მთავარი,სიახლეები

ლარის საიუბილეო ფორუმის ჩატარებაში ეროვნული ბანკი 771 ათას ლარს დახარჯავს

16.04.2025
ლარის საიუბილეო ფორუმის ჩატარებაში ეროვნული ბანკი 771 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება-ჩატარებაში კი 771 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „პირველად ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა“.

„დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი [2025 წლის 29 – 31 მაისი] მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობით, ქართული ფულის კატალოგის გამოშვება, საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და სხვა.

აღნიშნულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზებამ და ჩატარებამ“ – წერს საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

სააგენტომ სებ-ს მისცა თანხმობა, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს“.

სებ-ის ინფორმაციით ღონისძიება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ლოგოს და მის საფუძველზე ე.წ. „ბრენდბუქის“ შემუშავება;
  • ღონისძიების ფროდაქშენ მომსახურება, მათ შორის საიმიჯო რგოლის მომზადება;
  • ღონისძიების ორგანიზება სასტუმრო „შერატონში“, მათ შორის: ღონისძიების ვიზუალური კონცეფციის შექმნა და შემსყიდველთან შეთანხმება; კონცეფციის შესაბამისად, სასესიო დარბაზის 300 სტუმარზე ღონისძიების უზრუნველსაყოფად მომზადება; მაღალი რანგის სტუმრებისთვის ბიზნეს ოთახის მოწყობა; მედია სივრცის და მედია ოთახის მოწყობის უზრუნველყოფა; შენობაში სარეგისტრაციო პუნქტის მოწყობა; შენობაში საინფორმაციო პუნქტის მოწყობა; საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცული ექსპონატების გამოფენის ორგანიზება/მოწყობა; პრეს ბანერების/ და ბექდროფ ბანერების დამზადება; ღონისძიების სრულყოფილად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელი სხვა, დამატებითი მომსახურება;
  • ღონისძიების, მათ შორის მედია და მაღალი რანგის სტუმრების ბიზნეს ოთახის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყოფა;
  • მიღების/Welcome reception და სადილის/gala dinner ორგანიზება 2025 წლის 29 და 30 მაისს [სარესტორნო მომსახურების გარდა];
  • სტუმრების დახვედრა – გაცილება.

სებ-ის ინფორმაციით, ვინაიდან ღონისძიების შემადგენელი კომპონენტები და დეტალების დღემდე ბოლომდე განსაზღვრული არ არის, შეუძლებელია მთელი რიგი საკითხების წინასწარ განსაზღვრა, ხოლო თითოეული საკითხის – იქნება ეს შესასყიდი საქონელი, სამუშაო თუ მომსახურება განსაზღვრის შემდეგ, სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული ვადების გათვალისწინებით შეუძლებელი იქნება ღონისძიების დროული ორგანიზება.

„ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში მიმწოდებელმა, გარდა უშუალოდ ღონისძიების ორგანიზების ლოჯისტიკური სერვისებისა, უნდა მოგვაწოდოს კრეატიული გადაწყვეტები, მათ შორის ღონისძიების დეტალური კონცეფცია და შესაბამისი ბრენდბუქი, რაც ცხადია თავის მხრივ მოიცავს მუდმივ ცვლილებებს თავდაპირველ დოკუმენტებში და საჭიროებს განახლებას, ადაპტირებას და დახვეწას არსებული ვითარების, განსაზღვრული კონცეფციის, ბრენდბუქის და ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო ყველა სხვა დეტალის გათვალისწინებით.

კერძოდ, დღემდე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და ზუსტდება ისეთი თემები, როგორიცაა დასკვნითი პანელური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა, რამდენი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატი დაესწრება ღონისძიებას და ა.შ.“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განაცხადში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: