მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ხელფასი თვეში 147 ლარი – სანიტრები ლანჩხუთიდან კოლექტიურ დავას იწყებენ

13.04.2023 • 1009
ხელფასი თვეში 147 ლარი – სანიტრები ლანჩხუთიდან კოლექტიურ დავას იწყებენ

„სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის სანიტრები კოლექტიურ დავას იწყებენ. სანიტრებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკასთან მოლაპარაკებისთვის მედიატორის დანიშვნის მოთხოვნის განცხადებით 12 მარტს მიმართეს.

ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკის სანიტარი თვეში ერთ პოზიციაზე იღებს 147 ლარს. „140 და 150-ლარიანი ანაზღაურება, რომელიც ქვეყანაში საარსებო მინიმუმზე (256 ლარი) დაბალია, ვერ ჩაითვლება ხელფასად“ – ამბობს „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე.

რეფორმა, რომელიც წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ექთნებისა და პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიიღო და რომელიც მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას მოიცავდა, უმცროს და დამხმარე სამედიცინო პერსონალს არ შეხებია.

„13 სანიტარია ლანჩხუთის კლინიკა „მედალფაში“ და ყველა გაწევრიანდა ჩვენთან, ითხოვენ ხელფასების ზრდას, იმიტომ, რომ მათ ხელფასი თვეში აქვთ 147 ლარი, ერთ პოზიციაზე. მათ აქვთ 24-საათიანი ცვლა და კვირაში მუშაობენ დაახლოებით 48 საათს, თვეში 8 მორიგეობაა და ხელფასი ერთ პოზიციაზე გამოდის დაახლოებით 147 ლარი. პრობლემებია შვებულებით სარგებლობის კუთხითაც“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

რევაზ კარანაძე: „ფორმებსაც კი არ აწვდის “მედალფა” დასაქმებულებს და ეს მაშინ, როცა სანიტრებს თვეში 147 ლარს უხდის ხელფასს. ფაქტობრივად ხელფასის ნახევარი, 70 ლარი რომ ფორმა ღირს, მოდი და იცხოვრე ამ ხელფასზე ადამიანმა”. 

რეზო კარანაძე

პროფკავშირებში განმარტავენ, რომ სანიტრები სახელმწიფოსგან ითხოვენ მედიატორის დანიშვნას, რათა დაიწყოს მედიაცია/მოლაპარაკებები, რომელშიც ჩართული იქნებიან პროფკავშირები, როგორც დასაქმებულების წარმომადგენლები.

„თუ მედიაცია არ დამთავრდება წარმატებულად, იქნება გაფიცვა. სამმხრივი მოლაპარაკების ფორმატში, სამინისტრო ვალდებულია, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული დავის დროს, დანიშნოს მედიატორი, რის შემდეგაც იწყება 21-დღიანი ვადა მოლაპარაკებების, იმიტომ რომ 147-ლარიან ხელფასს ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ შევეგუოთ“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

თიკო ხვედელიძე ლანჩხუთის „მედალფაში“ 2013 წლიდან მუშაობს. იგი ამბობს, რომ სანიტრის ანაზღაურება ხელშეკრულებით აქამდე განისაზღვრებოდა საათში 60 თეთრით, ახლა ეს თანხა 1 ლარამდე გაიზარდა.

„ეს რომ გავაპროტესტეთ, ჩამოვიდა წარმომადგენელი [თბილისიდან], მოისმინა ჩვენი წუხილი და გვითხრა, რომ მოგიმატებთ ხელფასს იმის მიხედვით, რა საშუალებაც ექნება კლინიკასო. ბოლო თვეში 6 ოცდაოთხსაათიანი მორიგეობის ანაზღაურება დამერიცხა 107 ლარი, მომატებული თანხა ცალკე დაირიცხებაო და ველოდი რომ 100 ლარზე ნაკლები არ იქნებოდა, მაგრამ მეორე დღეს ჩამერიცხა ზუსტად 31 ლარი“ – ამბობს თიკო.

მისი განმარტებით, სანიტრის მოვალეობაში სივრცის დასუფთავების გარდა შედის პაციენტის შემოსვლის დროს ექთნისთვის დახმარებაც:

„მეორე სართულზე ლაბორატორიაში სინჯარით სისხლის თუ სხვა მასალის ატანა, თუ დასჭირდება პაციენტს, უნდა გავხადოთ ფეხზე, გამოვუცვალოთ პამპერსი, მიგვაქვს სარეცხი სამრეცხაოში, გაგვაქვს ნარჩენები… ბევრი საპასუხისმგებლო საქმეა და რეანიმაციაში, სტაციონარში განსაკუთრებით მძიმეა შრომა” – ამბობს ის.

სანიტარი ჰყვება, რომ დაბალი შემოსავლების გამო, მან ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში კონსულტანტობაც შეითავსა.

„ჩემი მეუღლე გამწვანებაში მუშაობს და 380 ლარი აქვს ხელფასი. დედამთილი პენსიონერია, მე ვმუშაობ „მედალფაში“ და დავიმატე 24-საათიანი ცვლა ერთ-ერთ მარკეტში. ხანდახან მიწევს გადაბმა ცვლების და რანაირად მივდივარ და მოვდივარ ერთიდან მეორე სამსახურში, არ ვიცი. ვფიქრობდი ერთმანეთს მიემატება-მეთქი, მაგრამ თავს ვიტყუებ, არაფერში არ ჩანს…

მორიგეობის დროს, დილიდან დილამდე, სულ მინიმუმამდე რომ დავიყვანო ჩემი მენიუ, 10 ლარი მაინც მეხარჯება კვებაში, პური გინდა, ყავა გინდა… ამას გარდა შვილები მყავს, საკვები, სწავლა…“ – გვიყვება თიკო.

„7 მორიგეობისას მერიცხებოდა 125 -130 ლარამდე, ნამატი დამოკიდებულია პაციენტების რაოდენობაზე. 8 მორიგეობა როცა მიწევს, ხელფასი 150-160 ლარს შორის მერყეობს“ – თიკო ხვედელიძე, „მედალფას“ სანიტარი. 

იგი ამბობს, რომ ეს ხელფასი ისეთ საბაზისო საჭიროებებსაც ვერ სწვდება, როგორიცაა კვება და ჯანდაცვის სერვისებია:

თიკო ხვედელიძე

„ჰაიმორიტი მაქვს, სამი დღე მტკიოდა თავი, რენტგენიც გადავიღე. მითხრეს, მარცხენა მხარეს საშინელი მდგომარეობა გაქვსო, მივედი ექიმთან და 116 ლარის წამალი გამომიწერა, ზუსტად იმდენი, ჩემი ხელფასი რომ იყო. ვისესხე და ვიყიდე, დღეს ვამთავრებ კურსს. მაგის გარდა, საკვები ყველამ იცის რა ფასებია, ხარჯი ძალიან დიდია, ნახევარზე მეტი ჩვენი ხელფასის მიდის სესხების დაფარვაში. ისე, სესხის გარეშე ვერაფერს ვაკეთებთ ოჯახში“ – ჰყვება თიკო ხვედელიძე.

„თვეში რამდენჯერმე ჩამოდის უფროსობა, ამოწმებენ, ყველაფერი გაპრიალებული უნდა იყოს, თავზე გვადგანან, მაგრამ ჩვენ არ გვითვალისწინებენ, გვეუბნებიან, რომ კლინიკა პატარაა, არ აქვს მეტი შემოსავალი და რომ იმ ხელფასზე ვიყოთ კმაყოფილი, რაც არის, თუ არადა, გვეუბნებიან, რომ ნუ მივალთ ამ ხელფასზე და სხვა მოვაო, ჯერ ვინ მივა ამ ხელფასზე, მერე რატომ გვეუბნებიან?! სხვა რატომ იმუშავებს, ჩვენ თუ არ ვიმუშავებთ ორ კაპიკზე?!“ 

„სოლიდარობის ქსელს“ ბოლო პერიოდში 119 ახალი წევრი შეემატა ქუთაისის ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან, “მათ შორის ყველა კადრია სანიტარი, ექიმი, ექთანი, ლაბორანტი, რეგისტრატურაც კი შემოგვიერთდა. კიდევ ძვრები წავიდა სამტრედიაში, იქ ექთნები არიან“ – გვითხრეს პროფკავშირში.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: სანიტრები ლანჩხუთიდან. ფოტო: “სოლიდარობის ქსელი”

ამავე თემაზე:

სანიტრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 150 ლარია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: