მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ შაქრის შემცვლელების შესახებ – ექიმის რჩევები

12.04.2023 • 1552
რა უნდა ვიცოდეთ შაქრის შემცვლელების შესახებ – ექიმის რჩევები

შაქრის ჭარბად მოხმარება ზოგადად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით საზიანო კი შაქარი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვისაა. 

სწორედ შაქრის ჩასანაცვლებლად შექმნეს ბუნებრივი წარმოშობისა და ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც დღეს ბაზარზე სხვადასხვა დასახელებითა და ფორმითაა ხელმისაწვდომი. თუმცა ყველა დამატკბობელი ერთნაირად სასარგებლო არ არის. ასევე, ხელოვნური და ბუნებრივი წარმოშობის შაქრის შემცვლელები იყოფა ორ – კალორიულ და არაკალორიულ კატეგორიად.

ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს ესაუბრა. 

ექიმი ამბობს, რომ შაქრის შემცვლელის ბუნებრივი წარმოშობა ყოველთვის მის სარგებლიანობაზე არ მიანიშნებს:

„შაქრის ბუნებრივი შემცვლელია, მაგალითად, ფრუქტოზა, რომელსაც შეიცავს ხილი, მაგრამ ის კალორიულია, შაქარი ორგანიზმში იმატებს ხილის მიღების შემდეგაც. ფრუქტოზის მიღებისას, რამდენიმე სტადიის გავლის შემდეგ, იგი იძლევა ფაქტობრივად ისევ გლუკოზის მოლეკულას, ანუ გარდაიქმნება გლუკოზად, რის შედეგადაც, ბუნებრივია, იმატებს შაქრის დონე.

კიდევ ერთი ბუნებრივი დამატკბობელია სტევია, რომელიც მცენარისგან მიიღება და ხელოვნურად მიღებული დამატკბობლებისგან განსხვავებით, სავარაუდო გვერდითი ეფექტები არ აქვს, მაგრამ დიდი რაოდენობით არც მისი გამოყენებაა რეკომენდებული, რადგან ასეთ შემთხვევაში მასაც შეუძლია აამაღლოს შაქრის დონე. ძალიან ცოტა რაოდენობით შეიძლება გამოიყენოს პაციენტმა“ – ამბობს თეონა გოგიტიძე.

ექიმის განმარტებით, ჭარბად მოხმარებული ხელოვნური დამატკბობლების სავარაუდო გვერდითი ეფექტები შესაძლოა იყოს მათი კანცეროგენობა, რაზეც რამდენიმე ექსპერიმენტული გამოკვლევა მიანიშნებს, მაგრამ ამ ეტაპზე ამის ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება არ არსებობს.

ექიმის განმარტებით, უმეტესად უპირატესობა ენიჭება შაქრის „არაკალორიულ“ შემცვლელებს, მათ შორის არის საქარინი/საქაროზა, ასპარტამი და ციკლამატი, რომლებიც ხელოვნური დამატკბობლებია.

არაკალორიული არ ნიშნავს, რომ ასეთ დამატკბობელს საერთოდ არ აქვს კალორიები, უბრალოდ ისინი შაქართან შედარებით გაცილებით დაბალკალორიულებია. ანუ ნივთიერებათა ცვლის, შეწოვის შემდეგ, იძლევიან უფრო დაბალ კალორიებს.

დიაბეტით დაავადებული პაციენტების გარდა, შაქრის დაბალკალორიული შემცვლელები გამოიყენება ჭარბწონიან პაციენტებში, ვისაც სურს, რომ ტკბილი საკვებიდან ნაკლები კალორია მიიღოს. თუმცა ექიმი ამბობს, რომ ხელოვნური დამატკბობლების იმავე რაოდენობით მიღებასაც, როგორც ჩვეულებრივ შაქარს ვიღებთ, შეუძლია ჯანმრთელობის დაზიანება.

„იმის გამო, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი დამატკბობლები დაბალკალორიულია, რა თქმა უნდა, ვაძლევთ პაციენტებს უფლებას, რომ გამოიყენონ, მაგრამ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, დღეში მაქსიმუმ ნებადართულია 4 ტაბლეტი, მაგალითად, 1 ტაბლეტი – 1 ფინჯანი ყავისთვის“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.

გასულ წელს ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული, მრავალწლიანი მასშტაბური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელოვნური დამატკბობლების შემცველი საკვებისა და სასმელების რეგულარული მოხმარება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკთან.

კვლევისთვის სორბონის პარიზის ნორდ უნივერსიტეტის ექსპერტებმა შეაფასეს ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება ჯგუფში, რომელშიც 103 000 წევრი იყო.

მკვლევრებმა მიუთითეს სხვა კვლევებზე, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ხელოვნურად დამტკბარი სასმელები შეიძლება დაკავშირებული იყოს მეტაბოლურ სინდრომთან (ისეთი პრობლემების ერთობლიობა, როგორიცაა: მაღალი წნევა, ქოლესტერინის მომატებული დონე და სისხლში შაქრის გაუარესებული კონტროლი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი. სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ დამატკბობლებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ როგორ აკონტროლებს ჩვენი სხეული სისხლში შაქრის დონეს.

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ხელოვნური დამატკბობლები „არ უნდა განიხილებოდეს შაქრის ჯანსაღ და უსაფრთხო ალტერნატივად“.

„ამ ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები მიუთითებს პოტენციურ, პირდაპირ კავშირზე ხელოვნური დამატკბობლების (განსაკუთრებით ასპარტამის, აცესულფამის კალიუმის და სუკრალოზას) მაღალ მოხმარებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს შორის“ – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.

ხელოვნური დამატკბობლები ასევე წარმოდგენილია საკვებისა და სასმლის ათასობით ბრენდში მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. ასეთი პროდუქტებია: ტკბილი, ე.წ. დიეტური გაზირებული სასმელები, იოგურტები და სხვა. ამ თემაზე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ეს პროდუქტები კვლავ საკამათო თემად რჩება და ეს საკითხი „ამჟამად ხელახლა ფასდება ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ჯანდაცვის სააგენტოების მიერ“.

„მე, როგორც ენდოკრინოლოგი, საერთოდ არ ვუწევ რეკომენდაციას ე.წ. დიაბეტური პროდუქტების მიღებას, ერთი იმიტომ, რომ უმეტესობა ფრუქტოზაზეა დამზადებული, მას კი მაინც მაღალი კალორაჟი აქვს, შესაბამისად ამ პროდუქტების მიღება მაინც იწვევს შაქრის მატებას სისხლში, თუმცა არა ისეთი მაჩვენებლებით, როგორც ჩვეულებრივი რაფინირებული შაქრის შემთხვევაში.

ასევე, არ ვუწევ რეკომენდაციას, რადგან პაციენტები ვერ საზღვრავენ ნორმას და მცდარი წარმოდგენის გამო ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დიდი რაოდენობით მოიხმარონ ეს პროდუქტი. ამიტომ ჯობს, საერთოდ არ მიიღონ“, – ამბობს თეონა გოგიტიძე.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტებს, მათ შორის ჭარბწონიან პაციენტებსაც, რომლებიც დაბალკალორიულ დიეტაზე არიან და არ უჭირთ ტკბილის გარეშე ცხოვრება, შეუძლიათ შაქრის შემცვლელების გამოყენება, მაგრამ აუცილებლად მცირე რაოდენობით და არა თვითნებურად, არამედ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: