ქობულეთში, საწარმო „თეთროსანში“ დასაქმებული შუახნის კაცი დაიღუპა.
აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შრომის ინსპექციასაც – ეს უწყება შრომის უსაფრთხოებას ამოწმებს და დარღვევებზე, წესით, სამართლებრივად უნდა რეაგირებდეს. უწყების პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინსპექტორები ადგილზე სიტუაციას სწავლობენ და ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეუძლიათ.
„ბათუმელებმა“ სცადა კომპანია „თეთროსანთან“ დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარებს კომპანიაში არ უპასუხეს. ასევე, ველოდებით ინფორმაციას ქობულეთის მერიისგან. მერიიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.






