მთავარი,სიახლეები

ცხრილი, ინგლისური, ბუფეტი – რა პრობლემებზე საუბრობს ბსუ-ს სტუდენტი

12.04.2023 • 2162
ცხრილი, ინგლისური, ბუფეტი – რა პრობლემებზე საუბრობს ბსუ-ს სტუდენტი

20 წლის გვანცა დიასამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მედიცინის სპეციალობას სწავლობს. ის მეორე კურსის სტუდენტია.

გვანცა გვიყვება, რა პრობლემებს ხედავს უნივერსიტეტში, რატომ გადაწყვიტა სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყება და რა შეიძლება იყოს სტუდენტების ნაკლები აქტიურობის მიზეზები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

  • გვანცა, ჩვეულებრივ, აბიტურიენტობიდან აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადამიანებს, როგორი იქნება მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში გარემო, სწავლების პროცესი. თქვენ შემთხვევაში თუ იყო ასე და რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?

დავიწყებ იმით, რომ ეს უნივერსიტეტი მე თვითონ შევარჩიე. ერთადერთი უნივერსიტეტი ბსუ მეწერა და მოვხვდი კიდეც.

პანდემია დაგვემთხვა. პირველი სემესტრი უნივერსიტეტს გარეთ გავატარეთ. სამწუხაროდ, კარგი შთაბეჭდილება ამ პროცესიდან არ დამრჩენია, რადგან ონლაინ ლექციები არაკომფორტული და ნაკლებად ინფორმაციული იყო.

რაც შეეხება მოლოდინებს, პირველ რიგში, არასდროს იყო ორგანიზებული ცხრილი, რაც, ალბათ, უნივერსიტეტს შეიძლება დავაბრალოთ ან თვითონ სტუდენტებს. ჩვენც საკმაოდ არეულები ვიყავით.

მეორე კურსზე მივხვდით, რომ პირველ სემესტრში მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები არ იყო ისე ცუდი, როგორც მიგვაჩნდა, რადგან კიდევ უფრო მეტად დავინახეთ არსებული პრობლემები.

მედიცინის ფაკულტეტზე ყველაზე რთული აღმოჩნდა უნივერსიტეტსა და საავადმყოფოს შორის ურთიერთობის დაბალანსება, ორგანიზებული ცხრილი, რომელიც მოგვცემდა დროის ისეთი გადანაწილების საშუალებას, რომ უფრო მშვიდად და ორგანიზებულად შეგვძლებოდა სწავლა.

თუმცა ჩვენი დეკანი ამჟამად არეგულირებს ამ სიტუაციას. ჩვენს პრეტენზიებს და სურვილებს ითვალისწინებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად კომფორტული ცხრილი და განრიგი შეადგინონ.

  •  რამდენად ხშირად ესწრებიან ლექცია-სემინარებს სტუდენტები? თუ აცდენენ, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

მეც მიწევს ლექციების გაცდენა და ყველაზე ხშირად ამის მიზეზი სამსახურია.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ხშირად მუშაობენ სამედიცინო სფეროში, ექთნის დამხმარეებად. მეორე კურსზე ამის საშუალება გვაქვს. 4 დღეში ერთხელ უნდა იმუშაო 24 საათი. ამ შემთხვევაში მოგიწევს რაღაც დროით უნივერსიტეტის გაცდენა. მაგრამ ბევრი სტუდენტი ვერ მუშაობს ექთნის დამხმარედ დაბალი ანაზღაურების გამო. მე და ჩემი თანაკურსელები სხვა პოზიციებზეც ვმუშაობთ.

მე ვმუშაობ მიმტანის პოზიციაზე და ამის გათვალისწინებით საკმაოდ რთული გრაფიკი მაქვს. ხშირად მიწევს ლექციების გაცდენა, რის ანაზღაურებასაც მაქსიმალურად ვცდილობ სემინარების ხარჯზე.

სტუდენტები, რომლებიც მაღალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ, მათ შორის მეც, ორიენტირებული ვართ, დავაგროვოთ თანხა საერთაშორისო გამოცდებისთვის. უცხო ენების გამოცდაზე მაქვს საუბარი, რადგან ჩვენს ფაკულტეტს არ აქვს ინგლისური ენის პროგრამა. ჩვენ არ გვასწავლიან ინგლისურ ენას.

მე, პირადად, ამის გამო დავიწყე მუშაობა, რომ ინგლისურის დონე სერტიფიკატით მქონდეს დადასტურებული. „ტოეფელის” და ტესტების გამოცდები საკმაოდ ძვირადღირებულია.

პირველივე კურსზე დაგვებადა კითხვა ინგლისური ენის კურსის არარსებობაზე. სამწუხაროდ, ჩვენი პროგრამა იმდენად რთული და ჩაშლილია, საათების რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ ფიზიკურად ვერ ხერხდება ინგლისური ენის საათების ჩასმა.

გვქონდა ამაზე საუბარი ადმინისტრაციასთან, უნივერსიტეტში. აგვიხსნეს, რომ ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ ხერხდება ინგლისური ენის ჩასმა პროგრამაში.

  • ზოგადად, რისი შეცვლა გსურთ უნივერსიტეტში და თუ არის რამე, რაც არ მოგწონთ? რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს მის გადასაჭრელად?

ალბათ უნივერსიტეტის სივრცე, რომელიც სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით ოდნავ მოძველებულად გვეჩვენება, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ახალი ავეჯის შემოტანა. ეს საკმარისი არ არის.

ბსუ-ში 8 000-მდე სტუდენტი სწავლობს. სივრცეები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ გართობა და ა.შ., საკმარისი არ არის. 

ასევე, ჩემი აზრით, პატარა ბუფეტი გვაქვს. ზედმეტად პატარა სივრცეა იმისთვის, რომ ყველა მოვთავსდეთ. მე, პირადად, ხშირად ვერ ვასწრებ ბუფეტში შესვლას ლექციებს შორის შუალედში, რადგან ფიზიკურად ადგილი არ არის.

  • რა შეგიძლიათ თქვათ ბსუ-ს თვითმმართველობაზე. არიან თუ არა ისინი დამოუკიდებლები და თუ აკეთებენ საქმეს, რისთვისაც არსებობს ეს ორგანო?

ის ფაქტი, რომ მე, როგორც რიგითი სტუდენტი, საერთოდ არ ვარ ინფორმირებული უნივერსიტეტის თვითმმართველობის საქმიანობაზე, უკვე ცხადყოფს, რომ მათი საქმიანობა არც ისე წარმატებულია.

თავად შეხება არასდროს მქონია თვითმმართველობასთან. ერთადერთი, თვითმმართველობის არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა და ისეთი კანდიდატურები იყო პირდაპირ შერჩეული, რომ არც თვალით გვინახავს და არც ყურით გვსმენია მათ შესახებ. არასდროს ყოფილა წინასაარჩევნო კამპანია, ახსნა-განმარტება. შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ მასშტაბური, ჩემამდეც რომ მოსულიყო ან ჩემი კურსელების ყურამდე, ასეთი არა.

მაშინ, როცა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს მასშტაბური აქციები, უცნაური იყო, რომ ამ აქციებს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი არ ესწრებოდა. ან ჩემს თვალთახედვას გამორჩა, ვერ გეტყვით. ან ისე აშკარად არ იღებდნენ მონაწილეობას, რომ დაგვენახა.

როგორც სტუდენტი, გეუბნებით, რომ მაკლია მათი აქტიურობა უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ანტიდასავლურ სხვა ნაბიჯებზეც [ასეთის შემთხვევაში] ექნებათ სტუდენტებს რეაგირება?

რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ სტუდენტები ყრუები არ არიან. უბრალოდ, მათთან უნდა მივიტანოთ ინფორმაცია უფრო ნათლად, გასაგებად და იმდენად ხმამაღლა, რომ იმ სტუდენტებმაც გაიგონ, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ მსგავს ამბებს.

ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. რაღაც რომ ხდება, ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე. ყველა იმდენად დაკავებულია სემინარებით და ლექციებით, რომ თუ ძალიან ხმაურიანი სიტუაცია არ შეიქმნა, ისე ჩვენი ყურადღების მიქცევა რთულია.

თუ ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, რომელსაც სტუდენტი უნდა გამოეხმაუროს, აუცილებლად მოჰყვება გამოხმაურება, თუ სწორად იქნება მოტანილი ეს ამბავი ჩვენამდე. ამიტომ, პრობლემას ვხედავ ინფორმაციის გავრცელების სისტემაში.

  • ზოგადად, რას ფიქრობთ, რატომ აქტიურობენ სტუდენტები ნაკლებად, მაშინაც კი, როცა შესაძლოა ჩვენი მომავალი წყდებოდეს?

ვერ გეტყვით ასე გადაჭრით, რატომ ვერ შეიძლება მოსულიყვნენ სტუდენტები. შესაძლებელია პრობლემა იყო სტუდენტის ოჯახში, პოლიტიკურ შეხედულებებში ან თუნდაც შიში, რომ თუ გავლენ მსგავს აქციებზე, პასუხს მოსთხოვენ მათ საჯარო სამსახურში მყოფ მშობლებს.

ამ შიშზე მეც გავიგე. განსაკუთრებით, როდესაც ტელევიზიებთან ურთიერთობაა საჭირო, სტუდენტები, რომელთა მშობლებიც საჯარო სამსახურებში არიან, ცოტა უფრთხიან ჩაწერას, რადგან ეს შემდეგ შესაძლოა მათი მშობლების სამსახურზე აისახოს.

  • თქვენი დაკვირვებით, ზოგადად, რისი ეშინიათ სტუდენტებს ყველაზე მეტად?

ყველაზე მნიშვნელოვანი შიში უნივერსიტეტიდან გარიცხვაა რაღაც „არასწორი ქმედებების“ გამო. ამიტომ ძალიან ბევრი სტუდენტი ალბათ არასდროს გააკეთებდა იმას, რაც სწორი ჰგონია სინამდვილეში.

ხშირად უფრთხიან ლექტორების წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს შეიძლება ცუდად აისახოს მათივე მოსწრებაზე. სტუდენტები ხშირად უფრთხიან სიტყვით გამოსვლას, თუ ეს სიტყვა ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში საერთო აღიარებულ აზრს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: