ბათუმის კონცხთან პლაჟზე რისკების შესამცირებლად აჭარის მთავრობას აქ დაგროვილი ჭარბი მასალა უნდა გაეტანა, თუმცა ვიდრე მთავრობა შესაბამის დოკუმენტაციას გარემოს სააგენტოსთან ათანხმებდა, ჭარბი მასალა, მთავრობისვე ინფორმაციით, შტორმის დროს სიღრმისკენ „დაცურდა“ და კონცხი „ბუნებრივად განიტვირთა“.
43 000 კუბური მეტრი ჭარბი მასალა ბათუმის კონცხზე სახიფათო იყო, ვინაიდან მის ჩაზვავებას წყალქვეშა კანიონში შესაძლოა პლაჟის მოწყვეტაც გამოეწვია. იმის მიხედვით, თუ როდის და რა პერიოდში მოხდებოდა ეს, იყო ალბათობა, რომ მას კატასტროფული შედეგიც კი მოჰყოლოდა.
ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.
სწორედ ამ მასშტაბის შესაძლო კატასტროფის თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო კონცხის განტვირთვა ჭარბი ნატანისგან. ამ ნატანის მახინჯაურში, სანაპირო ზოლში ჩაყრით კი, აქ ხელოვნურად აღდგებოდა/გაფართოვდებოდა პლაჟი.
ბათუმის კონცხი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია ბათუმის სანაპირო ზოლში სადაც, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.
ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან, 2023 წლის მონაცემებით, ჯამში 43 000 კუბური მეტრი ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] იყო ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას, წინასწარი გათვლებით, 3,5 მილიონი ლარი სჭირდებოდა. თანხა აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, თუმცა აჭარის მთავრობის ინფორმაციით სამუშაოები არ ჩატარებულა, ვინაიდან ბათუმის კონცხი ჭარბი ნატანისგან, როგორც მთავრობა აცხადებს, „ბუნებრივად განიტვირთა“.
„2024 წლის შემოდგომა-ზამთრის შტორმებიდან გამომდინარე მოხდა ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის გადაღრმავება. ამდენად, პროექტით გათვალისწინებული ფერდობის ხელოვნურად განტვირთვის პროცესი შტორმის პერიოდში მოხდა ბუნებრივად, კრიტიკული აკუმულირებული მასალის სიღრმისაკენ დაცურვით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის შესწავლის, ჭარბი აკუმულაციის უბნების გამოვლენისა და მოსალოდნელი რისკების შემცირების მიზნით სათანადო კვლევის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები კარგავს თავის აქტუალურობას და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება ამ ეტაპზე აღარ იყო საჭირო.“ – წერს აჭარის მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, რომელიც უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.
ჭარბი მასალის არამოღებით ეს მასალა უბრალოდ ზღვაში დაიკარგა, არადა ის მნიშვნელოვანი რესურსი იქნებოდა მახინჯაურის პლაჟის ხელოვნური კვებისთვის.
ვრცლად: საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ
ბათუმის კონცხთან რომ პლაჟი სახიფათო იყო, შესაბამისი კვლევებით 2023 წელში დადასტურდა. ამ კვლევებზე დაყრდნობით გადაწყდა კონცხის ხელოვნურად განტვირთვაც.
ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღებისა და მახინჯაურის სანაპიროსთან ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ სააგენტოს 2023 წლის ოქტომბერში მიმართა, თუმცა საქმის წარმოება იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“. ამის შემდეგ ხელახლა წარდგენილი განცხადება კი სააგენტომ დაახარვეზა. საბოლოოდ, პროექტი აღარ განხორციელდა.
რაზე დაყრდნობით წერს მთავრობა ბიუჯეტის ანგარიშში, რომ ბათუმის კონცხი ჭარბი ნატანისგან „ბუნებრივად განიტვირთა“? ჩატარდა თუ არა შესაბამისი კვლევა? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ გარემოს სამმართველოს დაუკავშირდა. პასუხს, მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ამ თემაზე: