სულხან თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად 4 აპრილს დასახელდა, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ფეისბუქით გადადგა თორნიკე რიჟვაძე.
თამაზაშვილი, რომელიც იქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 7 აპრილს დაამტკიცა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პოლიციის პოლკოვნიკი სულხან თამაზაშვილი მანამდე უჩინარი იყო სოციალურ ქსელებში. ფეისბუქზე მისი გვერდი 9 აპრილს გამოჩნდა – ჯერ პირადი ფოტოსურათით, შემდეგ კი 9 აპრილისადმი მიძღვნილი ქარდით. „მადლობა თავისუფლებისთვის“ – ასე მშრალად გამოეხმაურა რუსი სამხედროების მიერ თავისუფლებისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას სულხან თამაზაშვილი.
ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, თამაზაშვილის პირველი შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერებთან და მერიის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრებით დაიწყო და სასულიერო პირებთან სტუმრობით გაგრძელდა.
სულხან თამაზაშვილი ჯერ ღიად პრორუს სასულიერო პირს, სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს შეხვდა. სპირიდონ აბულაძე უკვე წლებია ამბიონიდან ქადაგებს კრემლის პოლიტიკას და არ მალავს დასავლეთის მიმართ სიძულვილს.

სულხან თამაზაშვილის შეხვედრა სხალთის ეპისკოპოსთან
თამაზაშვილს შემდეგი შეხვედრა უკვე მუსლიმებთან ჰქონდა – იგი დასავლეთ საქართველოს მუფთს, ადამ შანთაძეს შეხვდა. ამ ვიზიტის შესახებ საზოგადოებამ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოებით გაიგო. უცნობია, ისაუბრეს თუ არა მუფთმა და თამაზაშვილმა მუსლიმთა პრობლემებზე რეგიონში, მაგალითად იმაზე, როგორ დაჰპირდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს მუსლიმებს ახალი მეჩეთის მშენებლობაში დახმარებას, მაგრამ პირობა დაარღვია.
დახმარების ნაცვლად მუსლიმებმა მიიღეს ხელშეშლა, რადგან ბათუმის მერია მუსლიმებს უფლებას არ აძლევს თავიანთი ფულით შესყიდულ მიწაზე ააშენონ ახალი მეჩეთი. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები წლებია დავობენ სასამართლოში და ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლება, ბათუმის მერია მათ მშენებლობის ნებართვას არ აძლევს.

შეხვედრა მუფთთან
კიდევ ერთი ვიზიტი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, დიმიტრისთან შედგა. ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

თამაზაშვილის შეხვედრა მიტროპოლიტ დიმიტრისთან
სულხან თამაზაშვილმა ახალ პოსტზე დანიშვნის პირველ დღეებში უცხოელი სტუმრებისთვისაც გამონახა დრო და პირველი სტუმარი, ფეისბუქის მიხედვით, უზბეკეთიდან მიიღო – სპორტის მინისტრი ადჰამ იკრამოვი. „ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, რათა განგვეხილა სპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება“ – დაწერა თამაზაშვილმა ფეისბუქზე.
23 აპრილს სულხან თამაზაშვილმა, როგორც თავადვე წერს, „ქობულეთის უხუცესებთან და საპატიო ხინოწმინდელებთან ერთად“, ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარი მოილოცა.

ფოტო: სულხან თამაზაშვილის გვერდი ფეისბუქზე
29 აპრილს, მან ბათუმში აწ უკვე ყოფილ მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, პირველ მაისს კი – ახალი, მშენებარე სკვერი თამარის დასახლებაში. მის ფეისბუქის გვერდზე, სადაც მხოლოდ ფოტოებია გამოქვეყნებული, ვერ ვნახეთ ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები რუსთაველზე, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც თითქმის ოთხ თვეზე მეტია გადათხრილია.
სულხან თამაზაშვილი, ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს, იანგ ვანმინგს შეხვდა, თურქეთის კონსულს ბათუმში – ადნან ალთაი ალთინორს, და, ასევე, აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს.
ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური შეხვედრების გარდა მემორიალების სტუმრობა სულხან თამაზაშვილის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა.

ის ყვავილებით და სანთლებით ხელში ჯერ ზურაბ გორგილაძის საფლავზე იყო, შემდეგ ანატოლი კაჭარავას საფლავი მოინახულა.
ასევე, დაესწრო შუახევში გამართულ სახალხო დღესასწაულ „მარეთობას“, სადაც გმირთა მემორიალი შეამკო ყვავილებით.
თუმცა სულხან თამაზაშვილმა გმირთა მემორიალთან მისვლა ვეღარ შეძლო ბათუმში 9 აპრილს, რადგან სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც მეექვსე თვეა ქვეყანაში „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების პრორუსულ კურსსა და რეპრესიებს აპროტესტებენ, აჭარაში „ოცნების“ წევრებს უფლება არ მისცეს მისულიყვნენ იმ გმირების მემორიალთან, რომლებიც 9 აპრილს დაიღუპნენ, „ოცნების“ ხელისუფლება კი მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს ფუჭს უწოდებს და აუფასურებს მათ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

შესაბამისად, გმირთა მემორიალთან სულხან თამაზაშვილი ყვავილებით ხელში არავის უნახავს.
სულხან თამაზაშვილის ფეისბუქ გვერდზე რელიგიური დღესასწაულების მოსალოც ბარათებს, შიგადაშიგ, სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენების ფოტოები ანაცვლებს.
მაგალითად, 11 მაისს სულხან თამაზაშვილმა სარაგბო კლუბ „ბათუმის“ საქართველოს ჩემპიონობა მოგვილოცა, 12 მაისს კი – „ღვთისმშობლის წილხვედრობა“.
14 მაისს სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე წარადგინა. მას არ უთქვამს, რატომ გადადგა არჩეული მერი, რომელთან ერთადაც წინა დღეებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათვალიერებდა და ფოტოებს იღებდა.
17 მაისს, სულხან თამაზაშვილმა „ოჯახის სიწმინდის დღე“ მოგვილოცა ფეისბუქზე. მისი აზრი არც ამ დღეს მოგვისმენია, მაგალითად, ოჯახში გახშირებული ძალადობის, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის, ქალთა მკვლელობების, ოჯახების სიღარიბის, გაზრდილი ემიგრაციისა და უმუშევრობის შესახებ.
ასევე, არ მოგვისმენია, რას ფიქრობს თამაზაშვილი ამ პრობლემებზე და როგორ წარმოუდგენია, მაგალითად, ქართული ოჯახების რეალური გაძლიერება და სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების დახმარება.
როგორც ჩანს, სულხან თამაზაშვილს მედიასთან ურთიერთობა არ მოსწონს და არ სურს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, თითქმის ორი თვე გავიდა და აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, რომელიც აჭარის მთავრობას აქტიურად აშუქებს, საძიებო ველით არ იძებნება სულხან თამაზაშვილის არც ერთი კომენტარი. „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე მხოლოდ კადრებში ჩანს, კომენტარებს კი სხვა ოფიციალური პირები აკეთებენ.
აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე სულხან თამაზაშვილზე გამოქვეყნებული ბოლო მასალა, რომელშიც თამაზაშვილი სკოლის დამთავრებას ულოცავს მე-12 კლასელებს, მის ფეისბუქპოსტზე დაყრდნობითაა მომზადებული.
სულხან თამაზაშვილს რომ მედიასთან ურთიერთობა არ სურს, ეს ფაქტობრივად მისი დანიშვნის პირველსავე დღეს გახდა აშკარა, როცა აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა, რომელზეც იგი უნდა აერჩიათ, დახურულ ფორმატში გაიმართა – სხდომაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები და ასევე, სხდომა არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.
სულხან თამაზაშვილი, რომელიც აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, შს მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2024 წლის ბოლოს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი. პოლიციაში მუშაობის დროს, მან, როგორც პოლიციის უფროსმა, ვერ ან არ უზრუნველყო და დაიცვა ჟურნალისტები მოძალადეების თავდასხმებისგან.
მეტიც, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც რიგ შემთხვევებში მძიმე ფიზიკური დაზიანება და ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია. „მედიაკოალიციის“ ცნობით, მიზანმიმართული თავდასხმის და აქციის დარბევის შედეგად აღრიცხულია მედიის წარმომადგენლების ფიზიკურად დაზიანების 70-მდე შემთხვევა, სამუშაო აღჭურვილობის ჩამორთმევის 20-მდე ფაქტი და მედიის წარმომადგენელთა დაკავების 10-მდე შემთხვევა.
მას შემდეგ, რაც სულხან თამაზაშვილი მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნა „ოცნებამ“, მან ერთხელაც კი არ გახსნა კარები ჟურნალისტებისთვის. ყველა სხდომა თუ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ტარდება.
„ბათუმელებმა“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ შეძლო მისგან კომენტარის მიღება პირდაპირ ჩართვაში. კითხვაზე სულხან თამაზაშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით გვიპასუხა – „მოგვიანებით“.






