მთავარი,სიახლეები

სანიტრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 150 ლარია

16.02.2023 • 1582
სანიტრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 150 ლარია

საქართველოში სანიტრებისა და ბებიაქალების ხელფასი 135-დან 250 ლარამდე მერყეობს. თბილისიდან რაც უფრო შორსაა რეგიონი, მით უფრო დაბალია ხელფასი. რეფორმა, რომელიც სულ ახლახან ჯანდაცვის სამინისტრომ, ექთნებისა და პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიიღო და რომელიც მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას მოიცავდა, უმცროს და დამხმარე სამედიცინო პერსონალს არ შეხებია.

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროს პროფკავშირმა – „სოლიდარობის ქსელმა“ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა, რომ დაწესდეს მინიმალური ხელფასის სტანდარტი ექთნებისა და ექიმების გარდა სანიტრებისთვის, ბებიაქალებისთვის, ლაბორანტებისთვის, უმცროსი ექიმებისა და ექთნებისთვის. „140 და 150-ლარიანი ანაზღაურება, რომელიც ქვეყანაში არსებულ საარსებო მინიმუმზე (253.5 ლარი) დაბალია – ვერ ჩაითვლება ხელფასად“.

რეზო კარანაძე

„სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე ამბობს, რომ ეს პერსონალიც, ისევე როგორც ექთნები, საქართველოში დეფიციტურია, მთავარი გამოწვევა – მიზერული ხელფასებია.

„სანიტრების ხელფასები კატასტროფულად დაბალია, რეგიონში საშუალოდ 120-170 ლარი გამოდის. 150 ლარამდე აქვთ გურიაში, ჩოხატაურში; იმერეთში, ტყიბულის კლინიკაში – 135 ლარი. თბილისში სანიტრების ანაზღაურება დაახლოებით 180-250 ლარია.

ბებიაქალის ხელფასი ტყიბულში იყო 140 ლარი, თბილისში ხელზე – 242 ლარი. ამ ხელფასზე ვინ უნდა იცხოვროს, წარმოგიდგენიათ?“ – ამბობს რევაზ კარანაძე. – ყველაფერთან ერთად ხდება ამ დანაშაულებრივად დაბალი ხელფასების დაგვიანება, უგვიანებენ ჩარიცხვას“.

ქეთინო სალთხუციშვილი ჩოხატაურის კლინიკა „მედალფაში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს სანიტრად. ამბობს, რომ მისი და მისი თანამშრომლების სამიზნე მთავრობაა.

„ყველამ კარგად იცის, თუ რა მძიმე სიტუაციაა რეანიმაციაში, აქ არის ცხელი წერტილი; 3 და 4-აპარატიანი [შეერთებული] პაციენტი რომ ერთ ცვლაში გეყოლება – ყველას მომსახურება, ყველას ყურადღება სჭირდება; 24 საათის განმავლობაში ერთხელ ვერ მოვხრი ფეხს, ანაზღაურება კი ასეთი დაბალია.

ვის მოუვიდა აზრად, რომ კლინიკაში შევიდეს, ექიმს და ექთანს ხელფასი მოემატოსო ითქვა და იქ სანიტარი არ ახსენეს საერთოდ. ეს მაოცებს ძალიან. სადმე შეიძლება არსებობდეს კლინიკა ან რამე დაწესებულება და არ ჰყავდეს სანიტარი, დამლაგებელი, დამსუფთავებელი? რატომ ვერ დაინახეს ჩვენი შრომა, გაოცებული ვარ და ამან ამოგვაღებინა ჩვენ ყველას ხმა“, – ამბობს ის. 

ქეთინო სალთხუციშვილი სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ დაბალი ანაზღაურების გამო მეორე სამსახურის შეთავსებაც უწევს. 

„140 ლარი დღესდღეობით თქვენც კარგად იცით, რომელიმე ოჯახს თუ ეყოფა. მე სოციალურად დაუცველი ვარ, სიღარიბის კი არა, უკვე სიღატაკის ზღვარზე ვართ, დედამთილი ლოგინად მყავს, მეუღლე გარდაცვლილია, ასეთი პრობლემური ოჯახი რომ მაქვს, ვმუშაობ მეორე ადგილზეც დატვირთვით. აქ ვარ დილიდან მეორე დილამდე მორიგეობაში, მორიგეობას რომ მოვრჩები, გადმოვდივარ მეორე ადგილზე და 5 საათამდე იქ ვშრომობ, რომ რაღაცას მოვუყარო თავი.

მინდა, რომ ჩემი ხმა ყველა სანიტრის, ყველა ჩემნაირი ადამიანის ყურამდე მივიდეს, ვისი შრომაც დაუფასებელია. ყველამ ერთად ამოვიღოთ ხმა და ერთმანეთის გვერდში დავდგეთ, მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ადრესატამდე და დაფასდეს ჩვენი შრომა“.

ქეთინო ამბობს, რომ მისი, როგორც სანიტრის ხელფასი, მაქსიმუმ 160 ლარი გამოდის:

„ჩვენ, პირადად, რომ ვთქვათ, რომ სტაბილური ხელფასი გვქონდეს, ასე არ არის, აქ არის მორიგეობა, ყველა მეოთხე დღეს ვართ. ანაზღაურება ხან 140 ლარია, ხან – 147, ხან 150 ლარი. არ ვიცი, რატომ არის, რომ სანიტრების ხელფასებზე ისახება პაციენტის ყოფნა-არყოფნა. მე ვარ დამლაგებელი, სანიტარი, პაციენტის ყოფნა-არყოფნაზე რატომ უნდა იყოს ეს დამოკიდებული, მე საქმე არასდროს არ მელევა. 160 ლარზე მეტი ნამდვილად არ არის ჩვენი ანაზღაურება.

ის კი არა, იყო პერიოდი, ყანაში დავდოდი, ყანის ტეხვაზე, თხილის აკრეფა იყო თუ რა იყო, ყველაფერზე დავდიოდი და ვწვალობდი, რა მექნა, არანაირ შრომას არ ვთაკილობდი“.

რევაზ კარანაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მოლოდინში სანიტრები ნელ-ნელა ერთიანდებიან, „მათ სტიმული მისცა ექთნების ბრძოლამ და მიღწეულმა შედეგმა, რომელიც საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. 

თუ კერძო კლინიკებზე არ განხორციელდება რაიმე რეგულირება და მიშვებული იქნება, თუ რაიმე სტანდარტი არ იქნება მიცემული – ასე გაგრძელდება. კეთილი ნებით არავინ არასოდეს მოამატებს ხელფასს, მართლა მძიმე მდგომარეობაში არიან ახლა ეს ადამიანები, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე“, – ამბობს რევაზ კარანაძე.

___

მთავარი ფოტო პროფკავშირები – ლანჩხუთის „მედალფას“ თანამშრომლები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: