მთავარი,სიახლეები

„მე ხმა ვერ მივეცი“ – როგორ დაიკარგა ემიგრანტი ქალების ხმა საბერძნეთში

08.04.2025 •
„მე ხმა ვერ მივეცი“ – როგორ დაიკარგა ემიგრანტი ქალების ხმა საბერძნეთში

ლელა არაბული 22 წელია ემიგრაციაშია. საბერძნეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის საქართველოსთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. ბოლო წლებში საქართველოში ჩამოსვლასაც ახერხებს და ქვეყანაში არსებულ პრობლემებთანაც ხშირად უწევს შეჯახება.

ლელა არაბულის თქმით, მისთვის საზღვარგარეთ არჩევნებზე წასვლის მთავარი მოტივაციაც მშობლიურ მუნიციპალიტეტში დანახული პრობლემები იყო. ამბობს, რომ უნდოდა ცვლილებები და იმედი ჰქონდა, რომ ამჯერად მაინც შეიცვლებოდა რამე ქვეყანაში.

ლელა არაბულმა არჩევნებზე წასვლა ვერ შეძლო, ვერც ხმა მისცა და შესაბამისად, ვერც საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა ქვეყნის წინაშე. ის ძალიან წუხს, რომ ვერც მან და ვერც მისმა მეგობრებმა, რომლებსაც ასევე დიდი სურვილი ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, ეს ვერ შეძლეს.

ემიგრანტი ქალების ხმები დაიკარგა.

არჩევნებზე ვერ წასვლის მიზეზებზე საუბრისას ლელა არაბული რამდენიმე ფაქტორს უსვამს ხაზს და ეს მიზეზები თითქმის ყველა ემიგრანტი ქალისთვის, საერთოა.

არჩევნები იყო შაბათ დღეს. ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, იტალიასა და საბერძნეთში ოჯახში დასაქმებული ქალები ძირითადად კვირა დღეს ისვენებენ. დასვენების დღის გადაცვლა პრობლემურია, რადგან უმეტეს შემთხვევაში დამსაქმებელი ოჯახები ჩანაცვლებას არ თანხმდებიან.

ამასთან, ემიგრანტი ქალების დიდი ნაწილი მუშაობს გამოუსვლელად. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში მათ საერთოდ არ აქვს თავისუფალი დღე დასვენებისთვის.

ლელა არაბულის თქმით, ისიც იმ ქალების სიაშია, ვინც „გამოუსვლელად მუშაობს“. მას არ ჰქონდა დრო არც საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად და არც არჩევნებზე წასასვლელად. საბერძნეთში ოჯახში დასაქმებული ქალები საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას იღებენ, ამიტომ შედარებით მაღალი ხელფასის მისაღებად საკუთარი დასვენების დღეების დათმობა უწევთ.

„სულ მცირე შანსი მაინც რომ მქონოდა, აუცილებლად მივიდოდი არჩევნებზე. საკონსულო აღრიცხვაზეც ვერ დავდექი, იმიტომ, რომ თავისუფალი დრო არ მქონდა საერთოდ.

მართალია, ემიგრაციაში ვართ წასულები, მაგრამ ჩვენ ყველანი ვფიქრობთ სამშობლოზე. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად აქედან გამოგზავნილი ფულით. აქ საქმისადმი მიდგომაც სხვანაირი გამოგვიმუშავდა. მე ემიგრანტობამ გამაძლიერა, სულ სხვა შრომის თვისებები ჩამომიყალიბა,“ – ამბობს ლელა არაბული.

ემიგრანტი ქალი გვიყვება თავისი ორი მეგობრის ისტორიას, რომლებმაც მის მსგავსად ვერ შეძლეს არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა.

„ჩემი ორი მეგობრის შემთხვევას გეტყვით – ორივე ქალბატონი დაახლოებით 67-68 წლის არიან. ახლო მეგობრები ვართ.

ერთმა მითხრა, საკონსულო აღრიცხვაზეც დავდექი, საარჩევნო სიაშიც ჩაწერილი ვიყავი, იმედი მქონდა შევძლებდი მისვლას ჩემს ქალიშვილთან ერთად და მივიღებდი არჩევნებში მონაწილეობასო, მაგრამ შაბათ დღეს იყო არჩევნები, ამ ქალს კი მხოლოდ კვირას შეეძლო სამსახურიდან გასვლა. არაფრის დიდებით არ გაუშვეს, არ გადაუცვალა დასვენების დღე ოჯახმა. ამით, თავისთავად, დაიკარგა მისი ხმა.

თუმცა წასვლის სურვილი ჰქონდა, რადგან ძალიან ბრაზობს ახლანდელ მთავრობაზე და რა თქმა უნდა, ყველა ვბრაზობთ. ძალიან უნდოდა მისი ხმა არ დაკარგულიყო და მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა. 

ჩემმა მეორე მეგობარმაც ვერ მოახერხა იმავე მიზეზით წასვლა, არ გაუშვეს სამსახურიდან და მისი ხმაც დაიკარგა. ისიც გაბრაზებულია. მეც ძალიან გაბრაზებული და გულნატკენი ვარ ამ მთავრობაზე. არადა მახსოვს, 2012 წელს რის ფასად წავედი არჩევნებზე, რომ „ქართულ ოცნებისთვის“ მიმეცა ხმა. ქვეყანა შევუყარე იმ მოხუცებს, სადაც ვმუშაობდი, რომ გავეთავისუფლებინე,“ – ამბობს ლელა არაბული.

გარდა იმისა, რომ საბერძნეთში მყოფმა მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებზე მისვლა თავისუფალი დროის არ ქონის გამო ვერ მოახერხეს, მეორე და ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი იყო საარჩევნო უბნების სიმცირე.

მაგალითად, საბერძნეთში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მხოლოდ 5 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სამი ათენში, ორი კი – თესალონიკში.

საბერძნეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 200 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მათგან ნაწილი კუნძულებზე, ან და სხვა, ისეთ ქალაქებში ცხოვრობს, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო გახსნილი.

უცხოეთში, იმ ქვეყნებში, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს საარჩევნო უბნები ჰქონდა გახსნილი, ჯამურად საქართველოს 500 ათას მოქალაქეზე მეტი ცხოვრობს.

საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 95 910 მოქალაქე იყო. 26 ოქტომბრის არჩევნებში აქედან მონაწილეობა 34 574-მა ამომრჩეველმა მიიღო.

2025 წლის 7 მარტს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის მიერ მოყვანილი მონაცემების თანახმად, ევროპაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა შემდეგია: საბერძნეთი – 200 000, აშშ – 120 000, იტალია – 50 000, გერმანია – 50 000, თურქეთი – 45 000, საფრანგეთი – 35 000, ესპანეთი – 25 000, ისრაელი – 20 000 და დიდი ბრიტანეთი – 10 000.

კონსტანტინიდის თქმით, ეს არაოფიციალური მონაცემია. რაც ნიშნავს იმას, რომ ეყრდნობა „საელჩოებიდან და დიასპორებიდან მიღებული ინფორმაციას, ასევე წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას“.

საბერძნეთში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით საქართველოს 200 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, სულ 5 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ათენში გახსნილ სამ საარჩევნო უბანზე 2 302 ამომრჩეველი მივიდა, ხოლო თესალონიკში გახნილ ორ უბანზე – 729 ამომრჩეველი.

ჯამურად, საბერძნეთში მცხოვრები 200 ათასი ქართველიდან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 3 031-მა მოქალაქემ მიიღო, რაც დაახლოებით 1,51%-ია.

არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამურად საბერძნეთში გახსნილ 5 საარჩევნო უბანზე მხოლოდ 666 ხმა მიიღო, 2 365 ხმა კი ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა.

იზაბელა თედორაძე სალამინაზე მუშაობს. სალამინადან ათენამდე, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი 26 ოქტომბერს, დაახლოებით ორი საათის გზაა.

„ვერ წავედი არჩევნებზე, რადგან დასვენების დღე არ მაქვს. კუნძულზე ვმუშაობ, აქ არ იყო საარჩევნო უბანი გახსნილი. სალამინადან ათენამდე 2 საათის გზაა. 2 საათიც უკანა გზას უნდა. ფაქტობრივად მთელი დღე მჭირდებოდა,“ – ამბობს იზაბელა თედორაძე.

გქონდათ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი? – ჰკითხა ემიგრანტ ქალს „ბათუმელებმა“.

„რომელ ქართველს არ ექნებოდა სურვილი მიეღო ასეთ გადამწყვეტ დროს არჩევნებში მონაწილეობა. ევროპა ყველას გვინდა, წლებია აქ ვარ. მირჩევნია საქართველო იყოს თავისუფალი ქვეყანა“ – ამბობს იზაბელა თედორაძე.

20 წელია საბერძნეთში ცხოვრობს ბელა კოპალიანი. ის აქტიური მოქალაქეა და ყველა არჩევნებში ცდილობს საკუთარი ხმის უფლება გამოიყენოს. 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან ათენში ცხოვრობს.

„მე ვიყავი არჩევნებზე წასული, რადგან ათენში ვარ. ათენისა და თესალონიკის გარდა, ვიცი, რომ არ იყო არსად საარჩევნო უბანი. ემიგრანტები კი სამწუხაროდ სხვა ქალაქებშიც ცხოვრობენ.

მე პირადად სამსახურიდან გავიპარე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ხმა მივეცი და ეგრევე უკან დავბრუნდი. ხელი იმანაც ᲨეუᲨალა ბევრს არჩევნებზე წასვლაზე, რომ არᲩევნები კვირა დღეს არ იყო,“ – უყვება „ბათუმელებს“ ბელა კოპალიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: