„დაიბრუნე ხმა“ – თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში მომიტინგეების ნაწილმა 25 ნოემბრის ღამე რუსთაველზე გაათენა.

დღეს, 25 ნოემბერს, დაგეგმილია XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

აქცია რუსთაველის გამზირზე 24 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, საიდანაც დეპუტატებს პარლამენტში უნდა შევიდნენ.

თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა. პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი ზონაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ონლაინმედიებს შესვლა და პარლამენტის საქმიანობის გაშუქება ეკრძალებათ.

დღეს, დილის 9 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილია აქცია „დაიბრუნე ხმა“. აქციის ინიციატორები სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

წარწერა კარავზე პარლამენტის წინ. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ნინა ბაიდაური

არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. „ქართული ოცნება“ არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დღეს, 25 ნოემბერს, დანიშნა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა. მათ თქვეს, რომ ამავე სხდომაზე გაიმართება პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, აირჩევენ თავმჯდომარეს,  მოადგილეებსა და კომიტეტის თავმჯდომარეებს.

კონსტიტუციონალისტების თქმით, ახალარჩეულ პარლამენტს უფლება არ აქვს ცნოს საკუთარი უფლებამოსილება მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.

____________

ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი

პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ და პროტესტის ნიშნად ღამეს საკანონმდებლო ორგანოს წინ ათევენ.

დღეს, 25 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ გეგმავს საქართველოს მე-11 პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას.

პარლამენტის ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. შესაბამისად, 25 ნოემბერს შეკრებილი პარლამენტი ერთპარტიული იქნება.

პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, მოწყობილია სცენა, საიდანაც საპროტესტო აქციაზე მისულ ხალხს გამომსვლელები სიტყვით მიმართავენ.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, 9 აპრილისა (ყოფილი ჩიტაძის) და ჭიჭინაძის ქუჩებზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციის კორდონის წინ
ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

საქართველოს პარლამენტის განცხადებით,  25 ნოემბერს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე და  ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ.

პარლამენტის სხდომაზე არაა მიწვეული არც ერთი ქვეყნის ელჩი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  დიპლომატიური კორპუსი ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიიწვიეს. მაგალთისთვის, 2020 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც მაშინაც საპროტესტო აქციის პარალელურად გაიმართა, 26 ქვეყნისა და 5 საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიური წარმომადგენლობები ესწრებოდნენ.

პოლიციას სრულად აქვს დაკავებული 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩა პარლამენტთან
ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ
ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:

  • 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებულად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია.
  • 4 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და მანდატები მიიღეს, ამბობს, რომ არ შევა პარლამენტში და არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას.
  • არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 34-მა დეპუტატმა.
  • კონსტიტუციონალისტების განცხადებით, სანამ სასამართლო სარჩელს არ განიხილავს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

 

„1121 წელს ქართველ მებრძოლებში შეიძლება არ იყო გამარჯვების იმედი, თუმცა იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ – სტუდენტები

დღეს, 24 ნოემბერს, დილიდან იმართება საპროტესტო აქციები თბილისში. მოქალაქეები ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, დეოლიგარქიზაციას, გასულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას…. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ  რუსულ, ეგრეთ წოდებულ ოჯახური სიწმინდის კანონსაც.

აქციას უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან. მათი ნაწილი უკვე თბილისშია.

თსუ-ს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს.

„… დიდი ხანი ვიფიქრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თუ რაზე გველაპარაკა. ჯერ ვიფიქრეთ, გვეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპა, თუმცა აქ ყველას იდეალურად აქვს გააზრებული, როგორ გვჭირდება ევროპა. მერე ვიქრეთ გველაპარაკა, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი ჩვენთვის, მაგრამ აქ ყველას იდეალურად აქვს გააზრებული, რას წარმოადგენს ჩვენთვის ეს ოკუპანტი ქვეყანა.

ამიტომ, გადავწყვიტეთ მივმართოთ მათ, ვინც დღეს აქციაზე არ დგას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრში დღეს, შეიძლება იყოს უიმედობა, გულგატეხილობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამას დიდი გავლენა აქვს და ამიტომაც ხალხი არ გამოდის. თუმცა გვინდა ყველას მოვუწოდოთ და ვუთხრათ, რომ 1121 წელს ქართველ მებრძოლებს, ჩვენ ვაჟკაცებს… ბევრში შეიძლება არ იყო იმედი გამარჯვების.

1921 წელს ბევრში შეიძლება არ იყო იმედი.

9 აპრილსაც ბევრში შეიძლება არ იყო იმედი, თუმცა ამის მიუხედავად ისინი იდგნენ იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ბრძოლის ველზე, გარეთ და იბრძოდნენ ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის. იბრძოდნენ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვყოფილიყავით თავისუფალი სამშობლოს, თავისუფალი საქართველოს შვილები და ჩვენ დღეს ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები.

მეგობრებო, გარეთ უნდა გამოვიდეთ. უიმედობის მიუხედავად უნდა ვიდგეთ, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული და ჩამოყალიბებული სახელმწიფო“, – ასე მიმართა მოქალაქეებს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლუკა თეთრაძემ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ უსამართლოდ დაკავებულები: გიორგი [ოკმელაშვილი], ომარ [ოკრიბელაშვილი], საბა [მეფარიშვილი], მათე [დევიძე], ისაკო [დევიძე] გაათავისუფლონ. ისინი არიან ჩვენი თანამებრძოლები, ღამე გაათიეს ჩვენთან ერთად და იყვნენ ჩვენს გვერდზე.

ასევე, ბათუმის სტუდენტებმა მთხოვეს გადმომეცა თქვენთვის, რომ ისინი ახლა არიან გზაში და შემოგვიერთდებიან მალე. პირველი დეკემბრიდან ძალაში შედის ის კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ განათლებას და აკადემიურ თავისუფლებას. ამიტომაც, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავემორჩილოთ ამ ცენზურის კანონს.

მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, შეასრულონ თავიანთი დანაპირები და არავითარ შემთხვევაში არ შევიდნენ პარლამენტში. როგორც ეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა – პარლამენტში შესვლა არის რუსეთში შესვლა.

ხვალ ყველანი ვაცდენთ ლექციებს. ყველანი აუცილებლად ვდგავართ პარლამენტის უკან 9 საათიდან. შსს-ს რუსულიდან გადმომღერებული მუქარა ჩვენ ვერ შეგვაშინებს და ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ვიქნებით ბევრი, ვიქნებით ერთად და გავიმარჯვებთ აუცილებლად სახელოვნად“, – მიმართა აქციის მონაწილეებს სტუდენტმა ლილე მშვენიერაძემ.

ლილე ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრია.

„… საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დღეს არის არალეგიტიმური, ყალბი და ფარსი, ხვალ შედის პარლამენტში და ცდილობს, რომ როგორც გავრილოვის ღამეს დაგვაბრმავეს ანალოგიური გაგვიკეთონ. მე ვთვლი, რომ დაწესებულებაში [თსუ], რომლის წინაც ჩვენ ვდგავართ და შიგნით იმყოფებიან სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ასე ვთქვათ, სასიკვდილოდ გაწირეს და სცემეს გოგოები, ბიჭები, მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ეს არის უნივერსიტეტი, საიდანაც ტელეკომპანია „იმედის“ თქმით, მხოლოდ პოლიციის ეკიპაჟი გამოვიდა, მაგრამ იქ მყოფმა ხალხმა კარგად ვნახეთ, რომ იმყოფებოდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთაც ხელში ეჭირათ ხელკეტები და კარგად გვახსოვს ყველას იმ ღამეს რა დანიშნულება მისცეს ამ ხელკეტებს.

უკანონოდ დაკავებული ადამიანები არიან ჩვენი თანამებრძოლები, არიან ადამიანები, რომლებიც გოგოებს, ქალებს, ბავშვებს, ასევე კაცებს, იცავდნენ ხელისუფლებისგან, რომელიც ტირანიაშია უკვე გადაზრდილი. იცავდნენ რეჟიმისგან, რომელიც ძალადობს განურჩევლად ყველა ადამიანზე.

საკუთარ თავზე, პირადად ხუთჯერ გამოვცადე პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან თავდასხმა. ასვე, კონკრეტულ ადგილებში დახვედრა და ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნის მმართველობის წესი.

დემოკრატიული ვერ იქნება ქვეყანა, სადაც არ გვაძლევენ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების შესრულების საშუალებას. [დემოკრატიული] ვერ იქნება ქვეყანა, სადაც საარჩევნო ბიულეტენზე ჩანს – ვის მივეცით ხმა. ვერ იქნება ქვეყანა დემოკრატიული, სადაც 16 წელი მიმდინარეობს კონკრეტული პარტიის მმართველობა.

ვერასდროს ვერ გავხდებით დემოკრატიულები იქამდე, სანამ გვმართავს „ქართული ოცნება“, – თქვა სტუდენტმა ანამარია სააკაძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. ის შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტია.

ანამარიამ სააკაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გამოვიდნენ სახლებიდან, რადგან დღეს ბრძოლაა საჭირო საქართველოს გადასარჩენად – „… ყველას გვიყვარს სახლში თბილად ჯდომა. ალბათ 9 აპრილსაც უყვარდათ სტუდენტებს სახლში თბილად ჯდომა, მაგრამ საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოლოთ. დავუმტკიცოთ ის, რომ ქართველები არასდროს გავხდებით რუსები, არასდროს ვიქნებით ის ადამიანები, ვინც საკუთარ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამხელა ისტორია, გახდება ქვეყანა, რომელმაც ბრძოლა წააგო. შეიძლება ჩვენ ბრძოლა წავაგეთ რუსულ კანონთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ ომი არ წაგვიგია. ქართველი ხალხი ომში არასდროს არ მარცხდება…”.

„ქვეყანაში, სადაც ჩვენი ჩინოვნიკების შვილები მიდიან საუკეთესო დასავლურ უნივერსიტეტებში და იგივე ხალხი ჩვენ გვიმტკიცებს, რომ დასავლეთი ცუდია, დასავლეთი გვერჩის და გვაშორებს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც დასავლეთთან ასოცირდება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იყო ოპოზიციონერი, ნიშნავს იყო რადიკალი.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ ფასდება არც ჩვენი ცოდნა და არც ჩვენი შრომა, იმიტომ, რომ, ვიღაცის ნათესავი დასასაქმებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ერთ გოგოს უმტკიცებდნენ, რომ ოთხი პოლიციელს სცემა. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, შეიძლება რომ ახალგაზრდები წლობით ციხეში გაუშვან და ის ხალხი, ვინც ჩვენ გვცემდა, ვინც დაასისხლიანა [დავით] ქაცარავა და სხვები, არა თუ დასჯილან, არამედ პრემიებიც აიღეს“, – მიმართა აქციის მონაწილეებს დავით ცინცაბაძემ. სტუდენტმა თავისუფალი უნივერსიტეტიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია დემონსტრირებულად ქალებმა ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და მათ მოუწევთ, რომ ჩვენი ხმა გაიგონ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ამბობენ, რომ თითქოს ქალების მიმართულებით რაღაც გააკეთეს, თითქოს მათ დროს იყო მაგალითად გენდერული კვოტების მიღება და ა.შ, ყოველთვის, ისინი რასაც აკეთებენ, არის ქალთა უფლებების ფეხქვეშ გათელვა.

ისინი რასაც აკეთებენ არის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების ფეხქვეშ გათელვა და რაც მთავარია, ადამიანების მოწყვლადობის გამოყენება. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ ოლიგარქებს, ბრჭყალებში ხელისუფლებას, რომ მოუწევთ ჩვენი ხმა გაიგონ და ვეღარასოდეს ვეღარ გამოიყენონ ჩვენი მოწყვლადობა.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ შშმ პირებს წაართვეს პირადობის მოწმობები. ვეღარ უნდა გაბედონ ასეთი რაღაცები. ვეღარ უნდა გადაგვახიოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ კონსტიტუცია და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციები“, – უთხრა ნეტგაზეთს სტუდენტმა და შშმ აქტივისტმა, ანა სიხაშვილი.

სტუდენტი დღეს, 24 ნოემბერს, თბილისში გამართულ ქალთა საპროტესტო მარშში მონაწილეობდა.

_______

მთავარი ფოტო: მარიამ შონია/ნეტგაზეთი.

დენის ხაზი მოწყდა და დაეცა გაზის მილს, მდგომარეობა არის სახიფათო – მოქალაქე სოფელ სამებადან

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები ბაგრატ აკუჯბა „ბათუმელებში“ საუბარს ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან გზის მშენებლობა მიატოვეს, ფერდობი იშლება და ნაშალი მიწა და წვიმის ღვარი მის ეზოშიო ჩადის.

ფერდობის ჩამოშლის გამო საფრთხე შეექმნა ბუნებრივი აირის მილსაც, რომელიც ხის ქვეშ არის მოქცეული.

„გაზის მილთან ახლოს გადის ელექტროენერგიის ხაზი. ახლა შუქის ხაზიც მოწყდა და დაეცა გაზის მილს. ხე არის ნახევრად მოგლეჯილი, ფესვები გამოთხრილი აქვს.

დენის წყარო დადებულია ზემოდან და ხე რომ მოტყდეს ან დენმა რომ გაატაროს, მოხდება აფეთქება“-ამბობს ბაგრატ აკუჯბა.

მისი თქმით, ერთი თვის წინ, გზის რეაბილიტაცია დაიწყეს, მისი სახლის გვერდით კი კედელი უნდა ჩამოესხათ ფერდის შესაკავებლად. თუმცა სამუშაოები კომპანიამ გაზის მილის გამო ვეღარ გააგრძელა.

„როგორც ვიცი, კომპანიამ, რომელმაც ამ გზის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა აიღო, მიწერა წერილი გაზის კომპანიას და მოითხოვა ბუნებრივი აირის მილის გადატანა, მაგრამ არავინ მოსულა.

მერე მე დავრეკე „სოკარის“ ცხელ ხაზზე და მითხრეს, რომ დრო სჭირდება, სამი დღე მაინცო. გავიდა ეს სამი დღეც და 15 დღეც, მაგრამ მაინც არავინ მოვიდა. წელავენ დროს.

ფერდობის ნაშალი მიწა ეზოში ჩამომდის, გადათხრილია ყველაფერი და არის იმის საშიშროება, რომ საერთოდ ჩამოინგრეს და კაციშვილი პასუხისმგებელი არ არის.

ცალკე პრობლემაა გაზის მილი, უნდა ნახოთ როგორ არაკომპეტენტურად არის გაყვანილი. უსაფრთხოების არანაირი ნორმები არ აქვთ დაცული. ვინც ნახა, ყველა შოკში იყო, ისეა გაკეთებული და ეს ყველაფერი ხდება პირდაპირ ჩემს სახლთან, გზაზე.

დენი დადებულია გაზის მილზე და აფეთქება რომ მოხდეს, ვინმე რომ დაიღუპოს, მერე ხომ ჩამოდგება ყველა ერთად“-ამბობს ბაგრატ აკუჯბა.

ბაგრატ აკუჯბას სახლის ეზოში არსებული მდგომარეობა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის ხელვაჩაურის მერია, საგზაო დეპარტამენტი და „სოკარი“ უპასუხისმგებლობას იჩენენ, პრობლემურია გზის პროექტიც.

„ხელვაჩაურის მერია, საგზაო დეპარტამენტი არაფერს აკეთებენ. ისეთი პროექტი გააკეთეს კედლის ჩამოსხმაზე გაოცდები. პირველი პროექტი მთელი ამბით შევაცვლევინე და ახლაც, სრული განუკითხაობაა.

სასწრაფო ვერ მოდის ეზოში, ასევე ასაღებია მანდარინის მოსავალი და ვერც მანქანა შემოდის გადათხრილი გზის გამო. აქ გაჩერებაც დიდი საფრთხეა, რადგან სახლის საძირკველი იტბორება და წყალი ვერ გადის. ეს ხელს უწყობს გზის და ფერდობის საბოლოოდ ჩამოვარდნას“-ამბობს აკუჯბა.

ვიდეო:

წინაპრების წინაშე, აწმყოს გააზრებითა და მომავლის რწმენით ვფიცავ, რომ ვაგრძელებ ბრძოლას – ციალა ქათამიძე

ავტორი: ციალა ქათამიძე

რთულია გადმოვცე მდგომარეობა, რომელშიც ბოლო სამი კვირაა.. თუ, უფრო მეტი, ვიმყოფები… თუმცა ალბათ ბევრი გაიგებს, რას ვგულისხმობ – ბრაზს – უსუსურობის შეგრძნება ანაცვლებს, უსუსურობის შეგრძნებას – იმედი, იმედს – გამბედაობა, გამბედაობას – არსებული რეალობის გააზრება მოსდევს და ისევ უიმედობაა.

მერე პირიქით…

თავიდან ვიფიქრე, არ შევებრძოლები, რაც არის ეგაა, რაც წავა, წავა… რაც დარჩება, დარჩება…

არც გარეთ გასვლა მინდოდა, არც შემოსვლა, არც ლაპარაკი, არც სიჩუმე… არც ფიქრი, არც უაზროდ ყოფნა… არც ის ვიცოდი რა მექნა, არც უმოძრაოდ ყოფნის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს… ირგვლივ მიმოვიხედე და ყველა მეტ-ნაკლები სიმძაფრით, მაგრამ მსგავს მდგომარეობაში იყო… იყო რა, არის… ჩამოვსქროლავთ სოციალურ ქსელებს… ამოვიხვნეშებთ… წამოვიწუწუნებთ… ისევ ჩამოვსქრილავთ…

მერე სადმე დათქმულ საპროტესტო აქციაზე გავალთ ან ჩავალთ… ცოტას ამოვისუნთქავთ და მერე ისევ თავიდან….

ამასობაში კი – მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული გოგო ფორმულას გადაცემა „მეჩვიდმეტე სართულის“ ეთერში ჰყვება, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა, მანქანაში რომლითაც იზოლატორში გადაჰყავდათ, მუხლებზე დააყენეს და სექსუალურად ავიწროებდნენ.

ასე მუხლებზე მდგარი ამგზავრეს იზოლატორამდე და სკამზე არ დასვეს“.

„23 წლის ბიჭი ექვსი წლით უნდა გამოამწყვდიონ ციხეში რკინის ჯებირის დაზიანების გამო.. არადა, ეს კაცი ოთხსულიანი უღატაკესი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გახლდათ, თბილისში არემონტებდა ბინებს და თანხას მშობლებსა და დეიდას უგზავნიდა. მამა ავად ჰყავს, ძლივს დადის; დედას კიდურები აქვს დამწვარი, დეიდა ოცი წელია ლოგინსაა მიჯაჭვული.

სამი ავადმყოფი მოხუცი დარჩა მარტო, ლუკმის მიმწოდებლის გარეშე…“

მე დღეს შემრცხვა… ავტოპილოტის რეჟიმში ჩართული საკუთარი თავის შემრცხვა… მართალია ერთი შეხედვით არ გავჩერებულვარ, არ დავნებებულვარ, არ გავჩუმებულვარ, მაგრამ შემრცხვა!

შემრცხვა იმის, რომ 25 ნოემბერს, 12 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტში იკრიბება – ხალხი, ადამიანები, რომელთა იქ ყოფნისთვისაც სისტემამ ყველა სხვა ბოროტებასთან ერთად, მინიმუმ ამ ორი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა! მათი ბუტაფორიული არსებობის გასახანგრძლივებლად სისტემამ ჩვენ თვალწინ ფეხქვეშ გათელა ორი მოქალაქე… ძალა დაგვანახა და გვითხრა, რომ გავჩუმდეთ და თუ არ გავჩუმდებით, დანარჩენს მოგვიანებით ვნახავთ!

მე, საქართველოს მოქალაქე ჩვენი წინაპრების წინაშე, აწმყოს გააზრებითა და მომავლის რწმენით ვფიცავ, რომ ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას ტყუილთან, ბრძოლას კორუფციასთან, ბრძოლას ავტორიტარიზმთან, ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან და დიახ, ვაგრძელებ ბრძოლას რუსეთთან, ყველა ხერხისა და საშუალების გამოყენებით!

არავის გსაყვედურობთ და გამუნათებთ, მესმის ყველასი – ვინც დაიღალა, ვისაც აღარ სჯერა, ვინც უიმედოდაა, ვისაც ეშინია… მესმის – მარტივი არაა! მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა გრძელდება და როცა მიხვდებით, რომ თქვენც შეგიძლიათ, რომ მზად ხართ, რომ დრო მოვიდა, რომ ეს ბრძოლა თქვენიცაა, მჯერა რომ აუცილებლად შეურთდებით ბრძოლას, რომელიც საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება!

თქვენს გარეშე არ გამოვა! შენს გარეშე, არ გამოვა! მაგრამ გახსოვდეთ ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა შენ გელოდება! შეხვედრამდე!

ძალა ერთობაშია!

 

მთავარი ფოტო: ედო მჟავანაძე

საქართველოს არჩევნები ტრამპისთვისაც საყურადღებო იქნება – რესპუბლიკელი კონგრესმენი და სხვები არჩევნებზე

მოამზადა ნათია კაპანაძემ

___

18-23 ნოემბრის დაიჯესტი:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრებიან და არც ოპოზიცია, რომელმაც საზოგადოებას 24 და 25 ნოემბრის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების შედეგები არ მიულოცავს. თუმცა როცა ელჩები პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან – „მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა“

„ბევრი ქართველისთვის „ქართული ოცნება“ – „რუსული ოცნებას“ უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია. საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი.

უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც“, – ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მიმართა. გასულ კვირას, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.

„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე ხსნის, რატომ იქნება ახლა არასწორი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა. გასულ კვირას საქართველოში ვითარდებოდა ამბები, რომელზეც განგაში დიდი ხნის წინ იყო ასატეხი.  

ირანის ხელისუფლების ცნობით, თეირანის უნივერსიტეტში გაშიშვლების შემდეგ დაკავებული სტუდენტი აჰუ დერიაი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.  საქართველოში აქციაზე დაკავებული ქალი კი ჰყვება, რომ პოლიციის მანქანაში სექსუალურად ავიწროებდნენ, მუხლებზე დაყენებული ამგზავრეს.

აქციაზე შსს-მ, ჯამში, 16 ადამიანი დააკავა. დემოკრატიის კვლევის ცენტრი აცხადებს, რომ  აქციის დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ომბუდსმენის მიერ მონახულებული 16 მომიტინგიდან 10 „სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ან ძალის გადამეტების მსხვერპლია“

დავით კირთაძე დააჯარიმეს და ცესკოდან რიცხავენ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, რომელმაც გასულ კვირას ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, „კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევის გამო“ 500 ლარით დააჯარიმეს. ცესკოს პრესსამსახურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გამოიწვევს მის გარიცხვას კომისიიდან. გარდა ამისა, კირთაძეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში არ ექნება ცესკოს არცერთი დონის კომისიის წევრობის უფლება.

სასამართლომ კი პატიმრობაში დატოვა 400-ლარიანი ჯებირის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები.

აქციების გაშუქებისას პოლიციის სამიზნედ ტრადიციულად იქცნენ მედიის წარმომადგენლებიც. პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, ჟურნალისტს აქციაზე დაკავებისაგან იმუნიტეტი არ იცავს.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. პროტესტს ეხმიანებიან ლექტორები. “მხარს ვუჭერ სტუდენტების პროტესტს. სხვაგვარად არ მექნება ლექციაზე შესვლის მორალური უფლება” –  ამბობს აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი და ბსუ-ს პროფესორი ინგა შამილაშვილი.

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეები იზრდება. გასულ კვირას საქართველოში მსჯელობდნენ შეაჩერეს თუ არა ცენზურის გამო მურაკამის გაყიდვა – ნახეთ გამომცემლობის განმარტება.

„ქართული ოცნების” პოლიტიკური ხედვა უცვლელია – ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა

20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა: ერთი მხრივ, ისინი აჯამებენ იმ მიღწევებს, რაც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას აქვს, მეორე მხრივ კი, იმ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა გადაიდგას იმისთვის, რათა მე-11 მოწვევის პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

ამ დრომდე, რეალობა უცვლელია, ელჩები პარლამენტის I სხდომაზე არ მიიწვიეს – შალვა პაპუაშვილი პრაქტიკას ცვლის – ის ამტკიცებს, რომ ერთი მხრივ, არჩევნები და პარლამენტის პირველი სხდომა შიდასახელმწიფოებრივი საკითხია, მეორე მხრივ კი, საჭიროა „უცხოელების არასწორი გავლენის“ მინიმუმამდე დაყვანა.

საქართველოში ჩატარებული არჩევნების თემები ტრამპისთვისაც საყურადღებო იქნება – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია. საქართველო შეერთებული შტატების კარგი მეგობარია და დასავლეთისკენ მისი სვლა საერთო ინტერესია.

ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი:

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა

ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადამეტებული საპოლიციო ძალების გამოყენებით

არჩევნების შედეგები საკონსტიტუციოში 34-მა დეპუტატმაც გაასაჩივრა

პროცენტები და მანდატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმიდან – არჩევნები 2024

„გაჟონილია!“ – ხმის ფარულობა, როგორც კონსტიტუციური უფლება

რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?

ტურავა: არჩევნების შესახებ პრეზიდენტისა და პარლამენტარების სარჩელები გაერთიანდება

პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს – ნონა ქურდოვანიძე არჩევნებზე

რა ხდება, როცა არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციოში | საიას განმარტება

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ – ბათუმში ბანერი გადმოფინეს

არჩევნებში დახარჯული მილიონები

დღეს უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აჯამებს – შენობასთან აქციაა

„არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში

სულაკაურის გამომცემლობა აქციის მონაწილეებს წიგნებს ცოცხალი ჯაჭვით მიაწვდის

ღამისთევით უნივერსიტეტში – ბათუმელი სტუდენტების პროტესტი | დისკუსია

ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებთან – ლექტორების განცხადება

ბსუ-ს პროფესორი: კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ვისურვებდი მეტ გამბედაობას, ყველას ვერ მოხსნიან

მელიქიშვილზე დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“

ნიკო მანაგაძის თქმით, საგამოძიებოში დაიბარეს “იმედის” ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ეპიზოდზე

„ახალი თაობა გაიმარჯვებს. არ გვინდა არც ჩრდილოეთ კორეა გავხდეთ და არც ბელარუსი“- იულონ გაგოშიძე

აქტივისტი ნინოწმინდიდან: „არჩევნებზე აქ იყო ტოტალური კონტროლი“

 

Პ ო ლ ი ტ ი კ ა: 

რუსული პროპაგანდა: პროდასავლური პრეზიდენტი საქართველოს პრობლემაა, ეს უნდა მოაგვარონ

რით კვებავს შსს აქციის დამშლელ პოლიციელებს

საპროტესტო აქციის დარბევა და დაკავებები – რა ხდება თბილისში

„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ“ – „მთავარი არხის“ ოპერატორი

მოვუწოდებთ შსს-ს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა – მედიაომბუდსმენი

შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შს სამინისტროს

ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ხელშეშლას – ონლაინ მედიის განცხადება

ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა – რუსული მედია

ბათუმის მერიამ 10 თვეში ჯარიმებიდან 11 მლნ-ზე მეტი ამოიღო, კაზინოებიდან – 54 მლნ ლარი

„რით ამაყობენ, არცერთი არ იცავს მოქალაქის უფლებებს“ – პრეზიდენტი სახელმწიფო სააგენტოებსა და კომისიებზე

კუნძულის აშენების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 70 000-ით გაიზრდება – რას სთხოვს სააგენტო „ამბასადორს“

2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი

„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო

„შიმშილობის 61-ე დღეს, მე და ჩემმა შვილებმა აფგანის მონახულება მოვახერხეთ“- ცოლი

 

ი ნ ტ ე რ ვ ი უ:

მითოლოგია ბიძინაზე უნდა დაინგრეს, სისტემაში ჯერ კიდევაა ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე“ – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში  – ინტერვიუ ლევან ლორთქიფანიძესთან

ივანიშვილს აქვს ვნება, გაიფორმოს დიქტატურა, მაგრამ ეშინია ხალხის“ – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან

ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო – ინტერვიუ ბაგრატ თავართქილაძესთან

დამკვირვებელი იორმუღანლოდან: „გაყალბების მინიმუმ 20 მეთოდი გამოიყენეს” – ინტერვიუ თოზუ გულმამედლისთან

უ ც ხ ო ე თ ი  ს   ა მ ბ ე ბ ი:

ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გამოსცა

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

CPJ: პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია

უ კ რ ა ი ნ ა:

ბაიდენმა კიევისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ნოემბერი

კ ვ ი რ ი ს  ა მ ბ ა ვ ი:

  ელჩები პარლამენტის I სხდომაზე არ მიიწვიეს – პაპუაშვილი პრაქტიკას ცვლის

___

ამავე თემაზე:

PROტესტი და პოლიტიკა საქართველოში – ორი კვირის დაიჯესტი 

ჩვენთვის არ უნდა იკეტებოდეს ევროპის კარები და არ უნდა იღებოდეს რუსეთის კარები- მასწავლებლების მარში

დღეს 24 ნოემბერს, სკოლებისა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორ-მასწავლებლებმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

მასწავლებლები, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, არ აღიარებს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგს და მოითხოვს ახალ არჩევნებს.

ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგები გააყალბა, დაარღვია კონსტიტუცია და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროინტეგრაციას.

მასწავლებლების საპროტესტო მარში

„არა რუსულ რეჟიმს“, „არა რუსულ მთავრობას“ , „არა ცენზურას“, „სოლიდარობა დაკავებულებს“- ისმოდა შეძახილები მასწავლებლების მარშზე.

საპროტესტო მარშზე გამოსული მასწავლებლები, ლექტორები და სტუდენტები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან ცენზურის კანონს და ასევე აცხადებენ, რომ მოითხოვენ ახალ არჩევნებს.

აქციის მონაწილეები აპირებენ მთელი ღამე გაათენონ პარლამენტის წინ, სადაც ხვალ, 25 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ საზოგადოების მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარების მიუხედავად, მაინც აპირებს სხდომის ჩატარებას.

„პარლამენტში შესვლა, რუსეთში შესვლას ნიშნავს, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ასე, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და ჩვენც აქ ვიდგებით, ჩვენი თავისუფლების დასაცავად“-ამბობენ აქციაზე მყოფი სტუდენტები.

„არ ვაპირებთ დანებებას და არავის მივცემთ უფლებას წაგვართვას ხმა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი – ევროკავშირი. ცვლილებების მოხდენა ბრძოლის გარეშე შეუძლებელია, ძალა ერთობაშია და მჯერა რომ ერთად ბრძოლით გავიმარჯვებთ“-აცხადებს საპროტესტო აქციაზე მყოფი სტუდენტი.

უნივერსიტეტის კარი არ უნდა იკეტებოდეს სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის კარი არ უნდა იღებოდეს სპეცრაზმისთვის, ევროპის კარი არ უნდა იკეტებოდეს ჩვენთვის და რუსეთის კარი არ უნდა იღებოდეს ჩვენთვის, ვერ შევეგუებით ამ ყველაფერს“ – აცხადებენ საპროტესტო აქციაზე მყოფი ლექტორ-მასწავლებლები.

თბილისში საპროტესტო აქციები ახალი არჩევნების მოთხოვნით ათ დღეზე მეტია მიმდინარეობს.

მოქალაქეების განცხადებით, დღეს არსებული ხელისუფლება არის „არალეგიტიმური, ყალბი და ფარსი“, ამანამდე პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ასევე მოითხოვენ იმ ახალგაზრდების გათავისუფლებას, რომელიც პოლიციამ აქციის დარბევის დღეს დააკავა.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ნოემბრის 21 საათიდან 25 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა ღამით 4-5 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 26 და 27 ნოემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა.

„ბიძინა წადი, მე ვრჩები“ – თბილისში ქალთა მარში დაიწყო

თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს.

„ბიძინა წადი, მე ვრჩები“, – საპროტესტო მარშზე ქალები ამ სლოგანიანი ჩემოდნებით მივიდნენ და ასე უპასუხეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, შეუძლია უცხოეთში წავიდეს.

„თუ ვინმე უნდა წავიდეს საქართველოდან, ეს არის პუტინის ბატონ-ყმა ივანიშვილი, ჩვენ აქ ვრჩებით.

12 წელია ბატონ-ყმა ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ რუსული ოცნებები საქართველოში არ სრულდება. ამიტომ ასეთი შემართებით გავაგრძელოთ და მივუტანოთ ეს ჩემოდნები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ალაგდნენ, ჩალაგდნენ და წავიდნენ ამ ქვეყნიდან“, – ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე.

ქალთა მარში თბილისში გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ

„ქალებს გვიბრძოლია ამ ქვეყნისთვის 90-იანი წლებში და ქალები ვიბრძვით დღეს. ჩვენ რამდენიმე ათასი ადამიანი აქ დგომით ვიცავთ ამ ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვიქნებით დასაწყისი ახალი საქართველოსი და ჩვენ არ დავუშვებთ გაყალბებულ არჩევნებს“, – ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილე ქალები.

საპროტესტო აქციაზე მყოფი ქალები ასევე საუბრობენ იძულებით ემიგრაციაზე, რომელიც არ არის არცერთი ქალის არჩევანი. „შენი მთავრობა გაიძულებს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დატოვო ქვეყანა, ამას ეს მთავრობა უწყობს ხელს. მით უმეტეს, ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე, რომელიც იყო ერთადერთი იმედი ემიგრაციაში წასული ხალხის, რომ გაიმარჯვებდა სიმართლე და ისინი უკან დაბრუნდებოდნენ“, – ამბობს საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

„ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“, – აცხადებენ ქალები აქციაზე.

„ივანიშვილი ერთადერთ ალტერნატივად გვთავაზობს ემიგრაციას, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და თუ ვინმე უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, ეს არის ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული მმართველობა.

ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც შეიყვანა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო ივანიშვილმა, მხოლოდ ერთი გამოსავალია – მოძრაობა ცვლილებისთვის და მოძრაობა ცვლილებებისკენ.

თუ რამე უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს არის ამ მოძრაობის და სულისკვეთების ჩახშობა. ამიტომ ვეტყვით ივანიშვილს, რომ ეს მოძრაობა არ გაჩერდება, ჩვენ წასვლას არ ვაპირებთ“, – ამბობს აქციის მონაწილეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 730 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
  • ტანკი – 9 423 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 19 209 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 20 765 ერთეული [+5]
  • MLRS – 1 254 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 004 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 366 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 764 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 864 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 3 679 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 603 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 496 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 472 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 701 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ – ბათუმში ბანერი გადმოფინეს

23 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო ბანერი გადმოფინეს და ასე გააპროტესტეს “ქართული ოცნების” პოლიციური რეჟიმი.

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ – წერია ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადმოფენილ ბანერზე.

გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდების, ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის პროცესზე, მოსამართლე ნათია გუდავამ, ახალგაზრდების პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა. ისინი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გუშინ, 22 ნოემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ, 21 წლის მათე დევიძეს, რომელსაც რამდენიმე პოლიციელის ფიზიკურად დაზიანება ედება ბრალად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მხარს ვუჭერ სტუდენტების პროტესტს. სხვაგვარად არ მექნება ლექციაზე შესვლის მორალური უფლება – ინგა შამილიშვილი

ბსუ-ს პროფესორი, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, ასევე სტუდენტების საპროტესტო აქციებს თბილისში.

„ბათუმელებმა“ ინგა შამილიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. პროფესორს ვკითხეთ, მისი აზრით, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს.

  • ქალბატონო ინგა, როგორ ფიქრობთ, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და რას გვეტყვით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტზე, რომლებიც მეცხრე ღამეს გაათევენ დღეს უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად?

სტუდენტები ყველაზე ჯანსაღი ნაწილია საზოგადოების, რომელთაც პირდაპირ შეუძლიათ აღიქვან ის რეალობა, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე, სახელმწიფოზე და ა.შ. პროტესტი, რომელიც წამოიწყეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სწორედ ჯანსაღი პროტესტის მაგალითია. პროტესტი იმის მიმართ, რომ არჩევნები არ იყო ის და ისეთი, რასაც ისინი ელოდნენ. ანუ, მათ მოჰპარეს ხმები, რაც გახდა პროტესტის მთავარი საწყისი.

ჩემი სტუდენტებიც იყვნენ დამკვირვებლები [საარჩევნო უბნებზე]. არჩევნების შემდეგ ისინი ძალიან გულგატეხილები იყვნენ, იმის გამო, რაც ხდებოდა. მე ვთვლი, რომ სტუდენტების პროტესტი ეს არის ბუნებრივი მოვლენა – ყოველთვის სტუდენტები იწყებდნენ ძალიან დიდი ეროვნული საქმეების კეთებას და ყოველთვის უნივერსიტეტიდან იწყებოდა.

რაც შეეხება ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს, [პროტესტის მონაწილეები] არიან ჩემი სტუდენტებიც. მე მათთან ვარ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მორალურად თუ ფიზიკურად და ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით.

უნივერსიტეტის გაცხადებული მისიაა, რომ მან უნდა აღზარდოს მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობის და ზოგადი განათლების მქონე მოქალაქე. ეს არის ბათუმის უნივერსიტეტის მისიის ნაწილი და არამარტო ბათუმის უნივერსიტეტის. თითქმის ყველა უნივერსიტეტს ეს აქვს გათვლილი მისიაში და ამიტომ, სტუდენტების ეს პროტესტი სწორედ რომ მათი მოქალაქეობრივი პოზიციების დაფიქსირებაა. მე ვთვლი, რომ ეს ნამდვილადაა პროტესტის ჯანსაღი ფორმა.

ამ პროტესტთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სტუდენტები უსმენენ ლექციებს. მოიწვიეს პროფესორები, რომლებმაც ჩაატარეს მათთან შეხვედრები. მათ შორის ვიყავი მეც და ეს ძალიან საინტერესო ფორმატი იყო. ეს ადასტურებს, რომ ამ ახალგაზრდებს სურთ განათლება მიიღონ, მიიღონ ევროპული განათლება და ამავე დროს, მათი მიზანია ის, რომ უნივერსიტეტი იყოს მათთვის ის კერა, რომელიც მისცემს ძალიან დიდ სტიმულს და ამავე დროს შესაძლებლობას, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ და ჰქონდეთ ის ღირებულებები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ.

  • გაზაფხულის პროტესტებისას გაცილებით მეტი ახალგაზრდა იყო ქუჩაში. რატომ იკლო მათმა რაოდენობამ, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა?

საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილიზმი შეინიშნება ამ არჩევნების შემდეგ. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა და მე ვეთანხმები, რომ ხელისუფლებამ მოახერხა ადამიანებში ერთგვარად უიმედობის [გაჩენა] და ჩააქრო ცვლილების გარკვეული მუხტი, რომელიც არსებობდა.

წინა პროტესტები ნამდვილად უფრო ხალხმრავალი იყო, ბევრი პროფესორიც იდგა მაშინ სტუდენტების გვერდით და ეს იყო ერთიანი განწყობა იმ კანონის [რუსული კანონის] მიმართ, რომელიც ნამდვილად ზღუდავს ჩვენს უფლებებს და აქვე ვიტყვი, რომ კანონმა გარკვეულწილად დაიწყო ამოქმედება.

ამასობაში მეორე კანონი წამოგვეწია, ვგულისხმობ, ოჯახური ღირებულებების კანონს და მისი ერთ-ერთი პუნქტი გარკვეულ წილად აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, რადგან შესაძლებელია, რომ გარკვეული ტექსტები არ გახდეს მისაღები საუნივერსიტეტო სივრცისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი კოლეგების აკადემიურ თავისუფლებასაც ზღუდავს.

მე ვარ მოძრაობა ქართული განათლება საფრთხეშია“ წევრი და ვთვლი, რომ ამ რეალობიდან გამომდინარე განათლება ნამდვილად არის საფრთხეში. ზოგადად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორმე დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს.

  • თუ გაქვთ რეალური ცვლილების მოლოდინი?

იმედი ბოლოს კვდებაო ამბობენ, ზოგადად. ვფიქრობ, რომ ცვლილებები უნდა დადგეს აუცილებლად ჩვენს ქვეყანაში. სხვანაირად პროგრესი წარმოუდგენელი იქნება, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინ კიდევ ერთი არჩევნები გვაქვს და აი, ამ რეალური სურათით, რომელიც დღეს დადგა, ეჭვქვეშ ვაყენებ მომავალი არჩევნების ობიექტურობასაც.

  • რა ელით სტუდენტებს განათლების შესაძლებლობების თვალსაზრისით?

ძალიან რთულია გაუმკლავდე ამ კანონს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. მსმენია – „არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააყოლეთ ყველაფერი“, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ [რუსული კანონი] პირდაპირ ზღუდავს თავისუფალ სიტყვას, რაც შეეხება მედიებსაც. განსაკუთრებით რეგიონულ მედიებს, რომლებსაც ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლიათ იგივე აჭარაში მიმდინარე პროცესებში.

თუ კი ასე წავიდა და ევროკავშირის დაფინანსებები შეჩერდება, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების მობილობაზე. პირადად ჩემი გამოცდილებით ვამბობ – რომ არა ჩვენი ევროპელი, ამერიკელი მეგობრები და ამავე დროს მათი საელჩოების ჩართულობა, ვერ განვახორციელებდით ბევრ იმ პროექტს, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღარაფერს ვამბობ „ერაზმუსზე“ და ა.შ.

პირველ რიგში, რაზეც მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, ეს არის ჩემი, როგორც პროფესორის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, ამდენად, ალბათ განვმეორდები, თუკი ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მაგონებს საბჭოთა პერიოდს, როდესაც ყველაფრის თქმა და ყველაფერზე საუბარი აუდიტორიაში არ შეიძლებოდა. ეს სურათი გვექნება, თუკი ეს ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის.

მე ვთვლი, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ იმ ღირებულებების სტუდენტების აღზრდას, რა ღირებულებებიც გვინდა, რომ ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას.

  • როგორი განწყობებია აუდიტორიებში, უნივერსიტეტის ფოიეში შეკრებილი სტუდენტების პროტესტის მიღმა?

გაცხადებულია, რომ უნივერსიტეტი აპოლიტიკური დაწესებულებაა, ამიტომ პოლიტიკურ თემებზე საუბარი ლექციის მსვლელობის დროს, რა თქმა უნდა, არასწორია. ეს არის ერთგვარად უნივერსიტეტის იდეის უარყოფა, ამიტომ პირდაპირ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ.

თუმცა, ჩვენს [უნივერსიტეტში] ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია, ძალიან ბევრი საკითხია, განსაკუთრებით ფილოლოგიაში, როცა მე-20 საუკუნის ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკური კონტექსტების გარეშე… ამიტომ, ჩვენ გვიწევს შევეხოთ ბევრ მტკივნეულ საკითხს. ერთი, რაც არის და ამ სტუდენტებთან ურთიერთობაშიც ეს დავინახე, ისინი განიცდიან ყველაფერ ამას და თვლიან, რომ მათი ბრძოლა მნიშვნელოვანია.

მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ის, ვინც აუდიტორიაში ზის დღეს, ახლა თან შუალედურების კვირაა, ძალიან ბევრი მათგანი მხარს უჭერს სტუდენტების პროტესტს. უბრალოდ, ყველასგან გმირობას ალბათ ვერ მოვითხოვთ, მაგრამ მათი შინაგანი განწყობა სწორედ რომ ამ სტუდენტების თანადგომაა.

  • რას აპირებთ თქვენ, რჩებით სტუდენტური პროტესტის მხარდამჭერად?

მე აუცილებლად ვიქნები ჩემს სტუდენტებთან ერთად ყოველთვის. სხვაგვარად არ მექნება მორალური უფლება, რომ შევიდე ლექციაზე. მოძრაობა – „ქართული განათლება საფრთხეშია“ ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. 24 ნოემბერს მოეწყობა მსვლელობა თბილისში, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია.

არჩევნებში დახარჯული მილიონები

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად მეტი დახარჯა, ვიდრე არჩევნებში მონაწილე სხვა თითოეულმა პარტიამ თუ კოალიციამ. ანტიკორუფციული ბიუროსთვის 8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 27 აგვისტოდან არჩევნების დღემდე – 26 ოქტომბრამდე პერიოდში „ოცნების“ ფაქტობრივმა ხარჯმა 23 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. აქედან 21 მილიონი საკასო, ანუ გადახდილ ხარჯებში მიუთითეს.

ამ თანხაში შედის როგორც ოფისის, ასევე რეკლამის, სახელფასო და სხვა ხარჯი. 

2024 წლის იანვრიდან 26 ოქტომბრამდე „ქართულმა ოცნებამ“ შემომწირველებისგან 15 მილიონ 527 057 ლარი მიიღო, ამას დაემატა საბიუჯეტო დაფინანსებაც.   

8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, რომელიც „ბათუმელებმა“ შეისწავლა, „ოცნებამ“ წინასაარჩევნო ხარჯებიდან 917 457 ლარი შრომის ანაზღაურების ნაწილში ჩაწერა. აქედან ხელფასების სახით 391 049 ლარი გაუცია. ეს ადმინისტრაციაში დასაქმებულების ხელფასებია. დარჩენილი თანხა – 526 408 ლარი კი ფინანსურ დეკლარაციაში ასახეს, როგორც „სხვა ანაზღაურება“.

ამ ეტაპზე არ ვიცით, არის თუ არა ეს თანხა კოორდინატორების, აგიტატორების ან ე.წ. კაპიტნების დაფინანსების ნაწილი, რომლებმაც „ოცნების“ სასარგებლოდ ქოლცენტრებში იმუშავეს.

„ოცნების“ სასარგებლოდ წელს ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში ბევრად მეტი აგიტატორი, კოორდინატორი და ე.წ. კაპიტანი მუშაობდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ წინა არჩევნებზე 2012 წლიდან დღემდე. შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული თანხა – 526 408 ლარი – მათი შრომის ასანაზღაურებლად საკმარისი ვერ იქნება. დეკლარაციაში შრომის ანაზღაურების ნაწილში ასახულ თანხას საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის მკლევარები „სასაცილო თანხასაც“ კი უწოდებენ. 

„ქართული ოცნების“ აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნება“ ქოლცენტრების მეშვეობით მუშაობდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„…წელს განსხვავებით წინა წლებისა, ყველა უბანზე გავაკეთეთ პატარა-პატარა ქოლცენტრები, საიდანაც უფრო მარტივი გავხადეთ კომუნიკაცია უბნის უფროსებთან და ქოლცენტრის უფროსებს დავარქვით კაპიტნები. ბათუმში წლები გვქონდა ერთი ქოლცენტრი და წლევანდელ არჩევნებზე გავხადეთ მეტი. ადამიანების ჯამი არ შეცვლილა“, – დაწერა ირაკლი ჭეიშვილმა.

8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციაში, რომელიც 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს, „ოცნება“ არ უთითებს, რამდენი კოორდინატორი, აგიტატორი და უბნის უფროსი, ე.წ. კაპიტანი ამუშავა საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს არაერთი მტკიცებულება, რომ „ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს კოორდინატორები ქოლცენტრების დახმარებით ამუშავა. 

თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში, ჯამში, 1 147 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამ უბნებს ქოლცენტრებში დასაქმებული ჯამში მინიმუმ 3 441 პირი ემსახურებოდა [გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ერთ ქოლცენტრში 3 ადამიანი მუშაობდა].

ცესკოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 3 044 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ერთ უბანზე, გარდა ქოლცენტრებისა, „ოცნების“ მინიმუმ 2 კოორდინატორი მუშაობდა: შესაბამისად, ჯამში 6 088 კოორდინატორი. ანუ „ოცნებას“ ქოლცენტრებსა და უბნებზე მინიმუმ 9 529 პირი ჰყავდა დასაქმებული. 

„ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამი თვე იმუშავეს და ანაზღაურების სახით თვეში 200 ლარი მიიღეს. ასეთ შემთხვევაში ქოლცენტრებში, პირობითად 3 441 კაპიტნის ერთი თვის შრომის ანაზღაურებისთვის „ოცნებას“ 688 200 ლარი დასჭირდებოდა. უბნებზე დასაქმებული 6 088 კოორდინატორისთვის კი, ერთი თვის ანაზღაურება [200 ლარიდან] 1 მილიონ 217 800 ლარი გამოდის, სამ თვეში კი – 3,6 მილიონზე მეტი ლარი. 

8 ნოემბერს წარდგენილ დეკლარაციაში, ამ ოდენობის სახელფასო ხარჯებზე არაფერი აქვს „ოცნებას“ მითითებული. შესაბამისად უცნობია, რა თანხა გადაუხადა „ოცნებამ“ თავის კოორდინატორებს, აგიტატორებსა და ქოლცენტრებში დასაქმებულებს და ხომ არ არის ეს შავი ფული? – ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ამ ეტაპზე არ არსებობს. 

  • 8 ნოემბრის დეკლარაცია – „ოცნებამ“ საარჩევნო წელს 1 მილიონ 373 679 ლარის უძრავი ქონება შეიძინა.

„ოცნების“ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ სახელისუფლებო პარტიამ საარჩევნო წელს 1 მილიონ 373 679 ლარის უძრავი ქონება შეისყიდა. მათ შორის 1 მილიონ 355 425 ლარი შენობა-ნაგებობებში გადაიხადეს, 13 294 ლარი კი – მანქანა-დანადგარებში. 

საიჯარო ქირის ხარჯის სახით 583 348 ლარი მიუთითეს, გაცილებით მეტი – 790 661 ლარი მიუთითეს ამ ნაწილში საკასო ხარჯის სახით. ოფისების ხარჯის სახით კი „ოცნებამ“ დეკლარაციაში 442 573 ლარი მიუთითა, აქედან მხოლოდ 295 318 ლარია საკასო ხარჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციის შევსების მომენტისთვის დარჩენილი თანხა გადახდილი არ იყო.

  • „ოცნებამ“ წინასაარჩევნო რეკლამაში 16 მილიონამდე ლარი დახარჯა

მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. „ოცნებამ“ რეკლამაში არც მეტი არც ნაკლები 15 მილიონ 903 117 ლარი დახარჯა. ამდენი თანხის რეკლამაში დახარჯვა კი არა, საერთო ჯამში შეგროვებაც კი ვერ შეძლო, არათუ რომელიმე პარტიამ, არამედ ცალკეულმა კოალიციამაც კი, რომელშიც 3-4 პარტიაა გაერთიანებული.

სარეკლამო ხარჯიდან 5 მილიონ  763 104 ლარი „ოცნებას“ სატელევიზიო რეკლამაში დაუხარჯია, 820 230 ლარი კი – ინტერნეტრეკლამაში. 7  მილიონ 130 686 ლარი გარე რეკლამის ხარჯია, ხოლო 1 828 466 ლარი დეკლარაციაში „სხვა სარეკლამო ხარჯის“ სახით არის მითითებული. ბეჭდური რეკლამის ხარჯი 360 632 ლარია.

  • გრაფაში სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება: 2 მილიონ 955 224 ლარი 

მმართველი პარტია არ აზუსტებს ამ გრაფაში მითითებული თანხა კონკრეტულად რაში დახარჯა.

  • 1 მილიონ 515 166 ლარი – მაისურები, კეპები და ქუდები 

მილიონ-ნახევარი ლარი დაუხარჯია მმართველ პარტიას მითითებულ აქსესუარებში – კეპებში, მაისურებში, ქუდებში, დროშებში და ასე შემდეგ.

თითქმის ყველა ფიზიკური პირი, ვინც სახელისუფლებო პარტიას საპარლამენტო არჩევნებისთვის 40 000 – 60 000 ლარი შესწირა მსხვილი ბიზნესის მფლობელი, პარტნიორი, კომპანიის დირექტორი ან უფროსი მენეჯერია. შემწირველების კომპანიების დიდი ნაწილი ტენდერებში მონაწილეობს ან მშენებელია და მშენებლობის ნებართვას სასურველი პარამეტრებით უპრობლემოდ იღებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევრები ანგარიშებში წერენ, რომ ამ შემოწირულობების შესწავლა იწვევს საფუძვლიან კითხვებს და ეჭვებს კორუფციაზე.

  • 9 მილიონ-ნახევარი ლარი კოალიცია „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ 

ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში კოალიციამ „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“  9 მილიონ 901 350 ლარი დახარჯა. ეს ფაქტობრივი ხარჯია, საკასო ხარჯი კი 9 მილიონ 289 120 ლარია.

რეკლამისთვის 6 მილიონი დახარჯეს, მათ შორის 3 მილიონ 819 210 სატელევიზიო რეკლამის ხარჯია, 744 724 კი – ინტერნეტრეკლამის ხარჯი, ბეჭდური რეკლამისთვის 197 760 ლარი მიუთითეს. ბრენდირებულ აქსესუარებში კოალიციას 44 660 ლარი დაუხარჯია. გარე რეკლამის ხარჯი კი 1 მილიონ 164 526 ლარი.

2024 წლის იანვრიდან დღემდე კოალიციას 9 მილიონ 138 061 ლარი შეუგროვებია.

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

ამ კოალიციამ 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში 2 მილიონ 801 276 ლარი დახარჯა. თანხის ძირითადი ნაწილი რეკლამაში დახარჯეს, მათ შორის 1 მილიონ 113 211 ლარი სატელევიზიო რეკლამაში გადაიხადეს. შრომის ანაზღაურების ხარჯის სახით კი 201 495 ლარი მიუთითეს. 2024 წლის დასაწყისიდან არჩევნების დღემდე კოალიციის შემოწირულობებმა 3 მილიონ 143 101 ლარს მიაღწია.

„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის“ 

27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდისთვის კოალიციის „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის“ ფაქტობრივი  ხარჯი 8 მილიონ 134 849 ლარია. რეკლამისთვის 7 მილიონი ლარი დახარჯეს, მათ შორის სატელევიზიო რეკლამაში 4 მილიონ 692 036 ლარი გადაიხადეს, ინტერნეტრეკლამაში 866 554 ლარი დაუხარჯიათ, ხოლო ბეჭდურ რეკლამაში – 48 035 ლარი. გარე რეკლამის ხარჯი 852 523 ლარია. ბრენდირებულ აქსესუარებში ამ კოალიციას 71 760 ლარი აქვს დახარჯული.

  • „გახარია საქართველოსთვის“

8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციით ყოფილი პრემიერის პარტიამ – „საქართველოსთვის“ შემოწირულობის სახით 348 755 ლარი მიიღო და ეს ძირითადად არაფინანსური შემოწირულობები იყო. შესაბამისი იყო პარტიის ხარჯები. 2024 წლის იანვრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში კი პარტიას 457 200 ლარი შეუგროვებია.

  • შემოწირულობები

ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი დეკლარაციები ცხადყოფს, რომ ოპოზიციური პარტიები გარკვეული თანხის მობილიზებას მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ახერხებენ. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიას სხვა მთელ რიგ რესურსთან ერთად, რომელსაც შემზღუდველი ბარიერების უგულებელყოფით იყენებს, დიდი ფინანსური უპირატესობაც აქვს.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ წინა წელს შემოწირულობის სახით მიღებული 11 მილიონი ლარიც. მართალია, 2023 წელს საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, თუმცა იმ გარემოებების გამო, რაც ქვეყანაში დღის წესრიგში მწვავედ იდგა, მმართველმა პარტიამ, ისევე, როგორც ოპოზიციამ, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის გაცილებით ადრე დაიწყო. ადრევე დაიწყეს აქტიურობა „ოცნების“ შემწირველებმაც, განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესმა იაქტიურა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ არჩევნების კოორდინატორი, გიგი ჩიხლაძე „ბათუმელებთან “ ამბობს, რომ „ოცნების“ შემწირველების მჭიდრო კავშირი ხელისუფლებასთან აჩენს კითხვებს და ეჭვებს კორუფციაზე, რადგან შემწირველი ბიზნესმენების უმრავლესობა სახელმწიფო კონტრაქტორია ან სახელმწიფო პროგრამით სუბსიდიის მიმღები.

YouTube video player

„გამჭვირვალობა საქართველო“ ინტენსიურად სწავლობს წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობებს. განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პარტიის კავშირს შემწირველებთან, რადგან სწორედ ხელისუფალს აქვს ბერკეტი მომავალში.

__

რას ნიშნავს, როცა ელჩები პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან – „მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ოპოზიცია დაესწრება და არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები.

რაზე მეტყველებს ელჩების განცხადება, რომ ისინი არ დაესწრებიან „ოცნების“ მიერ მოწვეულ სხდომას და ის, რომ არც „ქართულმა ოცნებამ“ მოიწვია დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები სხდომაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა:

„არ ყოფილა მსგავსი რამ, რომ ელჩები არ დასწრებოდნენ პარლამენტის პირველ სხდომას. ელჩების დასწრება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ყოველთვის ესწრებიან ახალარჩეული პარლამენტის სხდომებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი დგას და „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არ დაესწრებოდნენ ელჩები, წინსწრებით გააკეთეს განცხადება, რომ თითქოს პირველ შეხვედრაზე ელჩები არ იქნებიან დაპატიჟებული.

თვითონ ელჩებმაც გააკეთეს განცხადება მანამდე, რომ ისედაც არ დაესწრებოდნენ ამ სხდომას, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან დაიძაბა ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის და ამ განწყობებს მკვეთრად გამოხატავენ.

რეალურად,  ხელისუფლების მხრიდან ეს არის იმის აღიარება, რომ მათ აკლიათ ლეგიტიმურობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, ის, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არცერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ არ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება.

„თუ არ ჩავთვლით უნგრეთის და სომხეთის ხელისუფლებას, დანარჩენი ქვეყნები ვინც მიულოცეს, მეზობელი ავტორიტარული სახელმწიფოებია. ბუნებრივია, ეს ლეგიტიმაციას ვერ უქმნის საერთაშორისო მასშტაბით.

როცა ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა, ბუნებრივია ასეთ ხელისუფლების მიერ მოწვეულ სხდომას არ დაესწრებიან ელჩები.

თანაც ყველა ელოდება ეუთოს ბოლო დასკვნას, შუალედური დასკვნა აშკარად ამბობდა, რომ ეს არ იყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, მაგრამ საბოლოო დასკვნით განსაზღვრავს ევროკავშირი და ბევრი სხვა აქტორი საქართველოსთან ურთიერთობას.

როგორც ვიცით, ევროკავშირმა გამოაგზავნა ტექნიკური მისია, რომელიც გამოარკვევს ამ დარღვევებს და იმას, თუ რა გავლენა ჰქონდა არჩევნების შედეგებზე ამ დარღვევებს. ანუ საბოლოო ვერდიქტი ჯერ გამოტანილი არ არის“, – ამბობს კაკაჩია.

როცა „ქართული ოცნებას“ ხელისუფლებას არ აქვს საერთაშორისო აღიარება, ქვეყნის შიგნით კი ასევე დგას ხელისუფლების არალეგიტიმურობის საკითხი, რამდენად რეალურია, რომ პირველი სხდომის ჩატარების და შეკრების მიუხედავად, ასეთმა პარლამენტმა არსებობა დიდხანს გააგრძელოს? – ვკითხეთ კორნელი კაკაჩიას.

მის თქმით, ეს კიდევ უფრო გამოიწვევს სიტუაციის გამწვავებას, რადგან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ამას არ შეეგუება.

„ასეც რომ მოხდეს, ისინი დაამთავრებენ ერთპარტიული პარლამენტით, რომელსაც ლეგიტიმურობის პრობლემა შეექმნება და ეს არის ძალიან სახიფათო არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის – რაც უფრო დანაწევრებულია, არალეგიტიმურია ხელისუფლება და პარალიზებულია ქართული საზოგადოება, მით უფრო ადვილია მასზე გავლენის მოხდება, თუნდაც რუსეთის მხრიდან.

ზუსტად ეს არის ის სურათი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას უნდა საქართველოში.

როცა ფაქტობრივად შენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარ არ გაღიარებს, საერთაშორისო თანამეგობრობა არ გაღიარებს, შენ ხარ გარიყული სახელმწიფო და ამას მოჰყვება არა მარტო პოლიტიკური და დიპლომატიური იზოლაცია, არამედ ეკონომიკური და სოციალურიც, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა პროგრამებზე, რომლითაც ეხმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას. ეს პროცესი გაგრძელდება.

და ყველაზე მთავარი არის ის, რომ თუ ეუთოს დასკვნაც იქნება კრიტიკული, არ არის გამორიცხული, რომ ვიზა ლიბერალიზაციაც შეჩერდეს. ამას არ სჭირდება ყველა სახელმწიფოს თანხმობა, საკმარისია 15-მა სახელმწიფომ დააინიციიროს და შეუჩეროს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. ეს გამოიწვევს სერიოზულ რყევებს არა მარტო პოლიტიკური გაგებით, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც კიდევ უფრო დაძაბავს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 729 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420]
  • ტანკი – 9 419 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 19 192 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 20 760 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 254 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 004 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 365 ერთეული [+105]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 764 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 850 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 3 678 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 559 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 491 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 405 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 661 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

პუტინის თქმით, რუსეთმა დნიპროში „უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა“

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო

„ხელვაჩაურში, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მივედი, თანამდებობის პირებმა ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, სახეში შემაფურთხეს, შემაგინეს, დამემუქრნენ და გამომაძევეს,“ – ამბობს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე.

ის, რასაც მოქალაქე ამბობს, დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც. ობიექტური მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა.

მოქალაქე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 18 ნოემბერს ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მივიდა. განხილვაზე მისული თორნიკე ქავთარაძე თანმხლებ ორ პირთან ერთად დარბაზიდან გააძევეს. მოქალაქეებს ბიუჯეტის განხილვაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.

„კამერები არ იყოს, სხვანაირად დაგელაპარაკებოდი“, „ხულიგანი ხარ, ენას ნუ ატლიკინებ“, „ტუტუცი ბაღანა ხარ,“ – მიმართავს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძეს ხელვაჩაურის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, იოსებ ბოლქვაძე.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, მას თავდაპირველად ააიპ „ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა, ფარნაოზ თედორაძემ დარბაზში, სადაც ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ და ადამიანები იკრიბებოდნენ, სახეში შეაფურთხა, დაემუქრა და შეაგინა. ხელვაჩაურის მერის მოადგილემ გიორგი ქარცივაძემ და ააიპ„ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, პაატა ზაქარაძემ კი, დარბაზიდან გამოძევების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს.

მოქალაქის თქმით, ხელვაჩაურის საკრებულოს აპარატის წევრმა, იოსებ ბოლქვაძემ მას დარბაზიდან გამოძევების შემდეგ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დარბაზიდან გამოძევების შემდეგ თორნიკე ქავთარაძეს აგრესიულად მიმართავს კიდევ ერთი თანამდებობის პირი – ააიპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ირაკლი კარანაძე. ის რამდენჯერმე იმეორებს: „რატომ მიღებ?“

ხელვაჩაურში საჯარო მოხელეებმა მოქალაქეს სცემეს და აგინეს. ის ბიუჯეტის პროექტის  განხილვაზე მივიდა

თორნიკე ქავთარაძე ის მოქალაქეა, რომელიც 2023 წელს „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ მოსახლეობას ფული გამოსძალა, „ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვითხრა მაშინ თორნიკე ქავთარაძემ.

ვიდეო, რომელიც თორნიკე ქავთარაძის თანმხლებმა პირმა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 2024 წლის 18 ნოემბერს გადაიღო, ჩანს, რომ თორნიკე ქავთარაძეს აგინებს და ემუქრება „სასპორტო სკოლის დირექტორი“, თორნიკე ქავთარაძეს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ დარბაზს და უკანონოდ სთხოვენ მობილურის გამორთვას. ჩანაწერში ჩანს კიბეზე ჩასვლის დროს, როგორ ძალადობენ საჯარო მოხელეები ისევ მოქალაქეზე.

„დაპირისპირება ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მოჰყვა იმას, რომ არ უნდათ კრიტიკის მოსმენა,“ – გვიყვება მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე. – „ჩვენ მანამდე ვამხილეთ ხელვაჩაურის მერია, როგორ ხდებოდა გამოძალვა… დარბაზში როცა შევედით, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძემ გვითხრა, დატოვოთ უნდა დარბაზიო. თან მახლდა, მაგალითად, ტარიელ ბარამიძე, რომელიც ამ დრომდე ქოხში ცხოვრობს და არავინ ყურადღებას არ აქცევს. ვუთხარი, რომ პრობლემებზე სალაპარაკოდ ვიყავი მისული, მაგრამ მათ კრიტიკის მოსმენა არ სურდათ. ქარცივაძემ შეხვედრის დაწყებამდე მოიყვანა პარტაქტივი და მოაწყვეს პროვოკაცია, მაგრამ თავად აღმოჩნდნენ ამ პროვოკაციის მსხვერპლი.

იქვე, ჩემზე ძალადობის შემდეგ, მოვიდა პოლიცია, რომელმაც ოქმიც კი არ შეადგინა, წარმოგიდგენიათ? ეს არის ზონდერპოლიცია, რომელიც მხარს უჭერს გამომძალველ და კორუმპირებულ მერს, ასევე მის მიერ დანიშნულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამორალურად მოქმედებენ რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ.

გამომიგზავნეს უწყება გამოკითხვაზე, მაგრამ პოლიციაში არ მივედი, ცუდი გამოცდილება მაქვს – ჩემ შესახებ „ბათუმელები“ წერდა, როგორ გამისწორდნენ პოლიციის განყოფილებაში ზონდერ ჯგუფები პოლიციის უფროსის ჩართულობით. პოლიციას გავუგზავნე ჩემი განცხადება და ვიდეოჩანაწერი, სადაც აღწერილია საჯარო მოხელეების მხრიდან ძალადობა.

გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ფიზიკური ძალადობაც – პაატა ზაქარაძე და გიორგი ქარცივაძე იღებდნენ ჩემს გამოძევებაში მონაწილეობას, კიბეზეც ძალით ჩამომიყვანეს, ეს იყო მტკივნეული…

მეორე დღეს კიდევ მივედი, ისევ იყო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და არ შემიშვეს, ადგილი არ არისო. სპეციალურად საჯარო მოხელეებით წინასწარ ავსებენ დარბაზს. აღარ შეგვიშვეს დარბაზში საერთოდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თორნიკე ქავთარაძემ.

„კარგად ბრძანდებოდეთ“ – მხოლოდ ეს უთხრა „ბათუმელებს“ ფარნაოზ თედორაძემ, ააიპ „ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა. მას ტელეფონით დავუსვით კითხვა მოქალაქეზე ძალადობის შესახებ: გამოჰკითხეს თუ არა საგამოძიებო ორგანოში?

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, გიორგი ქარცივაძემ. ჩვენს სატელეფონო ზარებს არც პაატა ზაქარაძემ უპასუხა.

რა რეაგირება მოჰყვა ხელვაჩაურში მოქალაქეზე თანამდებობის პირების მხრიდან მუქარას და ძალადობას? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

შსს-ს გარდა, მსგავს შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება უნდა დაეწყო ხელვაჩაურის მერიასაც. რა რეაგირება მოჰყვა ხელვაჩაურის მერიაში თანამდებობის პირების მხრიდან კანონის დარღვევას? – ინფორმაციის მოწოდებას ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრშიც დაგვპირდნენ, თუმცა უშედეგოდ.

სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“

ხატია ფუტკარაძემ და ლუკა დუმბაძემ თავიანთი პირველი ბიზნესი ერთი თვის წინ დაიწყეს. ბათუმში, ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში გახსნეს Book Cafe/წიგნის კაფე, რომელიც პირველი სტუდენტური კაფეა ქალაქში.

„ჯანსაღი კვება, სამუშაო სივრცე და ლიტერატურა“ – ამ კონცეფციაზე ააწყვეს კაფე ხატიამ და ლუკამ.

„დიდი ხნის სურვილი იყო საკუთარი საქმე გვქონოდა. წლების განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ტიპის კაფეს გახსნაზე, მაგრამ სანამ ხატიას არ შევხვდი, მანამდე იდეა საქმედ ვერ ვაქციე. კაფეს კონცეფცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩამოვაყალიბეთ, რადგან თავად არ გვქონდა ისეთი სივრცე, სადაც თან ვისწავლიდით, თან ვიმუშავებდით და თან თავისუფლად ვიქნებოდით“, – ამბობს ლუკა დუმბაძე.

კარგი ყავა, გემრიელი, ჯანსაღი საკვები და კარგი ლიტერატურა – აი, რა დახვდება Book Cafe-ში მისულ სტუმარს.

„ჩვენი ბიზნეს მოდელი მორგებულია სტუდენტებზე. ამიტომ თითოეულ კომპონენტში გავითვალისწინეთ სტუდენტები. ჩვენი სამუშაო სივრცე უფასო გავხადეთ ყველა სტუდენტისთვის და შემოსავლების მიღება გადავწყვიტეთ მხოლოდ იმ პროდუქციით, რომელსაც კაფე აწარმოებს.

გვინდოდა ისეთი მყუდრო გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტი მშვიდად მუშაობას შეძლებდა. შემდეგი ამოცანა იყო ზუსტად შეგვერჩია ის ლიტერატურა, რომელიც სტუდენტებისთვის იქნებოდა აუცილებელი, ამიტომ სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით შევძელით შეგვევსო მსოფლიო ლიტერატურა და ის ლიტერატურა, რომელიც სწავლის პროცესში შეიძლება დასჭირდეთ სტუდენტებს.

ასევე, სტუდენტური ბარათის შემთხვევაში სტუდენტები კაფეში 35 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სრულ პროდუქციაზე“, – ამბობს ხატია ფუტკარაძე.

ხატია და ლუკა ბსუ-ს სტუდენტები არიან, მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობენ.

14 ნოემბერს ბსუ-ში სტუდენტური პროტესტი დაიწყო. სტუდენტები გაყალბებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის სასარგებლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ჩართულობას აპროტესტებენ.

8 დღე და ღამეა სტუდენტთა ერთი ჯგუფი ღამეს უნივერსიტეტში ათევს პროტესტის ნიშნად. ხატიამ და ლუკამ გადაწყვიტეს თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ პროცესში, მათი მხარდაჭერა სტუდენტებისადმი საკვების და წიგნების მიტანაში გამოიხატა.

„დამწყები ბიზნესისათვის მსგავსი აქტივობის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენ გვინდოდა იქ ვყოფილიყავით, სადაც ჩვენი მეგობრები და სტუდენტები არიან,“ – ამბობს ლუკა დუმბაძე.

„ჩვენც სტუდენტები ვართ და გვინდოდა ასე გამოგვეხატა სტუდენტებისათვის გვერდში დგომა. ჩვენი მიზანია სტუდენტები გავამხნეოთ, ამასთან, კომპანიებს მივცეთ მაგალითი და მოვუწოდოთ, რომ ჩაერთონ მსგავს აქციებში.

ჩვენი მხარდაჭერა სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იქნება თუ ბევრი კომპანია მოგვბაძავს და დაეხმარება სტუდენტებს, რადგან ახლა სტუდენტების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ხატია ფუტკარაძე.

"გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს" - წიგნების კაფე სტუდენტებისთვის

ბსუ-ს პროფესორი: კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ვისურვებდი მეტ გამბედაობას, ყველას ვერ მოხსნიან

„ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ბრძოლა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის რკალში,“ – მიიჩნევს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი. მან გაფიცულ სტუდენტებს მხარდაჭერის ნიშნად ბსუ-ს ფოიეში საჯარო ლექცია ჩაუტარა.

პროფესორს არ უკვირს ის, რომ სტუდენტების ნაწილმა პროტესტის მძიმე ფორმა აირჩიეს – ღამის თევა უნივერსიტეტში. ლაშა ბაჟუნაიშვილთან ინტერვიუ ხელისუფლებაზე საუბრით დავიწყეთ: რა ფორმით ცდილობს ხელისუფლება სტუდენტური პროტესტის ჩახშობას? რა შეიცვალა მას შემდეგ, როცა, მაგალითად, წინა ხელისუფლება ბსუ-ში სპეცრაზმით შევიდა, თუმცა ეს შემთხვევაც კი, ახალმა ხელისუფლებამ არ გამოიძია – პირიქით, თსუ-ს ეზოში დააბანაკა სპეცრაზმი, მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად.

„ბათუმელებმა“ ასოცირებულ პროფესორთან, ლაშა ბაჟუნაიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ლაშა, რა შეგიძლიათ თქვათ სტუდენტების პროტესტზე, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ათევენ ღამეს. თქვენ მათ საჯარო ლექცია წაუკითხეთ ევროპის თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტური პროტესტი? 

პროტესტის ეს ფორმა შედარებით უკიდურესია, მაგრამ იგი გამოძახილია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა. ეს სტუდენტების ბუნებრივი რეაქციაა, ვინც ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. სხვა სტუდენტების გამოძახილიც საქართველოს მასშტაბით აჩვენებს, რომ პრობლემა ნამდვილად ღრმაა – მოსახლეობის დიდი ნაწილი განიცდის და ხედავს საქართველოს მომავალს არა ნათელ, არამედ ძალიან მუქ ფერებში, ძალიან ცუდი პერსპექტივით.

ჩემი ლექცია, პირველ რიგში, მხარდაჭერის გამოხატვა იყო. კარგია, რომ ასეთი ფორმით მიმდინარეობს ეს საპროტესტო აქცია, როცა საჯარო ლექციებიც ტარდება. ჩემი ლექცია ეხებოდა მარადიული მშვიდობის კონცეპტს ევროპაში – თეორია მოქმედებაში.

ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა ჭეშმარიტი მშვიდობა, რასაც მიაღწია ევროპულმა საზოგადოებამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გვქონდა კვეთა თანამედროვეობასთან, როცა, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება პირიქით ევროპელ პარტნიორებს აბრალებდა ომის გაჩაღებას. ამ დროს მშვიდობის პროექტი ნამდვილად არის ევროპა და აბსურდიც კია, ევროკავშირი კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მქონე სახელმწიფოს უბიძგებდეს ომში ჩართვას ისეთი გიგანტური და აგრესიული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია.

  • თქვენ 2007 წელსაც მუშაობდით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა იქ სპეცრაზმი შემოვიდა. დღეს ხელისუფლებამ თსუ-ს ეზოში გააჩერა სპეცრაზმი, რომ შემდეგ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაერბიათ. რამდენად იცვლება ხელისუფლების დამოკიდებულება, როცა სტუდენტები იწყებენ პროტესტის გამოხატვას? 

ეს ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში. წლები გადის და არაფერი იცვლება, პირიქით, უარესდება. 2007 წელი იყო ტრაგიკული წელი ამ კუთხით. ჩვენ გვახსოვს ბათუმის უნივერსიტეტი, სადაც შემოიჭრნენ, სცემეს სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. დღეს ვხედავთ თსუ-ს, რომელსაც იყენებენ, როგორც ბაზას. ხვალ რისთვის გამოიყენებენ, არავინ იცის.

ჩემს საჯარო ლექციაზე ბსუ-ში მოვიყვანე 1974 წლის საბერძნეთის მაგალითი – ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში საბერძნეთის შავი პოლკოვნიკების მაშინდელმა დიქტატორულმა რეჟიმმა დაარბია ისეთივე სტუდენტები, როგორც ახლა ბათუმში არიან შეკრებილი და გამოხატავენ პროტესტს – ისინიც უნივერსიტეტში ათევდნენ ღამეს. თუ არ ვცდები, 20 დღე აპროტესტებდნენ რეჟიმს, რჩებოდნენ უნივერსიტეტში და შემდეგ რეჟიმმა დაარბია. ამ რეჟიმის 1975 წელს ჩამონგრევა დემოკრატიული ძალების მხრიდან დაიწყო სწორედ სტუდენტების დარბევით.

ლაშა ბაჟუნაიშვილის საჯარო ლექცია ბსუ-ს გაფიცულ სტუდენტებთან

რაც მთავარია: ამ პროცესების შემდეგ უნივერსიტეტებმა საბერძნეთში მიიღეს ხელშეუხებელი ავტონომია. მე 2010 წელს ვსწავლობდი საბერძნეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, იქ მოქმედებდა წესი და ახლაც მოქმედებს, რომ პოლიციას არ შეუძლია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ფეხი შედგას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იმ შემთხვევაშიც კი, როცა გარკვეული კრიმინალის არსებობაა საეჭვო.

როცა ჩვენი ქვეყანა დაადგება ჭეშმარიტი დემოკრატიზაციის გზას და ევროინტეგრაციას გააგრძელებს, ეს მწარე გაკვეთილები უნდა იყოს გამოყენებული, რომ მსგავსი საკითხები საბოლოოდ გადაიჭრას უმაღლესი სასწავლებლების სასარგებლოდ. სამომავლოდ იქ არ უნდა შეიჭრას სპეცრაზმი ტაქტიკური თუ ოპერატიული მოქმედებების დასაგეგმად, თუ განსახორციელებლად.

ეს არის, რა თქმა უნდა, უდიდესი კრიტიკის და პასუხისმგებლობის საგანი, ვინც დაუშვა თსუ-ს ტერიტორიაზე სპეცრაზმი, რომელმაც შემდეგ დაარბია მშვიდობიანი აქცია.

  • რას აჩვენებს ის, რომ 2007 წელს უნივერსიტეტში შეჭრის ამბავი დღემდე არ არის გამოძიებული, არავინ დაუსჯიათ… 

ეს ჩემთვის აჩვენებს იმას, რომ არაფერი შეცვლილა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება  2012 წელს მოვიდა, მოვიდა იმით, რომ უნდა შეეცვალა ძალადობრივი ელემენტები… 2007 წელი საბედისწერო შეცდომა იყო, მაგრამ დავითვალოთ, რამდენი წელი გავიდა? მე სახელებით და გვარებით დაგიდასტურებთ იმას, რომ, მაგალითად, დავით ბედია იყო სამმართველოს უფროსი, რომელსაც პირადად შევხდით 2007 წელს, შუამავლად მივედით, იქნებ თავიდან ავირიდოთ-მეთქი, ქუჩის ბოლოში შედგა ეს შეხვედრა. ცინიკურად გამოგვიშვა და პირიქით, დაგვემუქრა, ნახეთ, რაც მოგივათო.

და ვნახეთ, რაც მოხდა…

სამწუხაროდ, ეს ბედია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა – შსს-ს ერთ-ერთ სამმართველოში გადაიყვანეს და შემდეგ დააწინაურეს კიდეც.

მე ვერ ვავლებ გამყოფ ხაზს 2012 წლამდე არსებულ ძალადობრივ პოლიტიკურ მეთოდებსა და თანამედროვე მეთოდებს შორის – ეს მიდგომა უფრო მეტად გაუარესდა, რადგან კანონი შეცვალეს.

ახლა კანონის უზენაესობა ფეხქვეშ ითელება: როდესაც პოლიტიკური ნიშნით განსხვავებული აზრის მქონე პირის მიერ ჩადენილი გადაცდომა ისჯება ძლიერი სასჯელით, ხოლო სახელისუფლებო წრეებიდან თუ ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ნულია რეაგირება, აბსოლუტური წაყრუებაა. პირიქით, ეს ადამიანები ხალისდებიან ხელისუფლების მხრიდან ახალი ძალადობისთვის.

  • რა ფორმით ახერხებს უნივერსიტეტი ჩაახშოს პროტესტი? სტუდენტები საუბრობენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, რასაც აჩვენებდა წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი შემთხვევაც: „ოცნების“ კანდიდატი ბსუ-ს სტუდენტურ პროექტის ფარგლებში შეხვდა და მათ სიგელებიც გადასცა. 

რა თქმა უნდა, ჩანს ყველაფერი, რასაც ადმინისტრაცია ცდილობს, თუმცა ყოველთვის არსებობდა უნივერსიტეტში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა. აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ერთ-ორი პროფესორი, ან ადმინისტრაციიდან რამდენიმე კაცი დაუჭერს მხარს თუ არა პროტესტს, რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია პრეცედენტის არდაშვება, რომ რომელიმე საჯარო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროტესტს მხარი არ დაუჭიროს – შემდეგ ეს გახდება სისტემის რყევის მაჩვენებელი.

ამიტომაცაა, რომ კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად დიდია ზეწოლა, რომ მსგავს სიტუაციებში არათუ მხარდაჭერა, სიმპათიის დემონსტრირება არ მოხდეს.

ვისურვებდი მეტ გამბედაობას. ამ ქვეყანაში ყველას ვერ მოხსნიან, ყველას ვერ დასჯიან, ყველას ვერ დაიჭერენ. ადამიანურ ფაქტორს სჭირდება გადალახვა. ეს ის მომენტია ერის ისტორიაში – კრიტიკული მომენტი, როდესაც ერი იწყებს კარდინალურად შემოტრიალებას გარკვეული, დიდი ცვლილებისთვის. როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ამ კუთხით გარკვეული ნაწილი არ არის მზად, ამჯობინებს ამ წნეხის ქვეშ ყოფნას.

მესმის ისიც, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაშიც ბევრი ღირსეული ადამიანია, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, მკვეთრად არ მოხდეს ის, რაც სხვა შემთხვევებში გვინახავს, თუმცა ბათუმშიც ვნახეთ საარჩევნოდ, „ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე როცა კონკრეტული პირები დააფიქსირეს.

თქვენ ახსენეთ „კრიტიკული მომენტი“. რა ეტაპია ეს ახლა ჩვენი ქვეყნისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტის გამოხატვა? 

ეს არის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. ეს უკავშირდება ევროატლანტიკურ, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი უსაფრთხოება სწორედ გარანტირებული უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი, ფარი იქნება ქვეყნისთვის.

მე ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, ის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. მას უფრო ძლიერი ინსტრუმენტებიც აქვს, რომელიც სცილდება ქვეყნის საზღვრებს, ვგულისხმობ კრემლისა და რუსეთის მხარდაჭერას.

ეს არამხოლოდ რეჟიმის შეცვლაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ბრძოლა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის რკალში.

  • ეს ნიშნავს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხს? 

დიახ, ეს ერთგვარი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა. მე ძალიან ვშიშობ, რომ თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ გავარღვიოთ ეს რკალი, ფორმალურად გვექნება დამოუკიდებლობა და ბევრ ნაწილში დავკარგავთ დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე აისახება. ეს აისახება ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე.

განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ ვაზვიადებ: აქ ვინმე არ შეგიშლით ხელს მაღალი შენობების აშენებაში, იმაში, რომ ვინმემ გზა გაიყვანოს, მაგრამ დავკარგავთ, მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის სადერეფნო ფუნქციას, დავკარგავთ განვითარების დინამიკას. ამას მოჰყვება უდიდესი ფინანსური ზარალი. მაგალითად, ანაკლიის პორტი უკვე აშენებული რომ იყოს და ოპერირებაში გაშვებული, წარმოგიდგენიათ რამდენი დასაქმების ადგილი იქნებოდა? რამდენი ახალი სატერმინალო კომპანია იქნებოდა?

  • თქვენი აზრით, რა არის ამ პროცესში მთავარი, როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ თავი დავაღწიოთ რუსეთს? 

მთავარი ხალხის ძალაა. ჩვენ მეტი არაფერი დაგვრჩენია.

ვხედავ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ოპოზიციის მხრიდან მას შემდეგ, რაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს. არ მიკვირს შეხლა-შემოხლა პოლიციასთან, რომელიც სხვადასხვა პროვოკაციული გზით ცდილობს დემონსტრანტების გამოწვევას.

არ მიკვირს გაბრაზებაც, როცა სამართალდამცველები გადაჭარბებით იყენებენ ძალას. როცა ხელისუფლება აცხადებს რადიკალურია ოპოზიციაო, ეტყობა, მათ არ იციან, რა შეიძლება იყოს რადიკალური ფორმები პოლიტიკური ბრძოლის, ან ქუჩაში ბრძოლის, არც „ყვითელი ჟილეტების მოძრაობის“ აქციები, როგორც ჩანს, აქვთ ნანახი საფრანგეთში…

ხელისუფლება ცდილობს ხელის გადაგრეხას – არანაირი მოლაპარაკების მცდელობა, არანაირი პირობა. ამიტომაც ვერ ვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ივანიშვილი იყენებს სურვილისამებრ…

ვფიქრობ, რაც არის საჭირო, ეს შიდასაზოგადოებრივი, მაქსიმალური ზეწოლაა და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, დაგვიანებულიც კია ღონისძიებების გატარება თავაშვებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სანქციების ნაწილში მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რათა მოხდეს ამ მონოლითური სისტემის რღვევა, შემდგომში ყინული რომ დაიძრას ამ რეჟიმის უკან დასახევად და დასამარცხებლად.

ბათუმში 23 ნოემბერს საპროტესტო მარში იგეგმება – „გააუქმე გაყალბებული არჩევნები“

ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ.

მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით გაიმართება.

საპროტესტო მსვლელობის მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

ქარდი, რომელსაც ბათუმში ოპოზიცია ავრცელებს

„ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში

დღეს, 22 ნოემბერს, ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მათი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა.

ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

„ძალიან დიდი მუხტია ქალაქში, ვმოძრაობთ და გზადაგზა ხალხი გვიერთდება. ძალიან ბევრი ადამიანია ამ დროისთვის ქუჩაში გამოსული. ვფიქრობ, ეს საპროტესტო განწყობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ქუჩებს არ ვკეტავთ, მაგრამ დისკომფორტს ვქმნით. ძალიან სოლიდარულია ხალხი ამ პროტესტის მიმართ და ბევრი გვიერთდება“, – ამბობს მიხეილ მესხი.

საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდის ცენტრიდან დაიწყო და ახლა ხალხი ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება.

„მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში.

დღეს ზუგდიდის გარდა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართება თბილისშიც.

ავტოავარია მოხდა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე

დღეს, 22 ნოემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზიანდა გზის გამყოფი მოაჯირი.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაიწყო.

2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი

აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების ნაწილში გაწერილი გეგმა ვერც 2024 წელს შეასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ საპრივატიზებო ქონება ვერ გაასხვისეს. მიუხედავად ამისა, მთავრობა ბიუჯეტის ამ ნაწილში პროგნოზს ყოველ ჯერზე ჯიუტად ზრდის.

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, არაფინანსური აქტივების კლების გეგმა 54 მილიონით განსაზღვრეს, თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ 17 მილიონ 253 ათას 900 ლარი შეადგინა, ეს კი გეგმის 32 პროცენტია.

არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში განმარტავს, რომ  საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება.

„სამინისტროს მიერ განსაკარგად გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, მათ შორის რიგ ქონებაზე – არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო“ – წერს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს სამ კვარტალში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 790 500 ლარი, ხოლო მიწის  გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 16,5 მილიონი ლარი შეადგინა.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსავლების პროგნოზი – 655 მილიონი ლარით, მათ შორის არაფინანსური აქტივების ცვლილება 42,6 მილიონი ლარით განსაზღვრეს. სახელმწიფო აუდიტი ვარაუდობს, რომ ასეთი დაგეგმვა 2025 წლის ბოლოს ბიუჯეტში ნაშთის გაზრდას გამოიწვევს.

აუდიტი განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მხარჯავმა დაწესებულებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინონ პროექტების განხორციელების მიმდინარეობის როგორც წინა გამოცდილება, ასევე დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და ამაზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, იმისათვის, რომ ოპტიმალურად გადანაწილდეს თანხები და 2025 წლის ბოლოს მოცულობითი საბიუჯეტო რესურსი აუთვისებელი არ დარჩეს.

აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით შემოსულობები 770 მილიონ ლარი, ხოლო გადასახდელები 850 მილიონი ლარია – 2024 წლის გეგმასთან შედარებით ორივე მაჩვენებელი იზრდება.

აუდიტი წერს, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი შემოსულობებს  80 მილიონი ლარით აჭარბებს. შესაბამისად, მთავრობა ამ თანხის დაფარვას ბიუჯეტის ნაშთიდან გეგმავს, ამიტომაც2025 წლის ბოლოს ბიუჯეტის ანგარიშზე თავისუფალი ნაშთი არ უნდა იყოს.

თუმცა, აუდიტი ვარაუდობს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელების 10 თვის ფაქტობრივი შესრულებისა [59.4%] და 2023 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით არსებული თავისუფალი ნაშთის გათვალისწინებით [132,68 მილიონი ლარი] მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ბოლოს ნაშთი 80 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

აუდიტი გასული წლის ბოლოს, 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროსაც წერდა, რომ აჭარის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ჭარბი ფულადი რესურსით გეგმავს. ეს წლის განმავლობაში ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას უწყობს ხელს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ათვისების დაბალი მაჩვენებელიც არის.

ამის გათვალისწინებით აუდიტი მკაფიო რეკომენდაციას აძლევდა აჭარის მთავრობას, ყურადღება მიექცია ფინანსური რესურსის დროული ათვისებისთვის, რომ საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი წლის ბოლო თვეში არ დახარჯულიყო და არ გაზრდილიყო ნაშთი გადასახდელების გეგმის შეუსრულებლობის გამო.

მიუხედავად ამისა, აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა ფიქსირდებოდა 2022 და 2023 წლებში. იგივე ვითარებაა 2024 წლის ბოლოსაც.

2025 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლით მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 115 მილიონი ლარით განსაზღვრეს, რაც 2 მილიონ 350 ათასი ლარით [2,1 პროცენტით] აღემატება 2024 წლის გეგმურ მაჩვენებელს, 3.1-ჯერ 2023 წლის ფაქტს და 3.3-ჯერ  2022 წლის ფაქტს.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 10 თვეში არაფინანსური აქტივების კლების მუხლიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 18 მილიონ 438 ათასი 900 ლარი, რაც წლიური გეგმის 16.4%-ია. გამომდინარე იქიდან, რომ საპრივატიზებო აქტივების მოცულობა ბოლო პერიოდში არსებითად არ შეცვლილა, არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსულობების ასეთი მოცულობით დაგეგმვა მეტ დასაბუთებას საჭიროებს“, – აცხადებს აუდიტი.

უმაღლეს საბჭოში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით შეასრულა, რასაც ვერ ვიტყვით ხარჯვით ნაწილზე.

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 764 მილიონ ლარითაა განსაზღვრული, მომავალი 2025 წლის ბიუჯეტი კი, პროექტით 850  ლარი იქნება და ის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის პროექტი დღეს მოქმედი უმაღლესი საბჭოს კომისიებში უკვე განიხილება. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას, უსკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ნოემბერს შეაჯამა.

უსკოს ინფორმაციით, „ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში [ანუ 26 ნოემბრამდე] და მას გახსნის უსკოს თავმჯდომარე“.

თუმცა, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, შესაბამისად არც უმაღლეს საბჭოში აპირებენ შესვლას. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს:

___

რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?

 

შეაჩერეს ცენზურის გამო მურაკამის გაყიდვა? – გამომცემლობის განმარტება

მომხმარებელი ფეისბუქში წერს, რომ ცენზურის კანონის გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ მიიღო, წიგნის მაღაზიათა ქსელიდან თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის წიგნები ამოიღეს. სულაკაურის გამომცემლობა კი მურაკამის წიგნების გაყიდვის შეჩერებას ცენზურის კანონს არ უკავშირებს.

„მურაკამი მოვიკითხე ბიბლუსში და რეგულაციების გამო ამოგვაღებინეს გაყიდვიდანო. გამაღვიძეთ ვინმემ“, – წერს ერთ-ერთი მკითხველი სოციალურ ქსელში.

„ბათუმელები“ წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია.

„ბიბლუსში“ დაგვიდასტურეს, რომ წიგნის გაყიდვა შეჩერებულია.

„კი, ასეა. რამდენიმე დღეა თვითონ სულაკაურის გამომცემლობას აქვს დროებით შეჩერებული გაყიდვის უფლება და ალბათ ეს საკითხი მათთან უნდა დააზუსტოთ, რატომ“, – გვითხრეს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

ამავე ქსელის ერთ-ერთ ფილიალში კი დაგვიდასტურეს, რომ მურაკამის წიგნები აქვთ, მაგრამ გამომცემლის მოთხოვნით მაღაზიიდან აიღეს – „წიგნები გვაქვს, მაგრამ გაყიდვის უფლება არ გვაქვს“.

მათ ვკითხეთ, ჰარუკი მურაკამის გარდა კიდევ ხომ არ არის რომელიმე სხვა მწერლის წიგნების გაყიდვაც შეჩერებული, რაზეც გვითხრეს, რომ მსგავსი მოთხოვნა, ჯერჯერობით, მხოლოდ მურაკამის წიგნებზე მიიღეს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სულაკაურის გამომცემლობას, სადაც გვითხრეს, რომ მურაკამის ქსელიდან ამოღება ცენზურის კანონს არ უკავშირდება.

„არა, ახალი წიგნი გამოვეცით მურაკამის და პირიქით, განახლებას ვაკეთებთ. ახალ ყდებს ვუკეთებთ, თორემ შეჩერებული არ არის. ცენზურასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ, ახალი წიგნი გამოვეცით ახლა მურაკამის, კიდევ ერთი მზადდება და ყდების განახლება ხდება, დიზაინს ვუცვლით, ამიტომ არის შეჩერებული, შემდეგ ისევ გავა ქსელში“, – გვითხრა სულაკაურის წიგნის გამომცემლობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ ჩხაიძემ.

დაზუსტების მიზნით გამომცემლობას ვკითხეთ, ყდის განახლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოცემული და ქსელში გატანილი წიგნის გაყიდვა შეაჩერონ?

„კი, მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ უცხოურ სააგენტოსთან, საავტორო უფლებებს ვყიდულობთ და არც ერთი წიგნი არ გვაქვს გამოცემული ლიცენზიის გარეშე. გვაქვს ვალდებულება სააგენტოსთან და მთელი რიგი პროცედურებია.

ვაახლებთ ხელშეკრულებას, ახალ ყდებს ვამზადებთ და ამის გამოა შეჩერებული გაყიდვა. ნოემბრის ფესტივალზე გამოვედით მურაკამის ახალი წიგნით და კანონთან კავშირში რომ იყოს, მაშინ წიგნები საერთოდ უნდა ამოგვეღო ქსელიდან და გაგვენადგურებინა. ამის შესახებ ჩვენ თვითონაც გავაკეთებდით განაცხადს.“

გამომცემლობას ვკითხეთ, რატომ არ არიან ამის შესახებ ინფორმირებული წიგნის მაღაზიები, თუ მიწოდება დროებით შეჩერდა? რაზეც გამომცემლობაში გვითხრეს. „არ ვიცი, ასე რატომ გითხრეს. რაღაცების მარაგი ამოწურულია. უბრალოდ, კანონთან არაფერ შუაშია, როგორც ჩანს, რაღაც გაუგებრობაა“, – გვითხრა თამარ ჩხაიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა მურაკამის მიწოდება ამ კვირაშიც განახლდეს.

ცენზურის კანონი არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ებრძვის „ლგბტ პროპაგანდას“. რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე – აწესებს ცენზურას.

აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის 21 საათიდან 23 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 15– 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24 და 25 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში – ზოგან ძლიერი თოვა.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 728 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 9 399 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 19 156 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 20 736 ერთეული [+5]
  • MLRS – 1 254 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 004 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 260 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 764 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 777 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 3 675 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 467 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 420 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 490 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 318 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 573 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

პუტინის თქმით, რუსეთმა დნიპროში „უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა“

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სატელფონო ზარით მიიღო მითითება, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინაზე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

დღეს, 21 ნოემბერს, ზახაროვა ბრიფინგს ატარებდა, როდესაც მან სატელეფონო ზარს უპასუხა, მითითების შინაარსი ცნობილი გახდა ჩართული მიკროფონების გამო: კაცის ხმამ ზახაროვას უთხრა, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა უკრაინის წინააღმდეგ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ.

ზახაროვას ზარის შემდეგ განმარტება არ გაუკეთებია, ისე განაგრძო ლაპარაკი. ბრიფინგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, შესაბამისად, ეს მომენტი სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

მოგვიანებით რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია “რია ნოვოსტიმ” ზახაროვას სთხოვა კომენტარი ამ ზარის შესახებ, რაზედაც მან უპასუხა:

„ბრიფინგამდე იყო კითხვები ინტერნეტში გავრცელებულ ურთიერთგამომრიცხავ მასალებთან დაკავშირებით… ექსპერტებს ვკითხე, ეს იყო თუ არა ჩვენი თემა. პასუხი მოვიდა ბრიფინგზე – საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. ასე რომ, ინტრიგა არ არის“, – თქვა მან.

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

„გამოსავალი არის ავჯანყდეთ, გამოვაცხადოთ დაუმორჩილებლობა“ – სტუდენტები

„დუმილი მშვიდობას ნიშნავს?“, „როგორ იმღერებ, თუ ხმა მოგპარეს?“, „თავისუფალი მეცნიერებები თავისუფლების გარეშე?!“, „რისთვის სწავლობ სამართალს, თუ თავისუფლებისთვის არ იბრძვი?“- ეს ის სლოგანებია, რომლებიც სტუდენტებმა თსუ-ს კიბეებზე გამოფინეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი ღამესაც  თსუ-ს შენობაში ათევენ. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ახალი არჩევნების გარდა მოითხოვენ თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას იმის გამო, რომ მან უნივერსიტეტის ეზოში სპეცრაზმი შეუშვა, სტუდენტებს კი კარები ჩაუკეტეს.

უნივერსიტეტის დაცვა არც ახლა აძლევს სტუდენტებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას. პროტესტში მონაწილე სტუდენტები, რომლებიც მესამე დღეა ღამეს პირველ კორპუსში ათევენ, გამოსავალს დაუმორჩილებლობაში ხედავენ.

მათი თქმით, არსებული ხელისუფლება არალეგიტიმურია და საზოგადოება უნდა აჯანყდეს.

პროტესტში მონაწილე სტუდენტებს „ბათუმელები“ ესაუბრა.

მეორეკურსელი ვაჟა ღურწკაია თსუ-ში ეკონომიკას ეუფლება. ის მესამე დღეა, რაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ათამდე სტუდენტთან ერთად ღამეს ათევს და 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ვაჟა მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა.

გაყალბებული არჩევნების გარდა ვაჟა და მისი თანამოაზრე სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გადადგომასაც ითხოვენ, რადგან ის სპეცრაზმი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია, უნივერსიტეტის ეზოში შეიყვანეს.

„ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ოკუპაციასაც. სამი ღამეა აქ ვრჩებით უნივერსიტეტში, ამიტომ რომ არ გადავიღალოთ, გვყავს შემცვლელებიც. უამრავი ადამიანია მსურველი და გვენაცვლებიან ხოლმე.

აქ, ადგილზე ათი სტუდენტი ყოველთვისაა. ზოგჯერ უფრო მეტიც.

მხარს გვიჭერს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ლექტორ-მასწავლებლებიც და გვეუბნებიან, რომ თუ რაიმე დახმარება დაგვჭირდება, აუცილებლად დაგვიდგებიან გვერდით“, – გვეუბნება ვაჟა ღურწკაია.

სტუდენტების პროტესტი თსუ-ში.

ამ დროისთვის თსუ-ში შუალედური გამოცდები მიმდინარეობს და პროტესტის მონაწილე სტუდენტები პროტესტის პარალელურად გამოცდებსაც აბარებენ.

„აქ ვინც ვრჩებით ღამით, გამოყოფილი გვაქვს სივრცე და ვმეცადინეობთ და ვისაც შუალედური აქვს, იმას ვენაცვლებით. 25 ნოემბრისთვის შუალედური გამოცდებიც დასრულდება და ვფიქრობ, უფრო მეტი სტუდენტი შემოგვიერთდება.

სტუდენტები ყოველთვის იყვნენ სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების მონაწილე საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, თუ გადავხედავთ ისტორიას. ამიტომ, ჩვენ ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ მივიღოთ იმ პროტესტში მონაწილეობა, რაც ქვეყანაში გვაქვს და დავიცვათ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, – ამბობს ვაჟა.

პროტესტში მონაწილე სტუდენტები რექტორისგან მოითხოვენ პასუხს იმაზე, თუ ვინ მისცა სპეცრაზმს უნივერსიტეტის ეზოში განთავსების უფლება. თუმცა რექტორი ჯერჯერობით დუმს.

„რექტორმა შემოაგზავნა ყავა და ღვეზელები, თუმცა ხელი არ გვიხლია.

მოდის ჩვენთან ინფორმაცია, რომ თითქოს საერთოდ არ იყო რექტორი სპეცრაზმის შემოყვანაზე ინფორმირებული. თუ ასეა, მაშინ გააკეთოს ამაზე განცხადება. თუმცა, ასე რომ იყოს, მაინც პრობლემაა, რადგან გამოდის, რომ რექტორი ვერ იცავს უნივერსიტეტის ავტონომიურობას და ჩვენს უფლებებს.

ჩვენ არ გვჭირდება ისეთი რექტორი, რომელიც არა სტუდენტების ცოდნაზე, განათლებასა და მათ უფლებებზე იქნება ორიენტირებული, არამედ უნივერსიტეტს აქცევს სტრატეგიულ ობიექტად, სადაც შეჰყავთ ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც გვარბევს.

ამიტომ ჩვენ არა მარტო რექტორის გათავისუფლებას ვითხოვთ თანამდებობიდან, არამედ მთლიანად სისტემის გაწმენდას, რადგან თუ სისტემა არ შეიცვალა, ამას გაათავისუფლებენ და დაგვინიშნავენ ახალ მარიონეტს“, – გვეუბნება ვაჟა.

მისი თქმით, ახლა არც უიმედობისა და ნიჰილიზმის დროა, რადგან ქვეყანა რთულ სიტუაციაშია და მხოლოდ ბრძოლას აქვს აზრი. „ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი, ამის მაგალითებიც ბევრი გვაქვს ისტორიაში. ამიტომ ასეთი რეჟიმების შეცვლისთვის მთავარი დაუმორჩილებლობაა. ხალხისა და სტუდენტების ძალისხმევით ყველაფერი კარგად დასრულდება“, – ამბობს ვაჟა ღურწკაია.

თსუ-ში სტუდენტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და რექტორის გადადგომასაც მოითხოვენ.

ელენე ზურაბიშვილი პირველკურსელია და საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს. ელენე საუბარს ბათუმელი სტუდენტების მადლობით იწყებს, რადგან ამბობს, რომ სწორედ მათ მისცეს სტუდენტური დაუმორჩილებლობის მაგალითი.

„მეორე ღამეა, რაც ვრჩები თსუ-ში. მანამდე ვიყავი ილიაუნიში, რადგან აქ არ გაგვიღეს კარები, ღამე გავათენეთ ჯერ კიბეებზე, შემდეგ კი მოვახერხეთ შენობაში შემოსვლა.

შემართება, რა თქმა უნდა, გვაქვს, სხვანაირად ვერ გავუძლებდით ღამისთევებს.

ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვაფხიზლოთ ის ხალხი, ვინც მოდუნებულია. დღეს გარეთ, ქუჩაში ბრძოლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. უნდა ავირჩიოთ ან რუსეთი, ან ცივილიზებული დასავლური სამყარო. თუ ახლა დავკარგეთ შანსი, მეორედ ან აღარ მოგვეცემა, ან ძალიან დიდი ხანი გადაიწევს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ჩამოვშორდებით დასავლურ ცივილიზაციას.

განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა აწუხებდეთ ეს, იმიტომ, რომ ვეღარ მიიღებენ დასავლურ განათლებას, ვეღარ მიიღებენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და ყველა იმ სიკეთეს, რომელიც დასავლეთს მოსდევს. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვკარგავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან უნივერსიტეტი ძალოვანი უწყებების შტაბ-ბინად გადააქციეს უკვე და სტუდენტებს არ უშვებენ უნივერსიტეტში. ისიც კი არ ვიცით, მართლა დაცვის თანამშრომლები არიან ეს ხალხი თუ არა. ვითხოვთ ხელშეკრულებებს, მაგრამ არ გვაჩვენებენ.

თსუ-ს თავისი ისტორიული ბრწყინვალება დაუკარგეს, ისეთი უღირსობა ხდება აქ“, – ამბობს ელენე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ის სტუდენტობა, რომელიც ორი წელია რუსთაველზე დგას და დღეს შესაძლოა ნიჰილიზმით არის მოცული, რადგან არჩევნები გაუყალბეს, მაინც მოიკრებს ძალას.

„მინდა მათ ვუთხრა, ვინც არ ელოდა ასეთ შედეგებს, რომ არც არავის ჰქონდა მოლოდინი,  არჩევნები არ გაყალბდებოდა, მათ შორის არც ოპოზიციურ პარტიებს. თავიდანვე უნდა გაგვეცნობიერებინა ის, რომ არჩევნების შემდეგ დიდი ბრძოლა გველოდა – არჩევნები არ ყალბდება დემოკრატიულ ქვეყნებში და თუ ჩვენ დემოკრატიისთვის ვიბრძვით, ესე იგი, არ გვაქვს დემოკრატია.

შესაბამისად, არჩევნების გაყალბება მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ ამის გამო. ვინც არ იყო მზად, ვცდილობთ ეს ადამიანები ავიყოლიოთ და გამოვაფხიზლოთ, რადგან თუ სტუდენტები უარს იტყვიან და არ იბრძოლებენ საკუთარი და ქვეყნის თავისუფლებისთვის, აქ იღუპება ქვეყანა“, – გვეუბნება ელენე.

ლუკა ხიზაძე პირველკურსელია და ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს.

მესამე დღეა, რაც ლუკა ღამეს ათევს უნივერსიტეტში და ასე ცდილობს ქვეყნის თავისუფლების დაცვას.

„გაყალბებული არჩევნების ფონზე მთავრობა ცდილობს დაატეროროს საზოგადოება, დაატეროროს სტუდენტები და ამის მაგალითია აქ სპეცრაზმის შემოყვანა.

რაც შეიძლება გამძლედ და მხნედ უნდა ვიყოთ, რადგან დამორჩილება არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ავჯანყდეთ, დაუმორჩილებლობა გამოვუცხადოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მთელი უნივერსიტეტი გამოვაცოცხლოთ.

იმედი მაქვს, ეს ბრძოლა გაფართოვდება და მეტ თანამოაზრეს შევიძენთ. ილიაუნის სტუდენტებიც სულ ჩვენთან არიან, მხარს გვიჭერენ. თეატრალური სტუდენტებიც შემოუერთდნენ  ჩვენს ბრძოლას.

მთავარი საფრთხე, რაც დღეს გვაქვს არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, არ გვისმენს, მათთან უკვე სამართლებრივ ბრძოლაშიც ვეღარ შევდივართ, რადგან აღარ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუციები, ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ არჩევნების გზით წასულიყვნენ მშვიდობიანად, მაგრამ დავინახეთ, რომ არ აპირებენ წასვლას. ამიტომ ვინც ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, ქუჩაში უნდა გადმოვინაცვლოთ. საყოველთაო პროტესტში ვხედავ გამოსავალს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში“, – ამბობს ლუკა.

წარწერა ბანერზე – სტუდენტური პროტესტი თსუ-ში.

სესილი პაჭკორია პირველკურსელია და იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს თსუ-ში.

მეორე დღეა, რაც ღამეს ათევს უნივერსიტეტში და არ აპირებს შენობის დატოვებას.

„უნივერსიტეტი საჯარო სივრცეა, მაგრამ დაცვა ისევ გვიშლის ხელს აქ შემოსვლაში. თსუ-ს მუზეუმის სტატუსიც აქვს და ყველას შეუძლია შემოვიდეს, მაგრამ რექტორის ბრძანებაა ალბათ, რომ კარები ჩაგვიკეტონ.

ის, რომ უნივერსიტეტში სპეცრაზმი შემოდის და სტუდენტი ვერა, ეს არის ყველაზე დიდი დაცემა რექტორის. არავის აქვს უფლება მე, სტუდენტს, შენობაში გადაადგილება და შემოსვლა ამიკრძალოს.

ქვეყანაში გვყავს არალეგიტიმური მთავრობა და ამ სიტუაციაში ირღვევა ყველა მოქალაქის უფლება. მათ შორის ჩვენიც. ყველა რევოლუცია ისტორიულად იწყებოდა სტუდენტებისგან, თსუ-დან და მეც იმიტომ ვდგავარ აქ, რომ ჩემი ქვეყნის და ჩემი მომავალი მადარდებს. ჩემი უფლებები მადარდებს და ამიტომ ვერთიანდებით ყველა უსამართლობის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, ეს მუხტი გაიზრდება, გაძლიერდება და ველოდებით სხვებსაც, დაგვიდგნენ გვერდით, რომ გადავაყენოთ არალეგიტიმური მთავრობა“, – ამბობს სესილი პაჭკორია.

სესილი პაჭკორია

სტუდენტების საპროტესტო აქციების პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქუჩებშიც, უნივერსიტეტის წინ გაშლილია კარვები.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

აქტივისტი ნინოწმინდიდან: „არჩევნებზე აქ იყო ტოტალური კონტროლი“

ტიგრან თარზიანი ნინოწმინდელი აქტივისტია. ის გვიყვება, როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდი და საპარლამენტო არჩევნების დღე ჯავახეთში – ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს.

აქტივისტი ამბობს, რომ ნინოწმინდაში არჩევნები „ქართული ოცნების“ ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა.

  • ტიგრან, მოდი დავიწყოთ წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრით. რა ხდებოდა ჯავახეთში არჩევნებამდე?

მე არ ვიყავი დამკვირვებელი ან რომელიღაც პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელი, შესაბამისად, არ ვყოფილვარ საარჩევნო უბნებზე 26 ოქტომბერს. ჩემი ინტერესის გამო ვაკვირდებოდი ამ საარჩევნო პროცესს და ჩემი მოსაზრებები ამ დაკვირვებისა და ნანახის შედეგია.

ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის წინასაარჩევნო პერიოდშივე გახდა ცალსახა და ჩვენ არ გვქონდა იმედი, რომ სამცხე-ჯავახეთში ოპოზიციური ძალები შეძლებდნენ თუნდაც 10-20 პროცენტის მიღებას, რადგან რეალურად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, ძალიან სუსტად იყვნენ წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები.

და ვინც იყვნენ, მუშაობა დაიწყეს გვიან. მმართველ პარტიას 6-7 თვით ადრე ჰქონდა დაწყებული, ასე ვთქვათ, არაოფიციალურად, პოლიტიკური საარჩევნო აგიტაცია. რეალურად, როგორც ყოველ საარჩევნო წელს, ჩვენ აქ ვიცოდით, რომ რადგან სუსტად არიან წარმოდგენილები ოპოზიციური პარტიები, მარტო ის გზავნილი, რომ „მნიშვნელოვანია წლევანდელი არჩევნები“, არ გაჭრიდა. ოპოზიციის მხრიდან არანაირი საუბარი, მობილიზება და ა.შ., არ ყოფილა. ცხადი იყო, რომ აქ დიდი პროცენტებით იგებდა არჩევნებს მმართველი ძალა.

აქ წინასაარჩევნო გარემო ბოლო წლებში მშვიდად, წყნარად მიმდინარეობს და ზუსტად ამ სიწყნარეშია, ასე ვთქვათ, ის პრობლემა, რაც არსებობს.

თუ შევადარებთ გასულ არჩევნებს ნინოწმინდაში და ახალქალაქში, გასულ წლებში 80 პროცენტამდე [ხმების] დააფიქსირა მმართველმა პარტიამ, წელს კი ცოტა მეტი – 89-97 პროცენტი იყო. არჩევნების დღეს ეს რიცხვები იყო შემაშფოთებელი, იმიტომ, რომ ეს არ არის რეალური.

ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის უმრავლესობა, ახალგაზრდები იმყოფებიან სამუშაო ემიგრაციაში და ძირითადად ბრუნდებიან დეკემბრის დასაწყისში ან ნოემბრის ბოლოს. არჩევნები დაემთხვა პროცესს, როდესაც ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებული იყო კარტოფილის ამოღებით და თითქმის არ იყვნენ პოლიტიკურ თუ საარჩევნო პროცესებში ჩართული. ესეც რომ არ იყოს, ამიტომაცაა ეს რიცხვები შემაშფოთებელი, რომ რეალურად, ადგილზე ნამდვილად არ ცხოვრობს ამდენი ადამიანი და არაბუნებრივი რიცხვები იყო ასახული საარჩევნო უბნებზე.

  • რომ დავაზუსტოთ, რას გულისხმობთ? 

მე შემიძლია ჩემი სოფლის მაგალითზე ვთქვა, სოფელ უჩმანაზე. საარჩევნო სიებში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩაწერილი და ნამდვილად არ ცხოვრობს ამდენი ადამიანი სოფელში, ძირითადად ორი მიზეზით – ან 20-30 წელზე მეტია არ ცხოვრობენ ეს ადამიანები ადგილზე, შეიძლება უფრო მეტიც. რიცხვებში რომ დავინახოთ, 200 კაციდან 60 არ ცხოვრობს ადგილზე, საერთოდ კავშირი არ აქვთ სოფელთან, შეიძლება ვიღაცები ბოლო წლებში სტუმრად იყვნენ თავიან ნათესავებთან და ა.შ.

მეორე ფაქტორია, როგორც ვთქვი, ემიგრაცია. ახალგაზრდების უმრავლესობა დადის სამუშაო მიგრაციაში. ეს ძალიან ცხადი იყო, იმიტომ, რომ კარტოფილის აღების პროცესში ფერმერები სულ ეძებდნენ მუშას და მაინც ვერ იპოვეს საკმარისი. ჰექტრობით კარტოფილი დარჩა მიწაში.

  • თქვენ ახსენეთ, რომ საარჩევნო სიაში მყოფი ბევრი მოქალაქე წლებია არ ცხოვრობს ადგილზე. არ უშვებთ, რომ შესაძლებელი იყო მათი მობილიზება და არჩევნების დღეს სოფელში ჩამოყვანა?

მე არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო ამდენი ადამიანის ჩამოყვანა რუსეთიდან, სომხეთიდან ან ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ ან მუშაობენ. ეს არარეალურია.

  • სოფელში ყველა ყველას იცნობს. როგორია თქვენი დაკვირვება, იყვნენ უბნებთან/უბნებში უცნობი ადამიანები?

უბნებზე მოქალაქეების მაგივრად, ვინც არ ცხოვრობენ აქ, აძლევდნენ ხმას… სხვის მაგივრად მისცეს ხმა ახალი სტილით [ელექტრონულად] სადაც ტარდებოდა არჩევნები, მაგრამ ტრადიციული წესით სადაც ტარდებოდა, იმ საარჩევნო უბნებზე, ვიცი, რომ იყო ბიულეტენების ჩაყრის და მსგავსი სახის დარღვევები. ორივე შემთხვევაში იყო არათავისუფალი გარემო, ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა.

ხდებოდა ტოტალური კონტროლი, დარეკვები, ხალხის უბნებზე მოყვანა და ა.შ. სოფლები პატარაა, ყველაფერი ისმის, ყველა ამაზე საუბრობს.

დიდი პრობლემა იყო ისიც, რომ სადამკვირვებლო მისიები ადგილზე ძალიან სუსტად იყვნენ წარმოდგენილები. წინასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებლის პოზიციაზე ვერ მოუყარეს თავი იმდენ ადამიანს, რამდენიც საჭირო იყო. ამაზე თავად სადამკვირვებლო მისიებიც საუბრობენ, რომ რეგიონში დამკვირვებლების პრობლემა იყო.

სოფლებში, სადაც დამკვირვებელი თავად იმ იმ სოფლიდან იყვნენ, ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ, იმიტომ, რომ მათი უფრო მეტი დაშინების თუ სხვა სახის ბერკეტები ჰქონდათ, ამიტომ, ძირითადად, მათ არც საჩივრები დაწერეს.

ასევე, მე ერთ-ერთ დიდ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ სადამკვირვებლო მისიებს პოსტსაარჩევნო პერიოდში, მაგალითად არჩევნების მეორე თუ მესამე დღეს, დარღვევების გამოსაკვეთად არ ჰქონდათ მონიტორინგი მოსახლეობაში, მითუმეტეს, როცა ვსაუბრობ არაბუნებრივ რიცხვებზე, დარღვევებზე. კი, ვნახეთ უბნებიდან ფოტო, ვიდეოები, მაგრამ ამის შემდეგ საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი.

  • ტიგრან, მედიაში გავრცელებული არაერთი ფაქტის თუ თავად დამკვირვებლების თქმით, იყო ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევები 26 ოქტომბერს. რა ხდებოდა ამ მხრივ ჯავახეთში?

შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც დიდი რაოდენობით ფული არ დაურიგეს [მოქალაქეებს], წინა არჩევნებთან შედარებით. ქრთამი არ ვიცი რამდენად შეიძლება ეწოდოს, უბრალოდ დაასაქმა მმართველმა გუნდმა სხვადასხვა პოზიციაზე – მძღოლი, კოორდინატორი, აგიტატორი… მსგავს პოზიციებზე იყო ბევრი ხალხი დასაქმებული და რაღაც თანხებიც აიღეს…

ძალიან საინტერესოა თბილისში მცხოვრები და ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხების მაგალითზე რომ ვისაუბროთ – თბილისში, კონკრეტულად იმ უბნებზე, სადაც სომხები ცხოვრობენ, ოპოზიციამ გაიმარჯვა. ჯავახეთის შემთხვევაში სხვანაირად მოხდა, მმართველმა ძალამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ფაქტია, რომ თბილისში მეტ-ნაკლებად იყო თავისუფალი გარემო, აქ კი იყო ტოტალური კონტროლი, რაზეც ცალსახად მეტყველებს რიცხვები.

იმ სახის დარღვევები, რაც საქართველოს სხვა რეგიონებში იყო, თავისთავად იყო ჩვენთანაც – უბნებთან მობილიზება; დამკვირვებლის პოზიციაზე ბევრი საჯარო მოხელე და სოფლის რწმუნებული, საკრებულოს წარმომადგენლები იყვნენ და სხვა.

______

ამავე თემაზე:

დამკვირვებელი იორმუღანლოდან: „გაყალბების მინიმუმ 20 მეთოდი გამოიყენეს”

 

კუნძულის აშენების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 70 000-ით გაიზრდება – რას სთხოვს სააგენტო „ამბასადორს“

ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაზე [გდგ] გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 15 ნოემბერს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის დასკვნა გასცა.

სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით ხელოვნური კუნძულის გდგ და სგშ-ს განცხადება გარემოს ეროვნულ სააგენტოში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ წარადგინა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ დასკვნის შესაბამისად ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.

 სგშ-ის ანგარიშის მომზადებისას გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

სააგენტო სკოპინგის დასკვნის დოკუმენტში წერს, რომ, როგორც კუნძულის ფუნქციური ზონირების რუკიდან ჩანს, შემომზღუდავ ნაგებობებზე დაგეგმილია საქმიანი ზონების მოწყობა – სარეკრეაციო სივრცეებისა და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების, კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტების განთავსება.

  • „უნდა აღინიშნოს, რომ ტალღური რეჟიმიდან გამომდინარე, აღნიშნულ უბნებზე, შტორმის დროს ხდება ტალღის გადადინება შემომზღუდავი ნაგებობის თხემზე, რაც საეჭვოდ ხდის ამ ტერიტორიის საქმიან ზონად შეფასებას. ანალოგიურად ტალღა გადადის ტალღმსხვრევის თხემზეც, სადაც გათვალისწინებულია გამწვანებული ზონის შექმნა.“ – წერია დასკვნაში.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ სტრატეგიული დოკუმენტი განხილული უნდა იქნას ბათუმის გენგეგმის კონცეფციასთან მიმართებაში, რომლის მიზანია ქალაქის ცენტრის განტვირთვა.

გენგეგმის კონცეფციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე აშენებული 30-50-სართულიანი სასტუმროები ხელს უშლის ზღვის ნიავისა და იონიზებული ჰაერის შეღწევას ქალაქის ტერიტორიაზე და იწვევს არასასიამოვნო თერმულ პირობებს ზაფხულის პერიოდში. ბათუმის საზღვაო სანაპიროს რეკრეაციული ზონების ეკოლოგიური მდგომარეობა კი, ტურისტების მატებასთან ერთად, თანდათანობით უარესდება. გენგეგმის კონცეფციაში განხილულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე ბათუმის ელ.მომარაგების ქსელის, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის განვითარების რეკომენდაციები.

  • „ვინაიდან [ბათუმის გენგეგმის კონცეფცია] არ ითვალისწინებს ხელოვნური კუნძულის მოწყობის საკითხს და ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმა წარმოადგენს დამოუკიდებელ დოკუმენტს, საჭიროა სგშ-ის ანგარიშში განხილულ იქნას ხელოვნური კუნძულის მიმდებარე საქალაქო არეალებზე, ლანდშაფტზე, შესაბამის ზონირებასა და სიმჭიდროვეზე, ასევე სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების საკითხები.“

ბათუმი [მარჯვნივ მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძული] / 21.11.2024 / ფოტოები: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ამასთან:

  • „სგშ-ის ანგარიშში ასახული იქნას ინფორმაცია, განაშენიანებული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის [საზოგადოებრივი სივრცეები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა და ა.შ.] მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
  • ასევე ინფორმაცია, განაშენიანების ეტაპზე სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეწყვეტის/შეჩერების შემთხვევაში, გარემოს პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენისა და კონსერვაციის საკითხები“.

სააგენტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩამდინარე წყლების მართვის საკითხთან დაკავშირებით „ამბასადორის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ასახულია სხვადასხვა ინფორმაცია, ასევე გამოყენებულია ერთი და იგივე მნიშვნელობის სხვადასხვა ტერმინი, რაც ბუნდოვანს ხდის ჩამდინარე წყლების მართვის საკითხებს. აღნიშნული საკითხი კი კომპანიამ უნდა დააზუსტოს.

სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „კუნძულის მშენებლობა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მდინარე ბარცხანას და კუბასწყლის დაბინძურების წყაროების აღმოფხვრის კუთხით, რაც დადებითი ეფექტის მომტანი იქნება“; ასევე, „კუნძულის ექსპლუატაციაში გადაცემამდე დაგეგმილია მდ. კუბასწყალის დაბინძურების რისკების მინიმუმამდე შემცირება, რაც გააუმჯობესებს იქთიოფაუნის დღეს არსებულ არადამაკმაყოფილებელ საარსებო გარემოს.“

  • სააგენტო წერს, რომ „საჭიროა სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ იქნას რა კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი დაბინძურების წყაროების აღმოფხვრის კუთხით.“

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოქმედება ძირითადად განხილულია ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის პროცესში და განაშენიანების შემდგომ მოსალოდნელი ზემოქმედების კუთხით და ნაკლები ინფორმაციაა წარმოდგენილი, ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განაშენიანებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებით მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ, რაც ასევე უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ.

  • „საჭიროა სგშ-ის ანგარიშში განხილულ იქნას ავტოსადგომების განთავსების ადგილმდებარეობა, რომელიც გათვლილი იქნება საჭირო მინიმალურ რაოდენობაზე [6085 ავტოსადგომი].“
  • „განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტზე დაფუძნებული ვიზუალიზაცია უნდა შეესაბამებოდეს სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციას, მათ შორის იახტების, ნავმისადგომისა და ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცეების შესახებ“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორია ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების – ხელოვნების ცენტრის და ტექნოლოგიური მუზეუმის შენობების ვიზუალური დაცვის არეალში. სადაც აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.

  • აქედან გამომდინარე „საჭიროა განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტში გათვალისწინებული იქნას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

სააგენტო მიუთითებს ასევე, რომ „წარმოდგენილი სგშ-ის სკოპინგის განცხადების 245-ე გვერდიდან ნუმერაცია გრძელდება 302-ე გვერდით.“

ბათუმი [მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძული] / 21.11.2024

რამდენიმე დეტალი ხელოვნური კუნძულის სგშ-ის სკოპინგის განცხადებიდან:

  • „ხელოვნური კუნძულის მოწყობის და განაშენიანების პროგრამა გათვლილია 15 წლიანი პერიოდის გათვალისწინებით, მათ შორის: პირველი ხუთი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია დამცავი მოლების მოწყობა და ტერიტორიის ფორმირება, ხოლო შემდგომ პერიოდში მოხდება კუნძულის განაშენიანების პროექტის განხორციელება.
  • ხელოვნურ კუნძულსა და ნახევარკუნძულებზე ჯამურად გათვალისწინებულია 5 500 ბინა, 105 ვილა, 19 000 სერვის აპარტამენტი, 2 000 სასტუმროს ნომერი და სხვა.
  • კუნძულთან უსაფრთხო და ადვილი მისასვლელის უზრუნველყოფის მიზნით, დაგეგმილია 5 სატრანსპორტო კვანძის განთავსება, რომლებიც კუნძულს დააკავშირებს მთავარ გზასთან – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩასთან. განაშენიანების არეალში ავტოტრანსპორტით გადაადგილების მხრივ დაგეგმილია ორი დონის გზის მოწყობა. პირველი დონის გზა გაივლის ნახევარკუნძულების ცენტრში და ამ გზაზე დასაშვები იქნება 50კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება.
  • ღონისძიებების დღეებში, ღონისძიების ჩატარების ადგილამდე უფრო ადვილი წვდომის უზრუნველსაყოფად, პირველი დონის გზაზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში ავტობუსები საპროექტო ობიექტს მოემსახურება მთავარი გზიდან.
  • გზის მეორე დონე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტით შენობებამდე წვდომას, როგორც ნახევარკუნძულებზე, ასევე სხვა კლასტერებზე, საცხოვრებელი ვილების ტერიტორიაზე. მეორე დონის გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 30 კმ/სთ.
  • განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, ავტოპარკზე მოთხოვნის საერთაშორისო კვლევის შედეგად დადგინდა, ავტოსადგომების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა, რომლის მიხედვითაც განაშენიანების არეალში ავტოსადგომების მინიმალურ რაოდენობას შეადგენს 5 985 ადგილს. საპარკინგე ადგილების რაოდენობა ნაწილდება მიწის ნაკვეთებზე პროპორციულად, მათი ფუნქციების შესაბამისად, ასევე სქემატურად წარმოდგენილია გზის გვერდითა შესაძლო პარკინგების განთავსების ადგილები.
  • განაშენიანებული ტერიტორიის სასმელი წყლით მომარაგება განხორციელდება ქალაქის ქსელთან მიერთებით. დოკუმენტის თანახმად, სასმელი წყლის მომარაგებაში შეფერხების რისკის გამორიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, წყალმომარაგების სისტემის ოპერატორ კომპანიასთან ერთად გათვალისწინებულია წყალმომარაგების დამატებითი წყაროების ათვისება და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოების სამუშაოების შესრულება.
  • განაშენიანების შემდგომ ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ნახევრით [70 000] გაიზრდება და დიდი დატვირთვა იქნება მოსალოდნელი ქალაქის არსებულ ინფრასტრუქტურულ ქსელზე. არსებულ ქსელზე დატვირთვის შესამცირებლად დაგეგმილია ჩამდინარე წყლების შეგროვება, გაწმენდა და შიდა მიზნებისთვის ხელმეორედ გამოყენება.
  • განაშენიანების უბნებისა და შენობებისთვის საშუალო ძაბვის მიწოდება (35 კვ) უზრუნველყოფილი იქნება მთავარი ქვესადგურის მეშვეობით. წარმოდგენილია 110კვ/35კვ ქვესადგურის განთავსების სავარაუდო ადგილები, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვესადგურის ადგილმდებარეობა, რაოდენობა, ზომები და სხვა დაზუსტდება შემდგომ ეტაპებზე.
  • სგშ-ის სკოპინგის განცხადების თანახმად, შესაძლებელია დაპროექტდეს ცენტრალური გათბობის სადგურები, ხოლო მზის (PV) სისტემები განთავსებული იქნება მაღალსართულიან შენობებსა და მე-4 კლასტერში დაგეგმილ შენობაზე.
  • სგშ-ის სკოპინგის განცხადების თანახმად, სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება გარკვეული პერიოდით, სხვადასხვა ხარისხით, უარყოფით ზეგავლენას იქონიებს გარემოს კომპონენტებზე, ზემოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების პერიოდთან.
  • ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტი გადის ტერიტორიის სიახლოვეს. ამ მხრივ აღსანიშნავია ღამის განათების სისტემებით გამოწვეული ზემოქმედება, რომლის შემცირება შესაძლებელი იქნება ოპტიმიზებული განათების სისტემის გამოყენებით. აქედან გამომდინარე ფრინველებზე ზემოქმედების რისკი არ იქნება მაღალი.“

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – ეს არის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.

ბათუმი [მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძული] / 21.11.2024
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.

ამ თემაზე ვრცლად:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ხელოვნური კუნძული / ფოტო-რენდერი: Ambassadori Batumi Island

ვინ იზრუნებს თქვენზე, თუ დახმარება გჭირდებათ? – შინმოვლა ევროპასა და საქართველოში

წარმოიდგინეთ, რომ ავად ხართ და სისტემატური, სპეციფიკური მოვლა და დახმარება გჭირდებათ. ვინ იზრუნებს თქვენზე ოჯახის წევრების გარდა? რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ დროს თქვენი, როგორც მოქალაქის სამედიცინო და სოციალურ მხარდაჭერაში?

სწორედ ამ მხარდაჭერისთვის არსებობს პროგრამა, რომელიც წლებია ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს, საქართველოში კი წელს დაინერგა სახელმწიფო ქვეპროგრამის სახით.

შინმოვლა – ამ ტერმინით აღინიშნება მოვლის საჭიროების მქონე პირთა სამედიცინო, სოციალური და ტექნიკური მომსახურება მისსავე საცხოვრებელ ადგილზე. შინმოვლა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება იმ ადამიანს, რომელსაც ზრუნვა სჭირდება და, ასევე, მის ოჯახსაც.

ამ სტატიაში გიამბობთ, შინმოვლის როგორი პროგრამები გვაქვს საქართველოში, რა გამოწვევებია ამ მიმართულებით და რით განსხვავდება შინმოვლა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების შინმოვლის პროგრამებისგან.

  • როგორ მუშაობს შინმოვლის პროგრამა საქართველოში

საქართველოში შინმოვლის ქვეპროგრამას 2024 წლიდან ზრუნვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამისთვის წელს 440 000 ლარია გამოყოფილი. ეს თანხა პროგრამის 400 მოსარგებლეზეა გათვლილი.

იმისთვის, რომ საქართველოს 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქემ პროგრამით ისარგებლოს, მწოლიარე უნდა იყოს, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.

პროგრამაში რომ მოხვდეს, მოქალაქემ ზრუნვის სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით, რის შემდეგაც მის მდგომარეობას სპეციალური, ბართელის სკალის მიხედვით შეაფასებენ. ესაა კითხვარი, რომლითაც იზომება პროგრამით მოსარგებლე პირის საჭიროებები.

შეფასების შემდეგ შინმოვლის სერვისის მიმღები პირები სამ კატეგორიაში ნაწილდებიან – პირველი კატეგორია რთულად მიიჩნევა, მეორე – საშუალო სიმძიმის და მესამე – შედარებით მსუბუქად. თითოეულ კატეგორიას აქვს თავისი ვაუჩერული დაფინანსება, რაც განსაზღვრავს მოქალაქესთან შინმოვლის გუნდის ვიზიტების რაოდენობასაც.

მაგალითად, თუ ქალაქში მცხოვრები მოქალაქე ბართელის სკალით პირველ კატეგორიაში მოხვდა, მასთან სახლში თვეში ორჯერ მივა ექიმი, 10-ჯერ – ექთანი, 12-ჯერ – მომვლელი და სხვა სპეციალისტები, ანუ თვეში, ჯამში, მულტიდისციპლინური გუნდის 36 ვიზიტია მის დასახმარებლად გათვალისწინებული.

მაგრამ თუ მოქალაქე სოფელში ცხოვრობს, ვიზიტების რაოდენობა 22 იქნება, რადგან საქართველოში შინმოვლის სახელწიფო პროგრამა სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს საჭიროების მქონე მოქალაქეებს ქალაქებსა და სოფლებში.

ვიზიტების რაოდენობის გარდა, ქალაქისა და სოფლის მოდელში განსხვავდება მულტიდისციპლინურ გუნდში სპეციალისტების რაონოდენობაც.

მაგალითად, ქალაქის მოდელში შინმოვლის მულტიდისციპლინურ გუნდში შედის კოორდინატორი, ექიმი, ექთანი, მომვლელი, სოციალური მუშაკი, საყოფაცხოვრებო ასისტენტი და ტექნიკური ასისტენტი, სოფლის მოდელში კი – მხოლოდ  კოორდინატორი, ექთანი და მომვლელი.

ბოლო მონაცემებით, რამდენი ადამიანია ჩართული შინმოვლის პროგრამაში? რამდენად მოიცავს პროგრამა საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარს – ხომ არ დგას პროგრამის გაფართოების საჭიროება? რის მიხედვით განისაზღვრა სოფლისა და ქალაქის მოდელები? – „ბათუმელებმა“ ამ და სხვა კითხვებით ზრუნვის სააგენტოს მიმართა, თუმცა უწყებამ ეს კითხვები ამ დრომდე უპასუხოდ დატოვა. სააგენტოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

თავად ზრუნვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით კი 2024 წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ამ პროგრამისთვის სულ 206 905 ლარი დაიხარჯა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ სექტემბერში 96 ბენეფიციარზე 50 132 ლარი დაიხარჯა.

რა გამოწვევები აქვს შინმოვლას საქართველოშირას ამბობენ ექსპერტები

„ბათუმელები“ ესაუბრა ზურაბ ტატანაშვილს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებიას და განვითარების ცენტრის სოციალური მომსახურების ექსპერტს, რომელიც შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცესებს აკვირდება საქართველოში.

ზურაბ ტატანაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საქართველოში შინმოვლის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ე,წ. „მწოლიარეს“ საკითხი:

„ზრუნვის სააგენტოში რომ მივიდეს ადამიანი, საბუთი მიიტანოს და შეფასება დაიწყოს, ფორმა 100-ში უნდა ეწეროს სიტყვა „მწოლიარე“. სხვა შემთხვევაში არ ხვდება მოქალაქე იმ კატეგორიაში, რომლის მიხედვით შინმოვლის სერვისი მიეწოდება.

საქმე იმაშია, რომ შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს შინმოვლის საჭიროება, მაგრამ არ იყოს მწოლიარე. შესაძლოა შეეძლოს ადგომა, მაგრამ, მაგალითად, თვითმოვლის ნაწილში სჭირდებოდეს დახმარება.

ეს ნამდვილად არის პროგრამის გამოწვევა და სამუშაო ჯგუფში ეს საკითხი ინტენსიურად განიხილება. დიდი ალბათობით, შემდეგი წლიდან შეიცვლება ეს ამბავი“ – ამბობს ზურაბ ტატანაშვილი.

იგი განმარტავს, რომ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეზე ე.წ. ვაუჩერის გაცემით, ფაქტობრივად „ყიდულობს“ მომსახურებას სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლისგან, თუმცა სერვისის მიმწოდებლები, ორგანიზაციები, რომლებსაც შინმოვლის სერვისის შეთავაზება შეუძლიათ, ყველა მუნიციპალიტეტში არ არიან, რაც შინმოვლის სერვისის მიწოდებას შეუძლებელს ხდის.

ზურაბ ტატანაშვილის თქმით, თვალშისაცემია განსხვავება შინმოვლის ქალაქისა და სოფლის მოდელებს შორის. განსხვავებულია შინმოვლის სერვისის მიმწოდებლების ანაზღაურებაც – ქალაქის მოდელზე ვაუჩერით მეტი თანხაა გამოყოფილი ვიდრე სოფლის მოდელზე და განსხვავდება სერვისიც:

„მაგალითად, სოფლის მოდელში პირველადი ჯანდაცვის ექიმი უნდა ჩაერთოს, სოციალური მუშაკი კი, ითვლება, რომ სხვა სისტემიდან უნდა იყოს და გადამისამართებით უნდა მოგვარდეს ეს ამბავი. სოფლის ექიმები გადატვირთულები არიან. ხშირად, სოციალური მუშაკები საერთოდ არ ჰყავთ ან ისინიც გადატვირთულები არიან და ეს ნაწილი, ფაქტობრივად, დაუფარავი რჩება სოფლის მოდელში.

სოფლის მოდელში მნიშვნელოვანია ასევე გათვალისწინებული იქნეს ტრანსპორტზე დახარჯული დროის და რესურსის საკითხი. შესაბამისად, თითო ვიზიტზე გაცილებით მეტი თანხა უნდა გამოიყოს, ვიდრე ქალაქის მოდელზე, რადგან თუ ერთმა სპეციალისტმა შეიძლება ქალაქში დღეში 5-10 მოსარგებლის მომსახურება მოასწროს, სოფელში, განსაკუთრებით დაბალი სიმჭიდროვის და მთაგორიან დასახლებებში, ზამთარში, შესაძლოა მხოლოდ ერთი მოსარგებლის მომსახურება შეძლოს“.

ზურაბ ტატანაშვილი

ტატანაშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ექთანი ან მომვლელი ითავსებს საყოფაცხოვრებო ასისტენტის ფუნქციებსაც, რაც ზრდის პერსონალის დატვირთვას და ბენეფიციართან ვიზიტის დროსაც.

ზურაბ ტატანაშვილი აღნიშნავს, რომ პროგრამაში მოქალაქეების ჩართვა ძალიან შენელებულია და ამის მიზეზი ინფორმაციის არქონაა:

„რეალურად ადამიანებმა, ვისაც ძალიან სჭირდებათ შინმოვლა, შესაძლოა, არ იცოდნენ ამ პროგრამის არსებობის შესახებ.

მე რაც ვნახე, ძირითადად ბენეფიციარები მოიზიდეს სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა. ეს ასე არ უნდა იყოს. სისტემა უნდა მუშაობდეს ისე, რომ ჯანდაცვის სისტემის ექიმებმა და სოციალურმა მუშაკებმა უნდა იცოდნენ შინმოვლის პროგრამის შესახებ და გადაამისამართონ მოსარგებლეები ზრუნვის სააგენტოში“ – მიიჩნევს ექსპერტი.

  • განსხვავება ქართულ და ევროპულ შინმოვლის პროგრამებს შორის

შუქია ჭინჭარაული პროფესიით ექთანია, მას შინმოვლის სფეროში მუშაობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს. „ბათუმელებთან“ შუქია საუბრობს,  რა განასხვავებს საქართველოში არსებულ შინმოვლის პროგრამას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროგრამებისგან და რატომაა მნიშვნელოვანი ქართული პროგრამა დაემსგავსოს ევროპულ მოდელს.

„სერვისის განმავითარებელი ორგანოს წარმომადგენელი ვარ, მე ვარ თავად ტრენერი, აღიარებული და ავტორიზებული სახელმწიფოს მხრიდან.

ძალიან დიდი სხვაობაა შინმოვლის მომსახურების მიწოდების მასშტაბში. მაგალითად, ევროპის გერმანულენოვან ქვეყნებში სხვადასხვა დაზღვევა მუშაობს, ერთი არის ავადმყოფობის დაზღვევა, მეორე – მოვლის დაზღვევა. შინმოვლის სერვისის დაფინანსება ხდება მოვლის დაზღვევით. განისაზღვრება კატეგორია, თუ რომელი პაკეტი შეიძლება სჭირდებოდეს სერვისით მოსარგებლეს და ამის მიხედვით ერთვება მოქალაქე პროგრამაში.

სხვადასხვა კატეგორიაა, როგორც ჩვენთან: სირთულის, სიმძიმისა და ჩარევის ხარისხის დასადგენად, ოღონდ, განსხვავება ის არის, რომ იქ ყველაფერი შედის შინმოვლის პაკეტში.

ჩვენთან სერვისი დაზღვევიდან არ ფინანსდება და გვაქვს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მხოლოდ 400 ბენეფიციარზეა გათვლილი“ – გვეუბნება შუქია ჭინჭარაული.

მისი თქმით, ევროპულ და ქართულ შინმოვლის მოდელებში განსხვავებულია პროგრამაში ჩართვის ეტაპებიც. საზღვარგარეთ გაცილებით იოლია შინმოვლის სერვისში ჩართვა.

„ჩვენთან მწოლიარე ადამიანისთვის ძალიან ძნელია ფორმა 100-ის მოპოვება. ძალიან ძნელია ექიმის მიყვანა სახლში მის დასაწერად. ზრუნვის სააგენტომ რატომღაც თავიდანვე მოითხოვა, რომ ამ საბუთში უნდა ყოფილიყო ჩაწერილი „მწოლიარე“, არადა, პირველი კატეგორიის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ფეხზე მოსიარულე, მაგალითად, შეიძლება ღრმა დემენცია ჰქონდეს და მიეკუთვნებოდეს პირველ კატეგორიას.

დიდი ხანია ვესაუბრებით ზრუნვის სააგენტოს, რომ შეცვალოს ეს მოთხოვნა“ – ამბობს შუქია ჭინჭარაული.

იგი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას – კანონიერი წარმომადგენლის საჭიროებას შინმოვლის საჭიროების მქონე იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ ოჯახი. კანონიერი წარმომადგენლის გასაფორმებლად საჭიროა ნოტარიუსთან მისვლა ან ნოტარიუსის სახლში მიყვანა, რაც დამატებით ბარიერებს ქმნის ფინანსური თვალსაზრისითაც.

თუმცა ბარიერები ამით არ სრულდება:

„დავუშვათ, გააკეთა ყველაფერი ადამიანმა, შეიტანა მოთხოვნილი საბუთები. ზრუნვის სააგენტო გადადგამს შემდეგ ნაბიჯს, ეს გახლავთ უკვე ექიმის გაგზავნა სახლში, რომელიც ბართელის ინდექსით შეაფასებს ბენეფიციარს. აქ არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა – ვერ აიძულა სახელმწიფომ ექიმები, კლინიკები, რომ თანხმობა ეთქვათ ამ მომსახურების გაწევაზე, იმიტომ, რომ 25 ლარზე მეტს არ უხდიან თითო ვიზიტში ექიმს და ამ თანხაში შედის ტრანსპორტირებაც.

შეფასების გადაგზავნის შემდეგ ზრუნვის სააგენტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც აცნობებს ბენეფიციარს და ოჯახს, რა რიცხვიდან არის ის შინმოვლის პროგრამაში ჩართული და აცნობებს, ასევე, სავარაუდო ორგანიზაციებს, ვისაც შეიძლება ბენეფიციარმა მიმართოს ამ სერვისის მისაღებად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომელი კატეგორია მიენიჭა ბენეფიციარს. ანუ, ორგანიზაციამ, რომელსაც ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი მიმართავს, უნდა მოიძიოს ინფორმაცია ზრუნვის სააგენტოში, თუ რომელი კატეგორიით შეფასდა ამ ადამიანის მდგომარეობა.

ევროპაში როგორც კი დადგინდება შინმოვლის საჭიროება, ძალიან სწრაფად მიდის პროცესი, რადგან სისტემა აწყობილია. ხდება მოძიება ყველაზე ახლოს არსებული შინმოვლის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის და იწყება სერვისის მიწოდება. თუ კი რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, შესაძლოა რაღაცები შეიცვალოს, თუ არა და სერვისი შინმოვლის საჭიროების მქონე პირს ყოველდღე მიეწოდება“ – ამბობს შუქია ჭინჭარაული.

იგი განმარტავს იმ სირთულეებსაც, რაც საქართველოში იმ ორგანიზაციებმა უნდა გაიარონ, ვისაც სურვილი აქვს შინმოვლის სერვისის მიმწოდებლები გახდნენ.

„ამ ორგანიზაციებს სჭირდებათ სპეციალურად გადამზადებული კადრები, რომლებსაც გავლილი უნდა ჰქონდეთ მინიმალური პროგრამა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, რომელიც მოიცავს 62 საათს.

ეს კურსი აერთიანებს ორ მოდულს. ძირითადი ოპერაციული ჯგუფი, ექთნები და მომვლელები გადიან ორივე მოდულს. ეს ადვილი არ არის, რადგან არ არის მთლიანად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან [კურსები] და თუკი რომელიმე ორგანიზაციას უნდა ეს სერვისი ააწყოს, თავისი ხარჯებით უნდა დაფაროს ტრენინგები.

შიგადაშიგ გამოიყოფა გარკვეული დაფინანსებები, მაგრამ ძალიან ცოტა. ამ წუთას, „გაეროს ქალთა ფონდი“ აფინანსებს შინმოვლის ტრენინგებს ოთხ რეგიონში“.

შუქია ჭინჭარაული მიიჩნევს, რომ შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია იმიტომაც არ ვრცელდება ფართოდ, რომ პროგრამისთვის გადამზადებული თანამშრომლების რაოდენობა საკმარისი არ არის.

ჭინჭარაულის თქმით, კიდევ ერთი განსხვავება ქართულ და ევრუპულ მოდელს შორის, პერსონალის კვალიფიკაცია და მოვალეობებია:

„იქ აბსოლუტურად სხვა განათლებას იღებენ დასაქმებულები. მაგალითად, საექთნო განათლება, ხანდაზმულთა მომვლელის განათლება, მომვლელის ასისტენტის სასწავლო კურსი ერთმანეთისგან განსხვავდება კრედიტების რაოდენობით და შინაარსით.

ექთნებს კი სულ მცირე, სამწლიანი ან საბაკალავრო განათლება უნდა ჰქონდეთ.

ჩვენს საგანმანათლებლო კურსს რომ შევადაროთ, ძალიან დიდი სხვაობაა.

გარდა ამისა, ევროპაში ყველას ევალება ძირეული მოვლის შესრულება, რასაც პირად ჰიგიენას ეძახიან, მაგრამ გაცილებით მეტია, ვიდრე პირადი ჰიგიენა. აი, რასაც ჩემს თავს ყოველდღე ვუკეთებ: დაბანა, კბილების გახეხვა, საჭმლის მომზადება, მირთმევა, საპირფარეშოში სიარული და ა.შ.

ამ ძირეული მოვლის ელემენტებს ექთნები და მომვლელები ჩვეულებრივად ასრულებენ იქაც, უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ თუკი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ან სამედიცინო კუთხით სერიოზული ჩარევა სჭირდება, ძირეული მოვლის ელემენტებს აუცილებლად ექთნები ასრულებენ.

ჩვენს სტანდარტზე რომ გითხრათ, აკრძალულია ან ნება დართულია – არა. არსად არ წერია, რომ არ უნდა შეასრულოს ან უნდა შეასრულოს ექთანმა ძირეული მოვლის ელემენტები, მაგრამ სახელმწიფოს შემოთავაზებულ დოკუმენტაციაში თუ ჩავიხედავთ, იქ ძალიან მკვეთრადაა გაყოფილი. ანუ, სამედიცინო-ტექნიკური მანიპულაციები, პროცედურები არის მხოლოდ ექთნის საქმე, მათ შორის ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ. ძირეული მოვლის ელემენტები კი, რაც ძალიან ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობით რთულ პაციენტებთან საკმაოდ ძნელი შესასრულებელია, მომვლელების საქმეა“.

შუქია ჭინჭარაული

მოვლის ექსპერტი გვეუბნება, რომ ევროპაში, საქართველოსგან განსხვავებით, არ აქვთ ქალაქის და სოფლის შინმოვლის მოდელები ცალ – ცალკე.

„მაგალითად, გერმანიაში არავინ არ უყურებს ბენეფიციარი სოფელში ცხოვრობს თუ ქალაქში. იქ მთელი ქვეყნის მასშტაბით კატეგორიები, თანხა და საქმიანობა დროების მიხედვით ზუსტადაა გაწერილი, რაც სამართავად ადვილია სახელმწიფოსთვის.

ევროპის შინმოვლის სერვისში ვერ იმუშავებს ვერც ერთი სპეციალისტი, თუ მას არ აქვს მართვის მოწმობა. ისეა აწყობილი მარშრუტები, 7-10 წუთი, ეს არის მაქსიმუმი ერთი პაციენტიდან მეორესთან მისასვლელი დრო, რომელიც ანაზღაურებადია და სამუშაო დროში ითვლება. ჩვენთან, მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა – გინდა დიდ ქალაქებში, გინდაც – სოფლებში და ვერაფრით დავიცავთ გრაფიკს.

[ევროპულ] დაზღვევაში ყველანაირი ხარჯი გათვლილია. ერთი შეხედვით ჩვენთანაც, მაგრამ თუკი რამე ხარჯი შეიძლება წარმოიქმნას, კატეგორიების მიხედვით რა თანხაცაა ვაუჩერულად გამოყოფილი, იმ თანხაში უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი.

ჩვენს სტანდარტში პირდაპირ წერია, რომ 25 ლარია თითო ბენეფიციარზე მოსავლელი მასალების საყიდელი თანხა. დამიჯერეთ, 25 ლარად კარგი ხარისხის პამპერსის ერთ შეკვრასაც ვერ ვიყიდით“.

  • რას ამბობს პროგრამაში ჩართული ექთანი

ირმა დევაძე შინმოვლის ქვეპროგრამის ექთანი და კოორდინატორია ქედის მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, ქედაში სულ 14 ადამიანი სარგებლობს პროგრამით, თუმცა მსურველების რაოდენობა იზრდება.

„ბენეფიციარები გვყავს ისეთ სოფლებში, საიდანაც არ გვყავს სპეციალისტები და ძალიან შორი მანძილის გავლა გვიწევს როგორც ექთნებს, ასევე შინმოვლის სპეციალისტებსაც.

თავიდან ვიყავი მხოლოდ კოორდინატორი და ბოლოს მეც შევითავსე ექთნის მოვალეობა.

შრომატევადი საქმეა. ეს არ ჰგავს ექთნის მოვალეობას კლინიკაში. ჩვენ ვაკეთებთ მომვლელის, ექთნის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის საქმეს და ა.შ, რადგან სოფლის მოდელის გუნდი ნაკლები სპეციალისტებით კომპლექტდება.

ახლა გვემატებიან ბენეფიციარები, კიდევ უფრო გაფართოვდება სამუშაო არეალი და გაგვიჭირდება გადაადგილება.

ამ დროისთვის გვყავს 14 ბენეფიციარი, ხუთი ახალი დარეგისტრირებულია და სამი ელოდება შეფასებას. ფაქტობრივად, 22 ბენეფიციარი გვყავს ქედაში და მათთან უნდა ვიმუშაოთ ორმა ექთანმა და ხუთმა შინმოვლის სპეციალისტმა.

მყავს შინმოვლის სპეციალისტი, რომელიც სოფელ პირველი მაისიდან დადის სოფელ კოკოტაურში. მისი ანაზღაურება 15 ლარია ერთ ვიზიტზე და აქედან 8 ლარს ხარჯავს გზაში. ფიზიკურ შრომასთან და იმ სამუშაოსთან ერთად, რასაც ის ასრულებს, ფინანსური ხარჯიც ძალიან დიდი აქვს.

გვპირდებიან ცვლილებებს იანვრის თვიდან. ვნახოთ“ – ამბობს ირმა დევაძე.

ირმა დევაძე

ექთნის თქმით, ბენეფიციარებთან ყოფნის დრო განსხვავებულია მათი საჭიროების მიხევდით, თუმცა ერთ ბენეფიციართან სულ მცირე ერთი საათი ჩერდებიან.

„კვირაში ექთნის 2 ვიზიტი და მომვლელის სამი ვიზიტია განსაზღვრული ბენეფიციართან. ექთანს და მომვლელს შეუძლიათ ერთდროულადაც დაგეგმონ ვიზიტები, მაგრამ მძიმე ბენეფიციარებთან ისე გვაქვს განაწილებული, რომ ერთად არ მივიდეთ და კვირაში ხუთი დღე დავუფაროთ ბენეფიციარს.

მყავს ბენეფიციარი, რომელთანაც ფეხით მივდივარ. ისეთ უბანში ცხოვრობს, სადაც ტრანსპორტი აქტიურად არ მოძრაობს და ვერც ტაქსის აიყვან. ნახევარი საათი მჭირდება, მასთან რომ მივიდე ფეხით.

ფაქტობრივად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის ყოველ დღე მივიდეთ და შევაფასოთ მათი მდგომარეობა.

გვყავს ბენეფიციარი, რომელიც რვა წლის განმავლობაში იყო მწოლიარე და ახლა გადაადგილებაც დაიწყო“ – იხსენებს ირმა.

შუქია ჭინჭარაულის მსგავსად, ირმა დევაძეც აღნიშნავს, რომ ბენეფიციარის მოვლისთვის საჭირო მასალების შეძენისთვის გამოყოფილი ვაუჩერი რაც 25 ლარს შეადგენს, მიზერულია და საჭიროებებს ვერ ფარავს.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, დღეს, 21 ნოემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლეს ქალაქ დნეპრის მიმართულებით, მათ შორის რუსეთმა პირველად გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმისთვის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

უკრაინული მხარის ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, სავარაუდოდ „რუბეჟი“, რუსეთმა ასტრახანის რეგიონიდან გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო ბიზნესი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

მედიის ცნობით, „რუბეჟის“ წონა 50 ტონაა, რაკეტა 2000-იან წლებშია შექმნილი საბჭოთა კონსტრუქციებზე დაყრდნობით და მას შეუძლია დაარტყას სამიზნეს 6000 კილომეტრის დაშორებით.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დნეპრში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო საწარმო, სარეაბილიტაციო ცენტრი, საცხოვრებელი კორპუსები და ავტოფარეხები. 2 ადამიანი დაშავდა.

რუსეთს ამ დრომდე არ დაუდასტურებია „რუბეჟის“ გამოყენება. ასევე, ინფორმაცია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ ჯერ არ დაუდასტურებიათ საერთაშორისო წყაროებს.

BBC წერს, რომ ამერიკულ CBS-თან ერთად ისაუბრეს ორ წყაროსთან, ამერიკელ ოფიციალურ პირებთან იმის შესახებ, გამოიყენა თუ არა რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ. წყაროების თქმით, რაკეტა მართლაც ბალისტიკურია, მაგრამ არა კონტინენტთაშორისი.

დღეს მედიაში გავრცელდა მოკლე ვიდეო, რომელშიც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ როგორ მიიღო სატელეფონო ზარით მითითება, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ზახაროვა დღეს, 21 ნოემბერს ბრიფინგს ატარებდა, როდესაც სატელეფონო ზარს უპასუხა, მითითების შინაარსი ცნობილი გახდა ჩართული მიკროფონების გამო: კაცმა ზახაროვას უთხრა, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ.

ზახაროვას ზარის შემდეგ განმარტება არ გაუკეთებია ისე განაგრძო საუბარი. ბრიფინგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, შესაბამისად ეს კადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

მოგვიანებით, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ, „რია ნოვოსტიმ“ ზახაროვას სთხოვა კომენტარი ამ სატელეფონო ზარის შესახებ, რაზედაც მან უპასუხა:

„ბრიფინგამდე იყო კითხვები ინტერნეტში გავრცელებულ ურთიერთგამომრიცხავ მასალებთან დაკავშირებით… ექსპერტებს ვკითხე, ეს იყო თუ არა ჩვენი თემა. პასუხი მოვიდა ბრიფინგზე – საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. ასე რომ, ინტრიგა არ არის“ – თქვა მან.

____________

ფოტო: სააგენტო „ტასი“/tass.ru

არ დაესწროთ პარლამენტის პირველ სხდომას – გახარია ელჩებს მიმართავს

გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს, არ დაესწრონ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას და არ მისცენ ლეგიტიმაცია ახალ პარლამენტს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, 21 ნოემბერს განაცხადა ბრიფინგზე.

„მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ კორპუსს, პირველ რიგში აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს – მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი, ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის.

დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თქვენი სახელმწიფოების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მინდა გთხოვოთ, რომ არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება, არ იყოს მოპარული შემდეგი არჩევნები.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სისტემურად იყო გაყალბებული და კარგად მოგეხსენებათ იყო სამი ძირითადი ფაქტორი: ეს იყო ფარულობა, კომისიების ფორმირება სრულად ოცნების გავლენის ქვეშ და ეს იყო ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება.

…დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ „ოცნებას“ შესაძლებლობა მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის მიღების“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე პროტესტისკენ მოუწოდა მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს:

„მეორე მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და შესაბამისად, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს, მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება და ყველა ლეგიტიმურ კითხვას გაეცემა სრულფასოვანი პასუხი“ – განაცხადა ბრიფინგზე გახარიამ.

„ქართული ოცნების“ განცხადებით საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ნოემბრის ბოლოს ჩატარდება. ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს – ნონა ქურდოვანიძე არჩევნებზე

„პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი 25 ნოემბრის შესახებ, როცა „ქართული ოცნება“ პარლამენტის ახალი მოწვევა პირველ შეკრებას გეგმავს. მანამდე კი, არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ სარჩელების დასაშვებობის საკითხს სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს განიხილავს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს წარმოებაში მიიღებს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. კონსტიტუციონალისტები, ასევე საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტის ახალი მოწვევას დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის უფლება არ აქვს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით: „პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში“. 

საიას ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ ვერ უნდა გაიმართეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვას არ დაასრულებს:

„საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სარჩელს განხილვის შესაბამისი პროცედურები და ეტაპები აქვს. პირველი ეტაპია სარჩელის რეგისტრაცია. ეს ეტაპი სარჩელმა უკვე გაიარა. მეორე ეტაპია სარჩელის დასაშვებობის გადაწყვეტა. მესამე – საკითხის არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ამ ყველაფრისთვის კანონით დადგენილია 30-დღიანი ვადა.

საკითხი გასაჩივრებულად ითვლება სარჩელის წარდგენის მომენტიდან. კანონში არ არის რაიმე დათქმა, რომლითაც სარჩელის გასაჩივრებულად მიჩნევა არმიჩნევის საკითხი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელს გავლილი აქვს უკვე რეგისტრაციის ეტაპი და სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუშვებლობის [რისი საფუძველიც ამ სარჩელთან მიმართებით არ არსებობს] შესახებ ან განსახილველად მიღების შემთხვევაში, არ გადაწყდება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა, პარლამენტს არ აქვს უფლება, ცნოს დეპუტატების უფლებამოსილება. პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან,“ – წერს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე „ფეისბუქში“.
„სანამ დავა არ დასრულდება, მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს,“ – წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. მისი პოზიციითაც მკაფიოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის შეკრება უკანონო იქნება.
„პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ნიშნავს, რომ 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება სადავო გახდა, დავა აღძრულია. სანამ დავა არ დასრულდება, მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა რაც არ უნდა თქვას, ეს ასეა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა იქნება უკანონო,“ – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ახალი მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. პარლამენტის პირველ სხდომას კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგების პირიქით, გაბათილებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.
პრემიერი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე აკეთებენ აქცენტს, რომლის მიხედვითაც „ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი“.

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი ახალი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის. ამ განცხადებას პარლამენტის დეპუტატი და საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი თამარ კორძაია გამოეხმაურა:

„მამუკა მდინარაძე იტყუება მარტივად, რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი: საკონსტიტუციო სასამართლოში 3 დღის ვადაში იმიტომ არის განსაზღვრული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა, რომ უმოკლეს ვადაში უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი და აქამდე პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. ეს არის კონსტიტუციით და კანონით დადგენილი წესი.
მეორე: პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში არის სარჩელი წარდგენილი, სამანდატო კომისიას უფლებამოსილება არ აქვს, წარადგინოს და სიაში შეიყვანოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა არჩევაც არის სადავო საკონსტიტუციო სასამართლოში. სადავო არის 150-ვე წევრის არჩევის საკითხი.
ის, რასაც ლაპარაკობს მამუკა მდინარაძე, არის თვითნებობა, რადგან თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას კანონით განსაზღვრულ ვადაში და მაქსიმუმ ერთი თვე აქვს მას ამისთვის, თუმცა განმწესრიგებელი სხდომა უფრო სწრაფად უნდა ჩანიშნოს, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო დაარღვევს კონსტიტუციას და კანონს და პარლამენტის შეკრება იქნება არალეგიტიმური.
მეორე ვერსია: თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას, მაგრამ პარლამენტი მაინც შეიკრიბება, ამ შემთხვევაშიც პარლამენტის შეკრება იქნება არალეგიტიმური იმიტომ, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

5 პირი დააკავეს 620 ათასი ლარის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი თანხის მათთვის გადაცემის შემთხვევაში, დაზარალებულები მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებდნენ.

გამოძიების ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ აღნიშნული ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, ჯამში – 620 584 ლარს“ – წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) წარედგინათ.

სამართალდამცველებმა 5 პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?

ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევა – ამ ორი მთავარი არგუმენტით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოოდ შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

„ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების არეალში ფარულობა ყველგან დაირღვა, რაც გულისხმობს/მოითხოვს ამ სისტემით ჩატარებული შედეგების გაბათილებას…

არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსები და მათ საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები,“ – ვკითხულობთ პრეზიდენტის სარჩელში, რომელიც მან საკონსტიტუციო სასამართლოში 2024 წლის 20 ნოემბერს შეიტანა.

სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. ცნობილია, რომ პრეზიდენტის სარჩელს სასამართლოს პლენუმი განიხილავს, თუმცა მოსამართლეებს ჯერ პრეზიდენტის სარჩელის დასაშვებობაზე არ უმსჯელიათ. ამ საქმის მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება. ანალოგიური მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს, გადაწყვეტს ამ სარჩელების დასაშვებობის საკითხს. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, თუ მოსამართლეები სარჩელების არსებითად განხილვას დაიწყებენ, პარლამენტის ახალი მოწვევის უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელი იქნება, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

პრეზიდენტი ახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ ხმის ფარულობა კონსტიტუციით დაცული უფლებაა. სარჩელში სალომე ზურაბიშვილი ასაბუთებს, როგორ დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა:

„ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება.

ფარულობის პრინციპის დარღვევა ასევე არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას. [„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი].

2024 წლის 26 ოქტომბერს ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები შეიცავდა ყველა იმ რეალურ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა დაემუქროს კენჭისყრის ფარულობას და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. გამოკვლეული მტკიცებულებით დადგინდა, რომ გონივრულობის ფარგლებში, უმეტეს შემთხვევებში, შეუძლებელია ამომრჩეველმა წარმოდგენილი ბიულეტენის, მარკერის და ჩარჩო – კონვერტის მეშვეობით გამოხატული ნება [გაფერადებული/გაუფერადებელი, მონიშნული/მოუნიშნავი ბიულეტენი] ისე მოათავსოს ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონული აპარატში, რომ სრულად გამორიცხული იქნეს მისი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის ჩატარებული პროცედურის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტის წინ მდებარე წრის გაფერადების შემდგომ, მარკერის კვალი სრულად გადადიოდა ბიულეტენის უკანა მხარეს. შესაბამისად, ბიულეტენის მთვლელ აპარატში მოთავსებისას კომისიის წევრების, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე სუბიექტებისთვის, მარტივად აღქმადი იყო ამომრჩევლის გამოხატული ნება.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ბიულეტენების დაბეჭდვა უზრუნველყო ცესკომ მის მიერ შერჩეული სტამბების და მის მიერვე მიტანილი საბეჭდი ქაღალდის მეშვეობით, შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოყენებული ბიულეტენი იყო ერთი ხარისხობრივი ნიშნის. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩარჩო-კონვერტი განკუთვნილი იყო და ფარავდა მხოლოდ ბიულეტენის იმ ნაწილს, სადაც ფიქსირდებოდა საარჩევნო სუბიექტები, თავის მხრივ, კონვერტი უზრუნველყოფდა ბიულეტენის წინა მხარეს გაკეთებული არჩევანის ფარულობას და ამ მიზნითვე ხდებოდა ბიულეტენის მოთავსება მთვლელ აპარატში ამობრუნებულ მდგომარეობაში.

თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამობრუნებულ ბიულეტენზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება. კერძოდ, ჩარჩო-კონვერტიდან მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას მასზე გარკვევით ჩანდა მარკერის კვალი, რაც მინიმუმ იმის იდენტიფიცირების სრულ შესაძლებლობას იძლეოდა, ამომრჩევლის ნება ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო პარტიას მიემართებოდა – აპარატის მიერ ბიულეტენის უკან დაბრუნების შემთხვევაში კი სრულად იდენტიფიცირდებოდა გაფერადებული საარჩევნო სუბიექტი.

გარდა ამისა, ხდებოდა ამომრჩეველთა გამოსახულებით იდენტიფიკაცია, ეს გარემოებაც პირდაპირ მიმართული იყო საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ფარულობის პრინციპის დარღვევისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საარჩევნო უბნები კენჭისყრის დღეს, 26 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ აღჭურვა იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ხმის მიცემის ფარულობა, შესაბამისად ყველა ელექტრონულ უბანზე, სადაც გამოყენებული იქნა ელექტრონული ბიულეტენი, დაირღვა საარჩევნო პრინციპები,“ – აღნიშნავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში საქართველოში 2263 უბანზე ჩატარდა. ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა გასაჩივრდა სასამართლოებში, თუმცა მხოლოდ ერთმა მოსამართლემ – თეთრიწყაროს სასამართლოში დაადასტურა ფარულობის პრინციპის დარღვევა. საბოლოოდ, საერთო სასამართლოებმა „ქართული ოცნების“ და ცესკოს არგუმენტები გაიზიარეს და თქვეს, რომ შესაძლოა ბიულეტენზე მარკერმა გაჟონა, მაგრამ ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას, თუ ამომრჩეველი წესებს დაიცავდა.

სალომე ზურაბიშვილი სარჩელში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებამდე დაჰპირდა, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი განსხვავებული იქნებაო:

„არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ესწრებოდნენ ცესკოს მიერ ორგანიზებულ ელექტრონული ტექნოლოგიების სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც ხდებოდა ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცედურის „დატესტვა“. ჯერ კიდევ ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ირღვეოდა ნების გამოხატვის ფარულობა.

სპეციალური მარკერები, რომლებითაც უნდა მომხდარიყო საარჩევნო სუბიექტის შესაბამისი გრაფის გაფერადება, ტოვებდა ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალს, ეს კი ბუნებრივია, ცხადს ხდიდა ამომრჩევლის გამოხატულ ნებას. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცესკოსათვის მიწერილი წერილის პასუხად, ცესკომ განმარტა, რომ „შეხვედრებზე გამოყენებული ბიულეტენი არის სატესტო ვერსია და შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნება განსხვავებული, რაც უზრუნველყოფს ფარულობის დაცვას.“

უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით ჩატარდა, კენჭისყრის დღესვე გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები, რომლებიც გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა იმდენად მასშტაბური, რომ ცხადყო საარჩევნო უფლების უმნიშვნელოვანესი პრინციპის, ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა. აღნიშნული გამოიხატა იმაში, რომ დაფიქსირებული ხმა ისახებოდა ბიულეტენის უკანა მხარეს.

ნიშანდობლივია, რომ ფარულობის დაცვას ვერ უზრუნველყოფდა ვერც ჩარჩო-კონვერტი. ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ჩარჩო-კონვერტის ზომით, ხოლო მეორე მხრივ, იმით, რომ კომისიის წევრების მხრიდან გაცემული ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტში მოთავსების განმარტებული წესის დაცვის პირობებშიც კი ხმის მთვლელ აპარატში შეცურების მომენტში ბიულეტენის უკანა მხარე ნაწილ-ნაწილ ხილული ხდებოდა.

ამასთანავე, საარჩევნო უბნების გახსნისთანავე, უბნებზე მასობრივად განთავსდა ვიდეოკამერები. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები რიგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამტკიცებული ბიულეტენის და არსებული მარკერის ფორმა იმთავითვე ვერ უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას. კერძოდ, მარკერით გაფერადებული წრე, ბიულეტენის თხელი მატერიისა და მარკერის სიმუქის გამო, ვიზუალურად აშკარად აღსაქმელი იყო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში შეცურებისას.

ამასთანავე, პრობლემური იყო თითქმის ყველა საარჩევნო უბანში დამონტაჟებული ვიდეოკამერა, რომელიც დღის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში იღებდა კენჭისყრის პროცესს, რაც ამომრჩევლებისთვის ქმნიდა კონტროლის განცდას და უქმნიდა აღქმას, რომ არჩევნები არ იყო ზეწოლისგან თავისუფალი.

მაგალითისათვის წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2024 წლის 4 ნოემბრის N3/62-24 (3-63/24) გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს ძირითადი კანონით – კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას,“ – აღნიშნულია სარჩელში.

პრეზიდენტი არჩევნების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას მოითხოვს იმ მოტივით, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლი: „საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება“  მუხლი 37: „….პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.“

პრეზიდენტი ასაჩივრებს საყოველთაობის პრინციპის დარღვევასაც – საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტების ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდეს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.

სასამართლოს მხრიდან ნორმის იმგვარად განმარტება, რომ ცესკოს დისკრეციაა, თუ სად შექმნის საარჩევნო უბანს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, ეწინააღმდეგება საარჩევნო უფლებით სარგებლობის გარანტირებისთვის სახელმწიფოს პოზიტიურ კონსტიტუციურ ვალდებულებებს, შესაბამისად საფრთხეს უქმნის საარჩევნო უფლების რეალიზაციას, შედეგად სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა არჩევნებში მონაწილეობისათვის. ამომრჩევლის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინების გარეშე საარჩევნო უბნების შექმნა, წარმოადგენს არამართლზომიერ ჩარევას ამ უფლებაში.

ამასთან, უფლებაში ჩარევა არათანაზომიერია, რადგან ამომრჩეველი იძულებულია დიდი მანძილი [რამდენიმე ასეული და ათასი კილომეტრი] გაიაროს, რაც შეუძლებელს გახდის საარჩევნო უფლების განხორციელებას, მაგალითად, თუ ალაბამაში მცხოვრებ ამომრჩეველს მოუწევს ნიუ-იორკში გახსნილ უბანზე მისვლა, ეს აშკარად პრაქტიკული დაბრკოლებაა იქნება მისთვის. ამდენად, საარჩევნო უბნების ადგილის განსაზღვრა სხვა სახელმწიფოებში უნდა ემყარებოდეს ამომრჩევლის ადგილსამყოფელს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აქტიური საარჩევნო უფლების რეალური და ეფექტიანი განხორციელება.

ზღვარი „არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის“ ქმნის ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს თითოეული საარჩევნო უბნის ფარგლებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას.

თუმცა, ამ ჩარჩოს პრაქტიკულ გამოყენებაში ცესკოს უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ამომრჩეველთა გეოგრაფიული განაწილება. ეს აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცალკეული საარჩევნო უბნების გადატვირთვა და უზრუნველყოფილ იქნეს, რომ თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაბამისი წვდომა საკუთარ საარჩევნო უბანზე.

აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესის გამართულობას და ცხადყოფს, რომ საარჩევნო სისტემა პასუხობს მოქალაქეების საჭიროებებს და ინტერესებს.

2024 წლის 29 სექტემბრის N01/2777 სამსახურებრივი ბარათით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია მიეწოდათ ცესკოს წევრებს. ქვეყნების რაოდენობა – 42; ქალაქების რაოდენობა – 53; უბნების რაოდენობა – 60; ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში – 65 508.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიმრავლის გამო დამატებით რამდენიმე უბანი იქნა გახსნილი, ბუნებრივია, ეს სრულფასოვნად ვერ ქმნის საზღვარგარეთ საყოველთაო საარჩევნო უფლებით სარგებლობის ადეკვატურ შესაძლებლობას.

იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პერიოდში დაახლოებით 270 000-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფაქტობრივად კენჭისყრის დღემდე დაკარგა ამომრჩეველთა უმრავლესობამ, ვინაიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ შექმნა უფლებით სარგებლობის სათანადო გარანტიები, არ გახსნა თანაზომიერი და პროპორციული ოდენობისა და შესაბამისი ადგილმდებარეობის მიხედვით საარჩევნო უბნები და ამავდროულად, ამომრჩევლებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ სათანადო რეგისტრაცია მათთვის ხელმისაწვდომ უბნებზე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ამომრჩეველთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ეს პირდაპირ ზღუდავს ამომრჩეველთა კონსტიტუციურ უფლებებს.

ამ პირობებში, ცესკოს მოქმედებები უნდა იყოს გამყარებული მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც ამომრჩეველთა უფლებების რეალიზაციას ეხება, იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებები ეყრდნობოდეს შესაბამის კანონმდებლობას, რომელიც ნათლად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში და რა პირობებში შეიძლება ცესკომ მიიღოს კონკრეტული ზომები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების შეზღუდვას,“ – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

სალომე ზურაბიშვილის დასაბუთებით, მასშტაბურად დაირღვა ფარულობის პრინციპი, ასევე საყოველთაობის პრინციპის დარღვევამ გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე. პრეზიდენტი სარჩელში საუბრობს იმაზე, თუ რატომ უნდა მიიჩნიოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უსკოს და ცესკოს შემაჯამებელი ოქმები:

„საგულისხმოა, რომ ფარულობის მასშტაბური დარღვევა, შეიძლება მიჩნეულ იქნეს არჩევნებზე იმგვარ არსებით გავლენის მქონე ეფექტად, რომელსაც შეეძლო, საარჩევნო სუბიექტთა პროცენტული მაჩვენებლები შეეცვალა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს განსხვავებულ შედეგს.

ამასთანავე განსაკუთრებით საყურადღებოა ფარულობის დარღვევის გავლენა მოწყვლად ამომრჩეველზე, რომელთა ნების გამოვლენა მარტივად შეიძლება გახდეს მანიპულირების საგანი ფარულობის დარღვევის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთათვის გარკვეულწილად წინასწარ კენჭისყრის დღემდეც ცნობილი იყო, რომ სპეციალური მარკერის, ჩარჩო კონვერტის ზომისა და ბიულეტენის ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო დარღვეულიყო ხმის მიცემის ფარულობა, და დამატებით უშუალოდ კენჭისყრის დღეს ყველასათვის თვალსაჩინო გახდა აღნიშნული ფაქტი, ბუნებრივია ამ დარღვევის მასშტაბმა არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

ფარულობის დარღვევის მასშტაბის შეფასებისას ბუნებრივია საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ელექტრონული კენჭისყრის პროცედურა ჩატარდა 2263 საარჩევნო უბანზე. ამ უბნებზე ამომრჩეველთა სრული ოდენობის დაახლოებით 90% იყო რეგისტრირებული. ვინაიდან ამ უბნებზე არსებითად დაირღვა ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის ფარგლებში ხმის მიცემის ფარულობა, ამან მასშტაბური და გადამწყვეტი გავლენა იქონია ამომრჩეველთა ნების თავისუფლების გამოვლენის პრინციპზეც და ბუნებრივია არჩევნების შედეგებზე.

რაც შეეხება არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევის გავლენას არჩევნების შედეგებზე, აღნიშნულ შემთხვევაში შედარებით მეტად არის დათვლადი კონკრეტული მონაცემები, თუ რა გავლენა იქონია სარჩელში მითითებულმა გაუმართლებელმა ჩარევამ არჩევნების შედეგებზე. კერძოდ არსებული ინფორმაციით საზღვარგარეთ საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა იყო დაახლოებით 96 ათასი, რომელთაგანაც დაახლოებით ამომრჩეველთა 2/3-მა (60 000-ზე მეტმა) ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა, [19] მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია რამდენად მაღალი იყო საზღვარგარეთ კონკრეტულ უბნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა.

აღნიშნულ შემთხვევაში ამომრჩეველთა სრული ოდენობა დაახლოებით შეადგენდა 2 მილიონ ამომრჩეველს (ცესკოს სადავო შემაჯამებელი ოქმის მიხედვით 2 111 834 ამომრჩეველი), რის გათვალისწინებითაც პირები, რომლებიც საარჩევნო სიაში იყვნენ და ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით შეადგენდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 3%, რამაც ფარულობის დარღვევასთან ერთად და დამოუკიდებლადაც ბუნებრივია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

ამასთანავე საყურადღებოა ის ზოგადი მონაცემები, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ არჩევნების დღისათვის დაახლოებით იმყოფებოდა დაახლოებით 270 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელთაგანაც უდიდეს ნაწილს ასევე არ მიეცა უფლება არჩევნებში მიღოთ მონაწილეობა, რის გამოც საყოველთაობის პრინციპის ამგვარმა გაუმართლებელმა დარღვევამ გაცილებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის სარჩელში.

Exit mobile version