მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ერთ კვირაში „ოცნება“ ადამიანების უსასყიდლოდ დახმარებას აკრძალავს – საბა ბრაჭველი

08.04.2025
ერთ კვირაში „ოცნება“ ადამიანების უსასყიდლოდ დახმარებას აკრძალავს – საბა ბრაჭველი

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ რეპრესიულ ცვლილებას კანონში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. „ოცნების“ მთავრობა ამჯერად მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს.

„პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება.

მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიმართვა, სადაც პროფესიონალები უფასოდ გადაგყვებოდნენ თან, სარჩელსაც დაგიწერდნენ და შეიძლება სასამართლოშიც დაეცვათ შენი ინტერესები.

ათიოდე დღეში მთავრობა გადაუწყვეტს გაეროს, ევროსაბჭოს და სხვებს, ვის მისცენ გრანტი და ვის არა.

„ოცნება“ ამით დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა არამაამებელ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე ან სხვა სიკეთეზე მუშაობს.

„ოცნება“ ამ გზით დახურვას აიძულებს ყველა მედიას, ვინც ბედავს და მოწამლული რძის მსგავს კორუფციას აშუქებს.

ამ ცვლილების შემდეგ, თუ საკარმიდამო დავა გექნება, მიწის დაკანონების წესის გარკვევა მოგინდება, დამსაქმებელი ხელფასზე გადაგაგდებს, ან პოლიციელი დაგჩაგრავს – უფასო სერვისის მიღების ნაცვლად, ან კერძო ადვოკატის აყვანა და უამრავი ფულის დახარჯვა დაგჭირდება, ან მოგიწევს, რომ ჩაგვრა გადაყლაპო. და ეს არ იქნება მხოლოდ იურიდიულ სფეროში – ტოტალური ცენზურა დაწესდება ყველგან, სადაც გრანტები გაიცემა.

ეს არის ამ ცვლილების არსი – ქართველი ხალხისთვის ამკრძალავი ფილტრის დაყენება – რა უსასყიდლო დახმარების მიღება შეიძლება ხალხისთვის, ვისგან და რა პირობებით.

ერთ კვირაში „ოცნება“ ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს“ – წერს საბა ბრაჭველი.

  • რა ხდება?

„ქართულ ოცნებას“ „გრანტების შესახებ“ კანონში რეპრესიული ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირაში კანონი მიღებული იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

ვრცლად ამ თემაზე: 

რას ითვალისწინებს „ოცნების“ ახალი კანონპროექტი გრანტების წინააღმდეგ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: