შუახევში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
ხანძარი იყო დღეს, 15 ნოემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში.
ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა.
სოფელში მერის წარმომადგენლის, ვახტანგ ნაკაშიძის თქმით, სახლში ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ქალმა ხელებზე დაზიანება მიიღო დამწვრობის შედეგად და კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი.
მერის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად ოჯახი ნათესავთანაა და შუახევის მერია ინფორმირებულია ხანძრის შესახებ.
ამავე თემაზე:
30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი
პროკურატურის თქმით, მას არ აქვს მარაგები ამოსაღები საარჩევნო მასალების დასალუქად
პროკურატურის განცხადებით, „საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში დასალუქი ნივთიერი მტკიცებულებების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, პროკურატურის ხელთ არსებული მარაგებით შეუძლებელია ამოსაღები ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვა“, ამიტომ დამატებით, უტენდეროდ 10 ათას ცალ წებოვან ლუქს შეისყიდიან.
„საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის იგეგმება 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამოყენებული ათასობით ვერიფიკაციის აპარატში მოთავსებული მეხსიერების ბარათების ამოღება და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა, რაც საჭიროებს შესაბამისი წესით დალუქვას.
ვითარების დადგომიდან თავდაპირველად გამოყენებულ იქნა საქართველოს პროკურატურის ხელთ არსებული წებოვანი ლუქები, თუმცა ვინაიდან დასალუქი მასალების რაოდენობა ძალიან დიდია, პროკურატურის ხელთ არსებული რესურსი არ არის საკმარისი არსებული ვითარების აღმოფხვრისთვის. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი მასალების დალუქვის დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურება“, – წერენ შესყიდვების სააგენტოს პროკურატურიდან.
10 ათას ცალ წებოვან ლუქში პროკურატურა „გადაუდებელი აუცილებლობის გამო“ 6 150 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმებაზე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერაბაშვილმა შესყიდვების სააგენტოს წერილობით 2024 წლის 13 ნოემბერს მიმართა.
„შესაბამისი წებოვანი ლუქების შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერის პროცედურებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ მოწოდების განხორციელება მოითხოვს ხანგრძლივ ვადებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს გამოძიების ინტერესებს და საფრთხის წინაშე დააყენებს საქმის ჭეშმარიტი გარემოებების დადგენასა და მართლმსაჯულების აღსრულებას, ხოლო სხვა რესურსი საქართველოს პროკურატურას არ გააჩნია, მოცემული მდგომარეობა ჩვენ მიერ შეფასდა როგორც გადაუდებელი აუცილებლობა…
გთხოვთ მოგვცეთ თანხმობა, რათა გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განვახორციელოთ 10 000 ცალი წებოვანი ლუქის შესყიდვა“, – აღნიშნულია პროკურორის მოადგილის 13 ნოემბრის წერილში.
პროკურატურის ინფორმაციით, „გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა 2024 წლის 5 ნოემბერს. სააგენტოში მომართვის წარდგენამდე განვახორციელეთ ვითარების შესწავლა, გადაუდებელი ვითარების აღმოფხვრის შესაბამისი შესყიდვის ობიექტების მახასიათებლების განსაზღვრა და ბაზრის მოკვლევა.“
საქართველოს პროკურატურამ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაილუქა არჩევნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები.
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ „ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება მძევლად აიყვანა“, – ვინაიდან, მისი თქმით, ხელისუფლებას ამ მონაცემების გაყალბება/შეცვლა შეეძლება, არადა, მათი მეშვეობით, არჩევნების გაყალბების დადასტურება შეიძლებოდა.
ვრცლად: პროკურატურა: დაილუქა არჩევნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები
2026 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არცერთი ბარიერგადალახული პარტია და კოალიცია. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტიც.
ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საქართველოში გრძელდება საპროტესტო აქციებიც.
„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.
„თიბისის მაცნე“ საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია თიბისის ფილიალებში.
გაზეთის მეორე ნომერი სულ ახლახან გამოიცა, რომელშიც თიბისიმ მკითხველს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა და სპეციალურად პროექტისთვის შექმნა თამაში, რომლის გამარჯვებულები ფულადი პრიზით დასაჩუქრდებიან.
თამაშის მიხედვით, გაზეთის ერთ-ერთ გვერდზე, აგროთემატიკის სტიკერები და ამ სტიკერების ჩასაკრავად სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებია განთავსებული. მკითხველმა 7 სახის სხვადასხვა სტიკერი უნდა შეაგროვოს და შეავსოს ცარიელი ადგილები. იმისთვის, რომ გათამაშებაში მონაწილემ შეძლოს ყველა სტიკერის შეგროვება, საჭიროა იპოვოს სხვა გაზეთის მქონე პირი, განსხვავებული სტიკერების კომბინაციით. მონაწილეები ერთმანეთში სტიკერების გაცვლით, მოიპოვებენ შვიდივე საჭირო სტიკერს.
მონაწილეს, რომელიც თიბისის ნებისმიერ ფილიალში წარადგენს გაზეთს შვიდივე შეგროვებული კომპონენტით, გადაეცემა ფულადი პრიზი, 500 ლარის ოდენობით.
„სოლიდარობა ბათუმელ სტუდენტებს“ – როგორ ეხმიანებიან პროტესტს სხვა უნივერსიტეტებიდან
ბათუმში მიმდინარე სტუდენტების საპროტესტო აქციას, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა 14 ნოემბერს დაიწყო, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ფეისბუქზე ეხმიანებიან სტუდენტური ჯგუფები.
პირველი, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმელ სტუდენტებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა იყო. განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი! ვიბრძვით თავისუფლებისთვის! გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმელი სტუდენტების აქციას ეხმიანება და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა.
„ვწუხვართ, რომ სტუდენტებს – დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, რომლებსაც პროფესიული ღირსება ავალდებულებთ მოიქცნენ ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, რომელიც მუდამ ქართული სახელმწიფოს და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების მცველი იყო.
აკადემიური სფერო იქნება ცოცხალი და დამოუკიდებელი, რისთვისაც საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა დავიბრუნოთ ჩვენი არჩევანი. ამ ბრძოლაში თითოეული სტუდენტის ხმა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ბათუმელი სტუდენტების გამბედავი და სამართლიანი პროტესტი განაახლებს ახალგაზრდების შემართებას და საერთო ძალისხმევით საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ – ევროპულ გზას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმელ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფიც.
„კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის სახელით, მხარს ვუჭერთ და უპირობო თანადგომას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სრულუფლებიან და ლეგიტიმურ პროტესტს. მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდება ნებისმიერ სტუდენტურ აქციასა და შეკრებას თითოეული ხმის დასაცავად“ – წერია განცხადებაში.
აქციას ეხმიანება თსსუ-ს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფიც.
„თსსუ-ს სტუდენტური მოძრაობა ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.
შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმელ სტუდენტებს ფეისბუქზე სოლიდარობას უცხადებს ქუთაისელი სტუდენტების ნაწილიც. ფეისბუქგვერდი, Imereti press-ი აქვეყნებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მე-3 კურსის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ვკითხულობთ:
„გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მხარი დავუჭიროთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმებისთვის და საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც აცნობიერებენ სწორ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში“.
ადგილობრივი მედიის, infoimereti.ge-ს ცნობით, დღეს, 15 ნოემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს აანონსებენ.
ფეისბუქზე გავრცელდა განცხადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის სახელითაც:
„სოლიდარობას ვუცხადებთ ბსუ-ს სტუდენტებს, ჩვენ ამ ბრძოლაში მათ გვერდით ვიყავით, ვართ და ვიქნებით“ – წერია განცხადებაში.
- რა ხდება?
14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმა დაიწყო საპროტესტო აქცია. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებასა და ამ პროცესში აკადემიური სფეროს, უნივერსიტეტის ჩართულობას.
სტუდენტები ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს და მოუწოდებენ ყველა თაობის მოქალაქეს, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
14 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. შენობაში არ იყო გათბობა, ორჯერ გაითიშა ელექტროენერგია, მაგრამ სტუდენტებს შენობა არ დაუტოვებიათ.
ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები დღეს, 15 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას აანონსებენ და მოუწოდებენ ყველა თაობას, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
„უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ერთადერთი დემოკრატიული გზა, რომელიც გვქონდა არჩევნების გზით შეგვეცვალა ხელისუფლება, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვიკეტა. „ქართული ოცნების“ პირობებში, ამ ცესკოს პირობებში, ამ სუსის პირობებში, არცერთ შემდეგ არჩევნებს აზრი არ ექნება“ – უთხრა „ბათუმელებს“ მათე ცენტერაძემ, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა.
______________
ფოტოზე: ბათუმელი სტუდენტების ჯგუფი უნივერსიტეტში ღამის გათევის შემდეგ, 15 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“
მიწისძვრა ბათუმში – სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდა იყო
დღეს, 15 ნოემბერს, დაახლოებით 13 საათზე, ბათუმში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში, იყო, სიმძლავრემ 5.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა მთელს საქართველოში.
თურქული მედიის ცნობით, დღეს დილით, თურქეთის დროით 10:46 წუთზე მიწისძვრა დაფიქსირდა მალათიაში, სადაც სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.
___________
მასალა განახლებულია. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველი ცნობებით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო, თუმცა მონაცემები შეიცვალა და შესაძლოა, კვლავ დაზუსტდეს.
გაფიცული სტუდენტები: დღეს ველოდებით მშობლების თაობას, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობას უნივერსიტეტთან
ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები დღეს, 15 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.
სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა გაფიცვა გუშინ, 14 ნოემბერს დაიწყო. სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტში გაათიეს. ახალგაზრდები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობდა „ქართულ ოცნებას“, ხოლო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში პარტიულ ყრილობებზე დადიოდა.
სტუდენტები ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს და ამბობენ, რომ დროა სხვა ახალგაზრდებმაც გაიაზრონ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის აქტიურობა ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად.
„უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, ნინოშვილის ქუჩაზე, შადრევანთან, დღეს, საღამოს 6 საათზე ველოდებით სტუდენტებს. მინდა ყველას ვუთხრა – თქვენი ხმა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ახალგაზრდები ვართ ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვნები და სწორედ ჩვენი ვალია სწორი კურსით წავიყვანოთ ქვეყანა და არ მივცეთ არავის საშუალება მომავალი წაგვართვას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა ქეთი პაქსაძემ.
„დღეს ველოდებით გაფიცული სტუდენტები ჩვენი მშობლების თაობას, ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობას, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ერთად გავაპროტესტოთ ის გაყალბებული არჩევნები და ჩვენთვის წართმეული მომავალი, რომელშიც მთავარი წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.
უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ერთადერთი დემოკრატიული გზა, რომელიც გვქონდა არჩევნების გზით შეგვეცვალა ხელისუფლება, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვიკეტა. უნდა მოვითხოვოთ ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ამ ცესკოს პირობებში, ამ სუსის პირობებში, არცერთ შემდეგ არჩევნებს აზრი არ ექნება, ამიტომ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.
სტუდენტები მოგმართავთ სავარაუდოდ ფანჯრებიდან, რადგან გარეთ რომ გამოვიდეთ სავარაუდოდ უკან აღარ დაგვაბრუნებენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის მონაწილე სტუდენტმა მათე ცენტერაძემ.
საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტთან გაიმართება.
ბათუმელ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს ჯიპას და ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა.
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ნოემბრის 21 საათიდან 16 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით ზოგან, დღისით ყველგან წვიმა, მაღალმთაში თოვა, ელვა-ჭექა, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ზოგან 17-22 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
- დღისით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი; დღისით 4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 ნოემბერს ღამით და დილით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში დღისით თოვა; 18 ნოემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 717 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520]
- ტანკი – 9 330 ერთეული [+11]
- ჯავშანტექნიკა – 18 968 ერთეული [+21]
- საარტილერიო სისტემა – 20 492 ერთეული [+20]
- MLRS – 1 252 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 999 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 886 ერთეული [+34]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 641 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 29 167 ერთეული [+77]
- სპეცტექნიკა – 3 645 ერთეული [+16]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 648 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 35 785 უპილოტო საფრენი აპარატი
- 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 208 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 488 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 17 845 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 28 261 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სოლიდარობა ბათუმელ სტუდენტებს
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ბათუმელ სტუდენტებს. სტუდენტურმა მოძრაობამ განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
„ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სახელით სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და გაყალბების პროცესში მმართველი პარტიის მხრიდან აკადემიური სფეროს გამოყენებას.
ვწუხვართ, რომ სტუდენტებს – დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, რომლებსაც პროფესიული ღირსება ავალდებულებთ მოიქცნენ ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, რომელიც მუდამ ქართული სახელმწიფოს და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების მცველი იყო.
აკადემიური სფერო იქნება ცოცხალი და დამოუკიდებელი, რისთვისაც საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა დავიბრუნოთ ჩვენი არჩევანი. ამ ბრძოლაში თითოეული სტუდენტის ხმა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ბათუმელი სტუდენტების გამბედავი და სამართლიანი პროტესტი განაახლებს ახალგაზრდების შემართებას და საერთო ძალისხმევით საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ – ევროპულ გზას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობაც. სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ბსუ-ს სტუდენტებს.
მხარს ვუჭერთ ბსუ-ს სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმისთვის – „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა
„ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა ეხმიანება დღეს, 14 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამართულ აქციას. სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ბსუ-ს სტუდენტებს.
განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.
შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა!
დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ! მოგიწოდებთ ერთიანობისკენ!
ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი! ვიბრძვით თავისუფლებისთვის! გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს, 14 ნოემბერს ბსუ-ში სტუდენტების ჯგუფი შეიკრიბა. ისინი აცხადებენ, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას. აქციის ორგანიზატორები ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობები, „მარტიანელები“ და „პერსპექტივაა“.
დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებენ ლექციების დროს.
სტუდენტები დღეს ბსუ-ს შენობაში აპირებენ დარჩენას.
______________________
ფოტოზე: ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში. ფოტო: ლინდა ცინცაძე/facebook
„თავშესაფარში ვიყო, თბილ ჩაის დავლევდი საღამოს“ – რა ხდება გერმანულ და ბრიტანულ პანსიონატებში?
„ხელისუფლება იძახის, ეკონომიკა დუღსო. მე, პენსიონერი ქალი, მარტოხელა დედა, შშმ შვილთან ერთად ქუჩაში დამტოვეს, რამდენი ადამიანია კიდევ ქუჩაში ჩემსავით, თავშესაფარსაც კი არ გვაძლევენ“, – ამბობს მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც ბოლო 2 წელია საპროტესტო აქციაზეა და საცხოვრისს ითხოვს.
მას აქეთ, რაც ხელისუფლებამ მაგული ფუტკარაძის და აქციებზე გამოსული სხვა უსახლკაროების პრობლემები არც კი შეისწავლა, პროტესტის ნიშნად უსახლკარო ქალი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ მუყაოს ყუთში ჩაჯდა.
მაგული ფუტკარაძის თქმით, მან ბათუმის მერიაში თავშესაფარიც მოითხოვა:
„მითხრეს, რომ არსებობს მხოლოდ ღამის თავშესაფარი, ღამით დარჩებით და დღისით უნდა წახვიდეთო. სად წავიდე დღისით? სამსახური რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა, საღამოს მივიდოდი თავშესაფარში, ჩემი ოთახი მექნებოდა, თბილ ჩაის დავლევდი შვილთან ერთად საღამოს…

მე მხოლოდ ერთი ოთახი მჭირდება, სადაც ჩემს შვილთან ვიცხოვრებდი. ჩემი შვილი 31 წლისაა, მაგრამ შშმ პირია, მეზღვაური იყო, დაზიანება მიიღო… მე მისი მეურვე ვარ ახლა, სასამართლომ მომანიჭა ეს სტატუსი და ამით დამთავრდა სახელმწიფო.
სტატუსის მონიჭების შემდეგ ჩემი ცხოვრება მხოლოდ უარესობისკენ მიდის. ჩემს შვილს მუშაობა არ შეუძლია, დროულად სჭირდება საჭმელი, მედიკამენტები, მე კი, ქუჩაში ვარ, რამდენი ღამე გავათენეთ აჭარის მთავრობის სახლთან, მაგრამ მხოლოდ ერთჯერადად ფულის მოცემით ცდილობენ ჩვენს გაჩუმებას.
ამ ბოლოს მითხრეს, 3 ათას ლარს მოგცემთ სარეზერვო ფონდიდანო. სულ ესაა მთავრობის ყურადღება…
ერდოღანი რომ ერდოღანია, ისიც არ ტოვებს ხალხს ასე ქუჩაში, როგორც საქართველოშია. მე თვითონ ვნახე იქაური თავშესაფრები, როცა თურქეთში ვმუშაობდი ოჯახში მომვლელად, ცალ-ცალკე ოთახები აქვთ და საერთო მხოლოდ მისაღებია, სამზარეულო, სველი წერტილები.
ეს მინდა მეც – ერთი ოთახი მქონდეს სადმე და თუნდაც 20 კვადრატული მეტრი იყოს, აღარ ვიცი უკვე, სად მაქვს ჩემი ნივთები, ტანსაცმელი.
ეს წამებაა, ეს არაა ცხოვრება. 4 წელია ვწერ განცხადებებს ყველგან და დადებითი პასუხი არცერთი უწყებიდან არ მიმიღია.
უსახლკაროები დავუახლოვდით ერთმანეთს ამასობაში. როცა ნაქირავები მქონდა ბინა და ვახერხებდი ქირის გადახდას, ვინც სოფელში ცხოვრობს, მაგრამ მეწყერსაშიშ ზონაში, ზოგჯერ დაწერდნენ ფეისბუქის საერთო ჯგუფში: ნახეთ რა მაგრად გაწვიმდა, ღამის გათევა ჩვენს სახლში გვეშინიაო. მე ვუწერდი, ჩემთან ჩამოდით, გავშლი პლედებს, იატაკზე დავაფენ და აქ იყავით, მთავარია, სიცოცხლე გადარჩეს-მეთქი.
ასეა, ჩვენს სახელმწიფოში: ისევ ჩვენ ვიზრუნებთ ერთმანეთზე, ადამიანები, თორემ…,“ – ცრემლი ერევა მაგული ფუტკარაძეს.
როგორი პანსიონატები არსებობს საქართველოში ხანდაზმული, მიუსაფარი ადამიანებისთვის და რა მიდგომა აქვთ ამ კუთხით ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში?
გერმანიის მაგალითი: „საქართველოში თუ ოდესმე ასეთი პანსიონატები მოეწყობა, ვერ წარმომიდგენია“
„გერმანიაში, პანსიონატში როცა შემოდის ხანდაზმული, პირველ რიგში, მისი ბიოგრაფია უნდა გავიგოთ: როგორია მისი ცხოვრება, რა უყვარს, რა უხარია, რა სურვილით მოვიდა პანსიონში?“ – ამბობს ნინო დუმბაძე. ის გერმანიაში, მედდის პროგრამაზე სწავლობს. ნინო დუმბაძემ ჩრდილოეთ რაინვესტფალიის მხარეში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში სამთვიანი პრაქტიკა გაიარა. ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს იმაზე, თუ რა ხდება გერმანულ პანსიონატებში.


„ოჯახივით სიტუაციაა პანსიონატში – მყუდრო, ადამიანზე ორიენტირებული. ვერც კი წარმომედგინა, მოხუცზე ამდენი რესურსის დახარჯვა თუ იყო სადმე შესაძლებელი,“ – გვიყვება ნინო დუმბაძე. – „ხდება იმის გარკვევაც, როგორი იყო გარემო ოჯახში, ცდილობენ ისეთივე გარემო შეუქმნან პანსიონატში, მისი პირადი ნივთებიც კი მოაქვთ…
თითოეული ხანდაზმულის შემთხვევაში ცალ-ცალკე განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები მისი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის და ინტერესების შესაბამისად. მაგალითად, საექსპერტო სამსახური განსაზღვრავს, რომელი კატეგორიის სირთულის პაციენტია კონკრეტული ხანდაზმული და რა სახის მკურნალობა, მზრუნველობა სჭირდება. ცხადია, პანსიონატში მოდიან მოხუცებიც, რომლებსაც არაფერი აწუხებთ, მაგრამ მარტოობა აღარ შეუძლიათ და ურჩევნიათ პანსიონატში გადმოსვლა.
ხანდაზმულთან მუშაობს სოცმუშაკი, რომელმაც უნდა შეადგინოს აქტივობების გეგმა: თუ სამზარეულო და ცხობა უყვარს, შეუძლია ეს აკეთოს, თუ მხატვრული ლიტერატურა უყვარს, კითხვის კლუბი არსებობს, სადაც წიგნებს წაიკითხავ, სხვებთან ერთად იმსჯელებ, თუ არ შეგიძლია კითხვა, წაგიკითხავენ. თუ თეატრი უყვარს მოხუცს, სოცმუშაკი მას დაგეგმილ ღონისძიებაზე წაიყვანს…

რაც შეეხება მედდას – ექიმის გარდა, მომვლელებთან ერთად, პანსიონატებში მუშაობენ დიპლომირებული მედდები. აქ მედდა ექიმისგან გამიჯნულია და ის ცალკე თავის დიაგნოზს სვამს: მაგალითად, მედდამ უნდა განსაზღვროს, ხანდაზმულის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რა უნდა იყოს მისი გადაადგილების მაქსიმალური მანძილი დღეში, როცა ადამიანის ფიზიკური უნარები შეზღუდულია, დღეში რა ოდენობით უნდა მიიღოს წყალი და ასე შემდეგ…
ნომერ პირველი ამ ჩამონათვალში არის თავად ხანდაზმულის ადამიანი რესურსი: შესაძლოა, მაგალითად, თავად მას სურს ჩააცვა, წყალი დაუსხა, მაგრამ პერსონალს არ გაქვს ამის უფლება, თუ თავად შეუძლია იმავეს გაკეთება, თავად უნდა გააკეთოს. შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ თავად უნდა გააკეთოს.
მთავარი ფოკუსია ასევე ხანდაზმულის ინტერესების შესაბამისად მოქმედება. ზოგიერთს, მაგალითად, მოხუცს აკითხავდა ოჯახის წევრი, მაგრამ ის ამბობდა, რომ სიმყუდროვე ურჩევნია, არ მსურს შეხვედრაო.
ფიზიოთერაპევტი მუშაობს თითოეულთან, ავარჯიშებენ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ ფიზიკური ძალა, კარგად იკვებონ, გამხიარულდნენ. მოდიან, მაგალითად, პერიოდულად ადამიანები მუსიკალური საკრავებით და სხვადასხვა აღჭურვილობით, რომ მოხუცები გაართონ,“ – გვითხრა ნინო დუმბაძემ.

რა უჯდება გერმანელ ხანდაზმულს პანსიონატში ცხოვრება? – ფასი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა სახის მომსახურება სჭირდება მოხუცს, სად მდებარეობს ეს თავშესაფარი. გერმანიაში დასაქმებულებისთვის სავალდებულოა მოვლის დაზღვევის გადასახადის გადახდა. ამ გადასახადებით სახელმწიფოში მოვლის ფონდი ივსება. როცა უკვე ხანდაზმული ადამიანი მოვლის საჭიროების წინაშე დგება, ის თავად ირჩევს: მომვლელი აიყვანოს, ან ე.წ. შინმოვლის პროგრამით ისარგებლოს, თუ პანსიონატში წავიდეს.
პანსიონატებში ცხოვრების შემთხვევაში, ღირებულების ნაწილი ფონდიდან იფარება, ნაწილს კი, ბენეფიციარი ფარავს. თუ ხანდაზმული სოცდაუცველია, მაშინ სხვა პაკეტები აქტიურდება.
„საშუალო ხარისხის მდგომარეობის შემთხვევაში, თვიური გადასახადი შესაძლოა იყოს 1555 ევრო, აქედან დაახლოებით ნახევარს იხდის სადაზღვევო ფონდი,“ – გვიხსნის ნინო დუმბაძე.
გერმანიის ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნინო დუმბაძე გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას: „სავსეა პანსიონატები, ხალხი რიგშია, როგორც ჩანს, გერმანიაც არ ელოდა ამდენ მოხუცს. თუ 1991 წლის სტატისტიკით გერმანიაში 65 წელს გადაცილებული დაახლოებით 12 მილიონი ხანდაზმული იყო, 2022 წლის მონაცემით, ეს მაჩვენებელი 18,7 მილიონამდეა გაზრდილი, აქედან დაახლოებით 5 მილიონი კი მოვლის საჭიროების მქონეა.
ამ დროისთვის გერმანიაში სულ 800 ათასი ადამიანია 11 680 პანსიონატში. იგრძნობა სახელმწიფოს მიდგომა: სახელმწიფო, პირველ რიგში, ხელს უწყობს ხანდაზმულს საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში დარჩენას და მოვლას,“ – აღნიშნა ნინო დუმბაძემ „ბათუმელებთან“.

- საქართველოში პანსიონატები დეფიციტია, თუ ადგილი მოგიწია, სახელმწიფო დღეში 30 ლარს გადაიხდის: „ეს იგივეა აჭარული ხაჭაპური რომ შეჭამოთ 2 ლარად“
პანსიონატებში არსებული რთული პირობების მიუხედავად, რასაც სახალხო დამცველის ანგარიშიც ადასტურებს, ხანდაზმულები რიგში არიან, მაგალითად, ბათუმში მხოლოდ ღამის თავშესაფრები არსებობს – ერთი მუნიციპალური, მეორე რელიგიური ორგანიზაციის „კათარზისის“ დაფინანსებით, სადღეღამისო ხანდაზმულთა პანსიონატი კი, მხოლოდ საპატრიარქოს აქვს მოწყობილი. ამ პანსიონატს ბათუმის მერია აფინანსებს და რიგია.
„დეფიციტურია ეს დაფინანსება: 30 – 35 ლარი დღეში, 80 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ რაღაცას ჰგავდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ უჩა ვახანია, „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ თავმჯდომარე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკის დოკუმენტი და გეგმა ხანდაზმულების ხანგრძლივი მოვლის კუთხით არ გააჩნია.
საქართველოში არსებობს პანსიონატები, სადაც თვეში მომსახურების ღირებულება დაახლოებით 1000 ლარია. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს დაფინანსება ხარჯს ფარავს. პანსიონატების ნაწილში კი, დღიურად 70-80 ლარია. ამ შემთხვევაში სხვაობა ბენეფიციარმა, ან მისი ოჯახის წევრმა უნდა დაფაროს.
მართალია, საქართველოში ისე დიდხანს ვერ ცოცხლობენ [სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელი], როგორც გერმანიაში [სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელი], თუმცა საქართველოში 65 წელს ზევით მყოფთა სტატისტიკა უკვე 20 %-ს გასცდა.
„ჩვენთან არ არსებობს არანაირი ერთიანი სტანდარტი. არსებობს სახელმწიფოს ორი – თბილისის და ქუთაისის პანსიონატი, ამას გარდა, სახელმწიფო ყიდულობს სერვისს კიდევ 16 სათემო ორგანიზაციიდან, მაგრამ აქედან გულწრფელად რომ გითხრათ, ერთია ნორმალური – გურიაში, ანასეულის ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურება. ეს სახლი იაპონიის გრანტით გაკეთდა თავის დროზე, კარგი მენეჯერი ჰყავს – მარინა თოფურია და გრანტების მოძიებასაც ახერხებს.
სახელმწიფო ნომინალურის დაახლოებით მესამედს აფინანსებს მხოლოდ, ეს იგივეა, აჭარული ხაჭაპური რომ მოგიტანონ სადმე 2 ლარად.
ჩვენი მონაცემებით, დღეს საქართველოში, დაახლოებით 75 ათასი ადამიანია მოვლის საჭიროების მქონე, აქედან სავარაუდოდ 50 ათასს სჭირდება შინმოვლა, 25 ათასი კი, შესაძლოა იყოს პანსიონატში. ჩვენ რეალობაში კი, შინმოვლაშია დაახლოებით 5 ათასი, დაწესებულებებში – 2 ათასი ხანდაზმული.
ჩვენი დიდი ძალისხმევითა და ჩართულობით, პარლამენტმა 2016 წელს მიიღო დაბერების სახელმწიფო კონცეფცია, ასევე მიიღეს 2017 და 2018 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმიდან 65 ამოცანა შესრულდაო, გვითხრეს, მაგრამ არ არის ეს სიმართლე – საპენსიო რეფორმა პარალელურად ისედაც ტარდებოდა.
ახლა საერთოდ გეგმის გარეშე ვართ.
პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რა ტიპის მომსახურებებია საჭირო დაწესებულებებში. ვთქვათ, საავადმყოფოდან გამოწერეს ადამიანი, რეანიმაციაში იყო და გაწერეს სახლში, სად უნდა წავიდეს? რატომ ჰგონია ყველას, რომ ყველამ იცის პოლიტიკა და მოვლა?“ – კითხულობს უჩა ვახანია.
ექსპერტი გვესაუბრება ევროპის ქვეყნების მოდელებზე, სადაც პანსიონატები მოვლის საჭიროების მიხედვით განსხვავებულია: მაგალითად, მხოლოდ პანსიონატში ცხოვრება სჭირდება ხანდაზმულს, თუ სჭირდება მედდა და სამედიცინო კომპონენტი?

„ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით საგრძნობია ის, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. მინახავს სახლები, სადაც დღე-ღამეში გადასახადი 100 ევროდან იწყება, არის 320 ევროც, მაგალითად, შვეიცარიასა და საფრანგეთში. ამ თანხას, ძირითადად, ფარავს სახელმწიფო, მაგრამ ევროპულ სახელმწიფოებს ძალიან უყვართ თანაგადახდა.
სწავლობენ დეკლარაციებს, ვის რა დანაზოგი აქვს. მაგალითად, თუ ხანდაზმულს აქვს დანაზოგი 25 ათასი ევრო, თანაგადახდა შესაძლოა ამ ფულიდანაც. თუ ეს თანხა ჩამოვა 10 ათასამდე, არის სტანდარტი, რომ ამის იქეთ აღარ აქვთ უფლება თანაგადახდა გაგრძელდეს – მინიმუმი ხანდაზმულს საკუთარ ანგარიშზე უნდა დარჩეს.
გერმანიის მოდელი გამორჩეულია: აქ კანონით არის სავალდებულო მოვლის გადასახადის გადახდა, რაც წლიური 1.7 %-დან გაიზარდა 2.05 %-მდე.
მიჩნეულია, რომ ოჯახშია მაინც ყველაზე თერაპიული გარემო. შესაბამისად, პოლიტიკა ფოკუსირებულია იმაზე, რომ ხანდაზმული რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საკუთარ სახლში, თუ ეს შესაძლებელია. გარდა ამისა, ფაქტია, რომ შინმოვლა ბევრად იაფია, ვიდრე მოვლის და ზრუნვის სახლები.
ავსტრიაში, მაგალითად, ასეთი სტანდარტია, თუ ხანდაზმულს დღეში 2.5 საათზე მეტი სჭირდება მოვლა, უნდა გადავიდეს მოსავლელ დაწესებულებაში. არის შექმნილი მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ადგენენ მოვლის სიმძიმეს და ამის შესაბამისად ხანდაზმულს აძლევენ მოვლისთვის საჭირო თანხას. დგება პერსონალური ბიუჯეტი. აქ არსებობს, როგორც ვიცით, არაფორმალური მომვლელების ჩართვაც. სხვათა შორის, ნიდერლანდები, მაგალითად, ახერხებს საკმაოდ მკაცრად გააკონტროლოს ნამდვილად იხარჯება თუ არა ფული მოვლაში, გერმანიაში გაძლევენ ამ ფულს მოვლისთვის, მერე უკვე შენი გადასაწყვეტია…,“ – გვითხრა უჩა ვახანიამ.
ექსპერტის აზრით, როცა მსოფლიოში სწრაფი დაბერების ტენდენციაა და სწრაფად დაბერებადი ქვეყანა გახდაც საქართველოც, ხელისუფლებამ სხვადასხვა ღონისძიება უნდა დაგეგმოს, თუმცა საქართველოში ხელისუფლებას ამ მიმართულებით გეგმაც კი არ აქვს.
საქართველოს ხელისუფლებას არც კითხვებზე პასუხი აქვს. „ბათუმელები“ ხანდაზმულთა პანსიონატების პრობლემაზე სალაპარაკოდ საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი ვერ მივიღეთ.
„მაგალითად, საქართველოში დემენციითაა დაავადებული 30 ათასი ადამიანი, დემენცია, მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად ხანდაზმულებს აწუხებთ. მათ ძირითად შემთხვევებში ვერაფერს სთავაზობს სახელმწიფო… დღეს მსოფლიოში 55 მილიონია დაავადებული დემენციით, 2050 წელს ეს მაჩვენებელი იქნება 120 მილიონი.
ბოლო 100 წელიწადში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაორმაგდა. ევროპის ქვეყნებში 81 წელს გასცდა უკვე საშუალო ასაკი. მოვლის და ზრუნვის სახლები, რომლებზეც ვსაუბრობთ, იქ მიდიან ადამიანები 90, 100 წლის ასაკიდან,“ – დასძინა უჩა ვახანიამ, „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ თავმჯდომარემ.
- სახალხო დამცველი: „ხანდაზმულებს არ მიეწოდებათ მინიმალური სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, ხშირად დისკრიმინაციულ და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში იმყოფებიან…“
ხანდაზმულთა რამდენიმე დაწესებულებაში მონიტორინგი ბოლოს სახალხო დამცველმა 2022 წელს ჩაატარა. ომბუდსმენის შეფასება მკაფიოა, მინიმალურ სტარტის მომსახურებაც კი არ არის იმ დაწესებულებებში, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენო.
ნახეთ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშის ძირითადი მიგნებები:
- ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებული დაწესებულება არ იცნობს ხანდაზმულებზე სახელმწიფო ზრუნვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და თავის მხრივ, არც სამინისტრო ფლობს ინფორმაციას ამ ტიპის დაწესებულე(ბე)ბის თაობაზე, შესაბამისად, არ მოწმდება და კონტროლდება ხანდაზმულთა დაწესებულებების მიერ მინიმალური სტანდარტების შესრულება;
- დაწესებულებების ნაწილი არ არის კეთილმოწყობილი, არ აქვთ ადეკვატური ინფრასტრუქტურა და ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან;
- ხანდაზმულებს არ მიეწოდებათ მინიმალური სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, ხშირად დისკრიმინაციულ და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც მათი უფლებების დარღვევის საფრთხეს შეიცავს და შესაძლებელია გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას;
- დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას;
- დაწესებულებაში ირღვევა კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი, ერთფეროვანი და არასრულფასოვანია. არ არის დაცული საკვების ენერგეტიკული ღირებულებების ბალანსი;
- მონიტორინგის შედეგად შემოწმებულ დაწესებულებებში ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე, მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე სერვისის მიმწოდებელთა ძალადობის სამართლებრივი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნის დონე უკიდურესად დაბალია. ბენეფიციარების ძირითადი ნაწილი ინფორმირებული არ არის საკუთარი უფლებების შესახებ;
- ხანდაზმულთა სათემო სერვისებში გათვალისწინებული არ არის ხანდაზმული ასაკის ბენეფიციართა ფსიქიატრიული მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ექცევა სათანადო ყურადღება, არ არის დანერგილი ხანდაზმული ბენეფიციარის ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგული კვლევის და სტრესის დაძლევაზე, კოგნიტიური, სოციალური და ყოფითი უნარ-ჩვევების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული ფსიქოსოციალური ინტერვენციების პრაქტიკა.
- ხანდაზმული ბენეფიციარების ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვა არ ხდება სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით. არ აქვთ შემუშავებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის შიდა რეგულაციები, არ ჰყავთ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებში შესაბამისი შტატი და სტანდარტების შესაბამისად არ ხდება ძალადობის შემთხვევების ამოცნობა და რეგისტრირება;
- ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებზე ზრუნვა ძირითადად ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ხანდაზმულთა პანსიონატებში არ უნდა ირიცხებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარები, ბენეფიციართა შორის მაღალია ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ბენეფიციართა სიხშირე;
- ხანდაზმულთა დაწესებულებებში დაბალია ბენეფიციართა ინფორმირებულობის დონე მათი უფლებების შესახებ
- როგორ უვლიან მოხუცებს დიდ ბრიტანეთში?
როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები პანსიონატებში – ამ მიმართულებით კვლევა 2023 წელს ჩაუტარებია „ჯანმრთელობის დაცვის და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრს“. კვლევის „ხანდაზმულთა სახლების, მომსახურების ბაზრის კვლევა საქართველოში“ მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 80 ათას ადამიანს სჭირდება ხანგრძლივი მოვლა.
„ხანდაზმულთა რეზიდენტულ დაწესებულებებს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ხანდაზმულთა სპეციალიზებული
დაწესებულებები – ხანდაზმულთა პანსიონატები და სათემო ორგანიზაციები. პანსიონატები [თბილისის და ქუთაისის] უფრო ე.წ. საექთნო სახლებს შეესაბამება, ხოლო სათემო ორგანიზაციები შეესაბამება მხარდაჭერილ საცხოვრისებს.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული დაწესებულებების პარალელურად ფუნქციონირებს რამდენიმე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ხანდაზმულთა რეზიდენტული დაწესებულება, ასევე, რამდენიმე არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომელთა ნაწილი შეიძლება ფინანსდებოდეს რელიგიური და/ან საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ, ნაწილი კი ბენეფიციართა დაფინანსებით,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევაში ნახავთ დიდი ბრიტანეთის პრაქტიკას:
„საინტერესო დიდი ბრიტანეთის მაგალითიც, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების კუთხით. დიდ ბრიტანეთში ორი ტიპის სახლები არსებობს: საექთნო სახლები და რეზიდენტული დაწესებულებები. ზოგიერთი სახლი ორივე ტიპს აკმაყოფილებს და სთავაზობს როგორც საცხოვრებელ, ასევე საექთნო მოვლას. სახლებს მართავენ კერძო კომპანიები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, ან ზოგჯერ ადგილობრივი საბჭოები.
ხანდაზმულთა სახლები გაერთიანებულ სამეფოში უზრუნველყოფენ ზრუნვას და დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ საექთნო და პერსონალური ზრუნვა მთელი დღე-ღამის განმავლობაში რთული სამედიცინო მდგომარეობის, ხანდაზმულობის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ეს დაწესებულებები შექმნილია ბენეფიციარების სპეციფიკური სამედიცინო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
საექთნო სახლები სთავაზობენ მაღალი დონის მოვლას საცხოვრებელ სახლთან შედარებით. საექთნო სახლები უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების ბაზისურ სერვისებს, კერძოდ მედიკამენტების მიცემას, ნაწოლების მოვლას და სხვა საექთნო ჩარევებს.
ხანდაზმულთა სახლებს, როგორც წესი, აქვთ უფრო მაღალი თანაფარდობა პერსონალისა და რეზიდენტის მიმართ, ვიდრე შინ მოვლის დროს არის. ეს იმიტომ ხდება, რომ ხანდაზმულთა სახლებში ბენეფიციარებს ხშირად აქვთ უფრო რთული სამედიცინო საჭიროებები, რომლებიც მოითხოვს კვალიფიციურ საექთნო ზრუნვას. საექთნო პერსონალი, მათ შორის რეგისტრირებული ექთნები და ექთნის თანაშემწეები, გადამწყვეტ როლს თამაშობენ ზრუნვაში და მოვლაში.
ხანდაზმულთა სახლები სთავაზობენ ბენეფიციარებს კეთილმოწყობილ გარემოს და მაღალი დონის მომსახურებას, მათ შორის კარგად არის მოწყობილი სასადილო კუთხე, სარეაბილიტაციო ოთახები და სოციალური აქტივობებისათვის სივრცეები. ამის მიზანია მაცხოვრებლებისთვის კომფორტული და მხარდამჭერი გარემოს შექმნა.
ხანდაზმულთა სახლში მოხვედრამდე მოხუცები ჩვეულებრივ გადიან საფუძვლიან შეფასებას მათი მოვლის საჭიროებების დასადგენად. ეს შეფასება ეხმარება ბენეფიციარს, რომ მასზე მორგებული სერვისები მიიღოს და დაწესებულებამ უზრუნველყოს სათანადო დონის მოვლა.

სახელმწიფო მარეგულირებელი – CQC ყოველწლიურად აქვეყნებს სახლების რეიტინგს [არა ადეკვატური; გაუმჯობესებას საჭიროებს; კარგი; გამორჩეული], რათა დაეხმაროს
მზრუნველობის მაძიებლებს შეადარონ სახლების მომსახურება და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
რაც შეეხება პერსონალს, დიდ ბრიტანეთში არ არსებობს თანაფარდობა, ან რაიმე სახის კონკრეტული რეკომენდაცია, მოთხოვნა ბენეფიციარების რაოდენობის ერთ პერსონალზე. მთავარია დაკმაყოფილებული იყოს CQC-ის ძირითადი მოთხოვნები.
დიდ ბრიტანეთში არსებობს Care UK პროვაიდერების დიდი ქსელი 40 წლიანი გამოცდილებით, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმულების მოვლას. Care UK-ში ყველა ბენეფიციარს ეპყრობიან ინდივიდუალურად, რათა მათ შეძლონ იცხოვრონ სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრებით.
ხანდაზმულთა სახლებს აქვთ კარგი ინფრასტრუქტურა, ელეგანტური ავეჯი, სველი წერტილები, ლუქსი ოთახები და ექთნების 24-საათიანი სისტემა. ბევრი ოთახი გადაჰყურებს ბაღს, ხოლო პირველ სართულზე მდებარე ოთახებს აქვთ კარები, რომლებიც პირდაპირ ბაღში გადის.
„მოხუცები ამბობენ, რომ მათ უნდათ სახლი და სახლის მსგავსი გარემო, შესაბამისად ამას ვთავაზობთ. დაწესებულებაში ასევე გვაქვს პაბი, რომელიც არის ცენტრი და გამოიყენება ყველაფრისთვის, მათ შორის ტესტირებისათვის, კარაოკესთვის.“
ყველანაირი ინფორმაცია დაწესებულებების შესახებ არის გამჭვირვალე. ასევე ხანდაზმულთა სახლი სთავაზობს განსხვავებულ სერვისებს, როგორიცაა სილამაზის სალონი, იოგას ოთახი, ბაღი, ასევე დამატებითი სამედიცინო სერვისები: ქიროპოდია, ალტერნატიული თერაპია, დენტისტი, ნამასტე, აფთიაქი, მეტყველების თერაპია.
ბრიტანეთში დიდი ყურადღება ექცევა ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვას, რომელიც გულისხმობს ადამიანების ღირსეულად და პატივისცემით მოპყრობას, ასევე მათი გამოცდილების მოსმენას და მომავლის მიზნების დასახვას. ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა ეხმარება მათ იცხოვრონ უფრო სრულფასოვანი ცხოვრებით:
- მოვუსმინოთ მოხუცების სურვილებსა და მიზნებს და დავახმაროთ მათ რეალიზაციაში.
- მოხუცების ცხოვრებისეული ისტორიების ჩაწერა ისტორიების წიგნებში და მიმდინარე აქტივობების მორგება და შეთავაზება მათ სასურველ გართობებთან და გატაცებებთან.
- ჭამის დროს არჩევანის შეთავაზება, მათ შორის თეფშების მიწოდება დემენციით დაავადებული ადამიანისათვის, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.
- გარკვეული რისკების გამოყენება მოხუცების დასახმარებლად და წასახალისებლად, რომ იცხოვრონ რაც შეიძლება დამოუკიდებლად.
- სივრცეების უზრუნველყოფა, სადაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ სოციალიზაცია ან დასვენება დამოუკიდებლად, მათი სურვილებიდან გამომდინარე.
- მაცხოვრებლების წახალისება, შეასრულონ ყოველდღიური დავალებები, როგორიცაა ბაღის მოვლა.
- ოჯახები ასევე დიდ როლს ასრულებენ ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვაში, რომელსაც დაწესებულება სთავაზობს ხანდაზმულებს. დაწესებულების გუნდები მუშაობენ ოჯახებთან ერთად, რათა უკეთ გაიცნონ მოხუცები და უზრუნველყონ სრულფასოვანი ზრუნვა, რომელიც ორიენტირებულია მათ საჭიროებებსა და სურვილებზე. ბევრი ხანდაზმულთა დაწესებულება უზრუნველყოფს ღონისძიებებს, რომლებიც განკუთვნილია ოჯახის წევრებისათვის და ახლობლებისათვის.
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებს სხვადასხვა ფასი აქვთ ინგლისში. კერძოდ ინგლისში ხანდაზმულთა სახლის საშუალო ყოველკვირეული ღირებულება 2022/23 წლებში იყო 785 ფუნტი [2650 ლარი], ხოლო საექთნო სახლში საშუალო გადასახადი იყო 1045 ფუნტი კვირაში, ზოგან არის 800 ფუნტი კვირაში.
თუმცა ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და ხანდაზმულის საჭიროებებზე. ინგლისში, თუ მოქალაქის კაპიტალი აღემატება 23,250 ფუნტს, მაშინ სრულად უნდა გადაიხადოს თავისი მოვლის საფასური. თუ კაპიტალი ამ მაჩვენებლის ქვემოთაა, შესაძლოა მიიღოს დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისგან, მაგრამ ბენეფიციარს მოუწევს გარკვეული თანხა თავად დაფაროს.
ხანდაზმულთა სახლში ყოფნის ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, როგორიცაა დაწესებულების მდებარეობა, მოვლის საჭირო დონე და სხვა. ამასთან, დაწესებულებებს აქვთ თავიანთი ტარიფები. ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკურმა პირებმა შეიძლება მიიღონ ფინანსური დახმარება მთავრობისგან ხარჯების დასაფარად.
___
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.
250 ლარით დაწყებული ბიზნესი – მეწარმე, რომელმაც ხილის საშრობი დანადგარი შექმნა
„ბიზნესი 250 ლარით დავიწყე. ამ თანხაში მომივიდა კუთხსახეხი და სახრახნისი. მეორადი მასალებით ავაწყვე პირველი დანადგარი და მისი რეალიზაციით მიღებული თანხით ახალი მასალების შეძენა და საქმის გაგრძელება შევძელი“ – ამბობს ბადრი ციქუბაძე, რომელსაც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარების საწარმო აქვს.

„ენლილის“ დანადგარები ჩირის, ტყლაპის, ჩურჩხელისა და ჩაის დასამზადებლად გამოიყენება. კომპანიის ისტორია 2020 წელს დაიწყო. ამ დროს ბადრიმ ხილის გადამუშავება დაიწყო, თუმცა აღმოაჩინა, რომ საჭირო ინვენტარი საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა:
„ჩემი საინჟინრო ცოდნიდან გამომდინარე, ვიფიქრე ქართული წარმოების აპარატის დამზადება მეცადა და ექსპერიმენტმა გაამართლა. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბაზრისთვისაც შეგვეთავაზებინა ეს პირველი მოდელი, რომელსაც „ენლილი – 1“ დავარქვი,“ – გვიამბობს მეწარმე.

კომპანიის სახელი შუმერული მითოლოგიიდან მოდის. ენლილი ჰაერის ღმერთად ითვლებოდა. სწორედ ცივი და ცხელი ჰაერის დაქროლის პრინციპით მუშაობს „ენლილის“ საშრობი აპარატებიც.
აპარატი მულტიფუნქციურია და გამოიყენება როგორც ხილის და ბოსტნეულის, ასევე ტყლაპის და ბოსტნეულის გასაშრობად.
„ჩურჩხელას საშუალოდ 8-10 საათში აშრობს. ჩირის შემთხვევაში, გააჩნია ხილს. ყველა სახის ხილს თავისი დრო აქვს. მაგალითად, ქლიავს 12-14 საათი ჭირდება“, – ამბობს ბადრი ციქუბაძე.
საქართველოში ძალიან პოპულარულია კარალიოკისა და ხურმის ჩირი, რომელსაც გამოსაშრობად აივნებზე თვეების განმავლობაში ფენენ. მეწარმის თქმით, ამ დროს ხილს მწერები ესევიან, მასზე ხვდება მტვერი და სოკოვანი სპორები, რომელიც ჭამის შემდეგ ჩვენს ორგანიზმში გადაინაცვლებს:
„ჩვენი აპარატების გამოყენებისას ეს ყველაფერი გამორიცხულია. ის ამცირებს ხილის ჩირად გარდაქმნის პროცესს, მიღებული პროდუქტი არის სუფთა და ობის სოკოსაც არ შეიცავს“.

„ენლილი“ ამჟამად შვიდ ადამიანს ასაქმებს. საშრობი აპარატების დიზაინი კომპანიის მიერაა შემუშავებული. დანადგარის თაროები შეუწამლავი ხისგან და პოლიესტერის ბადეებისგანაა დამზადებული.
„ეს შემდეგ სარგებელს გვაძლევს: აპარატს გააჩნია ტენის გამტანი ძლიერი სისტემა და არ იკეთებს კონდენსატს, რაც ძირითადი პრობლემაა ხოლმე საშრობ აპარატებში“, – ამბობს მეწარმე.
„ენლილს“ ამჟამად საშრობი აპარატების სამი მოდელი გააჩნია, 30, 70 და 100კილოგრამიანი. ამჟამად კომპანია განახლებად ენერგიაზე მომუშავე მოდელზე მუშაობს:
„დანადგარებს ძირითადად საქართველოს ბაზარზე ვყიდით. ახლა ვამზადებთ 250 კილოგრამიან პროტოტიპს, რომელიც 100 პროცენტით მზის ენერგიაზე იმუშავებს. საკმაოდ ინოვაციურია მსოფლიო ბაზრისთვის და საინტერესო საექსპორტო მოდელი იქნება“, – აღნიშნავს ბადრი ციქუბაძე.
ბიზნესის საწყის ეტაპზე „ენლილი“ ავტოფარეხში იყო განთავსებული, რადგან კომპანიას საწარმოს ასაშენებლად ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. მოგვიანებით კომპანიამ დევნილთა სააგენტოდან 6 000-ლარიანი გრანტი მიიღო. რის შემდეგაც „მერსი ქორფსის“ თანადაფინანსების პროგრამაშიც ჩაერთო.

„მერსი ქორფსი“, საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, შექმნან უსაფრთხო და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქონ ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. ეს ორგანიზაცია საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს.
„საკმაოდ ხელმომჭირნედ ვმუშაობდით საწყის ეტაპზე. შემდეგ დევნილთა სააგენტოს გრანტით რამდენიმე დანადგარი მივიღეთ. მოგვიანებით „მერსი ქორფსი“ შემოვიდა თანადაფინანსებით ჩვენს პროექტში და შევძელით, რომ ჩვენითვე გაგვეგრძელებინა საქმიანობა“, – ამბობს მეწარმე.

მისივე თქმით, მსგავსი საგრანტო პროექტები და საწარმოების არსებობს რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესია:
„დამწყები მეწარმეებისთვის აუცილებელია მხარდამჭერი პროექტების არსებობა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რადგან ადამიანებს არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობები, რომ საკუთარი ინვესტიციით წამოიწყოს ბიზნესი“ – ამბობს ბადრი ციქუბაძე.

რა როლი აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს ქართულ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათ გაძლიერებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომზადებული აქვს 2021-2025 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია. ამ სტრატეგიის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 2019-2020 წელს ეკონომიკაში შემდეგია:

სტრატეგიის თანახმად, ამ წლებისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია:
- საკანონმდებლო დახვეწა, ინსტიტუციური გაძლიერება და ოპერაციული გარემოს გაუმჯობესება მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის;
- მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარებისა და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა;
- ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- მცირე და საშუალო საწარმოთა ექსპორტის ზრდის, ბაზარზე წვდომისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
- ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების, კვლევისა და განვითარების ხელშეწყობა მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის;
- ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;
- მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებებით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს ეკონომიკაში წამყვანი როლი აქვს:
„გადახდილი გადასახადებისა და დასაქმების რაოდენობის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესზე წილი 80 პროცენტია. მცირე და საშუალო ბიზნესი როცა იზრდება, იზრდება დასაქმების მაჩვენებელი. როცა დასაქმება იზრდება, იზრდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და ეს ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი ბიძგია.
მაგალითად, ბოლო 5 წელში 60 ათასი ადამიანია დასაქმებული მცირე და საშუალო ბიზნესში“- ამბობს მიხეილ ჭელიძე.
მიხეილ ჭელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ბიზნესის განვითარებაში დიდ როლი აქვს მიზნობრივ საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს:
„მცირე ბიზნესისთვის, ქალი მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფონდების დახმარება. არსებობს ბევრი სახის მიზნობრივი პროგრამები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ და მათ მნიშვნელოვანი წილი აქვთ საწარმოების განვითარებაში. ასევე, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშიც“ ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს მიხეილ ჭელიძე.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.
ქვესადგურში ხანძრის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე დენი გაითიშა – როდის აღდგება მიწოდება
ბათუმში, ქვესადგურ „ბათუმი 2“-ში მომხდარი ხანძრის გამო რამდენიმე საათია რაც ასობით აბონენტს დენი არ მიეწოდება.
დენის მიწოდება შეწყვეტილია ნაწილობრივ ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ორბელიანისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე დენი არ მიეწოდება ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ზუსტი დრო, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, კომპანიაში ვერ გვითხრეს.
„მაქსიმალურად ვცდილობთ მალე აღვადგინოთ. ჩართულია ყველა საჭირო ტექნიკური ჯგუფი. ამასთან, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზიც უცნობია და მიმდინარეობს მოკვლევა“, – გვითხრეს „ენერგო-პროში“.
ორბელიანის ქუჩაზე [ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში] მდებარე მაღალი ძაბვის ელექტრო-ქვესადგურში ხანძარი დღეს, 14 ნოემბერს, დაახლოებით დღის 2 საათისთვის გაჩნდა.
განახლება: „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მოგვიანებით მოგვწერეს, რომ ხანძრის შედეგად „საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანია. ამ ეტაპზე აბონენტების უმრავლესობას , რომელიც აღნიშნული ქვესადგურიდან მარაგდება ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება, მაგრამ დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე დღეს [14 ნოემბერს] სრულად აღდგენა შეუძლებელია. სავარუდოდ გამორთული დარჩება 450-მდე აბონენტი ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
ცეცხლის გაჩენისთანავე რეაგირება ოპერატიულად მოხდა. ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში მოხერხდა, თუმცა ტექნიკური ნაწილების დაზიანება მაინც გამოწვია. ხანძრის გამო არავინ დაშავებულა.“



ISW: რუსეთის მიზანი უცვლელია – კვლავ სურს უკრაინის სრული კაპიტულაცია
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის 13 ნოემბრის მიმოხილვაში წერს, რომ კრემლი ცდილობს, აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე დააყენოს მოთხოვნები უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.
„ის, რომ კრემლი ცდილობს მოლაპარაკებების პირობების დადგენას, მიანიშნებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება და კვლავ უკრაინის სრულ კაპიტულაციას უტოლდება“, – წერს ISW-ი ბოლო მიმოხილვაში.
ISW-ს მკვლევრების აზრით, კრემლი, როგორც ჩანს, არ არის მზად ტრამპის ახალ გუნდთან უფრო დიდი დათმობებისათვის, ვიდრე ეს ბაიდენის ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო.
ანალიტიკოსები მიუთითებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას 13 ნოემბრის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს „დასავლელი ოფიციალური პირები იტყუებიან, რომ ისინი ინტერესდებიან უკრაინაში მშვიდობით. ზახაროვას თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთი შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
ISW-ს თანახმად, ზახაროვას განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი აგრძელებს მტკიცებას – დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო დახმარება, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობა.
ანგარიშში ასევე მოყვანილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 13 ნოემბრის განცხადება იმის შესახებ, რომ ტრამპის პრეზიდენტობა ძირეულად არ შეცვლის აშშ-ს პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით და რომ ნებისმიერი წინადადება ფრონტის ხაზის გაყინვის შესახებ „კიდევ უარესია“, ვიდრე რუსეთისთვის ხელსაყრელი მინსკის შეთანხმება, რომელსაც მოჰყვა რუსეთის პირველი შეჭრა უკრაინაში 2014 წელს.
„ლავროვის უარყოფა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გაყინვის პოტენციურ წინადადებაზე კიდევ უფრო მიუთითებს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებში მისი მიდგომისა და მოთხოვნების შერბილებით და ინარჩუნებს უკრაინის კაპიტულაციის მიზანს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის ივნისში მკაფიოდ გამოაცხადა“, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, 18 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება.
სააგენტოს ცნობით:
თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს შედარებით აგრილდება, გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს აცივდება და ზოგან მოთოვს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან თოვლი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
__________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოვლინდა.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში.
91 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 58 – შიდა ქართლში, 46 – მცხეთა-მთიანეთში, 37 – ქვემო ქართლში, 35 – გურიაში, 12 – კახეთში, ასევე 12 – სამცხე-ჯავახეთში, 7 – აჭარაში, 2 კი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ნადირობის 4 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.
სამართალდარღვევებიდან 382 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 18 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 381 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.
____________
ფოტო: pixels
20%-იანი ფასდაკლება „ბექას სკოლის“ კორპორაციულ ინგლისურის კურსებზე
თანამედროვე კომპანიებისთვის თანამშრომლების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ გუნდის კმაყოფილებაზე, არამედ კომპანიის წარმატებაზეც. ინგლისური ენის ცოდნა კი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას. სწორედ ამ საჭიროებაზეა მორგებული „ბექას სკოლის“ კორპორაციული სერვისი, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე დამკვეთებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი.
„ბექას სკოლის“ შესახებ
„ბექას სკოლა“ 2016 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინგლისური ენის ცენტრს, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებში, ასევე კომპანიებს შორის. წელს სკოლამ უკვე საკუთარი ინგლისურის გრამატიკის საავტორო სახელმძღვანელოების სერიაც გამოსცა.
სკოლას 25-ზე მეტი მასწავლებელი ჰყავს ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან, რომლებიც 8 წლის განმავლობაში უკვე 14,000-ზე მეტ სტუდენტს დაეხმარნენ თანამედროვე გამოყენებითი ინგლისური ენის დაუფლებაში.
კორპორაციული სერვისი და პარტნიორობა
სკოლა თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დაეხმაროს მათ თანამშრომლებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში. “ბექას სკოლის” კორპორაციული შეთავაზება მოიცავს კურსების ფართო სპექტრს, რომლებიც მორგებულია ქართველი სტუდენტების საჭიროებებზე და ეფუძნება თანამედროვე მიდგომებს.
ამ სერვისით უკვე სარგებლობს 50-ზე მეტი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, მათ შორის არიან – საქართველოს ბანკი, McDonald’s, რადიო თავისუფლება, TBC ბანკი, UNDP და სხვა.

სწავლების მეთოდოლოგია და პროცესი
კორპორაციული კურსები მიზნად ისახავს თანამედროვე გამოყენებითი ინგლისური ენის სწავლებას, რაც გულისხმობს კომპანიის თანამშრომლებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესებას და რეალური კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
- კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყებამდე, „ბექას სკოლა“ სწავლობს ორგანიზაციის მოთხოვნებს და სთავაზობს მასზე მორგებულ კურსს.
- „ბექას სკოლა“ უზრუნველყოფს კურსების ადაპტაციას კომპანიების საჭიროებებზე. სურვილის შემთხვევაში, გუნდისთვის იქმნება სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას და “ქეისებს”. კურსის განმავლობაში, ფოკუსირება ხდება ენის იმ ასპექტებზე, რაც კომპანიის თანამშრომლებისთვის არის პრიორიტეტული.
- სასწავლო პროცესი მოქნილია და სრულად მორგებულია დამკვეთის მოთხოვნებს: გაკვეთილების დრო, ხანგრძლივობა და შინაარსი განისაზღვრება კომპანიის სურვილის და საჭიროებების მიხედვით, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები და კურსის ადაპტაცია ასევე შესაძლებელია სწავლების პროცესშიც, თუ ახალი საჭიროებები გამოიკვეთა. იგივე მიდგომა ვრცელდება დასვენების პერიოდებზე – კომპანიასთან შეთანხმებით განისაზღვრება სასწავლო და დასვენების დღეები.
- სწავლება შესაძლებელია როგორც კომპანიის ოფისში, ასევე ონლაინ ფორმატში. ძირითადად, კომპანიები ონლაინ ფორმატს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ის მეტ მოქნილობას სთავაზობს თანამშრომლებს, განსაკუთრებით შვებულებების პერიოდში.
- კურსის დაწყებამდე, მოსწავლეების ცოდნის დონე ფასდება “ბექას სკოლის” ენის ცოდნის დასადგენი უფასო ტესტით და ინდივიდუალური ინტერვიუთი. კურსის განმავლობაში, მასწავლებლისგან ყოველთვიურად გაიცემა რეკომენდაციები და პროგრესის ამსახველი რეპორი თითოეულ თანამშრომელზე. ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პროგრესის შეფასება და უკუკავშირი
„ბექას სკოლა“ რეგულარულად აწვდის უკუკავშირს კომპანიის მენეჯმენტს თანამშრომლების პროგრესის შესახებ. ყოველი თვის ბოლოს, მასწავლებელი ქმნის თანამშრომლების ინდივიდუალურ რეპორტს, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს აჩვენებს თანამშრომლების პროგრესს და გაკვეთილებზე დასწრების მონაცემებს.
ასევე, მოსწავლეებს ეგზავნებათ ანონიმური უკუკავშირის ფორმა, სადაც შეუძლიათ გამოხატონ თავისი აზრი და მიაწოდონ სკოლას უკუკავშირი სასწავლო პროცესზე, მასწავლებელზე, მასალებზე და ა.შ.
მუდმივი უკუკავშირი მენეჯმენტთან და სტუდენტებთან იძლევა საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში, დროულად იქნას შეტანილი ცვლილებები სასწავლო პროცესში, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

ყველაზე მოთხოვნადი კურსები
„ბექას სკოლაში“ ყველაზე პოპულარული კურსებია – ზოგადი ინგლისურის და სასაუბრო კურსები.
ზოგადი ინგლისურის კურსი სკოლის ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც მოიცავს ენის ყველა კომპონენტს – speaking, listening, reading, writing, grammar, vocabulary. ხოლო, სასაუბრო კურსი უფრო მეტად საუბრის და მოსმენის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და უცხოელ მასწავლებელთან მუშაობის შედეგად ეხმარება მოსწავლეებს პასიური ცოდნის გააქტიურებაში და საუბრის კომპლექსების მოხსნაში.
ასევე, კომპანიების მხრიდან ხშირადა არის ინტერესი – ბიზნეს ინგლისურის, ბიზნეს სასაუბრო ინგლისურის, ან კონკრეტული სფეროზე ფოკუსირებულ ინგლისურის კურსებზე, როგორიცაა – სამშენებლო, ფინანსური, IT ინგლისური და სხვა. “ბექას სკოლა” ამ მოთხოვნებსაც მარტივად აკმაყოფილებს და დამკვეთს მისი ინდუსტრიის შესაფერის სასწავლო მასალებს და კურიკულუმს სთავაზობს.

სწავლების პროცესი და მასწავლებლები
„ბექას სკოლა“ აერთიანებს 25-ზე მეტ ქართველ და უცხოელ (native speaker) მასწავლებელს, რომელთა უმეტესობა ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელია. დამწყებ დონეებს ქართველი მასწავლებელი ასწავლის, ხოლო უფრო მაღალ დონეებს – უცხოელი (native speaker) მასწავლებელი.
განსაკუთრებული შეთავაზება
დროის ათვლა დაიწყო! 2024 წლის 31 დეკემბრამდე, „ბექას სკოლა“ სთავაზობს კომპანიებს 20%-იან ფასდაკლებას კორპორაციულ სერვისზე. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, განავითაროთ თქვენი გუნდი და უზრუნველყოთ მათთვის მაღალი ხარისხის, თანამედროვე ინგლისური ენის კურსები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 716 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690]
- ტანკი – 9 319 ერთეული [+19]
- ჯავშანტექნიკა – 18 947 ერთეული [+51]
- საარტილერიო სისტემა – 20 472 ერთეული [+64]
- MLRS – 1 252 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 997 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 852 ერთეული [+54]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 640 ერთეული [+4]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 29 090 ერთეული [+124]
- სპეცტექნიკა – 3 629 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 648 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 35 622 უპილოტო საფრენი აპარატი
- 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 176 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 487 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 17 723 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 28 182 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„უკრაინას მნიშვნელოვანი კოზირი აქვს მოლაპარაკების დაწყების წინ“ – ინტერვიუ გენერალთან
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
რუსეთის დროშა ოზურგეთში – კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ფოტოშოფია
ოზურგეთში, სოფელ მერიაში, „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში სხვადასხვა ქვეყნის დროშასთან ერთად ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშაა აღმართული.
ფოტო და ვიდეო, რომლებზეც შენობის წინ მოფრიალე რუსეთის დროშა ჩანს, მოქალაქემ კვირას, 10 ნოემბერს გადაიღო და „ბათუმელებს“ მოაწოდა.
შენობა, რომლის ეზოშიც ოკუპანტი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ამჟამად შპს „სანეს“ ეკუთვნის და ის იჯარით აქვს აღებული შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფს“.
12 841 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს 2023 წლამდე სახელმწიფო ფლობდა და მასში შპს „აგროსერვის ცენტრის“ ოზურგეთის სერვის ცენტრი იყო განთავსებული. სახელმწიფო ქონებას თავდაპირველად 866 276 ლარად ჰყიდდა, თუმცა ბოლო აუქციონზე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები 519765 ლარად იყო გამოტანილი. საბოლოოდ ქონება 689 765 ლარად გაიყიდა და მისი მესაკუთრე რეესტრის მიხედვით კომპანია „ს მოტორსი“ გახდა.
სახელმწიფომ კუთვნილი შენობა უპირობოდ გაყიდა.
ქონების ამჟამინდელი მფლობელის, კომპანია „სანეს“ იურისტი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მდებარე მათი კუთვნილი შენობა ამჟამად იჯარითაა გაცემული და კომპანია „სანეს“ ოკუპანტი ქვეყნის დროშის აღმართვასთან არაფერი აკავშირებს.
„კომპანიას უამრავი საიჯარო ხელშეკრულება აქვს. ამ შემთხვევაში ეს შენობაც იჯარითაა გაცემული და იქ დროშების აღმართვასთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შპს „სანეს“ იურისტმა, შოთა სონიშვილმა.
„ბათუმელებმა“ გამოარკვია, რომ სოფელ მერიაში მდებარე შენობა, რომლის წინაც მოიჯარემ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშა აღმართა, შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფს“ აქვს იჯარით აღებული.
შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფში“ წილებს სამი პირი ფლობს. კომპანიის 45 %-იანი წილი ეკუთვნის გიგა მახარაძეს, ასევე 45 % ეკუთვნის გრიგოლ აბრალავას, ხოლო 10 %-იანი წილის მფლობელი გივი ჩიქოვანია.
დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას გიგა მახარაძე და გრიგოლ აბრალავა ერთობლივად მართავენ.
კომპანიის წესდების მიხედვით, „გიბერია ბიზნეს ჯგუფი“ ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს.
„ბათუმელები“ ესაუბრა „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ წარმომადგენელს, ვინმე ჯეკოს (საკუთარი გვარის თქმაზე მან უარი განაცხადა), რომელმაც უარყო „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში რუსული დროშის აღმართვის ფაქტი და გვითხრა, რომ ფოტო და ვიდეო, რომლებიც საწარმოს ეზოში რუსული დროშის არსებობას ადასტურებდა, ფოტოშოფია.
„აბსურდია. თუ გინდათ თქვენი თვალით ნახეთ, ფოტოშოფია ალბათ,“ – გვითხრა მან.
„ბათუმელებმა“ მას განუმარტა, რომ ფოტო და ვიდეო ნამდვილი იყო და ის კვირას, 10 ნოემბერს იყო გადაღებული. კომპანიის წარმომადგენელს ვთხოვეთ, იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთის დროშა აღარ იყო აღმართული შენობის ეზოში, გამოეგზავნა ფოტო, რომელზეც შენობა და დროშები იქნებოდა ასახული.
„თქვენი „ზადაჩებისთვის“ ვაფშე არ მცალია. მაგზავნი საღაცა სურათი გადამიღე და გამომიგზავნეო, თავი ვინ გგონია შენ,“ – ასეთი იყო მოიჯარის წარმომადგენლის პასუხი „ბათუმელების“ თხოვნაზე.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც 12 წამია, უწყვეტი კადრია და მასზე ჩანს, რომ „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის წინ ნამდვილად არის აღმართული ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშა.
ხილის საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩირს, ბადაგსა და წვენებს აწარმოებენ
„საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში ვცხოვრობთ. აქ ინვესტიციის ჩადებამდე ბევრი მეუბნებოდა, რომ თავი შემეკავებინა, ეგებ არ ღირსო“, – ამბობს დავით გელუტაშვილი, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აქვს.
კომპანია „ფრუტერა“ 2021 წელს დაარსდა. „ფრუტერა“ ამჟამად ოცდაათამდე სახეობის ხილის ჩირს და ასევე, ბადაგსა და ხილის წვენებს აწარმოებს.
ნედლეულის სახით გამოყენებულია საწარმოს ბაღებში მოყვანილი, მდინარე ფრონის წყლით მორწყული, ნიტრატებისგან თავისუფალი ხილი. პროდუქტები ნატურალურია და მასში არ არის გამოყენებული შაქარი, გლუტენი, გასასქელებელი, ფერები, არომატიზატორები, ემულგატორები და კონსერვანტები.

როგორც დავით გელუტაშვილი გვიყვება, ხილის გადამუშავების იდეა ბავშვობიდანვე ჰქონდა, რადგან მისი ოჯახი მთელი წლის შრომით მოყვანილ პროდუქტებს სათანადო ფასად ვერ ყიდდა ხოლმე:
„უამრავი სახეობის ხილი გვქონდა, რომლის რეალიზებასაც სათანადო ფასად, სათანადო დროს ვერ ვახდენდით. ამიტომ, ძალიან ბევრი ხილი გვიფუჭდებოდა და იმისათვის, რომ პროდუქტი გადამემუშავებინა, გადავწყვიტე ჩირის საწარმო გამეკეთებინა“ – ამბობს ის.

2018 წელს დავით გელუტაშვილმა ხილის შესანახი მაცივარი ააშენა. უკვე 2 წლის შემდეგ მოაწყო ჩირის საწარმო და 2020 წელს პირველი სატესტო პროდუქტი დაამზადა:
„ჩირის წარმოება დავიწყე USAID-ის პროექტის, ZRDA-ს ხელშეწყობით. მათ შემიძინეს 12-ათასლარიანი საშრობი დანადგარი, სხვა ყველა საჭირო ინვენტარი ჩემი სახსრებით ვიყიდე. ამ გადმოსახედიდან ის ინვესტიცია ძალიან მცირე იყო, ყველაფერი ხელით კეთდებოდა, დიდი დანახარჯი გვქონდა და ერთეული პროდუქტის ღირებულება მაღალი იყო. შესაბამისად, მოგების მარჟაც დაბალი იყო“.

დღეისათვის „ფრუტერას“ ინვესტიციის მოცულობა 300 ათასზე მეტი ლარია. ინვესტიციის 40% სხვადასხვა ფონდისგან მიღებული დაფინანსებაა. კომპანიას უშუალოდ ხილის გადამუშავების პროცესში ათი ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.
„გვაქვს ჩვენი ხილის ბაღი, რომელიც 2,5 ჰექტარზეა გაშენებული და ამ ბაღის მოვლასა და ხილის მოყვანა-მოკრეფაშიც ადგილობრივები მყავს დასაქმებული.
ამის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობისგან ისეთ ნედლეულსაც ვყიდულობთ, როგორიცაა: შავი ქლიავი, ტყემალი, შინდი და ა.შ.
როგორც გითხარით, წარმოება იმის გამო დავიწყე, რომ ხილი გვიფუჭდებოდა და ახლა ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივებს, რომ მთელი წლის ნაშრომი ხილი არ გაუფუჭდეთ“, – აღნიშნავს დავით გელუტაშვილი.


საწარმოო პროცესში „ფრუტერა“ განახლებად ენერგიას იყენებს. 2023 წელს კომპანია USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამაში მონაწილეობდა და მზის პანელების შესაძენად დაფინანსება მიიღო:
„ამჟამად „ფრუტერას“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 60% განახლებად ენერგიაზე მოდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგია მცირე ბიზნესისთვის, რადგან ხარჯები მცირდება.
გამოთავისუფლებული თანხით კი რეინვესტირებას ვახდენთ საწარმოში“.

მეწარმის აზრით, სტარტაპის ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ადამიანებს საქმის დაწყებაში ეხმარება:
„მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის: საბიუჯეტო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ევროკავშირს აქვს არაერთი მიმართულება, USAID-ს აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტი.
ხშირად ასეთი პროექტები ადამიანების იდეების ინიცირებას იწვევს. შეიძლება გრანტის თანხა ყველაფრისთვის საკმარისი არ იყოს, მაგრამ საქმის დაწყებისთვის საკმარისია და თუ ადამიანს მეწარმეობა სურს და გარკვეული უნარებიც აქვს, შემდეგ უკვე შეუძლია მუშაობა განაგრძოს და წარმატებებს მიაღწიოს. ეს პროექტები მოტივაციის მომცემია“.


დავით გელუტაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს მომხმარებლები სათანადოდ არ იცნობენ და ლოიალურებიც არ არიან. მისი თქმით, დღეს საქართველოს ბაზარზე გაყიდული მშრალი ხილის 80% იმპორტირებულია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორისაა: ჩილე, არგენტინა და ჩინეთი.
„ჩვენ ძალიან დიდი შრომის ფასად გვიწევს პროდუქტის წარმოება და მოგების მინიმალური მარჟა გვაქვს. მაგალითად, „ფრუტერას“ წარმოებული 1 კგ ჩირი 18 ლარი ღირს, ხოლო იმპორტირებული იმავე შავი ქლიავის 1 კგ ჩირი – 54 ლარი. სუპერმარკეტებში სწორედ იმპორტირებული ჩირი გვხვდება.
ყველას ვთხოვ, გაეცნონ ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, ხშირად იმპორტირებული ჩირი შეიცავს სხვადასხვა დანამატს, კონსერვანტებითაა გაჟღენთილი.
მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო ლოიალურნი იყვნენ საქართველოში წარმოებული პროდუქტისადმი.
ქართული უფრო იაფია, ამით თვითონ მომხმარებელი იგებს, ასევე მეწარმე და რაც მთავარია, ეს ფული რჩება საქართველოს ეკონომიკაში, უცხოეთში არ გადის და ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი ტიპის საწარმოები დაიწყებენ ფუნქციონირებას“, – ამბობს დავით გელუტაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრის ათვისებაა მისი მიზანი, რის შემდეგაც ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
- რა როლი აქვს USAID-ს ქართული ეკონომიკის გაძლიერებაში?
USAID-ი, იგივე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის საშუალებით, 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს.
ამჟამად USAID-ი ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი – 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
„USAID საქართველოს“ კერძო სექტორის განვითარების მრჩეველი დავით წიკლაური გვიყვება, რომ როგორც აშშ-ს მთავრობის ნაწილი, USAID-ი საქართველოსთან თანამშრომლობს, რათა გააძლიეროს ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სტაბილურობა.
„ჩვენი პროექტების დახმარებით წელს 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ადგილები შეიქმნა იმ ბიზნესებში, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით. ეს ბიზნესები საქმიანობენ სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, მსუბუქ მრეწველობაში, IT მიმართულებაში, შემოქმედებით ინდუსტრიაში და ა.შ.“.
უშუალოდ პროექტი ZRDA, რომლის ფარგლებში „ფრუტერამ“ დაფინანსება მიიღო, 5 წელი მიმდინარეობდა და მისი მიზანი კონფლიქტის ზონასთან მცხოვრები მეწარმეების გაძლიერება იყო.
„ZRDA უკვე დასრულებულია. პროგრამის მიზანი იყო კონფლიქტის ზონასთან მცხოვრებ მოსახლეობას დახმარებოდა, რადგან ისინი რუსულ ბაზებთან ახლოს არიან და გრძნობენ დიდ მორალურ და ეკონომიკურ ზეწოლას. ასევე, ეს პროგრამა მუშაობდა იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ეს იმ მიზნით, რომ ეს თემები უფრო ჩაბმულიყვნენ ეკონომიკურ საქმიანობაში და მეტი პროდუქტი გაეყიდათ.
ამის შემდეგ დავიწყეთ იმავე ფორმატის მქონე „ძლიერი სოფლის“ პროგრამა, ასევე გვაქვს სასოფლო-სამეურნეო ბაზრების დივერსიფიკაციის პროგრამა.
ამ პროგრამების ფარგლებში, ბოლო წლებში ორი ათასზე მეტი ბიზნესი გავაძლიერეთ და ასი ათასზე მეტ ფერმერს დავეხმარეთ შემოსავლების ზრდაში“, – ამბობს დავით წიკლაური და აღნიშნავს, რომ ეს პროგრამები მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს ეხმარებოდა.
„უკრაინას მნიშვნელოვანი კოზირი აქვს მოლაპარაკების დაწყების წინ“ – ინტერვიუ გენერალთან
„პირველი ჯაველინები ტრამპის დროს მიიღო უკრაინამ“ – გადამდგარ გენერალ-მაიორს არ სჯერა იმის, რომ ტრამპი უკრაინის დახმარებას შეაჩერებს, თუმცა ვახტანგ კაპანაძე ელოდება იმას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან რუსეთი და უკრაინა.
„მოლაპარაკების წინ მნიშვნელოვანი კოზირი აქვს უკრაინას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი და განმარტავს, რომ უკრაინას რუსეთში დაკავებული კურსკის დათმობის სანაცვლოდ, ზაპოროჟიეს, ან ხერსონის დათმობა მოითხოვოს, ამის დათმობა კი, რუსეთისთვის საფრთხეა: „უშუალოდ უადვილებს წვდომას ყირიმის ნებისმიერ წერტილამდე,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.
„უკრაინა გადარჩენილია, უკრაინა გადარჩა, დანარჩენი ყველაფერი დროის ფაქტორია,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რა ხდება უკრაინის ფრონტზე – ამ კვირაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო თავდასხმა დრონებით კიევსა და მოსკოვზე. რა აჩვენა ამ იერიშებმა?
აჩვენა ის, რომ რუსეთი ცდილობს ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩენილ 2 თვეში მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს, რათა წარმატებული პოზიციიდან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
ჩემი აზრით, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა გარდაუვალი იქნება. ამას უნდა ველოდოთ, წლის ბოლოდან მომავალი წლის გაზაფხულამდე დაიწყება სავარაუდოდ პირველი შეხვედრები.
- ტრამპის გაპრეზიდენტებაა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ზელენსკი შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებას დათანხმდეს?
კი, ასეა, ჩემი აზრით. გარდა ამისა, რუსეთს და უკრაინას აწყობს ახლა სულის მოთქმა. მეოთხე წელი დაიწყება მალე. სამამულო ომი არ გრძელდებოდა ამდენი ხანი, თუმცა ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის, რომ აი, ეს ტერიტორიები დავივიწყე. ფაშინიანმა თქვა მხოლოდ ეს, ისიც სომხეთის შემადგენლობაში არ იყო ყარაბაღი.
რუსეთიც მძიმე მდგომარეობაშია, ის ვერ გაიფორმებს დიდ გამარჯვებად ცეცხლის შეწყვეტას და მიღწეულ მდგომარეობას, ვინაიდან საკუთარი ტერიტორია – კურსკი აქვს დაკარგული. რა თქმა უნდა, რუსი პროპაგანდისტები შეეცდებიან, ცეცხლის შეწყვეტა გააფორმონ უდიდეს წარმატებად, ნატოსთან გამარჯვებად და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ იქნება დამაჯერებელი.
ექსპერტების გათვლებით, რუსეთს 8-დან 10 წელი დასჭირდება, აღიდგინოს თავისი სამხედრო პოტენციალი, რაც ჰქონდა ომამდე. ეს ის დროა, რომელიც უნდა გამოიყენოს დასავლეთმა, თუ ის აპირებს რუსეთის საფრთხის დაქვეითებას და უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერებას.
ეს არ იქნება შეთანხმება ომის შეწყვეტაზე. რუსეთი მიიღებს გადამწვარ და გადაბუგულ ტერიტორიას დამატებით, რაც მიიღო 2014 წლის შემდეგ, ზაპოროჟიეს და ხერსონის ნაწილს, დაკარგულ კურსკის, მილიონამდე ინვალიდს, დაჭრილს, რომელსაც მოვლა სჭირდება და ამაში დიდი თანხაა საჭირო, ასევე მიიღებს მსოფლიო სანქციებს და რაც ყველაზე მთავარია: მეზობლად ძალიან მტრულად განწყობილ, ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანას.
- რა ხდება კურსკში, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები შეიჭრნენ?
ხდება ის, რომ უკრაინამ მოახერხა რუსეთის შეცდომაში შეყვანა, ფარული გადაჯგუფება და შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის დაკავება. იყო კრიტიკაც ამ კუთხით, რომ უკრაინამ თავისი რესურსები არასწორად გადაანაწილა, ამის რესურსი არ ჰქონდა, რომ რუსეთში შეჭრილიყო და ამიტომაა მძიმედ დონბასის მიმართულებაზეო, მაგრამ, ჩემი აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან წარმატებული იყო – ამ მოლაპარაკების წინ მნიშვნელოვანი კოზირი აქვს უკრაინას.
ახლა თუ შეთანხმება მოხდება ცეცხლის შეწყვეტაზე, არ არის გამორიცხული, დაიწყოს მოლაპარაკება ტერიტორიების გაცლაზე. უკრაინამ შეიძლება მოსთხოვოს ზაპოროჟიეს, ან ხერსონის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ერთი და მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ვინაიდან ზაპოროჟიეს შემთხვევაში უკრაინა ბრუნდება აზოვის ზღვაზე და რუსეთს წყვეტს სახმელეთო კავშირით ყირიმთან, ხერსონის შემთხვევაში კი, უშუალოდ ადგება ყირიმის, უადვილებს წვდომას ყირიმის ნებისმიერ წერტილამდე.
კურსკში რუსები ცდილობენ მარცხენა ფლანგიდან გარკვეული კონტრშეტევის განხორციელებას. რუსები ერთი პერიოდი წარმატებითაც შეიჭრნენ სოლისებურად უკრაინელების განლაგებაში, თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში, მძიმე ზარალი მიიღეს რუსებმა და საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა მათი შეტევა კურსკში.
- ფაქტობრივად დადასტურდა, რომ უკრაინაში იბრძვიან ჩრდილო კორეელები. რაში დასჭირდა რუსეთს მათი მხარდაჭერა?
ორი მიზანი ჰქონდა ამას: სამხედრო და პოლიტიკური. პოლიტიკური ისაა, რომ აი, მოკავშირე ჰყავს რუსეთს, მათ ხელშეკრულებაც გააფორმეს რამდენიმე დღის წინ, რომ თუ ვინმე რომელიმე მხარეს თავს დაესხმება, ვალდებული არიან, ერთმანეთს დაეხმარონ. კურსკი რუსეთის ტერიტორია და, შესაბამისად, კურსკში გაუშვეს კორეელები. მე ეჭვი მეპარება კორეელების ბრძოლისუნარიანობაზე: არანაირი საომარი გამოცდილება არ გააჩნიათ, ისინი დიდ საკონცენტრაციო ბანაკს გამოექცნენ, რასაც ჩრდილოეთ კორეა ჰქვია.
არსებობს ენის ბარიერიც, რუსული ტექნიკა და იარაღი რომ გამოიყენონ, ტანკშიც რომ ჩასვან, საჭიროა, ის წარწერები უთარგმნონ კორეულად. მე უფრო მეგონა, რომ გამოიყენებდნენ ამ რესურსს დამოუკიდებელ ერთეულად, მაგალითად, საინჟინრო, ან სატრანსპორტო მიმართულებით.
- ტრამპი მომავალი წლის იანვრიდან შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. რა ელის უკრაინას, მკვეთრ ცვლილებებს ელოდებით უკრაინის დახმარების თვალსაზრისით?
ტრამპი ცოტა იმპულსური პერსონაა და ვერ გეტყვით ნამდვილად, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ პირველი ჯაველინები ტრამპის დროს მიიღო უკრაინამ, როდესაც რუსეთის პირველი შეტევა მოიგერიეს კიევზე. მე არა მგონია, რომ ტრამპს პრორუსული განწყობები ჰქონდეს და პუტინის გაძლიერებაზე ოცნებობდეს. რომც ოცნებობდეს ამაზე, აშშ-ს მართვის სისტემა ისეა, რომ დამოუკიდებლად ტრამპი ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს.
- ტრამპი წინასაარჩევნოდ საუბრობდა ამერიკის სიდიადის დაბრუნებაზე. თუ გამოჩნდება, რომ მან უკრაინა მიატოვა, ეს ამერიკელმა ხალხმა როგორ შეიძლება აღიქვას?
მე არა მგონია, რომ ტრამპმა უკრაინის დახმარებაზე უარი თქვას.
ეს დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რატომ გამოვრიცხავთ ევროპის შესაძლებლობებს? ერთიანად ევროპის ქვეყნების შესაძლებლობები არანაკლებია, ვიდრე აშშ-ს. ბოლო პერიოდში გაიჟღერა საფრანგეთის განცხადებამაც, რომ ევროპამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემა, იგულისხმება სისტემა აშშ-ს გარეშე, რის შესახებაც საფრანგეთს გააჩნია გეგმები.
რუსეთის პოტენციალი არ არის გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის პოტენციალზე მეტი არცერთ შემთხვევაში, როგორც ტექნოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რუსეთს ხშირად ადარებენ საბჭოთა კავშირს, მაგრამ ცხადია, დღევანდელი რუსეთის რესურსი არ არის იგივე, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა.
ასე რომ, რუსეთის საპირწონე შესაძლებლობები ნამდვილად გააჩნია ევროპას.
- მოლოდინია დახმარების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რომ უკრაინამ არამხოლოდ რუსეთის შეჩერება შეძლოს, არამედ მოიგოს ეს ომი და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. აშშ-ს აქტიური მხარდაჭერის გარეშე, ეს შესაძლებელი იქნება, თქვენი აზრით?
სტრატეგიულ დონეზე გამარჯვება არაა შავ-თეთრი ცნება. უკრაინამ რომ დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები, ეს იქნება ომის დასრულება? ომი გაგრძელდება ოღონდ საზღვარზე.
მთავარია, სული მოითქვას უკრაინამ და გაძლიერდეს. აზერბაიჯანი 30 წელი ელოდა თავის მომენტს და შემდეგ შეასრულა თავისი სტრატეგიული მიზნები. ასე რომ, როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის, არც პუტინია გამოკიდებული ცაში და არც მსოფლიოა ისე სტაბილური, რომ გარანტირებულად გათვალო გრძელვადიანი ცვლილებები.
ჩემი აზრით, უკრაინაში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნებიც – ზელენსკის შემცველთან უფრო მოქნილი იქნება აშშ-ს, ევროპის დამოკიდებულება, ეს პოლიტიკური მანევრის მეტ შესაძლებლობას გააჩენს. ზელენსკიმ თავისი დიდი ვალი მოიხადა უკვე, თანაც წარმატებით, საჭიროა გარკვეული ცვლილებები.
უკრაინამ უნდა დაიწყოს თავისი სამხედრო პოტენციალის აღდგენაც. უკრაინისთვის მთავარი გაძლიერება ის იქნება, თუ თვითონ შექმნის და გააძლიერებს სამხედრო მრეწველობას. სკანდინავიის ქვეყნები განსაკუთრებით აქტიურად ეხმარებიან ამ კუთხით უკრაინას. თუ, მაგალითად, წინა წელს უკრაინა 10 ერთეულ „ბოგდანის“ გამოშვებას ახერხებდა, ეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარია, ახლა უშვებენ 30-ს.
განსაკუთრებით დანია და ნორვეგია ეხმარებიან უკრაინას სამხედრო მრეწველობის განვითარებაში.
- ზელენსკი ამბობს: „სამართლიანობის გარეშე არ არსებობს გრძელვადიანი მშვიდობა და უკრაინისთვის ამის მიღწევა საკმაოდ რეალურია“. რამდენად რეალურია უკრაინის პრეზიდენტს ეს ოპტიმიზმი დღევანდელი გადასახედიდან?
რეალურია იმიტომ, რომ რუსეთი ვერ იმარჯვებს. დავუშვათ, რუსეთი გავიდეს დონბასის საზღვარზე და აიღო ეს დამწვარი ტერიტორიები. ამით რა, რუსეთმა გაიმარჯვა?
უკრაინა გადარჩენილია, უკრაინა გადარჩა. მთავარი ეს არის. დანარჩენი ყველაფერი დროის ფაქტორია.
თქვენთან წინა ინტერვიუებშიც ვახსენე და ახლაც ვიტყვი: ფინეთმა საბჭოთა კავშირთან დაკარგა კარელია, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ფინეთი დამარცხდა საბჭოთა კავშირთან ომში, მიუხედავად იმისა, რომ დეიურე ასე მოხდა.
მე არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, მაგრამ თუ უკრაინამ მიიღო აშშ-გან ცეცხლის შეწყვეტის გარანტიები და ამერიკამ თავისი კონტინგენტი განათავსა უკრაინაში, ნატოს წევრობა უკრაინისთვის, ან საქართველოსთვის მიზანი ხომ არ არის? ეს საშუალებაა ქვეყნის გაძლიერების და ეროვნული უსაფრთხოების მისაღწევად. უკრაინა თუ მიიღებს ამის შემცველ გარანტიებს, მას შეუძლია რამდენიმე წლით გადადოს ნატოში წევრობის სურვილი.
ააფეთქეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდების შტაბის უფროსი – მედია
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში ლიკვიდირებული იქნა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემების შტაბის უფროსი ვალერი ტრანკოვსკი.
წყაროს ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემებისა და კატარღების 41-ე ბრიგადის შტაბის უფროსის, ტრანკოვსკის მანქანის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული სპეცოპერაცია იყო.
„ტრანკოვსკი არის ომის დამნაშავე, რომელმაც ბრძანება გასცა შავი ზღვიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვებაზე უკრაინის სამოქალაქო სამიზნეებზე, კერძოდ, 2022 წლის ივლისში მან ესროლა ვინიცას და სხვა მშვიდობიან ქალაქებს, რის გამოც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ის იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე ომის კანონების თვალსაზრისით“ – ციტირებს „უკრაინსკა პრავდა“ წყაროს.
რუსული მედიის ცნობით, აფეთქება სევასტოპოლში დღეს, 13 ნოემბერს მოხდა, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ დისტანციურად აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რუსული მედია არ აკონკრეტებს დაღუპულის ვინაობას.
_________
ფოტოზე: ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებული მანქანა. წყარო: X
სარფში მებაჟეებმა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ამოიღეს
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის 81 ცალი ვაზნა იპოვეს, რომლებიც სალონში არსებულ სათავსოში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული.
უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
რუსეთი კიევს რაკეტებითა და დრონებით თავს დაესხა
13 ნოემბერს, ღამით და დილის საათებში, რუსეთის ჯარებმა დაიწყეს შეტევა კიევზე, ერთდროულად დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იყო ასეთი ტიპის პირველი თავდასხმა ბოლო 73 დღის განმავლობაში.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რუსეთმა შეტევა დაიწყო დრონებით, პარალელურად კი კიევის რეგიონის მიმართულებით შეტევა გაგრძელდა ჯერ ფრთოსანი, შემდეგ კი ბალისტიკური რაკეტებით.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რამდენიმე რაკეტა და ათამდე დრონი.
რუსეთის დარტყმის შედეგად კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში ერთი ადამიანი დაიჭრა, ასევე, ხანძარი გაუჩნდა საწყობს.
რუსული თავდასხმის ფონზე „უკრენერგომ“ ბიზნეს და ინდუსტრიული მომხმარებლებისთვის დროებითი შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა, რომელიც კიევში დღეს, საღამომდე გაგრძელდება.
______________
ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური/facebook
USAID-ის ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის – ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა სტუდენტობისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში.
ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სასაჩუქრე ვაუჩერები:
I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში.
„კონკურსი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.
კონკურსის პირობები:
- ფოტოს გადაღება შესაძლებელია ციფრული ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით [ზომა: მინიმუმ 3 მეგაბაიტი];
- ფოტოს შინაარსი უნდა ეხებოდეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს;
- გადმოცემული ამბავი ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის;
- კონკურსანტს შეუძლია გამოაგზავნოს რამდენიმე ფოტო, თუმცა სხვადასხვა თემაზე;
- არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში და/ან მედიასაშუალებაში;
პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ფოტო მოიხსნება კონკურსიდან.
შეფასების კრიტერიუმები:
- კონკურსის თემასთან და მიზანთან შესაბამისობა;
- იდეის ორიგინალურობა;
- კომპოზიციურად სწორი კადრი, ფერების კომბინაცია და შეხამება.
საუკეთესო ფოტოები განთავსდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ვებ და სოციალურ [Facebook, Instagram and Twitter] გვერდებზე.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი.
დამატებითი დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
ავარია ხელვაჩაურში – სამი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს
ავტოავარია მოხდა დღეს, 13 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
აჭარისაღმართის ასახვევთან ავარიაში მოყვა სამი ავტომობილი.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი.
„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება.
___________
ფოტო: „ბათუმელები“
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 714 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 770]
- ტანკი – 9 300 ერთეული [+24]
- ჯავშანტექნიკა – 18 896 ერთეული [+49]
- საარტილერიო სისტემა – 20 408 ერთეული [+56]
- MLRS – 1 249 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 798 ერთეული [+61]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 636 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 28 966 ერთეული [+96]
- სპეცტექნიკა – 3 629 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 648 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 35 622 უპილოტო საფრენი აპარატი
- 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 176 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 487 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 17 723 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 28 182 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
ქალების საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც თექის ფაჩუჩებს ამზადებენ
„სკოლის ფანჯრებიდან რომ გახედავ, თვალის გაწვდენაზე ჩანს რუსული საგუშაგოები. ბუნებრივია, აქ ცხოვრება რთულია,“ – ამბობს ნათია ქვრივიშვილი, მცირე მეწარმე, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში სახელოსნო აქვს და ტრადიციული ქართული მეთოდით თექისგან ფაჩუჩებს ამზადებს.
ნათიამ და მისმა დისშვილმა, ელენე ბლიაძემ კომპანია „ფაჩუჩი“ 2022 წელს დააფუძნეს. ისინი ქართული მატყლისგან 100 პროცენტით ნატურალურ ფაჩუჩებს ამზადებენ. მათი წარმოებული პროდუქტები ანტიალერგიული და გამძლეა.

„სახელზე ერთ წელზე მეტი ვიფიქრეთ. უამრავი ვერსია გვქონდა და გადავწყვიტეთ ფაჩუჩი დაგვერქმია. ფაჩუჩი ესაა ოთახის უძირო ფეხსაცმელი. ლოგოც მთლიანად ჩვენი შექმნილია, ვისწავლეთ როგორ უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ფინანსები არ გვქონდა ვინმესთვის გადასახდელად.
როცა სოციალურ მედიაში გვერდები გავაკეთეთ, თავიდანვე ძალიან კარგი შეფასებები გვქონდა. განსაკუთრებით გვახარებს უკან დაბრუნებული მომხმარებლები, რომლებიც ახალ მოდელებს ყიდულობენ“, – აღნიშნავს ელენე.

საწარმოს დაფუძნებისას ნათია ქვრივიშვილს თექასთან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. როგორც ის გვიყვება, 2008 წლის ომის დროს სოფლის დატოვება და თბილისში გადასვლა მოუწია:
„თბილისში ერთ-ერთ სახელოსნოში მოვხვდი, სადაც დევნილი ქალების დახმარების პროგრამა ხორციელდებოდა. იქ ვისწავლე თექაზე მუშაობა და ფაჩუჩების კეთება“ – ამბობს ნათია.

დირბში დაბრუნების შემდეგ მას დიდი სურვილი ჰქონდა, თექაზე მუშაობა სხვა ადგილობრივი ქალებისთვისაც ესწავლებინა, თუმცა სახელოსნოს გასაკეთებლად საკმარისი ფინანსური რესურსები არ ჰქონდა. ამ რთულ სიტუაციაში მას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარნენ.
„სოფელში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გავხსენით სახელოსნო. რთული პირობები იყო, მაგრამ სიხარულით ვმუშაობდით.
თავდაპირველად ფონდმა „ტასომ“ გვიყიდა მასალა, შემდეგ ორგანიზაცია „ქეარი“ დაგვეხმარა. ათამდე ადგილობრივ ქალს და უფროსკლასელ გოგოებს შევასწავლე ეს საქმე და წლების განმავლობაში ვმუშაობდით.
თუმცა შემდეგ ეს სახლი გაიყიდა და სახელოსნოს გარეშე დავრჩით. ეს გოგონებიც დაიფანტნენ და მე და ჩემი დისშვილი, ელენე დავრჩით. ჩვენს სახლში გავაგრძელეთ საქმიანობა“ – გვიყვება ნათია.
2022 წელს ელენემ და ნათიამ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში გაიმარჯვეს და ეზოში არსებული ავტოფარეხი გაარემონტეს, სადაც სახელოსნო მოაწყვეს. მოგვიანებით, ელენემ „მერსი ქორფსის“ საგრანტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და დონორმა მათ საწარმოო საშუალებები უყიდა.
„ჩემმა მეგობარმა იცოდა, რამდენად გვიჭირდა საქმიანობა, როგორ გვიჭირდა სახსრების მოძიება და ინვენტარიზაცია, მირჩია „მერსი ქორფსის“ საგრანტო პროგრამაში ჩართვა. ეს ჩემი დაწერილი პროექტი იყო და არ მეგონა, თუ გავიმარჯვებდი.
გარდა დაფინანსებისა, პროგრამაში ჩართვა იმ მხრივაც იყო კარგი, რომ უამრავი ახალგაზრდა მეწარმე გავიცანი“, – გვიყვება ელენე ბლიაძე.

ნახე ვიდეო, როგორ ამზადებენ ფაჩუჩებს თექისგან ტრადიციული ქართული მეთოდით:
„ფაჩუჩს“ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ორგანიზაცია დაეხმარა. მათ შორისაა „მერსი ქორფსი“, საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს ეხმარება, შექმნან უსაფრთხო და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქონ ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. ეს ორგანიზაცია საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს.
„მერსი ქორფსის“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც „ფაჩუჩმა“ დაფინანსება მიიღო, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ჰქვია და მისი მიზანი სოფლად მცხოვრები 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების გაძლიერებაა. ეს პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი 2021 წელს დაიწყო, მისი ბიუჯეტი 1,6 მილიონი ევროა და შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ხორციელდება. ჯამში, უკვე 60 ახალგაზრდული საწარმოა დაფინანსებული, ხოლო კონკრეტულად საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში – 15.
როგორც პროექტის დირექტორი, გიგა სარუხანიშვილი გვიყვება, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ ახალგაზრდებმა თავიანთი კუთხე არ დატოვონ და მიგრაცია შემცირდეს:
„ბევრ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა და ფინანსები, რომ თავიანთი საწარმოები განავითარონ, ამიტომ, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო საზღვრისპირა დასახლებებში და საოკუპაციო ხაზთან.
ეს დაფინანსება მნიშვნელოვანი წყაროა იმისათვის, რომ რეგიონები არ დაიცალოს, ახალგაზრდებმა მეწარმეობა განავითარონ და თავიანთი თანატოლები დაასაქმონ,“ – აღნიშნავს გიგა სარუხანიშვილი.
მისივე თქმით, გარდა ამ დაფინანსებისა, პროგრამა პროექტის ბენეფიციარებს ერთმანეთს აკავშირებს:
„პროექტის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტრენინგსა და ვორქშოპებში, რაც, მათ შორის, კავშირების შექმნას უწყობს ხელს. ისინი დამატებით ინფორმაციას აწვდიან ერთმანეთს და პროექტის დასრულების შემდეგ, ეს კავშირები შეიძლება გამოიყენონ თუნდაც ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად“ – ამბობს გიგა სარუხანიშვილი.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.
თანამედროვე კომპლექსი ზღვისა და მთის ხედით – ბათუმში „მეტროპოლ პარალელის“ გაყიდვები იწყება
- ცხოვრების ახალი გამოცდილება ქალაქის შუაგულში – პროექტი „პარალელი“ „მეტროპოლის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში
- გადახდის პირობები სრულად მომხმარებელზეა მორგებული და ისინი ბინის შეძენას სპეციალური შეთავაზებით შეძლებენ
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სიმყუდროვით გამოირჩევა, თუმცა ამავე დროს ურბანულად დატვირთულ ადგილას მდებარეობს, – „მეტროპოლ პარალელი“, – ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. დეველოპერულმა კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. ბინის შეძენა სასურველი ფართით ამჟამად „პარალელის“ B ბლოკშია შესაძლებელი.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „ბათუმი მნიშვნელოვანი ქალაქია „მეტროპოლისთვის“. „მეტროპოლ კუბისა“ და „მეტროპოლ ოვალის“ შემდეგ, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ვიწყებთ. ეს არის „მეტროპოლ პარალელი“ თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობით.
მრავალსართულიანი კორპუსები „მეტროპოლის“ ხარისხით, ხელსაყრელი მდებარეობითა და უნიკალური ხედებით იქნება გამორჩეული. გვაქვს ამბიცია, ჩვენს პოტენციურ მობინადრეებს ქალაქის შუაგულში ცხოვრების ახალი გამოცდილება შევთავაზოთ, რომელიც მათ ჩანაფიქრს მთლიანად დაემთხვევა.
გადახდის პირობები მომხმარებლის ინტერესებს მოვარგეთ და წინასწარი გაყიდვები უკვე დავიწყეთ. მშენებლობა 2027 წელს დასრულდება და მესაკუთრეებს ჩავაბარებთ ბინას, რომელიც ჩაიფიქრეს“.
განახლებული გმირთა ხეივნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსი რამდენიმე წუთის სავალზეა იმ ობიექტებიდან, რომლებიც ქალაქის მცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია. მათ შორის არის სკოლა და საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრები, საერთაშორისო მოედანი და რა თქმა უნდა, ზღვა.

მსურველებს უკვე შეუძლიათ, შეიძინონ ბინა ამ განსაკუთრებული მდებარეობით. წინასწარი გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით, ნოემბრის ბოლომდე ნებისმიერი ფართის აპარტამენტი 8%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. მომხმარებელზეა მორგებული გადახდის შემდგომი პირობებიც.
ჯამში, 474 აპარტამენტი „მეტროპოლ პარალელის“ ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. მინიმალური ფართი – 32.5 m2, ხოლო მაქსიმალური 184.3 m2-ია.

„მეტროპოლის“ სხვა პროექტების მსგავსად, „პარალელის“ შემთხვევაშიც კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება. გენერალური გეგმით გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ტენიანობას მაქსიმალურად ამცირებს და ბათუმის კლიმატის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტენიანობის შესამცირებლად საგანგებოდ შეირჩა ადგილმდებარეობაც, „პარალელის“ კორპუსებს მდებარეობა გამოარჩევს, საიდანაც მზის ამოსვლა ჩანს.
ინტერიერში კი თანამედროვე ცხოვრების უმაღლესი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ყველა დეტალი გათვალისწინებულია. ამასთანავე, შენობები აღჭურვილი იქნება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. მობინადრეები კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ.
მშენებლობის ვადები სამ წელიწადზეა გაწერილი. 2027 წელს მესაკუთრეები ბინას შავი კარკასის მდგომარეობით მიიღებენ, რომელიც დომოფონიან მთავარ შესასვლელ კარსა და კარ-ფანჯრებს ითვალისწინებს. ასევე ფილებით იქნება მოპირკეთებული აივანი, საიდანაც საფეხბურთო მოედნის, ქალაქის, ზღვისა და აჭარის მთების ულამაზესი ხედები გადაიშლება.
ამჟამად კომპანია „მეტროპოლს“ თბილისსა და ბათუმში ჯამში 6 მიმდინარე პროექტი აქვს.
—
„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
როდის აღდგება გაზის მიწოდება სრულად ბათუმსა და ხელვაჩაურში
ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება ხვალ, 13 ნოემბერს, 10:00 საათიდან დაიწყება.
„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება ორივე მუნიციპალიტეტში სრულად აღდგება ხუთშაბათს, 14 ნოემბრის დღის ბოლომდე.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დღეს, 12 ნოემბერს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმსა და ხელვაჩაურს.
„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ახალ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოებია.
ბათუმში დღეს ოპოზიცია აქციას გამართავს საარჩევნო ოლქის შენობასთან
დღეს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერთან, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის შენობასთან, დ. თავდადებულის #27-ში, ორი ოპოზიციური კოალიცია – „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აქციას აანონსებს.
ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
„ევროპული მომავალი ივანიშვილთან ერთად მოგვპარა გიორგი კალანდარიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სადაც ქართველი ხალხის ნება გადაწერეს და ოლიგარქის სასარგებლო შედეგები „დასვეს“. ამიტომ, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ჩვენი ხმების დასაცავად ვიკრიბებით ბათუმში, ცესკოს შენობასთან და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის შემოგვიერთდით“ – აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 12 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ორი კოალიცია, რომლებმაც ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. საუბარია „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასა“ და კოალიციაზე – „ცვლილებებისთვის“.
ასევე, კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ პარლამენტში შესვლას არც ისინი აპირებენ. პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას არ აპირებენ არც პარტიაში – „გახარია – საქართველოსთვის“.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მსხვილი ოპოზიციური პარტიები გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებსა და გამოძიებას ითხოვენ. პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნები უთანასწორო და ძალადობრივ გარემოში ჩატარდა და დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.
____________
ფოტოზე: ქუთაისის ქუჩებში მოქალაქეებმა „არჩევნები გაყალბდა“ და „ხმის ქურდები“ წარწერები მიანათეს შენობებს – 8 ნოემბერი. ფოტო: ნეტგაზეთი.
რუსეთის თავდასხმა კრივოი როგზე – ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს
11 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში თავს დაესხნენ ქალაქ კრივოი როგს.
ბალისტიკური რაკეტა ხუთსართულიან შენობას მოხვდა, თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა და ოთხი დაიღუპა – 1 ქალი და სამი ბავშვი.
მედიის ცნობით, უკრაინელმა მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი გამოიტანეს. თავდასხმის მსხვერპლი გახდა ოჯახი – 32 წლის ქალი და მისი სამი შვილი: 10 და 1 წლის ბიჭები და ორი თვის გოგონა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
__________
ფოტო: дснс україни/telegram
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ნოემბრის 21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 8– 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
- დღისით: 0 –5 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14 და 15 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე 1 გიგაბაიტი ინტერნეტი საჩუქრად – თიბისი დაზღვევა
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ.
ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებენ, ხოლო დამატებითი ინტერნეტის შეძენისას, 19%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. საჩუქრის გააქტიურება მარტივად, მობინექსის საიტზე ან აპითაა შესაძლებელი.
სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას, ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების ან სამედიცინო დახმარების საჭიროების გამო, შეიძლება შეიქმნას.
პოლისის შეძენა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, როგორც ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციიდან, ბიბოტის ან თიბისი მობაილ ბანკის მეშვეობით.
თუ გსურს, იმოგზაურო თავდაჯერებულად, გადადი ბმულზე და შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 712 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 950]
- ტანკი – 9 276 ერთეული [+23]
- ჯავშანტექნიკა – 18 847 ერთეული [+81]
- საარტილერიო სისტემა – 20 352 ერთეული [+38]
- MLRS – 1 249 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 737 ერთეული [+61]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 636 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 28 870 ერთეული [+68]
- სპეცტექნიკა – 3 626 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 648 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 35 551 უპილოტო საფრენი აპარატი
- 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 167 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 487 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 17 673 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 28 157 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთის თავდასხმა კრივოი როგზე – ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს




