მთავარი,სიახლეები

მოსწავლეები ბათუმში პიროტექნიკაზე წვდომის აკრძალვას ითხოვენ – პეტიცია

28.12.2022 • 1901
მოსწავლეები ბათუმში პიროტექნიკაზე წვდომის აკრძალვას ითხოვენ – პეტიცია

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იდეატორი“ ახალ წლამდე სამი დღით ადრე პიროტექნიკაზე თავისუფალი წვდომის აკრძალვასა და ხარისხის მკაცრ კონტროლს ითხოვს. პეტიცია უკვე ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

„დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების, არაინფორმირებულობისა და არაკომპეტენტურობის გამო სამოყვარულო დონეზე გამოყენებული პიროტექნიკა საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იდეატორი“ პეტიციის სახით წარმოგიდგენთ პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ ინიციატივას.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიახლე ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის საჭირო ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნას“, – წერია სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული პეტიციის აღწერაში.

იმისათვის, რომ მოსწავლეების პეტიცია აჭარის უმაღლესმა საბჭომ განიხილოს, მას მინიმუმ 200 ხელმომწერი უნდა ჰყავდეს.

სკოლის მოსწავლეები პიროტექნიკაზე დამატებითი რეგულაციების შემოღების აუცილებლობას იმით ასაბუთებენ, რომ ყოველ წელს არაერთი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი ზიანდება მისი გამოყენების შედეგად.

„საახალწლო პიროტექნიკის არასათანადო გამოყენების ან ხარისხის გამო ყოველწლიურად საქართველოში მრავალი ადამიანი ზიანდება. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. თბილისში დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

ჰოსპიტალიზებულია ექვსი პაციენტი სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით. 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით – 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით უკვე დაშავდა 81 ადამიანი. ანალოგიური სურათია ყოველ წელს. მიუხედავად ამისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა დასჯადია, კანონის გვერდის ავლით ბავშვებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია ისინი.

უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებასთან ერთად პიროტექნიკის მომხმარებლების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. პიროტექნიკის გამოყენება ხდება აივნებზე, ქუჩებში და საჯარო თავშეყრის ადგილებში, ამის გამო განსაკუთრებით დიდი ზიანი ადგება მათ გარშემომყოფი ადამიანების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას“.

მოზარდები პეტიციაში საუბრობენ გარემოს დაბინძურებასა და ცხოველების/ფრინველების საფრთხეებზე:

„ზიანი ადგება გარემოს და ეკოლოგიას, რადგან არაპროფესიონალების მიერ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰაერში იფრქვევა მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს. მაღალი რისკის ქვეშ არიან ჩვილები და მოხუცები, მოულოდნელი „აფეთქების“ ხმამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები ჯანმრთელობის კუთხით.

ასევე დიდი საფრთხის ქვეშ არიან ცხოველები ხშირ შემთხვევაში ეს ლეტალურად სრულდება“.

___

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/455086/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: