მთავარი,სიახლეები

90 წლის ექთანი ბათუმიდან, რომელიც ისევ მუშაობს კლინიკაში

14.04.2023 • 8167
90 წლის ექთანი ბათუმიდან, რომელიც ისევ მუშაობს კლინიკაში

90 წლის შორეთ ბეჟანიძე 65 წელია ექთანია. ის ახლაც ბათუმის ინფექციური ცენტრის ფთიზიოპულმონოლოგიურ დეპარტამენტში მუშაობს.

„დილის შვიდ საათზე ვდგები. ვემზადები. სახლიდან გაჩერებამდე ფეხით მივდივარ. მერე ავტობუსში ვჯდები და ცხრაზე უკვე სამსახურში ვარ. დაგვიანება არ მიყვარს და არასდროს ვაგვიანებ. ერთი დღე არ დამიგვიანია, ერთი დღე ადრე არ წავსულვარ,“ – გვიყვება შორეთი და სამუშაო კაბინეტისკენ მიგვიძღვის.

შორეთის მოვალეობებში ახლა რეგისტრატურაში პაციენტების მიღება, მათი საბუთების მოწესრიგება და დაქსეროქსება შედის.

„ნემს ვეღარ ვაკეთებ ძველებურად კარგად,“ – ამბობს და იღიმის.

ამბობს, რომ მადლიერია კლინიკის ხელმძღვანელების, რომლებმაც პენსიონერ ექთანს სამსახური შეუნარჩუნეს.

„ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში ჩემი სპეციალობა მიყვარს. იმიტომ, რომ მე ვარ ავადმყოფებთან. როცა ისინი კმაყოფილები არიან, მეც კმაყოფილი ვარ. ეს სამსახური ჩემთვის რას ნიშნავს, იცით? ადამიანი მეორედ რომ დაიბადება აი, ისე ვარ. მიხარია, დილას ადგომა და აქ მოსვლა,“ – ამბობს შორეთი.

შორეთ ბეჟანიძემ ბათუმის საფერშლო სკოლა 1954 წელს დაამთავრა. კურსზე სულ ბიჭები იყვნენ, ქალების განათლებას მაშინ დიდად ყურადღებას არავინ აქცევდაო ამბობს.

„ძალიან კარგი მშობლები მყავდა. ყველანაირად შემიწყვეს ხელი, რომ მესწავლა. არაფერში არ შევუზღუდივარ. ქალების განათლება უწინ ძალიან იშვიათი იყო. მე რომ საფერშლო დავამთავრე, მთელი ჩემი საგვარეულო გაგიჟდა – როგორ ისწავლე და როგორ დაამთავრეო. მე კიდევ, როგორც კი სწავლას მოვრჩი, მაშინვე დავიწყე მუშაობა ტუბდისპანსერში.

რთული სამუშაო მქონდა. არ იყო ადვილი. ძალიან ბევრი სირთულე მაქვს გამოვლილი. როგორც ტუბდისპანსერის ექთანს, მგზავნიდნენ ხულოში, ქედასა და შუახევში მარტოს. სოფლებში დავდიოდი, აცრებს ვაკეთებდი,“ – იხსენებს შორეთი.

სამსახურზე საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ყოველ დილით სამსახურში წასვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

65 წელია ეს რუტინა არ შეუცვლია და უნდა, რომ არც შეიცვალოს.

„ეს სამსახური ჩემთვის არის ქმარიც, შვილიც, ოჯახიც. ყველაფერი. კი, იტყვიან ქალისთვის ოჯახია მთავარიო, მაგრამ მე ეს არასდროს მითქვამს. არასდროს ჩამითვლია, რომ ქალისთვის მარტო ოჯახი საკმარისია.

უამრავი სიგელი მაქვს მიღებული კარგი მუშაობისათვის. ვარ პირველი კატეგორიის ექთანი. საუკეთესო მედდის წოდება მაქვს მიღებული“, – ამბობს შორეთი.

ამიტომაც იყო, რომ, როდესაც საპენსიო ასაკი მოუწია და პენსიონერი გახდა, ერთი წუთითაც არ უფიქრია სამსახურისთვის თავი დაენებებინა.

შორეთის თქმით, სირთულეების მიუხედავად, მაინც კარგი ახალგაზრდობა ჰქონდა. ბევრს მოგზაურობდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი ქვეყანა და ქალაქი აქვს მოვლილი.

„საზღვარგარეთის გარდა ყველგან ვიყავი,“ – ამბობს.

რას ფიქრობთ ევროპაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე, ვკითხეთ შორეთ ბეჟანიძეს.

„ევროპა კაია. გვეხმარება ძალიან ბევრს. გაერო ეხმარება ჩვენ საავადმყოფოს, უფასოდ გვაქვს აბასთუმანი. გვიფინანსებენ. ევროპა კარგია. არ ითქმება ცუდი. მათ რომ რამე არ შემოიტანონ და არ ივაჭრონ, ჩვენი ხალხი დარჩება მშიერი. იმათი ხელშეწყობით, იმათი კარგი მუშაობით ჩვენც ვართ,“ – ამბობს შორეთ ბეჟანიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: