განათლება,მთავარი,სიახლეები

20 დღე მოგვცეს პორტფოლიოს წარსადგენად, ეს არის დისკრიმინაცია – პედაგოგი

11.04.2023 • 7241
20 დღე მოგვცეს პორტფოლიოს წარსადგენად, ეს არის დისკრიმინაცია – პედაგოგი

„გამოცდა ჩავაბარე ივლისში და ახლა 10 აპრილს მოვიდა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის – პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. 20 დღე გვაქვს იმისთვის, რომ პორტფოლიო შევკრათ და წარვადგინოთ, ეს არის დისკრიმინაცია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის ქართულის წამყვანი მასწავლებელი მანანა მიქავა.

მასწავლებლებმა ფეისბუქში კამპანიაც კი წამოიწყეს, რომ განათლების სამინისტროს ამ ფორმით მაინც მიაწვდინონ ხმა. კამპანიას მანანა მიქავაც შეუერთდა.

  • ქალბატონო მანანა, ზოგიერთი თქვენი კოლეგა ეწინააღმდეგება სტატუსის ამაღლებას მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური პედაგოგისგან ამაზე საუბარიც კი უხერხულია. როგორია თქვენი არგუმენტები ამ საკითხზე?

რომ გითხრათ, ცალსახად წინააღმდეგი ვარ პორტფოლიოს წარმოების-მეთქი, ასე არ არის. უბრალოდ, იმდენად გაჭიანურდა კრიტერიუმების დამტკიცება, რომ ახლა ამ დროში, არარეალური იქნება პორტფოლიოს ღირსეული წარდგენა, რადგან აპრილის ბოლოს გვაქვს ჩაბარების ვადა.

10 აპრილს მოვიდა დამტკიცებული კრიტერიუმები. მათ, ვინც წელს ჩააბარებენ გამოცდას, სრული ერთი წელი ექნებათ იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვნენ პორტფოლიოს მოთხოვნებს და ისე დაგეგმონ აქტივობები. მე კი, გასული წლის ივლისში ჩავაბარე გამოცდა და ახლა 20 დღეში უნდა შევკრა და წარვადგინო პორტფოლიო? ეს სრული დისკრიმინაციაა.

  • რა მოთხოვნებია ისეთი, რაც არ გაგიკეთებიათ წლის განმავლობაში და ვერ მოასწრებთ თუნდაც ამ 20 დღეში. თქვენი განხორციელებული აქტივობებიდან არც ერთი მიესადაგება კრიტერიუმებს?

რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი მიესადაგება, მაგრამ ამ აქტივობებს სჭირდება  გაფორმება, დაწერა და წარდგენა ხომ? ჩვენც არ ვიცოდით, რომელი აქტივობები იქნებოდა საჭირო და ბევრ მასწავლებელს შესაძლოა სულაც არ აქვს ის აქტივობები გაკეთებული, სხვა კუთხით აქვს ნამუშევარი სკოლაში. რასაც ითხოვენ ჩვენგან, ამ პერიოდში ვერანაირად ვერ მოხერხდება.

მაგალითად, ყურადღება ექცევა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას. ასევე, პრობლემად მიმაჩნია, როცა ახლა ითხოვენ კურიკულუმის შეფასებას, რადგან აქამდე ეს ასე არ იყო და სასწავლო წლის ბოლოს კეთდებოდა ხოლმე შეფასება.

კურიკულუმში რასაც ვერ ვძლევთ და მოსწავლე ვერ მოგვყვება, მაგალითად, ამას განსაკუთრებული წესით სჭირდება წარდგენა, დასაბუთება. რას მივაღწიეთ, რას ვერა და შემდგომ განვითარების გზებს ვსახავთ ხოლმე.

ჩემი აზრით, ახლა, აპრილში კურიკულუმის განხილვა და განვითარების გეგმის დაწერა არარელევანტურია.

გვთხოვენ პროექტებს, კოლეგებთან მუშაობის შედეგებს – რატომ შევხვდით, რატომ დავინახეთ ამის საჭიროება, რა შედეგი გვაქვს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა გვქონდეს ფორმალურად გაწერილი. ამ ყველაფერს სჭირდება ვიზუალიზაციაც.

ერთი პროექტი რომ გაწერო, საშუალოდ ორი კვირა მაინც გჭირდება, რომ გააზრებულად გააკეთო. 20 დღე ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი ამდენი პროექტის წარსადგენად.

ზოგადად, ჩვენ გამოცდები როცა ჩავაბარეთ, მანამდე უნდა ყოფილიყო ცნობილი, რას ითხოვდნენ ჩვენგან, რა იქნებოდა შემდგომი ეტაპი და ცხადი, გასაგები უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. ჩვენ შვიდი თვე ველოდეთ ამ ახალი სქემის დამტკიცებას, სანამ გარე დაკვირვებას ამოიღებდნენ და შემდეგ დააკორექტირებდნენ პორტფოლიოს მოთხოვნებს.

შვიდი თვის განმავლობაში არ მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი საქმიანობა ისე დაგვეგეგმა, რომ მიგვესადაგებინა იმ რუბრიკებისთვის, რაც წარმოგვიდგინეს. აი, ამას ვაპროტესტებთ.

  • ეს ვადები რომ არ დაერღვია სამინისტროს, მაშინ არ იქნებოდა პორტფოლიოს წარდგენა პრობლემა?

მაშინ არ იქნებოდა პრობლემა. თან ცუდი ის არის, რომ ვთქვათ, ახლა ვერ მოვაგვარე ეს პორტფოლიო, სექტემბერში ვერ მომენიჭება მენტორის სტატუსი და მომიწევს ერთი წელი ისევ ველოდო სტატუსის ამაღლებას. ეს ცუდია.

ფაქტობრივად, ხელოვნურ ბარიერს ქმნიან იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყონ და კიდევ ორი წლით გადადონ სტატუსის დანამატების გაცემა.

სხვა მხრივ, მე, პირადად, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მასწავლებელმა თავისი საქმიანობის პორტფოლიო აწარმოოს, ოღონდ გონივრულ ვადებში და ეს არ დაემსგავსოს ყალბად, მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებულ საქმეს.

პრობლემაა ისიც, რომ ზოგიერთ მასწავლებელს ერთ წელზე აქვს პროექტი გაწერილი და ჯერ არ დაუსრულებია. მიმდინარე პროექტებს კი ვერ წარვადგენთ, რადგან აუცილებლად რეფლექსია უნდა მოჰყვებოდეს ამ პროექტებს. დასრულებული სახე უნდა ჰქონდეს, რომ შედეგი ჩანდეს. რას მივაღწიეთ, რას ვერა და რატომ ვერ მივაღწიეთ, რა გვესახება ჩვენივე ვერ მიღწეული მიზნების გამოსწორების გზად, ეს უნდა ვაჩვენოთ.

  • როცა ზოგიერთი პედაგოგი ითხოვს პორტფოლიოს გაუქმებას, ამაში ეს მიზეზები იგულისხმება, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუ ზოგადად არ სურთ ამის წარმოება?

ზოგადად, ამ სქემის გამო მასწავლებლების ნაწილი ბევრჯერ გავხდით დისკრიმინაციის მსხვერპლი, რადგან არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს არაერთხელ.

თუნდაც მაშინ, როცა ერთკრედიტქულიანი მასწავლებლები გაგვიტოლეს ჩვენ, ვინც 10 კრედიტზე ჩავაბარეთ საგნის გამოცდა. შემდეგ სქემას მოხსნეს ბიუროკრატიული ნაწილი და თქვეს, რომ მასწავლებელი სტატუსის ამაღლებას მხოლოდ გამოცდით შეძლებდა.

ამის გამო შეჩერდა ჩვენი პროფესიული წინსვლა მთელი სამი წელი და ესეც ერთგვარი ბარიერი იყო იმისთვის, რომ სტატუსები არ აგვემაღლებინა და ასე დაგვტოვეს ხელფეხშეკრული.

ისინი, ვინც ველოდებოდით გამოცდით სტატუსის ამაღლებას, დავრჩით მოტყუებული, რადგან ახლა ისევ გვიწევს ამ პორტფოლიოების ატვირთვა, როცა სხვამ 1 კრედიტით აიმაღლა სტატუსი.

ვფიქრობ, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეს არჩევანი, როგორ აიმაღლოს სტატუსი – გამოცდა ჩააბაროს, თუ წარადგინოს პორტფოლიო.

  • ვფიქრობ, ამაზე არც მასწავლებლები ხართ ბოლომდე შეთანხმებული, რადგან ბევრისგან მომისმენია, რომ არც ერთი არ წარმოადგენს პრობლემას, თუ მასწავლებელი კვალიფიციურია.

მე მაინც ვფიქრობ, რომ სამინისტროს არ სურს ჰყავდეს ბევრი მენტორი და წამყვანი მასწავლებელი, რადგან ეს ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფას მოითხოვს და რეალურად, ამას თავადაც აღიარებენ, როცა ამბობენ, რომ სტატუსების გამო მასწავლებელს სხვა პრივილეგია არ აქვს, გარდა იმისა, რომ იღებს ფულად დანამატს.

არ გვაქვს უპირატესობა არც გასაუბრების დროს, არც დასაქმების დროს, არც საათების განაწილების დროს, არსად. ერთადერთი ჩვენი მოტივაცია არის ანაზღაურება და რატომაც არა.

თუკი ამ დაქცეულ ქვეყანაში, ასეთი დაბალი ანაზღაურების და მაღალი ფასების ფონზე შეიძლება გვქონდეს რაღაც 300 ლარით მეტი და თუ არ არის განსხვავება პროფესიული თვალსაზრისით, მაშინ საერთოდ ფუჭია ხომ ეს სქემა.

თუ ეს პორტფოლიოც ფუჭია, მაშინ მოგვცენ მენტორის ანაზღაურება საბაზისო ხელფასად, რადგან თვითონ გაგვიტოლეს ერთკრედიტიანები.

თუ ისეთ რამეს გააკეთებენ, რაც ჩვენს განვითარებას შეუწყობს ხელს, მოვლენ სკოლაში, გვასწავლიან, ამას მივესალმები.

  • ამას ვაკეთებთო ამბობს სამინისტრო, ადგილზე შექმნილია დამხმარე ჯგუფებიო და არ მუშაობს ეს ყველაფერი?

ძალიან კომიკური სიტუაციაა. „უდიპლომო სასიძოში“ ძროხებს რომ ორკესტრს მიუყვანენ აი, ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს განათლებაში, რადგან რეალურად თანხების გაღება არ სურთ, ჭერიდან იწყებენ პრობლემის მოგვარებას – არც ერთი სკოლა არ არის რეალურად იმის შესაბამისი, რასაც ჩვენგან ითხოვენ.

არ არის რესურსი, შესაბამისი კლასები, ელემენტარულად, შიათ ბავშვებს გაკვეთილზე და საერთოდ არ აინტერესებთ ჩემი კლასგარეშე პროექტები ხომ? სოციალური ფონია მძიმე ქვეყანაში და რასაც სამინისტრო გვავალებს, არ არის სკოლა მზად ამისთვის, ამიტომ ყველაფერი, სამწუხაროდ, ფურცელზე რჩება ლამაზად დაწერილი, ბავშვებამდე მიდის მინიმუმი.

ასეთ მდგომარეობაში რომ არ ჩაგვაყენონ და მოგვცენ რეალური დრო, არ სჯობდა? მაგალითად, თქვან, რომ სექტემბრიდან ივლისის ბოლომდე შევაფასებთ კურიკულუმს, სხვა დროს შეგიფასებთ პორტფოლიოს, ან სხვა რაიმე პროექტს, რაც გაქვს დაგეგმილი, ხომ შეიძლება ასე არა? მიზანზე ორიენტირებულად მოხდეს შეფასება და არა ფორმალურად, ხელფასების მომატებას მიაბა ყველაფერი.

  • საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის მაინც ანაზღაურებამდე და თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების გზას?

რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს მასწავლებლებს შორის. პირველ რიგში, სკოლის ადმინისტრაცია უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ჰყავდეს პროფესიონალი კადრი და არა ნეპოტიზმით და კორუფციით აყვანილი, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს და არაერთი დასკვნა მინახავს აუდიტის, თუმცა არაფერზე შეუბერტყია სამინისტროს ყური. ნეპოტიზმი თუ არ აღმოიფხვრა სკოლაში და ეს კორუმპირებული დირექტორები არ წავიდნენ სკოლიდან, ისე არაფერი ეშველება სისტემას.

ამათთვის მთავარია აითვისონ გრანტები, რადგან დასავლეთიდან მოდის დაფინანსება რეფორმების მიხედვით და თუ ერთი არ გაამართლებს, შეცვლიან მეორით და საერთოდ არ აინტერესებთ შედეგი. ასე იყო „ახალი სკოლის მოდელშიც“, ძალიან კარგი პროექტი იყო თავიდან, მაგრამ იმდენი ფული შეიჭამა და რაც იყო დაგეგმილი, იმის მეასედიც არ განხორციელებულა.

  • რას გულისხმობთ?

აი, თუნდაც ამ ქოუჩების ნაწილში პედაგოგების მომზადებას, რაც არ გაკეთდა. ადრე პანდემიას აბრალებდნენ და ახლა ხომ აღარაა პანდემია, დაიგეგმოს პირისპირ ტრენინგები. ონლაინში, სადაც 400 მასწავლებელი ესწრება, აზრს ვერ გაიგებ, უკუკავშირს ვერ მიიღებ, კითხვას ვერ დასვამ, ასეთი ტრენინგიდან რა ცოდნა უნდა გამოიტანო და შემდეგ რა უნდა დანერგო.

ამ ტრენინგებზეა მერე ყველაფერი მიბმული, შემდგომი რეალური განვითარება. ჯერ ხომ უნდა მასწავლოს ქოუჩმა რას გულისხმობს ამ ახალი სკოლის მოდელში. ჩემი სკოლა საერთოდ არ არის ამაში ჩართული და წესით, ყველა სკოლა ხომ უნდა იყოს თანაბრად ჩართული, თუკი თანაბარ განვითარებას ითხოვენ. თუ შენ ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლის სტანდარტს მთხოვ, მაშინ ჩააყენე ყველა სკოლა თანაბარ პირობებში.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ იმ ონლაინკამპანიაზე, რაც წამოიწყეთ, როგორ ფიქრობთ, გამოიღებს შედეგს, ელოდებით გამოხმაურებას სამინისტროსგან?

დიახ, ველოდებით შედეგს, რადგან წელს ამ პორტფოლიოების მოთხოვნა არის სრულიად უსამართლო. ჩაატარონ ტრენინგები, ნათლად გაგვარკვიონ, რას ითხოვენ ჩვენგან და მოგვცენ დრო სექტემბრამდე მაინც, რომ შევკრათ პორტფოლიო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: