მთავარი,სიახლეები

რას ითხოვს გერმანიის მოქალაქე ბათუმის სასამართლოსთან

08.04.2025 •
რას ითხოვს გერმანიის მოქალაქე ბათუმის სასამართლოსთან

დღეს, 8 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გერმანიის მოქალაქე ოიგენ გარდვიგი საპროტესტო ბანერით მივიდა. ის მოსამართლე ლევან ყოლბაიას მიმართავს და მოითხოვს, რომ ჩაინიშნოს მისი საქმის განხილვა, რომელიც თაღლითობას ეხება. 

„მოსამართლე ბატონო ლევან ყოლბაია! ამიხსენით რა მიზეზით არ ატარებთ სისხლის სამართლის საქმის განხილვას, სადაც მე ვარ დაზარალებული“ – წერია ბანერზე.

68 წლის ოიგენ გარდვიგი ამბობს, რომ ფერწერის ყოფილი პედაგოგია. ის ჰყვება, რომ 2021 წელს საქართველოში ჩამოვიდა და ქობულეთში ადგილობრივი რეალტორი, ს.ა. გაიცნო, რომელმაც მიწის ნაკვეთის შეძენის მიზეზით, მისგან მოტყუებით 26 ათასზე მეტი ევრო მიითვისა.

„2021 წელს თაღლითების ხელში ჩავვარდი, კარგად დამამუშავეს და წამართვეს ფული, მათ მიითვისეს 18 000 დოლარი, თითქოს მიწის ნაკვეთისთვის. შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და უცხოელებისთვის მისი მიყიდვა არ შეიძლება. და ისე გამოვიდა, რომ 2021 წელს, ეს ორი ადამიანი, ს.ა. და მისი შვილი თ. ა. ანალოგიური საქმისთვის დააკავეს. ისინი ციხეში არიან. მე კი უკვე მეოთხე წელია ვდავობ. ჩემი საქმე 2023 წლიდან აქ [ბათუმის საქალაქო სასამართლოში] არის, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ მაძლევენ“ – გვითხრა მან. 

ოიგენ გარდვიგი ამბობს, რომ თაღლითი მას ყოფილ პოლიციელად გაეცნო: 

„მან თქვა, რომ გადამდგარი პოლკოვნიკია, ახლა პენსიაზეა და წლებია უძრავ ქონებას ჰყიდის. როცა მივმართე პოლიციას და მივიტანე ვიდეო, რომელშიც ჩვენ მიწის ნაკვეთს ვზომავდით, ქობულეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ ის უმალვე იცნო და მითხრა, რომ ის არ იყო პოლკოვნიკი, ის იყო მაიორი და როცა პენსიაზე გავიდა, დაცვაში მუშაობდა. ანუ ყველაფერი ტყუილი არ იყო, მაგრამ ინფორმაცია იყო შეცვლილი და დამახინჯებული. 

თავიდან ნოტარიუსის თანდასწრებით მივეცი 18 000 ევრო, როგორც წინასწარი თანხა, შემდეგ როცა დავბრუნდი გერმანიაში შვებულების ბოლოს, გადავურიცხე დანარჩენი თანხა 8 562 ევრო. აქედან 7 ათასად იყიდეს რაღაც ნაკვეთი, საერთოდ სხვა ადგილზე, დანარჩენი 11 000 კი ჩაიდეს ჯიბეში, ეს ნაკვეთი კი [რაც მე უნდა მეყიდა] მის ცოლზე გააფორმეს. ცოლმა ჩუქება გააკეთა შვილზე…“ – ჰყვება ოიგენ გარდვიგი.

მისი თქმით, ის ქართულმა მართლმსაჯულებამ 2021 წლის 31 ოქტომბერს დაზარალებულად ცნო, რისი დამადასტურებელი განკარგულებაც აქვს და რომელიც  2021 წლის, 31 ოქტომბრით თარიღდება.

გერმანიის მოქალაქე ამბობს, რომ მისმა ადვოკატმა ორი კვირის წინაც მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა უშედეგოდ:

„დღესაც მითხრეს, რომ ჩემმა ადვოკატმა დაწეროს განცხადება სასამართლო პროცესის ჩატარების თაობაზე. ადვოკატს დავურეკე და მითხრა, რომ ორი კვირის წინ დაწერა ეს განცხადება. გამოვიდნენ და მითხრეს რომ კიდევ ერთხელ დაწეროსო. რა გამოდის, ეს ორი კვირა გავიდა და [განცხადებამ] ძალა დაკარგა?

გასულ წელს აქ მოვედი 5-ჯერ, მაშინაც დავწერე განცხადება, ვითხოვდი გაეთვალისწინებინათ ჩემი მდგომარეობა, რომ აქ დროებით ვარ და დიდი ხანი არ შემიძლია ბინის ქირაობა, აქ სიძვირე გაქვთ. არანაირი რეაგირება არ იყო. ამიტომ მე უკვე კონკრეტულად მივმართავ მოსამართლე ლევან ყოლბაიას, იქნებ შეამჩნიოს, იქნებ რამენაირად მივიდეს მასთან ინფორმაცია, რომ  რაღაც ზომებია მისაღები“.

გერმანიის მოქალაქე, ამბობს, რომ მისი მიზანია ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩატარდეს მისი საქმის სასამართლო პროცესი, რის შემდეგაც საქმე შემდეგ ეტაპზე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადავა. 

„აქ უკვე მეექვსედ ჩამოვდივარ, რომ ეს საქმე ოდნავ წავწიო წინ. იქ, სადაც საცხოვრებელს ვქირაობ, უკვე ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს, ისინი მეუბნებიან, რომ აქ ვერაფერს მიაღწევ, იმიტომ რომ ეს აჭარაა და იცით, უკვე ვიწყებ მათ დაჯერებას“ – გვითხრა ოიგენ გარდვიგმა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: