ.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა სადამკვირვებლო პუნქტიდან „ვაგნერელები“ შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს მათ.

შეტაკების დროს „ვაგნერელები“ ​​დანგრეულ შენობებში იმალებოდნენ, უკრაინელმა მებრძოლებმა მანევრირების შედეგად ერთ-ერთ შენობას შეუტიეს და მოწინააღმდეგეების ნაწილის განადგურება შეძლეს, ნაწილი კი – გაიქცა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური წერს, რომ რუსულმა მხარემ 19 ადამიანი დაკარგა, მათგან 7 დაიღუპა.

უკრაინის ქალაქ ბახმუტში 8 თვეა მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. რუსების მცდელობის მიუხედავად, ისინი ვერ ახერხებენ ქალაქის აღებას, რომელშიც დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

____________

ფოტოზე: უკრაინელი ჯარისკაცი სამხედრო პოზიციაზე ბახმუტის გარეუბანში.

ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

„ამით უნდა დაინტერესდეს პრემიერი და პროკურატურა“ – საკრებულოს წევრი აუდიტის დასკვნაზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რეზო ხარაზი ითხოვს პროკურატურა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, რომელიც აჭარის მთავრობის პროექტების მართვის კომპანიის 2020-2021 წლების მუშაობის შედეგების ანალიზს გვთავაზობს.

აუდიტის დასკვნაში საუბარია მაღალბიუჯეტიანი პროგრამების ხარვეზებზე და ასევე არამიზნობრივ ხარჯებზე, რაც კომპანიას გასულ წლებში ჰქონდა.

რეზო ხარაზის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით აუდიტის დასკვნა „შერბილებული და არც ისე მკაცრია“, მისი მიგნებები ბევრ შემთხვევაში ემთხვევა იმ პრობლემებს, რაზეც ენმ პერიოდულად მართავდა ბრიფინგებს და ზემდგომ უწყებებს, ასევე პროკურატურას დაინტერესებისკენ მოუწოდებდა.

რეზო ხარაზის თქმით, ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა, მაგალითად, ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობას: „ამ პროექტისთვის დიდი ფული დაიხარჯა, თუმცა შენობა არ აშენებულა“.

ყინულის მოედნისა და აუზის აშენებაზე 29 მილიონი დაიხარჯა – ადგილზე კი არც მოედანია და არც აუზი

რეზო ხარაზი ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დასკვნის იმ ეპიზოდზე, სადაც წერია ბათუმის სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობასა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის უხარისხო შეფუთვაზე:

„გახსოვთ ალბათ, წყალი როგორ ჩავიდა [რესპუბლიკურში] და დამატებითი თანხები დასჭირდა შენობის მოწესრიგებას. ჩვენ ამ ყველაფერზე პროკურატურას მივმართეთ“.

რეზო ხარაზის ინფორმაციით, აუდიტი ამახვილებს ყურადღებას თანხის ხარჯვაზე ისე, რომ შედეგი არ დამდგარა და ირიბად მიუთითებს კორუფციის რისკებზე: „არაერთი განცხადება გვაქვს ჩვენ გაკეთებული იმაზეც, რომ სამუშაოები დროულად ვერ სრულდებოდა.“

რეზო ხარაზი ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და თანამდებობის პირების, მათ შორის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაკითხვას ითხოვს: „ჩვენ ახალ განაცხადს გავაგზავნით პროკურატურაში ამ დასკვნასთან ერთად.“

ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 7 აპრილს გამოაქვეყნა.

Exit mobile version