ბათუმში 9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება

2025 წლის 9 აპრილს ბათუმში თავისუფლების მარში გაიმართება.

ანონსის თანახმად, მოქალაქეები 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან, იქიდან კი დაიწყება მსვლელობა.

„ვიკრიბებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან! იქ, სადაც კანონმა ხმა დაკარგა, ჩვენ ავიმაღლებთ ხმას – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!

დავიძვრებით მარშით 9 აპრილის მემორიალისკენ და გმირებს მივაგებთ პატივს, არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ ცოცხალი მეხსიერებით და ბრძოლის მზადყოფნით!

გზა, რომელიც მათ გაიარეს – ჯერ არ დასრულებულა. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ბათუმის მოძრაობა“ ავრცელებს.

პროტესტში მონაწილე მოქალაქეების თქმით, 9 აპრილი ეს არის თავისუფლების ისტორია, რომელიც სისხლით დაიწერა:

„დღეს, როცა დემოკრატიის სახელით დაწერილი კანონები ეწინააღმდეგება თავისუფლებას, ჩვენი ვალია არ გავჩუმდეთ! არ დავიხიოთ უკან!“ – ვკითხულობთ ანონსში.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა რეჟიმმა თბილისში საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის იყვნენ 16 და 22 წლის ახალგაზრდები.

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 8 აპრილს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა თელავივი-ბათუმის რეისს, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა.

თვითმფრინავი ამ წუთებში [12:21 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს.

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში ნისლის გამო ვერ დაჯდა, ამასთან ამ დროისთვის მიღებული არ არის გადაწყვეტილება, თვითმფრინავი ბათუმში დაჯდება, თუ სხვა აეროპორტში.

განახლება: თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 12:48 საათზე დაჯდა

თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი პირველ მცდელობაზე ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა [12:29 სთ] / 8.04.2025
თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 12:48 საათზე დაჯდა / 8.04.2025
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

13-15 ივნისი – ZEG Storytelling Festival             

როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორები და არტისტები?

მზად ხარ დაუვიწყარი ისტორიების მოსასმენად და ინსპირაციის მისაღებად?

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, უკვე მეხუთედ ბრუნდება და წელს 13-15 ივნისს კვლავ თბილისში ჩატარდება.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დაახლოებას ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, ვაერთიანებთ მოაზროვნეებსა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, ვსაუბრობთ ყველაფერზე –  მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პირად ისტორიებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე.

იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მომხსენებელთა სია, რომ ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი იპოვის.

100-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის “The Moth and the Mountain” ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლებთ სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და “სტალინის სიკვდილის” ავტორს არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს.

სიტყვა ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომ ვაერთიანებთ ცნობილ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს ZEG-ის გარშემო.

წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა გაქვთ, მხოლოდ 3 დღით, 7-9 აპრილს, 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ ბილეთები. 10 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის ყველა ბარათზე გავრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub TbilisiCoda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, BMW, Culture of Solidarity Fund, Swiss Agency for Development and Cooperation, Windfor’s, Reckless, AI Accountability Network – Pulitzer Center, Adjara Group, Honore.

აქციაზე დაკავებულები საუბრობენ პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი დააკავეს. დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

სახალხო დამცველის ცნობით, ორმა დაკავებულმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა.

„სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“-აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481.

თბილისსა და ბათუმში მოსახლეობის საპროტესტო აქციები 132-ე დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

__________________

ფოტოზე: პროტესტი რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი

უახლოეს დღეებში იწვიმებს – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი.
მაღალმთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია, ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 926 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290]
  • ტანკი – 10 572 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 22 011 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 25 860 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 359 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 126 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 917 ერთეული [+43]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 43 227 ერთეული [+107]
  • სპეცტექნიკა – 3 792 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 50 279 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 721 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 353 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 790 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად ოფიციალურად დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ყოფნა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში: ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ბელგოროდში ყოფნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შესახებ:

ტრამპი უკმაყოფილოა, რომ რუსეთი „გიჟივით ბომბავს უკრაინას“

“არ აარიდოთ თვალი მშობლებს, რომლებიც დასტირიან შვილების ცხედრებს …” – უისონი კრივოი როგის დაბომბვას ეხმაურება

ზელენსკი: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს

„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რის დამალვას ცდილობენ მოწმე პოლიციელები – სილის გაწვნის მხოლოდ 44-წამიან კადრი სასამართლოში 

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება: აჭარის ტელევიზიის შესაბამისმა თანამშრომელმა, რომელმაც თითქოსდა მხოლოდ 44-წამიანი კადრი მისცა გამომძიებლებს, თუ თავად გამოძიებამ?“ – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს და ყურადღებას ამ საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე ამახვილებს.

დღეს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის და მედიამენეჯერის „მზია ამაღლობელის საქმის“ არსებითი განხილვის მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე პროკურატურის სამ მოწმეს მოუსმინეს, მათ შორის, იყო გამომძიებელი გურამ დიასამიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილების სავარაუდო შეუსრულებლობა ეხება „აჭარის ტელევიზიის“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრს, რომელიც „ოცნებამ“ მანიპულაციურად გამოიყენა და რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილას აწნის.

სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების მიხედვით კი, პროკურატურას 11-12 იანვრის საპროტესტო აქციის სრული ჩანაწერი უნდა ამოეღო „აჭარის ტელევიზიიდან“ ე.წ. შავი მასალის ჩათვლით.

სასამართლოს გადაწყვეტილების ამ მოთხოვნის მიუხედავად, გამომძიებელმა გურამ დიასამიძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს უთხრა, რომ „მოხდა იმ ჩანაწერის გამოთხოვა, რაც დანაშაულის ფაქტს ასახავდა“. 

ბრალდება ვალდებული იყო, სრულად წარმოედგინა ეს ვიდეოები. ამის არგაკეთება არის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც არის დანაშაული. გამოძიებას მხოლოდ 44-წამიანი ვიდეო აქვს წარმოდგენილი საქმის მასალებში…“ – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

მაია მწარიაშვილი პროკურატურას ახსენებს კანონის მოთხოვნას: გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად. იურისტი განმარტავს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს არამხოლოდ ბრალდების ინტერესის შესაბამისად, არამედ მზია ამაღლობელის ინტერესის შესაბამისად, საქმეზე ობიექტური სიმართლე რომ დადგინდეს.

„მაგრამ გამოძიებამ გააკეთა ყველაფერი, რომ მზია ამაღლობელის ინტერესი არ გაეთვალისწინებინათ და მხოლოდ ბრალდების ინტერესით ეწარმოებინათ გამოძიება… ამიტომაც, ჩვენ მივმართავთ გენერალურ პროკურორს და მოვითხოვთ იმის დადგენას, ვინ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – გვითხრა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლოს შრომას ვადით 180-დან 240 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. იგივე ქმედება მოხელის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ ისჯება, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.

„განჩინებაში რა წერია?“ – ჰკითხა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელს, გურამ დიასამიძეს საიას იურისტმა ჯუბა ქათამაძემ. გამომძიებელს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ამოუკითხა სასამართლოს განჩინებაში ჩაწერილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც პოლიციის დეპარტამენტთან ჩატარებული აქციის მასალა სრულად უნდა ამოეღო „აჭარის ტელევიზიიდან“ გამოძიებას „შავი მასალის“ ჩათვლით.

„ჩანაწერები, რომელიც სცილდებოდა კონკრეტულ მისამართს, ამ შემთხვევაში მათი გამოთხოვა ვერ მოხდებოდა… განჩინების ფარგლებში, რის საშუალებაც მოგვცა განჩინებამ, საქმისთვის რაც იყო არსებითი, იმ ფარგლებში გამოვითხოვეთ,“ – განაცხადა გურამ დიასამიძემ.

„ორ ნაწილად გავიგე მე ბატონი გურამის პასუხი: ერთი ის, რომ განჩინების ფარგლებს ვერ გავცდებოდი… საუბარია კონკრეტულ იმ მისამართზე, რაც განჩინებაშია ასახული, მეორე პასუხია, რომ რაც ჩათვალა საქმესთან კავშირში, გამოითხოვა მხოლოდ ის ინფორმაცია,“ – გამომძიებლის პასუხი შეაჯამა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

„ვიდეო მასალებში, რაც არ ამოიღეს, ჩანს, რომ იქ არაფერს არ აშავებს მზია, სამაგიეროდ ჩანს, რატომ აკავებენ მზია ამაღლობელს, რომ მას უსაფუძვლოდ აკავებენ და მანიფესტაცია არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს. ასევე, ჩანს ბატონი დგებუაძე, რომელსაც სახეზე სიწითლე არ აღენიშნებოდა, მაგრამ გამოძიება წარმოადგინა მხოლოდ 44-წამიანი ჩანაწერი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია მწარიაშვილმა.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაჰბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.

მზია ამაღლობელის ადვოკატები „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართავენ.

არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა

დღეს, 7 აპრილს, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა, 12 ხმით, დაამტკიცა.

არალეგიტიმურმა საბჭომ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარა კენჭი.

მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დარჩა, თანამდებობა შეინარჩუნა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ყველა მინისტრმა.

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა – სხდომაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები და ასევე, სხდომა არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ახლა პოლიციელი სულხან თამაზაშვილია, რომელიც ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

თამაზაშვილი შს მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2024 წლის ბოლოს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული სანქციები აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს გულისხმობს.

აჭარის მთავრობის წინა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა ფეისბუქპოსტით 4 აპრილს დატოვა.

თიბისი x გურჯაანის „დელტა“ – პარტნიორობა რეგიონული სპორტის მხარდასაჭერად

თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის – „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება; ასევე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და სპორტულ აქტივობებში მათი ჩართულობის მუდმივი ხელშეწყობა.

„დელტას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება და დაარსებიდან უახლოეს წლებში, გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ა ლიგასა და სუპერლიგაში. 2019 წელს, „დელტას“ მოგებული აქვს სუპერლიგა. გუნდის ტიტულებს შორისაა, ასევე, დუდუ დადიანის მემორიალი და საქართველოს სუპერთასი.

2022 წლიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და „დელტას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და ამ დროიდან, გუნდი უკვე გურჯაანის სახელით გამოდის.

„დელტას“ გურჯაანში გამოჩენამ, დიდი ცვლილებები მოახდინა ქალაქისა და რეგიონის სპორტულ ცხოვრებაში. უპირველესად, აღსანიშნავია ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის შექმნა, სადაც ადგილობრივი მოზარდები სრულიად უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და თამაშობენ. სუპერლიგის ბინადარი „დელტა“ საშინაო მატჩებს გურჯაანში თამაშობს, რაც დამატებით აცოცხლებს რეგიონის სპორტულ და სოციალურ ცხოვრებას.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში „დელტა“ 6 ასაკობრივი გუნდითაა წარმოდგენილი: U22, U18, U16 (პირველი და მეორე გუნდები), U14  და U12 (NBA JR-ს გუნდი).

წლევანდელ სეზონში, „დელტა“ წარმატებით ასპარეზობს საქართველოს თასის გათამაშებაში, სადაც უკვე ნახევარფინალურ ეტაპს მიაღწია. სუპერლიგაში კი, გურჯაანელები ფლეი-ოფში სათამაშოდ ემზადებიან.

ბათუმში მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

დღეს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

დღეს სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმეებს, პოლიციელებს ჰკითხავენ.

ამ საქმის მთავარი ფიგურა ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეა, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი. მზია ამაღლობელმა 12 იანვარს აქციაზე სილა გააწნა ირაკლი დგებუაძეს, რისთვისაც მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაფურთხა, არ აძლევდა მას წყლის დალევისა და ტუალეტში გასვლის საშუალებას – ასეთი მოპყრობა ფასდება, როგორც არაადამიანური და წამებას უტოლდება.

ირაკლი დგებუაძე იმყოფებოდა ექსპერტიზის ბიუროში, მან ჩვენებაში დაწერა, რომ ქალის მიერ მარცხენა ხელით გარტყმული სილის გამო „იგრძნო ტკივილი“ და „ლოყა გაუწითლდა“.

ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ირაკლი დგებუაძემაც.

წინა კვირაში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორი სამართალდამცველის ჩვენება მოისმინა, მათ შორის იყო გამომძიებელი თამარ კერესელიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელი დაახლოებით 2 საათი ხელზე ბორკილდადებული იყო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში.

თამარ კერესელიძემ ვერ თქვა, რა სამართლებრივი დასაბუთებით გაუკეთეს ხელბორკილი ზურგს უკან მზია ამაღლობელს, როცა ის, მისივე თქმით, არანაირ წინააღმდეგობას პოლიციელებს არ უწევდა.

  • რა ხდება? 

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

___________________

ფოტოზე: მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. 7 აპრილი, 2025 წელი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 925 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350]
  • ტანკი – 10 567 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 21 997 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 25 817 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 356 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 124 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 874 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+15]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 43 120 ერთეული [+70]
  • სპეცტექნიკა – 3 790 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 49 982 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 689 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 233 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 696 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

“არ აარიდოთ თვალი მშობლებს, რომლებიც დასტირიან შვილების ცხედრებს …” – უისონი კრივოი როგის დაბომბვას ეხმაურება

დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია – რუსეთმა უკრაინაში კრივოი როგს დაარტყა

ზელენსკი: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს

„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მე ვიცი თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს“ – დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზე

„მე რომც ვიცოდე, არ მაქვს იმის უფლება, ვისაუბრო სხვის მაგივრად,“ – უპასუხა დღეს, 6 აპრილს, ჟურნალისტებს დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

დავით გაბაიძე ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არალეგიტიმური ორგანო, ხვალ, 7 აპრილს აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.

თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 4 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ფეისბუქპოსტით დატოვა. მას ბრიფინგი არ მოუწყვია და ამ დრომდე არც სხვა ფორმით განუმარტავს საჯაროდ, რატომ დატოვა თანამდებობა.

აჭარის მთავრობა ანგარიშვალდებულია უმაღლეს საბჭოსთან, თუმცა არალეგიტიმური აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა სულხან მესხიძემ დავით გაბაიძეს შეკითხვა თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვების მიზეზებზე, ასევე იმაზე დაუსვა, თუ რატომ შემოიფარგლა რიჟვაძე მხოლოდ ფეისბუქპოსტით?

„ახლა ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობაა ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს, როგორ ხდება ამ ტიპის თანამდებობის პირის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება და საჯარო სივრცეში – ფეისბუქიც არის საჯარო სივრცე – გაკეთებული განცხადება სამართლებრივად აბსოლუტურად არის საკმარისი იმისთვის, რომ გადადგომის აქტი, ასე ვთქვათ, ჩაითვალოს შემდგარად..,“ – განაცხადა დავით გაბაიძემ, ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

დავით გაბაიძე არ საუბრობს მიზეზებზე, რატომ დატოვა თანამდებობა აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ. დავით გაბაიძე ოჯახითაც ახლობლობს თორნიკე რიჟვაძესთან [დავით გაბაიძის და თორნიკე რიჟვაძის ცოლები ბიძაშვილები არიან]. ხელისუფლების წარმომადგენლის ანგარიშვალდებულებაა, საზოგადოებას უთხრას ისიც, რატომ ტოვებს თანამდებობას თანამდებობის პირი.

„მის მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება არის ინფორმირებული. მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას. დანარჩენი რა იყო მოტივატორები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, შეგიძლიათ ბატონ თორნიკეს მიმართოთ. ის რჩება გუნდის წევრად. არ დაემალება საზოგადოებას, გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ მას სხვადასხვა ფორმატში და შესაბამისად ჯობია, მისგან მიიღოთ ინფორმაცია, ვიდრე მესამე პირისგან, ამ შემთხვევაში ჩემგან. მე ვიცი თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს,“ – თქვა დავით გაბაიძემ.

„ერდოღანი არ ელოდა ასეთ მუხტს“ – ინტერვიუ თურქოლოგთან თურქეთის საპროტესტო აქციებზე

„ერდოღანი არ ელოდა ასეთ მუხტს… ამიტომაც, ხელისუფლებამ ცოტა მუხრუჭს დააჭირა ფეხი,“ – გვიყვება თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. მისი დაკვირვებით, ერდოღანი ყველაზე მეტად ამდენი სტუდენტის ქუჩაში გამოჩენას არ ელოდა, თუმცა ბუნდოვანია, რა შეიძლება იყოს სტამბულის ქუჩებში დაწყებული წინააღმდეგობის შედეგი.

ქამრან ოსმანლი მიიჩნევს, რომ ერდოღანი არჩევნებამდე 3 წლით ადრე ცდილობს თადარიგის დაჭერას და მთავარი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას იმ დროს, როცა გეოპოლიტიკურად თურქეთის შიდა პოლიტიკური პროცესისთვის მაინც და მაინც არ სცალიათ.

რამდენად გამოუვა ეს ერდოღანს? – „ბათუმელები“ თურქეთის საპროტესტო აქციებზე თურქოლოგ ქამრან ოსმანლის ესაუბრა:

  • ბატონო ქამრან, რა ეტაპზეა სტამბულის საპროტესტო მოძრაობა? საპროტესტო აქციებს ერდოღანი „ძალადობრივ მოძრაობად“ მოიხსენიებს, აკავებენ ასეულობით ადამიანს, მათ შორის, ჟურნალისტს… 

როგორც ხშირად ხდება, ხელისუფლება თურქეთშიც ცდილობს შექმნას ისეთი დღის წესრიგი, რომ ოპოზიციური ფლანგი გამოაჩინოს, როგორც აგენტები, მტრები და ასე შემდეგ. ეს ბევრ ქვეყანაში გამოცდილი მეთოდია.

ოპოზიციამ კი, მოსახლეობას მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ ერდოღანის პარტიასთან ღიად დაკავშირებულ ბიზნესს, არ შეიძინონ მათი საქონელი. ეს ბოიკოტი ერთი დღით იყო გამოცხადებული – 2 აპრილს. შემდეგაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს, თუმცა როცა ციფრები შეადარეს, ნახეს, რომ ერდოღანს მოუხერხებია თავისი მომხრეების მობილიზება.

წინააღმდეგობის პროცესში ძირითადად ახალგაზრდები აქტიურობენ, ისინი არიან ყველაფრის სათავეში. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, სადაც დასმული იყო შეკითხვა: რამდენად ეფექტურია, თქვენი აზრით, ოპოზიციის მოქმედება ამ ვითარებაში? გამოკითხულთა 60%-მდე ამბობდა, რომ ოპოზიცია სუსტია, ვერ უმკლავდება მოძრაობის გამოწვევებს და კრიზისიდან ვერ გამოდის.

  • როგორ მოხერხდა თურქეთში ოპოზიციის დასუსტება? 

არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი. ბევრი ოპოზიციური პარტია ძალიან გამოცდილია, მათ შორის, არიან 100-წლიანი პარტიები. თურქეთისთვის ბოლო წლებში შეიძლება არა, მაგრამ განსაკუთრებით გასული საუკუნის 80-90-იან წლებში საპროტესტო ტალღა უცხო ხილი არ არის. ფაქტია, რომ ოპოზიცია ვერ უმკლავდება ამ პროტესტის გამოწვევებს და ნდობა მის მიმართ შემცირებულია.

არსებობს შიდა პარტიული დაპირისპირებაც. ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, რა სურთ, უნდა ჩაუდგნენ თუ არა პროტესტს სათავეში. იგივე „რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ [ექრემ იმამოღლუს პარტია] არსებობს ქილიჩდაროღლუს [პრეზიდენტობის კანდიდატი 2023 წლის არჩევნებზე] გუნდი, რომელიც ოზგურ უზელს და იმამოღლუს ეწინააღმდეგება და ძველი სტატუს-კვოს შენარჩუნება სურს. ქილიჩდაროღლუ ამბობს, რომ კანდიდატი არ ვარო, თუმცა ჩანს, რომ კულუარებში რაღაცები ხდება.

დღეს ტარდება „რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ ყრილობაც და ირჩევენ თავმჯდომარეს. სულ სამი კანდიდატია. განსაკუთრებული რამ თუ არ მოხდა, ალბათ ისევ ოზგერ უზელი გახდება თავმჯდომარე.

ცხადია , ოპოზიციის მოთხოვნა არის იმამოღლუს გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რაც ამ ეტაპზე არარეალური ჩანს.

ქამრან ოსმანლი
  • ძლიერდება, თუ სუსტდება საპროტესტო ტალღა თურქეთში, რა პერსპექტივა ჩანს ამ გადასახედიდან? 

ძირითადად სტუდენტებზეა დატვირთვა და ისევ ძლიერია საპროტესტო მუხტი, თუმცა ამ აქციაზე გამოსულები მაინცდამაინც ყველა იმამოღლუს ამომრჩეველი არ არის. თუ დააკვირდით აქციებზე აჩვენებდნენ რუხი მგლების სიმბოლოს, რაც მიანიშნებს, რომ ნაციონალისტები არიან. აქციაზე ჩანან ჩადრიანი, მორწმუნე ქალებიც. შესაბამისად, ფართო სპექტრია.

რთული მდგომარეობაა ზოგადად, რადგან განსხვავებულია საგარეო ვითარება. როგორც იცით, ევროკავშირი თურქეთის საპროტესტო აქციებსა და იმამოღლუს დაკავებაზე მხოლოდ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა: მაკრონის განცხადება იყო იმის თაობაზე, რომ თუ თურქეთს ევროკავშირის წევრობა სურს, არ უნდა დააკავოს ოპოზიციის ლიდერი. აშშ-დან იყო განცხადება, რომ ეს თურქეთის შიდა საქმეა… აქედან ის ჩანს, რომ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ განსაზღვრა ეს მოცემულობა თურქეთში, ვიდრე სხვა რეალობამ.

  • აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რუბიოც შეხვდა თურქეთის პრემიერს. რა გაირკვა ამ შეხვედრით? 

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აშშ-ს და თურქეთს შორის ამ ეტაპზე არის სანქციების მოხსნა, რაც თურქეთს აქვს დაწესებული, ასევე, F 35-ების პროგრამაში დაბრუნება და S400-ების საკითხის მოგვარება, რომ ეს მოშორდეს თურქეთის ტერიტორიიდან, გასხვისდეს და ასე შემდეგ.

აშშ ცდილობს, თურქეთის გავლით მოაგვაროს პალესტინის საკითხი. სირიაც დღის წესრიგშია თავისთავად.

კოლექტიური დასავლეთისთვის ერდოღანი არის უფრო სტაბილურობის სიმბოლო, განსაკუთრებით ამ მოცემულობაში, როცა თურქეთი ნატოს მეორე ჯარია და რეგიონში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. ამ დროს, ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკური კინკლაობისთვის ნაკლებად სცალიათ. მათ სჭირდებათ კონკრეტული ლიდერი.

  • ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საფრთხეს ხედავს დასავლეთი? რით განსხვავდება იგივე იმამოღლუს ხედვები ერდოღანის პოლიტიკისგან უსაფრთხოების კუთხით?

როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში სტატუს-კვო სჭირდებათ. მათთვის ერდოღანი მისაღებია და ეს ეხება, როგორც რუსეთ-უკრაინის ომში თურქეთის ჩართულობას, ასევე ევროკავშირის ხედვას უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაზე, რაც თურქეთის გარეშე შეუძლებელია.

ოპოზიცია კი, ამ კონტექსტში ზოგადად იმას ამბობს, რომ თურქეთის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. სხვა საგარეო პრიორიტეტი რა არის, რა ნაბიჯებია საჭირო და ასე შემდეგ, ისინი არ ასახელებენ და ესეც ოპოზიციის სუსტი მხარეა. იგივე 2023 წელს, როცა თურქეთში ოპოზიცია სატრანსპორტო მაგისტრალზე საუბრობდა „თურქების გზა“, იგივე „თურქული გზა“, რომელიც ნიშნავდა თურქეთიდან გზის გაჭრას ცენტრალურ აზიაში, გზა უნდა გაჭრილიყო საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით, თუმცა მათ რუკაზე მიუთითეს ირანი, რამაც ნაციონალისტები გააღიზიანა. ქილიჩდაროღლუმ ამის გამოც დაკარგა გარკვეული ხმები.

  • იმამოღლუს ადვოკატიც დააკავეს. ბევრისთვის ეს და რეპრესიების გააქტიურება აჩვენებს იმას, რომ ერდოღანი მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებს. ეს ასეა? 

ის ადვოკატი მალევე გაათავისუფლეს, ისევე, როგორც ჟურნალისტები და აქციაზე დაკავებული სხვა პირები. ხელისუფლება ცდილობს, არ მიიღოს კიდევ უფრო დიდი დაპირისპირება. ფაქტია, რომ ერდოღანი არ ელოდა ასეთ მუხტს. ხელისუფლებაში ეგონათ, საზოგადოების მცირე ნაწილი გამოვა და ამით შემოიფარგლება ოპოზიციაო, თუმცა ძალიან ძლიერი მუხტი დაინახეს განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. ამიტომაც, ხელისუფლებამ ცოტა მუხრუჭს დააჭირა ფეხი.

მე არ ვიცი, როგორ განვითარდება ეს პროცესი. არის ვერსია, რომ შიდა კულუარებში მიმდინარეობს ვაჭრობა, მათ შორის, იმამოღლუს განთავისუფლებაზე.

მიტინგები არ არის პერმანენტული. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებდა, მოდით, ყოველ შაბათს გავიდეთ აქციაზეო. საინტერესოა, რატომ აკეთებენ ამას.

  • რატომ აწყობდა ერდოღანს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება ამ ეტაპზე? 

ერდოღანის პარტია განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება საზოგადოების განწყობებს. ერდოღანის მთავარი ოპონენტია ექრემ იმამოღლუ და მანსურ იავაში, ანუ ანკარის მერი, რომლის მიმართაც ასევე გაუჩნდა გამოძიებას კითხვები კონკრეტული კონცერტების ჩატარებასთან დაკავშირებით. იმამოღლუ რომც გამოუშვან ციხიდან, ის მაინც ვეღარ მოახერხებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან დიპლომი გაუბათილეს.

არჩევნების ჩატარებასაც ახლა არავინ აპირებს. არჩევნები უნდა ჩატარდეს 2028 წელს, თუმცა თუ იმამოღლუს საკითხი თავიდან მოიშორეს და აღარ იქნება საპროტესტო ტალღა, ერდოღანს ახლაც ჰყავს ბირთვი – მინიმუმ 25-30 %, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მესამედი, რომელიც რაც უნდა მოხდეს, მაინც ერდოღანს დაუჭერს მხარს. დანარჩენი ხმები კი, დამოკიდებულია, მათ შორის, ეკონომიკაზე, იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ვალუტის კურსის სტაბილურობის მიღწევას.

2028 წლის არჩევნებზე ერდოღანს წესით ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობა, მან პრეზიდენტობის ყველა ვადა უკვე გამოიყენა, მაგრამ შესაძლებელია კონსტიტუციის შეცვლა, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ან 2027 წელს რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს. არსებობს ეს ერთგვარი „ხვრელი“, რომელიც შეიძლება ერდოღანმა გამოიყენოს, რადგან რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, მას ლეგიტიმურად შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა.

_____________________________

მთავარი ფოტო: 2025 წლის მარტი – სტამბული, ოპოზიციის საპროტესტო აქცია. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო

“უსაფუძვლო ჩხრეკა და დაკავება ადამიანების დაშინების კიდევ ერთ იარაღად იქცა” – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ „ბოლო პერიოდში მოქალაქეების თვითნებური და უსაფუძვლო ჩხრეკა და შემდგომ, მათი დაკავება, პოლიციის ხელში ადამიანების დაშინების და რეპრესიის კიდევ ერთ იარაღად იქცა“.

საბა სორდია, დღეს, 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჟურნალისტი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა მოინახულა.

საბა სორდია ესაუბრა ადვოკატს და გაიხსენა დაკავების დეტალები.

„საბა სორდიას დაკავებას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნა; პირადობის მიწოდების შემდეგ, პოლიციამ საბას ჩანთის გახსნაც მოსთხოვა, რასაც იგი დაემორჩილა, თუმცა შელაპარაკება მოჰყვა პოლიციის მიერ ჩანთის კიდევ ერთი ჯიბის გახსნის მცდელობას, რაზეც საბამ უთხრა, რომ იგი მზად იყო, თავად გაეხსნა ჩანთის შიგთავსი. ამ შელაპარაკებას საბა სორდიას დაკავება მოჰყვა; აღსანიშნავია, რომ საბას თქმით, მისთვის პოლიციას არ განუმარტავს, თუ რის საფუძველზე აკავებდნენ და არც ის, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ამის შესახებ მას მხოლოდ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ უთხრეს,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

საბა სორდიას პოლიცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, რამდენადაც საბა სორდია პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილა და სამართალდამცავებს მისცა როგორც მისი იდენტიფიცირების, ისე ჩანთის დათვალიერების საშუალება, მისი დაკავება უსაფუძვლო და უკანონო იყო.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ცნობები ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მასობრივი დათვალიერების და ჩხრეკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დათვალიერების შემდეგ ჩხრეკის უფლებას პოლიციას მხოლოდ მაშინ აძლევს, თუ ზედაპირული დათვალიერებისას პირს უკანონო ნივთი აღმოაჩნდება, პოლიცია ხშირად ამეტებს უფლებამოსილებას და მოქალაქეებს ჩანთის გახსნას სთხოვს. სულ რამდენიმე დღის წინ, ლუკა კინწურაშვილი პოლიციამ თვითნებურად იმის გამო დააკავა, რომ ჩხრეკისას, პოლიციას ტელეგრამის ჩატზე წვდომაზე უარი უთხრა, რისი სრული უფლებაც მას ჰქონდა.

უკიდურესად პრობლემურია, რომ პოლიცია ადამიანებს ქუჩაში თვითნებურად აკავებს და ამის შესახებ ოჯახის წევრებს არ ატყობინებს. საბა სორდიას დაკავების შესახებ მეგობრებმა იეჭვეს, რადგან მისი კუთვნილი მოპედი იმ ადგილის სიახლოვეს ნახეს, სადაც საბა მათ უნდა შეხვედროდა. პოლიციას არც ოჯახისთვის და არც ახლობლებისთვის საბას დაკავების შესახებ არ შეუტყობინებია.

პოლიციის თვითნებური და უკონტროლო მოქმედებები გარდა იმისა, რომ სრულად უგულებელყოფს სამართლის უზენაესობის და კანონიერების საბაზისო პრინციპებს, ქმნის დაუცველობის და სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობის განცდას მოქალაქეებში. ბოლო თვეების განმავლობაში სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება, ძირს უთხრის სამართლებრივი და ადამიანის უფლებების დაფუძნებული სახელმწიფოს პრინციპებს,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

საბა სორდია ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება და მას ან დაკავებიდან 24 საათში გაათავისუფლებენ ან დაკავების ვადას 48 საათამდე გაუხანგრძლივებენ.

„მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა ბათუმის სასამართლოში ხვალ, 7 აპრილს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 7 აპრილს, დღის პირველ საათზე განახლდება.

ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირია.

წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორი სამართალდამცველის ჩვენება მოისმინა, მათ შორის, იყო გამომძიებელი თამარ კერესელიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელი დაახლოებით 2 საათი ხელბორკილადადებული იყო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. თამარ კერესელიძემ ვერ თქვა, რა სამართლებრივი დასაბუთებით გაუკეთეს ხელბორკილი ზურგს უკან მზია ამაღლობელს, როცა ის, მისივე თქმით, არანაირ წინააღმდეგობას პოლიციელებს არ უწევდა.

  • რა ხდება? 

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.  „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

ამ თემაზე:

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

ავარია ბათუმში – დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაშავდა.

შემთხვევა დღეს, 6 აპრილს მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია, ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 8 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო ორ დღეს [9 და 10 აპრილს] მოსალოდნელია დროგამოშვებით
წვიმა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 923 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330]
  • ტანკი – 10 554 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 21 972 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 25 786 ერთეული [+56]
  • MLRS – 1 354 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 124 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 846 ერთეული [+68]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 130 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 43 050 ერთეული [+96]
  • სპეცტექნიკა – 3 789 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 49 982 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 689 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 233 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 696 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

“არ აარიდოთ თვალი მშობლებს, რომლებიც დასტირიან შვილების ცხედრებს …” – უისონი კრივოი როგის დაბომბვას ეხმაურება

დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია – რუსეთმა უკრაინაში კრივოი როგს დაარტყა

ზელენსკი: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს

„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ყველგან დანიშნავენ პოლიციელს და სუსის წარმომადგენელს, ასეა პუტინის რუსეთში“ – ინტერვიუ

„პუტინი არ ენდობა სამოქალაქო პირებს და ყველგან ამწესებს ბრმად ერთგულ ძალოვნებს. ასეა ახლა ჩვენთანაც,“ – ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, რომელსაც მოსაზრება ივანიშვილის ახალ საკადრო ცვლილებებზე ვკითხეთ.

საკადრო ცვლილებებია სუს-ში, პოლიციაში, აჭარის მთავრობაში. რის მიღწევას ცდილობს ამით ბიძინა ივანიშვილი?

„როცა საქმე გვაქვს ასეთ დანაშაულებრივ რეჟიმთან, ჩვენ არ უნდა ველოდოთ საკადრო ცვლილებების შედეგად ოდნავ გაუმჯობესებასაც კი, თუნდაც მოჩვენებით. პირიქით, ყოველ ჯერზე უნდა ვიაზრებდეთ და ვხდებოდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება ასეთი რეჟიმის დროს უფრო მეტად რეპრესიული მანქანის შექმნისკენ არის მიმართული, მეტი ჯალათის მოსაყვანად ამ დაჯგუფებაში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო შეუვალი, მტკიცე გახდეს  რეჟიმი,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი.

„ბათუმელებმა” ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან ჩაწერა, ის არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი, პოლიტიკოსი.

  • ბატონო არმაზ, თქვენი დაკვირვებით, რას ემსახურება კობახიძის ბოლო საკადრო ცვლილებები, როგორც სუსში, ისე აჭარის მთავრობასა და პოლიციაში. რის მიღწევას ცდილობს ამით ბიძინა ივანიშვილი

როდესაც ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ნდობა დაკარგული, სრულ იზოლაციაში და ამავდროულად ჩაფლულია პოლიციური, კრიმინალური რეჟიმის მორევში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკადრო ცვლილება შეიძლება აღვიქვათ ამ კრიმინალური დაჯგუფების კულუარული თამაშების გამოვლინებად. ასეა ცენტრალურ დონეზე, ასეა რეგიონშიც.

როცა საქმე გვაქვს ასეთ დანაშაულებრივ რეჟიმთან, ჩვენ არ უნდა ველოდოთ საკადრო ცვლილებების შედეგად ოდნავ მაინც, თუნდაც მოჩვენებით, გაუმჯობესებას. პირიქით, ყოველ ჯერზე უნდა ვიაზრებდეთ და ვხდებოდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება ასეთი რეჟიმის დროს უფრო მეტად რეპრესიული მანქანის შექმნისკენ არის მიმართული, მეტი ჯალათის მოსაყვანად ამ დაჯგუფებაში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო შეუვალი, მტკიცე გახდეს  რეჟიმი.

  • აჭარაში პოლიციის უფროსად და მთავრობის თავმჯდომარედ ერთდროულად დანიშნეს პოლიციელები, თანაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხდება ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პოლიციელი. ეს მიდგომა რას აჩვენებს თქვენთვის

სულ მალე თუ „ოცნებას“ ეს დასცალდა, თუ ჩვენ, მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა ამის უფლება მივეცით, ისინი ყველგან, ყველა თანამდებობაზე დანიშნავენ სუსის და პოლიციის წარმომადგენლებს. სწორედ  ასეა დღევანდელ, პუტინის რუსეთში. პუტინი არ ენდობა სამოქალაქო პირებს და ყველგან ამწესებს ბრმად ერთგულ ძალოვნებს. ასეა ახლა ჩვენთანაც.

ბიძინა ივანიშვილს რეპრესიების გარდა სხვა გზა ნაქურდი, მოპარული ქონებისა და მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ დარჩენია.

  • თუმცა არც თორნიკე რიჟვაძე უწევდა ივანიშვილს წინააღმდეგობას, დაემყარებინა რუსული დიქტატურა. 

ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ამ ვითარებაში ვინმე შეიძლება არ იყოს სრულად ივანიშვილის დაქვემდებარებაში, ან უწევდეს მას წინააღმდეგობას. უბრალოდ, სხვა მიდგომაა ახლა: არ არის საკმარისი მხოლოდ მონური მორჩილება. აუცილებელია, რომ თქვენ ყველაფერთან ერთად გამოირჩეოდეთ სისასტიკით და დაუნდობლობით, მზად იყოთ, რომ ნებისმიერი, ყველაზე უფრო წარმოუდგენელი, სასტიკი, დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო დავალება შეასრულოთ. ამ პრინციპით არჩევს რახანია თანამდებობის პირებს არალეგიტიმურ სტრუქტურებში ივანიშვილი.

ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ამის პარალელურად რა ხდება: კონსტიტუციითაა განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, თუმცა არავინ არაფერს ეკითხება არც აჭარის ვაი უმაღლეს  საბჭოს, არც ცხადია, საზოგადოებას. ისინი ფორმალურადაც კი არ ითვალისწინებენ ამ მოცემულობას, რომ იქ ხალხია, რომ ფორმალურად არსებობენ ადგილობრივი ორგანოები. ივანიშვილს ეს არასდროს აინტერესებდა.

  • დღეს განიხილეს აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხი… 

ასე პროცედურებს იცავს პუტინიც. ეს ბიურო და ნებისმიერი სხდომა ფიქციაა. ამ ანტიდემოკრატიულ პროცედურულ ნაბიჯებს არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან,  ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებთან, ჩვენს მიერ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებთან.

  • ჩანს, რომ ჩქარობს ივანიშვილი. გუშინვე წარმოადგინა ყაველაშვილმა პოლიციელის  კანდიდატი. შაბათს, არასამუშაო დღეს, შეიკრიბა ბიურო. თქვენი აზრით, რატომ ჩქარობს ივანიშვილი?

ეს აჩვენებს იმას, რომ დრო ძალიან შეზღუდულია, როგორც ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვიბრძვით თავისუფლებისთვის, საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის, ისე ივანიშვილისთვის, რადგან ის ხვდება, რომ არავითარი შანსი, მოიპოვოს ლეგიტიმურობა, აღარ აქვს. ფაქტობრივად, ამდენთვიანი პაუზის შემდეგ ვაშინგტონიდან წამოვიდა პირველი გზავნილები, რაც მას უთხრის პოლიტიკურ სამარეს, არაფერს ვამბობ ბრიუსელსა და დასავლეთის სხვა ინსტიტუციებზე.

დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს არალეგიტიმური რეჟიმია.

ივანიშვილის ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყენებს გაუგონარი მასშტაბის სადამსჯელო ღონისძიებებს სრულიად უკანონოდ და იგი ამას ყოველ ჯერზე აათმაგებს. ამის მიუხედავად უამრავი მოქალაქე  მაინც მზადაა წინა ხაზზე დარჩეს წინააღმდეგობის გასაწევად. ამ ვითარებაში ივანიშვილი ჩქარობს იმიტომ, რომ სურს მოკლე დროში რაც შეიძლება გაიძლიეროს პოზიციები, განიმტკიცოს და უფრო მეტად ჩაბეტონდეს. ივანიშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მეტად ბრმად მორჩილი დოქსოპულოები ჰყავდეს ყველა რგოლში, ყველა ინსტიტუციაში.

  • ივანიშვილის გათვლაა, რომ დაშინების გზით და რეპრესიებით შეძლებს წინააღმდეგობის ჩახშობას

დიახ, მხოლოდ ეს გათვლა აქვს ივანიშვილს, რომ ისე გაამკაცროს გარემო, ისეთი რეპრესიული მექანიზმები შემოიღოს – თითქოს დღეს რაც გვაქვს, ამაზე უფრო რეპრესიული რაღა უნდა იყოს – მაგრამ ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ის ამ წნეხს გააასმაგებს და არაფერს მოერიდება. უკან არაფერზე დაიხევს. თუ დაინახა, რომ მისი ამოცანები არ სრულდება, აჭარის ახლადდანიშნულ ვაითავმჯდომარესაც 2 კვირაში გაუშვებს. მისთვის არაფერს ნიშნავს არც პროცედურები, არც ადგილობრივი მმართველობა, არც კონსტიტუცია, რომელიც დღეს ფორმალურადღა არსებობს.

  • რას ეუბნება ამ საკადრო ცვლილებებით ივანიშვილი ხალხს, რომ ცვლილებების მოლოდინი კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ პროტესტის გამო დასჯის

ყველა გონიერი ადამიანისთვის ქვეყანაში და გარეთ ერთადერთია გზავნილი, რომ ივანიშვილი არაფრის გამო არ აპირებს უკან დახევას. პირიქით, ის ახლა გადასულია შეტევაზე. ივანიშვილი უტევს აქა-იქ დარჩენილ დემოკრატიის კუნძულებს: მედიას, არასამთავრობოებს, მოქალაქეებს, რომ ყველაფერი მოახრჩოს და რაც შეიძლება დროულად დაასრულოს, მიწასთან გაასწოროს ყველა და ყველაფერი, რაც მისთვის მიუღებელია.

ივანიშვილი არ მოერიდება არც ფულადი რესურსის უკონტროლოდ გამოყენებას, არც სადამსჯელო ზომების გამკაცრებას. ივანიშვილი სახეში აფურთხებს საზოგადოებას, საერთოდ არ აინტერესებს მისი აზრი და პროტესტი!

ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის დანაშაულებრივი ექსპერიმენტის პირობებში გავერანდა ბათუმი, მიწასთან გასწორდა და ჩაბეტონდა – ის კორუფციის, აღებ-მიცემობის, კრიმინალის ეპიცენტრად გადაიქცა. სწორედ ამას, სხვებთან ერთად, ხმალამოღებული ებრძოდა მზია ამაღლობელი და ებრძვის მის მიერ დაფუძნებული მედია. სწორედ ამიტომ არის მზია სინდისის პატიმარი.

ასე რომ, ეს გზავნილი მკაფიოა – ივანიშვილი გვეუბნება: გეშინოდეთ! ჩვენ ვპასუხობთ: ვერ შეგვაშინებთ! არ დავთმობთ საქართველოს!

უნდა იცოდნენ იმ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ახლა გულხელდაკრეფილი სხედან და აკვირდებიან იმას, რაც ხდება ჩვენს თავს, რომ ვერც ისინი ასცდებიან პასუხისმგებლობას მათი უმოქმედობის, უნიათობის და ასეთი დანაშაულებრივი შემგუებლობის გამო.

  • როცა ახსენებთ ოპოზიციის სისუსტე, ასევე ვაშინგტონი, სადაც ივანიშვილს არავინ ელაპარაკება, რა რესურსი რჩება ქვეყანაში იმისთვის, რომ საზოგადოებამ უკან დაახევინოს ივანიშვილს

ერთადერთი რესურსი ვართ ჩვენ, მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ, მზად ვართ, არ შევეგუოთ არაფრის ფასად ივანიშვილის რეჟიმის ჩაბეტონებას, მოქალაქეები უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ პოლიტიკური ფრონტის სრულიად ახალი ხაზები. ამჟამინდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი ხომ პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში, მუხრუჭად იქცა წინსვლისთვის და რეჟიმისთვის სასურველ „მტრის ხატად“ ჩამოყალიბდა.

არა უბრალოდ ახალი სახეებით, არამედ გაბედული, გულანთებული, დემოკრატიულად მოაზროვნე პოლიტიკოსები სჭირდება ოპოზიციურ ფრონტს, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ხალხის პროტესტს ისეთ მუხტში გარდაქმნის, რაც რეჟიმს საბოლოოდ შეარყევს და ჩამოშლის. სხვაგვარად ეს რეჟიმი ჩაბეტონდება მინიმუმ მომდევნო 5 – 10 წელი და მას შესაძლოა ვეღარაფერი მოვუხერხოთ.

ასე ჩაბარდება საქართველო პუტინს და დაკარგავს დემოკრატიული, ევროპული განვითარების ყოველგვარ შანსს. ამ უბედურებისგან ქვეყნის ხსნა ჯერ კიდევ არის პატრიოტი, სამართლიანი, თავდადებული მოქალაქეების ხელში.

პოლიციელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ორშაბათს ამტკიცებს ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო

აჭარის ანტიკონსტიტუციური მთავრობის ახალი შემადგენლობა ორშაბათს, 2025 წლის 7 აპრილს დაამტკიცებენ. ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო დღეს, 5 აპრილს, არასამუშაო დღეს ბიუროზე შეიკრიბა და შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას.

ვინ არიან მინისტრების ახალი კანდიდატები? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა წესით დეპუტატებს შესაბამისი კანდიდატები უნდა წარუდგინოს. როგორც „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში უთხრეს, ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ ბიუროს სხდომაზე დღეს გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, სულხან თამაზაშვილი აჭარაში არცერთი მინისტრის შეცვლას არ აპირებს.

სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. იგი შს მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2024 წლის ბოლოს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული სანქციები აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს გულისხმობს.

აჭარის მთავრობის წინა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა ფეისბუქპოსტით გუშინ, 4 აპრილს დატოვა. გუშინვე აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სულხან თამაზაშვილი წარუდგინა.

ამ თემაზე:

რით დაგამახსოვრდათ თორნიკე რიჟვაძე – „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“ და სხვა

„ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? პროტესტს მაინც ვერ ჩაახშობენ“ – ზებრაზე გადასვლისთვის დაჯარიმებულები

„ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. სულ რაღაც ერთ კვირაში ოპერაცია მიტარდება, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარკვეული მიზეზების გამო, ოპერაცია არ მიფინანსდება. ოჯახს ვეღარ მოვთხოვ ჯარიმის გადახდის ნაწილშიც დამეხმაროს, იმიტომ, რომ მთელი ჩვენ ერთობლივი რესურსი ამ ოპერაციის ხარჯზეა გადანაწილებული“, – გვეუბნება 24 წლის მარიამ საგინაძე ბათუმიდან. ის დიზაინერია და ატელიეში მუშაობს.

მარიამ საგინაძე ერთ-ერთია ბათუმში, 31 იანვრის აქციაზე იმ პირებს შორის, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო დააჯარიმეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიამსაც 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

„ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა ისეთია, როგორც მთელს ქვეყანაში. არავის არ აქვს დღეს იმის შესაძლებლობა, რომ 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდას საკუთარი სახსრებით, დამოუკიდებლად შეეჭიდოს. მით უმეტეს სტუდენტები და ახალგაზრდები. აი, მაგალითად ჩემს შემთხვევაზე რომ ვთქვა – ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტი. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, 5 000 ლარი პროფესიულად შემდგარი ადამიანებისთვისაც კი 2-3 თვის ანაზღაურებაა მინიმუმ…

ერთადერთი გზა რაც გვაქვს, მცდელობაა საჭირო თანხა სოციალური ქსელების დახმარებით შევაგროვოთ“, – ამბობს მარიამ საგინაძე.

მარიამ საგინაძე

ის ფიქრობს, რომ აქციის მონაწილეების დაჯარიმებით ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას ცდილობს, მაგრამ „აშკარად ტყუილად“.

„ცხადია, ახალგაზრდებისთვის ამხელად ჯარიმის დაკისრებით ჩვენს შეზღუდვას ცდილობენ. უნდათ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს განვითარებას, განათლების მიღებას… მათი გადადგმული ყველა ნაბიჯი მხოლოდ ერთეული ადამიანების გამდიდრებას, ერთეული ადამიანების ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს ყველაფერი საშინლად გვაზიანებს.

ცოტახნის წინ გავიგეთ, რომ ლიეტუვამ შეწყვიტა გაცვლითი პროგრამები. ეს სტუდენტებისთვის ძალიან დიდი დანაკლისია…

ყველანაირად ცდილობენ, რომ წინააღმდეგობაში იყვნენ ჩვენთან და არავის არ აინტერესებს, რა გვინდა და რატომ გვინდა ჩვენ, რადგან ყველაფერი ერთპიროვნულად წყდება და ოლიგარქების სურვილზეა დამოკიდებული მთელი ქართული ხელისუფლების ქმედებები“, – ამბობს მარიამ საგინაძე

იგი ამბობს, რომ 5 000 ლარი მინიმუმ ნახევარი წლის კვების ხარჯია მისთვის და მიუხედავად ამისა, არ აპირებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შეწყვეტას.

„ჩემი საპროტესტო განწყობა კიდევ უფრო გაიზარდა… ჩემმა თაობამ კარგად იცის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი. დამოუკიდებლობას შეჩვეული ადამიანი ვიღაცის დაქნეული თითის ჩარჩოებში ვერაფრით გამოემწყვდევა. შეუძლებელია. ბოლომდე ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის“.

მარიამ საგინაძის თქმით, მის ირგვლივ მყოფებზე აქციის მონაწილეების დაჯარიმებას არ უმოქმედია, თუმცა უშვებს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა იქონიოს უარყოფითი გავლენა აქციის სხვა მონაწილეების მუხტზე – „რა თქმა უნდა, მათი რიცხვი პროცენტულად ცოტა იქნება. გაცილებით მეტნი ვართ, ვინც ვერ შეგვაშინეს.

ულუკმაპუროდ ვერ დაგვტოვებენ, რადგან უამრავჯერ ვაჩვენეთ, თუ გადამწყვეტ მომენტებში რამდენად შეგვიძლია ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. არც ერთი სტუდენტი და სხვა მოქალაქე, ვინც ახლა დაჯარიმებულია, მჯერა, მარტო არ არის“, – გვეუბნება მარიამ საგინაძე.

მოქალაქის თქმით, მარტოს რომ მოუწიოს ჯარიმის გადახდა, მინიმუმ ოთხი თვე დასჭირდება – „ესეც იმ შემთხვევაში თუ ხელფასიდან ერთ თეთრს არ ავიღებ კვებისთვის, ტრანსპორტისთვის და ა.შ. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ხელფასი რომ აიღო, სამსახურში უნდა მიხვიდე და წამოხვიდე. ამაშიც ფული გჭირდება.

ჯარიმის გადახდაც ამიტომ გადავწყვიტე – ანგარიშები არ დამიყადაღონ და ხელფასის აღება რომ შემეძლოს. სხვა შემთხვევაში არაფრით არ გადავიხდიდი და ამ ფორმითაც გავაძლიერებდი ჩემს პროტესტს. ერთადერთი საშუალება, რომ ჩემი გამომუშავებული ხელფასი ავიღო, საბანკო ანგარიშების ქონაა“, – ამბობს მარიამ საგინაძე საუბრის დასასრულს.

22 წლის ქეთი პაქსაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. ის ეკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს.

„5 000 ლარით დამაჯარიმეს მეც ბათუმის აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ზებრაზე გადასვლისთვის.

ჯარიმის გადახდის არანაირი რესურსი არ მაქვს. უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს ვიხდი… მე კი ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ხელფასით სწავლის გადასახადის ნაწილობრივ გადახდას ვახერხებ. მოკლედ გეტყვით, ეს ჯარიმა ჩემი ძალებით გადაუხდელი ამბავია.

ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? ვერ გექნება და რამდენი უნდა იმუშაო, რომ იმ მინიმალური შემოსავლით, რაც გვაქვს ზოგადად ქვეყანაში და რამდენიცაა ჩვენი ხელფასები, დავაგროვოთ.

გვქონდა ფონდები და თუ რაიმე მოხდებოდა მსგავსი, გვეგულებოდა „ნანუკას ფონდი“, სხვა ფონდები და შეგვეძლო მიგვემართა, მაგრამ დააყადაღეს. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ისევ ხალხის დახმარების იმედია“, – გვეუბნება ქეთი პაქსაძე.

როგორ სტუდენტი ამბობს, უხეში დათვლით 5 000 ლარი მისთვის ნახევარი წლის სამყოფი ფულია საკვებისთვის და წვრილმანი ხარჯებისთვის.

„ჩემი ხელფასი 1300 ლარია. აქედან რაც მეტს გადავიხდი, მით უკეთესი, თუმცა უნივერსიტეტში ყოველთვიურად ვიხდი 500 ლარს. ქირით არ ვცხოვრობ მაგრამ, კომუნალურებს ვიხდი. ამისთვის მჭირდება 200 ლარამდე.

თუ ჩემი ხელფასით მომიწევდა ჯარიმის გადახდა, რაც დამრჩება, ეს 500 ლარი მთლიანად უნდა გადავდო ჯარიმისთვის და კვებისთვის და ელემენტარული რაღაცებისთვის აღარ დავიტოვო. ამას ვერ იზამ, როგორც არ უნდა მოინდომო და გამოდის, რომ მთელი ცხოვრება ჯარიმა უნდა ვიხადო და ამისთვის ვიმუშაო“, – გვიყვება ქეთი.

ქეთი პაქსაძე. ფოტო: ედო მჟავანაძე

მას ვკითხეთ, რამდენად შეძლებდა ოჯახი მის მხარდაჭერას და ჯარიმისთვის თანხის შეგროვებაში თანამონაწილეობას.

სტუდენტის თქმით, ოჯახი კი შეძლებდა მის დახმარებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცას მოაკლებდნენ – „მაშინ ბანკში შესატანი ფული უნდა მომცენ, ან ახალი სესხი უნდა გააკეთონ და მსგავსად. სხვა შემთხვევაში – ვერა“.

ქეთის თქმით, ის აუცილებლად გააგრძელებს ბათუმის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და მისი საპროტესტო განწყობა დაჯარიმებით „ვერ მოკლეს“.

„სრულიად აბსურდია ეს ჯარიმები, როგორც სასამართლო პროცესები. თავად პროკურორებსაც, ოქმის შემდგენებსაც ეცინებოდათ ისეთი აბსურდული მიზეზით დაგვაჯარიმეს. არ ჰქონდათ რაიმე მტკიცებულება. ვიდეოებში ჩანს, რომ არავის ვუშლით ხელს და არ ვუზღუდავთ გადაადგილებას.

ყველა ვიდეოში, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა, ჩანს, როგორ გადავდივარ ზებრაზე, მაგრამ არავის ვუშლი ხელს. ვიმეორებ, არც მანქანებს, არც ქვეითებს და არც პოლიციას მათი საქმის შესრულებაში. ეს ჯარიმები რომ კანონიერი იყოს, ჩვენი რეაქცია სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ ყველა ეს ჯარიმა უსამართლოა.

დაჯარიმება გვაზიანებს, თავისთავად, მაგრამ არ აზიანებს ჩვენს საპროტესტო განწყობას. პირიქით – უფრო მეტ ჟინს გვაძლევს, რომ მეტად ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ ისე, რომ არაფრის არ შეგვიშინდეს“ – გვითხრა ქეთიმ.

სტუდენტი ამბობს, რომ იცნობს ბევრ დაჯარიმებულს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ვერ მუშაობენ სხვადასხვა მიზეზით, აქ აქვთ შემოსავალი და შესაბამისად, მათთვის ეს ჯარიმები კიდევ უფრო დიდი ტვირთია.

სტუდენტის თქმით, მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა ჯარიმის გადახდა, ის არის, რომ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას აპირებს არ უნდა დაყადაღება მასაც შეეხოს.

დაჯარიმებულთა შორისაა ბათუმის აქციების კიდევ ერთი მონაწილე – გოჩა სურგულაძე. მან ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლის პოსტი რუსული კანონის საპროტესტო აქციებისას დატოვა 2024 წელს და სტუდენტურ მოძრაობას შეუერთდა.

გოჩა სურგულაძე ახლა ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაშია დასაქმებული.

„ძალიან დიდი ტვირთია საზოგადოებისთვის 5 000 ლარის გადახდა. 500 ლარის გადახდაც ტვირთი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის…

უსამართლოა ჩვენთვის დაკისრებული ეს ჯარიმები და მათი გადახდა იქნება კაბალური. 5 000 ლარი დაახლოებით სამი თვის ხელფასია ჩემთვის. ძალიან გამიჭირდება ამ ჯარიმის გადახდა მარტოს.

ყველაზე დრამატული ისაა, რომ მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. მაქვს სამი საბანკო ვალდებულება, რაც დაახლოებით 1600 ლარია თვეში და სახელმწიფო მეუბნება, რომ 5 000 ლარი უნდა გადავიხადო მოსამართლის გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის ვადაში, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ამიტომ მივმართე საზოგადოებას და ვთხოვე წვლილის შეტანა ჩემი ჯარიმის დაფარვაში.

თავს ვცნობ უდანაშაულოდ და ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ამ ჯარიმის გადახდა, როგორც მორალურად, ასევე, ჩემი პოლიტიკური ღირებულებებიდან გამომდინარე.

რომ არა ის ფაქტორი, რომ რეალურად ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს და მე დამტოვებდნენ ლუკმაპურის გარეშე – ამ ჯარიმას არ გადავიხდიდი. ეს არის მოქალაქეების კაბალურ პირობებში ჩაყენება. ვაპირებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში” – გვეუბნება გოჩა სურგულაძე.

გოჩა სურგულაძე. ფოტო: ედო მჟავანაძე

მისი თქმით, 5 000 ლარი მისთვის და მისი ოჯახისთვის დაახლოებით 5 თვის სამყოფი ფულია.

„სახელმწიფოს სურს, რომ გაგვაბოროტოს და რაღაც აგრესიულ ქმედებებს მივმართოთ, იმიტომ, რომ ჩვენი კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენებით ცდილობს ფსიქოლოგიურად გაგვტეხოს და მეორე მხრივ, ცდილობს, დააშინოს სხვა მოქალაქეები, რომ აღარ ჰქონდეთ წინააღმდეგობა ამ ანტიდემოკრატიულ და ძალადობრივ პოლიტიკაზე, რომელსაც ის ახორციელებს მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე და საზოგადოების სხვა წევრებზე.

ჩემ შემთხვევაში და არამხოლოდ ჩემ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება გაიზარდა, უფრო ოპტიმისტია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იქნება, ბევრ ადამიანს სავარაუდოდ დაებლოკება ანგარიშები და ექნება ფინანსური შეზღუდვები, ვფიქრობ, ამ პროტესტს გავყვებით ბოლომდე, სანამ შედეგი არ დადგება – ჩატარდება განმეორებითი არჩევნები და გათავისუფლება ყველა პოლიტიკური პატიმარი.

მე არ ვაპირებ გაბოროტებას, ეს ნორმალურ საზოგადოებას არ ახასიათებს. ძალიან პრაგმატულად, თანმიმდევრულად, ისტორიული გამოცდილებებიდან გამომდინარე, გავაგრძელებ მშვიდობიან ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყოველდღიურად ჩადის არადემოკრატიულ, ანტიჰუმანურ ქმედებებს საზოგადოების წინააღმდეგ“, – გვითხრა საუბრის დასასრულს გოჩა სურგულაძემ.

  • რა ხდება? 

ბათუმში სასამართლომ პროევროპული აქციების 36 მონაწილე დააჯარიმა. სასამართლოს მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმები, ჯამში, 158 500 ლარს აღწევს. ამ ჯარიმების გადახდის შემთხვევაში სტუდენტები ულუკმაპუროდ რჩებიან.

ყველა სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია და დაჯარიმებულებს გადაწყვეტილებებიც მალე ჩაჰბარდებათ.

იმის გამო, რომ ყველა ფონდი დაყადაღებულია, დაჯარიმებულებისთვის თანხას დაჯარიმებულები მოქალაქეები და, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა აგროვებენ.

პროევროპული აქციების დაჯარიმებულ მონაწილეთა დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

#GE38BG0000000162685131 – მიმღები ციალა ქათამიძე

#GE47TB7002743365100007 – მიმღები მალხაზ ჭკადუა

ამავე თემაზე: 

ბათუმში სტუდენტები ჯარიმის ფულს აგროვებენ – „ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, სწავლის უფლება წამართვეს“

„ემზადება გაძევებისთვის“ – ნინა კაკულიას თქმით, ბათუმელ მედროშეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს

„სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებში არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, სახელოვნად გამარჯვებამდე!“ – წერს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის იზოლატორიდან დღეს, 2025 წლის 5 აპრილს გამოგზავნილ წერილში „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი].

დღეს ბათუმელმა მედროშემ შიმშილობა შეწყვიტა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და თურქეთის მოქალაქე. იგი ბოლო წლებია ბათუმში ცხოვრობს და უშედეგოდ ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას. მას შემდეგ, რაც თემურ ქათამაძე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა ბათუმში, „ოცნებამ“ მისი ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა.

„ბათუმელი მედროშე“ პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა.

თემურ ქათამაძის მეგობარი, ნინა კაკულია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მან დღეს, 5 აპრილს მოინახულა „ბათუმელი მედროშე“ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მითხრა, რომ ეს შიმშილობა სიმბოლურად მიუძღვნა ჭიათურელ მაღაროელებს… მან შიმშილობა შეწყვიტა. მითხრა, რომ ემზადება გაძევებისთვის,“ – ამბობს ნინა კაკულია. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ თემურ ქათამაძეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს. მედროშემ ვერ მიიღო პასუხი, რატომ შეუზღუდეს მას ეს უფლება.

„მე, ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე, ჩემი სიმბოლური შიმშილობის ბრძოლის მე-4 დღეს მივესალმები ჭიათურელ მაღაროელების ბრწყინვალე, „სამაგალითო“ ბრძოლის ფორმებს, კერძოდ შიმშილობას და გაფიცვას. მე მათ ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას!  ანწუხელიძე უკვდავია. არასდროს, არასდროს არ დანებდე!  თბილისი, სამშობლო,“ – მოგვწერა იზოლატორიდან  ჟურნალისტებს თემურ ქათამაძემ.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი, „ბათუმელმა მედროშემ“ ღია წერილით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა:

მოგახსენებთ, რომ თურქეთში ჩემი გაძევების საფრთხის ასაცილების შესახებ ჩემი მეგობრის მეშვეობით თქვენთვის გადაცემულ ჩემ მიერ დაწერილ წერილში ადრე გაცნობეთ, თუმცა დღეს უკვე ბევრი დრო აღარ მაქვს. მალე და სასიკვდილოდ მჭირდება საფრანგეთის თავშესაფარი ან მოქალაქეობა. შესაბამისი მოთხოვნით წერილი მაქვს შეტანილი საფრანგეთის საელჩოში, თბილისში. თქვენმა ძმამ, ბატონმა ოთარმა, ერთხელ კი მიმართა საელჩოს ჩემ მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი არის მხოლოდ თქვენი პირადი რეკომენდაცია, აღნიშნული ჩემი მოთხოვნების სწრაფად და დადებითად დაკმაყოფილებისათვის.

თქვენ მხოლოდ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი კი არ ბრძანდებით, ამავდროულად საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენელიც ბრძანდებით. როგორც მე ვარ ისტორიული ქართული დიასპორის საკითხებში [ჩვენებურების, ფერეიდნელებისა და ჰერელი-ინგილოების] წარმოადგენელი. მამათქვენი ჩვენებურთა ბელადის, ახმედ მელაშვილის ახლო მეგობარი იყო, იმ დონეზე [ახლო], რომ თურქეთსა და საფრანგეთს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლაც კი ჰქონდათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ მე მხოლოდ თურქეთის ეთნიკური ქართველების წარმომადგენელი და ლიდერი კი არ გახლავართ, ასევე 40 წელია ახმედ მელაშვილის ეროვნული ქართული საქმიანობის ამაყად და ღირსეულად გამგრძელებელი ერთადერთი ფიგურა ვარ.

მე დღეს უკვე 3 თვეა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი ვარ, რომელიც მემუქრება თურქეთში გაძევებით, სადაც მე ციხე და სიცოცხლის მოსპობა მელის, როგორც „ქართველ სეპარატისტს“, როგორც ახმედ მელაშვილს 80-იან წლებში.

ზემოთ აღნიშნული ყველა ფაქტიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სრულად ვიმსახურებ თქვენს ლეგიტიმურ და ინდივიდუალურ დახმარებას. ვიცი, რომ საქართველოს გადარჩენისთვის ძალიან დატვირთული დღის წესრიგი გაქვთ, თუმცა ჩემი მომავლის გადარჩენისთვის ჩემთვის 1 წუთის გამოყოფას ველოდები, ბევრს არა!

პატივისცემით, „ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი. თბილისი, სამშობლო,“ – აღნიშნულია თემურ ქათამაძის ღია წერილში.

———-

მას შემდეგ, რაც თემურ ქათამაძე პროევროპული აქციების მედროშედ იქცა, ის 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი, შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა. თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს საია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ვიდრე სასამართლო მუჰაჯირების შთამომავლის ქვეყნიდან გაძევების საკითხს განიხილავს, თემურ ქათამაძემ ლტოლვილის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შსს-მ უარი თქვა. თემურ ქათამაძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ამჯერად იგი სააპელაციო ინსტანციის პასუხს ელის.

ფოტოზე: თემურ ქათამაძე სასამართლო სხდომაზე 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ და ნინა კაკულია

ხაჭაპური 8 %-ით გაძვირდა – ყველაზე მეტად ყველის ფასმა მოიმატა

ერთი საშუალო იმერული ხაჭაპურის ფასი საქართველოში 6.93 ლარია. ეს 8.3%-ით გაზრდილი ფასია 2024 წლის მარტთან შედარებით. 2025 წლის მარტის „ხაჭაპურის ინდექსს“ ISET აქვეყნებს.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

თვიურ ჭრილში კი, 2025 წლის თებერვალთან შედარებით, მარტში ხაჭაპურის ფასი 1.6 %-ით შემცირდა.

ISET-ის მონაცემების მიხედვით, ხაჭაპურის ინგრედიენტებს შორის ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა [+14.9%]. შემცირდა კვერცხის [-5.8%] და ფქვილის [-5.7%] ფასები.

„მარტში ხაჭაპურის ინდექსმა თვიურ ჭრილში კლება განიცადა. აღნიშნული ცვლილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ყველისა [-2.5%] და რძის [-0.9%] ფასები, რომელიც წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს კლება შეესაბამება ადგილობრივი ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ზრდას, რაც რძის პროდუქტების ფასების შემცირებას იწვევს. გარდა ამისა, 3 მარტს დიდმარხვა დაიწყო, რამაც შესაძლოა იმოქმედა ყველისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, რადგან მათზე მოთხოვნა ამ პერიოდში მცირდება,“ – აღნიშნულია ISET-ის ახალ „ხაჭაპურის ინდექსში“.

———-

„რადიო თავისუფლების” საგამოძიებო მასალიდან ირკვევა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა” 2018-2020 წლებში ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა. სწორედ „ყვარლის ბაგისგან” ყიდულობს რძეს „სანტე”, „სოფლის ნობათი” და „აგროჰაბი”. ასევე, თავად „ყვარლის ბაგის” შვილობილი კომპანია “რძის ლაბორატორია”. „რადიო თავისუფლების” საგამოძიებო მასალა”ბიუ-ბიუს” ქათმის სკინტლით “ყვარლის ბაგის” ძროხების გამოკვებაზე, ბიზნესმენებს შორის ნაკელის გამო დავასა და მოგებულ 4,7 მილიონზე, ასევე რძის პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტებზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა ამ საგამოძიებო მასალის გამოქვეყნების შემდეგ განცხადებები გაავრცელეს, რომ რძის ხარისხს ამოწმებენ და სანდო პროდუქტს ყიდიან, თუმცა განცხადებებში არ არის დაკონკრეტებული, 2018 წლის შემდეგ ისევ თანამშრომლობენ თუ არა „ყვარლის ბაგასთან”, ან ვისგან ყიდულობენ რძეს.

„მიკროავტობუსი ისეთი გრაფიკით დადის, სამსახურში ვაგვიანებთ“ – რაზე წუხან სოფელ მახოში

ხელვაჩაურის სოფელ მახოში ამბობენ, რომ მათ სოფელში დაახლოებით ორი თვეა მუნიციპალური მიკროავტობუსი დაინიშნა ბათუმის მიმართულებით, თუმცა ადგილობრივებისთვის ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი მოუხერხებელია.

აქ ამბობენ, რომ მახოს და სოფელ ონტოფოს მცხოვრებლებს ერთი მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც დილის რვა საათზე სოფელ ონტოფოდან გამოდის, ჩაჰყავს მგზავრები ბათუმში და შემდეგ მიდის მახო-დავითაძეებში მგზავრების ასაყვანად.

ადგილობრივების მთავარი წუხილი ის არის, რომ ვინც ბათუმშია დასაქმებული და სამუშაო დღეს დილის 9-10 საათზე იწყებენ, მიკროავტობუსის ასეთი გრაფიკის გამო სამსახურში აგვიანებენ და ეს, შესაძლოა, სამსახურის დაკარგვის მიზეზიც კი გახდეს.

36 წლის ირაკლი მსხალაძე ამბობს, რომ ამ თემაზე ადგილობრივებმა ყველა შესაბამის ორგანოს მიმართეს, თუმცა არაფერი შეცვლილა.

„რაც ეს ახალი „მარშუტკები“ გამოვიდა, მთელი სოფელი ვითხოვთ, რომ ერთი მიკროავტობუსი გამოგვიყონ, რომელიც ადრიან დილით გავა სოფლიდან ბათუმისკენ.

ავტოტრანსპორტში განგვიმარტეს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა და სოფლის გამგებელმა ერთობლივად უნდა მიმართონ ბათუმის ავტოტრანსპორტს, რომ გამოგვიყონ ტრანსპორტი, რითაც ვისარგებლებდით ადგილობრივი მოსახლეობა.

ახლა ერთი მიკროავტობუსი გვემსახურება ორ სოფელს. ეს „მარშუტკა“ ჩვენგან დაახლოებით 9:30 საათზე გადის და ვერავინ ვერ ვასწრებთ სამსახურში მისვლას.

მე სასტუმროში ვმუშაობ. 9 საათზე მეწყება სამსახური. დილის შვიდ საათზე ვდგები და ფეხით და 2 კილომეტრს ფეხით გავდივარ ხიდამდე, წვიმაა, დარი თუ ქარი. ჩემი თანასოფლელებიც ამ მდგომარეობაში არიან, ყველას სამსახური ადრე იწყება.

თუ დავაგვიანებ, საყვედურს მივიღებ. 4 შვილი მყავს, მრავალშვილიანი მამა ვარ და აუცილებლად მჭირდება სამსახური.

ამის გამო, ფარული, მწვავე ანთება ავიკიდე. უამრავი წამალი და ნემსი გამომიწერა ექიმმა.

ბევრჯერ ვიყავით მერიაში ჩასული, ვთხოვეთ, მაგრამ არანაირი რეაგირება არა. ამას ნებისმიერი ადამიანი დაგიდასტურებთ სოფელში“, – ამბობს ირაკლი მსხალაძე.

მოქალაქის თქმით, დღესაც ესაუბრა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს, ომარ დუმბაძეს – „მარშუტკების“ ჩამოყვანის მეორე ეტაპს დაველოდოთ და ამის შემდეგ, ახალ მარშუტკას დაგინიშნავთო“.

როგორც ირაკლი მსხალაძე გვიყვება, 10 დღის წინ სოფლის სხვა მკვიდრებთან ერთად ხელვაჩაურის მერიაშიც იყვნენ მისულები:

„მერიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიგვიღო და იმედი მოგვცა, რომ უახლოეს პერიოდში გადაჭრიდა ჩვენს საკითხს, დაგვიკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

…თუ არ უნდა გააკეთო, არც უნდა დაჰპირდე ადამიანს. ორი თვეა ეს პრობლემა გვაქვს. თებერვლის ბოლოს მოვითხოვეთ. ჩვენს სოფელში მერის წარმომადგენელმა მითხრა, რომ შემდეგი გრაფიკით იმოძრავებდა მიკროავტობუსი: დილით პირველ რეისზე გავიდოდა 08:00 საათზე, შემდეგ თერთმეტზე, მერე 15:00 საათზე და ბოლო რეისი ექნებოდა 18:30-ზე. დიდი სიხარულით გავავრცელე ეს ინფორმაცია. შემდეგ რომ დავრეკე ამბის მოსაკითხად, მიზეზად დაასახელა, რომ მძღოლი არ ჰყავდათ. ახლა მძღოლი გვყავს და „მარშუტკები“ არ გვაქვსო. მიზეზები ასეთია“, – გვითხრა ირაკლი მსხალაძემ.

ტრანსპორტის პრობლემაზე ვესაუბრეთ სოფლის კიდევ ერთი მკვიდრს, ნინო დავითაძეს.

„ჩვენი მოთხოვნაა რომ გამოგვიყონ მიკროავტობუსი, რომელიც სოფლიდან პირველ რეისს დილით ადრე, რვა საათზე გააკეთებს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ის გაჭირვება არ აქვს ამ მთავრობას, რომ ერთი მიკროავტობუსი გამოგვიყოს ცალკე. თანაც, ჩვენ დიდი სოფელი გვაქვს.

მიხვალ მერთან და დაგპირდება, მაგრამ გამოიხედავ, რომ ყველაფერი სხვანაირადაა. არჩევნების დროს მოვლენ, გეტყვიან – „ჩვენ ასე დაგეხმარებით…“ და ამ დროს, ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოგვიყვეს?!

უნდა ნახოთ სოფლიდან, რვა საათზე რამდენი ადამიანი მოდის ფეხით… ყველას მანქანა არ გვყავს, ყველა მანქანით ვერ ვივლით. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის. მთელს სოფელს ეს პრობლემა აქვს“, – ამბობს ნინო დავითაძე.

მოქალაქის თქმით, არსებული მიკროავტობუსის საღამოს გრაფიკი მოსახლეობისთვის მისაღებია, რადგან ბოლო რეისი ბათუმიდან სოფლისკენ 20:00 საათზეა და ამ დროისთვის მუშაობა დასრულებული აქვთ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკის შეცვლის მოთხოვნით ნინოც იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში – „განცხადებაც დავწერეთ… ისევ დავწერთ. აზრი არ აქვს ახლანდელი გრაფიკით ამ მიკროავტობუსის სიარულს, სულ ცარიელი დადიან. მძღოლებიც ამას ამბობენ.

მე ხან ფეხით ჩამოვდივარ ბათუმში, ხან, ვინმე თუ შემხვდა, იმას გამოვყვები… ასე ვართ გაწვალებული“, – ამბობს მოქალაქე.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს დაუკავშირდა ამ თემაზე კომენტარისთვის, თუმცა კითხვებზე პასუხი სტატიის მომზადების პროცესში ვერ მივიღეთ. ხელვაჩაურის მერიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

________________

ფოტოზე: ბათუმის ხედი სოფელ მახოდან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 922 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390]
  • ტანკი – 10 541 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 21 952 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 25 730 ერთეული [+67]
  • MLRS – 1 350 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 124 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 31 778 ერთეული [+105]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 130 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 42 954 ერთეული [+113]
  • სპეცტექნიკა – 3 788 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 49 774 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 689 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 221 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 696 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია – რუსეთმა უკრაინაში კრივოი როგს დაარტყა

ზელენსკი: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს

„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა

ამავე თემაზე:

„უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, მომზადებასა და დაზვერვაში“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია – რუსეთმა უკრაინაში კრივოი როგს დაარტყა

დღეს, 4 აპრილს, რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგის საცხოვრებელ უბანზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელა.

ოფიციალური ცნობებით, დარტყმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია. დარტყმის ადგილთან ახლოს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.

დაიჭრა 50-ზე მეტი მოქალაქე.

ბოლო ცნობებით, კრივოი როგში განადგურდა 2 ათეული მაღალსართულიანი შენობა, ოცდაათზე მეტი მანქანა, სასწავლო დაწესებულებები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები.

ქალაქში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

„ყოველდღე ხალხი იღუპება. ასე გრძელდება მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს. ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმის დრონი ამტკიცებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი სურს“ – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრაგედიას.

რით დაგამახსოვრდათ თორნიკე რიჟვაძე – „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“ და სხვა

„ვერავის გადაუღუნოთ“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“, „პირადად ვიძიებ შურს“ – ძირითადად ამ ფრაზებით დაამახსოვრა თავი მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც 7-წლიანი უწყვეტი თავმჯდომარეობის შემდეგ დღეს, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

რიჟვაძეს ბრიფინგი არ გაუმართავს. მან ფეისბუქზე, საკუთარ გვერდზე დადო განცხადება, რომ პოსტს ტოვებდა, მადლობა პირველ რიგში ივანიშვილს გადაუხადა და მხარდამჭერები დაამშვიდა, რომ რჩება „ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად“.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის ივლისში გახდა. მაშინ ის 29 წლის იყო.

ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ გავიხსენოთ ყველა გახმაურებული მომენტი რიჟვაძის პოლიტიკური კარიერიდან მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.

თორნიკე რიჟვაძის პირველი, მნიშვნელოვანი განცხადება ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხს ეხებოდა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ აქტიურად განიხილებოდა. რიჟვაძემ მაშინ თქვა, რომ მეჩეთი ბათუმში ქართული ფულით უნდა აშენებულიყო, თუმცა მან თანამდებობა ისე დატოვა, რომ ახალი მეჩეთი ბათუმში არ აშენებულა.

თორნიკე რიჟვაძე ბაირამის დღესასწაულზე 30 მარტს, ბათუმის მეჩეთთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დანიშვნიდან მალევე რიჟვაძემ დახურა აჭარის მთავრობის სხდომები ჟურნალისტებისთვის და ასე დააბრუნა „ნაციონალური მოძრაობის“ დადგენილებით მიღებული სტანდარტი. ასევე, რიჟვაძემ დანიშვნიდან მოკლე ხანში მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნა მეგობარი, რომლის მეჯვარეც თვითონ იყო – არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ამჟამად ბათუმის მერია.

თორნიკე რიჟვაძე წლების განმავლობაში სიტყვიერად უპირისპირდებოდა ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს, რომლებიც ძველ ბათუმში მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვდნენ.

„ძაღლი ყეფს – ქარავანი მიდის“ და არ ვაპირებთ, რომ ამ ტიპის შემოტევების შედეგად ჩვენი გადაწყვეტილებები შევცვალოთ“ – ასე უპასუხა რიჟვაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საინიციატივო ჯგუფს 2019 წელს.

პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რიჟვაძე კრიტიკის ობიექტი არა ერთი ფრაზის გამო გახდა. ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე გახმაურებული შემთხვევა აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხდა 2022 წელს, როცა სიტყვიერი დაპირისპირებისას რიჟვაძემ ოპოზიციას უთხრა: „დავაი, დაახვით, ვერავის გადაუღუნოთო“.

2022 წელს რიჟვაძე კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის სამიზნე, როცა ვერ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – „ვინ დაიწყო ომი უკრაინაში?“ რიჟვაძემ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ამაზე შეკითხვა უნდა დაუსვან „დარგის ექსპერტებს“.

რიჟვაძის დუმილი ამ კითხვაზე შეუმჩნეველი არ დარჩათ უკრაინაში. ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი, სადაც რიჟვაძე სწავლობდა, განცხადებით გამოეხმაურა მას, რომელშიც ეწერა: „გულწრფელად ვწუხვართ, რომ მან, როგორც ჩვენმა ასპირანტმა, ვერ შეიყვარა უკრაინა“. ამავე დროს, უკრაინულმა ცენტრმა„მირატვორეცმა“ რიჟვაძე რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველად და უკრაინაში რუსეთის შეჭრის უარმყოფლად გამოაცხადა.

2023 წელს რიჟვაძე კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ქვეშ, როცა მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

რიჟვაძის ამ შეფასებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში მოქალაქეების, აგვისტოს ომის ვეტერანების და ოპოზიციის მხრიდან.

თორნიკე რიჟვაძესთან კავშირში ხშირად ისმოდა ბრალდება, რომ მას მართავდა მამამისი, პოლიციელი დავით რიჟვაძე, რომელმაც ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობა მაშინ დატოვა, როცა თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა. დავით რიჟვაძე ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსია.

2021 წელს, ადგილობრივით თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია დავით რიჟვაძეს მათ დეპუტატებზე ზეწოლასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, სად და როგორ გააგრძელებს კარიერას თორნიკე რიჟვაძე. იგი „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია.

„უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, მომზადებასა და დაზვერვაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთი ვერანაირად ვერ ახორციელებს წარმატებულ შეტევას. რამდენით წაიწია წინ რუსეთმა 2025 წლის დასაწყისიდან, მეტრებს თუ არ ჩავთვლით?!“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთი ძირითადად პოლიტიკური არგუმენტით აგრძელებს ომს უკრაინაში – თუ ომის შეწყდება, პუტინი ვეღარ მოატყუებს ხალხს, სამშობლოსთვის ვიბრძვით და ამიტომაც გვიჭირსო.

გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინელებმა დრონების ტექნიკაც დახვეწეს: უკვე გამოცადეს დრონი, რომელსაც შეუძლია 3 ათას კილომეტრზე ფრენაო, – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

რა ვადაში შეიძლება შეძლოს უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლა? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ეტაპზეა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაწყებული მოლაპარაკება?

ეს რთული სათქმელია, ბუნდოვანი ფინალი აქვს ჯერ-ჯერობით ამ მოლაპარაკებას.

თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება და მცირე ნაბიჯებით ხდება წინსვლა. არაა გამორიცხული, გაიწელოს ეს პროცესი.

ეს ხდება ძირითადად პუტინის მიზეზით:ხან თანხმდება, ხან არ თანხმდება, ხანაც ცვლის და ამძიმებს მოთხოვნებს. ტრამპი შეეცადა ცეცხლის შეწყვეტა მიეღწია ჯერ უკრაინის გარეშე, შემდეგ რუსეთის გარეშე, შემდეგ ევროპის გარეშე. აღმოჩნდა, რომ ამ მოთამაშეების გარეშე აღნიშნული შეუძლებელი ხდება.

  • ცნობილია, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ითხოვს „სვიფტის“ გლობალური გადახდის სისტემაში დაბრუნებას, ასევე სხვა სანქციების მოხსნას. რამდენად შესაძლებელია რუსეთს დასავლეთმა ეს სანქციები მოუხსნას?

რა თქმა უნდა, რუსეთი ვაჭრობს. ტრამპის დღევანდელი პოზიციაც არ არის მდგრადი. არაა გამორიცხული, პოზიცია მან ისევ შეიცვალოს. რუსეთი ამ შესაძლებლობას იყენებს. მთავარია, უკრაინა რას მიიღებს სანაცვლოდ.

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ტრამპის ინტერესიცაა, რადგან ეს ტრამპის პრესტიჟის საკითხია. ერთი ექსპერტის გამოთქმისა არ იყოს, ტრამპი აღმოჩნდა ჩემპიონი სასურველისგან სრულიად საპირისპირო შედეგის მიღებაში.

ჯერ-ჯერობით ნამდვილად ასეა: თუ გავიხსენებთ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებს, საპირისპირო შედეგები გვაქვს სახეზე. მაგალითად, ამერიკის სიდიადის შესახებ დაპირება: ამერიკა დიადია, როდესაც არის ევროპასთან და მოკავშირეებთან ერთად. იზოლაციონიზმის მიმართულებით სვლა ამერიკის შეერთებულ შტატებს დიადს ნამდვილად ვერ გახდის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის დომინანტ გეოპოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება სწორედ მსოფლიო ომებში სწორი პოზიციის დაკავების შედეგად მოხდა.

  • შეიცვალა კონკრეტულად აშშ-ის უკრაინისთვის დახმარება? განსაკუთრებით საინტერესოა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უკრაინის მომარაგება. როგორც ცნობილია, მის ჩანაცვლებას ამ ეტაპზე უკრაინა ვერ შეძლებს.

სრულად ჩანაცვლებას ვერ შეძლებს, თუმცა ნაწილობრივი ჩანაცვლება შესაძლებელია. არის სისტემები, რომელიც შესაძლოა ისეთი ეფექტიანი არ არის, როგორია „პატრიოტია“, მაგრამ ევროპას გააჩნია სისტემები, რომლითაც საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გარკვეულწილად ორგანიზება შესაძლებელია.

ნუ დაგვავიწყდება ის, რომ რაც ომი დაიწყო, ყველაზე დიდი მოგება ამერიკამ ნახა იარაღის უკრაინაზე გადაცემით. ეს იარაღის მიწოდება მუქთად ნამდვილად არ ხდებოდა. წარსულსაც თუ გადავხედავთ, ყველა დიდი ომიდან აშშ მოგებული გამოვიდა იმიტომ, რომ იგი სწორი მოკავშირეების მხარეს დადგა. იგივეა დღესაც: აშშ-ს თუ უნდა, რომ გარკვეული მოგება, თუნდაც იარაღის სისტემების გაყიდვაში ჰქონდეს, რა თქმა უნდა, მან უნდა განაგრძოს უკრაინის დახმარება.

უკვე გამოჩნდა ნიშნები, რომ ევროპა ცდილობს, ჩაანაცვლოს იარაღის აშშ-ში შესყიდვა, ევროპა თავის ბაზარს ეძებს და იგი თავის შესაძლებლობებს გადახედავს. ამ ვითარებაზე უკვე ამერიკის სამხედრო ინდუსტრიის წრეებში გამოთქვამენ შეშფოთებას, ეს კი ნამდვილად არ წაადგება აშშ-ს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის დახმარებას და ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური გადაწყვეტილება, რასაც ტრამპი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს… ძალიან დიდი როლი აქვს ტრამპის პოლიტიკაში ელექტორალურ იმიჯს. ტრამპი აშკარად ხედავს, რომ უკრაინასთან დაპირისპირება არ წაადგა მის იმიჯს, როგორც პოლიტიკოსს. ამ გარემოების ასახვა იყო ნატოში ამერიკის წარმომადგენლის განცხადება, რომ აშშ რჩება ნატოში აქტიურ წევრად. მან ასევე განმარტა, რომ ტრამპი გულისხმობდა მხოლოდ იმას, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მეტი ძალისხმევა უნდა გაიღონ ნატოს გაძლიერებისთვის.

უკვე აღარაა საუბარი იმაზე, რომ აშშ ნატოდან გავა და ასე შემდეგ. აშშ-ში კარგად მიხვდნენ იმას, რომ ეს არ იქნება დადებითი, პირველ რიგში, აშშ-ის გეოპოლიტიკური ადგილისთვის.

  • რას ცვლის ამასობაში ევროპა, სადაც აქტიურად საუბრობენ დამოუკიდებელი თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნაზე? 

ძალიან მომეწონა პოლონელი პოლიტიკოსის, საგარეო საქმეთა მინისტრის, სიკორსკის ნათქვამი: სირცხვილია, როცა 500-მილიონიანი ევროპა დახმარებას სთხოვს 300-მილიონიან ამერიკას, დაიცვას 145-მილიონიანი რუსეთისგანო. ევროპას ნამდვილად შეუძლია გახდეს რუსეთისთვის შემაკავებელი ძალა. ევროპას შეუძლია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს.

წარმოიდგინეთ, კოვიდპანდემიის დროს, ევროკავშირმა დაახლოებით 500 მილიარდი ევრო გამოყო საკუთარი ბიზნესის მხარდასაჭერად. ამ თანხის ნაწილი გახარჯული ახლაც არ არის. ამ დროს უკრაინისთვის მხოლოდ 68 მილიარდი არის გამოყოფილი. საჭიროების შემთხვევაში, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ევროპას, მათ შორის, იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროს.

გაითვალისწინეთ, რომ F-16 არცერთი არ მიუღია უკრაინას აშშ-დან, ეს მას ევროპული ქვეყნებიდან მიაწოდეს. სკანდინავიის ქვეყნებიც აქტიურად ჩართული არიან უკრაინის გადაიარაღებაში. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ თავიანთი შეიარაღების განახლებას, ჯავშანსაბრძოლო მანქანების და ტანკების ახალი ნიმუშების წარმოებას.

გარდა ამისა, უკრაინას შვედებმა პირველად გადასცეს ორი მზვერავი თვითმფრინავი – შორეული დაზვერვის ე.წ. ჰორიზონტს მიღმა დაზვერვის თვითმფრინავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ასევე, ჰოლანდია იყო პირველი, რომელმაც F-16 და „პატრიოტები“ გადასცა უკრაინას. დანია და ნორვეგია ძალიან დიდ თანხას დებენ უკრაინის სამხედრო მრეწველობის განვითარებაში. ასე რომ, ეს ჩამონათვალი დიდია – რას აკეთებს ევროპა უკრაინისთვის და ეს მოსაზრება, რომ ამერიკის გარეშე ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის დახმარებას, სიმართლეს არ შეესაბამება.

  • „უკრაინელები ახლა ძალიან ძლიერ თავდაცვით პოზიციებზე არიან და ნელ-ნელა აუმჯობესებენ პოზიციების გაძლიერების უნარს“ – ამბობს ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი. ამით რას გაუსვა ხაზი ამერიკელმა გენერალმა? 

სავარაუდოდ საუბარია თავდაცვითი უნარების აღდგენაზე. ეს სურათი ნათლად ჩანს: რამდენით წაიწია წინ რუსეთმა 2025 წლის დასაწყისიდან, მეტრებს თუ არ ჩავთვლით? რუსეთი ვერანაირად ვერ ახორციელებს წარმატებულ შეტევას.

მოდით, რიცხვებით ვისაუბროთ: ამ წლის იანვარში რუსებმა შეძლეს 321 კვ.კმ დაეკავებინათ, თებერვალში – 189 კვ.კმ, ხოლო მარტში – მხოლოდ 130 კვ.კმ და ეს – 2000 კმ-მდე გადაჭიმულ ფრონტზე.

მალე მორჩება წვიმიანი სეზონი, „რასპუტიცა“ და გაშრება მიწა, უფრო მეტად შეიქმნება ხელსაყრელი პირობები მეტი მოქმედებებისთვის, მაგრამ არა მგონია, გარღვევისთვის რუსებს საკმარისი ძალა ჰქონდეთ. გარღვევას სჭირდება ჯერ ძალა, რომელიც გაარღვევს უკრაინის თავდაცვას და შემდგომ რეზერვები, რომელიც გარღვევაში უნდა შევიდეს და განავითაროს შეტევა. ამის რესურსი რუსეთს არ აქვს.

  • რატომ აწყობს, თქვენი დაკვირვებით, რუსეთს ამ პირობებში ომის გაგრძელება? 

ომის გაგრძელება აწყობთ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, შიდა აუდიტორიისთვის, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთში დაიწყება სოციალური პრობლემები, ვერავის მიყიდიან იმას, რომ სამშობლოსთვის ვიბრძვით და ამიტომ გვიჭირსო. ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ზარალი აქვს მიღებული რუსებს. ამაზე ეკონომისტები უკეთ ისაუბრებენ.

ფაქტია, რომ რუსეთს უჭირს სამხედრო წარმატების მიღწევა. უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, კარგ მომზადებასა და უმაღლესი დონის დაზვერვაში, რომლითაც ნამდვილად ჯობიან რუსებს.

რაც შეეხება რუსების მიერ 160-ათასიანი მობილიზაციის გამოცხადებას, ზოგიერთი ექსპერტი დასავლეთში ამას განსაკუთრებით უსვამს ხაზს, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. როგორც წესი, ჩვეულებრივი გაწვევის დროს 130-150 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს ისედაც იწვევენ.

ისინი ძირითადად მოემსახურებიან ბაზების დაცვას რუსეთის ტერიტორიაზე. რაღაც ნაწილი განაგრძობს კონტრაქტს კიდეც, მაგრამ ეს ის ძალა არ არის, რომელიც მნიშვნელოვანი გარდატეხის შემტანი იქნება.

  • რა ხდება კურსკში? უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას ზელენსკიმ უკრაინის “ერთ-ერთი მთავარი მიღწევა” უწოდა. მისივე თქმით, ეს ოპერაცია უკრაინას სუმის რეგიონის გავლით რუსეთის შეჭრისგან იცავს.

კურსკის ეპოპეა დასასრულს უახლოვდება – უკრაინელები გამოდიან, თუმცა გარკვეულ ზღუდეზე არიან გამაგრებული საზღვართან ახლოს. უკრაინელები წარმატებით ახორციელებენ ლოკალურ შეტევებს ბელგოროდის რაიონში. ამით ისინი არ აძლევენ რუსებს იმის საშუალებას, რომ ძალების გადაჯგუფება მოახდინონ. უკრაინელები ბელგოროდის რაიონში შესულები არიან 3-დან 7 კილომეტრამდე სიღრმემდე.

ამ შემთხვევაში უკრაინელებმა გამოიყენეს დასავლეთში ე.წ. „მედ მაქსის“ სახელით ცნობილი ტაქტიკა, რაც გულისხმობს ჯავშანტექნიკის მობილური ჯგუფებით სწრაფად შეჭრას ლოკალურ ტერიტორიაზე, ლოკალური ამოცანითა და მიზნით.

როგორც წესი, ეს ჯავშან-ჯგუფები შედგება 2-3-საინჟინრო გამნაღმველი ჯ/მანქანისგან და ნაღმებისგან დაცული დასავლეთის ტექნიკისგან. ამ შემთხვევაში ძირითადად ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ გამოიყენებოდა. საინჟინრო მანქანები წმენდენ გასასვლელებს საინჟინრო წინაღობებში, სადაც სწრაფად შედის ჯავშანტექნიკა ქვეითებთან ერთად. აფეთქების შემთხვევაში, ქვეითები სწრაფად ტოვებენ დაზიანებულ ტექნიკას, ან სხვა მანქანებზე ნაწილდებიან, ან ქვეითად აგრძელებენ მოქმედებას დაყოვნების გარეშე.

აქ მნიშვნელოვანია დასავლური ტექნიკის მაღალი ხარისხი, რაც იცავს ქვეითებს ნაღმზე აფეთქების ან დრონის დარტყმის შემთხვევაშიც კი, ანუ ხდება ტექნიკის გაწირვა მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად. აღნიშნული ტაქტიკის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია ასევე კარგი დაზვერვა, რაც საშუალებას იძლევა გამოვლენილ იქნას ნაკლებ დაცული მონაკვეთები.

მოულოდნელობის ეფექტით უკრაინელებმა მიაღწიეს წარმატებას ერთ სოფელში და მეორე სოფლის მისადგომებთან არიან. ასეთი მცირე-მცირე დარტყმებით უკრაინელები აიძულებენ რუსებს, გარკვეული ძალები ჰყავდათ ამ მიმართულებაზე და ვერ შეძლონ იგივე პოკროვსკის, ან ტორეცკის მიმართულებაზე გადაჯგუფება.

  • რა ხდება ფრონტის ხაზზე? ჩანს, რომ ორივე მხარე ყველაზე აქტიურად დრონებით უტევს ერთმანეთს: მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ასევე, დრონებით შეტევა იყო უკრაინაზე. დანგრეული და დაზიანებულია სახლები. ქალაქ ხარკოვში დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი და 35 დაიჭრა…

დრონები, როგორც იცით, ამ ომში მუდმივად გამოიყენება. უკრაინელების მხრიდან დრონების ტექნიკა იხვეწება – მაგალითად, უკვე გამოცადეს დრონი, რომელსაც შეუძლია 3 ათას კილომეტრზე ფრენა.

რუსებმა კი „შაჰედების“ ტაქტიკა განავითარეს. მაგალითად, სხვადასხვა მიმართულებით მფრინავი „შაჰედები“ თავს იყრიან ერთ კონკრეტულ რაიონში და ერთ კონკრეტულ ობიექტზე ახორციელებენ დარტყმას. ტაქტიკის სახეა ისიც, როცა „შაჰედი“ ადის მაღალ სიმაღლეზე და ვერტიკალურად პიკირებს სამიზნეზე, რაც ართულებს მის აღმოჩენას და დაზიანებას. რუსეთი ტექნოლოგიურად ნაკლებად ავითარებს „დრონების“ შესაძლებლობას, მაგრამ გამოყენების ტაქტიკა დახვეწეს.

ასევე, უკრაინელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მობილური და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების აქტიურ გამოყენებას „შაჰედების“ წინააღმდეგ, ვინაიდან მათ, ცხადია, ძვირადღირებული რაკეტების გამოყენება არ სურთ. უკრაინელები აქტიურად იყენებენ ჰაერსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევების და საზენიტო არტილერიის სისტემებს, რაც ნაწილობრივ გადააკეთეს. უკრაინელებმა საბჭოთა და დასავლური წინა თაობის ტექნიკის ინტეგრირება მოახდინეს ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემებზე.

  • უკრაინამ თუ ამ ტემპით მიიღო იარაღი დასავლეთიდან და შესრულდება უკრაინის მიმართ გაცემული ყველა დაპირება, რა ვადაში შეიძლება შეძლოს უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება? 

უახლოეს მომავალში შეიარაღების აი, ამ ტემპებით, რაც ახლა გვაქვს, უკრაინა შეძლებს თავისი თავდაცვითი ძალების გაძლიერებას, ტერიტორიების დაბრუნებაზე კი უახლოეს მომავალში თავს შევიკავებდი საუბარს ამ შესაძლებლობებით.

არ გამოვრიცხავ, რომ თუკი ეს შესაძლებლობები გაიზრდება, თუ უკრაინა შეძლებს თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამუშავებას ისე, რომ თავისი მოთხოვნის 50%-ს უზრუნველყოფს, მაშინ შესაძლებელია ფიქრი იმაზე, რომ უკრაინამ შეძლოს რაღაც გარკვეული ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე ფიქრი.

ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა სრულად შეძლებს უახლოეს მომავალში სახელმწიფო საზღვრებზე გასვლას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თბილისის პოლიციის სანქცირებულ უფროსს ნიშნავენ

დღეს, 4 აპრილს, „ოცნების“ პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა სულხან თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

სულხან თამაზაშვილი შს მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2024 წლის ბოლოს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი.

აღნიშნული სანქციები აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს გულისხმობს.

თამაზაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია. იგი „ოცნების“ პრეზიდენტმა ყაველაშვილმა 2025 წლის 30 იანვარს „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თბილისის პოლიციის სანქცირებულ უფროსს ნიშნავენ

_______________

ფოტო: შს სამინისტრო

 

 

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან.  წლევანდელი ჯაზფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.

ლაკეშა ბენჯამინი  –  ამერიკელი საქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ხმითა და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით. ის ჯაზის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ლაკეშა ბენჯამენი იმ მუსიკოსებს მიეკუთვნება ვინც წარმატებით ახერხებს მუსიკის სხვადასხვა ჟანრების შერწყმას. მისი განსხვავებული სტილის მუსიკა მოიცავს ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებს, გაბედული და ენერგიულია, რაც განასხვავებს მას სხვა არტისტებისგან. ლაკეშა ბენჯამენი ხუთჯერ არის ნომინირებული გრემზე, მათ შორის 2025 წელს. იგი თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სტივი უანდერი, არეტა ფრანკლინი და ალიშა კისი.

თილ ბრონერი – გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. მისი კარიერა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებსა და კოლაბორაციებს, რამაც მას მუსიკალურ სამყაროში აღიარება მოუტანა. თილ ბრონერის მუსიკა გამოირჩევა ღრმა ემოციურობითა და ინოვაციური ჟღერადობით, რაც მას თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტად აქცევს. თილის მუსიკალური სტილი ჯაზის, პოპისა და ბოსა-ნოვას ელემენტებს აერთიანებს, რაც ქმნის უნიკალურ ჟღერადობას. იგი არა მხოლოდ ინსტრუმენტალისტია, არამედ ვოკალისტი და კომპოზიტორიც. ბრონერი თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან, მათ შორის დაიანა კროლთან, ჰერბი ჰენკოკთან და დეივ ბრუბეკთან. მისმა ნამუშევრებმა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის Echo Jazz Awards. გარდა მუსიკისა, ბრონერი ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული და პერიოდულად აწყობს გამოფენებს.

სტივ კოლმანი – ამერიკელი ჯაზსაქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში ცნობილია თავისი ინოვაციური და ექსპერიმენტული მიდგომებითა და განსხვავებული მუსიკალური ენით, რომელსაც „მუსიკა აზროვნებისათვის” (Music for the Mind) ეწოდება. კოლმანმა და მისმა თანამოაზრეებმა 1980-იან წლებში შეიმუშავეს კონცეფცია M-Base. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური სტილი, არამედ ფუნდამენტური ფილოსოფიაა, რომელიც აერთიანებს რთულ რიტმულ სტრუქტურებს, იმპროვიზაციას, ფანკისა და აფრიკულ  ელემენტებს, ასევე აბსტრაქტულ მუსიკალურ იდეებს. სტივ კოლმანის მუსიკას დიდი გავლენა აქვს მომავალი თაობების მუსიკოსებსა და მსმენელებზე, მისი ინოვაციური მიდგომა ჯაზის სამყაროში მუდმივად ახლებურად აღიქმება. სტივ კოლმანი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის გრემის.

ჯაზფესტივალი  ბილეთებზე, 9 აპრილის ჩათვლით, წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე მოქმედებს 25% ფასდაკლება.

10 აპრილიდან კი  თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე – 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათზე 10%-იანი ფასდაკლება.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა.

ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

აჭარის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე გიორგი ბუხრაშვილი სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

გიორგი ბუხრაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, შსს-ს სპიკერი იყო.

გიორგი ბუხრაშვილი ასევე მონაწილეობდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციაში.

დღეს, 4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა გრიგოლ ბესელიამ.

შსს-ს პრესსამსახურის განმარტებით ბესელია როტაციის პრინციპით ჩაანაცვლეს.

გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი დატოვა

გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი დატოვა

გრიგოლ ბესელიამ დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი.

შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე შსს-ში არ გვითხრეს.

შსს-ს ცნობით, ცვლილების საფუძველი როტაციაა.

გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს.

ბესელიას აჭარაში დანიშვნის შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა ირაკლი დგებუაძემ, რომელიც ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის მთავარი ფიგურანტია. დგებუაძე ამ საქმეზე დაზარალებულადაა ცნობილი – მან განაცხადა, რომ 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიერ აქციაზე გაწნული სილის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი განიცადა.

რაც შეეხება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, ჯერჯერობით უცნობია, ის ბათუმში აგრძელებს მუშაობას თუ არა.

გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. ირაკლი დგებუაძეს აქციის არაერთი მონაწილე ადანაშაულებს ძალადობაში.

გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე არიან იმ პირებს შორის, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.

______________

ფოტოზე: გრიგოლ ბესელია. ედო მჟავანაძის ფოტო

მზია ამაღლობელზე მოძალადე დავით ათაბეგაშვილი ბელარუსში პოლიციის ატაშედ გაამწესეს

დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე, ბელარუსში პოლიციის ატაშედ დანიშნეს.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს.

დავით ათაბეგაშვილი ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ასევე დაუფარავად აცხადებდა, რომ “ევროპას რუსეთი ურჩევნია”.

2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მზია ამაღლობელისთვის პოლიციის შენობაში 2 საათის განმავლობაში ზურგზე ხელების გაკვრის უკანონო ბრძანება, „ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით ათაბეგაშვილმა გასცა. ის სწორედ მზია ამაღლობელის საქმეზე დაასანქცირეს.

მზია ამაღლობელს უკანონოდ დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბადრაგირებამდე რომ დაახლოებით 2 საათი ხელბორკილი ჰქონდა, ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა თამარ კერესელიძემ დაადასტურა.

გამომძიებელს სასამართლოში არ უარუყვია, რომ მზია ამაღლობელი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას არ უწევდა, თუმცა მას ხელბორკილები მაინც დაადო.

სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა თამარ კერესელიძემ ვერ თქვა, რა სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა, როცა მან მზია ამაღლობელს ხელებზე ბორკილები დაადო. იურისტების შეფასებით, ეს არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში არაადამიანური მოპყრობის შესახებ დაკავების დღიდან აცხადებს, მათ შორის, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან სახეში შეფურთხებაზე და იმაზე, რომ მას წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალება არ მიეცა.

პოლიციელ თამარ კერესელიძის თქმით, მზია ამაღლობელს ხელბორკილს ხსნიდნენ, რომ მას წყალი დაელია. სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელს უთხრა, რომ ეს სიცრუეა.

პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მზია ამაღლობელის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო, თუმცა ამ უწყების პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რა ეტაპზეა გამოძიება. ბათუმის პოლიციის უფროსი ისევ ირაკლი დგებუაძეა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს გამოძიების დასრულებამდე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების [და არა არაადამიანური მოპყრობის] მუხლით დაწყებული გამოძიების შესახებ ამბის გასაგებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ მორიგი სასამართლო სხდომა 7 აპრილს გაიმართება.

ამ თემაზე:

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფორმა იცვლება.

შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ მთავრობის იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა ხელი 2025 წლის 3 აპრილს მოაწერა [ოხანაშვილი სუსის უფროსად ინიშნება]

იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარდა დამტკიცდა ასევე „ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები“.

ახალი ფორმის პასპორტები 2025 წლის 4 ივნისიდან გაიცემა. ამასთან, ძალაში რჩება აქამდე გაცემული პასპორტები მათი მოქმედების ვადის პერიოდში.

„პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემთა გვერდი უნდა შეიცავდეს ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩაშენებულ მიკროსქემაზე მუშაობს), ხოლო მიკროსქემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს უკონტაქტო ინტერფეისით. უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილი უნდა იყოს 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ.“ – წერია დოკუმენტების ტექნიკურ მახასიათებლებში.

ამასთან „პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება ეფუძნებოდეს JavaCard ოპერაციულ სისტემას ან პლატფორმისმიერ (native) ოპერაციულ სისტემას, სერტიფიცირებული eMRTD აპლიკაციით [ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტი, სახის გამოსახულებისა და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიით] დაცული, PACE, Chip Authentication, Terminal Authentication და Passive Authentication უსაფრთხოების მექანიზმებით. eMRTD აპლიკაცია შესაძლებელია აგრეთვე შეიცავდეს BAC უსაფრთხოების მექანიზმს.“

ახალი და არსებული პასპორტის რამდენიმე ფოტო შედარებისთვის [ფოტოები აღებულია ბრძანებებიდან]: 

ახალი [მარცხნივ] და არსებული [მარჯვნივ] ფორმის ბიომეტრიული პასპორტები / ფოტოები: მინისტრის ბრძანებებიდან
ახალი [მარცხნივ] და არსებული [მარჯვნივ] ფორმის ბიომეტრიული პასპორტები / ფოტოები: მინისტრის ბრძანებებიდან
ახალი [მარცხნივ] და არსებული [მარჯვნივ] ფორმის ბიომეტრიული პასპორტები / ფოტოები: მინისტრის ბრძანებებიდან
იუსტიციის მინისტრის კიდევ ერთი ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება ასევე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები/ფორმები.

ვრცლად:

პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია, ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 6 აპრილს ღამით და დილით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით და მომდევნო ორ დღეს [7 და 8 აპრილს] – უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

„მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.

მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის.

მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს.

განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები ,,ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!“ – წერს თორნიკე რიჟვაძე.

თორნიკე რიჟვაძე 2018 წლიდან არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ბოლოს, 2024 წლის 31 დეკემბერს, აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის არალეგიტიმური მთავრობა დაამტკიცა.

ბოლო დღეების განმავლობაში გადადგნენ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი.

Exit mobile version