მთავარი,სიახლეები

„თუ გაიწელა ეს პროცესი, მეტი დანაკარგებით მოგვიწევს გამოსვლა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

26.05.2025 •
„თუ გაიწელა ეს პროცესი, მეტი დანაკარგებით მოგვიწევს გამოსვლა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ყველა მეგობარი „ქართულმა ოცნებამ“ მოიმდურა. არათუ მოიმდურა, არამედ პრაქტიკულად ერთ დონეზე დააყენა ოკუპანტ ქვეყანასთან… ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, ჩვენი რეალური მეგობრებისგან სრულიად „დამოუკიდებლები“ ვართ,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რეალურად როგორ უქმნის „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას.

„ჩვენ არათუ სუსტი, არამედ ფორმალური დემოკრატია ვართ. სერიოზული ნიშნებია იმის, რომ ეს ავტოკრატიაში გადადის და ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის დემოკრატიას მხოლოდ ნიღბის ფორმა აქვს. ნიღბის, რომელსაც გარკვეულ მომენტში მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ მთლად მარიონეტი არ ვართ და რაღაც ლეგიტიმურობა გაგვაჩნია,“- მიიჩნევს ლაშა ძებისაშვილი.

„ბათუმელებმა“ ლაშა ძებისაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია.

  • ბატონო ლაშა, დღეს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღეს არისო. თქვენთვის როგორ ჟღერს ეს განაცხადი დღევანდელ კონტექსტში? 

ამ განცხადებას შეიძლება იუმორითაც მივუდგეთ და სერიოზულადაც. თუ იუმორით მივუდგებით: ნამდვილად „დამოუკიდებლები“ ვართ – პრაქტიკულად არავინ გვყავს მეგობარი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების კონტექსტში, საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, მზად არის ჩვენთვის დახმარების აღმოსაჩენად.

საუბარია დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს დახმარებას გვიწევდნენ უსაფრთხოების, ტექნიკა-აღჭურვილობის, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით.

ყველა ეს მეგობარი „ქართულმა ოცნებამ“ მოიმდურა. არათუ მოიმდურა, არამედ პრაქტიკულად ერთ დონეზე დააყენა ოკუპანტ ქვეყანასთან. ხშირ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ოკუპანტი ქვეყანა პირიქით, კარგ შუქზე გამოჰყავს ხოლმე. ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ,  ჩვენი რეალური მეგობრებისგან სრულიად „დამოუკიდებლები“ ვართ.

ეს იუმორით.

ცოტა სერიოზულად თუ შევხედავთ, „ქართული ოცნება“ შეიძლება გულისხმობს იმას, რომ მას აბსოლუტურად არაფერი აინტერესებს მსოფლიოში, თავისთვის, ცალკე დგას, რომ ეს აბსოლუტურად ნეიტრალობისკენ მიმავალი ქვეყანაა.

  • ნიშნავს ეს პირდაპირ საფრთხის შექმნას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, როცა მეგობრების გარეშე რჩები აგრესორი რუსეთის პირისპირ? 

რა თქმა უნდა. ეს რეალობა ძალიან მწარეა, მით უფრო დღევანდელ მსოფლიოში, სადაც დასრულდა ილუზიები კეთილ სურვილებსა და იმაზე, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით შეიძლება აგვარებდნენ სახელმწიფოები ურთიერთობებს ერთმანეთს შორის. გამოჩნდა, რომ სამხედრო ძალა და სამხედრო რესურსი არის მთავარი ბერკეტი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში.

  • გამოჩნდა ისიც, რომ ნეიტრალიტეტის იდეა აბსურდია და ამ დროს რუსეთისთვის კიდევ უფრო მარტივად ხელში ჩასაგდები ხდები? 

ნეიტრალიტეტის თემა მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც ნეიტრალიტეტს აღირებს შენს გარშემო მყოფი სახელმწიფოები, ოღონდ ისე კი არ აღირებს, მეორე დღეს რომ თავს გესხმის – გაღიარებს და ნეიტრალიტეტის დამცველი მექანიზმებიც არსებობს. საქართველოში კი, არც ერთი არსებობს და არც მეორე.

შესაბამისად, ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის მხოლოდ ფარატინა ქაღალდია – ტყუილი.

ჩვენს გარშემო სახელმწიფო საკითხებს წყვეტენ სამხედრო ძალით და საქართველო ყველაზე სუსტი წერტილია, როგორც სამხედრო, ისე ფინანსურ-ეკონომიკური, ადამიანური თვალსაზრისით რეგიონში, სომხეთს თუ არ შევედრებით, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით სომხეთი საგრძნობლად გვჯობნის.

ამ ვითარებაში ჩვენ ვამბობთ, რომ მარტო უნდა ვიყოთ, მეგობრებს ვიმდურებთ და ვდისტანცირდებით.

  • დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთ-ერთი პირობა ძლიერი და დემოკრატიული მოკავშირეების ყოლაა? 

ცხადია ასეა, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, რაშიც ახლა ვიმყოფებით. დემოკრატიის არარსებობას საქართველოში პირდაპირ უკავშირდება დასავლეთის ინტერესის გაქრობას საქართველოს მიმართ. ეს ნიშნავს დასავლეთის მხარდაჭერის გაქრობას საქართველოს მიმართ. თვისებრივად, რამდენჯერმე იზრდება საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ფორმალურად შეიძლება საქართველო იყოს დამოუკიდებელი, როგორც გარკვეული ტერიტორიული წარმონაქმნი, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს – საქართველოს კავშირიდან გამოყოფის უფლებაც კი ჰქონდა, მაგრამ ეს კავშირი არ წარმოადგენდა დემოკრატიულ კონფედერაციას. ამაზე საუბარი აბსურდიც კია.

  • გაზრდილი საფრთხეების პირობებში „ოცნების“ ხელისუფლება აუქმებს, მაგალითად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონს, რომელიც ამერიკელებთან თანამშრომლებით შეიქმნა. მსგავსი გადაწყვეტილებები რას აჩვენებს თქვენთვის?

ჯერ კიდევ არ ვიცით, „ოცნება“ არ საუბრობს დეტალებზე: რამდენად შეიზღუდება სამხედრო ბაზის ფუნქციონირება, კონკრეტული ელემენტები გაქრება თუ არა, თუ მთლიანად ბაზა უნდა გაუქმდეს, თუმცა როცა სამხედრო თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, მკაფიოდ ჩანს, რამდენად შემცირებული და შეკვეცილია თანამშრომლობის სპექტრი ჩვენს პარტნიორებთან იქნება ეს ნატოს, თუ ევროკავშირის ფარგლებში.

  • „ოცნება“ ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ, არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს ამბებშიო… 

რეალურად ვერცერთი სახელმწიფო მსოფლიოში ვერ იღებს სრულიად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, რეგიონული და გლობალური ძალის მქონე სახელმწიფოები – ისინი არ იღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს კონსულტაციების გარეშე.

ასე რომ, „ოცნების“ ეს განცხადება, რომ თითქოს დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, თეორიულადაც კი, აბსურდია, მით უმეტეს ქართული პოლიტიკური და გეო-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს განცხადებები არის მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

  • როგორ უქმნის საფრთხეს დემოკრატიის დასუსტება დამოუკიდებლობას? 

„ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, ან არ უნდა გაიგოს, რას ნიშნავს სუვერენიტეტი. ყველაზე ტრაფარეტული განმარტება რომ ავიღოთ, სუვერენიტეტი არის სახელმწიფოს უნარი – ნება და რესურსი – მიიღოს გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„ქართული ოცნება“ არ იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე – საქართველოში პრაქტიკულად დემოკრატიამ დაასრულა არსებობა და ლეგიტიმურობა, რასაც სახელმწიფოს და ხელისუფლებას ანიჭებს ხალხი, მომსპარია ეს მექანიზმი. შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ იქნება სუვერენული.

  • არსებობს საფრთხე, რომ ფორმალურ დონეზე გვქონდეს დამოუკიდებლობა, როგორც, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაშია? 

რა თქმა უნდა. ეს საფრთხე უფრო და უფრო იზრდება. ერთია, რომ ჩვენ ვართ ისეთ გეოპოლიტიკურ არეალში, სადაც ჩვენს გარშემო მყოფი ქვეყნებიდან დემოკრატიული გავლენა ვერ ვრცელდება. ჩვენ გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მეორეს მხრივ კი, არსებობს საფრთხე ძლიერი ქვეყნიდან, ამ შემთხვევაში – რუსეთიდან, რომელიც სუსტ ქვეყანაში მარიონეტულ რეჟიმს ამყარებს. მარიონეტული რეჟიმისთვის დემოკრატია არაა მნიშვნელოვანი, პირიქით – დემოკრატია მსგავს რეჟიმების წასვლას შესაძლებელს ხდის.

ამიტომაც, ჩვენ არათუ სუსტი, არამედ ფორმალური დემოკრატია ვართ. სერიოზული ნიშნებია იმის, რომ ეს ავტოკრატიაში გადადის და ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის დემოკრატიას მხოლოდ ნიღბის ფორმა აქვს, ნიღბის, რომელსაც გარკვეულ მომენტში მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ მთლად მარიონეტი არ ვართ და რაღაც ლეგიტიმურობა გაგვაჩნია.

ახლა ეს წარმოადგენს „ოცნების“ ამოცანას, რომ დემოკრატიული სისტემა, როგორც მთავარი ელემენტი, საერთოდ გაქრეს. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგება.

  • რა შეგვიძლია მოქალაქეებს ამ პროცესში დამოუკიდებლობის და შესაბამისად ამ ქვეყნის გადასარჩენად? 

ეს ძალიან რთული პროცესია – დამოუკიდებლობის შენარჩუნება ავტორიტარიზმთან ბრძოლის კონტექსტში.

დღეს საქართველოში არსებული სიტუაცია არ ჰგავს შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როცა სახელმწიფო პრაქტიკულად ქაღალდზე არსებობდა მხოლოდ. სააკაშვილის დროს კი, მიუხედავად ავტორიტარული ნიშნებისა, იგრძნობოდა ანგარიშვალდებულება დასავლელი მეგობრების წინაშე. ახლა უკვე უფრო ღრმად შევედით ავტორიტარიზმის განვითარებაში, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.

წინააღმდეგობა, ჩემი აზრით, მოიცავს, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ჯგუფების ძალიან სწრაფ კონსოლიდირებას და გაერთიანებას ერთი ქოლგის ქვეშ. ეს მოითხოვს პოლიტიკური სისტემის გონზე მოსვლას. საუბარია პოლიტიკურ პარტიებზე – შეძლებენ თუ არა საზოგადოებას შორის დანგრეული ხიდის აღდგენას. ეს შესაძლებელია, თუ პოლიტიკურმა პარტიებმა სწორი ქმედებები დაიწყეს და კოორდინაცია შეძლეს, სწორი მესიჯებითა და მიზნებით დაიწყეს მოქმედება. ნდობის აღდგენის შემთხვევაში კი, შესაძლებელი გახდება საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ისევ ერთმანეთთან დაკავშირება.

თუ ეს ვერ მოხდება, პოლიტიკური პარტიები მოკლე ხანში გადავლენ პოლიტიკური სცენიდან და საზოგადოებას მოუწევს თავისი სიღრმიდან ალტერნატიული პოლიტიკური ლიდერების გამოკვეთა.

თუ გავიჭედეთ და გაიწელა ეს პროცესი, ავტორიტარული რეჟიმი კიდევ უფრო მეტად გადმოვა შეტევაზე – ვხედავთ, რომ საზოგადოების ყველა ფენას რეპრესიული მექანიზმებით სჯიან. თუ გაიწელა ეს პროცესი, გაცილებით გაგვიჭირდება და მეტი დანაკარგებით მოგვიწევს ამ სიტუაციიდან გამოსვლა.

ამიტომაც, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს კონსოლიდაცია საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს შორის.

რეალურად ანტიქართული პოლიტიკის გატარება ხდება „ქართული ოცნების“ პირობებში ნებისმიერი მიმართულებით, პოლიტიკა იქნება, კულტურა თუ ეკონომიკა – მნიშვნელოვანია ამის დროულად გაცნობიერება.

ყველა მიმართულებით ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი ხდება ისეთი, რაც საქართველოს ეროვნულ, ანუ ქართულ ინტერესებს ემსახურება. ანტიქართული პოლიტიკა ხორციელდება, რომლის შედეგადაც წლიდან – წლამდე ასეულობით ათასი ქართველი იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს და ქართველების ჩანაცვლება ხდება უცხოელებით საქართველოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: