ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება

03.04.2024 • 15319
ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი მასალის ამოღებისა და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრის სკრინინგის პროცედურა განახლდა. ამ პროცედურით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს დაგეგმილი საქმიანობისთვის არის თუ არა საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება.

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ამ ეტაპზე, ჯამში, 43 000 კუბური მეტრი ნატანია ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას, წინასწარი გათვლებით 3,5 მილიონი ლარი დასჭირდება.

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ამას კი შესაძლოა კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს.

ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [თუმცა ეს მოხდა იმ დროს, როცა პლაჟზე არავინ იმყოფებოდა].

ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღება-მახინჯაურში ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სკრინინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტები გარემოს ეროვნულ სააგენტოში ხელახლა, 2024 წლის პირველ აპრილს წარადგინა.

სკრინინგის დოკუმენტების მიხედვით:

  • „დაგეგმილი საქმიანობის ადგილი განსაზღვრა ბუნებრივად განვითარებულმა კონცხის უკონტროლო ზრდამ და მახინჯაურის სანაპიროზე შექმნილმა კრიტიკულმა ვითარებამ.
  • საპროექტო სამუშაოები შემოიფარგლება მარტივი ღონისძიებით: კონცხის წყალქვეშა სანაპიროდან ამოღებული მასალით მახინჯაურის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია [ხელოვნური პლაჟის შექმნით]“.

ბათუმში ზღვიდან ჭარბი ნატანის ამოღების [ბათუმის კონცხი] და სანაპიროსთან ჩაყრის [მახინჯაური] ადგილები / კონცხიდან ამოღებულ ხრეშს მახინჯაურში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მწვანე კონცხის მიმართულებით სანაპიროს დაახლოებით 1,2 კილომეტრ სიგრძის მონაკვეთზე დაყრიან

„სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება წყნარი ზღვის პერიოდში, რაც იძლევა ტექნიკის წყალში ხანგრძლივად დგომის გარეშე ექსპლუატაციის საშუალებას. სხვა სახის რაიმე არსებითი ზეგავლენა შესაძლო ბიომრავალფეროვნებაზე არ არის მოსალოდნელი.

საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ პროექტის განხორციელების შედეგად რეგიონში მობინადრე ცხოველებზე ზემოქმედების რისკები მინიმალურია. პროექტის განხორციელება ვერ გამოიწვევს რომელიმე სახეობისთვის მნიშვნელოვანი საბინადრო ადგილების მოშლას.

იქთიოფაუნაზე შესაძლო ზემოქმედების რისკები ძირითადად უკავშირდება ზღვის პირას ჩასატარებელ სამუშაოებს. როგორც აღინიშნა შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს წყლის სიმღვრივის მატებას. აქედან გამომდინარე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყლის ხარისხის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდგომ წყალში მობინადრე სახეობისთვის მოსალოდნელია დადებითი ეფექტიც, ვინაიდან შემცირდება ეროზიული პროცესების განვითარების და, შესაბამისად, ამ მიზეზით წყლის სიმღვრივის მატების შესაძლებლობა.“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, კონცხიდან ჭარბი ნატანი მასალის [ქვიშა-ხრეშის] ამოღება და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება [თუმცა, როდის დაიწყება სამუშაოები, ეს სკრინინგის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული]:

„დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ვერ მოახდენს ვიზუალურ-ლანდშაფტურ მდგომარეობაზე, რადგან სამშენებლო სამუშაოები სრულდება საზღვაო ტექნიკის გამოყენებით.“

ვიდრე სკრინინგის პროცედურა მიმდინარეობს, ბათუმის კონცხზე ზღვამ სანაპირო ზოლი უკვე მიიტაცა. შესაბამისად, პლაჟწარმომქმნელი მასალის გარკვეული ნაწილი, დიდი ალბათობით, ბათუმის კანიონში უკვე ჩაიკარგა.

ფოტოებზე, რომლებიც „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის თებერვალში გადაიღო ბათუმის კონცხზე, ნათლად ჩანს, თუ პლაჟის რა ნაწილი წარეცხა ზღვამ 3 თვეში:

ვრცლად ამ თემაზე: როგორ მიიტაცა 3 თვეში ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან სანაპირო

რამდენიმე მონაცემი სკრინინგის ანგარიშიდან, რომლებიც, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადრე ჩატარებულ სხვადასხვა კვლევას ეყრდნობა:

  • „საქართველოს ზღვის სანაპიროს სიგრძე დაახლოებით 315 კმ-ია. ავარიული ნაპირების სიგრძე კი 155 კმ-დან 220 კმ-მდეა გაზრდილი.
  • აჭარის ზღვისპირეთიდან, ბოლო 150 წლის განმავლობაში წაირეცხა დაახლოებით 400 ჰექტარი, აქედან მხოლოდ 1930-80 წლებში დაახლოებით 200 ჰექტარი: გონიო-ბათუმის სანაპიროდან – 40 ჰექტარი, მახინჯაური-ქობულეთიდან – 150 ჰექტარი.
  • მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიმჩნევა ნაპირების წარეცხვის არეალების და ინტენსივობის მასშტაბური პერმანენტული ზრდა. ეს ტენდენცია ვრცელდება ტექტონიკური აწევის სტადიაში მყოფ უბნებზეც.
  • დროის მოკლე, საინჟინრო პერიოდში [25 წ.] პროცესის გააქტიურების ძირითადი მიზეზია სანაპირო ზონაში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებული, ბუნებრივი წონასწორობის პირობებში ანთროპოგენური ფაქტორების რადიკალური ჩარევა.
  • კერძოდ: პორტების მშენებლობა, დიდი მდინარების დარეგულირება ჰესებით, სანაპიროდან ნატანის გატანა და მისი ბუნებრივი პროფილის დაუსაბუთებელი შეცვლა და მრავალი სხვა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: