როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია, ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 6 აპრილს ღამით და დილით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით და მომდევნო ორ დღეს [7 და 8 აპრილს] – უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

„მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.

მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის.

მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს.

განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები ,,ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!“ – წერს თორნიკე რიჟვაძე.

თორნიკე რიჟვაძე 2018 წლიდან არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ბოლოს, 2024 წლის 31 დეკემბერს, აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის არალეგიტიმური მთავრობა დაამტკიცა.

ბოლო დღეების განმავლობაში გადადგნენ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 920 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380]
  • ტანკი – 10 528 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 21 932 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 25 663 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 349 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 123 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 669 ერთეული [+72]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 123 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 42 841 ერთეული [+66]
  • სპეცტექნიკა – 3 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 49 774 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 689 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 221 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 696 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებთ

თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს.

პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და Okaidi-ს ონლაინ მაღაზიებში შეძლებთ, სადაც თიბისი გადანაწილებით გადახდის შემთხვევაში 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, 30 აპრილამდე უკან დაგიბრუნდებათ.

ქეშბექის დაბრუნებასთან ერთად, მომხმარებელი პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე გადანაწილებით გადაიხდის. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. ასე რომ, გადაიხდის ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.

“განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა.

ჩაიფიქრე სურვილები და დაელოდე!

თურქეთში სამომხმარებლო ბოიკოტის გამო 11 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი მსახიობი

თურქეთში 11 ადამიანი დააკავეს სოციალურ ქსელში სამომხმარებლო ბოიკოტის მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

დაკავებულებს შორისა თურქი მსახიობი ჯემ იიგიტ უზუმოღლუ.

თურქული მედიის ცნობით, კიდევ 16 პირზე დაკავების ორდერია გაცემული.

თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებით გამოწვეულ მასშტაბური პროტესტის ფარგლებში, გუშინ, 2 აპრილს, მომხმარებელთა ერთდღიანი ბოიკოტი გამოცხადდა სლოგანით – „აჩვენე, ვინ არის მთავარი“.

თურქული მედია „ბიანეტი“ წერს, რომ თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელმა ბოიკოტის მხარდაჭერისთვის გაათავისუფლა სამსახურიდან მსახიობი აიბუკე ფუსატი და ეთერიდან ამოიღო სერიალი მისი მონაწილეობით.

„მიუღებელია TRT-ის პროექტებში ჩართული პირები, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს ერს, იყვნენ პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომელიც აშკარად არის წამოწყებული პოლიტიკური პარტიის მიერ, სამიზნეში იღებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და იწვევს ერის პოლარიზებას“, – წერია TRT-ს განცხადებაში.

ბოიკოტის კამპანიას ხელმძღვანელობდა მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP). ბოიკოტის მიზანია უარის თქმა მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიების მომსახურებასა და ვაჭრობაზე, მათ შორის სურსათზე, საწვავზე, სასადილოებზე, ონლაინშოპინგზე, მედიაზე და ა.შ.

რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) თავმჯდომარემ ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ წამყვანი, სამთავრობო თურქული მედია არ აშუქებდა ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერ დემონსტრაციებს. „დავმარხავთ მათ, ვინც ვერ დაგვინახავს“ – თქვა ოზელმა და მოუწოდა საზოგადოებას კონკრეტული კომპანიების ბოიკოტისკენ.

ამის შემდეგ უკვე სტუდენტების ჯგუფმა მოუწოდა ყველას, არ შეეძინათ პროდუქცია და სერვისები 2 აპრილს.

ოზგურ ოზელმა პლატფორმა X-ზე გამოუცხადა მხარდაჭერა სტუდენტების ბოიკოტს.

ბოიკოტის გადაწყვეტილებას მმართველი პარტიიდან მოჰყვა რეაქცია. სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ბოიკოტის მომწოდებელთა მიმართ გამოძიება დაიწყო.

____________

ფოტოზე: დაკავებული მსახიობი ჯემ იიგიტ უზუმოღლუ და TRT-დან გათავისუფლებული მსახიობი.

„სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, რომელიც წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან.

სააგენტო წერს, რომ თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ [კომპანიის პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილია „სოფლის ნობათის“ სახელწოდებით]  სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.

„ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოს” დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ:

  • სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული – 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე“ – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტო განმარტავს, რომ აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ ასპროცენტიანი წილის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ,,ვიმ-ბილ-დანია“.

რძისა და რძის პროდუქტების ხარისხი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი თემაა ბოლო დღეების განმავლობაში.

განხილვა მოჰყვა რადიო „თავისუფლების“ საგამოძიებო მასალას, რომლის თანახმადაც  ირკვევა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“ 2018-2020 წლებში ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა. სწორედ “ყვარლის ბაგისგან” ყიდულობს რძეს „სანტე“, „სოფლის ნობათი“ და „აგროჰაბი“. ასევე, თავად „ყვარლის ბაგის“ შვილობილი კომპანია „რძის ლაბორატორია“.

ამავე თემაზე:

„ბიუ ბიუ“: ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი არ ფიქსირდება

 

 

საკონსტიტუციოში ახალ მოსამართლედ რევაზ ნადარაია დანიშნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ რევაზ ნადარაია დანიშნეს. ის ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე მერაბ ტურავას, რომელიც ამ სასამართლოს თავმჯდომარე იყო ბოლო ხუთი წელი, უფლებამოსილება 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა. მერაბ ტურავა პარლამენტის კვოტით არჩეული მოსამართლე იყო. იმის გამო, რომ „ოცნებას“ ანტიკონსტიტუციურ პარლამენტში 90 დეპუტატი არ ჰყავს, ის ახალ მოსამართლეს ვერ აირჩევს.

ამავე სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს შეუჩერდა ვადაზე ადრე უფლებამოსილება. მან საკუთარი სურვილით მოითხოვა უფლებამოსილების შეჩერება. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ იყო დანიშნული. სწორედ მის ნაცვლად დანიშნა უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ რევაზ ნადარაია.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამჯერად ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 10 წელია.

რევაზ ნადარაია 2021 წლიდან  უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეა. მანამდე იგი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს წევრი.

რევაზ ნადარაია მოსამართლეა 2009 წლიდან. თავდაპირველად იგი ფოთში იყო მოსამართლე, 2012 წლიდან, ანუ „ოცნების“ ხელისფლებაში მოსვლის შემდეგ კი, დაწინაურდა და ფოთოს საქალაქო სასამართლოს თავამჯდომარე გახდა.

2016 წლიდან რევაზ ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, 2017 წლიდან – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

„ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან მაქვს ურთიერთობა. ყველა თავდასხმას პირველი ლევან მურუსიძე იღებდა და ამ გარემოებებმა აქცია ლიდერად, თქვენც აღიარებთ მას ლიდერად, – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა რევაზ ნადარაიამ „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წელს. ამ დროს აირჩიეს რევაზ ნადარაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ.

სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, ევროკავშირის 9 პირობიდან ერთ-ერთი – მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასება, ე.წ. ვეტინგი ეხებოდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს, მათ შორის, რევაზ ნადარაიას.

ნაზი ჯანეზაშვილი, „სასმართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი 2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში გავლენიან მოსამართლეთა მხრიდან ნათესავების, ახლობლების და სხვაგვარად დაკავშირებული პირების მფარველობის შემთხვევებზე საუბრის დროს საუბრობდა რევაზ ნადარაიას შესახებაც.

ბავშვების სიღარიბე 6%-ით გაიზარდა, 369 924 ბავშვი საარსებო შემწეობას ითხოვს – ომბუდსმენი

2024 წელს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6,51%-ით გაიზარდა – ამის შესახებ სახალხო დამცველის ახალ საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ.

სახალხო დამცველი ბავშვთა სიღარიბეზე წერს, რომ ომბუდსმენის აპარატის მიერ ბავშვის შესაძლო უფლებათა დარღვევის შესწავლილი საქმეებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, 2024 წელსაც, სწორედ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია 18 წლამდე ასაკის 369,924 ბავშვი, აქედან საარსებო შემწეობას იღებს – 270,712.

აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, იმ ოჯახების რიცხვი, სადაც ერთი არასრულწლოვანი მაინც ირიცხება, 125,743-ს გაუტოლდა, ხოლო ბაზაში 2024 წლის განმავლობაში პირველად დარეგისტრირდა 34,758 18 წლამდე ასაკის ბავშვი. ასევე, პირველად რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი ბავშვი მაინც არის, 20,368-ს შეადგენს. ამასთანავე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩაერთო 4161 ოჯახი“ – წერს სახალხო დამცველი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრალური პროგრამების გარდა, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახები მუნიციპალურ დონეზეც ჩართულნი არიან სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში, თუმცა, მიუხედავად ამ დახმარებებისა, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანაში მოქმედი მიზნობრივი სოციალური დაცვის ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები სრულფასოვნად ვერ პასუხობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, განვითარებასა და სიცოცხლეს.

„გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, გამოწვევად რჩება მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევების განვითარება, ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მექანიზმების დანერგვა და ეფექტიანი სოციალური მუშაობის წარმართვა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა

„ოცნების“ მთავრობამ საქართველოში უვიზოდ შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება 1 წლამდე შეუმცირა.

უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ვადის ჯერ 2 წლამდე, შემდეგ კი 3 წლამდე გაზრდის შესახებ თავის დროზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო.

„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.“

ამასთან, „უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე. ეს პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“ – აღნიშნულია „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 2 აპრილის დადგენილებაში.

იმ ქვეყნების [მათ შორის რუსეთის ფედერაციის] ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, აქვთ საქართველოში სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. გამონაკლისი ამ დრომდე იყო უკრაინა და ჩინეთი.

ამიერიდან გამონაკლისი იქნება ჩინეთი, რადგან „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის“.

____________________

ფოტოზე: უკრაინის დროშა ბათუმში, აქციაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

რატომ მოვიდა გაზის მაღალი გადასახადი? – „სოკარის“ განმარტება

„ბათუმელებს“ არაერთმა მოქალაქემ მიმართა კითხვით, რატომ მიიღეს აპრილში გაზზე წინა თვეებთან შედარებით გაზრდილი გადასახადი. ზოგიერთი მოქალაქე აცხადებს, რომ გაზის გადასახადი წინა თვესთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.

„ბათუმელები“ კომპანია „სოკარს“ დაუკავშირდა. აქ ამბობენ, რომ აბონენტების ნაწილს დაემატა ის თანხა, რომელიც „სოკარმა“ წინა თვეში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ამოიღო:

„თებერვლის თვეში, დიდთოვლობის გამო, ვერ მოხერხდა ნაწილი აბონენტების მრიცხველებამდე ფიზიკურად მისვლა და ანათვალის აღება.

ამ აბონენტებს პირობითად დაერიცხათ წინა წლის, იმავე თვის მოხმარების ხარჯი, რომელიც გასწორდა მარტის დარიცხვის დროს“ – მოგვწერეს „სოკარიდან“.

კომპანიაში ასევე განმარტეს, რომ მრიცხველის ჩვენების ნახვა და ინფორმაციის გადამოწმება თავად აბონენტებსაც შეუძლიათ მათთან დაკავშირების შედეგად – ცხელი ხაზი: 16 114. 

მოქალაქეს ასევე შეუძლია მიმართოს ენერგოომბუდსმენს,

„ფიზიკურ პირს შეიძლება მეილების კონტროლიც დაუწესონ“ – საიას თავმჯდომარე ახალ რუსულ კანონზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ პარლამენტის მიერ ახალი რუსული კანონის მიღებას, რომელსაც „ოცნება“ ამერიკული კანონის ანალოგს უწოდებს.

„აი, რა კანონი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. FARA-ს სახით:

„საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომლებიც უცხოური პრინციპალის აგენტები არიან და ვალდებულნი არიან დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს“.

ანუ დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ, თუ ადრესატი 2-ზე მეტი პირია. ეს ნიშნავს იმას, რომ მეილის რამდენიმე ადრესატთან გაგზავნამდე, მისი დრაფტი უნდა გაეგზავნოს რაჟდენ კუპრაშვილს 2 ეგზემპლარად“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

  • რა ხდება?

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2 აპრილს ხელი მოაწერა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, რომელზეც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ის არის ამერიკული FARA-ს ანალოგი და კანონი სიტყვასიტყვით ნათარგმნია.

კანონი საკანონმდებლო მაცნეზე პირველ აპრილს გამოქვეყნდა და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

ხსენებული აქტი აშშ-ში მიიღეს გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ. FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.

ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადებით, აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.

არაერთი კვალიფიციური სამართლებრივი შეფასება ამბობს, რომ ქართულ რეალობაში FARA-ს გადმოტანა შეუძლებელია, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამერიკაში ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებსა და პრინციპებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 919 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390]
  • ტანკი – 10 521 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 21 902 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 25 625 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 348 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 123 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 597 ერთეული [+92]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 123 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 42 775 ერთეული [+88]
  • სპეცტექნიკა – 3 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 49 562 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 644 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 533 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 198 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 624 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ზელენსკი: კრემლი დასცინის დასავლეთის მცდელობებს, აღადგინოს მშვიდობა

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვინ არის მოსამართლე, რომელმაც „სკინტლის საქმე“ განიხილა – მისი ქმარი და დაც მოსამართლეები არიან

ლიანა კაჟაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც სკანდალური „სკინტლის საქმე“ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც სკინტლს ძროხებს აჭმევდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაახლოებით 5 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.

ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ლაშა პაპაშვილის საწარმო „ყვარლის ბაგაში“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდნენ. მის საწარმოში ყიდულობდნენ [შესაძლოა, ახლაც ყიდულობენ] რძეს კომპანიები: „აგროჰაბი“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“.

დავის საგანი ასეთი იყო: ლაშა პაპაშვილის კომპანია „ყვარლის ბაგამ“ სასამართლოში კომპანია „ჩირინას“ უჩივლა: ქათმის სკინტლი რომ  მომყიდე, არ ვარგოდა, საქონელი დამეხოცა და რძეც გამიფუჭდაო.

მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის დეკემბერში კომპანია „ჩირინას“ ზუსტად 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ.  „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და მოსამართლე კომპანია „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ მიკერძოებული იყო.

ქათმის ნაკელის გამოყენება საქონლის კვებისთვის აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნაკელის ცხოველის საკვებად გამოყენება 2023 წლიდან აკრძალულია საქართველოშიც. თუმცა ბიზნესმენი, რომელიც სკინტლით კვებავდა ძროხებს, არავის დაუსჯია – ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და პირიქით, სასამართლო დავაც მოიგო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ლიანა კაჟაშვილს იურიდიული ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუმთავრებია, თუმცა ამ მოსამართლის მაგისტრატურა ბიზნეს-ინჟინერინგის მიმართულებით აქვს დასრულებული. ლიანა კაჟაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში ჯერ კონსულტანტის პოზიციაზე, შემდეგ კი, ამავე სამსახურში ადვოკატად მუშაობდა 5 წელი. ლიანა კაჟაშვილი 2021 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

ლიანა კაჟაშვილის ქმარი – ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა 2021 წლიდან უვადოდ არჩეული, ლიანა კაჟაშვილის და – გულიკო კაჟაშვილი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

გულიკო კაჟაშვილი

ესტონეთმა გულიკო კაჟაშვილი 2025 წელს დაასანქცირა. ამ მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა პროევროპული აქციის მონაწილეების დასჯაში – მაგალითად, ბათუმელ სტუდენტებს ელიზბარ ჩხიკვაძეს და ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საიას შეფასებით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი.

ბსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 11 აპრილს ჩატარდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 აპრილს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. სტუდენტები ფაკულტეტების თვითმმართველობის ახალ წევრებს აირჩევენ.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირება შეეძლო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, გარდა ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტისა.

თვითმმართველობის არჩევნები ორეტაპიანია: პირველ ეტაპზე ბსუ-ში არსებული 7 ფაკულტეტიდან 108 წევრი უნდა აირჩიონ. შემდეგ არჩეული წევრები მოიწვევენ საერთო კრებას, რომელ კრებაზეც საკუთარი რიგებიდან თვითმმართველობის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

იმისათვის, რომ სტუდენტი თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდეს, მას მხარი თვითმმართველობის წევრთა 1/3-მა უნდა დაუჭიროს, ხოლო თავმჯდომარე ის გახდება, ვისაც წევრთა უმრავლესობა მისცემს ხმას.

ფაკულტეტების მიხედვით თვითმმართველობაში ასარჩევ სტუდენტთა კვოტა ასეთია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 26 სტუდენტი; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კვოტა – 12 სტუდენტი; იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი –  13 სტუდენტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი –  23 სტუდენტი;  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი – 17 სტუდენტი; ტურიზმის ფაკულტეტი – 6 სტუდენტი;  ტექნოლოგიური ფაკულტეტის კვოტა – 11 სტუდენტი.

ბსუ-დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი დელეგატობის მსურველმა 159-მა სტუდენტმა შეიტანა.

განაცხადების გადარჩევის შემდეგ კი საბოლოოდ ბსუ-ს 155 სტუდენტი დარეგისტრირდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის და ფაკულტეტის საბჭოს წევრი გახდება არჩევნებში მონაწილე საუკეთესო კანდიდატი.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა უფლებამოსილების ვადა 2 წლით განისაზღვრება.

„ამ მთავრობის მომხრეც კი ცდილობს შვილი მექსიკის გავლით გადმოიყვანოს“ – ემიგრანტი აშშ-დან

საფრთხის შემცველი და არაჯანსაღი გარემო, მომეტებული აგრესია და შვილისთვის კარგი განათლების მიცემის სურვილი – ის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები იყო, რის გამოც ნინია კაპანაძემ და მისმა მეუღლემ 5 წლის წინ საქართველო დატოვეს და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ. ნინია გვიყვება, რომ პრობლემები, რომლებიც ახლა ქვეყნის დღის წესრიგში მწვავედ დგას, ხუთი წლის წინაც ხილული იყო მისთვის.

ნინია უკვე ხუთი წელია ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოსთან ყოველდღიური კავშირი აქვს, კარგად იცის რა ხდება დღეს თბილისის ქუჩებში და მთელ ქვეყანაში. იცის, ვის როგორ უჭირს და ვინ რაზე სწუხს, იზიარებს პროევროპული აქციების მონაწილეების მოთხოვნების შინაარსს და ცდილობს დაეხმაროს მათ ისე, როგორც ეს ემიგრაციიდან არის შესაძლებელი.

ნინია თავადაც აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, როცა ემიგრანტები ცდილობენ ქვეყნის ხმა მსოფლიოს გააგონონ.

„წლის განმავლობაში 2 თვეს ვატარებ საქართველოში. როცა ბავშვი გყავს, ყველანაირ პრობლემას აწყდები. ქუჩაში სასეირნოდ გადიხარ – სასეირნო ეტლის გზა არ არის, პარკინგის სისტემა არ არის ნორმალური, სულ მქონდა პრობლემა, სულ ვაპროტესტებდი. გარდა ამისა, ქუჩაში რომ გავდიოდი იმდენი მიუსაფარი ცხოველი იყო…

შემდეგ დავფიქრდი, განათლება სად უნდა მიეღო ბავშვს. ერთ- ერთ პრესტიჟულ სკოლაში მივედით გასაუბრებაზე, საქართველოში ძალიან პრესტიჟულ სკოლაზე ვსაუბრობ, დირექტორი გვეკითხება, საიდან გაიგეთ ამ სკოლის შესახებო. მეუღლემ უპასუხა, რომ მისი მოსწავლეები ამ სკოლაში დადიან, დირექტორმა – მათზე უკეთესი ბავშვებიც გვყავსო. ჩემი მეუღლისთვის ეს იყო ისეთი გასაოცარი… რას ჰქვია „კარგი და ცუდი ბავშვი“?! ეს იყო ძალიან გასაოცარი მისთვის, როგორც პედაგოგისთვის. კულტურული შოკი მივიღეთ, რანაირად შეიძლება არჩევდე ბავშვებს სკოლის დირექტორი, რომელმაც უნდა მისცე მაგალითი, მასწავლებლებს, პედაგოგებს“.

ნინიას მეუღლე სხვადასხვა ქვეყანაში ასწავლიდა ინგლისურ და ესპანურ ენებს, დაოჯახების შემდეგ წყვილი საქართველოში გეგმავდა ცხოვრებას და შვილის გაზრდას, თუმცა იძულებულები გახდნენ გადაწყვეტილება შეეცვალათ:

„მეუღლე ლექტორია, ინგლისური და ესპანური ენის პედაგოგი. ის ამერიკელია. როდესაც ოჯახი შექმენით და ერთად ცხოვრება დავიწყეთ გვინდოდა საქართველოში გაგვეზარდა შვილი, თუმცა სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ.

დღესაც ვერ ვხედავ მზაობას, რომ შემიძლია საქართველოში დავბრუნდე. სანდო და უსაფრთხო გარემო არ არის.

რომ მივდივარ სკვერში, იქაც თავზე ვადგავარ ჩემს შვილს. შუაგულ ცენტრში ვიღაცის უპასუხისმგებლო სამუშაოებმა შეიწირა ბავშვის სიცოცხლე, ბევრი შემთხვევა მოხდა, წყნეთში, ბათუმში…

ყოველდღე, ვიდრე გავხსნი ახალ ამბებს, მეშინია, კიდევ რა ტრაგედია შეიძლება მოვისმინო ჩემი ქვეყნიდან.

არანაირი საევაკუაციო სისტემები სახლებში, როდესაც ხანძარია, არანაირი დაცვა… გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, საქართველო პირველი ქვეყანაა და ყველაზე მეტად მიყვარს.

ნინია გვიყვება იმ მოდელზე, რასაც ამერიკული განათლების სისტემა სთავაზობს ბავშვს:

„ყველაზე დიდი პრობლემა მოდის განათლებიდან. სამწუხაროდ იმ პრესტიჟულ სკოლებშიც, ჩემი მასწავლებელი იყო ჩემი მშობლის მასწავლებელი და ახლაც ის პედაგოგები ასწავლიან. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ასაკის გამო, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით ძალიან დაბალ დონეზეა ქართული განათლება დღეს და აქედან მოდის ყველანაირი პრობლემა.

ჩემი შვილი რასაც სწავლობს ახლა სკოლაში, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც სწავლობენ ბავშვები, მაგალითად, პირველ კლასში. ჩემი შვილი სწავლობს, როგორ მუშაობს სისტემა, ქალაქი როგორ მუშაობს, პოლიცია როგორ მუშაობს, რომ შენი დაცვა ევალება. როგორ მუშაობს დასუფთავების სამსახური, როგორი უნდა იყოს შშმ პირებისთვის ქალაქი. სწავლობს საკუთარი თავის შეცნობას, მის ვალდებულებას და იმასაც, სახელმწიფოს რა ვალდებულება აქვს მის წინაშე. ჩვენთან ეს უკანა პლანზეა გადასული, რაც ძალიან მაწუხებს, როგორც მშობელს“.

ნინია ჩვენთან საუბარში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გარემოს უსაფრთხოებაზე, ის მათ შორისაა, ვინც ყოველდღე ამოწმებს რამდენად სუფთაა ჰაერი:

„რომ ვიღვიძებ, ყოველდღე შევდივარ და ვნახულობ, როგორი ჰაერია, როგორია მაჩვენებელი. საქართველოში ბავშვებს არ დაუტოვეს მწვანე სივრცე, რომ ბავშვობა გაატარონ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში. არ არის ისეთი პარკი, სადაც შეიძლება ბავშვმა ისიამოვნოს. თუ წვიმიანი ამინდია, ბავშვს არ აქვს სივრცე, სადაც თავს შეაფარებს. არც ბიბლიოთეკებია ბავშვებისთვის, არც ისეთი გასართობი ცენტრები, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი და რაც არის, არც ისე ჯანსაღად გამოიყურება. არ აქვს მშობელს არჩევანი, სად უნდა შეიყვანოს ბავშვი, როდესაც ცუდი ამინდია.

არაფერი არ ხდება ბავშვისთვის, არ სუნთქავს ბავშვი სუფთა ჰაერს, არ აქვს განათლება, არ აქვს უსაფრთხო სივრცე და ყველაფერთან ერთად დაძაბული და სტრესული გარემოა ირგვლივ, სადაც ადამიანებს აღარ აქვთ თავის თავში ის რესურსი, რომ მოიძიონ ენერგია და მეორე ადამიანს თბილად გასცენ პასუხი, ღიმილით ისაუბრონ. აგრესიული გარემოა ძალიან“.

ნინია ფიქრობს, რომ სიდუხჭირის გამო ადამიანებმა ემპათიის უნარი დაკარგეს:

„ადამიანებს არ აქვთ ემპათია. დილით წავიკითხე, რომ ვიღაცა ვიღაცას ურტყამს, სხვა ადამიანი ჩემი ახლობლებიდან წერს, დაიმსახურა და იმიტომო. ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ვისი მხარეა. ადამიანს რომ მოგწონს ის, რომ ვიღაცას ურტყამენ, ვიღაცას ჩაგრავენ, ვეღარ ვხდები ამ ადამიანთან რა ურთიერთობა შეიძლება გავაგრძელო. ძალიან ბევრი ადამიანი წავშალე სოციალური ქსელიდან.

ვიღაცას რომ ჩაგრავს სისტემა შენ რა გაბედნიერებს? – რეჟიმი როცა ჩაგრავს, შენც მოგაკითხავს, სხვასაც მიაკითხავს… მე მყავს ბევრი ისეთი მეგობარი, რომლებიც აქტიური მხარდამჭერები იყვნენ ამ რეჟიმის ერთ-ერთის ძმა ციხეში მოხვდა, ერთ-ერთი მეგობრის ოჯახის წევრი ჩაცხრილეს მანქანაში. ვის როდის მიაკითხავს რაჟიმი არავინ იცის“.

ნინიას ბევრ ემიგრანტთან აქვს ურთიერთობა, რომლებმაც ოჯახები დატოვეს იმისთვის, რომ გადაარჩინონ, დღეში 14 საათს მუშაობენ და თანხას საქართველოში აგზავნიან. მათგან უმეტესობა, რომელმაც ემიგრაციიდან ოჯახის გადარჩენის ტვირთი საკუთარ თავზე აიღო, ქალია:

„ქალების სიმამაცეზე დგას ქვეყანა. გაჭირვება როდესაც დადგა, ქალები წავიდნენ ისევ სამუშაოდ. ახლაც ემიგრაციაზეა დაკიდებული მთელი ქვეყანა. გადახედეთ რამდენი ადამიანია ემიგრაციაში და იქედან არჩენს ოჯახს. ძალიან მწყდება გული, რომ ადამიანები იგნორს უკეთებენ აგრესიას, ჩაგვრას და რეალურ ინფორმაციას არ ადევნებენ თვალს“. 

ნინია ამბობს, რომ პროპაგანდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ემიგრაციამდეც აღწევს:

„პირველი პროპაგანდისტული მანქანა არის ჩვენი ეკლესია. აქ, ემიგრაციაშიც, ადამიანები ლოცულობენ, დილიდან საღამომდე წერენ „უფალო შემიწყალეს“, მაგრამ მეორე ხელით აგრესიას აწერენ ხელს და იძახიან, რომ ეს ასე უნდა იყოს, „ღირსები არიან“.

ეს ჩემთვის მართლა გასაოცარია.

ჩემი 6 წლის შვილი მეუბნება – „თუ არ არის სამართალი არ იქნება მშვიდობა“. სკოლიდან მოვიდა და მოიტანა ეს ფრაზა. ანუ მან იცის, რომ სამართლიანი და თანასწორუფლებიანი უნდა იყოს ცხოვრება“.

ნინიას ვკითხეთ, როგორი იყო ემიგრანტების რეაქცია აშშ-ში, როცა „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ ისინი მოწყვეტილები არიან რეალობას რადგან შორს არიან და „ემიგრანტები საკუთარი თვალით ვერ ხედავენ იმას, რაც ქვეყანაში ხდება“.

„საქართველოს ემიგრაცია, როგორ შეიძლება შორს იყოს ამ რეალობისგან, როცა ყოველი მეორე ემიგრანტი არჩენს ოჯახს, ყოველი მეორე პოსტი იდება, როგორ დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ვიღაცის სიცოცხლე.

სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას შენს ჯანმრთელობაზე, შენს უსაფრთხო და უზრუნველ სიბერეზე. არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ, ემიგრაციამ, უნდა მოვიძიოთ ჩვენი რესურსი.

წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის ადამიანებმა დატოვეს ქვეყანა და ჩვენ გვიმტკიცებს ეს პარტია, რომ თურმე ჩვენ ვართ მოწყევეტილი რეალობას. საზოგადოება ტოვებს ქვეყანას იმიტომ, რომ არ არის ნორმალური პირობები. გამორბიან, იმიტომ, რომ რომ არ უნდათ მათმა შვილებმაც იგივე გზა გაიარონ, რასაც გადიოდნენ ბებიები, შემდეგ დედები და ახლა თვითონ“. 

ნინია გვიყვება, როგორ იდგნენ ემიგრანტები საპარლამენტო არჩევნებზე საათობით რიგებში, იმისთვის, რომ რაღაც შეეცვალათ:

„როდესაც არჩევნები იყო, იმდენი ემიგრანტი იდგა დილიდან ცხრა საათამდე, რომ ხმა მიეცა, ვერ წარმოიდგენთ… საიდან არ იყვნენ ჩამოსულები. იმიტომ, რომ დაიღალნენ ეს ადამიანებიც მუდმივ რეჟიმში ფულის გზავნით საქართველოში, დაიღალნენ, თავიანთ ცხოვრებას ვერ ირგებენ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ასე არჩენენ საქართველოში თავიანთი ოჯახის წევრებს, ბიძაშვილებს და მეზობლებსაც კი ეხმარებიან. ვიღაცის ოპერაციის ფულს ისინი იხდიან, ვიღაცის ქირის ფულს იხდიან… წარმოუდგენლად ძნელია, როცა მუდმივ რეჟიმში ვიღაცას არჩენ.

ყველას გვაქვს ცვლილების მოლოდინი, არის შიშებიც, რომ აი, ჩემი შვილი იქ არის, ჩემი ოჯახი და ღიად ამას ვერ ვიტყვი და ასე შემდეგ, მგონი შიში დათესა ამ პოლიციურმა რეჟიმმა, თუმცა როდესაც გაქვს პირადი საუბარი, ყველა მზად არის ცვლილებებისთვის.

მართლა დავიღალეთ, არაფერი არ არის კარგად. როცა ვრეკავ საქართველოში, მინდა ვინმესგან მოვისმინო – „კარგად ვარ, დღეს ეს გავაკეთე დავგეგმე ჩემი ცხოვრება…“ ეს არავისგან არ მესმის და ასეა ყველა ემიგრანტი.

ის მშობელიც კი, რომელიც ამ მთავრობის მხარდამჭერია, ცდილობს მექსიკით გადმოიყვანოს შვილი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში მომავალს ვერ დაგეგმავ – ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, არ გაქვს სათანადო პირობა, რომ იცხოვრო.

პენსიის მატება რომ იყო, იმდენად სამარცხვინო და მცირე ნაწილით მოუმატეს… ის ემიგრანტიც კი. რომელიც პენსიაზე უნდა გავიდეს, ცდილობს აქ მოიგვაროს საპენსიო საქმე და ისე წავიდეს, თუ წასვლაა. ნაკლებად ბრუნდება ადამიანი საქართველოში, იმიტომ, რომ არანაირი რესურსი აღარ აქვთ. მე მყავს მეგობრები, რომლებმაც დატოვეს აქ ყველაფერი და წავიდნენ საქართველოში, 2 წელში უკან დაბრუნდნენ…“

ნინია გვიყვება იმ სერვისებზე, რასაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს და განსაკუთრებით კი მათ, ვისაც გადახდის შესაძლებლობა არ აქვს:

„ვერავის ნახავთ ამერიკაში, თუნდაც ამ კაპიტალისტურ წყობაში, ვინც არ მიიღო დახმარება. ყველას აქვს დაზღვევა, უბრალოდ დაზღვევის სხვადასხვა ტიპებია, მაგრამ ერთი მოქალაქეც არ არსებობს, ვისაც არ აქვს დაზღვევა. ვისაც  მოქალაქეობა არ აქვთ, მათაც კი აქვთ დაზღვევა.

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ სადაც არ უნდა წავიდე დასასვენებლად, სულ მხვდებიან დედაჩემის, მამაჩემის თაობის ადამიანები, რომლებიც გავიდნენ პენსიაზე და დაკავებულები არიან სპორტით, მხიარულებით, იმდენად განსხვავებულია ეს და ისეთი ბრაზი მაქვს, რომ ჩემს მშობელს, ჩემს ბებიას, ბაბუას, ვიღაცამ წაართვა ამის უფლება, რომ სიბერე ჰქონოდათ უზრუნველი, თუნდაც ჯანდაცვის მხრივ. ჯანდაცვა უფრო მეტია, ვიდრე ექიმის მომსახურება, მაგალითად ის, რომ სპორტული აქტივობები გქონდეს, ამისთვის ცალკე კადრი ჰყავთ აქ, რომ შენთვის ჯანსაღი ცხოვრების სტილი შეარჩიოს“.

ნინია ამბობს, რომ გული სწყდება ანტიდასავლური პროპაგანდის გამო:

„ის მცირედი პროგრამებიც, რაც არის, დასავლური გრანტებით მუშაობს.ეს გრანტები თუ მოისპობა ქვეყანაში, რამდენი ადამიანი დარჩება ყველანაირი დახმარების გარეშე… ისე მრცხვენია, გელათი როგორ გააპარტახეს… დასავლური გრანტი შემოდის, ეკლესია-მონასტერს გიკეთებს და შენ მაინც ლანძღავ. ეს ძალიან სამარცხვინოა“.

ნინიასთან „ოცნების“ ახალ კანონპროექტებზეც ვისაუბრეთ:

„საქართველოში ადამიანები ყოველდღიური პრობლემებით იმ დონეზე არიან დაკავებულები… როცა იმაზე ნერვიულობ, რომ შვილისთვის საჭმელი და წამალი არ გაქვს, „ფარას“ კანონი იქნება მეორეხარისხოვანი… მასიური სიდუხჭირეა ქვეყანაში და როცა ასეთი გაჭირვება გიდგას, კანონზე ვერ ნერვიულობ“. 

შევეხეთ პოლიციის ქცევასაც:

„როცა მუნდირი გაცვია, შენი ვალდებულებაა, რომ იყო ღირსეული და როდესაც ნდობას კარგავ პოლიციელი, ეს ყველაზე დიდი ტრაგედია მგონია მე ქვეყანაში. ჩემთვის ესენი არ არიან პოლიციელები, მე მათი ნდობა აღარ მაქვს. მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა აქ, სხვა ემიგრანტებიც იმავეს ფიქრობენ“ – გვითხრა ნინიამ.

 

 

ხანდაზმულებზე ძალადობა დაწესებულებებსა და ოჯახში – რას წერს სახალხო დამცველი

საქართველოში ხანდაზმულ ადამიანებში [65+] საკმაოდ მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, ამას სახალხო დამცველის აპარატის უახლესი ანგარიშიც ადასტურებს და ხანდაზმულებს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიაკუთვნებს. 

ანგარიშში განხილულია საქართველოში ხანდაზმული ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და სისტემური ხარვეზები, რომლებიც ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უშლის ხელს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ხანდაზმულთა ზრუნვის დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმებებისა და გავრცელებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულებებში ხანდაზმულთა მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. 

აქვე ვკითხულობთ, რომ საქართველოში ხანდაზმულთა სადღეღამისო კერძო დაწესებულებებსა და ე. წ. პალიატიურ ჰოსპისებში (სადაც ძირითადად თვითმოვლის უნარის არმქონე პირები, მათ შორის, ხანდაზმულები იმყოფებიან) არ ხორციელდება სახელმწიფო ზედამხედველობა.

„იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები ავლენს მრავალ მნიშვნელოვან ხარვეზს მომსახურების ხარისხისა და უფლებების დაცვის კუთხით, კერძო დაწესებულებებში ასეთი მონიტორინგის ჩატარება კიდევ უფრო საჭიროა, რადგან კერძო დაწესებულებებში დადგენილი სტანდარტების დაუცველად ხდება ზრუნვის სერვისის მიწოდება და მინდობილია პერსონალისა და დაწესებულების ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერებაზე, რაც ხანდაზმულთა უფლებების დარღვევის დამატებით რისკებს წარმოშობს“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატისთვის გასულ წელს ცნობილი გახდა კერძო დაწესებულებებში ხანდაზმულთა სავარაუდო უფლებების დარღვევის ორი ფაქტის შესახებ. თუმცა სახალხო დამცველის მიმართვაზე, როგორც სსიპ ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, ისე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განახორციელონ მონიტორინგი იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არიან დარეგისტრირებულნი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებად.

სახალხო დამცველის აპარატს ასევე ეცნობა არაერთ პალიატიურ ჰოსპისში შესაძლო უფლებადარღვევების თაობაზე, თუმცა საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ ტიპის დაწესებულებების მონიტორინგს სახელმწიფო არ ატარებს. კერძოდ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო „მოკლებულია შესაძლებლობას კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ზემოაღნიშნული დაწესებულება, ვინაიდან პალიატიური ჰოსპისი არ არის სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში, 61+ ასაკის 1,158 მსხვერპლია გამოვლენილი, აქედან უმრავლესობა – 860 ქალია [ამასთანავე, 21 მდედრობითი 61+ ასაკის მსხვერპლია გამოვლენილი სქესის ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკით]. 

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2024 წელს სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების უმრავლესობამ ვერ შეძლო პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება.

შშმ პირთა და ხანდაზმულთა „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურების მიმღები 769 პირიდან 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 76 შშმ პირმა და ხანდაზმულმა. საყურადღებოა, რომ იმ პირთაგან, რომელთაც ვერ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, 172 პირი საერთოდ არ არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რაც მათი პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვაა.

ამავე თემაზე:

ხანდაზმულებზე ძალადობა – პრობლემა, რომელზე საუბარსაც თავს არიდებენ

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

თურქეთში ოპოზიციამ სამომხმარებლო ბოიკოტი დაიწყო – „აჩვენე, ვინ არის მთავარი“

თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებით გამოწვეული საპროტესტო ტალღა ქვეყნის მასშტაბით გადაიზარდა მომხმარებელთა ერთდღიან ბოიკოტის კამპანიაში. ბოიკოტის კამპანიას ხელმძღვანელობს მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP).

ბოიკოტის მიზანია უარის თქმა მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიების მომსახურებასა და ვაჭრობაზე, მათ შორის სურსათზე, საწვავზე, სასადილოებზე, ონლაინშოპინგებზე…

„მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა. აჩვენე, ვინ არის აქ მთავარი“, – წერია ბოიკოტის კამპანიის პოსტერზე.

თურქული გამოცემა „ბიანეტი“ წერს, რომ კამპანია სტუდენტურმა ჯგუფებმა დაიწყეს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სათავეში იყვნენ.

CHP-ის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა პირველ აპრილს სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მხარს უჭერს ბოიკოტს და საზოგადოებას შეახსენა, რომ 301 ადამიანი, ძირითადად სტუდენტები, საპროტესტო აქციების გამო გისოსებს მიღმა რჩება და ბაირამის დღესასწაულს ციხეში ატარებენ.

„მთელი გულით ვუჭერ მხარს სამომხმარებლო ბოიკოტს, რომელიც დაიწყო ჩვენი ახალგაზრდების – სტუდენტების, დედების, მამებისა და ძმების მიმართ ამ უსამართლობის საპასუხოდ. მოვუწოდებ ყველას, შეუერთდნენ ბოიკოტს და გამოიყენონ ძალაუფლება, რომელსაც ისინი ფლობენ, როგორც მომხმარებლები. სახელმწიფოს ნამდვილი მფლობელი არის ერი“, – წერს ოზელი.

ბოიკოტის კამპანიას მხარი დაუჭირა საპატიმროში მყოფმა სტამბულის მერმა იმამოღლუმ, რომელიც 23 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მისი ადვოკატები დაკავების შემდეგ იმამოღლუს ყოველდღიურ გზავნილებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

„ბიანეტი“ წერს, რომ სტამბულში მცირე ბიზნესის მფლობელებმა მხარი დაუჭირეს ბოიკოტს ქალაქის ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით ქადიქოიში, სადაც ბევრი მაღაზიის მეპატრონემ სოლიდარობის ნიშნად დახურა მაღაზია.

ასევე, თურქეთის ცხრამეტმა გამომცემლობამ გამოუცხადა ბოიკოტს მხარდაჭერა. გამომცემლობებმა განაცხადეს, რომ 2 აპრილს ყველა გაყიდვას შეაჩერებენ.

__________________

ფოტოზე: სტამბოლი, დაკეტილი მაღაზიები ქადიქოიში. ფოტო: „ბიანეტი“

 

1 ლარიც მნიშვნელოვანია – ბათუმში დაჯარიმებული სტუდენტებისთვის თანხის აგროვება გრძელდება

ბათუმში სასამართლომ პროევროპული აქციების 36 მონაწილე დააჯარიმა. სასამართლოს მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმები, ჯამში, 158 500 ლარს აღწევს. ამ ჯარიმების გადახდის შემთხვევაში სტუდენტები ულუკმაპუროდ რჩებიან.

ყველა სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია და დაჯარიმებულებს გადაწყვეტილებებიც მალე ჩაჰბარდებათ.

იმის გამო, რომ ყველა ფონდი დაყადაღებულია, დაჯარიმებულებისთვის თანხას სამოქალაქო აქტივისტები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა აგროვებენ.

„დაჯარიმებულთა უმრავლესობა სტუდენტია – ამ ქვეყანაში სტუდენტისთვის კი არა, პროფესიაში შემდგარი ადამიანისთვისაც კი 5000 ლარი, სულ მცირე, 2-3 თვის შემოსავალია.

თქვენი მცირედი მხარდაჭერა, ამ ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესია! ჩვენთან ერთად, ასევე თავად რამდენიმე დაჯარიმებულიც აგროვებს თავიანთ ანგარიშებზე და შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში, მათ ჩაურიცხოთ. თანხები დღის ბოლოს ჯამდება და გაცნობებთ სიახლეებს,“ – წერენ აქტივისტები.

პროევროპული აქციების დაჯარიმებულ მონაწილეთა დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე. ყოველი ლარი მნიშვნელოვანია.

#GE38BG0000000162685131 – მიმღები ციალა ქათამიძე

#GE47TB7002743365100007 – მიმღები მალხაზ ჭკადუა

 

 

ძლიერმა წვიმამ საბერძნეთის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია

პირველ აპრილს ძლიერმა წვიმამ საბერძნეთის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია, წყლის ძლიერმა ნაკადმა ქუჩებში ავტომანქანები წაიღო.

„როიტერსი“ წერს, რომ საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე, მათ შორის პაროსსა და მიკონოსზე, ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და სეტყვის გამო დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ მგზავრობას.

პაროსის ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ტალახიან წყლებში ჩარჩენილი ავტომანქანების ევაკუაციას მას შემდეგ, რაც ორშაბათს, გვიან საღამოს კოკისპირულმა წვიმამ მოიცვა კუნძული. უამინდობა დილამდე გაგრძელდა, მედია წერს, რომ მიკონოსის მდელოები ხოშკაკლით დაიფარა.

„გზები დაზიანებულია და ჩვენ გვჭირდება დახმარება მეტი მანქანებით, რათა შევძლოთ ქუჩების გაწმენდა. მთელი ეს კატასტროფა ორ საათში მოხდა“, – ციტირებს „როიტერსი“ პაროსის მერსს, კოსტას ბიზასს.

ბოლო წლებში საბერძნეთი ხშირად ზარალდება წყალდიდობით, მეცნიერები ექსტრემალურ ამინდს გლობალური ტემპერატურის ფონზე განვითარებულ წყლის დათბობას მიაწერენ.

სინოპტიკოსების ცნობით, საბერძნეთში ამ კვირაში კვლავ ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.

 

საქართველო იხრება ავტორიტარიზმისკენ – ჩეხეთის საელჩო მზია ამაღლობელის გასამართლებაზე

უკანონო პოლიტიკური პატიმრის, ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე ქვეყნის საელჩო აკვირდება.

ჩეხეთის საელჩო სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს აკეთებს და წერს, რომ „ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ იხრება“.

„ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებთან ერთად, განაგრძობს ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების მონიტორინგს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

დამოუკიდებელ, თავისუფალ და პლურალისტურ მედიას კრიტიკული როლი აქვს მოსახლეობისთვის სანდო სიახლეებისა და ინფორმაციის მიწოდებაში, საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობასა და კარგად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებაში.

მედია, როგორც მაკონტროლებელი, კრიტიკულად აკვირდება ძალაუფლების მქონე პირებს, იძიებს და აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რითაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას. დამოუკიდებელი, თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობია.

სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ – ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების შევიწროების მიზნით იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 31/03/2025

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, სწორედ მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი მზია ამაღლობელის საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ მზია ამაღლობელის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართონ.

თიბისი კამპუსი: ბიზნეს და ტექკურსების საუკეთესო სინთეზი

თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ.

თიბისისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომა პრიორიტეტია. სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებთან ერთად, თიბისი კამპუსი 18-24 წლის ახლაგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან,  სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით, საშუალებას აძლევს დაეუფლონ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს.

პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ ცოდნასთან ერთად,  თიბისი კამპუსის კურსდამთავრებულებს, მისცემს შესაძლებლობას, ამ დარგებში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გაუმკლავდნენ თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო მიმართულებით.

„გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი. ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე, რაც არ მეგონა საერთოდ რომ მარკეტინგს ეხებოდა. ბევრი სტერეოტიპიც დამემსხვრა. სამომავლო დასაქმებისთვის ციფრული მარკეტინგის ცოდნა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რადგან ამ მიმართულებას დღეს უკვე ყველა კომპანია იყენებს“ – კესო მეჭურჭლიშვილი, „თიბისი კამპუსის“ კურსდამთავრებული.

თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის ინტერესებს და კამპუსის პირველი ნაკადის მონაწილეებთან უკუკავშირის საფუძველზე წელს, არსებულ კურსებთან ერთად, სრულიად ახალ მიმართულებებს შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ პროგრამების რეგისტრაციის გახსნის თარიღებს და სიახლეებს ვებგვერდზე.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

დემონსტრანტების ცემა სახეში ფეხით, სექსუალური ძალადობის მუქარა და სხვა – რა წერია ახალ ანგარიშში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, არასათანადო მოპყრობისა და უფლებების დარღვევების საგანგაშო ქცევის მოდელებს განიხილავს.

საიას ცნობით, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ (OMCT), წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან (IRCT) და დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან (IFEG) ერთად, 2024 წლის 17-24 დეკემბერს თბილისში ჩაატარა ფაქტების დამდგენი მისია.

მისია განხორციელდა Omega Research Foundation-ის და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის, საიას, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა და ადამიანის უფლებების ცენტრის მხარდაჭერით.

ანგარიში ეყრდნობა აღნიშნული მისიის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებს და მომზადებულია OMCT-ის, Omega Research Foundation-ის, საიას, GCRT-ისან და PHR-ის მიერ.

ანგარიშში დოკუმენტირებულია საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული ძალადობრივი ტაქტიკები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ბუნების მიუხედავად, საპოლიციო ძალები, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, რეგულარულად არბევდნენ აქციებს, რისთვისაც ინტენსიურად იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებსა და ნაკლებად ლეტალურ იარაღს, როგორიცაა: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ქიმიური გამაღიზიანებლები იყო შერეული. 

სპეციალური დანიშნულებს რაზმი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მხარდაჭერით, იყენებდა უკიდურეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც  მოიცავდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა:

ხანგრძლივი ცემა სახის არეში სპეციალური ხელთათმანით და ფეხით; ე.წ. „ცემის კორიდორებში“ გატარება; სტრესულ პოზიციაში მოთავსება; სამედიცინო დახმარებაზე უარი; მკვლელობისა და სექსუალური ძალადობის მუქარა. აღნიშნული ტიპის ძალადობა გამოიყენებოდა განურჩევლად, მათ შორის ბავშვებისა და შშმ პირების მიმართ. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შესწავლილი მტკიცებულებების მიხედვით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა იყო სისტემატური, ხოლო ძალადობაში მონაწილე პოლიციელები აღნიშნულს ქმედებებს ზემდგომთა დავალებით ახორციელებდნენ.

ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული უსაფუძვლო დაკავების პრაქტიკაზე, თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე, ეფექტიანი გამოძიების არარსებობაზე და რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს და მისი სპეციალური პროცედურების მიმართ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიმართ და ეუთოსა და გაეროს წევრი სახელმწიფოების მიმართ. ანგარიში, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, მოუწოდებს მათ:

  • მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ  წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემატური პრაქტიკა, პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნა და სხვა უკანონო ქმედებები;
  •  გამოიყენონ რეგიონული და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები. მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ აქტიური მონიტორინგი გაუწიოს არსებულ სიტუაციას. ასევე, გამოიყენონ ისეთი საგამოძიებო მექანიზმები, როგორიცაა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი;
  • დაესწრონ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების პროცესებს, რათა შეაფასონ სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოხატონ სოლიდარობა და საერთაშორისო ყურადღება მიაპყრონ მათ საქმეებს, რამაც შესაძლოა სახელმწიფოს ხელი ააღებინოს მათი უფლებების დარღვევებზე;
  • მხარი დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც უფლებების დარღვევების დოკუმენტირებაში და ასახვაში, მსხვერპლების რეაბილიტაციაში, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებაში მონაწილეობენ; მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად დაგმონ მათი საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და რეპრესიული კანონმდებლობა;
  • განიხილონ ტარგეტირებული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების დარღვევებში ჩართულ მაღალი თანამდებობის პირებისთვის.

_______________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, 2024 წლის 3 დეკემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

ბათუმში სტუდენტები ჯარიმის ფულს აგროვებენ – „ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, სწავლის უფლება წამართვეს“

ბოლო რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეებს მასობრივად აჯარიმებენ.  ჯარიმა გამოუწერეს ბათუმის საპროტესტო აქციის არაერთ მონაწილეს, მათ შორის, სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა და დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაზარდა.

როგორ მოახერხებენ სტუდენტები ჯარიმის გადახდას, როცა 5 000 ლარი მათთვის რამდენიმე თვის ბინის, გზის, საკვებისა და ყოველდღიური ხარჯია?

20 წლის ელიზბარ ჩხიკვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის 5 000 ლარით დააჯარიმეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე ზებრაზე გადასვლისთვის 31 იანვრის ღამეს. იმავე მიზეზით ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციის 30-მდე მონაწილე დააჯარიმა.

„დღეს თითქმის ყველა სტუდენტს უჭირს საქართველოში. ცხადია, რომ რესურსი არ მაქვს ამ ჯარიმის გადახდის. მართალია, ვაგრძელებ სწავლას უნივერსიტეტში, თუმცა ხშირად ვეღარ მივდივარ. ჯარიმის ფული უნდა დავაგროვო და სამსახური დავიწყე.

ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე ვმუშაობ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გადავიხადო ჯარიმა, თორემ ყველაფერი დამებლოკება და გამეთიშება“, – გვითხრა სტუდენტმა.

ელიზბარ ჩხიკვაძე – ედო მჟავანაძის ფოტო

ელიზბარ ჩხიკვაძემ მუშაობა თევზის რესტორანში დაიწყო ბარმენის პოზიციაზე:

„მე ქირით ვცხოვრობ და ეს 5 000 ლარი მყოფნიდა ერთი წლის ქირის საფასურის დაფარვისთვის. მხოლოდ საკვებისთვის ნახევარ წელიწადს მაინც მეყოფოდა. ახლა ეს ჯარიმაც რომ დამემატა, პლუს ქირაშიც რომ ვცხოვრობ, ძალიან გამიჭირდა ეკონომიკურად და ამის გამო დავიწყე მუშაობა და სწავლისთვის ვეღარ ვიცლი. ჩემს ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დამეხმაროს.

აქამდე ვერ ვმუშაობდი სწავლის და საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობის გამო. რა თქმა უნდა, აქციებზე ამის შემდეგაც ვივლი. ამით უნდოდათ, რომ შევეშინებინეთ, აქციებზე აღარ გამოვსულიყავით და ეს პროტესტი ჩაეხშოთ, მაგრამ – პირიქით. უფრო გავძლიერდებით, უფრო მხნედ ვიქნებით და ვიდგებით აქციაზე, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ მივაღწევთ.

ხელისუფლებამ მიაღწია მიზანს, ულუკმაპუროდ დაგვტოვა სტუდენტები, მაგრამ ვერ შეგვაშინეს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მშივრებიც და მოწყურებულებიც.

ჩემ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სწავლის უფლება წამართვეს. ვეღარ ვახერხებ, რომ სწავლის საფასური გადავიხადო და დიდი ალბათობით შემიჩერდება სტატუსი. ფული, რომელიც სწავლის საფასურის გადასახდელად მქონდა, ახლა ამ ჯარიმის გადახდას უნდა მოვახმარო“, – გვითხრა ელიზბარ ჩხიკვაძემ.

ელიზბარ ჩხიკვაძე 12 იანვრის ღამეს, ბათუმის საპროტესტო აქციაზე დააკავეს კიდეც. მას მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ზებრაზე გადასვლისთვის დააჯარიმეს ბსუ-ს კიდევ ერთი სტუდენტი, 24 წლის მათე ცენტერაძე. მათეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია „სტენსილის გაკეთებასაც“ ედავება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ქვემუხლით. ამ საქმეზე სასამართლო ჯერ არ არის ჩანიშნული.

„აქამდე ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იყო, რაც საკმაოდ ადეკვატურია, მაგრამ… იურისტი ვარ პროფესიით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არის გამოსასწორებელი…

5 000 ლარი ნამდვილად არ გამოდის აღმზრდელობითი ფუნქციის მატარებელი სტუდენტისთვის, რომელსაც ალბათ ერთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ 5 000 ლარი გამოიმუშაოს და საერთოდ, ჩემს ოჯახსაც კი ერთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ 5 000 ლარი ჯარიმისთვის გამოიმუშაოს ქირასთან, კომუნალურებთან და სხვა ყოფით პრობლემებთან ერთად.

ეს წარმოუდგენელია. 30 ადამიანი დაგვაჯარიმეს ბათუმში და უმეტესი სტუდენტები ვართ, რომლებსაც შემოსავალი ან არ გვაქვს, ან გვაქვს მინიმალური, საარსებო“, – ამბობს მათე ცენტერაძე.

მათეს ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„მე მქონდა ხელფასი 800 ლარი და აქედან ქირას ვიხდიდი 550 ლარს. ასეთ მოცემულობაში, ალბათ 2 წელი დამჭირდებოდა ჯარიმის ფულის შესაგროვებლად. 5 000 ლარი ნახევარი წლის საჭმელია ჩემთვის მეტი თუ არა. ჩემი ოჯახი ჩემ დახმარებას ვერ შეძლებს.

აქამდე დაკავებულიც ვიყავი და ეს ყველაზე დიდი შიში იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც გადავლახე, იმიტომ, რომ ყოველთვის მეშინოდა იმ მარტოობის, რასაც ალბათ საკანში განიცდიან ხოლმე. თუ ამის გადალახვა მოვახერხე, ჯარიმა ვერანაირად ვერ გატეხს ჩემს ენთუზიაზმს, რომ ვიბრძოლო ჩვენი მომავლისთვის.

ამ ყველაფერმა ხალხის თანადგომის და ერთიანობის იმედი უფრო გამიჩინა“ – გვეუბნება სტუდენტი.

მათე ცენტერაძე

მათე ცენტერაძე 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

მისი თქმით, ყველა იმ ცვლილების მიზანი, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა, სტუდენტებისა და აქციის მონაწილეების დაშინების მცდელობაა.

„ისინი საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცდილობენ. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც უკვე დაგვაჯარიმეს ან ახლა დააჯარიმებენ, მარტო არ დარჩებიან.

ის ხალხი, ვინც საპროტესტო აქციებში ვიღებთ მონაწილეობას, სოლიდარულები ვრჩებით ერთმანეთის მიმართ და ერთიანი, ამიტომ არ მგონია, რომ ფინანსური პრობლემების შექმნა აქტივისტების მიმართ რაიმე დაბრკოლებას წარმოადგენდეს“ – ამბობს მათე.

კიდევ ერთი დაჯარიმებული სტუდენტი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, არჩილ ბერიძეა.

არჩილი ამბობს, რომ ის ჯარიმის გადახდის ერთადერთ გზად მოქალაქეების შემოწირულებას ხედავს. ამ თხოვნით მან, როგორც სხვებმა, პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე. სტუდენტი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდისთვის საჭირო თანხა, 5 000 ლარი ჯერ არ შეგროვებულა, მაგრამ მოლოდინი აქვს, რომ შეგროვდება.

„ახლა არ ვმუშაობ, რადგან ბოლომდე საპროტესტო პროცესში ვარ ჩართული და ფიზიკურად შეუძლებელი ხდება… მე თან ვსწავლობ“, – ამბობს სტუდენტი და ყურადღებას ამახვილებს საქართველოში დასაქმებულების საშუალო ხელფასზე. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც ვერ მოახერხებდა საკუთარი ძალებით ჯარიმის გადახდას, თუ ექნებოდა სამსახური, რადგან ხელფასი ყველგან მცირეა, განსაკუთრებით კი – სტუდენტებისთვის.

„5 000 ლარი ალბათ 8-9 თვის კვების ფულია ჩემთვის. აქამდე მიმტანად ვმუშაობდი. ხელფასი არ იყო შესაბამისი, ძირითადად „თიფსებზე“ ვიყავი დამოკიდებული.

მცირე დანაზოგი მქონდა და იმით ვირჩენდი თავს. ფონდებიც დამეხმარნენ – სწავლის საფასური გადამიხადეს და ქირის გადახდაშიც დამეხმარნენ.

ჩემი ოჯახი ფიზიკურად ვერ დამეხმარება, ეს შეუძლებელია. როცა ვმუშაობდი, პირიქით, მე ვეხმარებოდი.

დედამ ინსულტი გადაიტანა და მწოლიარეა, მკურნალობა სჭირდება და ამიტომ“, – გვითხრა არჩილმა.

არჩილ ბერიძე

სტუდენტის თქმით, მის შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მიაღწია მიზანს, მისი შეშინება ვერ შეძლო:

„თითქმის ყოველდღე დავდივარ აქციებზე. ჩემი აზრით, ჩვენმა დაჯარიმებამ ცოტათი იმოქმედა სხვებზე, იმიტომ, რომ სტუდენტობის ჩართულობა ცოტათი შემცირდა, ვიდრე აქამდე იყო. ცემა-ტყეპამ, ძალადობრივმა გზებმა არ გაამართლა პროტესტის მუხტზე, მაგრამ ფინანსურმა წნეხმა იმოქმედა“, – ამბობს სტუდენტი.

მას ფონდების დაყადაღების შესახებაც ვკითხეთ.

„ამ სიტუაციაში ფონდების დაყადაღება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ყველა გაგვიმეტა რეჟიმმა, სტუდენტებიც, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები…

ფონდების დაყადაღება შესაძლოა სიკვდილისთვის გაწირვაც იყოს, იმიტომ, რომ ერთადერთი გზა იყო დახმარების სათხოვნელად“, – გვითხრა არჩილ ბერიძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით აქციის მონაწილეებზე გზის სპონტანურად გადაკეტვის მუხლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს.

საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების მასობრივ დაჯარიმებებს რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქზე გამოეხმაურა საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, კონსტიტუციის დარღვევაა:

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს.

5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია.

ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება.

თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველდღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს“ – დაწერა ფეისბუქზე ნონა ქურდოვანიძემ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 918 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410]
  • ტანკი – 10 515 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 21 880 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 25 576 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 347 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 123 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 505 ერთეული [+43]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 123 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 42 687 ერთეული [+41]
  • სპეცტექნიკა – 3 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 49 424 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 632 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 533 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 172 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 592 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ზელენსკი: კრემლი დასცინის დასავლეთის მცდელობებს, აღადგინოს მშვიდობა

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელს 2 საათი ხელბორკილი ედო – რა გავიგეთ პოლიციელ კერესელიძის „აღიარებითი ჩვენებით“

„თქვენ ადასტურებთ, რომ დაახლოებით 2 საათი ქალბატონი მზია ოთახში იმყოფებოდა ხელზე ბორკილდადებული?“ – ჰკითხა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, კახა წერეთელმა მოწმე გამომძიებელს, რომელიც გისოსებს მიღმა მყოფი მზია ამაღლობელის პირისპირ იდგა.

„დიახ, იმყოფებოდა,“ – ნიშნის მოგებასავით გამოუვიდა პასუხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელ თამარ კერესელიძეს.

მართალია, 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი სხვა პირმა დააკავა, თუმცა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები სწორედ გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ შეადგინა.

მზია ამაღლობელის საქმის სხდომაზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 31 მარტს გაიმართა, შსს-ს გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ დაადასტურა, რომ დაკავებული მზია ამაღლობელი მას წინააღმდეგობას არ უწევდა, თუმცა მას ბორკილები მაინც დაადო. 

მზია ამაღლობელის მიმართ დაკავების შემდეგ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა მოხვდა სახალხო დამცველის ახალ ანგარიშშიც: „ქალი დაკავებული მიუთითებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და პოლიციის უფროსის მხრიდან შეფურთხებაზე“. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მზია ამაღლობელს მანამდე შეხვდა, ვიდრე იქ სამსაათიანი ლოდინის შემდეგ ადვოკატებს შეუშვებდნენ.

მზია ამაღლობელის თქმით, პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მას არ აძლევდნენ წყლის დალევის უფლებას და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. ეს შემთხვევა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

31 მარტს გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ მოსამართლეს ვერ უთხრა, რომელი სამართლებრივი ნორმით იმოქმედა, როცა მზია ამაღლობელი მინიმუმ 2 საათი ბორკილდადებული დატოვა. ოთახი, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მესამე სართულზეა და ამ ოთახში გამომძიებლის გარდა იყო მართლწესრიგის კიდევ ორი ოფიცერი.

თამარ კერესელიძეს, ვისთვისაც კანონის დაცვა უპირველესი ვალდებულება უნდა იყოს, მოსამართლისთვის არ მორიდებია იმის თქმა, რომ ის ასეთ შემთხვევაში „პრაქტიკას“ მიჰყვება.

„გაგეცინებათ და ისევ პრაქტიკას მივმართავ… ეს რისკები მე შევაფასე ისე, რომ მისთვის ხელბორკილი უნდა გამეკეთებინა,“ – გაღიზიანება დაეტყო ადვოკატების შეკითხვების შემდეგ გამომძიებელს. ადვოკატმა მას ჰკითხა, კონკრეტულად რა სამართლებრივი დასაბუთებით მიიღო მზია ამაღლობელისთვის ხელბორკილის დადების გადაწყვეტილება.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მოქმედებს კანონით, თუ პრაქტიკით?“ – ჰკითხა მას ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

„ვინ მოგცათ ჩემი ჩხრეკის და ხელბორკილის დადების ბრძანება?“ – გისოსებიდან ჰკითხა მოწმე გამომძიებელს მზია ამაღლობელმა.

„ბრძანება ხელბორკილებთან დაკავშირებით არ ხდება და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. პოლიცია თავისი დისკრეციიდან გამომდინარე იყენებს ამ შესაძლებლობას… ბადრაგის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაგიკეთათ ხელბორკილი“ – თქვა გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ.

„მე რამე წინააღმდეგობა გაგიწიეთ?“ – ჩაეკითხა მოწმეს მზია ამაღლობელი.

„არა, არანაირ წინააღმდეგობაზე საუბარი არ იყო. მაშინაც განგიმარტეთ, რომ ეს არის პოლიციის სპეციალური საშუალება“, – მიმართა ბრალდებულს თამარ კერესელიძემ.

„ხელბორკილი წინ დამადეთ, თუ უკან?“ – ისევ მიბრუნდა გამომძიებელს ბრალდებული.

„უკან,“ – თქვა მოწმემ.

„ხომ იცით, რომ ტყუით?“ – ბრალდებული გამომძიებელს უყურებდა ისევ.

„არ ვტყუი, ყველა საჭირო შემთხვევაში თქვენ ხელბორკილი მოგხსნეს ხელის მოსაწერად, საპირფარეშოში გასვლის დროს, ან წყლის დალევის დროს,“ – განმარტა მოწმემ.

„სადმე ვიდეო თვალი არსებობს – თქვენს სამუშაო ოთახში, დერეფანში, ან კიბეზე?“ – იკითხა მზია ამაღლობელმა.

„არა,“ – გადაჭრით თქვა გამომძიებელმა.

„მაშინ, ქალბატონო მოსამართლევ, შეუძლია ყველაფერი თქვას და დაიჯეროთ, იმიტომ, რომ ტყუის… მას ბრძანებას აძლევდნენ, რა უნდა გაეკეთებინა,“ – მიმართა მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.

„პოლიციის დეპარტამენტის შიდა პერიმეტრზე არის სადმე სათვალთვალო კამერები?“ – გამომძიებელს ამჯერად საიას იურისტი და მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე მიუბრუნდა.

„თვითონ შენობაში, სადაც მე ვარ, მესამე სართულზე, კაბინეტში, შესასვლელში და დერეფანთან – არაა. მესამე სართულზე ვიცი, რომ არაა, იქ ვმუშაობ და ვიცი,“ – თქვა გამომძიებელმა.

„რა აუცილებლობა დაინახეთ, რის საფუძველზე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?“ – გამომძიებელს ამჯერად ადვოკატმა კახა წერეთელმა მიმართა.

„ხელბორკილი, როგორც სპეციალური საშუალება, ყველა დაკავებულის მიმართ არის გამოყენებული მიუხედავად… გვაქვს „პოლიციის შესახებ“ კანონის ზოგადი განმარტება ხელბორკილის გამოყენებასთან დაკავშირებით, მე პრაქტიკაზე გეუბნებით, რომელიც მორგებულია ძირითად სამართლებრივ ნორმებთან,“ – ისევ აჭარის პოლიციის პრაქტიკასთან მიბრუნება ამჯობინა სამართალდამცველმა იმის ნაცვლად, რომ სამართლებრივ ნორმაზე ესაუბრა, რომლის საფუძველზეც ვალდებულია, რომ იმოქმედოს.

გამომძიებელ თამარ კერესელიძის დაკითხვა „მზია ამაღლობელის საქმეზე“

„ყველა დაკავებულ პირს, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ მზიას ბრალი არ ედებოდა თუნდაც ტერორიზმის ბრალდებით, პირველ რიგში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება, მე ვახსენე ფანჯარა, შესაძლებელი იყო ფანჯრიდან გადახტომა [საპროცესო მოქმედებები მესამე სართულზე მდებარე კაბინეტში ჩატარდა]…

მისი მხრიდან [მზია ამაღლობელის მხრიდან] არც აგრესია ყოფილა და რაიმე ისეთი ფიზიკური მოქმედება, მაგრამ თქვენ გაგეცინებათ და ისევ პრაქტიკას მივმართავ,“ – აქ გამომძიებელმა ის ამბები მოყვა, თაღლითობის და ფინანსური დანაშაულების მუხლით როგორ დააკავეს ადამიანები და თავის დაზიანება სცადეს.

გამომძიებელმა ასე აღწერა სიტუაცია იმ დღეს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს:

„ჩემს ოთახში წყალი გამოვიღე მაცივრიდან, დაგიდეთ წინ და გითხარით, როცა დაგჭირდებათ, დალიეთ-მეთქი“ – თქვა გამომძიებელმა და ისევ ბრალდებულს გახედა.

„ეს რანაირად? ეს სიცრუეა, ხელბორკილები დავადეო და…“ – წამოიყვირა დარბაზიდან აზა გაბუნიამ, „თავისუფლების მოედნის“ წევრმა. მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მაშინვე დაატოვებინა დარბაზი.

„დარბაზს კი ვტოვებ, მაგრამ იცოდეთ, რომ პასუხს აგებთ,“ – გამოსძახა აზა გაბუნიამ მოსამართლეს, ვიდრე მანდატურები მას დარბაზის გასასვლელამდე მიაცილებდნენ.

„ხელბორკილი როცა მეკეთა, წყალს ხელით მალევინებდით?“ – ისევ ჰკითხა გამომძიებელს მზია ამაღლობელმა და ამ შეკითხვით გამომძიებლის ვერსიის აბსურდულობას გაუსვა ხაზი.

მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე

„არა, მოგხსენით და დალიეთ. თქვენ კარგად დაინახეთ, რომ მაცივრიდან გამოვიტანე წყალი და ისიც გკითხეთ, ცივი გინდათ, თუ თბილი-მეთქი,“ – არ დაიბნა მოწმე.

„ეს იყო შემადგენელი ნაწილი ნამდვილად არაადამიანური მოპყრობის, რომელიც ქალბატონ მზიას მიმართ განხორციელდა პოლიციის დეპარტამენტში,“ – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საია-ს იურისტმა, ჯუბა ქათამაძემ.

„მან [გამომძიებელმა] არ დამალა, რომ ქალბატონი მზია დაკავების ოქმის შედგენის შემდეგ მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ხელბორკილდადებული. ეს დრო იყო 2 საათი და მეტიც, თუ გავითვალისწინებთ იმ დროს, რაც საპროცესო დოკუმენტებშია მითითებული…
არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ნორმა, რომელიც ავალდებულებს პოლიციის თანამშრომლებს, რომ უნდა დაადონ აუცილებლად ხელბორკილი ბრალდებულ პირს, თუ მისგან რეალური საფრთხე არ მომდინარეობს. ამ ოთახში კი, სადაც მზია ამაღლობელი იყო ხელბორკილით, იყო მართლწესრიგის ორი ოფიცერი და რამდენიმე გამომძიებელი. გამომძიებელმა თავად დაადასტურა, რომ არანაირი საფრთხე არ მომდინარეობდა ქალბატონ მზიასგან.

ეს არის შემთხვევა, როდესაც საპოლიციო ღონისძიება გამოიყენება რეპრესიული მიზნით,“ – გვითხრა ჯუბა ქათამაძემ.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელბორკილის დადება მზია ამაღლობელისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არაადამიანური მოპყრობაა.

„ჩვენმა საპოლიციო ჩინოვნიკებმა არც კანონი იციან – არაერთ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, ასეთი პრაქტიკა გვაქვსო. ჩვენ ვუთხარით, რომ არ გვაინტერესებს, როგორი პრაქტიკა აქვს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს და პოლიციის სხვა დანაყოფებს. ჩვენ გვაინტერესებს კანონში რა წერია და როგორ სრულდება კანონი. ვერ მივიღეთ პასუხი, მათ შორის, ბორკილების შემთხვევაზე. გვითხრეს, რომ მოქმედებს „პოლიციის შესახებ“ კანონით, მაგრამ რომელი ნორმით მოქმედებს, როცა იყენებს ასეთ ღონისძიებას?

ბორკილი არაა იმისთვის, რომ როცა გაგიხარდება და როგორც გაგიხარდება, რა გარემოებაში და რა ხნით გაგიხარდება, ისე დაადო დაკავებულს.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ პროცესზე მივიღე აღიარებითი ჩვენება, რომ მას ჰქონდა ხელები შეკრული, რომ მას ბორკილი ედო ხელების უკან შეკვრით სადღაც 2 საათის განმავლობაში, აი, ასე ტყუილ-უბრალოდ ეჯდათ იმავე საპოლიციო შენობაში, რომელიც აქ არის მხარე და რომლის მოტივაცია და ანგარიშსწორება ზედაპირზე დევს მზია ამაღლობელის მიმართ ამ საქმეში.

მზია ამაღლობელი, რომელიც თავის დაკავების მომენტსაც კი არ აპროტესტებს და რომლის ყველაზე დიდი აგრესია თურმე ის იყო, რომ მანამდე შეკითხვა დასვა, დავუმატოთ ამას სახეში გაწნული სილა, ეს ადამიანი ხელბორკილდადებული მინიმუმ 2 საათი ეჯდათ, მოწმემ კი თქვა წყალსაც სვამდაო, მაგრამ ბორკილდადებული წყალს როგორ სვამდა?!“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

„ეს არის არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა?“ – ვკითხეთ იურისტს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

„რასაკვირველია,“ – გვიპასუხა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი
რატომ არ შეუშვეს დაკავებულ მზია ამაღლობელთან ადვოკატები?

კიდევ ერთი კანონდარღვევა, რაზეც გამომძიებელ თამარ კერესელიძის დაკითხვის დროს შეკითხვები დაუსვეს, ეს დაცვის უფლების შეზღუდვაა – 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დაკავებულ მზია ამაღლობელთან ადვოკატები თამარ წულუკიძე და პაატა დიასამიძე დაახლოებით სამსაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს, მას შემდეგ, როცა დაკავების ოქმი, ასევე პირადი ჩხრეკის ოქმი, გამომძიებელ თამარ კერესელიძეს უკვე შედგენილი ჰქონდა.

თამარ კერესელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ის პოლიციის დეპარტამენტში ღამის პირველი საათის შემდეგ მივიდა, როცა მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ შეიტყო და სამსახურში დაიბარეს, დაკავებული ქალია და ჩხრეკა იმავე სქესის წარმომადგენელმა უნდა ჩაატაროსო. როცა თამარ კერესელიძე პოლიციის დეპარტამენტში მიდის, ამ დროს მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელს ესაუბრება.

„…ამოიყვანეს პირველი სართულიდან მესამე სართულზე, სადაც ჩატარდა პირადი ჩხრეკის პროცესი. ოქმების შედგენა განხორციელდა ამ სივრცეში,“ – თქვა მოწმემ.

რატომ არ დაუშვეს ადვოკატები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, რაც ბრალდებულისთვის ადვოკატის ყოლა კონსტიტუციით, ასევე ევროკონვენციით გარანტირებული უფლებაა?

გამომძიებლის „არგუმენტი“ კანონის კატეგორიულ მოთხოვნაზე ასეთია – საგამოძიებო ექსპერიმენტს ხომ არ ვატარებდი, ადვოკატები რომ დამსწრებოდნენო.

„რომ ყოფილიყო სხვა საგამოძიებო მოქმედებები, სხვა სახის დანაშაულზე, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი და აღარ დავკონკრეტდები სხვადასხვა საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებები კანონიდან გამომდინარე არის შემთხვევები, როცა გამომძიებლები ადვოკატებს ჩვენ თავად ვთავაზობთ, მიუხედავად იმისა, არის თუ არ სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ამ შემთხვევას არ ჰქონდა სავალდებულო დაცვის ნიშნები“, – აღნიშნა თამარ კერესელიძემ.

საელჩოების წარმომადგენლები მზია ამაღლობელის პროცესზე

იმის მიუხედავად, რომ ადვოკატები: თამარ წულუკიძე და პაატა დიასამიძე მინიმუმ 3 საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან ითხოვდნენ დაკავებულ მზია ამაღლობელთან შესვლას, ამის საშუალება მათ შსს-მ არ მისცა.

ადვოკატების პოლიციის დეპარტამენტში შესვლამდე რამდენიმე შეტყობინება შევიდა გენერალურ ინსპექციაში დაცვის უფლების შეზღუდვაზე. ამის მიუხედავად, გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ თქვა, რომ არ იცოდა, ადვოკატები თუ მზია ამაღლობელთან შესვლას ითხოვდნენ და არც მზია ამაღლობელს მოუთხოვია ადვოკატები.

აქ მზია ამაღლობელმა კიდევ ერთხელ მიმართა რეპლიკით გამომძიებელს: „თქვენ ტყუით“.

„იმ მომენტში, როცა ადვოკატების შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს, დასრულებული მქონდა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა,“ – თქვა გამომძიებელმა.

გამომძიებელ თამარ კერესელიძეს ადვოკატებმა შეკითხვა დაუსვეს მზია ამაღლობელის დაკავების ოქმზეც.

მზია ამაღლობელი ბერდია ფერაძემ დააკავა, ამას არც შსს უარყოფს და არც თამარ კერესელიძე, რომელიც შსს-ს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის „პრაქტიკით“ დამკავებელი გამოვიდა.

„დაკავების ოქმი უნდა შეადგინოს დამკავებელმა მოხელემ,“ – აქ ასე წერიაო, შორიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მიუთითა ხელით სამართალდამცველს ადვოკატმა კახა წერეთელმა.

პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენ მსგავსი შემთხვევების დროს მით უმეტეს როცა ჩხრეკაა ბრალდებულთან ჩასატარებელი, მნიშვნელობა არა აქვს ჩხრეკა ითვალისწინებს პირის გაშიშვლებას, თუ არ ითვალისწინებს გაშიშვლებას, ამოვდივართ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე…“, – დაიწყო მოწმემ.

„მე თქვენ გეკითხებით დაკავების ოქმზე, თქვენ პასუხობთ პირად ჩხრეკაზე. ეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაა,“ – მოწმეს შეაწყვეტინა სიტყვა ადვოკატმა კახა წერეთელმა, – „იქნებ მოძებნოთ ის სამართლებრივი ნორმა, იმიტომ, რომ ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ასეთი ნორმა. რომელი სამართლებრივი ნორმა გაძლევთ იმ უფლებას, რომ სხვა პირის დაკევბულზე თქვენ ოქმი შეადგინოთ?“ – კითხვის არიდების საშუალება აღარ დაუტოვა გამომძიებელმა ადვოკატს.

„არ არის იმპერატიული მოთხოვნა ასე ვთქვათ, ის, რომ პირმა, რომელმაც ფაქტობრივად დააკავა, მან არ შეადგინოს ეს ოქმი. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ ამ იმპერატიული მოთხოვნის, ასე ვთქვათ, გადახვევა არ შეიძლება იქედან გამომდინარე, რომ ეს პრაქტიკული, აპრობირებული მეთოდია….“ – ისევ პრაქტიკაზე მიუთითა გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ.

მზია ამაღლობელი

„მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა 2025 წლის 7 აპრილს განახლდება.

_______________________________________

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, სწორედ მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი მზია ამაღლობელის საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ მზია ამაღლობელის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართონ.

ამ თემაზე:

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

„ადგილი აქვს პაციენტების დაშინებას და ინექციებით მუქარას“ – ომბუდსმენი ფსიქიატრიულ ცენტრებზე

საქართველოში 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის განხორციელების/შესრულების პროცესი, გასული წლების ანალოგიურად, მნიშვნელოვანი შეფერხებებით წარიმართა – ამას საქართველოს სახალხო დამცველის უახლესი ანგარიშიც მოწმობს, რომელიც გასული წლის პერიოდში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას მიმოიხილავს.

„არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ განსაზღვრული უფლებისა, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ.

კვლავ პრობლემურია ფსიქიკური დაწესებულებების გადატვირთულობა და სიმჭიდროვე. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.

წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ეს აქტუალური საკითხია როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებების, ისე შშმ პირთა დაწესებულებების შემთხვევაში.

კერძოდ, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია.

პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ.

აუცილებელია გაიზარდოს სათემო სერვისების რიცხვი და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. სამწუხაროდ, კვლავ არ შემუშავებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები არ არიან სრულად დაცულნი ძალადობისგან.

„სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მყოფი პაციენტის განცხადებით, დაწესებულების დაცვის თანამშრომელმა მას სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, როდესაც ის კარს ხელებს ურტყამდა და სახლში წასვლას ითხოვდა. პაციენტები კვლავ საუბრობდნენ პერსონალის მხრიდან უხეშ და ხმამაღალ მიმართვაზე. ასევე, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს პაციენტების დაშინებას და ინექციებით მუქარას.

მაგალითად, ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში მიღებული ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გამოიძახეს და ადგილზე გამოცხადდა იმ მიზნით, რომ პაციენტი შეეშინებინათ და ინექცია პოლიციის თანამშრომლის შიშით გაეკეთებინა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, 2022 წელს დამტკიცებული სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შუალედური შეფასება 2024 წლის მდგომარეობით, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან შესაბამისი ინდიკატორებით გათვალისწინებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევებში არ გროვდება. 

სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი ცხადყოფს, რომ საანგარიშო პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარება – გეგმის გვერდის ავლით წარიმართა. მათ შორის – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მხარდაჭერისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, არ განხორციელებულა სამოქმედო დოკუმენტით გათვალისწინებული არცერთი აქტივობა.

„არ შექმნილა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები და საკონსულტაციო სამსახურები, არ შეფასებულა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საჭიროებები და არც ზრუნვის სისტემა გაფართოებულა, არ განხორციელებულა ბავშვთა და მოზარდთა ადიქციის პრევენციული პროგრამები, ზოგადი პროფილის საავადმყოფოში არ შექმნილა ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი 3-4 საწოლიანი კრიზისული განყოფილებები“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამ ეტაპზე, ტელეფსიქიატრიისა და ტელეკონსულტაციების სისტემა დანერგილი არ არის. კვლავ არ შემუშავებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ნარკოლოგიური პრობლემების მქონე პირთა ინტეგრირების მიზნით და ამოცანა 2024 წლისთვის შეუსრულებელი რჩება. 

ანგარიშში არ მოხვდა  „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წლის მარტის თვეში დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის, სისხლის სამართლის სასჯელად სავალდებულო მკურნალობის არაეთიკურ პრაქტიკის შემოღებას მოიცავს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აქტივობები პრაქტიკულად არ განხორციელებულა არც ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით – „მათ შორის, არ შემუშავებულა ფსიქიატრიული სფეროს ექთნებისა და მათი თანაშემწეებისთვის ტრენინგის სტანდარტული კურსი, არ მომხდარა კლინიკური ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროფესიის რეგულირება…

გარდა ამისა, არ შექმნილა ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მონიტორინგის ჯგუფი; მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი არ გაუმჯობესებულა“.

სახალხო დამცველის ძველ ანგარიშებშიც, სწორედ სისტემური პრობლემებია მიიჩნევა ძირითად მიზეზად, რის გამოც გამო საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა ვერ უმჯობესდება.

გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატი იუწყებოდა, რომ საქართველოში კვლავ მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი. დაწესებულებების დიდ ნაწილში იკვეთება მძიმე თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რაც არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და პაციენტთა ღირსეული მკურნალობის პირობებს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები.

ამავე თემაზე:

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებზე კვლავ ძალადობენ – სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში

მთავრობამ საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო, 3 მლნ ლარი გამოყო დიდთოვლობასთან ბრძოლისთვის

„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ.

„2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდოს/დანამატის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 3 161 682 ლარი“ – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

აღნიშნული თანხა უწყებებზე და მუნიციპალიტეტებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 892 445 ლარი;
  • ჯანდაცვის სამინისტრო – 697 226 ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო – 585 770 ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 113 563 ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 79 409 ლარი;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 253 372 ლარი;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 96 623 ლარი;
  • ვანის მუნიციპალიტეტი – 95 000 ლარი;
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 77 037 ლარი;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 76 288 ლარი;
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 53 550 ლარი;
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 45 573 ლარი;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 40 158 ლარი;
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 37 000 ლარი;
  • ხონის მუნიციპალიტეტი – 18 668 ლარი.

განკარგულებიდან არ ჩანს, ამ სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებში რომელი დასაქმებულები მიიღებენ დანამატს დიდთოვლობის გამო.

ზოგადად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის კიდევ ერთი, 2025 წლის 28 მარტის განკარგულებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 77,6 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. ეს თანხა კი სხვადასხვა პროექტებისთვის იყო გათვლილი.

„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამიწისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 77 692 000 ლარისა“ – აღნიშნულია განკარგულებაში.

დიდთოვლობამ წელს პრობლემები განსაკუთრებით გურიაში შექმნა. დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად მოქალაქეებს მოხალისეები ეხმარებოდნენ.

ამ თემაზე: „უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან“ – როგორ მუშაობენ მოხალისეები გურიაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფოს არაეფექტიან რეაგირებაზე წერდა, რომ სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას და შედეგად ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.

ვრცლად:

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

„ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სჭირდება მხოლოდ რუსეთს“ – ქართველი ექიმი გერმანიიდან

ექიმი ქრისტინა აფხაზავა გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში ცხოვრობს და მუშაობს. იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, 150-ზე მეტი კილომეტრი გაიარა და ბერლინში ჩავიდა ხმის მისაცემად, რადგან მოთხოვნის მიუხედავად, დრეზდენში ემიგრანტებს საარჩევნო უბანი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუხსნა.

ქრისტინას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მისი ხმა არ დაიკარგებოდა და ამით დაეხმარებოდა ქვეყანას.

„იმის გამო, რომ დრეზდენში უბანი არ გაგვიხსნეს, ბევრი ჩემი ახლობელი ვერ წავიდა არჩევნებზე. წარმოიდგინეთ, გერმანიაში, 80-მილიონიან ქვეყანაში, მხოლოდ 4 უბანი იყო გახსნილი და ისიც არ იყო ორგანიზებული. მაშინ როცა მოლდოვამ 26 უბანი გახსნა, ჩვენთან შედარებით ექვსჯერ მეტი.

პირველი წინააღმდეგობა მაშინ ვიგრძენი, როცა უბნები არ გახსნეს და მივხვდი, რომ ჩემი ხმა იკარგებოდა. მე შედარებით გამიმართლა, რადგან ბერლინი 150 კილომეტრშია ჩემგან და გადავწყვიტე იქ წავსულიყავი, თუმცა ძალიან ბევრმა ეს ვერ მოახერხა. ბევრი ადამიანი შაბათობითაც მუშაობს და არ შეეძლოთ 500 კილომეტრის გავლა, ისეთი დიდი დაშორებები იყო უბნებს შორის.

ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარი გამომყვა, რომელიც გაოცებული იყო იმით, რომ ამხელა მანძილის გავლა გვიწევდა ხმის მისაცემად. მეკითხებოდა – „გაქვთ იმედი, რომ თქვენი ხმა არ დაიკარგება?“ – არ არსებობს, რომ არ გავიმარჯვოთ, ხალხი ამას არ მოითმენს მეთქი, ვეუბნებოდი. მათთან ფორმალურად ტარდება უკვე არჩევნები და მე რატომღაც მქონდა იმედი, რომ ამ არჩევნებში საქართველოს მომავალი გაიმარჯვებდა“ – ამბობს ქრისტინა აფხაზავა „ბათუმელებთან“.

ქრისტინა უბნის გახსნამდე ჩავიდა ბერლინში. სულ რამდენიმე ადამიანი იყო უბანზე მოსული და უკვე იგრძნობოდა არაორგანიზებულობაო, იხსენებს.

„ქაოსურები და დაბნეულები იყვნენ. არ ვიცი გამიზნულად იყო ასე გაკეთებული თუ გამოცდილება არ ჰქონდათ. დიდი ნაკადი რომ მოვიდა, უკვე გაჭირდა ხმის მიცემა. ბევრი 5 საათი იდგა რიგში და მაინც ვერ შეძლო ხმის მიცემა.

წარმოიდგინეთ, ადამიანებისთვის რა რთული იყო ეს მდგომარეობა, – ვიღაცას დღე აქვს დაგეგმილი, სამსახურში აპირებდა დღის მეორე ნახევარში წასვლას, ვიღაცას დასარჩენი არ ჰქონდა ბერლინში, ამიტომ ძალიან ბევრი შუა რიგიდან გაბრუნდა და ცხადია, მათი ხმები დაიკარგა. ათ საათზე მოსულმა ადამიანმა 19:00 საათზე ძლივს მისცა ხმა“ – გვეუბნება ქრისტინა.

მისი თქმით, ემიგრანტების ძალიან დიდი ნაწილი ცვლილებების მოლოდინში იყო, თუმცა, იმედი გაუცრუვდათ.

„ჯერ ისედაც რთულია, როცა შორიდან აკვირდები პროცესს. მეორე ის, რომ ჩემ გარშემო არავინაა, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. ტროლ-ბოტებით ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს ორად არის გაყოფილი საზოგადოება. რეალურად კი, ეს ასე არ არის.

ცხადია არსებობენ რაღაც ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ თავისუფალი ნება, ფინანსურად ან რაღაცით არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე და ირჩევენ „ოცნებას“, ამიტომ მჯერა რომ ჩვენი ხმები მოიპარეს.

ჩვენ გვაქვს უნარი არ მოვითმინოთ უსამართლობა და ახლაც ამ განწყობით ვარ, რომ ბოროტს უნდა სძლიოს კეთილმა. შორიდან უფრო რთულია იმის ყურება, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება.

ემიგრანტებმა რამდენჯერმე აქაც გავმართეთ საპროტესტო აქციები, ვცდილობთ რაღაცით მაინც გამოვადგეთ სამშობლოს. იქნებ ის ერთ გამოსვლა ვიღაცისთვის იმედი ყოფილიყო.

ვცდილობ ფინანსურადაც გვერდით დავუდგე იმ ადამიანებს, ვინც იქ იბრძვის და არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადონ 5000-ლარიანი ჯარიმები, რომელიც იმის გამო დააკისრეს, რომ ევროპულ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და შვილისთვის არ უნდათ რუსეთი.

სულ იმაზე ვფიქრობ, დილით რომ გავიღვიძებ, კიდევ რა ახალი საშინელება დამხვდება. სულ უფრო ღრმა ფსკერისკენ მივდივართ. როცა ვფიქრობ – ამაზე უარესი რა იქნება? მართლაც იმაზე უარესი ხდება, ვიდრე იყო და ეს საშინელი შეგრძნებაა.

მეორე მხრივ, ვუყურებ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან, არ ყრიან ფარ-ხმალს და ვფიქრობ, მე რა სინდისით უნდა დავყარო ფარ-ხმალი.

არ მინდა იმის გააზრება, რომ შეიძლება ბელარუსი გავხდეთ და თუ მაინც დავუშვით ეს და გავხდით რუსეთის გუბერნია, მაშინ ნაწილი წავა ქვეყნიდან, ახალგაზრდები წავლენ ალბათ, როგორც ეს სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში მოხდა.

როცა უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, მეც ვადანაშაულებდი რუსებს, – თქვენ ხელში იყო, რატომ არ გადაირჩიეთ მეთქი, მაგრამ ახლა ჩვენც იგივე დღეში ვართ და ალბათ ჩემი ბრალიცაა ხომ, რაც ჩემ ქვეყანაში ხდება. ვერაფერს ვაკეთებ, ასე გამოდის“ – ამბობს ქრისტინა აფხაზავა.

ქრისტინა აფხაზავა

ქრისტინა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის. ზოგჯერ უფრო ხშირადაც. ახლა კი დარდობს იმაზე, რომ თუ საქართველოში დემოკრატიამ ვერ გაიმარჯვა და დავკარგეთ ვიზალიბერალიზაციაც, ეს კიდევ უფრო გაართულებს ემიგრანტების ცხოვრებას და იმ ხალხისაც, ვინც ჩაკეტილ ქვეყანაში დარჩება.

„თუ უვიზო მიმოსვლას შეგვიჩერებენ ან სანქციების გამო, სვიფტი გაითიშება, ცხადია, პირველ რიგში ეს ჩემს ოჯახს დააკლდება, ნახევარი საქართველო დგას იმაზე, რომ ვიღაც ემიგრანტი ურიცხავს თანხას, მართლა პენსიით ხომ არ ცხოვრობს ეს ხალხი.

წარმოიდგინეთ, როცა ეს შეუძლებელი იქნება, მე არ ვიცი, ოჯახები როგორ უნდა გადარჩნენ, როგორ უნდა მიიტანონ თვიდან თვემდე თავი, წარმოდგენაც კი არ მინდა და ეს გველოდება, თუ ასე გაგრძელდება.

ახლა, როცა დედაჩემი 72 წლისაა და შემიძლია ვუყიდო იაფად ბილეთი და ჩამოვიყვანო ჩემთან გერმანიაში, მერე მოუწევს ჩადგეს ვიზის რიგში, თან ორჯერ თბილისში უნდა ჩავიდეს და ან დაუმტკიცებენ ვიზას ან – არა. თუ დაუმტკიცეს ვიზა, საშინელ ფასად უნდა იყიდო ბილეთი და იმხელა დაბოლებების გადალახვა მოგვიწევს, ასჯერ დაფიქრდები, ღირს კი ჩამოყვანა და ამხელა სტრესის გავლა.

მე ერთ ოჯახზე ვსაუბრობ ახლა და რამდენი ოჯახია ვისაც შვილი არ უნახავს. ახლა ერთადერთი საშუალება, რომ არ დაშორდნენ ოჯახები ერთმანეთს, ეს არის. ხვალ შეიძლება ახალგაზრდებსაც აღარ მისცენ ვიზა, რადგან დარჩენის საფრთხე დაინახონ ამაში. ეს იქნება კატასტროფა ემიგრანტი ოჯახებისთვის.

ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა, რომელზეც მოგიყევით, თვეობით აგროვებს საბუთებს, რომ დედა ჩამოიყვანოს. ჩვენ კი დღეს ეს სიკეთე გვაქვს და უნდათ, რომ წაგვართვან. ეს მძიმე დანაკარგი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

„ქართული ოცნების“ მიზანია, დაჩაგროს და გააღატაკოს ხალხი, რადგან რაც უფრო გააღარიბებს ხალხს და გააქრობს საშუალო ფენას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო დაიმონებს მოსახლეობას და მეტი ძალაუფლება ექნება. მშიერ ადამიანს თავისუფლების შეგრძნებისთვის არ სცალია. მშიერი ადამიანი უნდა გადარჩეს, ლუკმა-პური უნდა იშოვოს და რაც ნაკლები ექნება ფული, მით ნაკლებად ადარდებს პოლიტიკა.

ამიტომ არ უნდათ, რომ ფული შემოდიოდეს ქვეყანაში, რადგან მათ უნდათ დამონებული მოსახლეობა, რომლისთვისაც ექნებათ 300 ლარი პენსია და ის იტყვის -„ღმერთს მადლობა, რომ ეს მაინც მაქვს“ და ეს 300 ლარი უხარია. ექნება 500 ლარი ხელფასი, იტყვის -„მადლობა მთავრობას, ესეც ხომ შეიძლება არ მქონდეს?!“ და ყოველთვის იქნება შიში უარესის მოსვლის“ – ამბობს ქრისტინა.

მისი აზრით, გამოსავალი ხალხის წინააღმდეგობაშია.

„ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ და ისტორიაც და ზოგადად ჩვენი წარსულიც გვაჩვენებს, არის წინააღმდეგობაში. უნდა გავიაზროთ, რომ მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ჩემ ქვეყანაში დღეს ხდება და მე უნდა შევცვალო ეს.

არ შეიძლება პასუხისმგებლობის გადატანა თუნდაც ოპოზიციაზე და ესეც პროპაგანდის ნაწილია, როცა ლანძღავენ ოპოზიციას. არცერთ ავტორიტარულ ქვეყანაში არ არის კარგი ოპოზიცია.

საიდან უნდა გაჩნდეს ოპოზიცია, როცა ფულიც, ძალაუფლებაც და რესურსებიც აქვს სამთავრობო პარტიას მიტაცებული.

თუ გავერთიანდებით, მაშინ ყველაფერი დაძლევადია. ახლა ისეთი გარდამტეხი მომენტია, რომ აუცილებლად გვჭირდება ერთად დგომა, რადგან თუ ახლა ესენი ვერ გავუშვით, ვერასდროს ვეღარ გავუშვებთ.

ნურც იმის მოლოდინი გვექნება, რომ სადღაც შერბილდებიან და დათმობენ. ავტოკრატიის აზრიც მაგაშია, რომ სულ უფრო და უფრო გაამწვავებენ ყველაფერს. ერთადერთი, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა და არა ვიღაც ათმა კაცმა. ყველა ვხედავთ, რომ ეს არის რუსული რეჟიმია და არც იმის უნდა გვჯეროდეს, რომ არჩევნებით შეიცვლებიან“ – ამბობს ქრისტინა.

მისი თქმით, ახლა ქვეყნისთვის ზურგის შექცევა ყველაზე დიდი დანაშაულია.

„ბევრ გოგოს ვიცნობ, რომლებიც ადგნენ და წამოვიდნენ საქართველოში, რომ აქციაზე მდგარიყვნენ.

ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სჭირდება მხოლოდ რუსეთს და არავის მეტს. მაოცებს ის სიძულვილი, რასაც „ოცნების“ ხელისუფლებაში ვხედავ, ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.

ამიტომ, თუ ახლა დავკარგეთ ქვეყანა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ საერთოდ ვეღარ ჩამოვიდეთ სამშობლოში. ოთხი წლის შვილი მყავს და არ მინდა მისთვისაც დაიკარგოს დედის მხარე და ენა. თუ ეს კავშირები აღარ გვექნება საქართველოსთან, საერთოდ უცხო იქნება ჩვენი კულტურა მისთვის“ – ამბობს ქრისტინა აფხაზავა.

„ქალი დაკავებული მიუთითებდა პოლიციის უფროსის მხრიდან შეფურთხებაზე“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ახალ საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, წერს 2025 წლის იანვარში ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის და აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანის დაკავებისას სახალხო დამცველისადმი მიწოდებულ ინფორმაციაზე.

„ბათუმში დაკავებულები მიუთითებდნენ პოლიციის უფროსის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ქალი დაკავებული მიუთითებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და პოლიციის უფროსის მხრიდან შეფურთხებაზე.

არასრულწლოვანი გოგონა მიუთითებდა, რომ პოლიციელმა თმებით მოქაჩა და უხეში ფორმით დააკავეს“ – წერია ანგარიშში.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის გაწნული სილის გამო, სისხლის სამართლის მუხლით. მისი დაკავებიდან მალავე ცნობილი გახდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს შეაფურთხა და მას არ აძლევდნენ წყლის დალევის საშუალებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ ფაქტზე დგებუაძისთვის პოლიციელის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვდა. საიას შეფასებით, დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა – სახეში შეფურთხება, გინება, წყალზე და საპირფარეშოთი სარგებლობაზე უარის თქმა, ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ გამოძიების შედეგების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თბილისში დაკავებული ქალები ასევე საუბრობდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობის თაობაზე:

„ქალები მიუთითებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, დამცინავ და ცინიკურ მოპყრობაზე. სხვა დაკავებული ქალის თქმით, თმაში ჩაავლეს ხელი და ისე შეათრიეს. საგულისხმოა, რომ აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (ასევე, წვრილმანი ხულიგნობის) საბაბით დააკავეს. შესაბამისად, მათი მხრიდან პოლიციისთვის ფიზიკური წინააღმდეგობა თეორიულადაც გამოირიცხება და სწორედ ამიტომ მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების საფუძველი ჰიპოთეტურადაც კი არ არსებობდა“ – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის ვრცელი საპარლამენტო ანგარიში მოიცავს 2024 წლისა და 2025 წლის პირველი თვეების პერიოდს.

____________

ფოტოზე: ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი

ამავე თემაზე: 

ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს

თემურ ქათამაძემ მეორედ დაიწყო შიმშილობა პროტესტის ნიშნად

ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] დღეს, პირველ აპრილს, მეორედ დაიწყო შიმშილობა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება.

ბათუმის აქციების მედროშის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. „ბათუმელები“ ესაუბრა მის ადვოკატს, მარიამ გაბროშვილს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ თემურ ქათამაძემ მას გუშინ, 31 მარტს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

„აპირებს მხოლოდ წყლის მიღებას და სამედიცინო შემოწმების გავლას არ აპირებს“ – გვითხრა მარიამ გაბროშვილმა.

თემურ ქათამაძემ აქამდე 48 დღე იშიმშილა, მან შიმშილობა 4 მარტს შეწყვიტა და ფაქტობრივად ამ დრომდე შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდს გადიოდა. მან შიმშილობისას მკვეთრად დაიკლო წონაში, რაც სასამართლოზე გადაღებულ ფოტოებზეც ჩანს.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში თემურ ქათამაძე წერს, რომ შიმშილობას უძღვნის თურქეთის ეთნიკური ქართველების, „ჩვენებურების“ „ბელადს“, ახმედ მელაშვილს.

„სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე.

ანწუხელიძე უკვდავია და მარადიულია.

„არასდროს, არასდროს არ დანებდე!“ – წერს თემურ ქათამაძე.

თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, იგი 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.

მუჰაჯირი ქართველების შთამომავალი, თურქეთის მოქალაქე თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.

დაკავების შემდეგ თემურ ქათამაძემ ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება მას ამ სტატუსზეც უარს ეუბნება.

ამჟამად თემურ ქათამაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ეს ბოლო ინსტანციაა, რომლის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზეც თემურ ქათამაძეს საქართველოში დარჩენა შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დეპორტაცია ემუქრება.

_______________

ფოტოზე: თემურ ქათამაძე სასამართლო სხდომაზე 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ.

ზელენსკი: კრემლი დასცინის დასავლეთის მცდელობებს, აღადგინოს მშვიდობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლი “აშკარად დასცინის” დასავლეთის მცდელობებს, შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ამის შესახებ ზელენსკიმ 31 მარტს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ახლა მოსკოვში ღიად დასცინიან პარტნიორების მცდელობებს, ხელი შეუწყონ სამშვიდობო დღის წესრიგს – მუდმივად დრონების ახალი დარტყმები, სასტიკი დაბომბვა. ეს მხოლოდ ზეწოლით უნდა შეწყდეს და რუსეთი უნდა აიძულო, მშვიდობა დაამყაროს.

ევროპა არ დაივიწყებს ამ ომის მორალურ დასკვნებს. არ შეიძლება პუტინი და სხვა რუსი დამნაშავეები, თავად რუსული სახელმწიფო, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. შეუძლებელია იმის ნორმალიზება, რაც მათ გააკეთეს ბუჩაში, მარიუპოლში და ჩვენს სხვა ქალაქებსა და სოფლებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა ომზე ხელშესახები იყოს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია, ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

პროტესტზე 64 პირია დაკავებული სისხლის სამართლის მუხლით – საია სასამართლო სხდომებს აფასებს

საქართველოს იურისიტთა ასოციაცია [საია] აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების წინასასამართლო სხდომის ეტაპს აფასებს.

საიას ცნობით, ამ ეტაპისთვის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა, მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებული პროტესტის დროს – 2024 წლის გაზაფხულზე, დაკავებული პირების ჩათვლით 64-ია. მათგან რუსული კანონის პროტესტისას დაკავებული ათივე პირის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ათიდან რვას ე.წ. საპატიმრო სასჯელი – ვადიანი თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 ამ დროისთვის აქციების კონტექსტში ბრალდებულთა უმრავლესობა, რომელთაც პირველივე ეტაპზე პატიმრობა შეეფარდა, 46 პირიდან 40 პატიმრობაში რჩება. ამ საქმეებმა გაიარა წინასასამართლო სხდომის ეტაპი და ყველა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლო განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, ასევე, წყვეტს არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის საკითხს. ამასთან, თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ.

  • მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი

საიას ინფორმაციით ზემოთ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლომ სრულად დასაშვებად ცნო პროკურატურის ყველა მტკიცებულება. გამონაკლისი მხოლოდ მზია ამაღლობელის საქმეზე მოხდა, სადაც მოსამართლემ ერთი მოწმე ამორიცხა სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან.

ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის და ინსაფ ალიევის [რვაპირიანი საქმე] და ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯამბურიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის [თერთმეტპირიანი საქმე] საქმეებზე დაცვის მხარის არაერთი წარმომადგენელი შუამდგომლობდა პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნუსხიდან ვიდეო-ჩანაწერების დაუშვებლობის თაობაზე, რადგან მიაჩნდათ, რომ საჯარო წყაროებში გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა უნდა მომხდარიყო კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების გზით – დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვით.

კერძოდ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

დაცვის მხარის წარმომადგენლების არგუმენტაციით, ვიდეო-მასალები, რომლებიც განთავსებული იყო საჯარო სივრცეში [YouTube პლატფორმაზე, სოციალურ-ქსელებში ანდა გარკვეული მედიასაშუალების გვერდზე] იმ საფუძვლით უნდა ყოფილიყო დაუშვებელი, რომ მათი მოპოვების წესი იყო დარღვეული.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც მზია ამაღლობელის საქმეზე ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ პროკურატურას დაუკმაყოფილა და დაუშვებლად სცნო დაცვის მხარის მიერ დათვალიერების გზით მოპოვებული მტკიცებულები.

კერძოდ, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განჩინებაში განმარტავს, რომ „2025 წლის 05 თებერვალს myvideo-ს საიტის, 12 თებერვალს, 23 თებერვალს და 24 თებერვალს youtube-ის დათვალიერებისას მოპოვებული ვიდეოფაილები, გადმოწერილი კომპიუტერში და ჩაწერილი ლაზერულ დისკებზე და შემდეგ თანდართული დათვალიერების ოქმებზე წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემაში არსებულ მონაცემებს, რომლის გამოთხოვის, მოპოვების და არა დათვალიერებით მიღების წესი გათვალისწინებულია სსსკ-ის 136-ე მუხლის დებულებებით.

დაცვის მხარეს ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით ჰქონდა განჩინების მოპოვების შესაძლებლობა, რაც მას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. თუმცა კანონი მხარეს აძლევს უფლებას საქართველოს სსკ-ის 125-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით მოიპოვოს სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ანუ ჩატარებულ იქნას და დათვალიერებულ იქნას ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რაც მოცემულ შემთხვევაში დათვალიერების ოქმების შედგენისას დაცულია და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაცვის მხარემ კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატარა, თუმცა იმდენად რამდენადაც, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპიუტერულ სისტემაში დაცული იყო კომპიუტერული მონაცემების სახით, ადვოკატების მიერ ლაზერულ დისკზე ჩაწერა და შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დართვა სცდება დათვალიერების მიზანს და ეწინააღმდეგება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში დათვალიერება გადაიზარდა ინფორმაციის გამოთხოვაში.

„მართალია, რომ სხვადასხვა მოსამართლეს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სამართლებრივი შეხედულებები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, თუმცა ცალსახაა, რომ აქტივისტების საქმეებზე მოსამართლეების გადაწყვეტილებები ყოველთვის აქტივისტების წინააღმდეგაა მიმართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეებში პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივები იკვეთება.

საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოგვიანებით შეცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასაშვებად სცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ზემოთ ხსენებული ვიდეომტკიცებულებები“ – წერს საია.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. თუ ბრალების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას.

არცერთ ბრალდებულთან მიმართებით სასამართლოს არ მიუჩნევია, რომ არსებობდა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და ყველა საქმე გადასცა არსებითად განსახილველად.

  • პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი

ყველა წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც შეეხებოდა აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს და ბრალდებულები პატიმრობაში იმყოფებოდნენ, მოსამართლეებმა ისინი პატიმრობის გადასინჯვისას კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ქვეშ დატოვეს.

ერთადერთი საქმე, რომელში ბრალდებულების ნაწილსაც მოსამართლემ პატიმრობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეუცვალა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და სტუდენტების საქმეა.

ოთხი ბრალდებულის მიმართ პირველი წარდგენის სხდომაზე გამოყენებული პატიმრობა სასამართლომ გირაოთი შეცვლა დაზარალებულების განცხადების საფუძველზე, რომელთაც თავად მიმართეს პროკურატურას ბრალდებულთათვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 

ყურადსაღებია, რომ სასამართლო არ ითვალისწინებს იმ ახალ გარემოებას, რომ ამ საქმეებზე დასრულდა გამოძიება, მტკიცებულებები სასამართლოშია წარდგენილი და აღარ არსებობს მათი მოპოვებისათვის ხელშეშლის რისკები. ამასთან სასამართლო მხედველობაში არ იღებს ინდივიდუალურ გარემოებებს და ბრალდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს, მათ საქმიანობას, ასაკს, ნაწილი მათგანი არიან სტუდენტები, ოჯახურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, იმას რომ ამ საქმეებზე ბრალდებულ პირთა უმეტესობა გამოირჩევა აბსოლუტურად სუფთა წარსულით, ადმინისტარციულ სახდელდებულნიც კი არ არიან.

სასამართლომ ჯამში 40 ბრალდებულიდან ვერც ერთის მიმართ ვერ დაინახა პატიმრობის გაუქმებისა და მათთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რისკები. მაშინ, როდესაც დაცვის მხარის არაერთი წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ნებისმიერი დამატებითი ვალდებულების გამოყენებას, იქნებოდა ეს ელექტრონული მონიტორინგი, კონკრეტული ტერიტორიის დაუტოვებლობა თუ სხვა ნებისმიერი ვალდებულება, რასაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევდა და რომელსაც ძირითად აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად შეეძლო გაენეიტრალებინა ყოველგვარი რისკი.

  • საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფა

თერთმეტპირიან საქმეზე, ბრალდებულების: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯამბურიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის წინასასამართლო სხდომაზე, რომელთაც ბრალდება სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სასამართლო სხდომა 2025 წლის 5 მარტს ნაწილობრივ დახურა.

საია წერს, რომ მართალია, მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა, თუმცა მხედველობაში უნდა მიიღოს საჯაროობის პრინციპი და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი. მოსამართლემ შემდგომ, 10 მარტის და 13 მარტის სხდომებზეც მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაუშვა და პროცესზე დასწრება შეუზღუდა საიას წარმომადგენელს, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე მოსამართლის წინაშე დაცვის მხარემაც იშუამდგომლა.

სადამკვირვებლო მისიებთან ერთად პროცესზე მოსამართლემ არ დაუშვა სახალხო დამცველის და საელჩოების წარმომადგენლებიც.

საია წერს, რომ 14 წელია ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს და ამ ხნის განმავლობაში არასდროს გამოვლენილა ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უფლებადაცვით ორგანიზაციას დაუსაბუთებლად შეეზღუდა სასამართლო სხდომაზე დაკვირვება. აღნიშნული კი კონკრეტული მოსამართლის მიერ სასამართლოს დისკრეციის თვითნებური და საჯაროობის პრინციპის საწინააღმდეგო გამოყენებაა.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება ელჩების სასამართლო სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით და მას შემდგომ მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც სასამართლო სხდომებზე მედიის წვდომის შეზღუდვას და სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის ინიციატივაა.

საია საგანგაშოდ აფასებს ყოველგვარ მცდელობას შეიზღუდოს საჯაროობა სისხლის სამართლის სხდომებზე:

„ამასთან, ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ეტაპისთვის ისედაც პრობლემურია ინტერნეტ-მედიების მიერ სასამართლო სხდომების გაშუქება, რაც „საინფორმაციო ქსელების ცენტრს“ საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, სადაც მის ინტერესებს საია წარმოადგენს. კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონი სასამართლო პროცესის გადაღების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმ შემთხვევაში თუ, ეს უკანასკნელი არ გამოხატავს ინტერესს, სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ენიჭება საერთო საეთერო მაუწყებელს [ტელევიზია და რადიო, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო პროგრამები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემები].

თუ პროცესის გადაღების სურვილს რამდენიმე საერთო მაუწყებელი გამოთქვამს, მაშინ წილისყრით შეირჩევა ის საერთო საეთერო მაუწყებელი, რომელსაც სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ექნება. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე საერთო მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდონ სხვა მედია საშუალებას. არსებული რეგულაციის მიხედვით, კონკრეტული პროცესის გადაღების მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლების ინტერესის არარსებობის პირობებშიც, ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას არ აქვს სასამართლო პროცესის გადაღების შესაძლებლობა“. 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 916 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 540]
  • ტანკი – 10 505 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 21 856 ერთეული [+37]
  • საარტილერიო სისტემა – 25 552 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 347 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 123 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 462 ერთეული [+46]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 123 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 42 646 ერთეული [+53]
  • სპეცტექნიკა – 3 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 49 247 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 622 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 533 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 152 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 572 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ზელენსკი: კრემლი დასცინის დასავლეთის მცდელობებს, აღადგინოს მშვიდობა

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, 31 მარტს ხმაურისა და შეძახილების ფონზე წარიმართა. პროცესზე 2 პოლიციელი – ბერდია ფერაძე და თამარ კერესელიძე დაკითხეს.

დღეს სხდომაზე მზიას ახლობლების, კოლეგების და მეგობრების გარდა, ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეებიც მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც სხვა დაკავებულები.

სხდომათა დარბაზში მზიას გამოჩენას შეძახილებით შეხვდნენ: „თავისუფლება მზიას“ „ცეცხლი ოლიგარქიას“.

დღესვე მზიას ერთ- ერთმა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მზიას პროცესის პოლიტიკურ კონტექსტსაც გაუსვა ხაზი: „განცხადებებს აკეთებენ, თითქოს მზიამ პოლიციელს მიაკრა სტიკერი. ვიღაცები ამბობენ ბოდიში მოიხადოსო და ასე შემდეგ“, – განაცხადა ადვოკატმა.

აჭარის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, ბერდია ფერაძე დღესაც ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების დღეს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მომხდარი ფაქტიდან დაახლოებით 20 წუთში ნახა და მას ლოყა ისევ გაწითლებული ჰქონდა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

პროცესზე პოლიციელებს მზიას დაცვის მხარემ აჩვენა ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ სილის გაწვნიდან 40 წამში ირაკლი დგებუაძეს ლოყა გაწითლებული არ აქვს. ამაზე პოლიციელმა ბერდია ფერაძემ თქვა, რომ ვიდეოს ხარისხი უშლის ხელს აღქმაში: „აქ ვერ ვამჩნევ. არ ვიცი რა კადრია. რაც გითხარით ჰქონდა ნამდვილად ყურიც და ლოყაც გაწითლებული“.

მზია ამაღლობელის სასამართლოზე მოწმედ მყოფმა საგამოძიებოს უფროსმა, „ბათუმელების“ ლაივ ვიდეოში ირაკლი დგებუაძეს გაწითლებული ლოყა ვერ დაინახა.

 

პროცესზე მზია ამაღლობელი ბერდია ფერაძის პირისპირ. მას კითხვები მზია ამაღლობელმაც დაუსვა. როდესაც პოლიციელი ამბობდა, რომ მზია შენობაში შეიყვანა, მზიამ რეპლიკის სახით თქვა: „შემაგდო“

დამსწრე საზოგადოება უკვე მერამდენედ აპროტესტებს, რომ სხდომათა დარბაზში მოწმეების ხმა და ხშირად მოსამართლის ხმაც კი არ ისმის. დარბაზში მსხდომთათვის გაუგებარია, რაზე საუბრობენ მოსამართლე, ადვოკატები, მოწმეები ან პროცესის მონაწილე სხვა პირები. ამის პარალელურად სხდომათა დარბაზში აღწევდა შეძახილების ხმა ქუჩიდან. სასამართლოსთან შეკრებილები სკანდირებდნენ: „მზია გამიმარჯვე“,  „ უსამართლო სასამართლო“, „მზია გმირი ხარ“, „მალე მოვა თქვენი დრო“, „ცრუმოწმეობა დანაშაულია“.

ოჯახის წევრები მზიას პორტრეტებით სასამართლო პროცესზე
ჟურნალისტები – ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში სასამართლოს სხდომაზე

დღეს მოსამართლემ სხდომაზე დამსწრეებს არაერთხელ უსაყვედურა ხმაურისა და წამოძახილების გამო, რაზეც მას უპასუხეს, რომ სხდომათა დარბაზში მისი ხმა არ ესმით და, შესაბამისად, არც მისი გაფრთხილება. დღეს ნინო სახელაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ორი მოქალაქეები – ციალა ქათამიძე და აზა გაბუნია გააძევა, მოგვიანებით მან მოწმის დაკითხვისას ემოციის გამოხატვის გამო გააძევა ნანა კვაჭაძეც, „ბათუმელების“ ერთ-ერთი რედაქტორი.

ციალა ქათამიძის გაძევება

თამარ კერესელიძის გამოკითხვისას, დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მზია ამაღლობელის დაკავების დღეს არაადამიანურად მოექცნენ, მან სამი საათი გაატარა ჩაკეტილ სივრცეში პოლიციელ ქალთან ერთად და მთელი ამ დროს განმავლობაში ხელებზე ბორკილები ედო. მას დიდი ხნის განმავლობაში არ მისცეს წყალი დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება. თამარ კერესელიძემ დღეს სხდომაზე ისიც კი თქვა, თითქოს მზიამ განუცხადა, რომ ადვოკატი არ სჭირდებოდა. მზიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ტყუილია.

თამარ კერესელიძის გამოკითხვა

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად ის 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები მზია ამაღლობელის პროცესზე

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.

მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

დღეს, 31 მარტს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრება ყველა მსურველმა დარბაზში ადგილების შევსების გამო ვერ შეძლო. მათ შორის ბევრი ტრანსპარანტებით და მზია ფოტოებით მივიდა.

 

 

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში.

მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

სხდომა 31 მარტი

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

სასამართლოს შესასვლელი – მოქალაქეები სხდომის დაწყების მოლოდინში

ავარია ქედაში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოავარია მოხდა ქედაში დღეს, 31 მარტს. სოფელ წონიარისთან ავტომანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა.

მანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ორი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

Exit mobile version