მთავარი,სიახლეები

პეტიცია აჭარის ხის მეჩეთების გადასარჩენად – სოლიდარობის თემი უმაღლეს საბჭოს მიმართავს

23.09.2022 • 1372
პეტიცია აჭარის ხის მეჩეთების გადასარჩენად – სოლიდარობის თემი უმაღლეს საბჭოს მიმართავს

„სოლიდარობის თემმა“, ხის მეჩეთებთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარსადგენად პეტიცია მოამზადა. პეტიციის მოთხოვნაა, აღრიცხოს, შეისწავლოს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ხის მეჩეთებსა და ჯამების, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე აჭარაში არსებულ მუსლიმურ ნაგებობებს სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს, რაც მათ განადგურებას იწვევს, მაშინ, როცა ეს ნაგებობები არის „რეგიონის ისტორიული მეხსიერებისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ნაწილი“.

საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს. პეტიციაში კი აღნიშნულია, რომ არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, კონსტიტუციურ ვალდებულებას სათანადოდ არ ასრულებენ. ადამიანების თვითნებური ჩარევა კი ხშირად სრულიად დამახინჯებულ და არაავთენტურ საკულტო ნაგებობებს გვაძლევს.

პეტიციაში მოყვანილია, რომ უძრავი ძეგლის სტატუსი აჭარაში სულ 29 მუსლიმურ ნაგებობას აქვს მინიჭებული და 2017-2021 წლებში რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარდა. ეს აჩვენებს, რომ აჭარის ხის მეჩეთებისა და ჯამეების მოვლა-რეაბილიტაცია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას არ წარმოადგენს.

„პეტიციის წარმდგენი მოქალაქეები აჭარაში არსებულ, მათგან ზოგ გაქრობისა და განადგურების პირამდე მისულ ისლამური კულტურის ნაგებობებს განვიხილავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ყოფისა და მეხსიერების უნიკალურ, განუმეორებელ ნაწილად, რომლის მოვლა სახელმწიფოსა და მოქალაქეების ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ნებისმიერი სხვა რელიგიის საკულტო, სამოქალაქო თუ თავდაცვითი ისტორიული ნაგებობების აღრიცხვა, მოვლა, რეაბილიტაცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ამავე მიზნებით.

პეტიციის წარმდგენი მოქალაქეები მივმართავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, რათა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ისევე, როგორც მთელ მთავრობას, მოუწოდოს აჭარაში ისლამური კულტურის ძეგლების აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია მთავრობის პრიორიტეტი გახდეს, კერძოდ, მომდევნო წლის ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტი დაიგეგმოს იმგვარად, რომ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრა გათვალისწინებულ იქნას, შესაბამისი ზომები მიიღონ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ასევე მუნიციპალიტეტებმა – შეიქმნას ისლამური კულტურის ძეგლთა ერთიანი რეესტრი, მომზადდეს მათი გადარჩენის, რეაბილიტაციის-მოვლა პატრონობისა და პოპულარიზაციის სტრატეგიული დოკუმენტი, ასევე მთავრობამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა, ძეგლების ნაგებობებში დაუგეგმავი და არაკვალიფიციური ჩარევის (მიშენების, დემონტაჟის, შეცვლის და ა.შ.) აღსაკვეთად“, – წერია პეტიციაში.

პეტიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს საიტზე 21 სექტემბრის საღამოს აიტვირთა და იმისთვის, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ განიხილოს, მინიმუმ 200 ხელმომწერი უნდა ჰყავდეს. „სოლიდარობის თემი“ აცხადებს, რომ პეტიციას გაცილებით მეტი ადამიანი უჭერს მხარს.

„სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებლის, ნესტან ანანიძის თქმით, პეტიციის მომზადებისას საკონსულტაციო შეხვედრები ჰქონდათ საზოგადოებას სხვადასხვა ჯგუფთან და მეჩეთების დაცვა ყველასთვის მნიშვნელოვანია.

როგორც ნესტან ანანიძემ გვითხრა, „სოლიდარობის თემი“ დიდი ხანი ფიქრობდა რა მექანიზმებით ემუშავა მეჩეთების გადარჩენის საკითხზე, რადგან მეჩეთები ყოველდღე ნადგურდება სახურავის არ ქონისა და სხვა ბევრი მიზეზით. განსაკუთრებით კი უფუნქციო მეჩეთები, რომლებსაც, ძირითადად, ქედის მუნიციპალიტეტში ვხვდებით.

„აუცილებლად შევა პეტიცია განსახილველად აჭარის უმაღლეს საბჭოში. გვინდა თითოეული დეპუტატი დავაფიქროთ იმ საკითხზე, თუ რა ღირებულება და მნიშვნელობა აქვს მეჩეთებს, როგორც საუკუნოვან ნაგებობებს, ქართული კულტურის ნაწილს და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია უფრო მეტი მიტოვებული, დანგრეული და განადგურების პირას მყოფი მეჩეთი აღდგეს. უფრო მეტი ტურისტული პოტენციალი შეიძინოს ამ კუთხით აჭარამ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: