სიახლეები

ახალგაზრდები პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებენ – „ახალი გზებია საჭირო“

18.05.2025
ახალგაზრდები პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებენ – „ახალი გზებია საჭირო“

„ახალი გზებია მოსაძებნი, ხალხი დაიღალა ერთსა და იმავე წრეზე სიარულით, ერთი და იმავე სახეებით“ – ამბობს თედო ზოიძე, რომელიც სხვა ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად სფუძნებს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას – „ახალგაზრდული ძალა“.

ახალგაზრდების პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია თბილისში დღეს, 18 მაისს, გაიმართა.

თედო ზოიძე ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. აქტივისტებს ჯერ არ მიუმართავთ საჯარო რეესტრისთვის მოძრაობის დასარეგისტრირებლად. ისინი არც თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას. თედო ზოიძე ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის იდეა პროევროპულ აქციებზე გაუჩნდა – ახალი სახეების გამოჩენის სურვილი.

„მინდა, რაც შეიძლება მეტი ახალი სახე გამოჩნდეს სუფთა ხელებით, მინდა ერთად ვიმსჯელოთ: რა იქნება უკეთესი, რა უნდა გაკეთდეს.

ხვალიდან გავალთ რეგიონებში და შევხდებით ახალგაზრდებს. ნებისმიერს შეეძლება გახდეს ჩვენი გუნდის წევრი, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს. ვუერთდებით და ვიზიარებთ იმ მოთხოვნებს, რაც ამ აქციებზე ისმის. პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი, რომელიც ერთადერთი ქალი პოლიტიკური პატიმარია. ამ ადამიანების დახსნისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ…

რაც შეეხება დაფინანსებას – არავინ გვაფინანსებს. ვაპირებთ, საჯაროდ მივმართოთ საზოგადოებას და ვითხოვოთ დახმარება,“ – გვითხრა თედო ზოიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირს, თედო ზოიძე ამბობს, რომ ის „რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კოორდინაციაში არ არის“, მაგრამ აპირებს ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან.

„ვითანამშრომლებთ მხოლოდ საერთო მიზნისთვის, რომ „ოცნება“ გავისტუმროთ სახლში. ჩვენ ერთიანობის მომხრე ვართ“, – აღნიშნა თედო ზოიძემ „ბათუმელებთან“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: