მთავარი,სიახლეები

ბათუმში გრძელდება აქციაზე დაჯარიმებულებისათვის თანხის შეგროვების კამპანია

16.04.2025 •
ბათუმში გრძელდება აქციაზე დაჯარიმებულებისათვის თანხის შეგროვების კამპანია

ბათუმში გრძელდება საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებულებისათვის ჯარიმის თანხის შეგროვების კამპანია.

ბათუმში საპროტესტო აქციების 36 მონაწილეა დაჯარიმებული. აქედან 4 ადამიანი 11-12 იანვრის ღამეს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააჯარიმეს, სხვები კი – „ზებრაზე გადასვლის საქმეზე“, 31 იანვარს.

დაჯარიმებულთა უმრავლესობისთვის ჯარიმის დასაფარი თანხა სამოქალაქო აქტივისტების, ციალა ქათამიძისა და მალხაზ ჭკადუას ანგარიშებზე გროვდება.

ციალა ქათამიძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ 12 ადამიანი არ აპირებს ჯარიმის გადახდას,  შესაბამისად ბათუმში ახლა 24 ადამიანის ჯარიმის თანხის ცდილობენ:

„აქედან 4 პირის ჯარიმა უკვე გადახდილია და დარჩა 20 ადამიანის, რომელთა ჯარიმებისთვის საჭირო საერთო თანხის ოდენობა 94 ათასი ლარია. ამ თანხის დაახლოებით მესამედი, 30 000 ლარი გვაქვს შეგროვებული ჩვენს საერთო ყულაბაში.

ხვალ აქციის ორი მონაწილის ჯარიმის გადახდის ბოლო დღე გვაქვს და კიდევ 6 ადამიანს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე დღეში მათი ჯარიმის გადახდის ბოლო დღე გვექნება“, – ამბობს ციალა ქათამიძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, რამდენიმე დაჯარიმებულმა თავადაც დაიწყო თანხის შეგროვება სოციალურ ქსელების საშუალებით:

„ასეთი პირობა გვაქვს, რომ, თუ ისინი ვერ შეაგროვებენ ჯარიმისთვის საჭირო თანხას, მაშინ ჩვენ საერთო ყულაბიდან დავუმატებთ. თუ თავად უფრო მეტს შეაგროვებენ, ვიდრე ჯარიმისთვისაა საჭირო, მაშინ რომელიმე თანამებრძოლის თანხის გადახდაში დაგვეხმარებიან.

მსგავსი კოლაბორაციით უკვე გადავიხადეთ 4 ადამიანის ჯარიმა.  აქედან ერთის სრულად ჩვენ დავფარეთ, რადგან მას მშობლები და ოჯახი არ თანაუგრძნობს და ვერ გახადა საჯარო ეს ინფორმაცია არა თუ ფართო საზოგადოებისათვის, არამედ ვიწრო წრისათვისაც კი“, – გვითხრა ციალა ქათამიძემ.

ბათუმის აქციებზე დაჯარიმებულების მხარდასაჭერად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

#GE38BG0000000162685131– საქართველოს ბანკი. მიმღები: ციალა ქათამიძე

#GE47TB7002743365100007 – თიბისი ბანკი. მიმღები: მალხაზ ჭკადუა

_________________

ფოტოზე: 31 იანვრის აქცია ბათუმში. ედო მჟავანაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: