დღეს, 2025 წლის 9 აპრილს, თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ ლიდერები არ მისულან.
მემორიალთან 8 აპრილს, საღამოს, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, „ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება პატივი მიაგონ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცებმა რუსთაველზე ნიჩბებით აჩეხეს და გაზით მოწამლეს.
36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველზე გამოსული ადამიანები საბჭოთა ჯარმა სასტიკად დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა და მოიწამლა – 2 ათასზე მეტი.
დღეს, 2025 წლის 9 აპრილს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილზე განცხადებაში სიტყვა „რუსეთი“ არ ახსენა. მან თქვა, რომ 36 წლის წინ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებზე „უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა“ და დღეს რუსთაველის გამზირზე მყოფი ადამიანები „უცხო ძალად“ მოიხსენია.
„დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს“ – დაწერა კობახიძემ ფეისბუქზე.

კობახიძის პოსტი ფეისბუქზე
მოგვიანებით კობახიძემ პროსამთავრობო მედიასთან პარალელი გაავლო საბჭოთა КГБ-სა და კონსპირაციულ „Deep State-ს” შორის.
„რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე — 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს — ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, — იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“, — განაცხადა კობახიძემ.
რუსეთი არ უხსენებია „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც.
„1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას“ – წერს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილის პოსტი ფეისბუქზე
9 აპრილს ფეისბუქზე პოსტით გამოეხმაურა „ოცნების“ პრეზიდენტი ყაველაშვილიც. რუსეთი არც მას უხსენებია.

ყაველაშვილის პოსტი ფბ-ზე
„ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ კი ფეისბუქზე დაწერილ პოსტში თქვა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის „რუსი ბანის, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით“ ის ხალხი, ვინც რუსთაველზე დგას.

მდინარაძის პოსტი ფეისბუქზე
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა რუსი ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა ტრაგიკულ გარდაცვალებას შეადარა.
„მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები“- დაწერა წილოსანმა ფეისბუქზე.
რუსეთი არც წილოსანს უხსენებია.

ნინო წილოსანის პოსტი ფეისბუქზე
თბილისის მერი, კახა კალაძე 9 აპრილს მშრალად, ფოტოთი გამოეხმაურა, რომელზეც ერთი ცალი ტიტა და სამი სიტყვაა – „9 აპრილი 1989“.
რაც შეეხება „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას აჭარაში, თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად დანიშნული სულხან თამაზაშვილი არც გმირთა მემორიალთან გამოჩენილა და არც სოციალურ ქსელში დაუწერია რაიმე.

თბილისში მოქალაქეებმა „ოცნების“ ლიდერები 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს/ფოტო: ნეტგაზეთი.
თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, ასევე სხვა მოქალაქეები წინა ღამით შეიკრიბნენ და მთელი ღამე იქ გაატარეს, ბათუმში კი დღეს, 9 აპრილს, დილის 8 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები მემორიალთან.
„არ დავთმობთ თავისუფლებას“ – აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც უკვე 4 თვეზე მეტია აპროტესტებენ „ოცნების“ რუსულ პოლიტიკას ქვეყანაში, მოითხოვენ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
დღეს, 9 აპრილს, „ოცნების“ ლიდერები სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.






