მთავარი,სიახლეები

„თავისუფლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ან გადავრჩებით ან ამით დასრულდება“ – ემიგრანტი

09.04.2025 •
„თავისუფლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ან გადავრჩებით ან ამით დასრულდება“ – ემიგრანტი

„24 წლის ვიყავი, როცა გერმანიაში ჩამოვედი. განათლება მივიღე ციფრული მეცნიერების განხრით და ოჯახიც აქ შევქმენი, თუმცა ის, რომ სხვა ქვეყანაში გადმოვედი საცხოვრებლად, არ ნიშნავს იმას, რომ სამშობლო შევიცვალე და მე არ მეხება ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.

პირიქით, უფრო მძიმეა ამის ყურება შორიდან. ბევრად მტკივნეულად განიცდი.

ცხრა წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი, მაგრამ როცა მეორედ შემოიტანეს რუსული კანონი, 24 საათი ლაივი მქონდა ჩართული, თუმცა გაუსაძლისი იყო ამ ყველაფრის შორიდან ყურება. მინდოდა მეც ვყოფილიყავი საქართველოში და მარტო იმ ხალხის საბრძოლი არ ყოფილიყო ეს ყველაფერში, ვინც რუსთაველზე იდგა.

ამიტომ, ყველაფერი მივატოვე და 2024 წლის 24 ნოემბერს საქართველოში გამოვფრინდი“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ანა რაფავა.

ანა 13 წელია რაც ემიგრაციაშია, თუმცა თვლის, რომ საკუთარ სამშობლოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მისი მხარდაჭერა, რადგან დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება.

„19 დეკემბრამდე მეც იქ ვიდექი, რუსთაველზე. პარლამენტში ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია რომ მიმდინარეობდა, იმ დღეს ჩამოვფრინდი. იყო დღეები, როცა რუსთაველზე ჯოჯოხეთს გავდიოდით და რაღაც მომენტში მეგონა, რომ ცოცხალი ვერ გავაღწევდი რუსთაველიდან.

ამ დროს, ჩემი ოჯახისგან ვერ ვგრძნობდი მხარდაჭერას. ეს ცალკე ბრძოლა და სიმძიმეა ჩემთვის. ძალიან მტკივნეულია, რადგან საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ გავაგებინე ვერაფერი. ჯერ კიდევ არ ესმით, რა განსაცდელის წინ დგას ქვეყანა. ამიტომ საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი ურთიერთობა მაქვს მაქვს ამის გამო გაწყვეტილი“ – წუხს ანა.

სანამ ცხრაწლიანი განშორების შემდეგ კვლავ დაბრუნდებოდა სამშობლოში საპროტესტო აქციების გამო, ანა ცდილობდა ცვლილებებისთვის ემიგრაციაში დაეჭირა მხარი, ამიტომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლადაც დარეგისტრირდა, თუმცა ცესკომ ბოლო დღეს, გაურკვეველი მიზეზის გამო, უარი უთხრა.

ანა დრეზდენში ცხოვრობს. საარჩევნო უბანი არც აქ გაუხსნეს ემიგრანტებს, თუმცა იმდენად დიდი იყო ცვლილებების სურვილი, ანა ხმის მისაცემად ბერლინში წავიდა.

„ბევრ დაბრკოლებას გვიქმნიდნენ ემიგრანტებს. არც უბანი გაგვიხსნეს და არც დაკვირვების უფლება მომცეს, მიუხედავად იმისა, რომ დარეგისტრირებული ვიყავი. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მომცეს საშვი. 4 დამკვირვებელი უნდა ვყოფილიყავით და ორი არ დაგვიშვეს უბანზე.

ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ წვდებოდნენ დამკვირვებლები. შესვენებაზეც კი ვერ გადიოდნენ და ათი საათი უჭმელ-უსმელი მოუწიათ უბანზე ყოფნა.

ბევრგან გააკეთეს ასე. ემიგრანტებში ძალიან კრიტიკული განწყობა არსებობდა „ქართული ოცნების“ მიმართ, დარწმუნებული ვარ, ამიტომ არ გაგვიხსნეს უბნები.

სამი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი ბაქოში და აქ, ევროპაში და ამერიკაში, სადაც ამდენი ემიგრანტი ვცხოვრობთ, თითზე ჩამოსათვლელი უბნები იყო გახსნილი. სპეციალურად გააკეთეს ასე“ – მიიჩნევს ანა.

მისი თქმით, იმდენად დიდი იყო ემიგრანტების აქტიურობა არჩევნებზე, რომ უბნებთან კილომეტრიანი რიგები იდგა.

„მე რომ გამოვედი უბნიდან, ხალხი მოაწყდა და უკვე თვალს ვეღარ ვაწვდენდით იმხელა რიგები იდგა. რაღაც მომენტში გზაც გადაიკეტა და პოლიცია მოვიდა დასარეგულირებლად.

ხალხმა 8 საათი იმგზავრა, 8 საათი რიგში იდგა და ვიღაცები სიაშიც კი არ აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიარეს რეგისტრაცია.

რა თქმა უნდა, ხმები მოგვპარეს. ჩვენც, ვინც ხმა მივეცით და იმ ადამიანებსაც, ვისაც არ მისცეს ხმის მიცემის საშუალება.

როცა ამდენი ადამიანი ვერ ახერხებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს ხმის უფლების წართმევაა და ქვეყნის შიგნით რაც ხდებოდა, ესეც ყველამ ნახა. ამიტომაც არ მისცეს ლეგიტიმაცია ამ მთავრობას.

ბევრი დარღვევა იყო, გაყალბებით დაწყებული, გაჟონვით დამთავრებული“ – ამბობს ანა რაფავა.

ანა რაფავა შტუტგარდში აქციაზე, რუსულ კანონს აპროტესტებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაცია მიიღო ქვეყანამ, ბევრი ადამიანი წლობით უნახავი ოჯახის წევრის სანახავად ჩადის ევროპაში, ბევრი – სამკურნალოდ.

„მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ვიზისთვის ლოდინი არ გვიწევს? მე როცა წამოვედი 2012 წელს, ძალიან დიდხანს ველოდებოდი ვიზას. საბუთების მოგვარება დიდხანს გაიწელა და დიდ ფინანსებთანაც იყო დაკავშირებული. თუკი ქვეყანა მოწყდება ცივილიზებულ სამყაროს და ჩაიკეტება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვერ მოახერხებს თუნდაც ცოტა ხნით გასვლას და ნახვას, რა ხდება საქართველოს გარეთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში, როგორია ეს ევროპა.

ეს მარწუხები უფრო მეტად მოუჭერს და ჩაეფლობიან პროპაგანდაში.

უკან დაიხევს, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარება, როცა ადამიანები ჩაკეტილები იქნებიან.

თუკი ადამიანებს აგენტების სტატუსს მიაკერებენ და ასე შეავიწროებენ, მერე ეს ადამიანები პოლიტიკური თავშესაფრის ძიებას დაიწყებენ ევროპაში, ამერიკაში და ამხელა ემიგრაცია არ დასავლეთს აწყობს. მაგრამ თუ ეს პროცესები არ შეიცვლება, ბევრი ადამიანისგან მესმის, რომ ქვეყანას დატოვებენ. 

„ბავშვები აქ როგორ გავზარდოთ?“ – ბევრისგან მესმის უკვე.

მეც მესმის ამ ადამიანების. შეუძლებელია დიქტატურაში იმის იმედი გქონდეს, რომ შვილებს რაღაც მომავალი ექნებათ, რომ თუნდაც განათლების მიღებას შეძლებენ ან ამ განათლების გამოყენებას.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ან ამ ქვეყნის დასანქცირება უმძიმეს მდგომარეობას შექმნის ქვეყანაში და გაზრდის სიღარიბეს. მე არ ვუგზავნი ჩემი ოჯახის წევრებს ფულად დახმარებას, მაგრამ ეს პერიოდი მეც მქონდა წლების წინ.

ძალიან ბევრი ემიგრანტი არჩენს ოჯახებს აქედან. განსაკუთრებით იტალიაში, საბერძნეთში ვინც მუშაობს და ხანდახან მგონია, რომ ბევრს, ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არ აქვთ, რა ელოდებათ, თუკი ვეღარ მიიღებენ იმ თანხას, რასაც ელოდებიან ემიგრაციაში მყოფი მშობლებისგან, მეუღლეებისგან. რით უნდა იარსებონ?!

ვერ აანალიზებენ ჯერ კიდევ ამ ყველაფერს კარგად, რადგან რომ აანალიზებდნენ, ეს პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.

არ ვიცი რატომ დაგვემართა ეს ყველაფერი. საზოგადოების ერთი ნაწილი იბრძვის და საოცარი ხალხი ვნახე აქციებზე, მაგრამ მეორე ნაწილი ისე ცხოვრობს, თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი ხდება და რაც ხდება, მათ არ ეხებათ. თითქოს ამ ერთი ნაწილის ბრძოლის შედეგს უკან სწევენ და რატომ სჭირს ამ ხალხს ეს, არ ვიცი.

და ის ხალხი, ვინც ასე ღიად ღალატობს სამშობლოს? … არ ვიცი რად უღირთ ეს ყველაფერი.

ამ ხალხს შვილები ჰყავს, ხომ?! მაგალითად, როგორ ალაგებს ამას თავის თავში ირაკლი კობახიძე, სად უნდა იცხოვრონ ამ ადამიანების შვილებმა, როგორ უნდა იცხოვრონ, როცა მამამისის დანაშაულები მუდამ წინ დახვდებათ და ყველა წამოაძახებს ყოველთვის, სადაც არ უნდა წავიდნენ. საკუთარ შთამომავლობას ამას როგორ უკეთებენ, ამის გააზრება ძალიან მიჭირს და შვილებზე თუ არ ფიქრობენ, ქვეყანაზე როგორ იფიქრებენ.

ფიზიკურად შეიძლება გადარჩე და არც ტანზე მოგაკლდეს რამე, არ გშიოდეს, მაგრამ როცა ყველამ იცის, რას და ვის წარმოადგენ, ალბათ რთული უნდა იყოს“ – ამბობს ანა.

მისი აზრით, ეს ყველაფერი არ დასრულდება მანამ, სანამ საზოგადოება არ შეცვლის ღალატის მიმართ დამოკიდებულებას.

„პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. თუნდაც სამოქალაქო ომის დროს, რადგან დაუსჯელები დარჩნენ ეს ადამიანები და ვიღაცები პანთეონშიც კი განისვენებენ. ჩვენმა თაობამ ეს უნდა შეცვალოს და ყველამ უნდა აგოს პასუხი დანაშაულზე.

ისეთი განცდა მაქვს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ახლაა გადამწყვეტ ფაზაში შესული და ახლა ან გადავრჩებით ან დამთავრდება ამით ყველაფერი. დავკარგავთ დამოუკიდებლობას, სამწუხაროდ.

ძალიან მძიმე, გარდამტეხი გამოწვევის წინაშე დგას მთელი ქვეყანა და წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველოდება. მე მგონი, ჯერ სადღაც შუაში ვართ. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ამ ბრძოლას ქართველები მარტო მოვიგებთ, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული უკრაინაზე, დამარცხდება თუ არა იქ რუსეთი, როგორი იქნება საერთო პოლიტიკა ევროპაში და ასე შემდეგ. თუმცა ბევრი რამეც ჩვენს ხელშია, – განსაკუთრებით ხალხის წინააღმდეგობაში“ – გვეუბნება ანა.

მისი აზრით, ახლა ბრძოლის მთავარი ხაზი თბილისზე გადის.

„ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში ჩემი მეუღლე ძალიან მგულშემატკივრობს. აქციების დროს გათენებამდე ვუყურებდით კადრებს და მე თუ ჩამეძინებოდა, ის ბოლომდე უყურებდა და დილით მიყვებოდა რა მოხდა თბილისში.

ჩემთან ერთად განიცდის, ძალიან მიჭერს მხარს. როცა ექსპრომტად ყველაფერი დავყარე და თითქმის ერთი თვე საქართველოში გავატარე, ამაშიც ძალიან დამიჭირა მხარი, ფინანსურადაც და ემოციურადაც. ჩემი მეგობარი გერმანელებიც ძალიან გვიჭერენ მხარს და კარგად ესმით ჩვენი ბრძოლის არსი.

ასე, რომ ჩემი ბრძოლა არ შემიწყვეტია და როცა პირად საკითხებს მოვაგვარებ, ვფიქრობ ისევ დავბრუნდე თბილისში“ – ამბობს ანა რაფავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: