ბათუმი,მთავარი,სიახლეები

საზღვაო აკადემია 1,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის გამო

15.04.2025 •
საზღვაო აკადემია 1,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის გამო

ბათუმში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის ვიზიტია დაგეგმილი.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების „უმაღლეს დონეზე ჩატარების“ მიზნით საკოფერენციო დარბაზისა და სამუშაო ოთახების რემონტს და აღჭურვას გეგმავს. საამისოდ საჭირო 1,3 მილიონი ლარის სამუშაოებს აკადემია ტენდერის გარეშე შეისყიდის.

„ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის“ 1 366 281 ლარის სამუშაოების უტენდეროდ შესყიდვაზე თანხმობისთვის საზღვაო აკადემიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

„ვინაიდან ხსენებული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია აკადემიისათვის ცნობილი გახდა 2025 წლის აპრილის თვეში, შესაბამისად ხანმოკლე პერიოდის გამო აკადემია ვერ მოახდენდა შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურის წინასწარ დაგეგმვას და განხორციელებას“ – წერს აკადემია განაცხადში.

IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, 2025 წლის 25 ივნისამდე საკონფერენციო [საჯარო ლექციის ჩატარების მიზნით], მეზღვაურთა საგამოცდო [ზეპირი და ტესტირების] სივრცის მოწყობაზე წერილით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აკადემიას 2025 წლის 10 აპრილს მიმართა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აკადემიას საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიც გადაუგზავნა. ამ წერილში სამინისტრო სააგენტოს წერს, რომ „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აპარატის უფროს დამიენ შევალიესთან, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით IMO-ს გენერალური მდივნის, ბატონი არსენიო დომინგესის საქართველოში [ქ. ბათუმში] ვიზიტის შესაძლებლობა 2025 წლის 29 ივნისი – 1 ივლისის პერიოდში. საუბარი შეეხო ვიზიტთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ საკითხებსაც. ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, ქართულ მხარეს ეთხოვა ვიზიტის პროგრამის მომზადება.“

აკადემიის განაცხადის მიხედვით:

  • „2025 წლის 25 ივნისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების კიდევ უფრო მასშტაბურად აღნიშვნას გეგმას, ვინაიდან, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი.
  • უნდა აღინიშნოს, რომ IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო ინტეგრაციისა და საქართველოს, როგორც რეგიონული საზღვაო ჰაბის პოზიციონირებისთვის.
  • ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მეზღვაურებთან და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან. გენერალური მდივანი მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში, მეზღვაურთა პროფესიული ღვაწლის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებებსა და სხვადასხვა საზეიმო აქტივობაში. ასევე, უშუალოდ მისი მონაწილეობით, დაგეგმილია საჯარო ლექცია, სადაც სტუდენტებს, საზღვაო სფეროს სხვა დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა უშუალოდ მოუსმინონ მის ხედვას და გამოცდილებას საერთაშორისო საზღვაო პოლიტიკის და გლობალური საზღვაო გამოწვევების შესახებ. [ვიზიტი] გაამყარებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საზღვაო სფეროში.
  • აღნიშნული ღონისძიების, უმაღლეს დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებლად გასათვალისწინებელია ძირითადი შეხვედრებისათვის სამუშაო პირობების შექმნა. კერძოდ: საკონფერენციო დარბაზები, სამუშაო ოთახები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
  • აკადემია, მისი ადგილმდებარეობისა და არსებული ფართობების გათვალისწინებით, ამის შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ აუცილებელია სარემონტო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება. რის შემდეგაც აკადემიის განახლებული ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქნება მომავალი და მოქმედ მეზღვაურთა შესაბამისი მომსახურების უზრუნველსაყოფად.“

საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, „მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] დიპლომატიურმა კონფერენციამ 2010 წელს 25 ივნისი მეზღვაურის დღედ გამოაცხადა. საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, ჩართულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სოციალურ კამპანიებში და 2011 წლიდან, ბათუმში, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს მეზღვაურთა დღეს.

ასევე მნიშვნელოვანია მეზღვაურთა წვლილი ქვეყნის, რეგიონის ეკონომიკაში. მეზღვაური არის ლეგალურად დასაქმებული ქართველი, საზღვარგარეთ, პრესტიჟულ, საპასუხისმგებლო და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. წელიწადში, ქართულ ეკონომიკაში მეზღვაურებს საშუალოდ 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვალუტა შემოაქვთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: