„გთხოვთ, თუ არის შესაძლებელი ჩემი ინტერვიუ ამით დაიწყოს – თავისუფლება ქალბატონ მზიას და რეჟიმის პატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია.
ერთობით თუ შევცვლით. ცალ-ცალკე ვერაფერს შევძლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიბრძვით. ყველა სადღაც წევს უღელს, ერთი მიმართულებით თუ არ გავწიეთ, ეს სხვა საკითხია. ეს მინდა იყოს ჩემი მთავარი გზავნილი“ – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ემიგრანტმა გურამ ყიფშიძემ. მან საქართველო 2022 წლის ბოლოს დატოვა. ამბობს, რომ სიდუხჭირის გამო არ წასულა, ასე გადაწყვიტა, რადგან თუ დარჩებოდა, დააკავებდნენ.
„გავუძლებდი „ოცნების“ დილეგს, მაგრამ ჩემი ოჯახი განადგურდებოდა“ – ამბობს გურამ ყიფშიძე.
როგორც თავად გვიყვება, არჩევანი არ ჰქონდა, უნდა წასულიყო და ჯერ ბუნდოვნადაც ვერ ხედავს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას.
მან გვიამბო იმ სირთულეებზე, რაც ჯერ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას, შემდეგ წასვლას და იქ დამკვიდრებას უკავშირდებოდა:
„რთული იყო ემიგრაციაზე ფიქრი და შემდეგ ემიგრაცია. დედა მყავდა ემიგრაციაში და ვიცოდი, რა საშინელი მდგომარეობაც იყო ეს. ვიბრძოდით, რომ რაღაც შეგვეცვალა და ეს ბრძოლა გრძელდებოდა წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით: გონებით, ფიზიკური ბრძოლით, აქციებით და ასე შემდეგ.
მივიღე გადაწყვეტილება და 2022 წლის მიწურულს დავტოვე ქვეყანა მექსიკის გავლით. 2022 წლის 2 დეკემბერს ჩამოვედი ამერიკაში“.
გურამის თქმით, მას დევნიდნენ ხელისუფლებისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამო:
„პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანად მოვიაზრებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვეგუებოდი დღევანდელ რეჟიმს, რაც გვაქვს საქართველოში. შეიძლება დღეს ვიღაც უფრო მკაფიოდ ხედავს, მაგრამ მინდა სწორად გაიგოს მკითხველმა, ჩემი ბევრი მეგობარი და მეც, ამაზე ადრე ვხვდებოდით, რომ ეს იყო რეჟიმი და ოლიგარქია.
მესმის ყველა ადამიანის, ვინც ეკონომიური მდგომარეობის გამო იღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენთან პირველი იყო შესაძლო თავისუფლების აღკვეთა.
დღეს, ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ არ წარმოადგენ ქვეყნის იმ სინდიკატის, ასე მინდა დავარქვა „ქართული ოცნების“ მმართველობის გუნდს, თუ მაგათი წევრი არ ხარ, ვერ ხარ ისე, როგორც გინდა რომ იყო. ჩემი წამოსვლის მიზეზი არ ყოფილა მატერიალური მდგომარეობა, ან რაიმე პირადი სარგებელი. ვერ ვხედავდი მომავალს. ჩემი ცხოვრების ნაწილი სწავლას, განათლებას, კანონმორჩილებას, განვითარებას დავუთმე, რაც ვეღარ დავინახე და ეს უკვე იყო ბოლო წერტილი, რამაც გადამაწყვეტინა წამოვსულიყავი“.
გურამის დედა წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა, ის შვილმა საქართველოში დააბრუნა და მერე თავად დატოვა ქვეყანა:
„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ბათუმში ვცხოვრობდით, გვქონდა სახლი ზღვის პირას, რომელსაც დასასვენებლად ვიყენებდით. მენატრება ძალიან ბათუმი, მართლა მენატრება. დავიწყეთ ბიზნესსაქმიანობა, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის შეხედულებების გამო მრავალი შევიწროების მსხვერპლი გახდა. დედაჩემმა, სჯობს თვალში არ მოვხვდეთ და გავაჩეროთ ბიზნესი, შევიკავოთ თავი და რაღაც დონეზე დავრჩეთ უხილავებადო. სამი მარკეტი გვქონდა, საკუთარი შრომით, არანაირი მემკვიდრეობა, არანაირი ციდან ჩამოვარდნილი“.
გურამს ვკითხეთ, რაში გამოიხატა ბიზნესის შევიწროება:
„საგადასახადოს ხშირი შემოსვლით. რამდენიმეჯერ გაგვიძარცვეს მაღაზია, პოლიციის გამოძახების შემთხვევაში ადებდნენ პლომბს, სანამ მოკვლევა მიმდინარეობდა. ეს რამდენიმე დღე გრძელდებოდა, რაც სეზონის პირობებში წამგებიანი იყო, მით უმეტეს, როცა ბიზნესი კრედიტზეა დაფუძნებული. მრავალი ფაქტორით იკვეთებოდა შევიწროება.
დედა ევროპაში იყო, იტალიაში მომვლელად მუშაობდა. ეს ჩემთვის იყო უდიდესი სადარდებელი.
მთავარია დედა დაბრუნდეს-მეთქი და შევცვალეთ ემიგრაცია ემიგრაციით, დედა დაბრუნდა და მე წავედი ამერიკაში“.
გურამმა გვიამბო იმ ბარიერების შესახებ, რომელთა გადალახვაც ამერიკაში დასამკვიდრებლად გჭირდება:
„პირველი ბარიერი ის იყო, როგორ მოვხვედრილიყავით ამერიკაში. საქართველო პატარაა, მაგრამ საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ რაღაც მოინდომო და იმ კონკრეტულ საქმეში ქართველი არ დაგეხმაროს. ქართველებმა ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით. აქ ჩემი რამდენიმე მეგობარი ცხოვრობს და ისინი დამეხმარნენ. ისე არ წამოვსულვარ, რაც იქნება იქნება-მეთქი. თავიდანვე ვიცოდი სად ვიცხოვრებდი.
დაგროვებული ფინანსებით წამოვედი, მჭირდებოდა პერიოდი, რომ დამენახა სად ვარ. ამერიკაზე ბევრი წამიკითხავს, მსმენია და თითქმის ვიცოდი სოციუმი, სად მოვდიოდი.
ბევრი ქვეყანა შეიძლებოდა ამერჩია, მოგეხსენებათ ამერიკა დედამიწის მეორე მხარეს, საერთოდ სხვა კონტინენტზეა. წამოსვლამდე გავარკვიე, სად ვიცხოვრებდი, თუმცა სამსახურთან დაკავშირებით არ ვიცოდი. დანარჩენს აჩვენებდა დრო, წინასწარ სამსახურზე არ მიფიქრია. მხოლოდ ვფიქრობდი როგორ მოვხვდებოდი ამერიკაში, იქაც ნაცნობებით და ბევრი წვალებით და მე როგორც ვიწვალე, ეს იმასთან არაფერია, რასაც ვიგებ. ისეთ რთულ გარემოში მოუწიათ გადაადგილება ამერიკამდე და შემდეგაც…
აქ, ჩათვალეთ, განწირული ხარ, ისეთ ველზე ხარ თაგუნა, სადაც ზემოდან დაფრინავენ მტაცებლები თუ ფრთხილად არ იქნები, ბევრი შეცდომის დაშვებაა შესაძლებელი.
ძნელია აქ თუ ვინმე არ გყავს და ისე ჩამოდიხარ. სტრესის ფონზე არაპროდუქტიული ხდება გონება, ვერ ხედავ გამოსავალს და ძალიან ბევრი ადამიანი ღმერთის ანაბარაა დარჩენილი“.
გურამი ჩვენთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ სერვისებზე, რომელსაც აშშ-ში მოქალაქეს და არამოქალაქესაც სთავაზობენ, გვიყვება გამართულ და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაზე:
„აქ რომ ჩამოვედი, ვაკვირდებოდი ყველაფერს აბსოლუტურად, გარე განათების ბოძის სისტემასაც კი ვაკვირდებოდი, რამდენად იზოლირებული იყო ელექტროენერგიის მიწოდება, რამდენად იყო ქალაქის ინფრასტრუქტურა გამართული, უსაფრთხოება. უმაღლეს დონეზეა მოწესრიგებული ყველაფერი. ვფიქრობ, საქართველოში რომ გადმოვიტანოთ შეუძლებელი არაფერია, უფრო კარგადაც კი შეიძლება განვავითაროთ. მომსახურების სააგენტოსთან მქონდა შეხება მართვის მოწმობის აღების დროს, საკმაოდ გამართულია, მაგრამ ვერც ქართულზე ვიტყოდი ცუდს“.
გურამიც მათ შორისაა, ვინც ჩვენთან საუბარში ამერიკულ ჯანდაცვის სისტემაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა:
„დაზღვევა თანვე მივიღე, დამჭირდა ოპერაცია და უფასოდ გავიკეთე, რომელიც საქართველოში 30-დან 50 000 ლარიც კი დამიჯდებოდა, ალბათ.
როდესაც შემოვედი ქვეყანაში, უკვე მეორე დღეს ავიყვანე ადვოკატი. გავაკეთე განაცხადი, რომ ვითხოვდი თავშესაფარს და პარალელურად მივყევი პროცესებს. ქვეყანა გაძლევს საშუალებას, რომ მიიღო უფასო ჯანდაცვა. წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი ემიგრანტია, რომელიც არ არის ამერიკის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს შეზღუდვა იმაზე, რომ მიიღოს უფასო მედიკამენტები, ჯანდაცვა უფასოდ, დაზღვევა… კბილის დაბჟენა და ძველი ბჟენების შეცვლაც კი შედის, ელემენტარულს გეუბნებით. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რამე რომ დაგემართოთ – აბსოლუტურად გიფინანსებენ მსგავს საკითხებს.
გარდა ამისა, შემიძლია ინგლისურის დონე ავწიო, შევისწავლო ისეთი პროფესია, რაც შემდგომში ჩემს საქმიანობს განსაზღვრავს. ათასი პროგრამაა, რომელიც შეგიძლია გაიარო უფასოდ, ხელს უწყობენ ემიგრანტებს“.
ოჯახი მისგან დახმარებას არ საჭიროებს, ამიტომაც გურამი ცდილობს საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს დაეხმაროს ისე, როგორც შეუძლია და თავადაც მონაწილეობს აქციებში, რომლებსაც ემიგრანტები მართავენ. არის ამ აქციების თანაორგანიზატორიც:
„ოჯახს ჩემი დახმარება არ სჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ თუ შევძლებ აქციების ბავშვებს დავეხმარო. ფონდი გვქონდა, ჩაფხუტებს ვუგზავნიდით, ხან ადგილზე ვყიდულობდით, აირწინაღებს ვყიდულობდით. ჩემი ბევრი მეგობარი აქ 14 საათი მუშაობს, რომ ოჯახი შეინახოს. ინფორმაციასაც კი ვერ იღებენ, ისეთი სამსახურები აქვთ, წარმოიდგინეთ. საქართველოდან ინფორმაცია რომ ვერ მივიღო ყოველდღიურად, ალბათ შფოთვა დამეწყება“ – გვეუბნება გურამი.

ემიგრანტების აქცია ნიუ იორკში, გურამი ბანერით – „ბრაზო, იქეც რისხვად“
გურამის თქმით სამშობლოში დაბრუნების საკითხი ჯერ ისევ ბუნდოვანია მისთვის:
„რა მნიშვნელობა აქვს, როდის დავბრუნდები, თუ იგივე მთავრობა უნდა დამხვდეს. აქედანაც ვიბრძვით და საპროტესტო მუხტს ვქმნით, ამას არც ფინანსები სჭირდება და არც არაფერი, გარდა იმისა, რომ შენი ქვეყანა გიყვარდეს. დავწერთ სოციალურ ქსელში და ასე ვგეგმავთ აქციებს ქალბატონი მზიას დაკავებასთან დაკავშირებით და არამხოლოდ – სხვადასხვა საპროტესტო აქციას ვეხმაურებით. აქ სამსახურის გარეშე ვერ გადარჩები, მაგრამ ახერხებენ ადამიანები და საპროტესტო აქციებში ერთვებიან. სხვადასხვა შტატიდან ვეხმაურებით მოვლენებს საქართველოში“.
გურამი მადლიერია იმ ხალხის, ვინც ყოველდღე გამოდის პროევროპულ აქციებზე თბილისსა და ბათუმში.
აქედან როგორ ვუყურებთ, იცით?! მთელი ცხოვრებაა, ყველაფერს რომ ჩადებ რაღაც კონკრეტულში, უვლი, ეფერები, უყურებ, რომ აი, ახლა, ახლა აყვავდება, ახლა დაიყვავილებს… ასეთი შეხედულება მაქვს მე იმ საპროტესტო აქციებზე, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები მართავენ.
საქართველოში საპროტესტო აქციებში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა და ვიცი, რას განვიცდიდით, რა მუხტი იყო.
გარედან რომ ვუყურებ, ორმაგად მეიმედება ადამიანები, რომლებიც გამოდიან და აპროტესტებენ, რეჟიმის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ.
ბევრი ჩემი მეგობარი თავდაცვის ძალებში მუშაობს. მათი ოჯახის წევრები, მათ შორის ჩემი სიძე, გაათავისუფლეს. 18 წელი მსახურობდა და როდესაც მოვიკითხეთ მიზეზი რა იყო … ჩემი და შეუჩერებლად მონაწილეობს პროტესტში.
ეს მთავრობა ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ცივილურად მოაზროვნე ყველა ადამიანისთვის მიუღებელია. ჩემი ოჯახის წევრები, მთელი ჩემი სამეგობრო პროტესტის მუხტს ქმნის. დიდი იმედით ვუყურებთ ამ პროტესტს ყველა.
ჩვენი ერთადერთი იმედი, დაბრუნებაზე ფიქრის და მუხტის ერთადერთი მიზეზი ის ქართველები არიან, რომლებიც გამოდიან ამ მთავრობის წინააღმდეგ“.
ემიგრანტების აქცია ნიუ იორკში

ემიგრანტების აქცია ნიუ იორკში
გურამი ფიქრობს, რომ საქართველოში საპროტესტო მუხტი შეიძლება გაუფასურდეს, თუ ოპოზიციური პარტიები აქციის მონაწილეებთან არ გაერთიანდებიან:
„100 დღეზე მეტია აპროტესტებ? – ბევრი იტყვის ვაუ, ძალიან მაგარია, მაგრამ საქართველოში გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის – 100 დღე ვერაფერი გააკეთე და ახლა რა უნდა ქნათო.
ჩვენ ყველაფერი მალე გვინდა. რუსული ნარატივებით ებრძვიან ადამიანის გონებას.
ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა, რომ ვინც იბრძვის, ითანამშრომლონ ოპოზიციურ პარტიებთან. მხოლოდ ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა კონკრეტული პიროვნებები, სხვა გამოსავალი არ არსებობს. არ მოვა მესია და გეტყვის მესია ვარ და გამომყევიო.
მარტო საპროტესტო აქცია ვერ მოიტანს შედეგს, თუ ლიდერები არ ავირჩიეთ, ამიტომ არ უნდა ვუძახოთ ოპოზიციას – შენ აქ არ უნდა იდგეო. ესეც იმ წისქვილზე წყლის დასხმაა, რომელსაც მთავრობა ატრიალებს. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ლიდერები ან რამდენიმე ლიდერი, რომლებიც გვეყოლებიან პოლიტიკურ სპექტრში. თუ ეს მუხტი გაქარწყლდება, ვფიქრობ, იმაზე კიდევ უფრო გართულდება რაღაცის შეცვლა ქვეყანაში დემოკრატიისთვის“.
გურამი ამბობს, რომ ემიგრანტები, რომლებმაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში დატოვეს, ვერ დაბრუნდებიან ვიდრე მთავრობა არ შეიცვლება:
„ერთადერთი, რაც ბევრს დააბრუნებს ქვეყანაში, არის მთავრობის ცვლილება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი იმისთვის, რომ ჯანსაღი მოქალაქე გამოვსულიყავი. უცებ დამთავრდა და დაიწყო ემიგრაცია. აჭარის საავტომობილო ფედერაციას ვხელმძღვანელობდი.
თუ მთავრობა არ შეიცვალა, აქედან ვერ დაბრუნდება ბევრი ქართველი. „ფესვები“ რომ არის, ქართული ფილმი, იქიდან ციტატებს ვამბობ ხოლმე ხანდახან. მესამე წელია რაც აქ ვარ, რამდენიმე უახლოესი ადამიანი გარდაიცვალა, ესეც ხომ დიდი დანაკლისია. რამდენი ადამიანი იქნება, რომელსაც მე ვეღარ ვნახავ. ამაზე ცუდი რა უნდა იყოს.
ამაზე ცუდი რა უნდა გაგიკეთოს მთავრობამ და მმართველობამ. აქ მე და ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ფული ვიშოვოთ და დავბრუნდეთ, იმის გამო წამოვიდნენ უფრო, რომ ოჯახები გადაარჩინონ.

შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან
გურამი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ სირთულეებს იხსენებს:
„ემიგრანტების უმეტესობა კრიტიკულად განწყობილია. 6000-მა ადამიანმა მისცა ხმა მანჰეტენზე 4 საარჩევნო უბანზე. ძალიან პატარა ოთახებში იყო საარჩევნო უბნები გახსნილი, იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბუნდოვანი ინფორმაცია. არჩევნების დღეს იყო რიგები. არანაირი მარეგულირებელი. ჩვენ ამ ყველაფერში ჩავერთეთ უსასყიდლოდ. ჩვენ ვარეგისტრირებდით ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
იმის მიუხედავად რომ ქართველებს ძალიან არ გვიყვარს რიგში დგომა, დიდხანს იდგენენ ადამიანები რიგებში ხმის მისაცემად. გადაღებულიც მაქვს იმ ადამიანის ფოტო, რომელიც 9 საათი იდგა რიგში, რომ თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა“.
გურამმა ჩვენთან საუბრისას ის დღეც გაიხსენა, როცა ემიგრანტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ:
„შევხვდი სალომე ზურაბიშვილს, აქტიურად ვართ პროცესებში ჩართული. აქტიურად ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ იმ ძალებთან, რომლებიც აქ ივანიშვილის რეჟიმზე აკეთებენ მკაცრ განცხადებებს. ჩვენ ვცდილობთ აქტიურობას, იქნებ როგორმე არ მიგვატოვონ. ვბეჭდავდი მათი სანქცირების შესახებ მოთხოვნებს და ამით მივდიოდი აქციებზე. ასევე, ამოვბეჭდე შავი ლაქა, რომელიც არჩევნების გაყალბების სიმბოლოდ იქცა, ჩვენ ამ ლაქაზე ხელმოწერით უნდობლობა გამოვუცხადეთ ცესკოს და როცა შევხვდით, სალომე ზურაბიშვილსაც ვთხოვე მასზე ხელი მოეწერა“.
_______________
მთავარ ფოტოზე: გურამ ყიფშიძე ნიუ იორკში, ქართველი ემიგრანტების აქციაზე