განათლება,მთავარი,სიახლეები

მინისტრი არც კი გვხვდება, რომ გვკითხოს, რატომ გვინდა პორტფოლიოს გაუქმება – მასწავლებელი

13.04.2023 • 6074
მინისტრი არც კი გვხვდება, რომ გვკითხოს, რატომ გვინდა პორტფოლიოს გაუქმება – მასწავლებელი

„როცა კლასებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება 20-15 მოსწავლემდე, კლასები აღიჭურვება თანამედროვედ და მასწავლებელს ექნება მაღალი ხელფასი, დარწმუნებული ვარ, სწავლის ხარისხიც ორ-სამ წელიწადში შეიცვლება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ცანავა, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის წამყვანი მასწავლებელი. ის გვესაუბრება სამინისტროსა და სკოლას შორის კომუნიკაციის არარსებობაზე და გამოსავალზე, რომელიც, მისი აზრით, არსებობს, თუმცა სამინისტრო ამ მოთხოვნებზე არ რეაგირებს.

  • ქალბატონო თამარ, პედაგოგები, როცა სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე მიდგება ჯერი, იწყებთ სტრესსა და გადაღლაზე საუბარს. რა იწვევს ამ სტრესს, ვალდებულებები თუ ქაოსი?

ყველაფერი ერთად. ადრე იყო ძველი სქემა, სადაც ვაგროვებდი კრედიტებს სტატუსის შესაცვლელად, შემდეგ ამან არ გაამართლა და გაგვიუქმეს ეს კრედიტები. ახალ სქემაში მხოლოდ მცირე ნაწილი დაგვიტოვეს. ეს ახალი სქემაც იყო ქაოსური, ძლივს დავიმახსოვრეთ მიზნები, სტანდარტები და ახლა შემოვიდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც ისეთი ტერმინოლოგიითა ყველაფერი გაწერილი, ვერაფერს გაიგებთ. უნდა დაჯდე და ისწავლო, სხვანაირად ვერ გაერკვევი რა ხდება.

  • რთულ ტერმინოლოგიებში რას გულისხმობთ, კალკირებული თარგმანია, თუ აზრი არ არის ნათლად გადმოცემული?

კი, ნათარგმნია დოკუმენტი, მაგრამ იქ არის მოცემული დონეები ესგ-ს მიხედვით, რა მიზანზე უნდა გახვიდე, რა დონეზეა მოსწავლე, კომპლექსურ დავალებას რომ დააწერინებ, სათითაოდ ყველა მოსწავლეს უნდა მოარგო დავალება და ასე შემდეგ.

ზოგიერთს,. მაგალითად, 300 მოსწავლე გვყავს და წარმოიდგინეთ, რამდენი შრომაა საჭირო. წელიწადში ერთხელაც რომ ჩაატარო ყველა კლასში კომპლექსური დავალება, მერე უნდა დაჯდე და წერო ამის შეფასებები.

ძალიან ბევრი საწერი გვაქვს, ყველაფერი ოქმებად უნდა წარმოადგინო. სხვა ყველა აქტივობებიც ასე უნდა დავაოქმოთ. პანდემიის დროს კოლეგებს რომ ვეხმარებოდი და ტექნიკის არცოდნის გამო ორ-სამ მასწავლებელზე გადადიოდა მთელი პროცესის მართვა, ეს როგორ უნდა დავაოქმო? ან რატომ უნდა ვუმტკიცო ეს სამინისტროს, ისე არ უნდა მენდოს?

ძალიან ბევრი ბიუროკრატიაა და შესაძლებელია ამის გაფილტვრა. ცდილობენ, მოგვარგონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მაგრამ არასდროს არც ერთ მინისტრს უცდია შეექმნა ისეთი ფოკუსჯგუფი, ვინც მასწავლებელს მოუსმენს. ქართველ მასწავლებლებს ცოტა სხვანაირი ფსიქოლოგია აქვთ, ხშირად ეშინიათ ცვლილებების, სანამ ერთი არ გაბედავს, მეორე ვერ ბედავს, ზოგჯერ ბრმად მიდიან ხოლმე ამ ცვლილებებისკენ ისე, რომ საერთოდ არ იციან რა უნდა გააკეთონ.

მერე უცებ ქაოსში აღმოჩნდებიან, ცდილობენ გამოსავალი იპოვონ და ნახეთ, რა ხდება ამ გამოსავლის ძიებაში? კვლევები იყიდეს, ისე აიმაღლეს სტატუსები, ახლა პორტფოლიოებს ყიდულობენ, ისე იმაღლებენ სტატუსებს.

ანუ რეალურად, ჩვენი ფუნქცია რა არის, რომ მოსწავლე იყოს რაღაც მიზანზე გასული, ხომ? ამ დროს კი მოსწავლე გვეკარგება. ამ ციკლში მე ვწერო, ვწერო, ვწერო და მოსწავლე სად არის?

  • როდესაც ამაზე მიდის საუბარი მეორე მხარესთან, ისინი ამბობენ, რომ მასწავლებელი წერს იმას, რაც გააკეთა, ან უნდა გააკეთოს ბავშვისთვის გაკვეთილზე და რატომ იკარგება ამ პროცესში ბავშვი, თუ ეს ყველაფერი მიზანზე გაგიყვანთ?

კი გასაგებია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამარტივებულად. მაშინ არ უნდა ვიჯდე და ვწერდე ყველაფერს. მაშინ უნდა მომაწოდოს გამზადებული ოქმი, თუნდაც რაღაც შაბლონი, რომ თუ მე, ვთქვათ, ვითანამშრომლე კოლეგებთან, არ უნდა მიწევდეს ამ ყველაფერზე წერა. ან ასისტენტები უნდა გვყავდეს, ვინც ამ ქაღალდომანიას მოაგვარებენ და იმ ორ საათში, რაც მე რეფლექსიებში უნდა ვხარჯო, შემიძლია ამ დროს რესურსი გავაკეთო ბავშვისთვის. უფრო პროდუქტიულად გამოვიყენო ეს დრო.

გასაგებია, რომ შემაჯამებლის ანალიზები უნდა ვწეროთ, ამას არც არავინ აპროტესტებს, რადგან მე უნდა გავიგო ჩემი მოსწავლის შესაძლებლობები და გავითვალისწინო მომდევნო შემაჯამებელზე.

ცხადია, ჩვენ გვინდა განვითარება, მე დიდი სიამოვნებით გავივლიდი წელიწადში ერთხელ თუნდაც საჭირო ტრენინგს, სკოლამ რომ გამიშვას და დამიფინანსოს.

ახლა არც სკოლა გიფინანსებს ამას და არის ფასიანი ტრენინგები, რომლებსაც ზოგჯერ გამოუცდელი ტრენერები ატარებენ და შესაძლოა საერთოდ არასწორი გზით წაგიყვანოს.  „თიმსის“ ჯგუფში რომ ტრენინგი 10-15 ლარი ღირს და 500 მასწავლებელი ესწრება, იქ მე რა უნდა ვისწავლო, როგორ უნდა ავიმაღლო კომპეტენცია. კომპეტენციის ამაღლება მაშინ ხდება, თუ აქტიურად ხარ ტრენინგებზე ჩართული, არსებობს ინტერაქცია, სწავლა-სწავლების მეთოდით, რასაც მე მოსწავლეებს უნდა ვასწავლიდე, იმავეს უნდა მასწავლიდეს განათლების სამინისტრო ხომ? ეს რაღაცები ირღვევა.

ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ტრენერებმა აკეთონ ფული, მეტი არაფერი.

„მასწავლებლის სახლი“ იშვიათად ატარებს ტრენინგებს. ახლა დარეგისტრირებული ვარ 12-საათიან სავალდებულო ტრენინგზე, თებერვალში უნდა დაერეკათ, აპრილია და ჯერ კიდევ არავის დაურეკია. ზაფხულში, შვებულების პერიოდში დარეკავენ, როცა მე უფლება მაქვს, ჩემი 24- დღიანი შვებულება გამოვიყენო და ამ მხრივაც ძალიან ხშირად ირღვევა ჩვენი უფლება.

ძალიან ბევრი ონლაინტრენინგი გამივლია უცხოურ უნივერსიტეტებში და ამ ყველაფერზე ბევრ მასწავლებელს ხელი არ მიუწვდება. აბა, რისთვის არსებობს „მასწავლებლის სახლი“, კონსულტაციას თუ არ გაუწევს მასწავლებელს. როგორ განვითარდეს ისეთ სოფელში მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც ინტერნეტიც კი არ აქვს.

  • იგივე ქოუჩები და თუნდაც „მასწავლებლის სახლი“ ამბობს, რომ უამრავი რესურსია დამზადებული და განთავსებული მათ გვერდზე, რომლის გამოყენება შეგიძლიათ პროფესიული ზრდისთვის. რა არის რეალური აქედან, არ გაწვდიან თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მასალებს?

კი, არის ასეთებიც, მაგრამ ყველა საგანში არა. მე გამიმართლა, რადგან ინგლისურის მასწავლებელი ვარ და მარტივად ვეძებ, მაგრამ ასაკოვანმა პედაგოგმა, ვისაც, ვთქვათ, არ აქვს საკმარისი კომპიუტერული უნარები, როგორ გამოიყენოს ეს რესურსი, თუ ვიღაცამ სკოლაში არ აუხსნა და დაანახა გზა, როგორ უნდა ისწავლოს?

  • დირექციას არ შეუძლია ეს გააკეთოს? ხომ არსებობს კათედრები, წამყვან მასწავლებლებს არ აქვთ ვალდებულება, კოლეგებს დაეხმარონ?

კი, აზიარებენ ხოლმე რაღაცებს, რომ აქ შეგიძლიათ ეს გაიაროთ, მაგრამ აქ სხვა ფაქტორიც იჩენს თავს – მასწავლებლის მოტივაცია არის ძალიან დაბალი, რადგან ხელფასებია დაბალი.

თუ დიდი საათობრივი დატვირთვა გაქვს და ორ ადგილზე მუშაობ, შეიძლება მაშინ გამოგივიდეს ათას ლარზე მეტიც, მაგრამ საერთო ჯამში საშუალო ხელფასი ძალიან დაბალია. რატომ იმუშაონ იმაზე მეტი, როცა არავინ არ უფასებს რეალურად.

არანაირი წახალისება არ აქვთ მასწავლებლებს, არანაირი პრემია, ათასში ერთხელ, ესეც დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ოჯახებს ვეღარ უვლიან, რადგან თითქმის ყველა სკოლა ორცვლიანზე გადავიდა და ის მითი, რომ მასწავლებელი 2 საათზე სახლშია, აღარ არის.

სკოლების ნაკლებობაა ქვეყანაში, ერთ უბანში, სადაც 5-6 კორპუსი ემატება და ბავშვების რაოდენობა იზრდება, როგორ გინდა, რომ დაატიო კლასში ბავშვები.

ზოგიერთ მასწავლებელს ცხრის ნახევრიდან საღამოს ხუთამდე უწევს სკოლაში ყოფნა, ამ მასწავლებლებმა რა უნდა გააკეთონ სახლში როცა მივლენ? რა რესურსი უნდა შექმნან?

გაკვეთილების პერიოდში როცა შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სკოლაში არანაირი ხელშეწყობა, ყავის აპარატი მაინც რომ იდგეს ან ბუფეტი იყოს ნორმალური სკოლაში, არაფერი არ არის. პრობლემა ძალიან ბევრია.

სამინისტრომაც იცის, წესით, ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი, რატომ არიან ამ პოზიციაში. საერთოდ არ გამოდიან კონტაქტზე. მარტო დაპირებებია და რეალური შედეგი არ არის.

საპროტესტო მოძრაობა რომ წამოვიწყოთ, იმისთვისაც კი არ გვცალია ხოლმე.

ახლა ძალიან დიდი ტალღაა აგორებული, ბოლო 20 წელიწადში არ მახსენდება ასეთი გამოცოცხლება, 50-მა მასწავლებელმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა და ცდილობენ, ასე მიაწვდინონ ხმა სამინისტროს.

  • არასდროს გქონიათ შესაძლებლობა თუნდაც გეკითხათ სამინისტროსთვის, სად იყვნენ ამ შვიდი თვის განმავლობაში, რატომ ვერ მოხერხდა დროულად პორტფოლიოს დამტკიცება, რის გამოც ამხელა მღელვარებაა, რატომ ქმნიან მუდმივად ფორსმაჟორულ გარემოს მასწავლებლებისთვის – ეს დიალოგი არ არსებობს სკოლასა და სამინისტროს შორის?

არ ვიცი, ვინმე თუ გაბედავს სამინისტროს უთხრას, „სად იყავით აქამდე“. ერთადერთი, ონლაინჯგუფებია, სადაც აქტიურობენ ხოლმე მასწავლებლები და ეს ბოლო დღეები იმხელა პროტესტია აქ, რომ დღის განმავლობაში უკუკავშირს ვერ ავუდივარ.

სექტემბერში საინიციატივო ჯგუფი როცა შეხვდა „მასწავლებლის სახლს“ და მინისტრის მოადგილეს, მაშინვე თქვეს, რომ „ახლა დავდებთ დოკუმენტს“ და პერიოდულად ეხმიანებოდნენ მასწავლებლები. თუმცა სამინისტრო წელავდა პროცესს და ასე გავიდა შვიდი თვე.

ამიტომ აგორდა ეს საპროტესტო ტალღაც, რომ ცოტა დრო მისცეს პედაგოგებს პორტფოლიოს ასატვირთად. ესეც დისკრიმინაციაა, რადგან ჯერ სამი წელი ალოდინეს ეს მასწავლებლები სქემის ცვლილების გამო, შემდეგ უზარმაზარი ლიტერატურა დაუდეს გამოცდაზე პირველ ნაკადს და მეორე ჯერზე, ლიტერატურაც შეამცირეს და გამოცდის დროც გაზარდეს. ანუ ვინც პირველი გავიდა გამოცდაზე, ის არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს. ახლა უკვე ისეთი ტალღაა, ვფიქრობ, არ გაჩერდება.

  • მიიღეთ სათანადო უკუკავშირი სამინისტროსგან?

მე, პირადად, არ დავსწრებივარ ამ შეხვედრას, მაგრამ ვინც დაესწრო, ვერც მათ გაიგეს ვერაფერი. ინფორმაცია, რომ გადავადდება პორტფოლიოს ატვირთვა, არც ამაზე მოსულა და არც იმაზე, რომ პორტფოლიო გაუქმდება.

მინისტრი არც კი გვხვდება, რომ გვკითხოს, რატომ გინდათ პორტფოლიოს გაუქმება? ჩვენ გვაქვს არგუმენტები და ვეტყვით. მხოლოდ 4 კაცს კი არ უნდა შეხვდეს, ბევრი აზრი უნდა მოისმინოს. რაღაც გზა ხომ უნდა გამონახოს, რომ შეგვხვდეს, მაგრამ არ აკეთებს ამ ყველაფერს.

  • რაზეც ახლა საუბრობთ, ეს რა ტიპის პრობლემებს აჩვენებს სისტემაში?

ეს აჩვენებს, რომ კომუნიკაცია სამინისტროსა და მასწავლებლებს შორის არ არის. კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობაა, ამის გარდა სხვა პრობლემებიცაა, არ გვაქვს ნორმალური ჯანდაცვა მასწავლებლებს, არც ნორმალური პენსია. ჯილდოს სანაცვლოდ პენსიაში გასვლის პროგრამაც, ვფიქრობ, უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ის, ვინც დაიღალა და ამოწურა სკოლაში თავი, გავიდოდა სისტემიდან, მაგრამ ახლა ვერ მიდის, მშიერი რომ არ დარჩეს.

თუ პოლიციელი 20 წლის მერე გადის პენსიაზე, მასწავლებლებს ნაკლები შრომა აქვთ? ჩვენც გვაქვს საფრთხეები, ერთი პატარა გადაცდენა სკოლაში, სადამრიგებლო კლასში და შეიძლება პატიმრობაში აღმოჩნდე. დამრიგებელს შეიძლება 80 ლარი ჰქონდეს ხელფასი? ამაზეც გავაკეთეთ პეტიცია და ადგა პროფკავშირი და 125 ლარით მოითხოვა გაზრდა, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მხარეს იყოს, ყოველთვის მთავრობის პოლიტიკას ატარებს.

  • როგორ ისურვებდით პროფესიულ ზრდას ისე, რომ ნაკლები სტრესი იყოს და სწავლის ხარისხიც ამაღლდეს?

მასწავლებლები ვითხოვთ ნაკლებ ქაღალდომანიას, ნაკლებ ვალდებულებას, მეტ თავისუფლებას ბავშვთან მიმართებაში. შემოწმების სხვა მეთოდების დანერგვას და არა ისე, რომ ყველაფერი ფურცელზე ვწერო.

ცოცხალ გარემოში შეგვამოწმონ. ჰყავდეს სამინისტროს მეთოდისტები ან დამკვირვებლები და დაგვაკვირდნენ. სხვა ყველაფერი შეიძლება იყოს ყალბი.

  • საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ქართველ ბავშვებს უჭირთ კრიტიკული აზროვნება და წაკითხულის გააზრება. თუკი ამ პრობლემებს მოაგვარებს მასწავლებელი, იქნება საკმარისი კრიტერიუმი მისი საქმიანობის შესაფასებლად?

დღევანდელ რეალობაში ნაკლებად, რადგან მოსწავლე შესაძლოა სხვაგან ემზადებოდეს და სხვისი შრომის შედეგი აჩვენოს.

როცა კლასებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება 20-15 მოსწავლემდე, კლასები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, მასწავლებლებს ექნებათ სასწავლო რესურსები, 2-3 წელიწადშიც დაიდება შედეგი.

მასწავლებელსაც ნაკლები შრომა ექნება და  ხელფასიც უნდა გაიზარდოს პერიოდულად.

როცა მასწავლებელს შეეძლება არჩინოს ოჯახი ხელფასით, არც კერძო მოსწავლეებს აიყვანს და მთელ ენერგიას თავის საქმეს მოახმარს. ეს გვინდა, მეტი კი არაფერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: