„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს აკრიტიკებს, რომელიც 16 მაისს, ბათუმში დაესწრო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს. ამის შესახებ კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა 28 მაისს.
ამავე დროს, კობახიძემ ისაუბრა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, როცა გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და გამოირჩევა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროევროპული აქციების ლანძღვით.
„ერთი საინტერესო დეტალია. ბათუმში როცა იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, მასთან მივიდა კონკრეტული მოქალაქე და შეაწუხა, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ რას – რომ ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული.
კაცი ჩავიდა ბათუმში იმისათვის, რომ გაეპრავებინა პოლიციელისთვის ხელის გარტყმა და რომ შეაწუხა ვიღაცამ სიტყვიერად და სული შეუბერა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ამას წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მარიამ ლაშხს და სხვა დეპუტატებს რომ მიუვარდნენ, შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ, მაშინ რატომ არ არის ეს სისხლის სამართლის დანაშაული, რატომ შეიძლება, ჩვენთან მოქმედებდეს ორმაგი სტანდარტი? ფიშერთან მივიდა და სისხლის სამართლის დანაშაულია, ლაშხთან მივიდა და ეს არის გამოჩენილი სამოქალაქო აქტივისტი? რაშია საქმე? პოლიციელზე ხელის გარტყმის, ძალადობის გასამართლებლად ჩავიდა ბათუმში და ვიღაც რომ მივიდა, სიტყვიერად რომ შეაწუხა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული.
ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი? სად არის გერმანია, სად არის აქ სამართლიანობა? სად არის ის, რასაც მე ვსწავლობდი 20 წლის წინ გერმანიაში? საერთოდ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რაც მართლა შემაშფოთებელია, ტენდენციაც არის შემაშფოთებელი, აღარ არსებობს არაფერი წმინდა, რასაც ჰქვია სამართლებრივი პრინციპები, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ყველაფერს აქვს ხაზი გადასმული“ – თქვა კობახიძემ.
„ოცნების“ პრემიერის კრიტიკის სამიზნე არა მხოლოდ ელჩი, არამედ გერმანიაც გახდა. კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანიაში სწავლობდა სამი წელი და „ფეხზე ჰკიდიათ“ ადამიანის უფლებები.
„გერმანიაში ვსწავლობდი სამი წელი და რასაც მასწავლიდნენ, საერთოდ არ აინტერესებთ, ფეხზე ჰკიდიათ სამართლებრივი პრინციპები, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საერთოდ არ აინტერესებთ, ხაზი აქვთ გადასმული ყველაფერზე, ეს არის დღევანდელი ტრაგიკული მდგომარეობა მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში, რადგან „დიფ სთეითი“ არის, რომელსაც არ აქვს არავითარი პრინციპები“ – თქვა კობახიძემ.
აქამდე კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ განათლება გერმანიაში, დიუსელდორფში ჰქონდა მიღებული. 2020 წლის არჩევნებზე მან საკუთარი თავის წარდგენისას თქვა, რომ არის „დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ოცნების“ ლიდერები გერმანიის ხელისუფლებას და ელჩ პიტერ ფიშერს აკრიტიკებენ.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ევროპის ქვეყნების ლიდერებმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცეს და დაგმეს „საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია:
„ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ის შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ გზასთან“ – ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის 3 მარტს, როცა კანცლერი ოლაფ შოლცი იყო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს და განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
მაშინ კობახიძემ განაცხადა, რომ „გერმანიას ვერ ცნობს“.
„საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო 35 წლის განმავლობაში. ასეთი ცუდი ურთიერთობა გერმანიასთან არასდროს არ გვქონია“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა ბუნდესტაგში – მიხეილ სარჯველაძემ გერმანიის არჩევნების შემდეგ, 2025 წლის მარტში.
2025 წლის 24 მარტს გერმანიამ სანქციები დაუწესა ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი.
ამავე თემაზე:
„ეს ნიშნავს, რომ გერმანიას მოთმინების ფიალა აევსო“ – ინტერვიუ ბუნდესტაგის ქართველ მრჩეველთან






