მთავარი,სიახლეები

„კანონები, რომლებიც ბოლოს შემოიღეს, ჩვენც აგენტებად გვაცხადებს“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

15.04.2025 •
„კანონები, რომლებიც ბოლოს შემოიღეს, ჩვენც აგენტებად გვაცხადებს“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

„გაბრაზებული და გულნატკენი ვარ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხატია კირთაძე. ქართველი ემიგრანტი, რომელიც 16 წელია საბერძნეთში, ათენში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

ემიგრაციის მიუხედავად, ხატია არ წყვეტს სამშობლოსთან კავშირს და ცდილობს საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი უცხოეთიდანაც დაუჭიროს.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ხატია საარჩევნო უბნის კომისიის წევრიც გახდა და ხმის მიცემაც შეძლო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს დაუჭირა მხარი და მის უბანში გაიმარჯვა კიდეც ოპოზიციამ, მაინც გულდაწყვეტილია, რადგან  მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება მიიტაცა.

„ძალიან დიდი იყო ემიგრანტების აქტიურობა ბოლო არჩევნებზე. ხალხი კუნძულებიდან, პატარა ქალაქებიდან, სოფლებიდან მოდიოდა, ხმა რომ მიეცათ. ძალიან ბევრი თავს ვერ პოულობდა სიაში და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

დილის 8 საათიდან და საღამოს 9 საათამდე ვიყავით ხელჩართულ ომში, რადგან „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მონოპოლია ყველაფერზე – ჯერ არ უშვებდნენ დამკვირვებლებს, მონიტორინგი საერთოდ არ ხდებოდა, მათ ხელში იყო ყველაფერი, ისინი განაგებდნენ, ვინ შემოვიდოდა უბანზე და ვინ არა, ვიდეო და ფოტო გადაღება საერთოდ აიკრძალა. ასეთ პირობებში მაინც შევძელით ხმის მიცემა, ხალხის აქტივობა მაღალი იყო და გაიმარჯვა ოპოზიციამ.

მაგრამ საქართველოს პროცესების გამო, ცხადია გაბრაზებული და გულნატკენი ვარ. მარტო მე კი არა – ყველა. ვგრძნობ ძალიან, ძალიან დიდ ბრაზს.

მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ სრულიად გაღიზიანებული, განერვიულებული, იმედგაცრუებული და ნაწყენი ვარ“, – გვეუბნება ხატია კირთაძე.

ხატია კირთაძე შვილთან ერთად ათენში.

მისი თქმით, ერთი დიდი ტკივილია ის, რომ შორიდან უყურებ, როგორ უჭირს შენს სამშობლოს და ვერ ეხმარები, „ვერ ვუერთდები ხალხს, აქციებზე ვერ მივდივარ, ვერ გამოვხატავ ბრაზს და გიგროვდება ეს წყენა, სქროლავ ფეისბუქს, ხან გაბრაზებული ხარ, ხან ტირი, რადგან შორს ხარ.

რამდენიმე აქცია გაიმართა ათენში და რა თქმა უნდა ვიყავი, თუმცა მაინც რთულია შორიდან ამ ყველაფრის ყურება.

ყველაფერს ვაკეთებდით ენთუზიაზმით და სულისკვეთებით – იქნებ ჩვენი სამშობლო, ახლა, ამ რთულ მომენტში გამოვიხსნათ. ისეთებიც იყვნენ, ვინც ვერ გაუძლო აქ ყოფნას და ჩამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე“, – გვიყვება ხატია.

მისი თქმით, თუ რეჟიმის დამარცხება ვერ მოხერხდება, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი.

„ეკონომიკა მიიღებს ძალიან დიდ ზიანს, რადგან ნებისმიერი ადამიანი რომ მივიდეს და ნახოს რა ხდება ბანკებში – დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე გზავნილები არ წყდება. ეს თანხები ხომ საქართველოში შემოდის და ჩვენი ეკონომიკა ამაზე დგას?

სამი თვით ვინც მოდის და მუშაობს, იმ ხალხისთვის იქნება ასევე ძალიან მძიმე, თუ გაგვიუქმეს ვიზალიბერალიზაცია. ეს ადამიანები ხომ საერთოდ ვეღარ შეძლებენ სამუშაოდ წამოსვლას ევროპაში.

თუ საერთაშორისო გადარიცხვის სისტემაც გაითიშება, დაბრუნდება ის ძველი დრო, როდესაც ამანათებში დებდნენ ფულს და ისე აგზავნიდნენ ოჯახებში და თვეობით აგვიანდებოდა ჩასვლა.

მარტო ხალხი კი არ იზარალებს, საბანკო სისტემაც იზარალებს. ჩემი აზრით, ეს მოიტანს კატასტროფულ შედეგებს.

ემიგრანტებში იმიტომ იყო მეტი აქტიურობა, რომ აქ უფრო მეტი თავისუფლებაა. არავის ეშინია საკუთარი აზრის გამო სამსახურის დაკარგვის, არ ეშინია, რომ დარჩება ლუკმა-პურის გარეშე, ამიტომ უფრო მეტად გამოხატავენ აზრს და არჩევნებზეც იგივე ხდებოდა, მოდიოდა ხალხი და უბანზევე გამოხატავდა ბრაზს. ამბობდნენ – „არ გვინდა ეს მთავრობა, ცუდად მოგვექცა“.

კობახიძემ ხომ საერთოდ საშინელება თქვა ემიგრანტებზე, რეალობას არიან მოკლებულიო. ჩვენ, რომლებიც ყოველ დღე ოჯახის წევრებთან ვართ კავშირზე, ველაპარაკებით, თუ ჩვენ არ ვიცით რა ხდება საქართველოში, აბა ვინ იცის. ერთი დღის ნამუშევარ თანხასაც კი საქართველოში გზავნიან, რანაირად შეიძლება ამ ხალხმა არ იცოდეს რა ხდება იქ. ყოველი დილა და საღამო საქართველოთი მთავრდება“, – ამბობს ხატია.

ხატია ოჯახთან ერთად ათენში

ხატია კირთაძე ათენში 2008 წელს წავიდა. იქ დაიბადა მისი შვილიც. თავად ძიძად მუშაობს, მეუღლე კი სამშენებლო კომპანიაშია დასაქმებული.

როგორც ამბობს, სამშობლოში თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოდის, ასევე დიდ დღესასწაულებზე.

„თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ბმაც აღარ გვექნება ჩვენს ქვეყანასთან.

უვიზოს გამოა, რომ ადამიანებმა ოჯახის წევრები წლების შემდეგ აქ გაიცნეს, შვილიშვილები ჩამოიყვანეს. ასეირნებენ, ქალაქს აცნობენ. მოწყვეტილი ვიყავით ურთიერთობებს და სწორედ უვიზო მიმოსვლა დაგვეხმარა ამაში, რომ ოჯახის წევრები გაგვეცნო.

მე მაგალითად, როცა არ არსებობდა ვიზალიბერალიზაცია, ჩემი და ვნახე ათი წლის შემდეგ.

ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს საქართველო. აღდგომაზე აპირებს ჩამოსვლას და ძალიან გახარებულია“, – გვეუბნება ხატია.

მისი თქმით, რთულია პროპაგანდით გაბრუებული ადამიანები დააფიქრო ამ ყველაფერზე, რადგან მათთან კამათი, ხშირად აზრს მოკლებულია.

„ცხადია „ოცნებასაც“ ჰყავს თავისი, უაზრო პროპაგანდით გაჯერებული მხარდამჭერები. საერთოდ არ არსებობს მათთვის ლოგიკა, რადგან არ მესმის – თან „ოცნების“ მხარდამჭერი იყო და თან ევროპას სთხოვდე აქ მოქალაქეობას, ბინადრობას. ითხოვენ მოგვეცი ჯანდაცვის დაზღვევა, მოგვეცი ყველაფერი, მაგრამ თან „ჩვენ ევროპა არ გვინდა“. არ ვიცი საერთოდ რომელი კატეგორიის ადამიანებში შედის ეს ხალხი.

ამათი ლოგიკა ასეთია – საქართველო წაიღოს რუსეთმა, მთავარია ჩვენ აქ კარგად ვიყოთ, ჩვენ აქ ევროპამ მოგვცეს ყველაფერი – შვილებს განათლება, ჩვენ კარგი ხელფასები, ჯანდაცვა, პენსია – მართლა სიგიჟე მგონია ეს ყველაფერი.

26 ოქტომბერს რაც მე „ოცნების“ მხარდამჭერებს ვუყურე აქ, შიშმა შემიპყრო. რადგან ამ ხალხთან სამოქალაქო დაპირისპირების გარდა სხვა გზა არ არსებობს. არანაირი კრიტიკული აზროვნება არ აქვთ. აქვთ ფიქსირებული აზროვნება და იმის იქეთ არ შეუძლიათ გახედვა.

„ოპოზიცია გართმევს ეკლესიას“ და მსგავსი სიგიჟეები მესმოდა მათგან.

მაშინ როცა აქ ძალიან კარგად ხედავენ, რომ ევროპაში რწმენის უფლებაც დაცულია და ადამიანის სხვა უფლებებიც. რაღაც კატასტროფას ეჯახები მათი სახით.

სამწუხაროა ისიც, რომ ჩემი ოჯახის წევრებთან მაქვს უთანხმოება პოლიტიკურ საკითხებზე. ბევრ ნათესავთან ურთიერთობაც გავწყვიტე, რადგან არ მესმის მათი. გასაგებია, რომ ეშინიათ –  ზოგი მუშაობს, ზოგს სესხი აქვს და ამის გამო ხმის ამოღება არ უნდათ, მაგრამ მეც მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ სესხის და სამსახურის გამო არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალზე უარის თქმა. თუ დღეს შენ ამაზე თვალს დახუჭავ, ხვალ უარესში გადავარდები, რადგან ხვალ არც მაგ სესხის გადახდის საშუალება გექნება.

ან ის რუსული კანონები, რომლებიც ბოლოს შემოიღეს, ჩვენც აგენტებად გვაცხადებს ხომ? ის ხალხი, ვინც ადრე ჩამოვიდა აქ, პირველი ნაკადის ემიგრაცია, რამდენს უკვე მოქალაქეობაზე აქვს შეტანილი განაცხადი, მეც მივიღებ მალე უკვე საბერძნეთის მოქალაქეობას და რა, ამის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აგენტებად უნდა გამოგვაცხადოს? თუ მოუნდებათ, ამასაც გააკეთებენ ალბათ.

ამიტომ, თუ დღეს აი, ამ პატარა პირადი კეთილდღეობის გამო ამბობ უარს შენი და შვილების მომავალზე, ხვალ დაკარგავ უფრო მეტს“, – ამბობს ხატია კირთაძე.

მას იმედი აქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმი საბოლოოდ მაინც დამარცხება.

„რუსეთი დამარცხდება მხოლოდ ჩვენი ერთიანობით. სხვანაირად, არაფერი მოხდება. ხალხის ერთობით, ოპოზიციის გაერთიანებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით.

რაც უფრო კუთხეში მიიმწყვდიეს რეჟიმი, მით უფრო ბოროტი და საშიშები გახდნენ. მესმის, რომ ამ რეპრესიებმა, ჯარიმებმა გააჩინა შიშები, მაგრამ ეს შიშიც ერთიანობით უნდა დაიძლიოს.

რა შემიძლია ვუთხრა ხალხს, ვინც დღემდე დგას მხნედ ქუჩაში? – ისინი არიან ისტორია საქართველოსი და არ შეიძლება დიქტატურა არ დაემხოს. იმედი მაქვს, აუცილებლად გავალთ ფონს. გავიმარჯვებთ და საქართველო გახდება ევროპის ნაწილი, თავის ძველ ადგილს დაიკავებს ევროპულ ქვეყნებში. ვფიქრობ, საქართველო ამას იმსახურებს ამდენი ბრძოლის შემდეგ, ამის ნაწილი რომ ვიყოთ და დემოკრატიული და კარგი ქვეყანა რომ გვქონდეს, ამას ჩვენი ხალხი ნამდვილად იმსახურებს.

ჩვენი ადგილი არის ევროპაში და აქ უნდა ვიყოთ. და ის, რასაც წულუკიანი და „ოცნება“ აკეთებს, არის სახელმწიფოს მტრობა და მათი მცდელობების მიუხედავად, მაინც ვერ შეძლებენ ხალხის დემორალიზებას.

ჩვენ ასე ვიყავით ისტორიულად – ომში ვიყავით, ვიმარჯვებდით კიდეც, გვასწავლიდნენ, რომ გმირები გვყავდა, ამაზე გვზრდიდნენ და თუ ამ ყველაფერს ძირს გამოუთხრიან, კიდევ უფრო მეტად გაზრდიან ჩვენს ბრაზს“ – გვეუბნება ხატია კირთაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: