მთავარი,სიახლეები

„გერმანიის წნეხი ოცნებაზე გაიზრდება“ – რა იცვლება გერმანიაში ჩატარებული არჩევნებით?

26.02.2025 •
„გერმანიის წნეხი ოცნებაზე გაიზრდება“ – რა იცვლება გერმანიაში ჩატარებული არჩევნებით?

„მერცი შეეცდება, შეითავსოს ლიდერის როლი: როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გარდაქმნა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ“, – პოზიტიური მოლოდინი აქვს გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ბუნდესტაგში – მიხეილ სარჯველაძეს. მისი აზრით, მერცს უკეთესი პოლიტიკური უნარები აქვს, ვიდრე შოლცს ჰქონდა.

ბუნდესტაგის ქართველი მრჩევლის აზრით, თუ მერცმა გერმანელ ამომრჩეველს გული გაუცრუა, პოლარიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება და იმის რისკი გაიზრდება, რომ ულტრამემარჯვენეები მოვიდნენ ხელისუფლებაში.

„ჩანს, რომ „დემოკრატიული შუა“ გადანაწილდა რადიკალურად მემარჯვენე და რადიკალურად მემარცხენე ფრთებზე,“ – არჩევნების შედეგები მიხეილ სარჯველაძისთვის აჩვენებს იმას, რომ სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ბუნდესტაგში ვკითხეთ გერმანია-საქართველოს ურთიერთობაზეც: რა ცვლილებას შეიძლება ველოდოთ?

„ბათუმელებმა“ ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის მრჩეველთან, მიხეილ სარჯველაძესთან  ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო მიხეილ, რა გამოჩნდა გერმანიაში ჩატარებული არჩევნებით? რა როლს იძენს ევროპის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო?

ბუნდესტაგის არჩევნებმა ცხადად წარმოაჩინა, რომ ამომრჩეველმა მმართველი კოალიცია დასაჯა. გარდა ამისა, ცხადია, რომ ცალკეული თემებით, როგორიც, მაგალითად, მიგრაციის საკითხია, გამოწვეული პოლარიზაციით უკიდურესად მემარცხენე და მემარჯვენე ძალებმა ისარგებლეს. კოალიციაში არსებულმა იდეოლოგიურმა კონფლიქტებმა განაპირობა ის ფაქტი, რომ გერმანია საერთაშორისო არენაზე გასული ოთხი წლის მანძილზე პასიურ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ოლაფ შოლცმა, რომელსაც გერმანიის ისტორიაში ყველაზე სუსტ კანცლერად მიიჩნევენ, ვერ აიღო საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქცია, რაც ქვეყნის პოზიციებზეც აისახა. ჩემი აზრით, ეს გერმანული პოლიტიკის დიდი შეცდომა იყო. შეცდომა, რადგან გერმანიამ და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი დრო დაკარგეს იმ გეოპოლიტიკური ცვლილებებისთვის მოსამზადებლად, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკამ უკვე გამოიწვია.

სავარაუდოდ კავშირის [ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური პარტიების ალიანსი] ლიდერი ფრიდრიხ მერცი გახდება გერმანიის კანცლერი და გერმანია გაცილებით აქტიური გახდება. გერმანია შეეცდება, რომ ევროკავშირის გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბების პროცესში ლიდერის ფუნქცია შეითავსოს. ესაა ჩემი მოლოდინი, თუმცა რამდენად შეძლებს, სხვა საკითხია. ევროკავშირის ქვეყნებს და მათ შორის გერმანიას მოუწევს გაცილებით მეტი ხარჯის გაღება. სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, გერმანიის ხარჯები 2%-დან  მთლიანი შიდა მოხმარების პროდუქტის – მშპ-ს 3.5%-მდე უნდა გაიზარდოს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა გერმანიის გადასახადების გადამხდელებს მოგვიწევს ამ თანხის გადახდა..

  • როგორც მედიაში ჟღერდება, გერმანიამ თავდაცვის ბიუჯეტი 80 მლრდ-დან 140 მლრდ ევრომდე უნდა გაზარდოს. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ევროკავშირი და, მათ შორის, გერმანია აშშ-ისგან დამოუკიდებელი თავდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნას, რაზეც უკვე ხშირად კეთდება განცხადებები ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ?  

თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა ამ მაჩვენებლებით არის მეცნიერების პოზიცია. კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თუ გერმანიას სურს თავად გახდეს თავდაცვისუნარიანი, ამ შემთხვევაში მან უნდა გააორმაგოს სამხედრო ხარჯი. იგივე ეხება მთლიანად ევროკავშირს. კვლევების მიხედვით, ევროკავშირს დამატებით მოუწევს 250 მილიარდი ევროს მობილიზება.

მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევაში ისიც წერია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მშპ-ის დამატებით 1.5 %-ს ხარჯი უნდა გაიღონ. ეს არ არის უსაშველოდ დიდი თანხა. ამაზე მეტი დაიხარჯა, მაგალითად, პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში. ამჯერად კი, ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, სადაც ევროკავშირი დამოკიდებული იქნება მხოლოდ საკუთარ თავზე.

როგორც ვხედავთ, ტრანსატლანტიკური საყრდენი ერთგვარად ჩამოშლილია, რაც იყო ამ დრომდე ევროპის უსაფრთხოების გარანტია. ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა პირველად დარჩა საკუთარ ძალებზე დამოკიდებული. ამ დრომდე ევროკავშირში საკმარისად მსჯელობაც კი არ ყოფილა თავდაცვით ავტონომიაზე, რაც დიდი შეცდომა იყო. ამ გამოწვევების მიხედვით კი, დიდია შანსი, რუსეთი თავს დაესხას ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოს უახლოეს 2-10 წლამდე პერიოდში.

ახლა ევროპელები დარჩენილნი არიან ფაქტიურად  ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების გარეშე და არაა გამორიცხული, რუსეთს სურდეს დატესტოს ნატო, როგორც ქმედითუნარიანი ალიანსი. თუ არ ამოქმედდება ნატოს მეხუთე მუხლი – და ალიანსი აგრესიის მსხვერპლ წევრ სახელმწიფოს ჯეროვნად არ დაიცავს – შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ნატო აღარ არსებობს.

  • ფეისბუქპოსტში წერდით, რომ „მერცი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დიდი გულშემატკივარია, თუმცა მას სტრატეგიის შეცვლა მოუწევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოლოდინები გერმანიასთან მიმართებაში მაღალია“. რა მოლოდინი არსებობს ამჯერად გერმანიის მიმართ? 

გერმანიის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ემყარებოდა ორ ძირითად პრინციპს: ესაა ევროკავშირი და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. თუმცა უკვე გამოჩნდა, რომ აშშ, როგორც უსაფრთხოების გარანტია, გამოეცალა გერმანიას და ევროკავშირს. შესაბამისად, გერმანიას და ევროკავშირსაც მოუწევს სტრატეგიის შეცვლა. ევროკავშირს მოუწევს გახდეს დამოუკიდებელი მოთამაშე სამხედრო თვალსაზრისით, რომელსაც ეყოლება საკუთარი არმია. შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირმა ამაზე ფიქრი დააგვიანა და ქმედებებსაც ჯერ ვერ ვხედავთ,

ახლა, როცა ევროკავშირს უწევს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გერმანიას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ევროკავშირში. მგონია, რომ მერცი შეეცდება, შეითავსოს ლიდერის როლი: როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გარდაქმნა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, პირველ რიგში, მოუწევთ სუვერენიტეტის ნაწილის ევროკავშირისთვის დათმობა, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. ევროკავშირი საერთაშორისო წესრიგში ეკონომიკური გოლიათია, უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით – ჯუჯა, რომელსაც, როგორც ვხედავთ, თანასწორ მოთამაშედ არც ტრამპი აღიქვამს და არც პუტინი.

  • სავარაუდოდ, არჩევნებში გამარჯვებული კავშირი, ანუ მერცის ალიანსი, კოალიციას შექმნის შოლცის პარტიასთან -„სოციალ-დემოკრატებთან“… ვნახეთ, რომ გაიზარდა ულტრამემარჯვენე პარტიის რეიტინგი. ხმების ამგვარი გადანაწილება თქვენთვის რას აჩვენებს, რა არის ამჯერად გერმანელი ამომრჩევლის დაკვეთა? 

ჩანს, რომ „დემოკრატიული შუა“გადანაწილდა რადიკალურად მემარჯვენე და რადიკალურად მემარცხენე ფრთებზე. შეიძლება ითქვას, რომ პოლარიზაციამ საფრთხის ქვეშ დააყენა დემოკრატია, რომელსაც რადიკალური ძალები, როგორც წესი, ასუსტებენ.

ყველაზე თვალშისაცემად სოციალ-დემოკრატებმა წააგეს არჩევნები – 10 % დაკარგეს. ეს ისტორიულად ყველაზე ცუდი შედეგია მათთვის.

ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი კი, არათუ გაიზარდა, გაორმაგდა. მერცის ალიანსმა, მაგალითად, დამატებით 4 % -ით გაიუმჯობესა მაჩვენებელი. გამოჩნდა, რომ ასე თუ ისე დემოკრატიულ პარტიებს უჭირთ პოლარიზაციასთან გამკლავება. ზოგადად მსოფლიოში ავტორიტარული ტენდენციები ძლიერდება – ულტრამემარჯვენე ძალები ერთიანდებიან და ტრამპმა აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო გაამძაფრა. უკრაინაში ომის შედეგად მიგრაციის ტალღის გაზრდამ გერმანიაში გაამძაფრა პრობლემები მიგრაციის საკითხებში. ამას ემატება ინფლაცია და ეკონომიკური გამოწვევები – მესამე წელია გერმანიის ეკონომიკური მაჩვენებლები არ იზრდება.

ძირითადად ზუსტად მიგრაციის და ეკონომიკის სფეროში არსებულმა გამოწვევებმა განაპირობა ულტრამემარჯვენე ძალების წარმატება. „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ ხმების უდიდესი ნაწილი აღმოსავლეთ გერმანიაში მიიღო, სადაც საზოგადოება კომუნისტური/ავტორიტარული წარსულის გამო, როგორც ჩანს უფრო მარტივად ექცევა პოპულისტური, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ.

ულტრამემარჯვენე ძალები გაძლიერდნენ არამხოლოდ გერმანიაში, არამედ ავსტრიაში, საფრანგეთში, აღმოსავლეთ ევროპაში. თუ, მაგალითად, ულტრამემარჯვენე ძალები შეძლებენ გერმანიაში ხელისუფლებაში მოსვლას, ეს საერთო სურათს რადიკალურად შეცვლის. მაგალითად, „ალტერნატივა გერმანიისთვის”ითხოვს, რომ გერმანიამ საერთოდ დატოვოს ევროკავშირი,  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაუქმდეს, გერმანიამ კვლავ დაიწყოს რუსული გაზის შეძენა და ასე შემდეგ. ამ პროცესებმა შესაძლოა ევროკავშირში ძალიან რთული ძვრები გამოიწვიოს, რაც რისკია არამხოლოდ გერმანიისთვის, რომელმაც ყველაზე მეტი სარგებელი ნახა ევროკავშირისგან უსაფრთხოების თუ ეკონომიკური განვითარების კუთხით.

  • ულტრამემარჯვენეების რეიტინგის ზრდის მიუხედავად, გერმანიაში უმრავლესობა ისევ არის ევროპის ერთიანობის მომხრე და ხედავს იმასაც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ემუქრება? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ახლა გერმანიისთვის?  

მთავარი შიდაპოლიტიკური გამოწვევაა სწრაფად სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება. ეს უნდა იყოს სტაბილური და ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უპასუხებს გამოწვევებს მიგრაციის, ეკონომიკის და საგარეო პოლტიკის საკითხებში. ესაა მოსახლეობის დაკვეთა. თუ მიგრაციასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები არ გადაიჭრება, პოლარიზაცია გამძაფრდება, რაც ულტრამემარჯვენე ძალებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი, მთავარი გამოწვევა იქნება ევროკავშირის თავდაცვით ალიანსად გარდაქმნა და ურთიერთობა აშშ-თან: როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა სამომავლოდ, მას შემდეგ, თუ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები საბოლოოდ დასრულდება? ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია: რამდენად შეძლებს ევროკავშირი დამოუკიდებელი მოთამაშე გახდეს და რა როლი უნდა ითამაშოს გერმანიამ ამ კონტექსტში. უკრაინის საკითხი ბუნებრივად პირდაპირ კავშირშია ყველა აღნიშნულ თემასთან.

  • რა იცვლება საქართველოსა და „ქართული ოცნებისთვის“? 

საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო 35 წლის განმავლობაში. ასეთი ცუდი ურთიერთობა გერმანიასთან არასდროს არ გვქონია, არც მაშინ, როცა გერმანიამ ხელი შეუშალა საქართველოს, მიეღო სამოქმედო გეგმა ნატოში გასაწევრიანებლად. ბუნდესტაგის არჩევნებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა – ანალენა ბერბოკი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თანამდებობის პირი საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის მასშტაბით და ძალიან პრინციპულ პოლიტიკას ატარებდა.

ასევე, როგორც იცით, გერმანიამ შეაჩერა 237 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები და სანქციები დაუწესა საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე. მიზანმიმართული სანქციების დაწესება მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან გერმანია ზოგადად ფრთხილი საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა და მსგავს ზომებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს.

მე მგონია, რომ იდენტურ, და ალბათ კიდევ უფრო პრინციპულ ხაზს გააგრძელებს გერმანიის ახალი მთავრობა და საკმაოდ მკაცრი, პოლიტიკური ხაზის გატარება მოხდება „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. თუ „ქართული ოცნება“გააძლიერებს საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმს, მგონია, რომ გერმანიის წნეხი მმართველ პარტიაზე კიდევ უფრო გაიზრდება.

ფრიდრიხ მერცი ცნობილია, როგორც უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. იგი უფრო ქმედუნარიანი და პრინციპული პოლიტიკოსია, ვიდრე შოლცი იყო და ის საერთაშორისო არენაზე გერმანიის გააქტიურებას გეგმავს. იმედია, საქართველო კვლავ დარჩება გერმანიის თვალთახედვის არეში და გეოპოლიტიკური ინტერესების გამო ბერლინი „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ, პრო-რუსულ პოლიტიკაზე თვალს არ დახუჭავს.

  • რა სტრატეგიით აპირებს მერცი უკრაინის დახმარებას, რას უნდა ელოდოს უკრაინა? 

შოლცს უჭირდა გადაწყვეტილებების მიღება და ერთმნიშვნელოვნად უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო თვალთაზრისით, რადგან მისი პარტია, სოციალ-დემოკრატები, წარსულში ზოგადად რუსეთისადმი მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდნენ. ამ წარსულის გადმონაშთი შემორჩენელია პარტიის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციებში. შოლცი მხარს უჭერდა უკრაინას, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, მაგალითად, ფრთოსანი რაკეტების „ტაურუსების“ მიწოდების საკითხზე შოლცი მიიჩნევდა, რომ ეს იქნებოდა გერმანიის ჩართვა ომში, რაც გამოიწვევდა რუსეთის უკიდურეს გაღიზიანებას და ვერ გაბედა უკრაინისთვის იმ დახმარების გაწევა, რაც მართლაც სჭირდებოდა უკრაინას გადამწყვეტ მომენტში.

ვფიქრობ, მერცი განსხვავდება შოლცისგან – ის ფრთხილი პოლიტიკოსია, თუმცა ლიდერული თვისებებით განსხვავდება შოლცისგან. მგონია, რომ მერცს გაცილებით მკაფიო მიდგომა ექნება უკრაინის საკითხთან, ვიდრე შოლცს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: