ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

24.12.2024 •
რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, ქვაფენილს აყრიან და ასფალტის საფარს დააგებენ, ქალაქის ბიუჯეტიდან კი, ჯამში 22,3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები მთლიანობაში შეეხება ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის კვეთიდან [საბაგიროს სადგურიდან] ჯავახიშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი / ფოტო ტენდერიდან

სამუშაოები ტენდერებში გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2 ტენდერი აქვს გამოცხადებული.

ერთი ტენდერი 12 906 207 ლარით [ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი] და მეორე ტენდერი 9 415 400 ლარით [პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი].

ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 9 იანვარს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.

პროექტში აღნიშნულია, რომ:

„დღევანდელი მდგომარეობით ზემოაღნიშნულ ქუჩებზე საგზაო სამოსი წარმოდგენილია ქვაფენილით, რომელიც ძლიერ დაზიანებულია და მასზე გადაადგილება დისკომფორტს იწვევს მოძრავი ტრანსპორტის მძღოლებსა და მგზავრებში, რის გამოც გადაადგილების სიჩქარე მცირდება და წარმოიქმნება საცობები.

ქვაფენილის შესაკეთებლად მუდმივ რეჟიმში ხორციელდება მონაკვეთებად ქვაფენილის დაშლა და ჯდენების შევსება, რაც დამატებით დისკომფორტს და საცობებს იწვევს [აღსანიშნავია, რომ მერიამ სწორედ საცობის პრობლემის მოგვარების საბაბით აყარა ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზეც. ქვაფენილს კი მერია აუქციონზე ჰყიდის ან ეკლესიას ჩუქნის].

შესაკეთებელია ასევე ტროტუარებზე საფარი, რომელიც ასევე დაზიანებულია და საჭიროებს შეკეთებას.

საპროექტო მონაკვეთზე რეაბილიტაციას საჭიროებს ასევე სანიაღვრე ქსელი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით მოწყობილია მცირე დიამეტრის წყალგამტარი მილებით და ხშირად იჭედება, ასევე არასაკმარისი რაოდენობითაა მოწყობილი წყალმიმღები ჭები.

რეაბილიტაციას საჭიროებს ასევე მოძრაობის ორგანიზაციის საშუალებები [შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნა და ა.შ].“

აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ სარეაბილიტაციო მონაკვეთში ქვაფენილის ნაცვლად მოეწყობა „სამფენიანი ასფალტბეტონის საფარი სისქით 5+6+6 სმ.“

  • „საპროექტო გზის ორივე მხარეს ეწყობა ცვალებადი სიგანის ტროტუარები, რომლებზეც პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტრავერტინისა და ბაზალტის ფილების კომბინირებული საფარის მოწყობა;
  • ზედაპირული წყლების მოსაცილებლად გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რომელიც დაერთებულია არსებულ სანიაღვრე კოლექტორებზე;
  • გზის გამტარუნარიანობის ასამაღლებლად და მოძრავი ნაკადების უკეთ ორგანიზებისათვის ოთხ ლოკაციაზე კერძოდ კი რუსთაველის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის გამზირისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე და შერიფ ხიმშიაშვილის გამზირისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე გათვალისწინებულია ე.წ „ჭკვიანი შუქნიშნების“ მოწყობა“.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია არსებული საკომუნიკაციო ქსელების მეპატრონეებთან დადგინდეს მათ საკუთრებაში არსებული ქსელების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ამორტიზებული და დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ ახლად რეაბილიტირებული გზის გადათხრა“.

იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტში ბათუმის ბიუჯეტიდან ცალკე 494 ათასი ლარია გადახდილი შპს „პროჯეკტ კომპანისთვის“. სამუშაოები ამ კომპანიის მიერ მომზადებული პროექტით უნდა შესრულდეს.

რუსთაველის და გოგებაშვილის ქუჩებიდან ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების შემდეგ ძველ ბათუმში რამდენიმე ქვაფენილიანი ქუჩა დარჩება, მათ შორის მემედ აბაშიძის გამზირი.

ქალაქის ქუჩებიდან ქვაფენილის აყრა ბათუმის მერიამ 2021 წელს გადაწყვიტა. ნახეთ მერიის არგუმენტები:

რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: