მთავარი,სიახლეები

„სასამართლოში არ მივალ, მათ სხვა ადგილზე დაველოდები“ – ნიკა მელია თავის დაკავებაზე

24.05.2025 •
„სასამართლოში არ მივალ, მათ სხვა ადგილზე დაველოდები“ – ნიკა მელია თავის დაკავებაზე

„ისინი ქარაფშუტულად ვარაუდობდნენ, რომ გამოვცხადდებოდით ამ კომისიაზე და ჩვენთვის ეს ღირსების აყრის ტოლფასი იქნებოდა“, – ამბობს პარტია „ახლის“ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა გადახდას არ აპირებს.

22 მაისს ამავე ბრალდებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს სასამართლოში.

ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას არ აპირებს. „მათ სხვა ადგილზე დაველოდები“, – ამბობს ის.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროტესტი, თუკი ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს დააკავებენ? – ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“.

  • ბატონო ნიკა, 29 მაისს სასამართლოში ხართ დაბარებული გირაოს გადაუხდელობის საქმეზე. თქვენ თქვით, რომ არ აპირებთ სასამართლოში მისვლას, რატომ და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

ზურა გირჩი ჯაფარიძის ე.წ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დავინახე, რამდენად აბუჩად აიგდეს იქ მისული გულშემატკივრები, არ შეუშვეს არც ეზოში, არც შენობაში. არ შეუშვეს არც საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დარბაზში რაც ხდებოდა, ეს ჩემზე კარგად იხილეთ. აქედან გამომდინარე, იქვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ მინდა ეს ხალხი გაწვალდეს 29 მაისს.

ნამდვილად არ ღირს, რომ 4-5 საათი ქუჩაში ელოდო წინასწარპროგნოზირებად გადაწყვეტილებას.

ამიტომ გადავწყვიტე არ დავესწრო სასამართლოს. სად ვიქნები ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, მაგრამ უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდები.

დაველოდები სხვა სივრცეში, გეოგრაფიულად სხვა ადგილზე.

  • ელოდებით დაკავებას იმავე დღეს?

29 მაისს გასდის ჩემთვის დაკისრებულ გირაოს გადახდას ვადა. ღამის 12 საათამდე მაქვს დრო, წესით და რიგით. გაცხადებული მაქვს და ცნობილია, რომ არ გადავიხდი გირაოს და არც სამი წლის წინ გადავიხადე.

ისინი ალბათ ჩათვლიან, რომ ჩემი არგამოცხადების შემთხვევაში (მათი გადმოსახედიდან), გირაოს პირობები დავარღვიე და რას მოიფიქრებენ ღმერთმა უწყის, მაგრამ მე უფრო მინდა ვიფიქრო იმაზე, ჩვენ რას გავაკეთებთ.

ვფიქრობ, ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, მორალურად, პოლიტიკურად, სამართლებრივადაც არის გამართლებული, რომ არ მიიღო ივანიშვილის ძალიან ბინძური თამაშის წესები. მორალური უპირატესობით ამ ბრძოლაში ყოფნა, მე პირადად, ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია.

წულუკიანს, უბრალოდ, სურვილი გაუჩნდა, აიღო ტელეფონი და დამიბარა. არ მივიღე მე ეს უსამართლო გამოძახება არალეგიტიმურ პარლამენტში და ამის გამო თუ ციხეში უნდა წავიდეს ხალხი, ვფიქრობ, ეს მხოლოდ გააძლიერებს პროტესტს, რომელშიც ვიმყოფებით თვეებია. ასევე გაზრდის ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას. ამაში ვარ დარწმუნებული.

ყასიდადაც ვერ იმართლებს თავს რეჟიმი, შეუძლებელია.

ეს ჩვენი მორალური, პოლიტიკური ვალდებულებაა, რადგან 50-ზე მეტი უკანონო პატიმარია და თითოეულ მათგანს თავისუფლად შეუძლია გირაოს გადახდის პირობებში გამოვიდეს იქიდან… თუ ისინი ითანამშრომლებენ „ოცნების“ ხელისუფლებასთან.

მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მე, პირადად, მოსმენილი მაქვს განცხადება „ოცნების“ მხრიდან, რომ „სულ ოდნავ მაინც მოინანიოს“. იგივე თქვეს სხვა სინდისის პატიმრებთან დაკავშირებითაც, მდინარაძის განცხადება მახსოვს, რომ „მოინანიოს და მე ჩავუდგები თავდებში“.

რა თქმა უნდა. როცა რეჟიმთან ხარ დაპირისპირებული, მორალურად თუ გატყდი, კომპრომისზე წახვედი, შენი მთავარი ძალა დაასუსტე. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ყველა ტიპის ორთაბრძოლას წააგებ.

  • როგორ ფიქრობთ, რა ნიშნით არჩევს წულუკიანი, ვინ უნდა დაიბაროს ე.წ. კომისიაზე. რატომ ჯაფარიძე ან თქვენ და არა ვთქვათ ის პირები, ვისაც შესაძლოა უფრო მაღალი თანამდებობა ეკავა წინა ხელისუფლების დროს?

ვერ გეტყვით. ალბათ იქიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, ვინც მიმდინარე პროცესშია აქტიური, ან მომავალში მეტი რესურსი აქვს აქტიურობის.

წარმოუდგენელია, ზურასთან ან ჩემთან დაკავშირებითაც, რადგან 2013 წლიდან გავხდი ოპოზიციური პარტიის წევრი (შევედი ენმ-ში). როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს დაურეკო, დაიბარო და დაუპირო გამოკითხვა 2004-2012 წლებთან დაკავშირებით.

ეს აბსურდია.

როგორც ჩანს, წულუკიანი ძალიან გაერთო და გადაამლაშა ამ სატელეფონო ზარებით, რადგან თუ დააკვირდებით, ბოლო დროს ისეთს არავის აღარ იბარებენ, ვინც შეიძლება თეორიულადაც კი უარი თქვას კომისიასთან გამოცხადებაზე.

მჯერა, რომ გზადაგზა იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. როცა, მაგალითად, მე 2021 წელს უკვე დაკისრებულ გირაოზე მეორე გირაო დამაკისრეს და როცა ვთქვი, რომ გირაოს არ გადავიხდიდი, გზადაგზა ფიქრობდნენ რა გაეკეთებინათ და მერე მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცნენ. აქაც გზადაგზა მიიღეს გადაწყვეტილება.

უბრალოდ, ისინი ქარაფშუტულად ვარაუდობდნენ, რომ გამოვცხადდებოდით და ჩვენთვის ეს ღირსების აყრის ტოლფასი იქნებოდა.

ალბათ ჩათვალეს, რომ დილემის წინაშე მდგომი სხვადასხვა ადამიანი მაინც თავისუფლებას არჩევდა და გამოცხადდებოდა წულუკიანთან აბსოლუტურად არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმურ კომისიაზე.

ასევე ჰქონდათ ბანალური მოტივაცია, რომ ჩვენი იქ მისვლით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მათი ლეგიტიმაცია მოხდებოდა, მაშინ, როცა დემოკრატიულმა მსოფლიომ ისინი არ აღიარა და ეს არის ფაქტი.

ამიტომ, რაღაც ხომ უნდა აკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, რადგან 26 ოქტომბერს, ვინც თუნდაც გულწრფელად მისცა მათ ხმა, 7-თვიანი კრიზისისთვის და 50-ზე მეტი პოლიტპატიმრისთვის ხომ არ მიუციათ ხმა? არც „ოცნებაა“ კომფორტულ მდგომარეობაში მათი ამომრჩევლის წინაშე – მათი ამომრჩევლის ნახევარი დასავლურად არის განწყობილი.

ისინი რატომღაც ისევ ელიან, რომ აშშ-სთან ურთიერთობა დარეგულირდება – ივანიშვილმა, კობახიძემ და სხვებმა უთხრეს, რომ დაარეგულირებენ.

მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო რწმუნდება ბევრი, რომ ეს ფუჭი იმედია. შესაბამისად, რაღაც ხომ უნდა აკეთოს „ოცნებამ“, როცა თითქმის 200 დღეა უწყვეტი პროტესტია.

  • რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობიდან მოყოლებული საზოგადოება მათ ადანაშაულებდა სამშობლოს ინტერესების ღალატში და ძალიან ხშირად ესმოდათ მათ სიტყვა „მოღალატე“. როგორც ფიქრობთ, აქედან ყურადღების გადატანას ხომ არ ემსახურება ეს კომისია და რამდენად ახერხებენ ამას?

ისინი ცდილობენ, პოლიტიკური დღის წესრიგი არ იყოს პროტესტის ხელში, რადგან ქვეყანაში დღის წესრიგი არის რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის ხელში.

ყველა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც წლებია საქართველოს საუკეთესო ქომაგები არიან, სულ უფრო მეტად ფხიზლდებიან.

ამიტომ, მათთვის ეს იყო მოჯადოებული წრე, რომელიც უნდა გაერღვიათ და ეს კომისია წესრიგს შექმნიდა – წარმოაჩენდნენ 20 წლის წინანდელ გადაცდომებს თუ დანაშაულებს.

მაგრამ 3 და 4 წლის წინ რომ დანაშაული მოხდა, საზოგადოებას ესეც აინტერესებს ხომ?

რამდენად დიდი ცინიზმია, როცა კომისიაზე მიჰყავთ ის ხალხი, ვინც სამართალი დღემდე ვერ იპოვა „ქართული ოცნების“ პირობებში და რამდენიმე მათგანმა ეს „ზეიმი“ წულუკიანს გაუფუჭა კიდეც პირდაპირ ეთერში.

ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე არის ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნის ძალიან უსუსური მცდელობა. საბოლოო ჯამში, ეს მათთვის შედეგის მომცემი არ იქნება.

მოხდა ის, რაც ამ ქვეყანაში არასდროს მომხდარა. თითქმის 200 დღეა ქვეყანაში პროტესტია და არ ჩერდება. სხვადასხვა მასშტაბის, სხვადასხვა სიმძლავრის, მაგრამ პროტესტია ყველგან.

  • გუშინ პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ნოდია წერდა, რომ მართალია მორალური მხარე ხალხის და ოპოზიციისკენ არის, მაგრამ რესურსები მაინც რეჟიმის ხელშია. თქვენ როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას?

ეს პროტესტი და საერთაშორისო იზოლაცია უნდა გაძლიერდეს. აშშ-ს როლი, „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებული, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

ამ პროტესტს უნდა შევმატოთ თანმიმდევრულობა, დისციპლინირებული მოქმედება და მკაფიოობა. განსაკუთრებით პოლიტიკურმა პარტიებმა. სიცხადე ყველა საკითხში.

აი, მაგალითად, 26 მაისს, საზოგადოების საპროტესტო ნაწილმა, მთლიანად საზოგადოებამ აუცილებელია იცოდეს, რომ ე.წ. არჩევნებად წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას არავინ არ იღებს.

საზოგადოებას აქვს გაორების განცდა. ის შენ გიყურებს, როგორც პოლიტიკურ ძალას, რომელიც უშვებს, რომ შენ შეიძლება შეხვიდე ივანიშვილის მიერ დანიშნულ, უთანასწორო, უსამართლო საარჩევნო პროცესში და ბოლომდე ვერ გენდობა, ეს ამუხრუჭებს საპროტესტო მოძრაობას.

ამიტომ ამ საკითხში უნდა იყოს სრული მკაფიოობა, სიცხადე.

როდესაც პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ „ოცნების“ პარლამენტში, ბოიკოტი გამოაცხადეს, განსხვავებით 2021 წლისგან, საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ღირს ბრძოლა.

იზრდება საერთაშორისო მხარდაჭერაც, მაგრამ თუ შენ რეჟიმისთვის პროცესის ნორმალიზებას მოახდენ, რა თქმა უნდა, ის ბედნიერი იქნება. ამას დარდობს და განიცდის ბევრი ადამიანი.

ამ ეტაპზე არ წყდება ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის შეკეთების საკითხი, რაც არის თვითმმართველობის არჩევნების ბუნება, ზოგადად. ამ ქვეყანაში წყდება ეგზისტენციალური, ცივილიზაციური საკითხი – ჩვენ როგორც ქართველები, როგორც სახელმწიფო, ვიქნებით სუვერენული, თავისუფალი, დასავლური ორიენტაციის, ეროვნული, თუ ვიქნებით რუსული გავლენის ქვეშ.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშიც იგრძნობა, რომ ისინი დააკვირდებიან ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. პროტესტის გარდა რა არის გასაკეთებელი, საქართველო დასავლეთის მხედველობის არეალიდან რომ არ ამოვარდეს?

მუშაობაა საჭირო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მაგრამ ამ მუშაობას ფასი არ ექნებოდა, რომ არა პროტესტი და არც რუბიო გააკეთებდა ამ განცხადება.

საბედნიეროდ, აღმოჩნდა ათასობით აქტიური ადამიანი, რომლებიც პრობლემის არსში ერკვევიან. არიან მეამბოხე ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიმართლეს იცავენ. ბევრისთვის უიმედო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, ასეთმა ადამიანებმა გაიყვანეს იმ ეტაპზე, როცა უკვე ხელშესახებია გამარჯვება.

ცხადია, ვაშინგტონის, ბრიუსელის და სხვების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყნის ბედი გადაწყდება თბილისში. მე მჯერა, რომ ეს ხალხმა ირწმუნა.

თუ გინდა, რომ იყო ევროპული მისწრაფებების სახელმწიფო, შენ, როგორც ერთმა მოქალაქემ უნდა დაიბრუნო რწმენა, რომ შენი ერთი ხმა, ერთი ადამიანის პოზიცია, უმნიშვნელოვანესია.

ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმს უნდა, რომ რუხ ფერებში იყოს ყველაფერი, რომ ადამიანმა თვითრწმენა დაკარგოს და პროცესში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდეს. სუვერენული სახელმწიფო რა არის, ეს მათ ვერ წარმოუდგენიათ. სუვერენიტეტად მიაჩნიათ ივანიშვილის კარზე მორჩილება.

ხშირად, წარუმატებლობის მაგალითები ადამიანებს დაუწერიათ ისეთ დროს, როდესაც გამარჯვება და წარმატება ძალიან ახლოს იყო, მაგრამ სულ ბოლო მომენტში დანებდნენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ მაგალითის საესტაფეტო ჯოხი ავიღოთ.

ძალიან ახლოს ვართ წარმატებასთან. უბრალოდ, გამძლეობა და რწმენაა საჭირო, რომ შენ ხარ მთავარი – მოქალაქე. შენზეა დამოკიდებული ეს ქვეყანა როგორ გამოიჭედება. ამ ქვეყნის, სახელმწიფოს ბედის მჭრელი შენ ხარ და არა კობახიძე, ივანიშვილი და ზარქუა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: