განათლება,მთავარი,სიახლეები

გადავიწვებით, კლასის დამრიგებელს აუცილებელია ჰყავდეს დამხმარე – მასწავლებელი

26.03.2023 • 12540
გადავიწვებით, კლასის დამრიგებელს აუცილებელია ჰყავდეს დამხმარე – მასწავლებელი

„არა მარტო ხელფასი უნდა გაიზარდოს, არამედ აუცილებელია, დამრიგებლის მხარდამჭერი მექანიზმი შეიქმნას სკოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავიწვებით“, – ამბობს ნინა ინაიშვილი, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი და დამრიგებელი. ის „ბათუმელებთან“ იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს სისტემა კლასის დამრიგებლებს აყენებს.

  • ქალბატონო ნინა, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რის წინაშეც დგანან კლასის დამრიგებლები და რა იწვევს ამ პრობლემას?

რვა წელია, რაც სკოლაში ვარ. კერძო სკოლაში მუშაობის დროს, ყოველთვის ვცდილობდი თავი ამერიდებინა დამრიგებლობისთვის, მაგრამ საჯარო სკოლაში, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი და კლასია, საჭირო გახდა ჩემი დამრიგებლობა და ბოლო სამი წელია ვარ დამრიგებელი. ახლა მყავს მეშვიდე კლასი.

შეიძლება ვთქვა, რომ თუ რაიმე მფიტავს და განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე მაყენებს, ეს არის სწორედ დამრიგებლობა.

ზოგჯერ მგონია, უნდა გამომეცადა ალბათ ეს პოზიცია, რომ ბოლომდე გამეაზრებინა, როგორ წირავს სისტემა პროფესიული და პიროვნული გადაწვისთვის თავის მასწავლებელს. აკისრებს მას უდიდეს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ არანაირ დამხმარე მექანიზმს არ სთავაზობს.

  • რა იწვევს ამ გადაწვას?

ჩემი აზრით, დამრიგებლის ადამიანური რესურსის და იმ ვალდებულებების შეუსაბამობა, რაც აქვს.

კლასებში მოსწავლეების რაოდენობა, წესით, არ უნდა აღემატებოდეს 25 მოსწავლეს, მაგრამ გამონაკლისის წესის შემოღების შემდეგ, დაუშვეს 29 მოსწავლე. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, მაგალითად, ბათუმში, ამ გამონაკლისის გამო ყველა კლასში 29 მოსწავლე დაუშვეს. რამდენიმე კლასს ვასწავლი და ყველგან 29 მოსწავლეა.

კლასის დამრიგებლები ვართ საგნის მასწავლებლებიც და დღის განმავლობაში სადღაც 3-5 გაკვეთილს ვატარებთ. მარტივი მისახვედრია, როგორ შინაგან ენერგიას, ემოციებს, გონებრივ თუ ფიზიკურ რესურს ითხოვს დღეში 90-150 მოსწავლესთან მუშაობა და ამ დატვირთვის პარალელურად, დამრიგებლობა არის ურთულესი პასუხისმგებლობა.

სკოლის სახელმძღვანელო დოკუმენტი ეროვნული სასწავლო გეგმაა, სადაც წერია, რომ დამრიგებლის ფუნქცია, სხვა უამრავ ვალდებულებასთან ერთად, არის მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა და ამ შესაძლებლობების განხორციელებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ ლაშქრობებში, ექსკურსიებში, სხვადასხვა აქტივობაში, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მშობელს რეგულარულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ასევე, შუამავლები ვართ მასწავლებლებსა და მშობლებს შორის.

როგორ უნდა ამყოფინოს მასწავლებელმა ამდენ პასუხისმგებლობას თავისი ადამიანური რესურსი? ეს ხომ უტოპიაა, არა?

ვიღაც სკეპტიკოსი მოგვისმენს და იტყვის, აი, უქმე დღეები გამოიყენეთ ან სკოლის დასრულების შემდეგი დრო გამოიყენეთ თავისუფალი აქტივობებისთვის, მაგრამ აქაც სხვა სოციალური მწვავე პრობლემა იჩენს თავს, რადგან მასწავლებელთა უმეტესობა, ისევე როგორც მე, რეპეტიტორობით ვართ დაკავებული, რადგან მასწავლებლის ანაზღაურება არ არის საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის.

მაშინ, როცა კლასის ხელმძღვანელის დანამატი არის 80 ლარი. ფაქტობრივად, მასწავლებლებს, ვინც კლასის დამრიგებლად ვმუშაობთ, იდეალიზმი და ბავშვის სიყვარული გვასაზრდოებს.

დამრიგებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს სასკოლო გარემოში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში და ყველამ, ვის შვილსაც გაუვლია გარდამავალი ასაკი, კარგად იცის, როგორ იცვლება მოზარდის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სქესობრივი მომწიფების დროს.

ამ ასაკში მოზარდებს ძალიან უჭირთ ემოციების მართვა და ხშირად არის კონფლიქტი. აი ამ დროს, რა გააკეთოს ერთმა დამრიგებელმა? როგორ უნდა შეძლოს ამ ხანძრის ჩაქრობა, ამ ვნებათაღელვის მართვა, როცა ის არც ფსიქოლოგია, არც ქცევის თერაპევტი და როგორც უკვე აღვნიშნე, დღეში 150-მდე მოსწავლისთვის უწევს გაკვეთილის ახსნა, მათი შეფასება, მოტივაციისა და ინტერესების შენარჩუნებაზე ზრუნვა და ამ პროცესში არის თითქმის მარტო.

  • თქვენი აზრით, ხელფასის გაზრდა გადაჭრის პრობლემას?

არა მხოლოდ ხელფასის გაზრდა, არამედ დამრიგებლის საქმიანობისთვის გამაძლიერებელი მხარდამჭერი მექანიზმის შექმნაა საჭირო სკოლის ბაზაზე.

ყოველ ჯერზე, როცა მოსწავლეთა პრობლემური ქცევის საჭიროების წინაშე ვდგები, ვხვდები, რომ მჭირდება დამხმარე ადამიანური რესურსი, პროფესიონალი ფსიქოლოგის ჩართულობა. მართალია, სკოლის დირექცია მონიტორინგს ახორციელებს, რთულ შემთხვევებში მანდატურებიც ერთვებიან და უკიდურეს შემთხვევაში ფსიქო-სოციალური სამსახურიც, მაგრამ მაღალკონტინგენტიან სკოლაში ეს არ არის საკმარისი.

ჩემთან, მესამე საჯაროში, 2000-მდე ბავშვი სწავლობს. გვყვავს ერთი დირექტორი, ორი მოადგილე, 3 მანდატური და 2 ფსიქოლოგი, რომლებიც ძირითადად სსმ მოსწავლეებთან მუშაობენ, არ არის საკმარისი ამხელა კონტინგენტიან სკოლაში.

თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს სკოლაში გაჯეტებთან გაზრდილი და ხშირ შემთხვევაში, სიდუხჭირეში გაზრდილი ბავშვები სწავლობენ, რომელთაც უამრავი ტრავმა და სულიერი ჯანყი აქვთ, კიდევ უფრო ცხადი გახდება ჩემი მსჯელობა.

მგონი ანალიტიკური აზროვნება არ არის აუცილებელი გავიაზროთ, რომ სკოლაში სულ ცოტა ათი ფსიქოლოგი მაინც უნდა მუშაობდეს, რომ დამრიგებლებთან ერთად იმუშაონ როგორც კლასის, ასევე კონკრეტული ბავშვის საჭიროებაზე.

ასევე აუცილებელია არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერება, რადგან როცა მოსწავლე წრეებში, კლუბებში, რაღაც აქტივობებში ჩაერთვება, პუბერტაციის პერიოდში დაგროვილ ემოციას ჯანსაღი მიმართულებით დახარჯავს.

იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნება დამრიგებლები თუ საერთოდ არ იქნებიან საგნის მასწავლებლები და ფსიქოლოგები იმუშავებენ დამრიგებლებად, რომელთა მოვალეობა იქნება სადამრიგებლო კლასების კრიზისების მართვა. ან მასწავლებელს მაინც უნდა ჰყავდეს დამხმარე ასისტენტი ამ მიმართულებით.

  • ეს დაკავშირებულია ახალი კადრების აყვანასთან – აქვთ დღეს სკოლებს ამის რესურსი?

მგონია, რომ პრობლემის სათავე არის ზოგადი განათლების მართვის ცენტრალიზებული მიდგომა.

საქართველოში 2 080 სკოლა ერთნაირი მიდგომებით არ უნდა იმართებოდეს.

  • როცა ახალი სკოლის მოდელი  დანერგეს, ხომ ითქვა, რომ მიზანი იყო სკოლების ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა, არ გეხმარებათ ეს მოდელი?

ახალი სკოლის მოდელი გულისხმობს საგაკვეთილო პროცესების ცვლილებას და არა იმდენად სკოლის მენეჯმენტს.

სამწუხაროდ, მიდგომა ცალკეული საკითხების გადაჭრისას, მაინც ცენტრალიზებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ, მასწავლებლები, უნდა გამოვიდეთ კონფორმისტული მდგომარეობიდან და ხმამაღლა უნდა დავიწყოთ იმ სულიერ ტანჯვებზე საუბარი, რაც გვადგება იმის გამო, რომ სისტემას საერთოდ არ ეცოდება დასაქმებული მასწავლებელი.

მარტო ხელფასს ვერ ექნება მნიშვნელობა, რადგან მაინც შეუსაბამობაა, ერთი მასწავლებელი ვერ გაუმკლავდება ამდენ ვალდებულებას.

სისტემა ხომ ამბობს, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომას ვიყენებთ? სინამდვილეში, მაინც განუხორციელებელი დარჩება ეს. ამიტომ, დამრიგებლის დამხმარე რესურსის გამოყოფა იქნება პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება. როცა ვლაპარაკობთ დამრიგებლობაზე, ხელფასის ზრდასთან ერთად უნდა მოვითხოვოთ დამხმარე მექანიზმი – ძალიან ცოდოა მარტოდ დარჩენილი მასწავლებელი.

  • დამრიგებელს რომ ჰყავდეს ფსიქოლოგი ასისტენტად, ეს რამდენად რეალური იქნება?

ეს უფრო რეალურია, რომ რამდენიმე დამრიგებელს ერთი ასისტენტი ჰყავდეს. მანდატურების დეფიციტია სისტემაში, არათუ ფსიქოლოგის და ეს იდეალურ შემთხვევაში იქნება.

  • პედაგოგები ალბათ მსჯელობით ამ ყველაფერზე – რომელი მოდელისკენ იხრებით: ფიქრობთ, რომ ფსიქოლოგებმა უნდა ითავონ დამრიგებლის ფუნქცი,ა თუ მასწავლებლების ასისტენტები გახდნენ?

ალბათ უფრო რეალურია, თუ ასისტენტები იქნებიან, რადგან არ ვიცი, ამდენი კვალიფიციური ფსიქოლოგის აყვანა თუ იქნება შესაძლებელი. ამიტომ ერთი ფსიქოლოგი რამდენიმე დამრიგებელს თუ დაეხმარება, ეს იქნებოდა გამოსავალი.

ყველა ხვდება დღეს არსებულ ფორმატში მუშაობის გაგრძელება არის სულიერი გადაქანცვის, გამოფიტვის წინაპირობა.

ამ პროცესში საკმაოდ რთული თემაა მშობლებთან სწორი კომუნიკაციის საკითხი და რატომ? ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში გვიწერია, რომ სკოლის მიზანია ლიბერალურ-დემოკრატიული ცნობიერების მქონე მოზარდის აღზრდა. სამწუხაროდ, მშობლების გარკვეული ნაწილი მაინც ანგარიშსწორების მომხრეა და შვილს ეუბნება, რომ „თავი არავის დაუხარო“, „თუ დაგარტყეს, დაარტყი“, „ქალივით არ ატირდე“ და ასე შემდეგ. მსგავსი არაჰუმანური მიდგომები მირთულებს საქმეს და მიზნის მიღწევას.

„კაცია და მოხვდება“ – ასე რომ მსჯელობს მშობელი, ძალიან რთულია მასთან მუშაობა.

შარშან ჩემს კლასში ორმა მოსწავლემ იჩხუბა, სცემეს ერთმანეთს და ერთი ისე დაზიანდა, რომ საავადმყოფოში გადავამისამართეთ.

ამის შემდეგ საკმაოდ შრომატევადი იყო ამ ბიჭების მშობლებთან ურთიერთობა, რამდენიმე დღე დავხარჯეთ, რომ ბავშვებს საერთო ენა გამოენახათ, დავნიშნეთ კრება, რომ მაგალითი ყოფილიყო სხვა ბავშვებისა და მშობლებისთვის. კონფლიქტების მართვა ითხოვს უდიდეს შინაგან რესურსს და ფსიქოლოგიურ კომპეტენციასაც.

ხშირად ჩვენი კონფლიქტების მართვაც კი გვიჭირს ადამიანებს, წარმოიდგინეთ, როგორი რთულია არასრულწლოვნებს შორის საერთო ენის გამონახვა. ერთი, რომ მათში უნდა ჩააქრო ხანძარი და შემდეგ ისე დაგეგმო სასწავლო პროცესი, რომ მათ შეძლონ მეგობრობა და უსაფრთხოების საკითხიც დგება ხომ? ვაი თუ რაიმე დაუზიანდეს ბავშვს, ამ დროს ყოველთვის დაძაბული ხარ დამრიგებელი.

  • ტრენინგები ხომ გიტარდებათ მასწავლებლებს. როგორც ვიცი, კონფლიქტების მართვასაც გასწავლიან, არ არის ეს საკმარისი?

ცხადია, მასწავლებელი უნდა იცნობდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს, მაგრამ თუნდაც ამ კომპეტენციას ფლობდე, მხოლოდ შენი რესურსი არ ჰყოფნის კლასის პრობლემების მოგვარებას: ჩართული ხარ სხვადასხვა საქმეში, დარბიხარ კლასიდან კლასში, ხსნი გაკვეთილს, ასწორებ შემაჯამებელს, აფასებ მოსწავლეს, როგორ მოახერხებ, რომ სრულყოფილად შეძლო შენი კომპეტენციების გამოვლენა?

გახსოვთ ალბათ, ვაკის პარკში მოზარდი რომ დაიღუპა, წარმოიდგინეთ, დამრიგებელს სმს-ი რომ არ ჰქონოდა მშობელთან გაგზავნილი და არ მიეწერა, რომ შენი შვილი სკოლაში არ მოსულაო, ციხეში აღმოჩნდებოდა. ეს ღირს 80 ლარად? – ვინმეს რაიმე რომ შეემთხვეს, ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება აუცილებლად.

გარდა ამისა, დღეს სტრესულ გარემოში უწევთ ბავშვებს ცხოვრება, სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიებიდან ისმის სიძულვილის ენა, „ტიკტოკის“ კონტენტი არის უხამსი, ბავშვები მართლა აფორიაქებულნი არიან ამ ყველაფრით და მათ მართლა სჭირდებათ დახმარება.

სამწუხაროდ, მშობლების ნაწილს, სოციალური მდგომარეობის თუ სხვა მიზეზებით, დრო აღარ რჩება ბავშვებისთვის და აქ სკოლამ ხომ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია?

2022-2030 წლის განათლების სამოქმედო გეგმა წავიკითხე და ამ დოკუმენტში თითქმის ყველა პრობლემა იდენტიფიცირებული აქვს სახელმწიფოს, ხედავს პრობლემებს, მაგრამ არაფერი იცვლება. საერთაშორისო კვლევებში მაინც ბოლო პოზიციებზე ვართ. ფაქტია, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ფორმალურ განათლებაში.

  • თქვენ რეპეტიტორობა ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, მასწავლებელს რომ არ სჭირდებოდეს კერძოდ მოსწავლეების მომზადება და ჰქონდეს საკმარისი ანაზღაურება, მაშინ თუ შემსუბუქდებოდა ეს ტვირთი?

ეს ალბათ გარკვეულ შედეგს გამოიღებს, მაგრამ მაინც არ იქნება საკმარისი. აუცილებელია პარალელური პროცესების დაწყება.

მაგალითად, აუცილებელია კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, დამრიგებელი არ უნდა იყოს მასწავლებელი, რომელსაც 25 საათი აქვს სკოლაში. უმნიშვნელოვანესია სკოლების დეცენტრალიზაცია, არაფორმალური და ფორმალური განათლების ინტეგრირება, რომ ბავშვებმა სწორი მიმართულებით დახარჯონ ემოცია, აუცილებელია დამრიგებლის დამხმარე მექანიზმის შემუშავება და ბოლოს – მასწავლებლებმა უარი უნდა თქვან დუმილზე.

ხმამაღლა ისაუბრონ იმ სულიერ ტანჯვაზე, რასაც დაკისრებული პასუხისმგებლობებისა და ადამიანური რესურსების შეუსაბამობა იწვევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: