სიახლეები

ვის [არ]ესმის ხალხის ხმა – პეტიციები

12.04.2023 • 1154
ვის [არ]ესმის ხალხის ხმა – პეტიციები

ხალხს ჯერ გზა უნდა, შემდეგ – ხიდი, ავტობუსი, სასმელი წყალი, მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მდინარეზე გაუფილტრავად მიერთებული არ არის. ხალხს უნდა რეგულარულად მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დროული სამედიცინო სერვისი და ასე შემდეგ.

სწორედ იმავე მოტივით, რომ ხალხს ჯერ გამართული ინფრასტრუქტურა უნდა, 10-ზე მეტი წელია, რაც ეს ჩამონათვალი ყოველი ახალი წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებშია და არ იცვლება.

ამ მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მიღმა, რომელთა მოგვარებასაც „არასოდეს ეშველა“, ყოველთვის მეორეხარისხოვან საკითხებად რჩება ისეთი პრობლემები, როგორიც არის სოფელში ბიბლიოთეკის, კინოკლუბის, ხანდაზმულთა ცენტრების არარსებობა ან არსებულის ფუნქციონირება, ინტერნეტით უზრუნველყოფა, სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და ასე შემდეგ.

2 ათეული წლის განმავლობაში მთავრობის პრიორიტეტი ისევ გზა და წყალია. იმას კი, რაც პრიორიტეტებში ვერ მოხვდა, ხალხი პეტიციით ითხოვს.

პეტიცია ერთ-ერთი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, მიმართოს თავისივე არჩეულ საკრებულოს კონკრეტული მოთხოვნით. აჭარაში მოქალაქეებს პეტიციის წარდგენა უმაღლეს საბჭოშიც შეუძლიათ.  მუნიციპალიტეტში პეტიციაზე მხარდასაჭერად ხელმოწერის დაფიქსირება შეუძლიათ მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში კი, აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისთვის მისაღებ მოთხოვნას დაუჭიროს მხარი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის.

  • შეხვედრების ადგილი

შეხვედრების ადგილის აუცილებლობა, მისი არსებობის მნიშვნელობა მთავრობისთვის რომ ეჩვენებინათ, გასული წლის ნოემბერში მოქალაქეებმა ქობულეთიდან, აჭარის უმაღლეს საბჭოს პეტიციით მიმართეს და „არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრების ამოქმედება“ მოითხოვეს.

პეტიციის ავტორის, გვანცა ვარშანიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მოქმედი საჯარო ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად ვერ ფარავს მოთხოვნებს და არც ამის რესურსი აქვს.

„პრაქტიკულად არ გვაქვს სივრცეები, სადაც სხვადასხვა თაობის მოქალაქეები შეძლებენ შეხვედრას და საერთო აქტივობების ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს განსხვავებული ინტერესების შეჯერებას, საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საერთო ინიციატივების შემუშავებას, დისკუსიას, ახალი ცოდნის მიღებას და გაზიარებას“, – ნათქვამია პეტიციის განმარტებით ბარათში.

საზოგადოებრივი სივრცეების შექმნის აუცილებლობის დასასაბუთებლად პეტიციის ავტორი მიუთითებს ასევე ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ კვლევაზე, რომელიც ა(ა)იპ „ახალგაზრდულმა ჰორიზონტმა“ ქობულეთში 2020-2021 წელს ჩაატარა.

გვანცა ვარშანიძის ინფორმაციით, პეტიცია აჭარის უმაღლესმა საბჭომ განიხილა და მუნიციპალიტეტებში გადააგზავნა. გამონახეს თუ არა ადგილი თავისუფალი სივრცეების მოსაწყობად, ჯერ პეტიციის ავტორისთვის არ უცნობებიათ.

გვანცას აზრით, ცენტრისთვის შეიძლება გამოინახოს ფართობი მუნიციპალიტეტის ბალანზე არსებულ შენობაში, მისი მოვლისა და აღჭურვის თანხა კი სხვადასხვა, მათ შორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შეიძლება დაფინანსდეს.

პეტიციის მომზადებაში გვანცას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაეხმარა.

თავისუფალი სივრცეების მოწყობას შუახევის მუნიციპალიტეტში პეტიციით ითხოვდა მაგდა ქათამაძეც.

„გარდა ბათუმისა, არ არსებობს სივრცე, რომელშიც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გამართონ სხვადასხვა შეხვედრა, ჩაატარონ ტრენინგები, სემინარები, მოაწყონ კინოჩვენებები სხვადასხვა ასაკობრივი თუ მიზნობრივი ჯგუფებისთვის.

თითოეულ ცენტრს სასურველია გააჩნდეს დაახლოებით 50 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო სივრცე, ასევე მცირე ზომის, 10-15 ადამიანზე გათვლილი შეხვედრების ოთახი. ცენტრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინტერნეტით, საოფისე ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკით. გააჩნდეს ადმინისტრაციული ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს შეხვედრების ოთახების დაჯავშნას და სივრცის მოვლა/შენახვას“, – წერს პეტიციის ავტორი.

ამ პეტიციის პასუხად, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერიამ უმაღლეს საბჭოს აცნობა, რომ საკუთრებაში აქვთ ახალგაზრდული ცენტრის ოფისი, ასევე საჯარო ბიბლიოთეკის დამოუკიდებელი დარბაზი, სადაც შესაძლებელია მსგავსი შეხვედრების გამართვა. მიუთითებენ ასევე სასოფლო კლუბების გამოყენების შესაძლებლობაზე.

პეტიციის ავტორს ასევე აცნობეს, რომ 2023-2026 წლებში მუნიციპალიტეტები მეტი ხელმისაწვდომობის მიზნით ახალგაზრდული სივრცეების გაფართოებას გეგმავენ ბათუმში.

  • ინტერნეტი

აჭარის უმაღლეს საბჭოს პეტიციით მიმართა ასევე იზა ფუტკარაძემ. მან შუახევის სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მოითხოვა. ამ პეტიციის პასუხად მთავრობა აჭარის უმაღლეს საბჭოს წერს:

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ მიერ, ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაგეგმილია შუახევის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელში. პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალი მათ შორის მოიცავს სოფ. ინწკირვეთსაც. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ქსელის მშენებლობის ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია 2023 წლისთვის“.

  • პიროტექნიკის აკრძალვა

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პეტიციით პიროტექნიკის აკრძალვა მოითხოვეს. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ პეტიციასთან დაკავშირებით ერთადერთი დოკუმენტია ატვირთული, სადაც ვკითხულობთ, რომ პეტიციის ფორმა და შინაარსი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეესაბამება.

  • ჯანდაცვის სერვისები იალაღებზე

მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ ასევე ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას სამთო იალაღებზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რამდენიმე თვეს ატარებს.

„რელიეფური სირთულისა და გეოგრაფიული დაშორების გამო ათასობით მცხოვრები ხშირ შემთხვევაში მოკლებულია ჯეროვან სამედიცინო მომსახურებას. რესურსების სიმწირის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები რთულად აღწევენ სხვადასხვა დასახლებამდე, პრაქტიკულად უფუნქციოა ათწლეულების წინ გახსნილი რამდენიმე ამბულატორია, მედიკამენტების შესაძენად მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში უწევთ გადაადგილება“, – წერს პეტიციის ავტორი ნესტან ანანიძე.

ნესტანის თქმით, ეს მოთხოვნა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა.

  • ხის მეჩეთების გადარჩენა

„სოლიდარობის თემმა“ ხის მეჩეთებთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა პეტიცია. პეტიციის მოთხოვნაა, აღირიცხოს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ხის მეჩეთებს, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

პეტიციის ავტორი წერს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე აჭარაში არსებულ მუსლიმურ ნაგებობებს სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს, რაც მათ განადგურებას იწვევს, მაშინ, როცა ეს ნაგებობები „რეგიონის ისტორიული მეხსიერებისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“.

პეტიციის ავტორის, ნესტან ანანიძის ინფორმაციით, უმაღლესმა საბჭომ პეტიცია განიხილა და რეაგირებისთვის განათლების სამინისტროს გადაუგზავნა. ამ სამინისტროს ექვემდებარება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომლის მოვალეობაც ძეგლების მოვლა-პატრონობაა. პეტიციის ავტორმა მიიღო განათლების მინისტრის წერილი, სადაც ზოგადად იყო მიმოხილული, თუ რა მომსახურება შეისყიდა სააგენტომ მეჩეთების რეაბილიტაცია-რესტავრაციის ეტაპობრივად განსახორციელებლად.

  • ადაპტური ტექნოლოგიები

აჭარაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამის, ან ქვეპროგრამის დაფინანსებას მოქალაქეები ითხოვენ.

შესაბამისი შინაარსის პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში 2022 წლის 5 სექტემბერს მაია ქათამაძემ დაარეგისტრირა. ის წერს ასევე, რომ პროგრამით 55 პირი ისარგებლებს და პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტში 60 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვს.

ამ პეტიციასთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უმაღლეს საბჭოს წერს, რომ 2023 წლის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი ამ ეტაპზე განსაზღვრულია და არ ექვემდებარება ცვლილებებს. სამინისტრო მომავალში ამ მოთხოვნის გასათვალისწინებლად ტექნიკური პარამეტრებისა და ღირებულების დაზუსტებას ითხოვს.

  • საბავშვო ბაღის მშენებლობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მოსახლეობამ საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში 2022 წლის ივნისში  დაარეგისტრირა. ეს სოფლის მოსახლეობის უკვე მეორე მცდელობაა. იგივე შინაარსის პეტიციით 2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართეს, თუმცა – უშედეგოდ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, მარიკა გვიანიძის ინფორმაციით, ამ ბაღისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია: „გადაწყვეტილია, რომ ბაღი აშენდება.“

  • დაგვის კულტურის ცენტრის გადარჩენა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებმა დაგვის კულტურის ცენტრის გადასარჩენად პეტიცია 2021 წელს დაარეგისტრირეს და შენობის რესტავრაცია მოითხოვეს. შენობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული ბერძნული აკროპოლისის ელემენტებით.

შენობის გადარჩენას სოფლის მოსახლეობა ათზე მეტი წელია ითხოვს, მაგრამ მათი ხმა დღემდე არავის ესმის. 2021 წელს პეტიციას ხელს 701 მოქალაქე აწერდა. ორი წელი გავიდა, თუმცა შენობა იგივე მდგომარეობაშია.

  • ქობულეთის ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

2021 წელს მოქალაქეებმა პეტიციით მოითხოვეს ქობულეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და წიგნადი ფონდის განახლებაც. მოქალაქეები წერენ, რომ ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს და „ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.“

2 წელის გავიდა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მერია ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვას წელს გეგმავს.

  • ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა

2022 წლის მარტში აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის დაფინანსების მოთხოვნით პეტიცია შევიდა. პეტიციის ავტორმა, თამილა ფუტკარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალური ტრანსფერის გათვალისწინება მოითხოვა.

მოთხოვნის ტექსტში პეტიციის ავტორი წერს, რომ ქალთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში გამოწვევად რჩება, რასაც ის გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ მიზეზადაც ასახელებს. „გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგი კი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაა“, – წერს ავტორი.

ის პეტიციაში საუბრობს 2019 წელს ქალთა გაძლიერების მიზნით მიზერული ბიუჯეტის მქონე პროგრამის მნიშვნელობაზე, რომლითაც სამი იდეის დაფინანსება მოუხერხებიათ:

„საქართველოს მასშტაბით პირველად, 2019 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა განახორციელა 9000 ლარით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის იდეების დაფინანსება, ჯამში დაფინანსდა 3 იდეა. 2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე, პროგრამა არ განხორციელებულა. პროგრამის თანხა სოციალურ საკითხებს მოხმარდა.

2021 წელს კი ბიუჯეტი 10 500 ლარი იყო და 4 გამარჯვებული გამოვლინდა. პროგრამა დღესაც წარმატებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 15 000 ლარია. ასევე, 2022 წელს ქედის მუნიციპალიტეტმაც შეძლო 15 000 ლარის მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში ქალთა იდეების დაფინანსებისთვის.“

პეტიციის ავტორი ითხოვს მთავრობამ შეიმუშაოს მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სპეციალური ტრანსფერით დაფინანსდება. ამ პეტიციას 263 ხელმოწერა აქვს.

პეტიცია თავისი დასკვნებით უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას და მუნიციპალიტეტებს გადაუგზავნა. მთავრობის აპარატის უფროსმა, ჯაბა სურმანიძემ უმაღლეს საბჭოს ასევე წერილობით უპასუხა, რომ „აჭარის მთავრობა და შესაბამისი უწყებები მიესალმებიან სხვადასხვა სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას და ამ მიზნით მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების/პროგრამების ინიცირებას“.

ჯაბა სურმანიძე ასევე წერს: „ სასურველია პეტიციის განხილვაში ჩართული იქნეს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.“ ამ წერილს მთავრობის წევრებისა და მერების ოფიციალური გამოხმაურებებიც თან ერთვის.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე მთავრობას პასუხობს, რომ დაფინანსება მწირია და, შესაბამისად, საუკეთესო ბიზნესიდეები დაფინანსების გარეშე დარჩა.

მთავრობის წევრებიდან გამორჩეული იყო აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის პასუხი. მინისტრმა ჩამოწერა პროგრამები, რომლებშიც მეტი ქალი მონაწილეობს. იგი ასევე წერს, რომ მისი „სამინისტრო მიესალმება სხვა სფეროებში ინიცირებული, ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.“

  • უმაღლესი საბჭოს წევრის განმარტება

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, მარიკა გვიანიძის განმარტებით, რეგლამენტით გაწერილი პროცედურის შესაბამისად ბიურო წყვეტს, რომელ კომიტეტს დაეწეროს პეტიცია განსახილველად. განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ის შესაბამის უწყებას ეგზავნება რეაგირებისთვის.

„ჩემმა კომიტეტმა განიხილა სამი პეტიცია. ერთი იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, თავისუფალი სივრცეების მოწყობა ყველა მუნიციპალიტეტში, დაბა ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობა. ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ შესაბამისი პასუხი, რომელიც დაეგზავნა პეტიციის ავტორებს, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობები, რა თქმა უნდა, დროს საჭიროებს.

თარიღებს ვერ გეტყვით, გვქონდა საუბარი შესაბამის პირებთან და ეს საკითხი დგას დღის წესრიგში – გადაწყვეტილია, რომ ბაღი უნდა აშენდეს“.

უმაღლესი სბაჭოს წევრის ინფორმაციით, გაეროს ფონდის დახმარებით დადებითად გადაწყდა ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის საკითხიც: „გაეროს განვითარების პროგრამამ გააორმაგა თანხები. ეს თანხები გაიცემა კონკურსით.

რაც შეეხება თავისუფალი სივრცეების მოწყობას, ყველა მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ მათ ბაზაზე არის სივრცეები, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს შეუძლია შეიკრიბოს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: