მთავარი,სიახლეები

„ეს ნიშნავს, რომ გერმანიას მოთმინების ფიალა აევსო“ – ინტერვიუ ბუნდესტაგის ქართველ მრჩეველთან

26.03.2025 •
„ეს ნიშნავს, რომ გერმანიას მოთმინების ფიალა აევსო“ – ინტერვიუ ბუნდესტაგის ქართველ მრჩეველთან

„თუ ვივარაუდებთ, რომ ფრიდრიხ მერცი გახდება გერმანიის ახალი კანცლერი, მეეჭვება, რომ „ოცნებამ“ შეძლოს მასთან საერთო ენის გამონახვა. მერცი პრინციპული პოლიტიკოსია, ის განსაკუთრებით უჭერს მხარს უკრაინას და მგონია, რომ რეჟიმი, რომელიც რეალურად რუსეთის მხარესაა და უკრაინის წინააღმდეგ, მერცთან საერთო ენას ვერ გამოძებნის,“ – მიიჩნევს ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი მიხეილ სარჯველაძე.

2025 წლის 24 მარტს გერმანიამ სანქციები დაუწესა ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი.

რა იცვლება „ოცნების“ წარმომადგენლების დასანქცირებით გერმანია -საქართველოს ურთიერთობაში? – „ბათუმელებმა“ ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის მრჩეველთან, მიხეილ სარჯველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო მიხეილ, გერმანიამ სანქციები დაუწესა ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი. რას ნიშნავს ამ ტიპის სანქციების დაწესება გერმანიის მხრიდან, რა იცვლება ამით

ეს არის სანქციების მეორე ტალღა, რომელიც გერმანიამ დაუწესა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ შორის, მაღალჩინოსნებს.

მოგეხსენებათ, გერმანიამ პირველი სანქციები დააწესა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. სანქციების მეორე ნაკადის შემთხვევაში არ ვიცით, ვინ დასანქცირდნენ, რადგან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს ხოლმე სახელებსა და გვარებს. ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს და არ არის გამორიცხული, სანქციები „ქართული ოცნების” მთავრობის წარმომადგენლებზეც ვრცელდებოდეს.

ეს ნიშნავს წნეხის კიდევ გაძლიერებას „ქართულ ოცნებაზე“ გერმანიის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ, რომელსაც ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს.

ეს ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლებაა გერმანიაში, ვიდრე არ ჩამოყალიბდება ახალი ხელისუფლება. სავარაუდოდ უახლოეს ხანში მოხდება ახალი სამთავრობო კოალიციის დაკომპლექტება და მერე უკვე ვნახავთ, თუ რა კურსს აირჩევს გერმანიის ახალი მთავრობა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით.

მსგავსი სანქციების დაწესების შემთხვევაში ძირითადი ორგანიზატორი, შინაარსობრივად თუ ტექნიკურად, როგორც წესი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროა, რომელსაც „მწვანეთა“ წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ,,მწვანეები” ახალ ხელისუფლებაში არ იქნებიან, თუმცა ახალ მთავრობაში წამყვანი ძალა კავშირი იქნება, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ პარტიებისგან შედგება.

მე მგონია, რომ სანქციების პოლიტიკა არ შეწყდება. პირიქით, წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებისა და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი ქმედებების გამო, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გაიზრდება.

  • წნეხი ახსენეთ. თქვენი დაკვირვებით, რა სახის წნეხია სანქციაქართული ოცნებისთვისევროპის ერთერთი ლიდერი ქვეყნისგან

ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე გარდამტეხი ცვლილების გამოწვევა ამ შედარებით მცირე განზომილების სანქციებს არ შეუძლია. თუმცა ის უქმნის დისკომფორტს „ქართულ ოცნებას“ და ამით მიზანს აღწევს.

მსგავსი ტიპის სანქციები, რომელიც ვიწრო ჯგუფით შემოიფარგლება, მგონია, რომ რეჟიმის ქმედითუნარიანობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს. ამიტომ საჭიროა სანქციების გაფართოება და სხვა ევროპული ქვეყნების გააქტიურება ამ მიმართულებით.

თუმცა არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ სანქციებს შეუძლია „ქართული ოცნების“ ავტორიტარული კურსის შეჩერება.

  • დასანქცირების შემდეგ რამდენად რჩებაოცნებისანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას რესურსი, გამონახოს საერთო ენა მერცის ახალ მთავრობასთან

ვხედავთ, რომ რეალურად გერმანია-საქართველოს ურთიერთობა ბოლო 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მას შემდეგ, რაც გერმანია გაერთიანდა, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ მსგავსი ცუდი ურთიერთობა გერმანიასა და საქართველოს შორის პოლიტიკურ დონეზე არ ყოფილა.

„ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ელჩი გერმანიაში გასული წლის ოქტომბრიდან. როცა ქვეყანას არ ჰყავს ელჩი ევროკავშირის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს უკვე ქვეყნის იზოლაციისა და ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების სიმპტომია.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ ურთიერთობების დალაგების გარკვეული, თუმცა მცდარი მოლოდინები გაუჩნდა, როცა გასული წლის შემოდგომაზე გერმანია პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა და სამთავრობო კოალიცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს.

„ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ გერმანიის ახალ ხელისუფლებასთან გააუმჯობესოს ურთიერთობები. მე მგონია, რომ ამას ისინი ვერ შეძლებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო – „ქართული ოცნება“ არ არის მზად წავიდეს დათმობაზე და შეწყვიტოს ავტორიტარული პოლიტიკის გატარება, რადგან ამ შემთხვევაში პარტიას ძალაუფლების დათმობაც მოუწევს. შესაბამისად, თუ „ქართული ოცნება“ დათმობებზე არ წავა, არ შეიცვლება გერმანიის პოზიცია.

თუ ვივარაუდებთ, რომ ფრიდრიხ მერცი გახდება გერმანიის ახალი კანცლერი, მეეჭვება, რომ „ოცნებამ“ შეძლოს მასთან საერთო ენის გამონახვა. მერცი პრინციპული პოლიტიკოსია, ის განსაკუთრებით უჭერს მხარს უკრაინას და მგონია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც რეალურად რუსეთის მხარესაა და უკრაინის წინააღმდეგ, გერმანიის ახალ კანცლერთან საერთო ენას ვერ გამოძებნის.

  • გერმანიას ვეღარ ვცნობთო – რამდენიმე დღის წინ თქვა ირაკლი კობახიძემ, როცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს მსგავსი რიტორიკითოცნებისპრემიერი

როგორც იცით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა – გერმანიის ელჩზე საქართველოში ხშირია ვერბალური თავდასხმა: მაგალითად, კალაძემ მას მავნებელი უწოდა. გერმანია „ოცნებამ“ ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ თითქოს ის ჩართულია „დიპ სთეითის“ და გლობალური ომის პარტიაში, ანუ „ქართული ოცნების“ წარმოსახვასა და პროპაგანდაში არსებულ ანტიქართულ ალიანსში.

ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მცდელობა, როცა გერმანია აქტიურად უჭერდა და უჭერს მხარს დემოკრატიულ პროტესტს საქართველოში და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, გერმანია წარმოეჩინა, როგორც გლობალური შეთქმულების ნაწილი. ასე „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის მშვიდობის გარანტად პოზიციონირებას და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საბოტაჟს ცდილობდა, რაც ამ ეტაპზე შეძლო კიდეც.

  • როგორ აისახება ეს პროცესი ხალხზე? უკვე შეაჩერა გერმანიამ, მაგალითად, სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამეცნიერო პროგრამები…

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები და რიტორიკა, ცხადია, ნეგატიურად აისახა საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე. თქვენთან წინა ინტერვიუში ვისაუბრე იმაზეც, რომ გერმანიამ შეაჩერა 237 მილიონის ოდენობის პროექტები, გერმანიის განათლების სამინისტრომ კი, ფაქტობრივად, შეწყვიტა თანამშრომლობა საქართველოს განათლების სამინისტროსთან. ბუნებრივია, მსგავსი პროცესები ხელს შეუშლის ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება გერმანიაში.

ამ დროს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები კულტურის და განათლების სფეროში ყოველთვის ყველაზე თვალსაჩინო და აქტიური იყო. შესაბამისად, თანამშრომლობები უნივერსიტეტებს შორის შეჩერდება. ქართულ განათლების სექტორს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, წვდომა გაურთულდებათ გერმანიის განათლების სისტემასა და სტიპენდიებზე.

რაც შეხება პოლიტიკურ ურთიერთობას, ჩვენ ვხედავთ ერთგვარ „ხელის არ ჩამორთმევის პოლიტიკას“. ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნება ხდება მინიმალურ დონეზე, ფორმალურად, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ გერმანია ამ პროცესში, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას უჭერს მხარს, იმ ადამიანებს, რომლებიც ავტორიტარიზმს არ ეგუებიან.

  • თუოცნებაჩამოიშორებს ამ დასანქცირებულ პირებს, შეიძლება მან თავი დააღწიოს იზოლაციას

არ მგონია, „ოცნებამ“ დასაჯოს საკუთარი გუნდის რომელიმე სანქცირებული წევრი. ასე რომ მოხდეს, ფაქტობრივად, ამით რეჟიმი აღიარებს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის, წამყვან პოზიციებზე მყოფი პირები, დემოკრატიას ზიანს აყენებდნენ მმართველი გუნდის დავალებით.

თეორიულად თუ დავუშვებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ წავა გარკვეულ დათმობაზე, რასაც ითხოვს ოპოზიცია, იგივე რიგგარეშე არჩევნები, რომლის ჩატარებაც, ჩემი აზრით, არსებულ პირობებში არაფრის მომტანია, მაშინ გერმანიის პოზიცია დიდი ალბათობით შეიცვლება. თუმცა ვფიქრობ, რომ როგორც ანტიდემოკრატიული ძალა, „ქართული ოცნება“ ფიზიკურად ვერ წავა დათმობებზე, რადგან ის ამით საკუთარ სისუსტეს აღიარებს. სწორედ ამის გამო არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ გერმანიის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მთავრობასთან მიმართებით შეიცვლება.

  • თქვენ აღნიშნეთ, გერმანია ქართველ ხალხს უჭერს მხარსო. როგორ გამოდისოცნებისწარმომადგენლების დასანქცირება ხალხის მხარდაჭერა

გერმანია გამოირჩევა ფრთხილი საგარეო პოლიტიკით. სანქციები არის იმის გამოხატულება, რომ რეალურად გერმანიას მოთმინების ფიალა აევსო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით.

განცხადებებით, რომლებსაც გერმანიის მოქმედი ხელისუფლების თუ პარლამენტის წარმომადგენლები აკეთებენ, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი თუ ცალკეული პარლამენტარები სხვადასხვა კომიტეტიდან, ისინი მკაფიოდ აცხადებენ, რომ გერმანია ქართველი ხალხის მხარეს დგას და ამით ყველაფერია ნათქვამი.

გერმანია ცალსახად მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს და არა „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ პოლიტიკას.

მსგავსი მკაფიო განცხადებები კი, პირდაპირი მხარდაჭერაა იმ ადამიანების, რომლებიც უკვე თვეებია „ქართული ოცნების“ რეჟიმს აპროტესტებენ.

გერმანიამ შეაჩერა პროექტები განვითარების პოლიტიკის მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზეც აისახება, თუმცა ეს არის ნიშანი, რომ გერმანიის მთავრობა არ აპირებს გააგრძელოს თანამშრომლობა ავტორიტარულ რეჟიმთან სრული სვლით.

მეორე მხრივ, გერმანიას ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დაუყენებია უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოსთვის, რადგან ბერლინს არ სურს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო საქართველოს მოსახლეობას მიაყენოს ზიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: