„ყოვლად დაუშვებელია, უკრაინამ წარუმატებელი კონტრდარტყმა განახორციელოს. ჯობს არ გააკეთოს საერთოდ და მოემზადოს ზამთრის კამპანიისთვის, ვიდრე ახლა ეცადოს და არ გამოუვიდეს. თუ ეს კონტრდარტყმა ვერ განახორციელა, მაშინ მას უფრო მეტი დრო დასჭირდება შემდეგი მომზადებისთვის. შედეგის გარეშე კი, ომი შევა ჩიხში,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს.
გადამდგარი გენერლის აზრით, კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა არაფერზე არ აისახება, ვინაიდან ამ კონტრშეტევას დიდი ხანია ყველა ელოდება. „დარჩენილია ოპერატიული და ტაქტიკური მოულოდნელობის ვარიანტი. ოპერატიული მოულოდნელობა გამოიხატება ადგილისა და ძალების განსაზღვრით – მოულოდნელ ადგილას და მოულოდნელი დაჯგუფების დარტყმით, ხოლო ტაქტიკური გამოიხატება დროითა და იმ მეთოდით, რომელიც იქნება გამოყენებული,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
მისივე აზრით, ამ ეტაპზე მთავარია სამხედრო აღჭურვილობის უკრაინისთვის დროულად მიწოდება, რისთვისაც რამდენიმე ქვეყანაში აპირებენ შესაბამისი ქარხნების გახსნას, თუმცა „წარმოებას უნდა მოქოქვა, ამუშავება, უამრავი პირობაა გასათვალისწინებელი,“ – დასძენს გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- თქვენი აზრით, როგორ აისახება უკრაინელების კონტრშეტევაზე პენტაგონიდან უკრაინის ომზე დოკუმენტების გაჟონვა? პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით ამერიკული მედია წერს, რომ გაჟონილია დოკუმენტები, რომელიც აშშ-ისა და ნატოს გეგმებს ასახავდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღეჭურვათ უკრაინის არმია კონტრშეტევამდე.
ჩემი აზრით, ამ ინფორმაციის გაჟონვა არანაირად არ აისახება, ვინაიდან, ზოგადად, ამ კონტრშეტევას დიდი ხანია ყველა ელოდება. საკითხი დგას ასე, რომ ამ კონტრშეტევის სტრატეგიული მოულოდნელობის ეფექტი ფაქტობრივად დაკარგულია.
დარჩენილია ოპერატიული და ტაქტიკური მოულოდნელობის ვარიანტი. ოპერატიული მოულოდნელობა გამოიხატება ადგილისა და ძალების განსაზღვრით – მოულოდნელ ადგილას და მოულოდნელი დაჯგუფების დარტყმით, ხოლო ტაქტიკური გამოიხატება დროში და იმ მეთოდში, რომელიც იქნება გამოყენებული ბრძოლის ველზე.
ასე რომ, კონტრშეტევა უნდა იყოს და ყველა ელოდება ამ კონტრშეტევას, ეს არ არის ახალი.
ყველა პირობა მიუთითებს, რომ უკრაინას კონტრშეტევა უნდა გაეკეთებინა.
რამდენად მიიღეს მათ ამისთვის საკმარისი იარაღი და რამდენად შეძლებენ ამის განხორციელებას, ეს ცალკე თემაა.
- თუმცა, დოკუმენტებში შეიძლება ყოფილიყო სამხედრო საიდუმლოების შემცველი კონკრეტული მონაცემები. თუ ამას გამორიცხავთ?
არ მგონია ყოფილიყო ისეთი გადამწყვეტი რამ, რომ ამ ინფორმაციას გეგმა შეეცვალოს. უკრაინელებს კონტრდარტყმის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ შემუშავებული და არ მგონია, რომ ზუსტი მიმართულება, თარიღი ყოფილიყო ამ დოკუმენტებში ჩადებული. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა შეიარაღებით მომარაგება.
- „უკრაინის არმიის კონტრშეტევა, შესაძლოა დაიწყოს ამ ზაფხულს“ – ამბობს უკრაინის პრემიერ–მინისტრი, დენის შმიგალი. რა წინაპირობები გაჩნდა ამისთვის?
აბა, როდის უნდა დაიწყოს? მერე შემოდგომა იქნება და ისევ წვიმები, „რასპუტიცა“ და თოვლი.
გაზაფხული მთავრდება და თუ აპირებენ დაწყებას – უნდა დაიწყონ.
სამწუხაროდ, მე ცოტა უკვე პესიმიზმით ვუყურებ უკრაინელების მხრიდან გარდამტეხი კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობას. იმდენი ძალა და რესურსი დახარჯეს ბახმუტთან და მომარაგებაც, რომ ვერ გეტყვით…
შეიძლება, უკრაინელებმა ფარულად მოახერხეს დაჯგუფებების ჩამოყალიბება, აღჭურვა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში შეიძლება ეს განხორციელდეს. მაგრამ მთავარია ერთი რამ – უკრაინა ამ წელში შეძლებს მხოლოდ ერთი კონტრდარტყმის განხორციელებას. მეტს ვერა – ეს გამორიცხულია.
ასე რომ, თუ გააკეთებს, უნდა გააკეთოს ეს კონტრდარტყმა ძალიან ეფექტიანად და წარმატებულად.
- ანუ უშვებთ, რომ შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რაც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს?
ვუშვებ, რომ საერთოდ ვერ ჩაატარონ, თორემ, რომ უნდა ჩაატარონ მნიშვნელოვანი, გარდამტეხი კონტრშეტევა, ორი აზრი არ არსებობს.
საუბარია ისეთი დაჯგუფების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მნიშვნელოვან გარღვევას გააკეთებს ამ დაპირისპირებაში. თორემ ლოკალურ მიმართულებაზე ახლაც მიდის კონტრშეტევები ბახმუტთან და ავდეევკასთან ამისთვის ოპერატიულიდაჯგუფების შექმნა საჭირო არ არის.
- რამდენად გაძლიერდა ამ ეტაპზე უკრაინა მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობით და რამდენად შეიცვალა რუსეთის სამხედრო რესურსი? თქვენი ამბობთ, რომ მაინც და მაინც ოპტიმისტური მოლოდინი არ გაქვთ, მაგრამ რაც ხელთ აქვთ ახლა უკრაინელებს და რაც არის დაანონსებული, რომ უნდა მოაწოდონ, რამდენად გაზრდის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობას?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არასაკმარისია გარდამტეხი კონტრშეტევისთვის.
დღე-ღამეში რუსები ხარჯავენ 20 ათას ჭურვს, უკრაინელები პასუხობენ 5 ათასი ჭურვით. არის ეს საკმარისი? მგონი, არ არის საკმარისი. ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
ახლა აპირებენ უკრაინისთვის ჭურვების წარმოების ქარხნის გახსნას. პოლონეთმა და სლოვაკეთმა გამოთქვეს სურვილი. გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც შეიძლება დაიწყოს, მაგრამ ამას ხომ უნდა დაწყება. სურვილი გამოითქვა, მაგრამ ამას ხომ უნდა აშენება? – წარმოებას უნდა მოქოქვა, ამუშავება. უამრავი პირობაა ასევე გასათვალისწინებელი.
ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და ხვალვე ამუშავდეს ეს ქარხნები, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინას აღჭურვილობა სჭირდება, საჰაერო ძალები სჭირდება. ამის გარეშე როგორ წარმოუდგენიათ კონტრდარტყმა არ ვიცი – თანაც, ფართო მასშტაბს.
- რა ხდება ამ ეტაპზე ბახმუტში, სადაც უკვე 8 თვეა გრძელდება ბრძოლა? ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ საკმაოდ ორგანიზებულად უტევენ რუსები უკრაინის დამცველებს ამ ქალაქში.
ფლანგები დაუთმო „ვაგნერმა“ საჰაერო-სადესანტო ძალებს, თვითონ მოქმედებს ცენტრში. წარმატებები გააჩნიათ გარკვეული, განსაკუთრებით ჩრდილოეთით და ბახმუტის ცენტრში. აიღეს სტადიონი „ავანგარდი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია, აიღეს რამდენიმე სამრეწველო კომბინატი და ნელ-ნელა მიიწევენ წინ. ახლა უშუალოდ რკინიგზის სადგურთან არიან მისულები.
შეიძლება ითქვას, რომ ბახმუტის 80%-ი რუსების კონტროლქვეშაა. მიდის ბრძოლა რკინიგზის სადგურის მიმდებარედ. დიდი სისხლის ფასად, მაგრამ რუსები ნელ-ნელა აღწევენ წარმატებას.
- ამ შემთხვევაში რაზე შეიძლება ჰქონდეთ უკრაინელებს გათვლა – რესურსს ახარჯვინებს რუსეთს?
უკრაინას ყველაფერზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა, შეიძლება ეს იყოს გათვლა თავისი მიწის თითოეული გოჯისთვის ბრძოლაზე. ის, რომ იმას დაახარჯვინებს და თვითონ არ დახარჯავს, ასე არ გამოდის. თვითონაც ბევრ და მნიშვნელოვან მსხვერპლს იღებს. რუსი შეავსებს თავის დანაკარგს „საზარბაზნე ხორცით“, ხოლო უკრაინელებს მომზადებული, კვალიფიციური რესურსი აკლდებათ.
- რუსეთის არმიის მხარდამჭერმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ვიდეო, თუ როგორ მოკვეთეს დანით თავი უკრაინელ სამხედრო ტყვეს რუსებმა. ამ ვიდეოზე ასახულმა სისასტიკემ შეძრა ადამიანები. ჰააგის ტრიბუნალის გარდა, რას ნიშნავს ეს სამხედრო ენაზე?
წესით, ის ჰააგის ტრიბუნალამდე თვითონ რუსებმა უნდა დასაჯონ, რადგან ეს არის ჟენევის კონვენციის, სამხედრო კანონის, ელემენტარული სამხედრო დისციპლინის დარღვევა და უშუალოდ რუსული სამხედრო კოდექსის დარღვევა.
ეს შემაძრწუნებელია, მაგრამ ახალი არ არის, განსაკუთრებით რუსებისგან არ გამკვირვებია. თუმცა, ადრე ამაში რუსები არ იყვნენ შემჩნეულები, ადრე უფრო ჩეჩნები ჭრიდნენ რუსებს თავებს ჩეჩნეთის ომის დროს. არ ვიცი ეს რუსი სამხედრო ვინ იყო ეროვნებით, იძახიან, რომ ვაგნერის დანაყოფიდან იყო. ვერ გეტყვით, საშინელებაა.
ეს კადრები ალბათ გაუშვეს იმისთვის, რომ რუსები ტყვედ აღარ ჩაბარდნენ. ახლა უკრაინელები არანაკლები სასტიკები იქნებიან – თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. ომი არ არის „კეთილშობილ ქალიშვილთა გიმნაზიის“ შეჯიბრი – ამას რომ ანახებ უკრაინელ მებრძოლს, ის მერე როგორ მოიქცევა?
- რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელმა 9 მაისის აღლუმის ჩატარებაზე უარი თქვა. საუბარია რეგიონებზე, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, ასევე ოკუპირებულ ყირიმზე. მათ თქვეს, რომ ამას უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკეთებენ. უკრაინის თავდასხმის შიშით 9 მაისის აღნიშვნაზე უარი რას ნიშნავს რუსეთისთვის?
ფრთხილობენ, რადგან 9 მაისის პერიოდში შეიძლება უკრაინამ დაარტყას. რუსების გარკვეულ ტერიტორიებს ბელგოროდიდან დაწყებული, ყირიმით დამთავრებული, წვდება უკრაინა. თავი დაიზღვიეს. ამის გარდა, ფულიც უჭირთ, თუნდაც ამ რეგიონებს. რუსების აღლუმები რომ გავიხსენოთ, საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიებებია.
- უკრაინის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 180 ათასზე მეტი რუსი სამხედრო გაანადგურეს. ეს ციფრები შეიძლება საკამათოა, მაგრამ რუსეთის დიდ ადამიანურ დანაკარგებზე სხვა წყაროებიც საუბრობენ. რუსეთში ოდნავ მაინც არ აწუხებთ ეს ადამიანური მსხვერპლი?
წუხდებიან, მაგრამ ავსებენ დანაკარგებს. ალბათ მალე ახალი მობილიზაცია დაიწყება. კანონი გამოვიდა – ვისაც მიუვა შეტყობინება გაწვევის შესახებ, თუნდაც ინტერნეტით, ვერ დატოვებს ტერიტორიას. ძალიან გაამკაცრეს კანონები დეზერტირებთან დაკავშირებით.
რუსეთი ხალხს მოაგროვებს და ამაშია საქმე, რომ უკრაინა ხარჯავს ხალხს. რუსეთს აქვს ჯერ ეს რესურსი. 2014 წლიდან უკრაინის უმცროს მეთაურთა მომზადებული შემადგენლობიდან რამდენი შეიძლება იყოს დარჩენილი. ისინი ან დაწინაურდნენ ან დაიხოცნენ. ბრძოლის ველზე გადამწყვეტი მეთაური ვინც არისდა რითაც უდიდესი უპიატესობა ჰქონდათ უკრაინელებს, ეს ქვედა რგოლი,
ახალგაზრდა მეთაურებია. თანდათან აკლდება უკრაინას ეს რესურსი, ახალს კი – გაზრდა სჭირდება.
- „შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს, ისე, როგორც ნატოსი გახდა ბალტიის ზღვა“, – აცხადებს დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამას პესკოვი პასუხობს, რომ ეს არასოდეს მოხდება. რა პერსპექტივა ჩნდება ამ გადასახედიდან, მათ შორის საქართველოსთვის?
საქართველოს აქვს ეს პერსპექტივა და ჰქონდა ყოველთვის, რაც არ უნდა იძახოს პესკოვმა.
როდესაც რუსეთი მარტო დარჩება არანატოს წევრი ქვეყანა შავ ზღვაზე, მაშინ რას იტყვიან, როგორ არ გადაიქცევა ნატოს ზღვად? რუსეთის გარდა უკრაინაა, რუმინეთი, საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი ხომ? ყველა არის ნატოს წევრი ქვეყანა საქართველოს და უკრაინის გარდა.
რა შეუშლის ხელს, რომ გადაიქცეს შავი ზღვა ნატოს ზღვად. მე ვერ ვხედავ ამაზე რუსეთმა რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს. ბალტიის ზღვაში რამე ქმედითი მოიმოქმედა, როცა ცხვირწინ ორი მძლავრი ქვეყანა შეუერთდება ნატოს? გადაიქცევა კიდეც, გარანტირებულად გეუბნებით. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ, რა ფასად დასრულდება ეს დაპირისპირება უკრაინაში. საუბარია ეგრეთ წოდებული შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოებაზე და, ზოგადად, მთელი კავკასიაც მოიაზრება.
საქართველო დიდი ხანია მონაწილეობს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ასეთ კარგ პირობებში საზღვაო ძალები არ გვყავს.
- ამ ეტაპზე რას აჩვენებს თქვენთვის ბრძოლა ბახმუტისთვის, საითკენ მიდის პროცესი?
იმედი მაქვს, უკრაინას რაღაც აქვს მომზადებული და გადანახული. იმედია, აპრილის შუა რიცხვებიდან, როცა გაშრება მიწა, რაღაცას გააკეთებს უკრაინა. თორემ მერე, შემოდგომაზე იგივე ვითარება იქნება. ამ პერიოდში უნდა მოასწროს ფართომასშტაბიანი, ოპერატიულ კონტრდარტყმა და ამას უნდა ჰქონდეს ფასი, შედეგი.
ყოვლად დაუშვებელია, უკრაინამ წარუმატებელი კონტრდარტყმა განახორციელოს. ჯობია არ გააკეთოს საერთოდ და მოემზადოს ზამთრის კამპანიისთვის, ვიდრე ახლა ეცადოს და არ გამოუვიდეს. თუ ეს ვერ განახორციელა, მაშინ უფრო მეტი დრო დასჭირდება შემდეგ მომზადებისთვის. შედეგის გარეშე კი, ომი შევა ჩიხში.