მთავარი,სიახლეები

სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო

14.04.2023 • 2011
სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, უფასო რეგისტრაცია 2023 წლის საჯარო რეესტრის შეცვლილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხულოში, სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებსა და ქობულეთში, სოფელ დაგვაში ამ წლის დასაწყისში, თებერვალში უნდა განხორციელებულიყო.

სხალთის თემს ეკუთვნის სოფელი წაბლანა. როგორც წაბლანელები ამბობენ, მიწის უფასო რეგისტრაციით დაინტერესებულები არიან და შესაბამისად, ამ თემაზე კითხვებს ხშირად სვამენ ხულოს მერიაში, საკრებულოში თუ მერის წარმომადგენელთან სხალთაში, თუმცა პასუხი ვერავისგან მიიღეს.

ადგილობრივების თქმით, სოფელში მიწა არავის დაურეგისტრირებია თებერვლის თვეში, რადგან საჯარო რეესტრის განრიგის მიუხედავად, ამ თემასთან დაკავშირებით სოფელში არავინ მისულა.

„ვინც დაარეგისტრირა მიწა, ყველამ ფული გადაიხადა. მიწის უფასო რეგისტრაცია ჯერ არ ყოფილა.

მეც მინდა ამ პროგრამით სარგებლობა. სხალთაში მერის წარმომადგენელთანაც მქონდა კონტაქტი. როგორც კი მოვლენ, გაგაგებინებთო. ჯერ არავინ არ მოსულა და არც არავის გაუგებინებია“, – გვითხრა წაბლანელმა რომან შაინიძემ.

ამ სოფლის მკვიდრია ზებურ შაინიძეც. მისი თქმით, არავინ გამოჩნდა, ვინც ყურადღებას გამოიჩენს ამ საკითხით დაინტერესებული ადგილობრივების მიმართ.

„ამ საკითხზე რამდენჯერმე მივმართე [ხულოს მერიას] შარშან. მივმართე ხულოს იუსტიციას, ამბავი მოვიკითხე საკრებულოში და სად აღარ. „მოვალთ, მოვალთ.. დაგირეკავენ, დაგირეკავენ” და საერთოდ არაფერი.

თუ არ ვცდები, შარშან ამოვიდნენ, 1-2 კაცთან მივიდნენ და საერთოდ გაქრნენ. წელს არავინ არ მოსულა“, – გვეუბნება ზებურ შაინიძე.

კიდევ ერთი წაბლანელი, ბეგლარ შაინიძე იხსენებს, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის განრიგში სხალთა 2022 წელსაც მოხვდა, მაგრამ უშედეგოდ:

„მაშინ სოფელ წაბლანაშიც შემოვიდნენ, მაგრამ შედეგზე ვერ გავიდნენ, არ დაუსრულებიათ მუშაობა. არ ვიცი რა მოხდა. ამის შესახებ ვიკითხე ხულოს იუსტიციის სახლში, მაგრამ თვითონაც არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ხდება.

საკარმიდამო ნაკვეთი ინდივიდუალურად გავაფორმე, ფული გადავიხადე. გარე მიწების გაფორმებაც მინდოდა და მას შემდეგ აღარ მოსულან“.

„ბათუმელები“ სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს რაულ მახარაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ არ იცის ვადები 2023 წლის მიწის სისტემური რეგისტრაციების შესახებ სხალთაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ ახალი განრიგის მიხედვით მიწის რეგისტრაცია მათთან თებერვალში უნდა განხორციელებულიყო, დიდთოვლობაზე მიანიშნა.

„თებერვალში მიწის ნახაზი ხულოში, სხალთაში როგორ გაკეთდებოდა? 2 მეტრი თოვლი იყო. არ ვიცი, მე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს ამ საკითხზე“, – ამბობს რაულ მახარაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვის მოსახლეობაც იმავეს ამბობს, რაც სხალთაში გვითხრეს. დაგველების თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაცია თებერვალში არც მათთან განხორციელებულა.

„ჯერ არავინ არ მოსულა სოფელში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიკითხეთ ამის შესახებ. 2 თვის წინ მერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ახლა ვიწყებთო. ჯერ არაფერი არ დაწყებულა. ვინც დაარეგისტრირა მიწა, ყველამ თავისი ხარჯით“ – გვითხრეს დაგვაში.

„ბათუმელები“ დაგვაში მერის წარმომადგენელთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ – მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მიწის უფასო რეგისტრაცია სახელმწიფომ 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელში უნდა დასრულდეს. წელს მიწის სისტემური რეგისტრაცია აჭარის 40-ზე მეტ თემში და მათში შემავალ სოფლებშია დაგეგმილი.

___________________________

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: