მთავარი,სიახლეები

„ჩემს ნამუშევრებს უცებ ვცნობ. ვამბობ, აი, ჩემი სამზარეულო, ჩემი სკამები“ – დურგალი ხულოდან

13.04.2023 • 4070
„ჩემს ნამუშევრებს უცებ ვცნობ. ვამბობ, აი, ჩემი სამზარეულო, ჩემი სკამები“ – დურგალი ხულოდან

ამჯერად ხულოს სოფელ აგარაში მცხოვრებ 42 წლის მალხაზ მარკოიძეზე გიყვებით, რომელიც 20 წელია დურგალია.

მალხაზი 19 წლის იყო, როცა ქედაში, ავეჯის საწარმოში დამხმარე ხელოსნად დაიწყო მუშაობა. მისი დურგლობის ამბავიც სწორედ აქედან იწყება.

„იქამდე ცულზე ტარიც კი არ მქონდა გაკეთებული. რომ მივდიოდი, მამაჩემმა თქვა – 1 კვირაში დაბრუნდება, ცულის ტარიც არ გაუკეთებია, ავეჯს ვინ მიაკარებსო. ამან პირიქით, სტიმული მომცა, რომ აი, ნახავთ, თუ ვერ შევძლებ-მეთქი.

ჯერ უმნიშვნელო საქმეების შესრულებით დავიწყე. 1 თვის შემდეგ კი პატარა მოცულობის სამზარეულო დამოუკიდებლად გავაკეთე.

ეს საკმაოდ მასშტაბური საწარმო იყო, ნამდვილი პროფესიონალები მუშაობდნენ.

ღამით, როცა სამუშაო საათები სრულდებოდა, შევდიოდი და ვაკვირდებოდი ვინ რას და როგორ, რა ფორმით აკეთებდა. შესაძლოა, რომელიმე ხელოსანს რაღაც არასწორად ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ რაკი ხელოსნის ნაკეთები იყო, ვიწერდი, ვინიშნავდი, ვიზეპირებდი.

19 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. მაშინ ეს ჩემი მოწოდება იყო-მეთქი ვერ გეტყვით, ტყუილი იქნება. საკმაოდ რთული ცხოვრება იყო. გვიჭირდა და ოჯახისთვის რომ მატერიალური დახმარება გამეწია, მაგის გამო წავედი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც ის საქმე იყო, რომელიც უნდა მეკეთებინა. ჩემი სფერო ვიპოვე. საკმაოდ მოკლე დროში ავითვისე ყველაფერი.

9 წელი ვიმუშავე ქედის საწარმოში. თავიდან დამხმარე ხელოსანი, შემდეგ დურგალი და ბოლო წლებში წარმოების წამყვანი ხელოსანი ვიყავი.

ამ დროის განმავლობაში საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა“, – გვითხრა მალხაზმა.

დურგალი იხსენებს, რომ ქედის ავეჯის საწარმოს ხელმძღვანელმა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა და მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზით წარმოების გაგრძელებას ვერ ახერხებდა, მალხაზს ურჩია, მისგან შეეძინა ავეჯის დამზადებისთვის საჭირო ინვენტარი დამოუკიდებელი მუშაობის გასაგრძელებლად.

„2009-20010 წლებში დავიწყე საამქროდან ინვენტარის ეტაპობრივი შესყიდვა, რადგან ფინანსური მდგომარეობა დალხენილი არ მქონდა. მომდევნო წლებში ნაწილი – ბანკის ვალით, ნაწილი – სხვა საშუალებით, შევიძინე რამდენიმე დაზგა და საქმიანობაც დავიწყე.

დანადგარების შეძენისას ცალკე შენობა არ მქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერს ვაზვიადებ, დანადგარები დავალაგე ბოსელში, სათივეში, შეშის სათავსოში. ყველგან, სადაც სივრცე იძებნებოდა.

სახლის მეორე სართულს ავეჯის შესაღებად და გასალაკად ვიყენებდი. როცა ცოტა მოიმატა შეკვეთების რაოდენობამ, ვეღარ ვასწრებდი და ღამეც ვმუშაობდი. ჩემი ოჯახის წევრებს კარს იქეთ სძინავდათ, მე კარს აქეთ ვმუშაობდი.

2 წლის შემდეგ, ისევ ბანკიდან აღებული სესხის დახმარებით, სახლთან ახლოს ავაშენე საამქრო. ამ საამქროში ვმუშაობთ დღემდე“, – გვითხრა მალხაზმა.

მის სახელოსნოს „ამხანაგობა აგარა“ ჰქვია.

დურგალმა 2016 წელს პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში 10 000-ლარიანი თანადაფინანსება მოიპოვა, რომლითაც დამატებითი დაზგები შეიძინა და 2 თანამშრომლის აყვანის შესაძლებლობაც მიეცა.

სამუშაო პროცესი “ამხანაგობა აგარაში”

„ამხანაგო აგარა“ საჭირო მასალის გამოხარშვას თავად აწარმოებს და ძირითადად, სწორედ გამოხარშული ხის ავეჯს ამზადებენ.

„ის, რომ მასალას თავად ვამზადებთ, საშუალებას მაძლევს, მომხმარებელს თამამად შევთავაზო 5-10-წლიანი გარანტია ჩვენს დამზადებულ ავეჯზე და ავიღო პასუხისმგებლობა, რომ ქარხნული დეფექტით არ გაფუჭდება.

99% დატვირთვა მოდის გამოხარშული წიფლის მასალის გამოყენებაზე, ასევე ნაძვზე. უფრო იშვიათად წაბლი და კაკალი, რადგან ეს მერქანი ჩვენთან მოსაპოვებლად რთულია.

ვამზადებთ ყველა სახის ავეჯს – სამზარეულოებს, საძინებლებს, მაგიდებს, სკამებს და ა.შ.

გვაქვს ჩვენი კატალოგები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა შეკვეთიდან დავაგროვეთ. ჩვენ თვითონაც ვხაზავთ ახალ ესკიზებს და მომხმარებლის შემოთავაზებულ მოდელებსაც ვამზადებთ.

ავეჯის წარმოებაში მეხმარებიან ჩემი სტუდენტი შვილებიც, როცა თავისუფალი დრო აქვთ. რაც შეეხება მომხმარებლებს, ძირითადად შეკვეთებია ბათუმიდან და წალკიდან“, – გვითხრა მალხაზმა.

მალხაზის სამომავლო გეგმა ავეჯის წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და ბაზრის საქართველოს მასშტაბით მოცვაა, რადგან ფიქრობს, რომ მათი ავეჯი კონკურენტუნარიანია.

„შემოსული შეკვეთების ძალიან დიდ ნაწილზე გვიწვეს უარის თქმა. შეკვეთა მიიღო, ვერ შეასრულო… ტყუილი კლავს ბიზნესსაც და ადამიანების ურთიერთობასაც. დროში ვერ ვეტევით, რომ ყველა შეკვეთა ავითვისოთ. ამის საშუალებას არც სამუშაო ფართობი გვაძლევს. 3-4 თანამშრომელი ძლივს ვეტევით ამ შენობაში.

აუცილებელია ახალი შენობა წარმოებისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება 10-დან 15-მდე თანამშრომელმა თავისუფლად იმუშაოს. ეს არის ჩემი სამომავლო გეგმა, რათა ყველა შეკვეთა ავითვისოთ“, – მოგვიყვა მალხაზი.

მისი თქმით, ახლაც საკმაოდ დიდი შეკვეთა აქვთ და 2-სართულიანი საწოლების, სამზარეულოსა და საძინებლის დამზადებაზე მუშაობენ.

მალხაზ მარკოიძის სახელოსნოში დამზადებული 2-სართულიანი საწოლი

დურგლის თქმით, მაგალითად, სამზარეულოს დასამზადებლად 7-დან 10 დღემდე სჭირდებათ, მოდელისა და ზომის შესაბამისად.

„ყოველი შესრულებული ავეჯი თავისებურ კვალს ტოვებს. როცა შეკვეთაზე მუშაობას ვასრულებ და გაშრობის პროცესშია, ბევრჯერ ავუვლი და ჩავუვლი. მიუხედავად იმისა, რომ ათობით და ასობით შეკვეთა მაქვს შესრულებული, ყველა შეკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

არის შემთხვევები, სოციალურ ქსელში, სატელევიზიო სივრცეში ვნახავ ჩემს ნამუშევრებს. ვამბობ, აი, ჩემი სამზარეულო, აი, ჩემი სკამები… ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლე მეუბნება, რომ რა არის შენი, შეასრულე, საფასური მიიღე და წაიღეს, მათიაო, მაგრამ არა. რაც უნდა გადაიხადონ, მე იმდენი შრომა, იმდენი შეხება მაკავშირებს თითოეულ ნივთთან, რომ დამიჯერეთ, ნამდვილად ჩემია.

ჩემს ნამუშევრებს დანახვისთანავე ვცნობ, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს მისი დამზადებიდან გასული.

განსაკუთრებით პირველ ეტაპზე გაკეთებული ავეჯი მახსოვს, როცა სოფელში დავბრუნდი და დამოუკიდებელი წარმოება დავიწყე, რადგან თითოეული საქმის დასრულება ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლას ნიშნავდა“, – გვითხრა მალხაზმა.

მასთან საუბრის ბოლოს გავიგეთ, რომ ყველაზე დიდხანს, 26 დღე, დამხმარე ხელოსანთან ერთად, დიდი სამზარეულოს დამზადებაზე უმუშავია, რომლის ფასიც, განსაკუთრებული დიზაინის გამო, სამი სტანდარტული სამზარეულოს ფასის ტოლი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: