ბათუმსა და ფოთში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტები 2025 წლის 14 აპრილიდან ამოქმედდება.
B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები.
ბათუმში ამ დრომდე ორი საგამოცდო მარშრუტი იყო დამტკიცებული. ამჯერად კი დაემატა კიდევ ერთი ახალი მარშრუტი – N3.
ბათუმი / საგამოცდო მარშრუტი N3
მარშრუტი დაიწყება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე[შსს-ს მომსახურების სააგენტოდან], შემდეგ – გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა – ლეონიძის ქუჩა – ტაბიძის ქუჩა – აღმაშენებლის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა – ჟიული შარტავას გამზირი – ტბელ აბუსერიძის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – პეტრე მელიქიშვილის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა [ლერმონტოვის ქუჩამდე და უკან სელიმ ხიმშიაშვილის კვეთამდე] – სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა – და დასრულდება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე[შსს-ს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე]:
ბათუმი, საგამოცდო მარშრუტი №3
2025 წლის 14 აპრილიდან ახალი მარშრუტი N6 დაემატება ასევე საგამოცდო მარშრუტებს ქალაქ ფოთში:
სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა კატეგორიისთვის საგამოცდო მარშრუტები წინა წლებში დაემატა.
დღეს, 11 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა.
შემთხვევა ხელვაჩაურში, ორთაბათუმში მოხდა.
ავარია სოფლის სკოლასთან ახლოს მოხდა, ბავშვს ავტომანქანა ქუჩაში დაეჯახა.
ორბათუმში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლის, როსტომ ფაღავას თქმით, სკოლასთან მოძრაობის შემზღუდავი ბარიერები არსებობს, თუმცა ტრაგიკული ფაქტი მაინც მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ევროპის ფონდმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და შვიდი მედია საშუალება დააჯილდოვა.
საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორჩეული ერთგულებით შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ გამოცემები:
აი, ფაქტი
ბათუმელები
პუბლიკა
სამხრეთის კარიბჭე
საქართველოს ამბები (მთის ამბები)
სტუდია მონიტორი
ტელეკომპანია პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი
„ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვაში. ისინი აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს, ამხელენ სისტემურ კორუფციას და საჯარო პირების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, აქვეყნებენ მტკიცებულებებზე დამყარებულ ინფორმაციას.
ფონდმა ამ კონკურსით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მედიის მრავალფეროვნებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერების მნიშვნელობას. დაჯილდოებული ორგანიზაციები მოიცავენ როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ მედიას, მათ შორის ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებს. ფონდი აღიარებს ამ მედიასაშუალებების წვლილს საზოგადოებისთვის ობიექტური და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაში. ჯილდო აღიარებს მათ მიღწევებს და ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო საქმიანობის გაგრძელებაში,“ – ნათქვამია ევროპის ფონდის განცხადებაში.
ევროპის ფონდი ავრცელებს ჟიურის წევრი პროფესორების კომენტარებსაც, თუ რა ნიშნით აირჩნენ მედია საშუალებები საგამოძიებო კონკურსში გამარჯვებულებად.
“ეს მედიასაშუალებები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება საგამოძიებო ჟურნალისტიკამ მოახდინოს რეალური გავლენა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგანან ჟურნალისტები საქართველოში. გარემოსდაცვითი საკითხებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემაში არსებული დარღვევების გამოძიებით დასრულებული, მათი მასალები უშიშრად ამხელენ უსამართლობას. მათი საქმიანობა შთააგონებს მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებს, რომლებსაც უწევთ მსგავს სირთულეებთან გამკლავება. ისინი ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, სიმართლის დაუღალავი ძიება საბოლოოდ მოიტანს სასურველ შედეგს,” – ამბობს მარკ ჰორვიტი, ჟიურის წევრი, მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორი.
„ეს მედიასაშუალებები სრულად იმსახურებენ ამ ჯილდოებს, რადგან მათ გაბედულად და შეუპოვრად გამოამჟღავნეს სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო პირებში გავრცელებული კორუფციული პრაქტიკები. მიუხედავად ჟურნალისტებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის გამკაცრებისა, ისინი უშიშრად განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის განადგურებისკენ მიმართული ქმედებების მხილებას, “ – ამბობს ბრანტ ჰიუსტონი, ჟიურის წევრი, გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) თანადამფუძნებელი, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი.
ევროპის ფონდი განაგრძობს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერას საქართველოში, რათა ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე მმართველობას. ამ ინიციატივის ფარგლებში, ფონდმა გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანიც იყო იმ მედია ორგანიზაციების დაჯილდოება, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს და ამხელენ სისტემური კორუფციისა და არაეფექტიანი მმართველობის მრავალ შემთხვევას.
სტამბულის სასამართლომ გამოსცა ბრძანება საპროტესტო აქციებზე დაკავებული 102 ახალგაზრდის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა 100-მდე ახალგაზრდა კვლავ პატიმრობაში რჩება – წერს თურქული გამოცემა „ბიანეტი“.
გამოცემის ცნობით, აქციაზე დაკავებულთა ოჯახების ქსელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს შვილების გათავისუფლებამდე.
თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, როცა სტამბულის ოპოზიციონერი მერი, იმამოღლუ, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს. მის დაკავებას მოჰყვა ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები სტამბულსა და სხვა დიდ ქალაქებში. დემონსტრაციებში ძირითადად ჩართული იყვნენ სტუდენტები.
საპროტესტო აქციებზე სულ 1800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქედან 300-ზე მეტ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება
„ბიანეტი“, ადვოკატების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პატიმრობაში 95-დან 100-მდე ახალგაზრდა რჩება. ადვოკატების თქმით, დაკავებული სტუდენტების ნაწილმა გამოცდები გამოტოვა, ნაწილი კი დროულად გაათავისუფლეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია, ღელვა: 4-5 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 13 და 14 აპრილს ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 930 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
ტანკი – 10 580 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 22 048 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 26 043 ერთეული [+61]
MLRS – 1 360 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 127 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 200 ერთეული [+122]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 43 679 ერთეული [+165]
სპეცტექნიკა – 3 798 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
660 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
50 812 უპილოტო საფრენი აპარატი
601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 752 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
23 434 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
33 876 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„პირველ რიგში სოლიდარობა მზიას, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ამ ქვეყანაში მოქალაქეების და მედიის თავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ეთიკური, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია მოქალაქეების ხმაა და „ბათუმელები“, რომელიც არის მზიას დაფუძნებული, ყოველთვის იყო არა მარტო ბათუმელების, არამედ საქართველოს ხმა. ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქის ხმაც იყო ტერორის წინააღმდეგ ყველა ხელისუფლების დროს. დიდი მადლობა მზიას და დიდი მადლობა „ბათუმელებს“ – გვითხრა თორნიკე თევზაძემ ინტერვიუს დაწყებამდე.
თორნიკე თევზაძე უცხო ენების სპეციალისტია და ბოლო ორი თვეა ჯიუტად მართავს ერთკაციან საპროტესტო აქციებს გურჯაანის მერიის შენობის წინ საპროტესტო ბანერზე წარწერით – „არა სიღარიბეს! არა უსამართლობას! არა მონობას! იბრძოლეთ ღირსეული ქვეყნისთვის და ცხოვრებისთვის!“
თორნიკე თევზაძე ამ ფორმით უერთდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქეების ორ მთავარ მოთხოვნას – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ასევე, თორნიკე სიღარიბის დაძლევას ითხოვს, რაც, მისი თქმით, რეგიონებში კიდევ უფრო ხილულია.
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე თევზაძის ოჯახი თბილისში ცხოვრობს, თორნიკემ გურჯაანში ცხოვრება ამჯობინა.
გვიამბეთ თქვენს შესახებ: რამდენი წლის ხართ, პროფესიით ვინ ხართ, სად ცხოვრობთ და რას საქმიანობთ?
უცხო ენების მასწავლებელი ვარ. ჩემი ონლაინ კურსები მაქვს, თურქულ და ფრანგულ ენებს ვასწავლი. 15 წლიდან ვარ აქტიური მოქალაქე. არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე ორგანიზაციის წევრი. ყოველთვის ჩემი ნებით დავდიოდი აქციებზე, 2007-2012 წლებშიც და ახლაც. ჩემი პროტესტი ყოველთვის იყო უსამართლობის, სიღარიბის და მოქალაქეების ჩაგვრის წინააღმდეგ.
თუ გახსოვთ თქვენი პირველი გამოცდილება საპროტესტო აქციაზე? როდის იყო ეს, რას უკავშირდებოდა აქცია და რას ითხოვდით?
2007 წლის 7 ნოემბერი იყო. დარბევის დროს გავედი. რაღაც ნაწილში მეც მოვყევი. კრიტიკული აზრის გამო ადამიანებს დევნიდნენ და ატერორებდნენ. მახსოვს, რომ სკოლიდან, ბოლო გაკვეთილიდან წავედი აქციაზე გაბრაზებული, რადგან დავინახე, რომ იქ ადამიანებს სცემდნენ პროტესტის გამო. მე-10 კლასში ვიყავი.
15 წლის თორნიკეს პროტესტიც იყო ძალადობის წინააღმდეგ.
თუ ძალადობის წინააღმდეგ არ ავიმაღლეთ ხმა და არ გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი, თუ არ გავუწიეთ წინააღმდეგობა მოძალადეს, მაშინ ის მთელ ქვეყანას დაიპყრობს და დაგვიმონებს.
დიქტატორები და ავტორიტარები იკვებებიან ადამიანების შიშით.
თუ ჩვენ შევშინდით და დავუშვით, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში მოქალაქეზე იძალადონ უსამართლოდ, მისი კრიტიკული აზრის, პროტესტის გამო, თუ ჩვენს უფლებას არ დავიცავთ, ვიცხოვრებთ მონობაში და როგორც მოქალაქეები აღარ ვიარსებებთ, იმიტომ, რომ მოქალაქეობა ნიშნავს შეგეძლოს შენი აზრის გამოთქმა ნებისმიერ თემაზე სიტყვიერად და ნიშნავს შეგეძლო დაუპირისპირდე მოძალადეს, რომელიც კანონის სახელით ძალადობს.
საქართველოში ხშირად არის ხოლმე, მაშინაც და დღესაც, ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს კანონებია… ამას სინამდვილეში კანონის ძალით ძალადობა ჰქვია. კანონი უნდა იცავდეს მოქალაქეს. თუ კანონი არ იცავს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, მაშინ ეს კანონი უნდა გაუქმდეს და ეს კანონი არ უნდა მოქმედებდეს ქვეყანაში.
ჰიტლერიც არჩევნებით და კანონებით მოვიდა ხელისუფლებაში, ამიტომაც, კანონებითაც შეიძლება დიქტატურისა და ავტორიტარიზმის დამყარება ქვეყანაში.
თქვენ გურჯაანში მართავთ ხოლმე საპროტესტო აქციებს. როგორც ვიცით, ძირითადად ერთკაციანი აქციები გაქვთ. რამდენი ხანია, რაც გამოდიხართ და საპროტესტო აქციებს მართავთ?
პროტესტის დაახლოებით პირველი ერთი თვე თბილისში ვიყავი. მეც მოვყევი რამდენიმე დარბევასა და ტერორში. ამ ყველაფერმა ჩემ თავზე, ჩემ თვალწინ გაიარა, ტელევიზიით არ მაქვს ნანახი. იყო ღამისთევები, იგივე პირველი დარბევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მეც დამარბიეს, როცა სრულიად მშვიდობიანად ვიდექი. სრულიად მშვიდობიან მოქალაქეს მომდევდა სპეცრაზმი.
შეიძლება გაჩერდე ადამიანი, როცა პოლიციელი თუ სპეცრაზმი მოგდევს, მაგრამ მათ ეტყობოდათ, რომ ჩემი ცემა უნდოდათ, რასაც არანაირი გამართლება არა აქვს, მშვიდობიანად ვიდექი. რომ არ გავქცეულიყავი, მეც ისევე მცემდნენ, როგორც სხვა მოქალაქეებს სცემეს და ციხეშიც შეიძლება მოვხვედრილიყავი, მე უბრალოდ გადარჩენილი ვარ.
ერთი თვის შემდეგ ჩამოვედი გურჯაანში და გურჯაანიდან აქციებზე დავდიოდი თელავში ერთი თვე, თვე-ნახევარი. მე არ ვიცნობდი იქ არავის, არც გურჯაანში ვიცნობდი აქტივისტებს, მაგრამ ფეისბუქში ვნახე განცხადება და თელავში ვუერთდებოდი აქციებს.
ბოლო ორი თვეა თითქმის ყოველდღე გურჯაანის მერიასთან ვდგავარ. თელავიდან მოვდიოდი, სადაც ვიჩხუბეთ, იმიტომ, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და სპონტანურად გადავწყვიტე, რომ დავმდგარიყავი გურჯაანის მერიასთან და აქაც დამეწყო პროტესტი და მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ვდგავარ.
რა არის თქვენი მოთხოვნები?
მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა, რომლებიც ფაქტობრივად ჩემ თვალწინ დააკავეს. მშვიდობიანი მოქალაქეები, ახალგაზრდა ბიჭები და ასევე მზია. მეორე მოთხოვნა არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და არა ტერორის ქვეშ და მოსყიდვით, რაც რეგიონებში განსაკუთრებულად დიდი პრობლემაა, რადგან აქ არის სიღარიბე.
ბანერზეც მიწერია. სიღარიბესაც ვაპროტესტებ და მისი დაძლევა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ხმების ყიდვა სწორედ სიღარიბესთანაა დაკავშირებული.
ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩემი მთავარი მოთხოვნებიდან ერთ-ერთია, რადგან ევროკავშირი და ევროპა ჩემთვის არის ღირებულებათა სისტემა და ევროპის ისტორია და ამერიკის ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომაც, ჩემთვის ევროპა და ამერიკა არის მოკავშირე თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მე ფრანგულს ვასწავლი და საფრანგეთის მთავარი დევიზია – „სოლიდარობა, თანასწორობა და ძმობა“, რაზეც დგას ევროპული კულტურა და ცივილიზაცია.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ევროპის, როგორც თავისუფალი სივრცის ნაწილი.
რამდენად რთულია გამართო აქცია მარტო ერთმა ადამიანმა? როგორია ხოლმე ამ დროს საზოგადოების რეაქცია? რა გაძლიერებთ ასეთ დროს, რა გაძლევთ მოტივაციას?
პროტესტის რამდენიმე ეტაპი გავიარეთ მეც და ალბათ გურჯაანის მოსახლეობამაც და მერიამაც, იმიტომ, რომ მე არ მახსოვს გურჯაანში ასეთი, ერთკაციანი პროტესტი…
პირველ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მოსყიდულს მეძახდნენ, ეს იყო ჩემი დამცირების ფორმა, ასე ვთქვათ.
ინციდენტებიც იყო. როცა მე ვუსტვენდი, ხმამაღლა ვყვიროდი და ვაპროტესტებდი, გურჯაანის მერიის ტერასიდან გადმომასხეს წყალი, რაც მერე მედიამაც გააშუქა… მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო კამათი და უცბად ამ კამათის დროს გადმომასხეს ცივი წყალი. ეს იყო ძალიან რთული ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ 15 წლიდან აქციებზე დავდივარ და ყველაფერი გამომიცდია. პატარა ქალაქში ვართ, ჩემი უბნის ბოლოშია მერიის შენობა, მაინც ერთმანეთს ვხვდებით. ისედაც, სულ 4-5 მთავარი ქუჩა გვაქვს.
სხვა ინციდენტებიც იყო. ზოგიერთი მოქალაქე სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, დიდი ალბათობით, „ოცნების“ მომხრეები და როცა ვუპასუხე მეც სიტყვიერად, ერთ-ერთი მოქალაქე მოვიდა, „ნაცი“ დამიძახა და დამარტყა. ჩემზე ფიზიკური თავდასხმა იყო. პოლიციაც გამოვიძახე, საქმეც იყო აღძრული გურჯაანის პოლიციაში. ესეც ძალიან რთული იყო ჩემთვის ფსიქოლოგიურად. საბოლოოდ მე არ მოვითხოვე ამ ადამიანის დასჯა, იმიტომ, რომ ის არ იყო „ტიტუშკა“ და მე კონკრეტულ მოქალაქეებს არ ვებრძვი…
მახსენდება მესამე შემთხვევა, როცა გურჯაანის მერიის მეორე შენობასთან გადავინაცვლე, ასევე გასაპროტესტებლად, ვუსტვენდი, მქონდა შეძახილები. ერთი მოხუცი მოდიოდა ჩემკენ, რომელმაც დაგდებული ქვა აიღო და ამ დროს, ზევიდან, გურჯაანის მერიის წარმომადგენელი ჩემზე გაბმულად ეძახდა – „ჩაარტყი!“…
ამ ყველაფრის ფონზე რა გაძლევთ მოტივაციას, რომ ისევ გახვიდეთ და გამართოთ ერთკაციანი პროტესტი?
იცით, გურჯაანის მერიის პრესსამსახურმა თქვა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რაზეც გიამბეთ. ამან პირადი ბრაზიც გამიჩინა.
ჩემი მოტივაციაა, როგორც ბავშვობაში: უსამართლობის, სიცრუის, უტიფრობის წინააღმდეგ ბრძოლა. ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ მოქალაქეები უსაფუძვლოდ და უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებულები. იგივე მზია, იგივე სხვა სინდისის პატიმრები. ესაა ჩემი მოტივაცია პირად ბრაზთან ერთად, იმიტომ, რომ ადამიანები თვალებში გიყურებენ და გეუბნებიან – არ მომხდარა მსგავსი არაფერი, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც წყლის გადმოსხმა და სხვა.
თორნიკე თევზაძე
პროტესტის გარდა, როგორც მოქალაქე ჟურნალისტი, ცდილობთ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. უკვე გაქვთ გვერდიც – „გურჯაანის ხმა“. საინფორმაციო ვიდეოების ჩაწერა როდის და რატომ დაიწყეთ?
გვერდი „გურჯაანის ხმა“იმ დღეს შევქმენი, როცა პირველად დავდექი გურჯაანის მერიასთან.
ჩემი მიზანი იყო, რომ ჩემი, ერთი კაცის პროტესტი გაეგონათ როგორც გურჯაანში, ისე მთელს საქართველოში.
ყოველ დღე, როდესაც მივდივარ გურჯაანის მერიის შენობისკენ, პირდაპირ ეთერს ვრთავ და ამით ჩემი პროტესტის შესახებ თავს ვახსენებ საზოგადოებას და იმ დღეს რაც არის მნიშვნელოვანი, იმაზე ვესაუბრები.
მეორე მხრივ, რადგან თავდასხმა იყო ჩემზე, პირდაპირ ეთერში ყოფნა თავდაცვის საშუალებაცაა… არ მინდა ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ ჩემს ქალაქში, უსაფრთხოების განცდა დამეკარგა. ხშირად ღამე არ გავდივართ ქალაქში, როცა ჩემზე თავდასხმა მახსენდება, თუმცა იმდენი რამე ხდება, ჩემი ამბავი არაფერია. ადამიანები ციხეში არიან.
თქვენ ისაუბრეთ თქვენს უსიამოვნო გამოცდილებებზე თქვენი პროტესტის განმავლობაში. გაქვთ საპირისპირო, კარგი გამოცდილება?
გურჯაანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ან თბილისშია, ან საზღვარგარეთ. აქ არიან ძირითადად დარჩენილები ან პენსიონერები, ან სკოლის მოსწავლეები.
მერიის წინ დგომისას ჩემთან ბევრი პენსიონერი მოდის და ასე ვთქვათ, თავის პრობლემებს მიზიარებს. ბევრი მათგანი მხარდაჭერასაც გამოხატავს. ერთმა პენსიონერმა მითხრა, ახალგაზრდა რომ ვიყო შენ გვერდით დავდგებოდიო. ერთი სკოლის მოსწავლის მშობელმა მითხრა – ჩემს ოჯახს აშინებენ და არ შემიძლია შენ გვერდით დგომაო.
„გურჯაანის ხმის“ კომენტარებშიც ბევრი მიწერს, რომ გაძლიერდა და ჩემმა პროტესტმა იმედი მისცა.
ბევრი პენსიონერი მოდის ხოლმე და ხელჯოხებით ჩერდებიან. დიდხანს გაჩერება, რა თქმა უნდა, პენსიონერებს არ შეუძლიათ…
როგორც სხვაგან, ისე გურჯაანშიც, სიღარიბეა მთავარი პრობლემა. ჩემს საპროტესტო ბანერზე მიწერია: „არა სიღარიბეს! არა უსამართლობას! არა მონობას!“.
ერთი კაცი მოვიდა და მითხრა – „მე ღარიბი ვარ და შენ ხარ ჩემი ხმა“. სახელი მითხრა და მთხოვა, რომ მისი სახელი არ დავივიწყო.
სკოლის მოსწავლეც მოსულა, რომელსაც უთქვამს, რომ ბუფეტში ძალიან ძვირი ღირს საჭმელი და მას არ შეუძლია ფუნთუშის ყიდვაც კი.
აფხაზეთიდან დევნილი ერთი ქალიც იყო ჩემთან მოსული, რომელიც სახელმწიფოსგან ითხოვდა დახმარებას, მაგრამ რადგან კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მას ძალიან გაუჭირდა ამ დახმარების მიღება…
ჩემთვის ყოველი დღე ახალი პროტესტის დასაწყისია. ხანდახან მგონია, რომ ერთი დღე ერთი საუკუნეა, იმდენად ბევრი რამ ხდება ქვეყანაში. ყოველი ახალი დღე, მგონია, რომ ხელახლა ვიწყებ პროტესტს და ხელახლა ძალა მჭირდება, რომ გავიდე ჩემი უბნის ბოლოში… გურჯაანის მერია ჩემს უბანშია. იქ რომ ვდგავარ, ხშირად მომაძახებენ ხოლმე – „მართალი ხარ!“ და ეს ისე მნიშვნელოვანია!
ქუჩაშიც გავუჩერებივარ და მადლობა უთქვამთ ჩემთვის. ეს მე ძალიან მაძლიერებს.
რას ეტყვით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებზე მდგომ თანამებრძოლებს. რა არის თქვენი სათქმელი გურჯაანიდან?
ერთი მოქალაქის ბრძოლას აქვს დიდი ძალა, ერთ მოქალაქეზე დგას ჰუმანური და სამართლიანი სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ პროტესტის შენარჩუნება. ყველას არ აქვს იმის ძალა, რომ დაუპირისპირდეს ასეთ მოძალადე რეჟიმს, მაგრამ ვინც ვიბრძვით, ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ერთმანეთს ხმა მივაწვდინოთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთი ადამიანი დგას გარეთ მარტვილშიც, მზისა გაბეშია.
ერთი ადამიანი ვიქნებით, ხუთი, ათი თუ თხუთმეტი, ამ სიბნელესა და ტერორში, ჩვენი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.
„სანამდე უნდა შევწიროთ შვილები მსხვერპლად? ულამაზესი, უკარგესი ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს. დღეს სხვისი იყო, ხვალ შეიძლება ჩვენი იყოს, არაფრისგან ვართ დაზღვეული და დაცულები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ნონა ფარტენაძე.
ბარცხანაში, 8 აპრილს, მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც დათუნა დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ არც გამაფრთხილებელი ნიშნებია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არ არის უბედური შემთხვევის პირველი ფაქტი. აქ გვითხრეს, რომ ამ გადასასვლელმა უკვე ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბოლო წლებში.
8 აპრილს, ბარცხანაში ლიანდაგზე გადასვლისას მატარებელი მოზარდს დაეჯახა. აქ დათუნას მოსაგონებლად ახლა ყვავილები ალაგია
მატარებლის ლიანდაგი, რომელიც დასახლებულ პუნქტსა და სკოლას შორის გადის, შემოსაზღვრული არ არის. სკოლაში ასობით ბავშვი სწავლობს, რომლებიც თითქმის ყოველდღე გადადიან ლიანდაგზე, რომლის ირგვლივ, უსაფრთხოების არცერთი ნორმა არ არის დაცული.
აქ არც შუქნიშანი დგას, არც გამაფრთხილებელი წარწერებია, რომელიც ბავშვებს ან თუნდაც მოზარდებს შეახსენებს, რომ ლიანდაგზე გადასვლისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან აქ მატარებელი მოძრაობს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, არც „საქართველოს რკინიგზას“ და არც ბათუმის მერიას, უსაფრთხოების ზომები არ მიუღიათ.
მერამდენე შემთხვევაა უკვე, როცა ამ ლიანდაგზე ადამიანი იღუპება. ნუთუ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები არაფრად ვღირვართ ამ ქვეყნისთვის, ამ ხელისუფლებისთვის, რომ ეს გადასასვლელი მოგვიწესრიგონ.
ორი წლის წინ ტურისტი ქალი მოკლა აქ მატარებელმა, ერთ ბავშვს ფეხი მოაჭრა და კიდევ იყო არაერთი შემთხვევა, დაღუპვის და ადამიანის დასახიჩრების.
ვითხოვთ, რომ გაკეთდეს ლიანდაგზე უსაფრთხო გადასასვლელი.
„ვწუხვართ“ და „სამწუხაროა“ – ეს გვესმის მხოლოდ. არანაირი პასუხისმგებლობა არავისგან. კეთილი ინებონ და მიიღონ შესაბამისი ზომები, ვისაც ამის მოწესრიგება ეხება“- ამბობს ნონა ფარტენაძე.
ლიანდაგი არ არის შემოსაზღვრული, არ დგას გამაფრთხილებელი ნიშნულები, არ არის დაცული უსაფრთხოება.
ამავე უბანში ცხოვრობს ლევან ცერცვაძეც. სახიფათო ლიანდაგის გადაკვეთა მის 14 წლის შვილსაც თითქმის ყოველდღე უწევს.
„რაც ეს ფაქტი მოხდა, ამის შემდეგ მარტო ვეღარ ვუშვებ.
ეს არ არის პირველი და ხედავთ, რომ აქვე საჯარო სკოლაა, სადაც უამრავი ბავშვი სწავლობს და შეიძლება კიდევ მოხდეს ასეთი შემთხვევა.
აქ თუ რაიმე პრევენცია არ მოხდა უსაფრთხოების, სადაც არის სკოლა და სწავლობენ ჩვენი პატარები, დაცული ვერ იქნებიან ჩვენი შვილები.
მილიონი ვარიანტი შეიძლება გააკეთონ. არსებობს ამის გამოცდილება და შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება“ – ამბობს ლევან ფარტენაძე.
ლიანდაგზე მოსახლეობას ხის ფიცრები აქვს დაგებული, რომელიც უკვე დაზიანებული და დამპალია.
ბარცხანაში ლიანდაგი სკოლასა და დასახლებულ პუნქტს შორის გადის.
„აქ შეიძლება ადამიანს ფეხი ჩაუვარდეს ან დაუცურდეს და ის მანევრი ვერ გააკეთოს, რომ დროულად გადავიდეს მეორე მხარეს უსაფრთხოდ და გადაასწროს მატარებელს.
სანამ ბარცხანის ხიდი გაკეთდებოდა, აქ მანქანებიც გადადიოდნენ და იდგა შლაგბაუმიც. იდგა გამაფრთხილებელი ნიშნებიც, მაგრამ რაც ეს ხიდი გაკეთდა, ბარცხანის ტერიტორიას პატრონი აღარ ჰყავს“ – ამბობს ლევანი.
მისი თქმით, როცა მთავრობა ხედავს, რომ არაერთი დაზარალებული და დაღუპულია, მოსახლეობამ რომც არ მიმართოს, თავად უნდა მიიღოს დროული ზომები.
„სანამ ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, მანამდე ხომ უნდა მისულიყვნენ იმ დასკვნამდე, რომ პრობლემაა აქ. თვითონ ხომ უნდა ხვდებოდეს ადამიანი, რომელიც ამოწმებს თუნდაც სკოლის უსაფრთხოებას, რომ ლიანდაგი არის გაშიშვლებული და ბავშვს შეუძლია გადაირბინოს ან უბრალოდ ითამაშოს აქ. მით უმეტეს, რომ აქვე, ლიანდაგის გვერდითაა სათამაშო მოედანი, სტადიონი, რამდენი ბავშვი თამაშობს აქ ზაფხულობით და ყოველდღიურად უწევთ ამ საფრთხის გადალახვა.
შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა.
სასწრაფოდ მისაღებია უსაფრთხოების ზომები“ – ამბობს ლევან ცერცვაძე.
სახიფათო ლიანდაგი ბარცხანაში.
ნატა სულავაც ამ უბანში ცხოვრობს. მას აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს და ამბობს, რომ ისიც ხშირად მოძრაობს ამ გზაზე.
„ამასწინათ გამოიპარა სკოლიდან და ძლივს გადაარჩინა მეზობელმა. არავინაა დაცული და ვითხოვთ, რომ ეს გზა გახდეს უსაფრთხო და დაცული.
ჩვენც გადავდივართ ამ გზაზე უფროსები და ყოფილა შემთხვევა, მეც მომპარვია მატარებელი ისე, რომ ვერ შევამჩნიე, რადგან ზოგჯერ გაძლევს სიგნალს, ზოგჯერ – არა და ძლივს გადავრჩენილვართ.
მე მგონი, საქართველოს ბიუჯეტს აქვს ამის საშუალება, რომ აქ ღობე გაკეთდეს. საშინლად განერვიულებულები ვართ ყველა და შეშინებული. „ვიზიარებ“ და „ვწუხვარ“ არ შველის ამ ამბავს, დაუყოვნებლივ მიიღონ უსაფრთხოების ზომები“ – ამბობს ნატა სულავა.
ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და გზა გახადონ უსაფრთხო.
დაუცველად გრძნობს თავს მარიამ სამნიძეც.
„გადასასვლელი არ გვაქვს. არც ღობეა, არც გამაფრთხილებელი რამ. გადასასვლელი ფიცრები დამპალია, აქ შეიძლება ჩავარდე. ტვირთით მოვდიოდი ამასწინათ და ძლივს გადმოვედი, ძალიან გამიჭირდა. თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისაც ეხება, რომ გაგვიკეთონ უსაფრთხო გადასასვლელი“ – გვეუბნება ის.
„ბათუმელებს“ კიდევ ერთმა მოქალაქემ უთხრა, რომ ბეწვზე გადარჩა ლიანდაგზე გადასვლისას:
„მეც მქონდა შემთხვევა და გადამარჩინეს. ლიანდაგზე რომ გადმოვდიოდი, ვერ დავინახე მატარებელი. ხმაც არ ისმოდა, ისე მოდიოდა. აქვე ბიჭები ისხდნენ ფანჩატურში. დამიძახეს – „ფრთხილად, მატარებელიო“ და ერთი ნაბიჯით გადმოვიწიე უკან, თორემ დიდი შანსი იყო, მეც იგივე დამმართოდა.
ღამით კიდევ უფრო სახიფათოა აქ გადასვლა, შეიძლება ფიცარი ჩაგიტყდეს, ფეხი ჩაგივარდეს და ვეღარ მოასწრო გადმოსვლა.
ამხელა სკოლაა აქ, სკოლასა და მოსახლეობას შორის ლიანდაგი არ უნდა იყოს და თუ არის, უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები და დაცული უნდა იყოს უსაფრთხოება“ – ამბობს შორენა ბარაბაძე.
ბავშვის დაღუპვის დღეს „საქართველოს რკინიგზა“ მხოლოდ სამძიმრით შემოიფარგლა, ბათუმის მერიას კი, ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
„გთხოვთ, თუ არის შესაძლებელი ჩემი ინტერვიუ ამით დაიწყოს – თავისუფლება ქალბატონ მზიას და რეჟიმის პატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია.
ერთობით თუ შევცვლით. ცალ-ცალკე ვერაფერს შევძლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიბრძვით. ყველა სადღაც წევს უღელს, ერთი მიმართულებით თუ არ გავწიეთ, ეს სხვა საკითხია. ეს მინდა იყოს ჩემი მთავარი გზავნილი“ – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ემიგრანტმა გურამ ყიფშიძემ. მან საქართველო 2022 წლის ბოლოს დატოვა. ამბობს, რომ სიდუხჭირის გამო არ წასულა, ასე გადაწყვიტა, რადგან თუ დარჩებოდა, დააკავებდნენ.
„გავუძლებდი „ოცნების“ დილეგს, მაგრამ ჩემი ოჯახი განადგურდებოდა“ – ამბობს გურამ ყიფშიძე.
როგორც თავად გვიყვება, არჩევანი არ ჰქონდა, უნდა წასულიყო და ჯერ ბუნდოვნადაც ვერ ხედავს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას.
მან გვიამბო იმ სირთულეებზე, რაც ჯერ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას, შემდეგ წასვლას და იქ დამკვიდრებას უკავშირდებოდა:
„რთული იყო ემიგრაციაზე ფიქრი და შემდეგ ემიგრაცია. დედა მყავდა ემიგრაციაში და ვიცოდი, რა საშინელი მდგომარეობაც იყო ეს. ვიბრძოდით, რომ რაღაც შეგვეცვალა და ეს ბრძოლა გრძელდებოდა წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით: გონებით, ფიზიკური ბრძოლით, აქციებით და ასე შემდეგ.
მივიღე გადაწყვეტილება და 2022 წლის მიწურულს დავტოვე ქვეყანა მექსიკის გავლით. 2022 წლის 2 დეკემბერს ჩამოვედი ამერიკაში“.
გურამის თქმით, მას დევნიდნენ ხელისუფლებისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამო:
„პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანად მოვიაზრებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვეგუებოდი დღევანდელ რეჟიმს, რაც გვაქვს საქართველოში. შეიძლება დღეს ვიღაც უფრო მკაფიოდ ხედავს, მაგრამ მინდა სწორად გაიგოს მკითხველმა, ჩემი ბევრი მეგობარი და მეც, ამაზე ადრე ვხვდებოდით, რომ ეს იყო რეჟიმი და ოლიგარქია.
მესმის ყველა ადამიანის, ვინც ეკონომიური მდგომარეობის გამო იღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენთან პირველი იყო შესაძლო თავისუფლების აღკვეთა.
დღეს, ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ არ წარმოადგენ ქვეყნის იმ სინდიკატის, ასე მინდა დავარქვა „ქართული ოცნების“ მმართველობის გუნდს, თუ მაგათი წევრი არ ხარ, ვერ ხარ ისე, როგორც გინდა რომ იყო. ჩემი წამოსვლის მიზეზი არ ყოფილა მატერიალური მდგომარეობა, ან რაიმე პირადი სარგებელი. ვერ ვხედავდი მომავალს. ჩემი ცხოვრების ნაწილი სწავლას, განათლებას, კანონმორჩილებას, განვითარებას დავუთმე, რაც ვეღარ დავინახე და ეს უკვე იყო ბოლო წერტილი, რამაც გადამაწყვეტინა წამოვსულიყავი“.
გურამის დედა წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა, ის შვილმა საქართველოში დააბრუნა და მერე თავად დატოვა ქვეყანა:
„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ბათუმში ვცხოვრობდით, გვქონდა სახლი ზღვის პირას, რომელსაც დასასვენებლად ვიყენებდით. მენატრება ძალიან ბათუმი, მართლა მენატრება. დავიწყეთ ბიზნესსაქმიანობა, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის შეხედულებების გამო მრავალი შევიწროების მსხვერპლი გახდა. დედაჩემმა, სჯობს თვალში არ მოვხვდეთ და გავაჩეროთ ბიზნესი, შევიკავოთ თავი და რაღაც დონეზე დავრჩეთ უხილავებადო. სამი მარკეტი გვქონდა, საკუთარი შრომით, არანაირი მემკვიდრეობა, არანაირი ციდან ჩამოვარდნილი“.
„საგადასახადოს ხშირი შემოსვლით. რამდენიმეჯერ გაგვიძარცვეს მაღაზია, პოლიციის გამოძახების შემთხვევაში ადებდნენ პლომბს, სანამ მოკვლევა მიმდინარეობდა. ეს რამდენიმე დღე გრძელდებოდა, რაც სეზონის პირობებში წამგებიანი იყო, მით უმეტეს, როცა ბიზნესი კრედიტზეა დაფუძნებული. მრავალი ფაქტორით იკვეთებოდა შევიწროება.
დედა ევროპაში იყო, იტალიაში მომვლელად მუშაობდა. ეს ჩემთვის იყო უდიდესი სადარდებელი.
მთავარია დედა დაბრუნდეს-მეთქი და შევცვალეთ ემიგრაცია ემიგრაციით, დედა დაბრუნდა და მე წავედი ამერიკაში“.
გურამმა გვიამბო იმ ბარიერების შესახებ, რომელთა გადალახვაც ამერიკაში დასამკვიდრებლად გჭირდება:
„პირველი ბარიერი ის იყო, როგორ მოვხვედრილიყავით ამერიკაში. საქართველო პატარაა, მაგრამ საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ რაღაც მოინდომო და იმ კონკრეტულ საქმეში ქართველი არ დაგეხმაროს. ქართველებმა ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით. აქ ჩემი რამდენიმე მეგობარი ცხოვრობს და ისინი დამეხმარნენ. ისე არ წამოვსულვარ, რაც იქნება იქნება-მეთქი. თავიდანვე ვიცოდი სად ვიცხოვრებდი.
დაგროვებული ფინანსებით წამოვედი, მჭირდებოდა პერიოდი, რომ დამენახა სად ვარ. ამერიკაზე ბევრი წამიკითხავს, მსმენია და თითქმის ვიცოდი სოციუმი, სად მოვდიოდი.
ბევრი ქვეყანა შეიძლებოდა ამერჩია, მოგეხსენებათ ამერიკა დედამიწის მეორე მხარეს, საერთოდ სხვა კონტინენტზეა. წამოსვლამდე გავარკვიე, სად ვიცხოვრებდი, თუმცა სამსახურთან დაკავშირებით არ ვიცოდი. დანარჩენს აჩვენებდა დრო, წინასწარ სამსახურზე არ მიფიქრია. მხოლოდ ვფიქრობდი როგორ მოვხვდებოდი ამერიკაში, იქაც ნაცნობებით და ბევრი წვალებით და მე როგორც ვიწვალე, ეს იმასთან არაფერია, რასაც ვიგებ. ისეთ რთულ გარემოში მოუწიათ გადაადგილება ამერიკამდე და შემდეგაც…
აქ, ჩათვალეთ, განწირული ხარ, ისეთ ველზე ხარ თაგუნა, სადაც ზემოდან დაფრინავენ მტაცებლები თუ ფრთხილად არ იქნები, ბევრი შეცდომის დაშვებაა შესაძლებელი.
ძნელია აქ თუ ვინმე არ გყავს და ისე ჩამოდიხარ. სტრესის ფონზე არაპროდუქტიული ხდება გონება, ვერ ხედავ გამოსავალს და ძალიან ბევრი ადამიანი ღმერთის ანაბარაა დარჩენილი“.
გურამი ჩვენთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ სერვისებზე, რომელსაც აშშ-ში მოქალაქეს და არამოქალაქესაც სთავაზობენ, გვიყვება გამართულ და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაზე:
„აქ რომ ჩამოვედი, ვაკვირდებოდი ყველაფერს აბსოლუტურად, გარე განათების ბოძის სისტემასაც კი ვაკვირდებოდი, რამდენად იზოლირებული იყო ელექტროენერგიის მიწოდება, რამდენად იყო ქალაქის ინფრასტრუქტურა გამართული, უსაფრთხოება. უმაღლეს დონეზეა მოწესრიგებული ყველაფერი. ვფიქრობ, საქართველოში რომ გადმოვიტანოთ შეუძლებელი არაფერია, უფრო კარგადაც კი შეიძლება განვავითაროთ. მომსახურების სააგენტოსთან მქონდა შეხება მართვის მოწმობის აღების დროს, საკმაოდ გამართულია, მაგრამ ვერც ქართულზე ვიტყოდი ცუდს“.
გურამიც მათ შორისაა, ვინც ჩვენთან საუბარში ამერიკულ ჯანდაცვის სისტემაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა:
„დაზღვევა თანვე მივიღე, დამჭირდა ოპერაცია და უფასოდ გავიკეთე, რომელიც საქართველოში 30-დან 50 000 ლარიც კი დამიჯდებოდა, ალბათ.
როდესაც შემოვედი ქვეყანაში, უკვე მეორე დღეს ავიყვანე ადვოკატი. გავაკეთე განაცხადი, რომ ვითხოვდი თავშესაფარს და პარალელურად მივყევი პროცესებს. ქვეყანა გაძლევს საშუალებას, რომ მიიღო უფასო ჯანდაცვა. წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი ემიგრანტია, რომელიც არ არის ამერიკის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს შეზღუდვა იმაზე, რომ მიიღოს უფასო მედიკამენტები, ჯანდაცვა უფასოდ, დაზღვევა… კბილის დაბჟენა და ძველი ბჟენების შეცვლაც კი შედის, ელემენტარულს გეუბნებით. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რამე რომ დაგემართოთ – აბსოლუტურად გიფინანსებენ მსგავს საკითხებს.
გარდა ამისა, შემიძლია ინგლისურის დონე ავწიო, შევისწავლო ისეთი პროფესია, რაც შემდგომში ჩემს საქმიანობს განსაზღვრავს. ათასი პროგრამაა, რომელიც შეგიძლია გაიარო უფასოდ, ხელს უწყობენ ემიგრანტებს“.
ოჯახი მისგან დახმარებას არ საჭიროებს, ამიტომაც გურამი ცდილობს საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს დაეხმაროს ისე, როგორც შეუძლია და თავადაც მონაწილეობს აქციებში, რომლებსაც ემიგრანტები მართავენ. არის ამ აქციების თანაორგანიზატორიც:
„ოჯახს ჩემი დახმარება არ სჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ თუ შევძლებ აქციების ბავშვებს დავეხმარო. ფონდი გვქონდა, ჩაფხუტებს ვუგზავნიდით, ხან ადგილზე ვყიდულობდით, აირწინაღებს ვყიდულობდით. ჩემი ბევრი მეგობარი აქ 14 საათი მუშაობს, რომ ოჯახი შეინახოს. ინფორმაციასაც კი ვერ იღებენ, ისეთი სამსახურები აქვთ, წარმოიდგინეთ. საქართველოდან ინფორმაცია რომ ვერ მივიღო ყოველდღიურად, ალბათ შფოთვა დამეწყება“ – გვეუბნება გურამი.
ემიგრანტების აქცია ნიუ იორკში, გურამი ბანერით – „ბრაზო, იქეც რისხვად“
გურამის თქმით სამშობლოში დაბრუნების საკითხი ჯერ ისევ ბუნდოვანია მისთვის:
„რა მნიშვნელობა აქვს, როდის დავბრუნდები, თუ იგივე მთავრობა უნდა დამხვდეს. აქედანაც ვიბრძვით და საპროტესტო მუხტს ვქმნით, ამას არც ფინანსები სჭირდება და არც არაფერი, გარდა იმისა, რომ შენი ქვეყანა გიყვარდეს. დავწერთ სოციალურ ქსელში და ასე ვგეგმავთ აქციებს ქალბატონი მზიას დაკავებასთან დაკავშირებით და არამხოლოდ – სხვადასხვა საპროტესტო აქციას ვეხმაურებით. აქ სამსახურის გარეშე ვერ გადარჩები, მაგრამ ახერხებენ ადამიანები და საპროტესტო აქციებში ერთვებიან. სხვადასხვა შტატიდან ვეხმაურებით მოვლენებს საქართველოში“.
გურამი მადლიერია იმ ხალხის, ვინც ყოველდღე გამოდის პროევროპულ აქციებზე თბილისსა და ბათუმში.
აქედან როგორ ვუყურებთ, იცით?! მთელი ცხოვრებაა, ყველაფერს რომ ჩადებ რაღაც კონკრეტულში, უვლი, ეფერები, უყურებ, რომ აი, ახლა, ახლა აყვავდება, ახლა დაიყვავილებს… ასეთი შეხედულება მაქვს მე იმ საპროტესტო აქციებზე, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები მართავენ.
საქართველოში საპროტესტო აქციებში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა და ვიცი, რას განვიცდიდით, რა მუხტი იყო.
გარედან რომ ვუყურებ, ორმაგად მეიმედება ადამიანები, რომლებიც გამოდიან და აპროტესტებენ, რეჟიმის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ.
ბევრი ჩემი მეგობარი თავდაცვის ძალებში მუშაობს. მათი ოჯახის წევრები, მათ შორის ჩემი სიძე, გაათავისუფლეს. 18 წელი მსახურობდა და როდესაც მოვიკითხეთ მიზეზი რა იყო … ჩემი და შეუჩერებლად მონაწილეობს პროტესტში.
ეს მთავრობა ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ცივილურად მოაზროვნე ყველა ადამიანისთვის მიუღებელია. ჩემი ოჯახის წევრები, მთელი ჩემი სამეგობრო პროტესტის მუხტს ქმნის. დიდი იმედით ვუყურებთ ამ პროტესტს ყველა.
ჩვენი ერთადერთი იმედი, დაბრუნებაზე ფიქრის და მუხტის ერთადერთი მიზეზი ის ქართველები არიან, რომლებიც გამოდიან ამ მთავრობის წინააღმდეგ“.
ემიგრანტების აქცია ნიუ იორკში
ემიგრანტების აქცია ნიუ იორკში
გურამი ფიქრობს, რომ საქართველოში საპროტესტო მუხტი შეიძლება გაუფასურდეს, თუ ოპოზიციური პარტიები აქციის მონაწილეებთან არ გაერთიანდებიან:
„100 დღეზე მეტია აპროტესტებ? – ბევრი იტყვის ვაუ, ძალიან მაგარია, მაგრამ საქართველოში გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის – 100 დღე ვერაფერი გააკეთე და ახლა რა უნდა ქნათო.
ჩვენ ყველაფერი მალე გვინდა. რუსული ნარატივებით ებრძვიან ადამიანის გონებას.
ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა, რომ ვინც იბრძვის, ითანამშრომლონ ოპოზიციურ პარტიებთან. მხოლოდ ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა კონკრეტული პიროვნებები, სხვა გამოსავალი არ არსებობს. არ მოვა მესია და გეტყვის მესია ვარ და გამომყევიო.
მარტო საპროტესტო აქცია ვერ მოიტანს შედეგს, თუ ლიდერები არ ავირჩიეთ, ამიტომ არ უნდა ვუძახოთ ოპოზიციას – შენ აქ არ უნდა იდგეო. ესეც იმ წისქვილზე წყლის დასხმაა, რომელსაც მთავრობა ატრიალებს. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ლიდერები ან რამდენიმე ლიდერი, რომლებიც გვეყოლებიან პოლიტიკურ სპექტრში. თუ ეს მუხტი გაქარწყლდება, ვფიქრობ, იმაზე კიდევ უფრო გართულდება რაღაცის შეცვლა ქვეყანაში დემოკრატიისთვის“.
გურამი ამბობს, რომ ემიგრანტები, რომლებმაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში დატოვეს, ვერ დაბრუნდებიან ვიდრე მთავრობა არ შეიცვლება:
„ერთადერთი, რაც ბევრს დააბრუნებს ქვეყანაში, არის მთავრობის ცვლილება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი იმისთვის, რომ ჯანსაღი მოქალაქე გამოვსულიყავი. უცებ დამთავრდა და დაიწყო ემიგრაცია. აჭარის საავტომობილო ფედერაციას ვხელმძღვანელობდი.
თუ მთავრობა არ შეიცვალა, აქედან ვერ დაბრუნდება ბევრი ქართველი. „ფესვები“ რომ არის, ქართული ფილმი, იქიდან ციტატებს ვამბობ ხოლმე ხანდახან. მესამე წელია რაც აქ ვარ, რამდენიმე უახლოესი ადამიანი გარდაიცვალა, ესეც ხომ დიდი დანაკლისია. რამდენი ადამიანი იქნება, რომელსაც მე ვეღარ ვნახავ. ამაზე ცუდი რა უნდა იყოს.
ამაზე ცუდი რა უნდა გაგიკეთოს მთავრობამ და მმართველობამ. აქ მე და ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ფული ვიშოვოთ და დავბრუნდეთ, იმის გამო წამოვიდნენ უფრო, რომ ოჯახები გადაარჩინონ.
შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან
გურამი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ სირთულეებს იხსენებს:
„ემიგრანტების უმეტესობა კრიტიკულად განწყობილია. 6000-მა ადამიანმა მისცა ხმა მანჰეტენზე 4 საარჩევნო უბანზე. ძალიან პატარა ოთახებში იყო საარჩევნო უბნები გახსნილი, იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბუნდოვანი ინფორმაცია. არჩევნების დღეს იყო რიგები. არანაირი მარეგულირებელი. ჩვენ ამ ყველაფერში ჩავერთეთ უსასყიდლოდ. ჩვენ ვარეგისტრირებდით ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
იმის მიუხედავად რომ ქართველებს ძალიან არ გვიყვარს რიგში დგომა, დიდხანს იდგენენ ადამიანები რიგებში ხმის მისაცემად. გადაღებულიც მაქვს იმ ადამიანის ფოტო, რომელიც 9 საათი იდგა რიგში, რომ თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა“.
გურამმა ჩვენთან საუბრისას ის დღეც გაიხსენა, როცა ემიგრანტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ:
„შევხვდი სალომე ზურაბიშვილს, აქტიურად ვართ პროცესებში ჩართული. აქტიურად ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ იმ ძალებთან, რომლებიც აქ ივანიშვილის რეჟიმზე აკეთებენ მკაცრ განცხადებებს. ჩვენ ვცდილობთ აქტიურობას, იქნებ როგორმე არ მიგვატოვონ. ვბეჭდავდი მათი სანქცირების შესახებ მოთხოვნებს და ამით მივდიოდი აქციებზე. ასევე, ამოვბეჭდე შავი ლაქა, რომელიც არჩევნების გაყალბების სიმბოლოდ იქცა, ჩვენ ამ ლაქაზე ხელმოწერით უნდობლობა გამოვუცხადეთ ცესკოს და როცა შევხვდით, სალომე ზურაბიშვილსაც ვთხოვე მასზე ხელი მოეწერა“.
_______________
მთავარ ფოტოზე: გურამ ყიფშიძე ნიუ იორკში, ქართველი ემიგრანტების აქციაზე
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსნის დაასანქცირებაზე ინფორმაცია დღეს გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა ბრტანეთის საელჩომ საქართველოში:
„გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ.
სანქციები მათ შორის დაუწესდათ საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სპეციალური საგამოიძებო სამსახურის უფროსს, ვინაიდან მათ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზედმიწევნით არ გამოიძიეს სერიოზული ძალადობის ფაქტები.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმ განაცხადა:
„მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.
დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“.
სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ 23 მარტს სტამბოლის მერიასთან საპროტესტო აქციის შედეგად დაკავებული 139 პირის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა წარადგინა.
აქციაზე დაკავებულებს, რომელთა უმრავლესობაც სტუდენტია, ბრალად ედებათ კანონის დარღვევა შეხვედრებისა და დემონსტრაციების შესახებ, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თურქული გამოცემა „ბიანეტის“ ცნობით, ბრალდებაში ნახსენებია დემონსტრაციის აკრძალვა, რომელიც მოქმედებდა სტამბოლში მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა და პოლიცია დემონსტრანტებს დაშლას სთხოვდა, რაც არ შესრულდა.
მიუხედავად აკრძალვისა, მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP) 19 მარტიდან – მას შემდეგ, რაც სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავეს, ზედიზედ შვიდი ღამის განმავლობაში მართავდა აქციებს მერიის წინ, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. პროტესტი სხვა ქალაქებშიც იმართებოდა.
პროკურორებმა გარდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, 139 დაკავებულისთვის ასევე მოითხოვეს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1 მუხლის გამოყენება, რომელიც მოიცავს ისეთ ჯარიმებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების ჩამორთმევა და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა.
სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ, საპროტესტო აქციებზე 1800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და მათგან 301-ზე დაიწყო გამოძიება.
ადვოკატმა თუბა ტორუნმა, რომელიც დაკავებული სტუდენტების წარმომადგენელია, „ბიანეტთან“ საუბრისას განმარტა, რომ გუბერნატორის მიერ გამოცხადებული საპროტესტო აკრძალვა თავად არის უკანონო, რადგან თურქეთის კონსტიტუციის 34-ე მუხლით გარანტირებულია შეკრების და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს ბათუმი-სარფის და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის პროექტების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების კომპენსაცია გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად გადაიხადოს.
„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს ორი პროექტი შეეხება.
„ნება დაერთოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მოახდინოს ბათუმის შემოვლითი გზის-სარფის საავტომობილო გზის მშენებლობისა და ქობულეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის ფარგლებში ზემოქმედების არეალში მოხვედრილი სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ[ებ]ის წესების შესაბამისად შედგენილი მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად, მათ შორის, თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ ან/და სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ან/და უკვე გამოსყიდულ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
ამავე განკარგულებით, აჭარის მთავრობამ ან/და შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა „მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ფართობების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის გაცემის მიზნით“, სათანადო მონაცემები გზების დეპარტამენტს უნდა მიაწოდონ.
„ბათუმელებისთვის“ უცნობია კონკრეტულად რომელ ნაკვეთებს და რა დოზით შეეხება აღნიშნული პროექტები. ზოგადად, გზების დეპარტამენტი კი, საკომპენსაციო ნაკვეთების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ იძლევა.
ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა
პროექტის მიხედვით ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [აქ სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას], აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.რა თანხა დასჭირდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას და ვის მიერ დაფინანსდება პროექტი – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან „ბათუმელებისთვის“ დაახლოებით ორი თვის წინ გამოგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად „შესაბამისი პროცედურების დაწყება ახლა იგეგმებოდა“.
„დეპარტამენტში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია თავის მხრივ მოიცავს მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმას, რომლის განხილვა/დამუშავებაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე. შესაბამისად, გეგმის საბოლოო ვერსიის მიღების შემდგომ, განისაზღვრება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების საკომპენსაციო ღირებულება.
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ განსახლების პროცედურების განხორციელების დაწყების თაობაზე, დაინტერესებულ პირებს ეცნობება დამატებით.“ – მოგვწერეს მაშინ გზების დეპარტამენტიდან.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმი-სარფისავტობანის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება კი2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, ამ დროისთვის მშენებლობაზე ტენდერიც არ არის გამოცხადებული.
ქობულეთის შემოვლითი გზა
ქობულეთის შემოვლითი გზა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
რაც შეეხება ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიან მაგისტრალად გადაკეთებას, სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „მოდერნიზებული გზის საპროექტო სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობად განსაზღვრულია დაახლოებით 2 წელი. სამუშაოები კი სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება“.
ამავე დოკუმენტით, წინასწარი გათვლებით ახალი გზა შეეხება 200-მდე კერძო მიწის ნაკვეთს და 20-ზე მეტ შენობა-ნაგებობას. ქონების საკომპენსაციოდ კი ჯამში 20 მილიონი ლარი იქნება საჭირო.
ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის პარალელურად დამატებით კიდე ერთი ორზოლიანი გზის მშენებლობის პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის ბოლოს გასცა სკოპინგის დასკვნა, რომლითაც „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის მომზადება უზრუნველყოს სკოპინგის დასკვნის შესაბამისად“.
_________________________
მთავარ ფოტოზე: ჭოროხის დელტა, ხედი სოფელ ჭარნალიდან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
10 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 145 „შაჰედის“ და სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტია.
საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 85 დრონი, თუმცა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა უკრაინის ექვსი 6 რეგიონი – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხმელნიცკის, პოლტავას და მიკოლაევის ოლქები.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ 10 აპრილის ღამეს რუსეთის თავდასხმამ დედაქალაქში ხანძარი გამოიწვია, დაიწვა კერძო სახლი, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიკოლაევის 10 მცხოვრები დაშავდა, ქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობა, ათობით ავტოფარეხი და მანქანა.
შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1995 წელს დაბადებული ნ.ც., 1993 წელს დაბადებული ლ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.
გ.ლ. – ს და ნ.ც. – ს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და იძულება. ხოლო ლ.ა. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული.
შსს-ს გამოძიების ვერსიით, გ.ლ. – მ ბრალდებულის სახით დაკავებული პირების დახმარებით, ფინანსური დავის საფუძველზე, ნაცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახა.
„განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულები აღნიშნულ პირს სხვადასხვა დროს, თბილისსა და ბათუმში ძალადობით და ძალადობის გამოყენებით, თანხის გადაცემას აიძულებდნენ.
ამასთან ბრალდებულები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას, ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ლ., ნ.ც. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს“ – იუწყება შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე და 150-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 929 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420]
ტანკი – 10 579 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 22 033 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 25 982 ერთეული [+70]
MLRS – 1 359 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 127 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 078 ერთეული [+105]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 43 514 ერთეული [+169]
სპეცტექნიკა – 3 796 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
660 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
50 612 უპილოტო საფრენი აპარატი
601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 739 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
23 395 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
33 827 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შესახებ:
„24 წლის ვიყავი, როცა გერმანიაში ჩამოვედი. განათლება მივიღე ციფრული მეცნიერების განხრით და ოჯახიც აქ შევქმენი, თუმცა ის, რომ სხვა ქვეყანაში გადმოვედი საცხოვრებლად, არ ნიშნავს იმას, რომ სამშობლო შევიცვალე და მე არ მეხება ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.
პირიქით, უფრო მძიმეა ამის ყურება შორიდან. ბევრად მტკივნეულად განიცდი.
ცხრა წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი, მაგრამ როცა მეორედ შემოიტანეს რუსული კანონი, 24 საათი ლაივი მქონდა ჩართული, თუმცა გაუსაძლისი იყო ამ ყველაფრის შორიდან ყურება. მინდოდა მეც ვყოფილიყავი საქართველოში და მარტო იმ ხალხის საბრძოლი არ ყოფილიყო ეს ყველაფერში, ვინც რუსთაველზე იდგა.
ამიტომ, ყველაფერი მივატოვე და 2024 წლის 24 ნოემბერს საქართველოში გამოვფრინდი“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ანა რაფავა.
ანა 13 წელია რაც ემიგრაციაშია, თუმცა თვლის, რომ საკუთარ სამშობლოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მისი მხარდაჭერა, რადგან დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება.
„19 დეკემბრამდე მეც იქ ვიდექი, რუსთაველზე. პარლამენტში ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია რომ მიმდინარეობდა, იმ დღეს ჩამოვფრინდი. იყო დღეები, როცა რუსთაველზე ჯოჯოხეთს გავდიოდით და რაღაც მომენტში მეგონა, რომ ცოცხალი ვერ გავაღწევდი რუსთაველიდან.
ამ დროს, ჩემი ოჯახისგან ვერ ვგრძნობდი მხარდაჭერას. ეს ცალკე ბრძოლა და სიმძიმეა ჩემთვის. ძალიან მტკივნეულია, რადგან საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ გავაგებინე ვერაფერი. ჯერ კიდევ არ ესმით, რა განსაცდელის წინ დგას ქვეყანა. ამიტომ საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი ურთიერთობა მაქვს მაქვს ამის გამო გაწყვეტილი“ – წუხს ანა.
სანამ ცხრაწლიანი განშორების შემდეგ კვლავ დაბრუნდებოდა სამშობლოში საპროტესტო აქციების გამო, ანა ცდილობდა ცვლილებებისთვის ემიგრაციაში დაეჭირა მხარი, ამიტომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლადაც დარეგისტრირდა, თუმცა ცესკომ ბოლო დღეს, გაურკვეველი მიზეზის გამო, უარი უთხრა.
ანა დრეზდენში ცხოვრობს. საარჩევნო უბანი არც აქ გაუხსნეს ემიგრანტებს, თუმცა იმდენად დიდი იყო ცვლილებების სურვილი, ანა ხმის მისაცემად ბერლინში წავიდა.
„ბევრ დაბრკოლებას გვიქმნიდნენ ემიგრანტებს. არც უბანი გაგვიხსნეს და არც დაკვირვების უფლება მომცეს, მიუხედავად იმისა, რომ დარეგისტრირებული ვიყავი. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მომცეს საშვი. 4 დამკვირვებელი უნდა ვყოფილიყავით და ორი არ დაგვიშვეს უბანზე.
ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ წვდებოდნენ დამკვირვებლები. შესვენებაზეც კი ვერ გადიოდნენ და ათი საათი უჭმელ-უსმელი მოუწიათ უბანზე ყოფნა.
ბევრგან გააკეთეს ასე. ემიგრანტებში ძალიან კრიტიკული განწყობა არსებობდა „ქართული ოცნების“ მიმართ, დარწმუნებული ვარ, ამიტომ არ გაგვიხსნეს უბნები.
სამი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი ბაქოში და აქ, ევროპაში და ამერიკაში, სადაც ამდენი ემიგრანტი ვცხოვრობთ, თითზე ჩამოსათვლელი უბნები იყო გახსნილი. სპეციალურად გააკეთეს ასე“ – მიიჩნევს ანა.
მისი თქმით, იმდენად დიდი იყო ემიგრანტების აქტიურობა არჩევნებზე, რომ უბნებთან კილომეტრიანი რიგები იდგა.
„მე რომ გამოვედი უბნიდან, ხალხი მოაწყდა და უკვე თვალს ვეღარ ვაწვდენდით იმხელა რიგები იდგა. რაღაც მომენტში გზაც გადაიკეტა და პოლიცია მოვიდა დასარეგულირებლად.
ხალხმა 8 საათი იმგზავრა, 8 საათი რიგში იდგა და ვიღაცები სიაშიც კი არ აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიარეს რეგისტრაცია.
რა თქმა უნდა, ხმები მოგვპარეს. ჩვენც, ვინც ხმა მივეცით და იმ ადამიანებსაც, ვისაც არ მისცეს ხმის მიცემის საშუალება.
როცა ამდენი ადამიანი ვერ ახერხებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს ხმის უფლების წართმევაა და ქვეყნის შიგნით რაც ხდებოდა, ესეც ყველამ ნახა. ამიტომაც არ მისცეს ლეგიტიმაცია ამ მთავრობას.
ბევრი დარღვევა იყო, გაყალბებით დაწყებული, გაჟონვით დამთავრებული“ – ამბობს ანა რაფავა.
ანა რაფავა შტუტგარდში აქციაზე, რუსულ კანონს აპროტესტებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაცია მიიღო ქვეყანამ, ბევრი ადამიანი წლობით უნახავი ოჯახის წევრის სანახავად ჩადის ევროპაში, ბევრი – სამკურნალოდ.
„მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ვიზისთვის ლოდინი არ გვიწევს? მე როცა წამოვედი 2012 წელს, ძალიან დიდხანს ველოდებოდი ვიზას. საბუთების მოგვარება დიდხანს გაიწელა და დიდ ფინანსებთანაც იყო დაკავშირებული. თუკი ქვეყანა მოწყდება ცივილიზებულ სამყაროს და ჩაიკეტება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვერ მოახერხებს თუნდაც ცოტა ხნით გასვლას და ნახვას, რა ხდება საქართველოს გარეთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში, როგორია ეს ევროპა.
ეს მარწუხები უფრო მეტად მოუჭერს და ჩაეფლობიან პროპაგანდაში.
უკან დაიხევს, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარება, როცა ადამიანები ჩაკეტილები იქნებიან.
თუკი ადამიანებს აგენტების სტატუსს მიაკერებენ და ასე შეავიწროებენ, მერე ეს ადამიანები პოლიტიკური თავშესაფრის ძიებას დაიწყებენ ევროპაში, ამერიკაში და ამხელა ემიგრაცია არ დასავლეთს აწყობს. მაგრამ თუ ეს პროცესები არ შეიცვლება, ბევრი ადამიანისგან მესმის, რომ ქვეყანას დატოვებენ.
„ბავშვები აქ როგორ გავზარდოთ?“ – ბევრისგან მესმის უკვე.
მეც მესმის ამ ადამიანების. შეუძლებელია დიქტატურაში იმის იმედი გქონდეს, რომ შვილებს რაღაც მომავალი ექნებათ, რომ თუნდაც განათლების მიღებას შეძლებენ ან ამ განათლების გამოყენებას.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ან ამ ქვეყნის დასანქცირება უმძიმეს მდგომარეობას შექმნის ქვეყანაში და გაზრდის სიღარიბეს. მე არ ვუგზავნი ჩემი ოჯახის წევრებს ფულად დახმარებას, მაგრამ ეს პერიოდი მეც მქონდა წლების წინ.
ძალიან ბევრი ემიგრანტი არჩენს ოჯახებს აქედან. განსაკუთრებით იტალიაში, საბერძნეთში ვინც მუშაობს და ხანდახან მგონია, რომ ბევრს, ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არ აქვთ, რა ელოდებათ, თუკი ვეღარ მიიღებენ იმ თანხას, რასაც ელოდებიან ემიგრაციაში მყოფი მშობლებისგან, მეუღლეებისგან. რით უნდა იარსებონ?!
ვერ აანალიზებენ ჯერ კიდევ ამ ყველაფერს კარგად, რადგან რომ აანალიზებდნენ, ეს პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.
არ ვიცი რატომ დაგვემართა ეს ყველაფერი. საზოგადოების ერთი ნაწილი იბრძვის და საოცარი ხალხი ვნახე აქციებზე, მაგრამ მეორე ნაწილი ისე ცხოვრობს, თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი ხდება და რაც ხდება, მათ არ ეხებათ. თითქოს ამ ერთი ნაწილის ბრძოლის შედეგს უკან სწევენ და რატომ სჭირს ამ ხალხს ეს, არ ვიცი.
და ის ხალხი, ვინც ასე ღიად ღალატობს სამშობლოს? … არ ვიცი რად უღირთ ეს ყველაფერი.
ამ ხალხს შვილები ჰყავს, ხომ?! მაგალითად, როგორ ალაგებს ამას თავის თავში ირაკლი კობახიძე, სად უნდა იცხოვრონ ამ ადამიანების შვილებმა, როგორ უნდა იცხოვრონ, როცა მამამისის დანაშაულები მუდამ წინ დახვდებათ და ყველა წამოაძახებს ყოველთვის, სადაც არ უნდა წავიდნენ. საკუთარ შთამომავლობას ამას როგორ უკეთებენ, ამის გააზრება ძალიან მიჭირს და შვილებზე თუ არ ფიქრობენ, ქვეყანაზე როგორ იფიქრებენ.
ფიზიკურად შეიძლება გადარჩე და არც ტანზე მოგაკლდეს რამე, არ გშიოდეს, მაგრამ როცა ყველამ იცის, რას და ვის წარმოადგენ, ალბათ რთული უნდა იყოს“ – ამბობს ანა.
მისი აზრით, ეს ყველაფერი არ დასრულდება მანამ, სანამ საზოგადოება არ შეცვლის ღალატის მიმართ დამოკიდებულებას.
„პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. თუნდაც სამოქალაქო ომის დროს, რადგან დაუსჯელები დარჩნენ ეს ადამიანები და ვიღაცები პანთეონშიც კი განისვენებენ. ჩვენმა თაობამ ეს უნდა შეცვალოს და ყველამ უნდა აგოს პასუხი დანაშაულზე.
ისეთი განცდა მაქვს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ახლაა გადამწყვეტ ფაზაში შესული და ახლა ან გადავრჩებით ან დამთავრდება ამით ყველაფერი. დავკარგავთ დამოუკიდებლობას, სამწუხაროდ.
ძალიან მძიმე, გარდამტეხი გამოწვევის წინაშე დგას მთელი ქვეყანა და წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველოდება. მე მგონი, ჯერ სადღაც შუაში ვართ. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ამ ბრძოლას ქართველები მარტო მოვიგებთ, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული უკრაინაზე, დამარცხდება თუ არა იქ რუსეთი, როგორი იქნება საერთო პოლიტიკა ევროპაში და ასე შემდეგ. თუმცა ბევრი რამეც ჩვენს ხელშია, – განსაკუთრებით ხალხის წინააღმდეგობაში“ – გვეუბნება ანა.
მისი აზრით, ახლა ბრძოლის მთავარი ხაზი თბილისზე გადის.
„ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში ჩემი მეუღლე ძალიან მგულშემატკივრობს. აქციების დროს გათენებამდე ვუყურებდით კადრებს და მე თუ ჩამეძინებოდა, ის ბოლომდე უყურებდა და დილით მიყვებოდა რა მოხდა თბილისში.
ჩემთან ერთად განიცდის, ძალიან მიჭერს მხარს. როცა ექსპრომტად ყველაფერი დავყარე და თითქმის ერთი თვე საქართველოში გავატარე, ამაშიც ძალიან დამიჭირა მხარი, ფინანსურადაც და ემოციურადაც. ჩემი მეგობარი გერმანელებიც ძალიან გვიჭერენ მხარს და კარგად ესმით ჩვენი ბრძოლის არსი.
ასე, რომ ჩემი ბრძოლა არ შემიწყვეტია და როცა პირად საკითხებს მოვაგვარებ, ვფიქრობ ისევ დავბრუნდე თბილისში“ – ამბობს ანა რაფავა.
9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა ხეებზე ლექსები გააკრეს. ასეთივე აქტით მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას მოქალაქეებმა და პოეტებმა 1989 წელს, როცა სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ლექსები, გააკრეს ჭადრის ხეებზე.
ამჯერად რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა გააკრეს ლექსები ძველი და ახალი თაობის პოეტების სიტყვებით, ასევე ქუჩაში გაჟღერებული ლოზუნგებით. „ეს აქტი ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გვახსოვს და არ გვინდა განმეორდეს “, – ამბობენ ისინი.
8 აპრილს, თბილისში 9 აპრილის მემორიალთან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა ღამე გაათენეს და კვლავ ადგილზე რჩებიან. დილიდან იქ სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა მას შემდეგ, რაც იქ მივიდნენ ირაკლი კობახიძის სიძე, აფხაზეთის მთავრობის მინისტრი დავით ფაცაცია და გლდანის მაჟორიტარი კოსტა ზარნაძე. მათ გამოჩენამდე მემორიალთან “ოცნების” მხარდამჭერებიც მივიდნენ.
სოლიდარობის ნიშნად 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს მოქალაქეებმა ზუგდიდშიც. რამდენიმე საათის წინ მათ საპოლიციო ძალები დაუპირისპირდნენ და ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია. სწორედ ამ დროს მემორიალთან მივიდნენ ადგილობრივი ჩინოვნიკები. ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სავარაუდოდ ტვინის შერყევით გადაყვანილია ჰოსპიტალში.
დღეს, 9 აპრილის მემორიალთან დილის 8 საათიდან შეიკრიბნენ პროევროპული აქციების მონაწილეებიც. „არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე“ – აცხადებენ აქტივისტები. დღეს აქ „ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები არ გამოჩენილან.
„ბათუმელების”/,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ისევ რჩება საპატიმრო დაწესებულებაში. ორგანიზაციისთვის ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენს გამოცემებში დირექტორის მოვალეობას ჟურნალისტი თამარ რუხაძე შეასრულებს.
თამარს სხვადასხვა ბეჭდურ თუ სატელევიზიო მედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
მისი ბოლო სამუშაო ადგილიც მედიის მხარდაჭერას ითვალისწინებდა – 2022-2025 წლებში თამარ რუხაძე აირექსში USAID მედიაპროგრამის კონტენტისა და ტრენინგების მენეჯერად მუშაობდა.
___
რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად,გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილიგანიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდგაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაციაარ აქვს.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაჰბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.
დღეს, 2025 წლის 9 აპრილს, თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ ლიდერები არ მისულან.
მემორიალთან 8 აპრილს, საღამოს, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, „ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება პატივი მიაგონ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცებმა რუსთაველზე ნიჩბებით აჩეხეს და გაზით მოწამლეს.
36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველზე გამოსული ადამიანები საბჭოთა ჯარმა სასტიკად დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა და მოიწამლა – 2 ათასზე მეტი.
დღეს, 2025 წლის 9 აპრილს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილზე განცხადებაში სიტყვა „რუსეთი“ არ ახსენა. მან თქვა, რომ 36 წლის წინ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებზე „უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა“ და დღეს რუსთაველის გამზირზე მყოფი ადამიანები „უცხო ძალად“ მოიხსენია.
„დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს“ – დაწერა კობახიძემ ფეისბუქზე.
კობახიძის პოსტი ფეისბუქზე
მოგვიანებით კობახიძემ პროსამთავრობო მედიასთან პარალელი გაავლო საბჭოთა КГБ-სა და კონსპირაციულ „Deep State-ს” შორის.
„რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე — 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს — ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, — იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“, — განაცხადა კობახიძემ.
რუსეთი არ უხსენებია „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც.
„1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას“ – წერს პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილის პოსტი ფეისბუქზე
9 აპრილს ფეისბუქზე პოსტით გამოეხმაურა „ოცნების“ პრეზიდენტი ყაველაშვილიც. რუსეთი არც მას უხსენებია.
ყაველაშვილის პოსტი ფბ-ზე
„ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ კი ფეისბუქზე დაწერილ პოსტში თქვა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის „რუსი ბანის, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით“ ის ხალხი, ვინც რუსთაველზე დგას.
მდინარაძის პოსტი ფეისბუქზე
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა რუსი ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა ტრაგიკულ გარდაცვალებას შეადარა.
„მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები“- დაწერა წილოსანმა ფეისბუქზე.
რუსეთი არც წილოსანს უხსენებია.
ნინო წილოსანის პოსტი ფეისბუქზე
თბილისის მერი, კახა კალაძე 9 აპრილს მშრალად, ფოტოთი გამოეხმაურა, რომელზეც ერთი ცალი ტიტა და სამი სიტყვაა – „9 აპრილი 1989“.
რაც შეეხება „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას აჭარაში, თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად დანიშნული სულხან თამაზაშვილი არც გმირთა მემორიალთან გამოჩენილა და არც სოციალურ ქსელში დაუწერია რაიმე.
თბილისში მოქალაქეებმა „ოცნების“ ლიდერები 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს/ფოტო: ნეტგაზეთი.
თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, ასევე სხვა მოქალაქეები წინა ღამით შეიკრიბნენ და მთელი ღამე იქ გაატარეს, ბათუმში კი დღეს, 9 აპრილს, დილის 8 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები მემორიალთან.
„არ დავთმობთ თავისუფლებას“ – აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც უკვე 4 თვეზე მეტია აპროტესტებენ „ოცნების“ რუსულ პოლიტიკას ქვეყანაში, მოითხოვენ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
დღეს, 9 აპრილს, „ოცნების“ ლიდერები სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაიწყო შეტევა უკრაინაში სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე.
მან მედიასთან განაცხადა, რომ უკვე თითქმის ერთი კვირაა გაორმაგებულია რუსეთის შეტევების რაოდენობა ყველა ძირითადი მიმართულებით.
სირსკის კომენტარს ამ თემაზე წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას. კერძოდ, ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება ახალი შეტევისთვის სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე.
„ისინი [რუსები] აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ აშშ ჩაითრიონ გაუთავებელ დისკუსიებში ყალბი “პირობების” შესახებ, რათა დრო მოიგონ და შემდეგ კიდევ უფრო მეტი მიწის წართმევა სცადონ“ – თქვა ზელენსკიმ.
დღეს, ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები მივიდნენ და პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. დილის 8 საათიდან აქ შეიკრიბნენ პროევროპული აქციების მონაწილეებიც.
მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცემენ მემორიალთან მისვლის უფლებას, რადგან „ოცნება“ დღეს ემსახურება ოკუპანტი რუსეთის ინტერსებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველზე გამოსული ადამიანები საბჭოთა ჯარმა სასტიკად დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი დაშავდა და მოიწამლა 2 ათასზე მეტი. 1991 წლის 9 აპრილს კი, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
ბათუმში მემორიალთან ჯერ-ჯერობით არ მისულან „ქართული ოცნების“ ოფიციალური წარმომადგენლები. მემორიალთან ამ დრომდე არ მისულა ბათუმის მერიც.
ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მივიდა პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი.
მემორიალთან, დაახლოებით 10:00 საათისთვის სტუდენტები მივიდნენ. ასევე ადგილზე იმყოფება „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიის „პოსტ-ტივის“ ჟურნალისტები, რომლებიც პროვოკაციას შეეცადნენ და მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
9 აპრილის მემორიალთან მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ისევე როგორც 30 წლის წინ, ახლაც მტერი იგივეა – რუსეთი, რომელიც ცდილობს საქართველოსთვის თავისუფლების წართმევას, რის უფლებასაც რუსეთს არ მისცემენ.
„არ დავთმობთ თავისუფლებას“ – აცხადებენ მოქალაქეები. მათი თქმით, „ოცნების“ ხელისუფლება დღეს ცდილობს ქვეყანაში დაამყაროს რუსული დიქტატურა, არ აქვს მორალური უფლება პატივი მიაგოს 9 აპრილის გმირების ხსოვნას.
დღეს 19:00 საათზე ბათუმში ასევე დაგეგმილია მარში. მსვლელობა საკონსტიტუციო სასამართლოდან დაიწყება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 927 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
ტანკი – 10 576 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 22 021 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 25 912 ერთეული [+52]
MLRS – 1 359 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 127 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 973 ერთეული [+56]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 43 345 ერთეული [+118]
სპეცტექნიკა – 3 792 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
660 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
50 279 უპილოტო საფრენი აპარატი
601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
22 721 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
23 353 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
33 790 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შესახებ:
ლელა არაბული 22 წელია ემიგრაციაშია. საბერძნეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის საქართველოსთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. ბოლო წლებში საქართველოში ჩამოსვლასაც ახერხებს და ქვეყანაში არსებულ პრობლემებთანაც ხშირად უწევს შეჯახება.
ლელა არაბულის თქმით, მისთვის საზღვარგარეთ არჩევნებზე წასვლის მთავარი მოტივაციაც მშობლიურ მუნიციპალიტეტში დანახული პრობლემები იყო. ამბობს, რომ უნდოდა ცვლილებები და იმედი ჰქონდა, რომ ამჯერად მაინც შეიცვლებოდა რამე ქვეყანაში.
ლელა არაბულმა არჩევნებზე წასვლა ვერ შეძლო, ვერც ხმა მისცა და შესაბამისად, ვერც საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა ქვეყნის წინაშე. ის ძალიან წუხს, რომ ვერც მან და ვერც მისმა მეგობრებმა, რომლებსაც ასევე დიდი სურვილი ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, ეს ვერ შეძლეს.
ემიგრანტი ქალების ხმები დაიკარგა.
არჩევნებზე ვერ წასვლის მიზეზებზე საუბრისას ლელა არაბული რამდენიმე ფაქტორს უსვამს ხაზს და ეს მიზეზები თითქმის ყველა ემიგრანტი ქალისთვის, საერთოა.
არჩევნები იყო შაბათ დღეს. ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, იტალიასა და საბერძნეთში ოჯახში დასაქმებული ქალები ძირითადად კვირა დღეს ისვენებენ. დასვენების დღის გადაცვლა პრობლემურია, რადგან უმეტეს შემთხვევაში დამსაქმებელი ოჯახები ჩანაცვლებას არ თანხმდებიან.
ამასთან, ემიგრანტი ქალების დიდი ნაწილი მუშაობს გამოუსვლელად. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში მათ საერთოდ არ აქვს თავისუფალი დღე დასვენებისთვის.
ლელა არაბულის თქმით, ისიც იმ ქალების სიაშია, ვინც „გამოუსვლელად მუშაობს“. მას არ ჰქონდა დრო არც საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად და არც არჩევნებზე წასასვლელად. საბერძნეთში ოჯახში დასაქმებული ქალები საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას იღებენ, ამიტომ შედარებით მაღალი ხელფასის მისაღებად საკუთარი დასვენების დღეების დათმობა უწევთ.
„სულ მცირე შანსი მაინც რომ მქონოდა, აუცილებლად მივიდოდი არჩევნებზე. საკონსულო აღრიცხვაზეც ვერ დავდექი, იმიტომ, რომ თავისუფალი დრო არ მქონდა საერთოდ.
მართალია, ემიგრაციაში ვართ წასულები, მაგრამ ჩვენ ყველანი ვფიქრობთ სამშობლოზე. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად აქედან გამოგზავნილი ფულით. აქ საქმისადმი მიდგომაც სხვანაირი გამოგვიმუშავდა. მე ემიგრანტობამ გამაძლიერა, სულ სხვა შრომის თვისებები ჩამომიყალიბა,“ – ამბობს ლელა არაბული.
ემიგრანტი ქალი გვიყვება თავისი ორი მეგობრის ისტორიას, რომლებმაც მის მსგავსად ვერ შეძლეს არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა.
„ჩემი ორი მეგობრის შემთხვევას გეტყვით – ორივე ქალბატონი დაახლოებით 67-68 წლის არიან. ახლო მეგობრები ვართ.
ერთმა მითხრა, საკონსულო აღრიცხვაზეც დავდექი, საარჩევნო სიაშიც ჩაწერილი ვიყავი, იმედი მქონდა შევძლებდი მისვლას ჩემს ქალიშვილთან ერთად და მივიღებდი არჩევნებში მონაწილეობასო, მაგრამ შაბათ დღეს იყო არჩევნები, ამ ქალს კი მხოლოდ კვირას შეეძლო სამსახურიდან გასვლა. არაფრის დიდებით არ გაუშვეს, არ გადაუცვალა დასვენების დღე ოჯახმა. ამით, თავისთავად, დაიკარგა მისი ხმა.
თუმცა წასვლის სურვილი ჰქონდა, რადგან ძალიან ბრაზობს ახლანდელ მთავრობაზე და რა თქმა უნდა, ყველა ვბრაზობთ. ძალიან უნდოდა მისი ხმა არ დაკარგულიყო და მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა.
ჩემმა მეორე მეგობარმაც ვერ მოახერხა იმავე მიზეზით წასვლა, არ გაუშვეს სამსახურიდან და მისი ხმაც დაიკარგა. ისიც გაბრაზებულია. მეც ძალიან გაბრაზებული და გულნატკენი ვარ ამ მთავრობაზე. არადა მახსოვს, 2012 წელს რის ფასად წავედი არჩევნებზე, რომ „ქართულ ოცნებისთვის“ მიმეცა ხმა. ქვეყანა შევუყარე იმ მოხუცებს, სადაც ვმუშაობდი, რომ გავეთავისუფლებინე,“ – ამბობს ლელა არაბული.
გარდა იმისა, რომ საბერძნეთში მყოფმა მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებზე მისვლა თავისუფალი დროის არ ქონის გამო ვერ მოახერხეს, მეორე და ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი იყო საარჩევნო უბნების სიმცირე.
მაგალითად, საბერძნეთში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მხოლოდ 5 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სამი ათენში, ორი კი – თესალონიკში.
საბერძნეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 200 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მათგან ნაწილი კუნძულებზე, ან და სხვა, ისეთ ქალაქებში ცხოვრობს, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო გახსნილი.
უცხოეთში, იმ ქვეყნებში, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს საარჩევნო უბნები ჰქონდა გახსნილი, ჯამურად საქართველოს 500 ათას მოქალაქეზე მეტი ცხოვრობს.
საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 95 910 მოქალაქე იყო. 26 ოქტომბრის არჩევნებში აქედან მონაწილეობა 34 574-მა ამომრჩეველმა მიიღო.
2025 წლის 7 მარტს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ვლადიმერ კონსტანტინიდის მიერ მოყვანილი მონაცემების თანახმად, ევროპაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა შემდეგია: საბერძნეთი – 200 000, აშშ – 120 000, იტალია – 50 000, გერმანია – 50 000, თურქეთი – 45 000, საფრანგეთი – 35 000, ესპანეთი – 25 000, ისრაელი – 20 000 და დიდი ბრიტანეთი – 10 000.
კონსტანტინიდის თქმით, ეს არაოფიციალური მონაცემია. რაც ნიშნავს იმას, რომ ეყრდნობა „საელჩოებიდან და დიასპორებიდან მიღებული ინფორმაციას, ასევე წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას“.
საბერძნეთში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით საქართველოს 200 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, სულ 5 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
ათენში გახსნილ სამ საარჩევნო უბანზე 2 302 ამომრჩეველი მივიდა, ხოლო თესალონიკში გახნილ ორ უბანზე – 729 ამომრჩეველი.
ჯამურად, საბერძნეთში მცხოვრები 200 ათასი ქართველიდან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 3 031-მა მოქალაქემ მიიღო, რაც დაახლოებით 1,51%-ია.
არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამურად საბერძნეთში გახსნილ 5 საარჩევნო უბანზე მხოლოდ 666 ხმა მიიღო, 2 365 ხმა კი ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა.
იზაბელა თედორაძე სალამინაზე მუშაობს. სალამინადან ათენამდე, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი 26 ოქტომბერს, დაახლოებით ორი საათის გზაა.
„ვერ წავედი არჩევნებზე, რადგან დასვენების დღე არ მაქვს. კუნძულზე ვმუშაობ, აქ არ იყო საარჩევნო უბანი გახსნილი. სალამინადან ათენამდე 2 საათის გზაა. 2 საათიც უკანა გზას უნდა. ფაქტობრივად მთელი დღე მჭირდებოდა,“ – ამბობს იზაბელა თედორაძე.
გქონდათ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი? – ჰკითხა ემიგრანტ ქალს „ბათუმელებმა“.
„რომელ ქართველს არ ექნებოდა სურვილი მიეღო ასეთ გადამწყვეტ დროს არჩევნებში მონაწილეობა. ევროპა ყველას გვინდა, წლებია აქ ვარ. მირჩევნია საქართველო იყოს თავისუფალი ქვეყანა“ – ამბობს იზაბელა თედორაძე.
20 წელია საბერძნეთში ცხოვრობს ბელა კოპალიანი. ის აქტიური მოქალაქეა და ყველა არჩევნებში ცდილობს საკუთარი ხმის უფლება გამოიყენოს. 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან ათენში ცხოვრობს.
„მე ვიყავი არჩევნებზე წასული, რადგან ათენში ვარ. ათენისა და თესალონიკის გარდა, ვიცი, რომ არ იყო არსად საარჩევნო უბანი. ემიგრანტები კი სამწუხაროდ სხვა ქალაქებშიც ცხოვრობენ.
მე პირადად სამსახურიდან გავიპარე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ხმა მივეცი და ეგრევე უკან დავბრუნდი. ხელი იმანაც ᲨეუᲨალა ბევრს არჩევნებზე წასვლაზე, რომ არᲩევნები კვირა დღეს არ იყო,“ – უყვება „ბათუმელებს“ ბელა კოპალიანი.
ცრუ მოწმე პოლიციელმა, გიორგი ბჟალავამ, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს, სასამართლოს 7 აპრილს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს ეძახდა „ბოზებს“ და „მონებს“.
„გაიმეორეთ, როგორ გაგინებდით, მინდა ვიცოდე, როგორ ხედავთ საკუთარ თავს“ – უთხრა მზია ამაღლობელმა პოლიციელს სასამართლო სხდომაზე.
გიორგი ბჟალავამ ასევე განაცხადა, რომ 11-12 იანვრის აქციაზე ნიღბით იმყოფებოდა. „მციოდა და გავიკეთე ნიღაბი“ – თქვა მან.
გიორგი ბჟალავამ განაცხადა, რომ თვითონ წყვეტს, როდის გაიკეთოს ნიღაბი და ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულ მზია ამაღლობელს უფლებებს როცა განუმარტავდა შენობაში, მაშინაც ნიღაბი ეკეთა, რადგან იქაც სციოდა.
დღეს, 8 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გერმანიის მოქალაქე ოიგენ გარდვიგი საპროტესტო ბანერით მივიდა. ის მოსამართლე ლევან ყოლბაიას მიმართავს და მოითხოვს, რომ ჩაინიშნოს მისი საქმის განხილვა, რომელიც თაღლითობას ეხება.
„მოსამართლე ბატონო ლევან ყოლბაია! ამიხსენით რა მიზეზით არ ატარებთ სისხლის სამართლის საქმის განხილვას, სადაც მე ვარ დაზარალებული“ – წერია ბანერზე.
68 წლის ოიგენ გარდვიგი ამბობს, რომ ფერწერის ყოფილი პედაგოგია. ის ჰყვება, რომ 2021 წელს საქართველოში ჩამოვიდა და ქობულეთში ადგილობრივი რეალტორი, ს.ა. გაიცნო, რომელმაც მიწის ნაკვეთის შეძენის მიზეზით, მისგან მოტყუებით 26 ათასზე მეტი ევრო მიითვისა.
„2021 წელს თაღლითების ხელში ჩავვარდი, კარგად დამამუშავეს და წამართვეს ფული, მათ მიითვისეს 18 000 დოლარი, თითქოს მიწის ნაკვეთისთვის. შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და უცხოელებისთვის მისი მიყიდვა არ შეიძლება. და ისე გამოვიდა, რომ 2021 წელს, ეს ორი ადამიანი, ს.ა. და მისი შვილი თ. ა. ანალოგიური საქმისთვის დააკავეს. ისინი ციხეში არიან. მე კი უკვე მეოთხე წელია ვდავობ. ჩემი საქმე 2023 წლიდან აქ [ბათუმის საქალაქო სასამართლოში] არის, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ მაძლევენ“ – გვითხრა მან.
ოიგენ გარდვიგი ამბობს, რომ თაღლითი მას ყოფილ პოლიციელად გაეცნო:
„მან თქვა, რომ გადამდგარი პოლკოვნიკია, ახლა პენსიაზეა და წლებია უძრავ ქონებას ჰყიდის. როცა მივმართე პოლიციას და მივიტანე ვიდეო, რომელშიც ჩვენ მიწის ნაკვეთს ვზომავდით, ქობულეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ ის უმალვე იცნო და მითხრა, რომ ის არ იყო პოლკოვნიკი, ის იყო მაიორი და როცა პენსიაზე გავიდა, დაცვაში მუშაობდა. ანუ ყველაფერი ტყუილი არ იყო, მაგრამ ინფორმაცია იყო შეცვლილი და დამახინჯებული.
თავიდან ნოტარიუსის თანდასწრებით მივეცი 18 000 ევრო, როგორც წინასწარი თანხა, შემდეგ როცა დავბრუნდი გერმანიაში შვებულების ბოლოს, გადავურიცხე დანარჩენი თანხა 8 562 ევრო. აქედან 7 ათასად იყიდეს რაღაც ნაკვეთი, საერთოდ სხვა ადგილზე, დანარჩენი 11 000 კი ჩაიდეს ჯიბეში, ეს ნაკვეთი კი [რაც მე უნდა მეყიდა] მის ცოლზე გააფორმეს. ცოლმა ჩუქება გააკეთა შვილზე…“ – ჰყვება ოიგენ გარდვიგი.
მისი თქმით, ის ქართულმა მართლმსაჯულებამ 2021 წლის 31 ოქტომბერს დაზარალებულად ცნო, რისი დამადასტურებელი განკარგულებაც აქვს და რომელიც 2021 წლის, 31 ოქტომბრით თარიღდება.
გერმანიის მოქალაქე ამბობს, რომ მისმა ადვოკატმა ორი კვირის წინაც მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა უშედეგოდ:
„დღესაც მითხრეს, რომ ჩემმა ადვოკატმა დაწეროს განცხადება სასამართლო პროცესის ჩატარების თაობაზე. ადვოკატს დავურეკე და მითხრა, რომ ორი კვირის წინ დაწერა ეს განცხადება. გამოვიდნენ და მითხრეს რომ კიდევ ერთხელ დაწეროსო. რა გამოდის, ეს ორი კვირა გავიდა და [განცხადებამ] ძალა დაკარგა?
გასულ წელს აქ მოვედი 5-ჯერ, მაშინაც დავწერე განცხადება, ვითხოვდი გაეთვალისწინებინათ ჩემი მდგომარეობა, რომ აქ დროებით ვარ და დიდი ხანი არ შემიძლია ბინის ქირაობა, აქ სიძვირე გაქვთ. არანაირი რეაგირება არ იყო. ამიტომ მე უკვე კონკრეტულად მივმართავ მოსამართლე ლევან ყოლბაიას, იქნებ შეამჩნიოს, იქნებ რამენაირად მივიდეს მასთან ინფორმაცია, რომ რაღაც ზომებია მისაღები“.
გერმანიის მოქალაქე, ამბობს, რომ მისი მიზანია ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩატარდეს მისი საქმის სასამართლო პროცესი, რის შემდეგაც საქმე შემდეგ ეტაპზე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადავა.
„აქ უკვე მეექვსედ ჩამოვდივარ, რომ ეს საქმე ოდნავ წავწიო წინ. იქ, სადაც საცხოვრებელს ვქირაობ, უკვე ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს, ისინი მეუბნებიან, რომ აქ ვერაფერს მიაღწევ, იმიტომ რომ ეს აჭარაა და იცით, უკვე ვიწყებ მათ დაჯერებას“ – გვითხრა ოიგენ გარდვიგმა.
„თავიდან საიდან გაჩნდა არ ვიცი“ – უპასუხა გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ ადვოკატ კახა წერეთელს, რომელმაც მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულ „მზია ამაღლობელის საქმის“ გამომძიებელს – ლევან გოგმაჩაძეს ჰკითხა: რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია [პოლიციელზე თავდასხმა]? ძალადობის რა ხარისხი დაინახეთ თქვენ ქალბატონი მზიას ქმედებაში? რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია და არა, მაგალითად, 126-ე მუხლი [ძალადობა], ან ადმინისტრაციული?
გამომძიებელმა თქვა, რომ იგი მხოლოდ პატაკს დაეყრდნო და სხვა მტკიცებულებები – თუნდაც სილის გაწვნის ვიდეო – მას ნანახი არ ჰქონდა, როცა ამ საქმის გამოძიება დაიწყო და საქმეს კვალიფიკაცია მიანიჭა. პატაკში, რომელსაც გამომძიებელი დაეყრდნო, შავით თეთრზე წერია, რომ ირაკლი დგებუაძეს ვინმე თავს კი არა დაესხა, არამედ მას „ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“.
2025 წლის 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის და მედიამენეჯერის „მზია ამაღლობელის საქმის“ არსებითი განხილვის მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე პროკურატურის სამ მოწმეს მოუსმინეს, მათ შორის, იყო გამომძიებელი ლევან გოგმაჩაძე.
ჟურნალისტს და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს პროკურატურა სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ის ამ შემთხვევის თვითმხილველი არ არის და ბერდია ფერაძე გამოჰკითხა. ბერდია ფერაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საგამოძიებო სამმართველოს უფროსია. მან კიდევ ერთ პოლიციელთან ერთად „პირადად დააკავა“ მზია ამაღლობელი.
„თავდასხმა ასეთი სიტყვა არ ყოფილა. მან აღწერა, რა მოხდა ზოგადად, რომ მოქაჩა ქურთუკზე და მარცხენა ხელი გაარტყა მარჯვენა ლოყაზე,“ – თქვა გამომძიებელმა და განმარტა, რომ ბერდია ფერაძის გამოკითხვის შემდეგ უკვე საქმე გამომძიებელ გურამ დიასამიძეს გადაეცა, შემდეგ – გურიის საგამოძიებოს. სხვა შემხებლობა ამ საქმესთან მე არ მქონია, იქვე დასძინა მოწმემ.
კვალიფიკაციის განსაზღვრის ნაწილში, გამომძიებელმა ახსენა თავისი უშუალო უფროსი – გიორგი კავსაძე, თუმცა ორჯერ გაუმეორა ადვოკატებს ეს: „დავალება არავისგან მიმიღია“.
„პატაკში, როგორც აღვნიშნე, წერია, რომ მოხდა მასზე თავდასხმა, არა ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს გამომდინარეობდა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე, პატაკი, როდესაც მე დამეწერა, გიორგი კავსაძემ, უშუალოდ ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ მზია ამაღლობელი დაკავებული იყო 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით,“ – თქვა გამომძიებელმა.
„პატაკში არ წერია, რომ მოხდა თავდასხმა, პატაკში წერია, რომ მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც სხვა სამართლებრივი კვალიფიკაციის საფუძველია. თქვენ კი, გადაწყვეტილებას იღებთ პატაკის საფუძველზე,“ – მოწმეს მიუბრუნდა ადვოკატი კახა წერეთელი. – „პროცედურულად თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, ახლა ამბობთ, სხვამ მითხრაო. ეს მუხლი საიდან გაჩნდა მზიასთან მიმართებით?“ – იკითხა ადვოკატმა.
„თავიდან საიდან გაჩნდა, არ ვიცი, მე მხოლოდ მითხრა, რომ…“ – პასუხის გაცემა გაუჭირდა გამომძიებელს.
„დავალება მიიღეთ?“ – ისევ ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა კახა წერეთელმა.
„დავალება არავისგან არ მიმიღია, დავალება არ მიმიღია, მე პროსტო გავიგე, რომ 353-ე პრიმა მუხლით იყო ფორმალურად დაკავებული, ფაქტობრივად იყო დაკავებული. ასევე პატაკის შინაარსიდან გამომდინარე, პროკურორთან შეთანხმებით დავიწყე გამოძიება,“ – აღნიშნა მოწმე ლევან გოგმაჩაძემ და შემდეგ იქვე დააზუსტა, რომ უშუალო უფროსისგან, გიორგი კავსაძისგან გაიგო, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით იყო დაკავებული.
„კვალიფიკაცია განსაზღვრა გიორგი კავსაძემ?“ – გამომძიებელს ჩაეკითხა ადვოკატი კახა წერეთელი.
„მას არ განუსაზღვრია, მითხრა, რომ ამ მუხლით არის ფაქტობრივად დაკავებული,“ – თქვა მოწმემ.
აქ ადვოკატმა გამომძიებელს კიდევ ერთხელ მიუთითა, რასაც ამბობთ, პატაკის შინაარს ეწინააღმდეგება, თქვენ კი, ვალდებული იყავით, მხოლოდ პატაკით გეხელმძღვანელათო:
„თქვენ დაიწყეთ გამოძიება იმ კვალიფიკაციით, რომელიც მიგითითეს?“ – გამომძიებელი გამოიჭირა ადვოკატმა.
„პატაკის შინაარსიდან გამომდინარე არის აღწერილი, რომ მოქაჩა ქურთუკზე ხელი, დაარტყა მას სახეში და ის ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას. აღნიშნულთან დაკავშირებით მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება პროკურორთან შეთანხმებით…“, – თქვა გამომძიებელმა, ლევან გოგმაჩაძემ.
„პატაკში სიტყვა თავდასხმა ნახსენები არ არის,“ – პატაკზე მიუთითა გამომძიებელს ადვოკატმა.
„ნუ, ახლა, ფაქტია, რომ არ არის, ასეა,“ – უხერხულობა დაეტყო გამომძიებელს.
ამ დიალოგის შემდეგ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომაზე წაიკითხა ის, რაც პატაკში წერია და რაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა:
„ამ პატაკში წერია ასეთი რამ: მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 12 იანვარს, პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარცხენა ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყისა და ყურის მიდამოში, რასაც სხვა იქ მყოფ მოქალაქეებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შევესწარი მე და გიორგი ბჟალავა. ჩემი და გიორგი ბჟალავას მიერ მოხდა აღნიშნული ქალბატონის ბრალდებულის სახით დაკავება, რის შემდეგაც დაკავებული შევიყვანეთ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებული ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი,“ – პატაკის ტექსტი ჩაიკითხა მაია მწარიაშვილმა და შემდეგ გამომძიებელს კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა:
„თქვენ აღნიშნეთ, რომ პატაკში წერია, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოხდა სილის გარტყმაო და არ წერია პატაკში ეს“, – პატაკზე მიუთითა გამომძიებელს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
„ახლა ჩვენთვის ცნობილია, ვინ არის ირაკლი დგებუაძე და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება,“ – თქვა გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ.
რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად,გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილიგანიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდგაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაციაარ აქვს.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაჰბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.
9 აპრილს ბათუმში „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები აჭარაში, მოქალაქეებთან ერთად აპირებენ, რომ ადრიანი დილიდან შეიკრიბონ 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში და ასე სოლიდარობა გამოუცხადონ პოლიტპატიმრების ოჯახებს.
„მთელი დღის განმავლობაში ვიქნებით მემორიალთან და არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე.
გთავაზობთ ყველა მსურველს, დილის 8:00 საათიდან შემოგვიერთდეთ მემორიალთან და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება.
ჩვენ შევძლებთ დავიბრუნოთ ქვეყანა“ – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 8 აპრილს, ღამით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი დგას, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები დარჩებიან ღამის გასათევად.
ტრადიციულად, 9 აპრილს მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან ხოლმე, რათა ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.
„რუსული რეჟიმის ვერცერთი წარმომადგენელი, თავისი ფარისევლური ცერემონიებით მემორიალს ვერ მოუახლოვდება” – ამბობენ პატიმრების მშობლებისა და ოჯახის წევრები განცხადებაში.
რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე საბა სხვიტარიძე ციხიდან მოწერილ წერილში ხალხს მიმართავს: „სინდისის პატიმრების სახელით მინდა მივმართო ხალხს: გთხოვთ, გვერდით დაუდგეთ და დაიცვათ ჩვენი მშობლები. ძნელია საკნიდან უყურო ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ მშობელს და ვერ შეძლო მის გვერდით ყოფნა. ამიტომ, 8 აპრილს ძალიან ბევრი უნდა იყოთ რუსთაველზე!”.
ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე მიმავალ ქალს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. ამ დროს ავტობუსს უკან მიმავალი კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
დაშავებული ქალი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღეს, 8 აპრილს მოხდა პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან.
თვითმხილველის თქმით, ქალი ზებრაზე გადასვლას ვერ ახერხებდა, რადგან ის მსუბუქ ავტომანქანას ჰქონდა ჩახერგილი, სწორედ ამ დროს შეეჯახა ავტობუსი ზებრასთან ახლოს მყოფ ქვეითს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის შესაბამისად.
„ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბრიტანულ კომპანია ARUP-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობას ბათუმის ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე აშენებული შენობების მოცულობის, ფასადის დიზაინის, სტილისა და ურბანული დაგეგმარების არქიტექტურის კონცეფციის შემუშავებისთვის. ინვესტორების მიერ საპროექტო ტერიტორიაზე შენობების დაგეგმარება და მშენებლობა განხორციელდება წინასწარ შემუშავებული სტილისტიკისა და სახელმძღვანელო ნორმების დაცვით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის განვითარების თანმიმდევრულ და მდგრად არქიტექტურულ ხედვას და ბუნებრივ შერწყმას ბათუმის კულტურულ ლანდშაფტთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საინვესტიციო უსაფრთხოების ზრდას პროექტების გამორჩეული ხარისხით. ამგვარი ყოვლისმომცველი მიდგომა საშუალებას იძლევა, გათვალისწინებულ იქნას მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური სიახლეები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ცალკეულ საინვესტიციო ფართობზე მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესს და პროექტის რეალიზაციას.
Arup ჩართულია მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ქალაქის დაგეგმარებაში. კომპანიის დიდი გამოცდილება ღირსშესანიშნავი არქიტექტურული კონცეფციების შემუშავებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რათა ბათუმის ხასიათი და სიხალისე ინოვაციური და ეკოლოგიურად მდგრადი პრინციპებით წარმოჩინდეს. უპირველესი მიზანია ისეთი ფასადების შექმნა, რომლებიც უნიკალური დიზაინის საშუალებით მოემსახურება როგორც საკულტო, ისე პრაქტიკული შენობების შექმნას.
Arup გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო ფირმაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი მასშტაბური პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, და რომელიც დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციურ და მდგრად გადაწყვეტილებებს. 95 ოფისით 37 ქვეყანაში და 19000-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომლით, კომპანია შთამბეჭდავად მრავალფეროვან სამუშაოებს ასრულებს ფასადების ინჟინერიის, არქიტექტურული დიზაინის, სტრუქტურული ინჟინერიის, ეფექტური სატრანსპორტო სქემების შემუშავებისა და გამორჩეული მნიშვნელობის ობიექტების მდგრადი ურბანული დიზაინის განვითარებაში.
Arup-ის მრავალფეროვანი პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა:
სიდნეის ოპერის სახლი (ავსტრალია) – სიდნეის საკულტო კულტურული ღირსშესანიშნაობა;
მარინა ბეი სენდსი (სინგაპური) – გამორჩეული და ინოვაციური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც სინგაპურის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა;
პეკინის ეროვნული სტადიონი (ჩინეთი) – თანამედროვე ინჟინერიის ერთ-ერთი სამაგალითო ღირსშესანიშნაობა;
ვერტიკალური ტყე (იტალია) – მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი მდგრადი შენობის კონცეფცია, რომელიც ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით ახალ სიტყვად შეიძლება იქნეს აღქმული.
სამარყანდის აბრეშუმის გზის ტურისტული ცენტრი (უზბეკეთი) – სამარყანდის მოგზაურთა კურორტი, რომლის დიზაინშიც მდგრადობა და ინკლუზია მთავარი წარმმართველი ძალაა.
კონიას ტროპიკული პეპლების ბაღი (თურქეთი) – პეპლების მდგრადი ორანჟერეა თურქეთში და კონიას საკულტო სანახაობა.
ტაშკენტის სასტუმრო „ჰილტონი“ (უზბეკეთი) – პრესტიჟული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ტაშკენტში.
„პროექტისთვის, რომელიც ისტორიულად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, უაღრესად მნიშვნელოვანია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებსაც, გარდა ხარისხიანი სერვისების მიწოდებისა, შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების გაზიარებაც. Arup-თან ამ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი პროექტისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. მსგავსი პროგრესული ნაბიჯები დროთა განმავლობაში ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალი მხატვრული ღირებულების დამატებითი შენობების შექმნას. ეს შენობები საბოლოოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და მშენებლობისა და განვითარების სექტორის სტანდარტების ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასვლას“ – განაცხადა ამბასადორი აილენდ ბათუმის დირექტორმა გოჩა კამკიამ.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი – ეს ის ადგილია, სადაც იქმნება თვითმყოფადი და მიმზიდველი საზოგადოებრივი სივრცეები, მოხერხებული საცხოვრებელი და ურბანული ადგილები, მდგრადი და გამძლე ეკოსისტემა. ის გვთავაზობს ქალაქის გაშენებისთვის მაღალი ხარისხის გარემოს დიდი პოტენციალით, როგორც ტურისტული ცენტრების, ისე ინვესტორებისთვის, რადგან ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ხელოვნური კუნძულის პროექტი შავი ზღვის რეგიონში“ – ალევ ჩაკმაკი, Arup Türkiye-ს ასოცირებული დირექტორი.
ინოვაციური პროექტი, რომელიც გრძელვადიანი განვითარების პრინციპების სრული დაცვით, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტს დაადგენს, რომელიც ტერიტორიის ფიზიკური გაფართოების კვალდაკვალ, მომავლის ქალაქებზე, ჩვენი წარმოდგენების ჰორიზონტსაც შეცვლის.
მიმდინარე პერიოდში, ამბასადორი აილენდ ბათუმის საპროექტო ტერიტორიაზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და პროექტით გათვალისწინებული, მარცხენა ნახევარკუნძულის ტერიტორიის 25 ჰექტარი, ხოლო მარჯვენა ნახევარკუნძულის 3 ჰექტარი უკვე ფორმირებულია, რაც სრული საპროექტო არეალის მეოთხედს აღემატება და ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებებს, 5 წლით უსწრებს წინ.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ რეპრესიულ ცვლილებას კანონში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. „ოცნების“ მთავრობა ამჯერად მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს.
„პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება.
მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიმართვა, სადაც პროფესიონალები უფასოდ გადაგყვებოდნენ თან, სარჩელსაც დაგიწერდნენ და შეიძლება სასამართლოშიც დაეცვათ შენი ინტერესები.
ათიოდე დღეში მთავრობა გადაუწყვეტს გაეროს, ევროსაბჭოს და სხვებს, ვის მისცენ გრანტი და ვის არა.
„ოცნება“ ამით დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა არამაამებელ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე ან სხვა სიკეთეზე მუშაობს.
„ოცნება“ ამ გზით დახურვას აიძულებს ყველა მედიას, ვინც ბედავს და მოწამლული რძის მსგავს კორუფციას აშუქებს.
ამ ცვლილების შემდეგ, თუ საკარმიდამო დავა გექნება, მიწის დაკანონების წესის გარკვევა მოგინდება, დამსაქმებელი ხელფასზე გადაგაგდებს, ან პოლიციელი დაგჩაგრავს – უფასო სერვისის მიღების ნაცვლად, ან კერძო ადვოკატის აყვანა და უამრავი ფულის დახარჯვა დაგჭირდება, ან მოგიწევს, რომ ჩაგვრა გადაყლაპო. და ეს არ იქნება მხოლოდ იურიდიულ სფეროში – ტოტალური ცენზურა დაწესდება ყველგან, სადაც გრანტები გაიცემა.
ეს არის ამ ცვლილების არსი – ქართველი ხალხისთვის ამკრძალავი ფილტრის დაყენება – რა უსასყიდლო დახმარების მიღება შეიძლება ხალხისთვის, ვისგან და რა პირობებით.
ერთ კვირაში „ოცნება“ ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს“ – წერს საბა ბრაჭველი.
რა ხდება?
„ქართულ ოცნებას“ „გრანტების შესახებ“ კანონში რეპრესიული ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირაში კანონი მიღებული იქნება.
კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის ქალაქებზე რუსულ სარაკეტო თავდასხმებზე.
ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისასგანაცხადა 7 აპრილს.
ტრამპმა თქვა, რომ არ იცის „რა ხდება იქ, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა“.
„არ მომწონს ის, რაც ხდება დაბომბვასთან დაკავშირებით, რადგან ისინი [რუსები] ახლა გიჟებივით ბომბავენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან პოტენციური მშვიდობიანი მოგვარების შესახებ.
„ჩვენ ვხვდებით რუსეთს, ჩვენ ვხვდებით უკრაინას და თითქოს ვუახლოვდებით [რეგულირებას], მაგრამ არ ვარ ბედნიერი ამ დაბომბვებით, რაც ხდება დაახლოებით ბოლო კვირის განმავლობაში. ეს საშინელი, საშინელი რამ არის“ – თქვა ტრამპმა.