მთავარი,სიახლეები

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან აქცია მიმდინარეობს

09.04.2025
ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან აქცია მიმდინარეობს

დღეს, ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები მივიდნენ და პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. დილის 8 საათიდან აქ შეიკრიბნენ პროევროპული აქციების მონაწილეებიც.

მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცემენ მემორიალთან მისვლის უფლებას, რადგან „ოცნება“ დღეს ემსახურება ოკუპანტი რუსეთის ინტერსებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველზე გამოსული ადამიანები საბჭოთა ჯარმა სასტიკად დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი დაშავდა და მოიწამლა 2 ათასზე მეტი. 1991 წლის 9 აპრილს კი, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

ბათუმში მემორიალთან ჯერ-ჯერობით არ მისულან „ქართული ოცნების“ ოფიციალური წარმომადგენლები. მემორიალთან ამ დრომდე არ მისულა ბათუმის მერიც.

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მივიდა პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი.

მემორიალთან, დაახლოებით 10:00 საათისთვის სტუდენტები მივიდნენ. ასევე ადგილზე იმყოფება „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიის „პოსტ-ტივის“ ჟურნალისტები, რომლებიც პროვოკაციას შეეცადნენ და მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

9 აპრილის მემორიალთან მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ისევე როგორც 30 წლის წინ, ახლაც მტერი იგივეა – რუსეთი, რომელიც ცდილობს საქართველოსთვის თავისუფლების წართმევას, რის უფლებასაც რუსეთს არ მისცემენ.

„არ დავთმობთ თავისუფლებას“ – აცხადებენ მოქალაქეები. მათი თქმით, „ოცნების“ ხელისუფლება დღეს ცდილობს ქვეყანაში დაამყაროს რუსული დიქტატურა, არ აქვს მორალური უფლება პატივი მიაგოს 9 აპრილის გმირების ხსოვნას.

დღეს 19:00 საათზე ბათუმში ასევე დაგეგმილია მარში. მსვლელობა საკონსტიტუციო სასამართლოდან დაიწყება.

___________________________
ამ თემაზე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: