თავდასხმა კიევ-პეჩერის ლავრაზე – სიბიჰამ პუტინს 21-ე საუკუნის ყველაზე საშინელი ბარბაროსი უწოდა

კიევ-პეჩერის ლავრიდან უძველესი ხატები და სიწმინდეები გაიტანეს – ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა აბრამმა ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება.

მისი თქმით, ლავრიდან დროულად შეძლეს გატანა ლიტურგიკული ნივთების, უძველესი ხატებისა და სხვა ნივთების, რომლებიც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ეროვნულ და საყოველთაო ღირებულებას წარმოადგენს.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთ დანაშაული“ უწოდა.

რუსეთმა 15 ივნისს, გამთენიისას მიიტანა კიევზე იერიში დრონებითა და რაკეტებით. შეტევის სამიზნე გახდა კიევ-პეჩერის ლავრა, მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ხანძრის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მიძინების ტაძარს. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ, რუსეთის დარტყმას X-ზე ბარბაროსობა უწოდა.

„პუტინი ამ კვირაში დიდი შვიდეულისა და ევროპის საბჭოს სამიტებს გზავნილს უგზავნის: ის დიპლომატიის ნაცვლად ტერორზე დებს ფსონს.

მოვუწოდებ დიდი შვიდეულისა და ევროპის ლიდერებს, კარგად გაიგონ ეს გზავნილი და უზრუნველყონ სათანადო რეაგირება: უკრაინისთვის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა და აგრესორზე ზეწოლა.

რუსეთის მიერ 60-ზე მეტი რაკეტისა და ასობით დრონის გამოყენებით განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად კიევში მინიმუმ 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და თითქმის 30 დაშავდა.

მსხვერპლი დაფიქსირდა უკრაინაში დნეპრის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და სხვა რეგიონებში.

როგორც 21-ე საუკუნის ყველაზე საშინელი ბარბაროსი, პუტინი კონკრეტულად უნიკალურ რელიგიურ და კულტურულ ძეგლებს ესხმის თავს.

რუსებმა მძიმედ დააზიანეს კიევის პეჩერის ლავრა; დაბომბეს ისტორიული ალექსანდრე დოვჟენკოს კინოსტუდია, გაანადგურეს უკრაინის უდიდესი და უძველესი კოსტიუმების კოლექცია; დაბომბეს ხარკოვის ხელოვნების მუზეუმი და დნეპრის ორგანისა და კამერული მუსიკის სახლი.

რუსეთს არ აქვს გამართლება ადამიანების ნგრევისთვის, საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვისთვის და უკრაინული კულტურის განადგურებისთვის. მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე“ – წერს სიბიჰა X-ზე.

რომელ ქუჩებს შეუწყდება ბათუმში წყალი

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 15 ივნისს, წყლის მიწოდება შეუწყდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

წყლის მიწოდება ასევე შეუწყდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის შესახვევებსა და ჩიხებში, ასევე განთიადსა და ბუკნარში მცხოვრებლებს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეფერხებით მიწოდების მიზეზი „უხვად მოსული ნალექის შედეგად სათავე ნაგებობაზე შექმნილი ავარიული მდგომარეობაა“.

წყალმომარაგება შეიზღუდება 15 ივნისის 18:00 საათამდე.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 384 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 025 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 763 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 44 082 ერთეული [+72]
  • MLRS – 1 870 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 420 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 351 479 ერთეული [+2 314]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 664 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 107 091 ერთეული [+416]
  • სპეცტექნიკა – 4 296 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

15 ივნისის ღამით რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, მათ შორის ბავშვი და ორსული ქალი. დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა.

ვრცლად: კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი გაჩნდა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად

EU ივლისში უკრაინასთან და მოლდოვასთან დარჩენილი კლასტერების გახსნასაც გეგმავს

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/620625/

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

15 ივნისს „კავეა გრანდ მოლში“ ლანა ღოღობერიძის ფილმს აჩვენებენ

15 ივნისს „კავეა გრანდ მოლში“ ლანა ღოღობერიძის ფილმის, „დედა და შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ ჩვენება გაიმართება.

ჩვენება დაიწყება 16:30 საათზე,  დასწრება უფასოა.

მისამართი: „კავეა გრანდ მოლი“, შერიფ ხიმშიაშვილის 29.

  •  „დედა და შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“

ლანა ღოღობერიძის ეს ფილმი 2023 წელს ბერლინალეს ფორუმის სექციაზე აჩვენეს. ფილმის რეჟისორი და მთხრობელი, ლანა ღოღობერიძე იხსენებს დედას, ნუცა ღოღობერიძეს, პირველ რეჟისორ ქალს საქართველოში, რომელმაც მეუღლის დახვრეტამდე 3 ფილმის გადაღება მოასწრო, 1937 წელს კი ბოლშევიკურმა რეჟიმმა 10 წლით გადაასახლა.

დოკუმენტურ ფილმში ნახავთ, თუ როგორ იპოვა რეჟისორმა რეჟისორის დედის ნამუშევრები მოსკოვის საცავებში და როგორ აჩუქა მეორე სიცოცხლე ათეული წლების შემდეგ ხალხის მტრად შერაცხილი ხელოვანის კინომემკვიდრეობას.

ნუცას საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული წლები და ზოგადად, დედასთან განშორების ტკივილი ლანა ღოღობერიძის, როგორც კინო, ისე სამწერლო შემოქმედების ორგანული ნაწილი გახდა.

ჩვენება Georgian Film Institute და 3003 Film Production ხელშეწყობით იმართება.

რეტროსპექტივის პარტნიორი „Cavea Grand Mall“ -ია

ბათუმის მერია გასაყიდად ამზადებს მიწის ნაკვეთს შინდისის ქუჩაზე

ბათუმის მერია შინდისის ქუჩაზე, #9- ის მიმდებარედ მცირე ზომის მიწის ნაკვეთის გაყიდვას უპირობო აუქციონით გეგმავს. ამ საკითხზე საკრებულომაც იმსჯელა და 29 მაიისს სხდომაზე კითხვების გარეშე დაამტკიცა ის.

საზოგადოებას კი კითხვები ნამდვილად აქვს და აინტერესებს როგორ პოულობს მერია დაინტერესებული მშენებლებისთვის გასაყიდ მიწის ნაკვეთებს, როცა საბაშვო ბაღის ასაშენებლად ადგილს 2 წელია ეძებს და ვერ პოულობს.

150 კვ.მეტრი შესაძლოა საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საკმარისი არ ყოფილყო, თუმცა საკმარისი ნამდვილად იქნებოდა მომიჯნავედ არსებული 1152 კვ.მეტრი, რომელიც მერიამ გაყიდა 2022 წელს.

განკარგულების პროექტის მიხედვით  გასაყიდი მიწის ნაკვეთის  საწყისი ფასი 62 500 ლარი იქნება. საწყისი ფასის მიხედვით 1.კვ მერის ფასი 413 ლარი გამოდის. თუ  ქონება ელეტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში არ გაიყიდა და დიდი ალბათობით ის იაფად გაიყიდება, რადგან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მუნიციპალური საკუთრება უკვე გაყიდულია და მას მშენებელი ბიზნესმენი ბექა თვალაძე ფლობს. ამიტომაც შესაძლოა სწორედ ის იყოს დაინტერესებული მიმდებარედ არსებული მცირე ზომის ტერიტორიის შესყიდვით. 

29 მაისის საკრებულოს სხდომაზე საპროვატიზებო ობიეტების ნუსხაში კიდევ ერთი მცირე ზომის მიწის ნაკვეთი დაამატეს, ვარშანიძის ქუჩაზე მერიას აუქციონზე №70-ის
მიმდებარედ მერიას აუქციონზე 48 კვ.მეტრი გააქვს.

440 000 ლარი ავანსად გაცემულია, მაგრამ საბავშვო ბაღის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ ჯერ არ დაწყებულა

სახელმწიფომ შშმ პირებს ვერ მისცა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აჯამებს თემის წევრთა უფლებრივ მდგომარეობასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც წლების გასვლასთან ერთად, არათუ არ უმჯობესდება, არამედ გარკვეული მიმართულებებით უარესდება კიდეც.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით საქართველოსთვის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლიდან 12 წლის თავზე, მთავრობამ ვერ შეძლო, ქვეყანაში ის ძირითადი პრინციპები და პარადიგმები დაენერგა, რომელსაც კონვენციის შინაარსი ეფუძნება.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თემი სამედიცინოდან სოციალურ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მოდელზე გადასვლას ელოდება, ეს პროცესი წლების განმავლობაში ფერხდება და შშმ პირთა შეფასება და მათ მიმართ პოლიტიკის განხორციელება კვლავ დიაგნოზებს ეფუძნება, რაც მათი ინდივიდუალური საჭიროებების დანახვის შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავს.

გამოწვევას წარმოადგენს შშმ პირთა სოციალური დაცვისა და დამოუკიდებელი ცხოვრების გარანტირების სფეროც, რაც მათ ღირსეულ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად უშლის ხელს. მიუხედავად შშმ პირთა სოციალური პაკეტის ყოველწლიური ზრდისა, თემის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ სოციალურ პაკეტს იღებს.

კერძოდ, მიმდინარე წელს მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები და შშმ ბავშვები თვეში 470 ლარს იღებენ, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები – 250 ლარს, ხოლო ზომიერად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები – 210 ლარს, მაშინ, როდესაც, საარსებო მინიმუმი, რომლის ადეკვატურობაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, 2025 წლის ბოლოსთვის 283 ლარს უტოლდებოდა.

აღნიშნულის ფონზე, შშმ პირთა დასაქმების, გაძლიერებისა და სერვისებით უზრუნველყოფის მიმართულება კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მაგალითისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გამოწვევას წარმოადგენს თემის წევრთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების არასაკმარისობა, მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა, მომლოდინეთა რიგები და კონვენციურ პრინციპებზე დაფუძნებული საცხოვრისის სერვისების სიმწირე.

„საზოგადოებამ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით შშმ პირთა საჭიროებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ განსაკუთრებით ნათლად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების პროტესტისას შეიტყო. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ბავშვების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, ისიც ცხადია, რომ მთავრობის მხრიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შემოტანის გადაწყვეტილებას არა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მყისიერი და ემპათიაზე დაფუძნებული რეაგირება, არამედ მშობლების მხრიდან თავგანწირული ბრძოლა და საზოგადოების უპრეცედენტო მობილიზაცია უძღოდა წინ.“ – ნათქბამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველმყოფ ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს პერსონალური ასისტენტის სერვისი წარმოადგენს, რომელიც მუნიციპალურ დონეზე ჯერ კიდევ 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, დათქმულ დროს სერვისი 64-დან მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტში, ხოლო წლის განმავლობაში, ჯამში 30 მუნიციპალიტეტში ამოქმედდა:

„როგორც ჩანს, იქაც კი, სადაც პროგრამა ამუშავდა, გამოყოფილი კვოტები საკმაოდ მცირეა, რადგან, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სერვისში სულ 604 შშმ პირი იყო ჩართული, ხოლო იმავე პერიოდისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პაკეტის მიმღები 134 522 შშმ პირი ჰყავდა აღრიცხული. მიუხედავად ამხელა სხვაობისა, საჭიროებების წინასწარი შესწავლის არარსებობის გამო, ის, თუ თემის წევრთა რა ნაწილს სჭირდება და არ გააჩნია პერსონალური ასისტენტის მხარდაჭერა, კვლავ ბუნდოვანია.

სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის პირობებში, მნიშვნელოვნად გართულდა შშმ პირთა წარმომადგენლობითი და თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ოპერირებაც. ერთი მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებებმა ეს ორგანიზაციები უცხო ქვეყნების „ინტერესების გამტარებლებად“ და „აგენტებად“ გამოაცხადა, ხოლო უცხო ქვეყნის დახმარება მთლიანად მთავრობის ნებას დაუქვემდებარა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არაერთმა ორგანიზაციამ მუშაობა შეაჩერა ან შეწყვიტა, ხოლო დარჩენილთაგან უდიდეს ნაწილს ღირსების შემლახველ რეესტრში რეგისტრაცია ან/და გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა დასჭირდა.“

ორგანიზაციის შეფასებით ამგვარი კონტექსტის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად პრობლემური ხდება როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობა. ზოგიერთ უწყებაში ასეთი პლატფორმები საერთოდ არ არსებობს, ზოგიერთ მათგანში კი შეხვედრები იშვიათად ტარდება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდება მუნიციპალურ დონეზე არსებული მექანიზმები – მათ უმეტესობაში თემატური ადგილობრივი საბჭოები ფორმალურად შექმნილია, თუმცა გამოწვევაა მათი ეფექტიანი ფუნქციონირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

„უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევები. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ისევე, როგორც ამ სფეროში მომუშავე არაერთი აქტორი, წლების განმავლობაში ითხოვდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. თუმცა, პოლიტიკის დოკუმენტების ფორმალურად არსებობის მიუხედავად, შექმნილი მდგომარეობა არსებითად არ იცვლება. კერძოდ, კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე წვდომა და სტაციონარული დაწესებულებების რეალური დეინსტიტუციონალიზაცია.“

ამასთან, ისტორიულად მწვავე პრობლემებს „ქართული ოცნების“ მიერ უკანასკნელ თვეებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დაემატა, რომლითაც მან, ერთი მხრივ, „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის“ შექმნა დააანონსა, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის სფეროში „პროცესუუნარობის“ ცნება დაამკვიდრა. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ქმედუნარიანობის რეფორმის შინაარსს, რომელიც სახელმწიფოში წლების წინ განხორციელდა და თავისი შინაარსით არსებითად პროგრესულ ნაბიჯად მიიჩნეოდა, მათ შორის, გლობალური მასშტაბით.

სამწუხაროდ, შშმ ადამიანების უფლებებისა და ქმედუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით არ მოხდა. „ქართული ოცნება“ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორ ოპონენტებზე თავდასხმის იარაღს, ისე იყენებს და ამით კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველ დამოკიდებულებებს. ამ მხრივ, კიდევ უფრო შემაშფოთებელია პროტესტის მონაწილე შშმ პირების – დუტა ჯავახიშვილისა და დავით პაპაშვილის, მიმართ გზის გადაკეტვის საქმის წარმოებისას სასამართლოს მიერ ექიმებისა (რომელთა კომპეტენციაშიც არ შედიოდა ამგვარ საკითხებზე მსჯელობა) და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (დუტა ჯავახიშვილის შემთხვევაში) წარმომადგენლის გამოკითხვა. გამოკითხვა იმის დადგენას ისახავდა მიზნად, თუ რამდენად „აცნობიერებდა“ შშმ პირი ჩადენილ „ქმედებას“. ამგვარი გადაწყვეტილება, მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანს შშმ პირის სტატუსი აქვს, არა მხოლოდ დისკრიმინაციულია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, არამედ ქმნის საშიშ პრეცედენტს, რომ სტატუსის მქონე ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, დასჯის მიზნით, შესაძლოა ამგვარი მიდგომა იქნას გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა, შშმ პირებისათვის მიეცა ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებები იქნებოდა გათვალისწინებული, ხოლო მათ წინაშე არსებული ბარიერები – დაძლეული. მეტიც, ადამიანის უფლებების კრიზისის პირობებში, ისეთი საკითხები, როგორიცაა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, „ქართული ოცნების“ ხელში დევნის დამატებით იარაღად ყალიბდება.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით ელჭექის ხასიათის წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15  – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 16 და 17 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

ავარია ბათუმში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 ივნისს, ბათუმში.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაღუპული კაცი მგზავრი იყო.

შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ავარია ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე / 14.06.2026

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 382 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 020 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 753 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 44 010 ერთეული [+57]
  • MLRS – 1 868 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 419 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 349 165 ერთეული [+2 132]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 661 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 106 675 ერთეული [+401]
  • სპეცტექნიკა – 4 288 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები 15 ივნისს გაიხსნება

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ ვერ ხედავს პროკურატურა მომხდარში არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს? – საია

„გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა.“ – საქართველოს იურისტთა ასოციაცია [საია] 2026 წლის 13 ივნისს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც ჩანს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული მოქალაქეებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით ჯგუფურად განხორციელებული წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.

„ასეთი სისტემის მოქმედებებში მკაფიო ქცევის მოდელად ჩამოყალიბდა ძალადობრივი და დამამცირებელი ქმედებების ვიდეოგადაღება, რაც არაერთ შემთხვევაში თავად ძალადობის პროცესის თანმდევ ელემენტს წარმოადგენს.

აღნიშნული პრაქტიკა, სავარაუდოდ, ემსახურებოდა იმ პირების დაშინებასა და შანტაჟს, რომელთა მიმართაც სხვადასხვა სახის ძალადობრივ და ღირსების შემლახავ ქმედებებს ახორციელებენ. ამასთან მიუთითებს იმაზე, რომ მოძალადე პოლიციელებს სისტემის მხრიდან შესაძლოა ჰქონდეთ დაუსჯელობის გარანტიები.“ –  ნათქვამია განცხადებაში. 

საია თავის განცხადებაში ხაზს უსვამს ასევე იმ გარემოებას, რომ როგორც სიუჟეტიდან ირკვევა სისასტიკეს პოლიციის თანამშრომლები თავად იღებდნენ და შიდა ჩათებში ავრცელებდნენ. ამასთან ირკვევა, რომ გავრცელებული კადრების გარდა არსებობს პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის სხვა კადრებიც.

საია ამ განცხადებებით მწვავედ კრიტიკულად აფასებს ასევე სხვა მსგავსი ტიპის ქმედებებს პოლიციის მხრიდან:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატური და მასშტაბური იყო. ამას ადასტურებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი დოკუმენტირება, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში და საერთაშორისო მექანიზმების, მაგალითად CPT-ს ანგარიში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2025 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3-4 დეკემბრის ღამის ჩათვლით და 6-7 დეკემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უკანონო დაშლისას, ასევე, 2025 წლის 2 თებერვალს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრების მხრიდან სავარაუდო წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარა თითქმის ყველა დაკავებული.

ანგარიშის მიხედვით, ამ თარიღებში სახალხო დამცველის აპარატის მიერ მონახულებული 343 ადამიანიდან 242 (70.5%) იყო სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ძალადობა სისტემური იყო ასევე 2024 წლის გაზაფხულზე მიმდინარე აქციების მონაწილეთა მიმართ. 

საიას განმარტებით CPT-ს ანგარიში, ასევე, ხაზს უსვამს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპოლიციო ძალადობის შესახებ მიღებული ინფორმაციის სიმრავლეს:

„კომიტეტის მიხედვით, გამოკითხული პირები, რომლებიც ცალ-ცალკე გამოიკითხნენ და, შესაბამისად, არ ჰქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთთან შეეთანხმებინათ თავიანთი ჩვენებები, მიუთითებდნენ პოლიციის ქცევის მკაფიო მოდელებზე. კომიტეტი ასევე ხაზს უსვამს, რომ მათ მიერ მიღებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაში იყო იმ დაზიანებებთან, რომლებიც უშუალოდ ნახეს და ასევე, დაზიანებებთან, რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებს ჰქონდათ აღრიცხული. “

საია მიმოიხილავს სხვადასხვა შემთხვევებს:

  • საპოლიციო ძალადობა გრძელდებოდა 2025 წელსაც. სახალხო დამცველის მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში/პენიტენციურ დაწესებულებებში მოინახულეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი (26,7%). დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს.” 3ამ ძალადობის მაჩვენებლის კლება 2024 წელთან შედარებით დაკავშირებულია თავად აქციების მასშტაბურობის კლებასთან და არა რაიმე ტიპის სისტემურ ან სტრუქტურულ ცვლილებებთან.
  • 2025 და 2026 წელს საიამ სასამართლო მონიტორინგის განხორციელებისას, ასევე, დააიდენტიფიცირა, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს მიუთითა აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 17-მა პირმა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა კადრებმა გორში პოლიციელების მხრიდან ორ პირზე ჯგუფური ძალადობის შესახებ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საპოლიციო ძალადობა არ არის ექსკლუზიურად გამოხატვის ან შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული პრაქტიკა.

სიუჟეტში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთის ღონისძების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეცვალა, იმ პოლიციელს, რომელიც მამის გაუპატიურებით ემუქრებოდა არასრულწლოვანს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს სხვა პოლიციელებიც ესწრებოდნენ და ჰქონდათ ინფორმაცია, პროკურატურამ მხოლოდ ერთ პირს წარუდგინა ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

ამასთან, სიუჟეტში გაჟღერდა, რომ აღკვეთის ღონისძიების ცვლილება ეფუძნებოდა დაზარალებულის ნოტარიულ თანხმობას, თუმცა გაურკვეველია რა გახდა დაზარალებულის მხრიდან ამგვარი თანხმობის წარდგენის საფუძველი.  მით უფრო იმის ფონზე, რომ წარსულში დაზარალებულის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მას გარკვეული პირები მიუგზავნეს, იმ მიზნით, რომ გაურკვეველი სამართლებრივი პროცედურებით გაეხმო ბრალდებულის მიმართ არსებული პრეტენზია.

საყურადღებოა, რომ საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის არაერთი ანგარიში ცხადჰყოფს, რომ უმრავლეს შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას აქვს ფორმალური ხასიათი და როგორც წესი პატიმრობა არ იცვლება. მიუხედავად ძალადობის ასეთი მასშტაბურობისა, სახელმწიფო, ფასადური მართლმსაჯულების გარდა, არაფერს აკეთებს სისტემურ და სტრუქტურულ დონეზე საპოლიციო ძალადობასთან ბრძოლისთვის.

საიას შეფასებით საპოლიციო ძალადობის დაუსჯელობისა და წახალისების პრობლემა საქართველოში შემდეგ საკითხებს მოიცავს:

უშუალოდ, დამნაშვეთა და მათ ხელმძღვანელთა დაუსჯელობა – 2024 წლის მასშტაბურ საპოლიციო ძალადობაზე დღემდე, მხოლოდ 5 ადამიანს აქვს ბრალი წაყენებული.6 ჯერ კიდევ არ მიცემულა პასუხისმგებლობაში არც ერთი მაღალჩინოსანი, რომელთაც საპოლიცოო ღონისძიებების დაგეგმვა და მათზე ზედამხედველობა ევალდებოდათ.

დანაშაულთა არასათანადო კვალიფიკაცია – როგორც წესი, საპოლიციო ძალადობის შემთხვევები, მათი სიმძიმის მიუხედავად, 333-ე მუხლად კვალიფიცირდება (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), მაშინ, როდესაც მათი რეალური კვალიფიკაცია 1441 და 1443. მუხლებს [წამება და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა] შეესაბამება. 333-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 2024 წლის სისტემურ წამებასთან დაკავშირებითაც. ამ სახის დანაშაულთა არასათანადო კვალიფიკაციაზე უკვე წლებია საუბრობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ციცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების ნაწილში. 

გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლიბა – საპოლიციო ძალადობის გამოძიება მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება. ამ მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი უწყება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მიუხედავად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის კრიტიკისა, ქართულმა ოცნებამ გასულ წელს გააუქმა.8 მართალია, ეს უწყება არსებობის პერიოდშიც რეალური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი პრობლემებით ხასიათდებოდა, თუმცა მისი საერთოდ გაუქმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთნ დაკავშირებული ვალდებულებების უგულებელყოფას.

ძალადობის პრევენციის ზომების არასებობა – მინისტრთა კომიტეტი უკვე წლებია საქართველოს ასევე მოუწოდებს საპოლიციო ძალადობის პრევენციის ზომების დანერგვისკენ, მათ შორის, პოლიციელთათვის მოქალაქეებთან ინტერაქციის ვიდეო და აუდიოდოკუმენტირების ვალდებულებების საკანონმდებლო დონეზე გათვალისწინებისკენ, ასევე, პოლიციელების საიდენტიფიკაციო ნიშნებით აღჭურვისკენ.  ამ ვალდებულებების უგულებელყოფით სახელმწიფო საპოლიციო ძალადობის დაუსჯელობისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის და ახალისებს მას.

აშკარაა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა საპოლიციო ძალადობის პრევენციისა და დასჯისკენ მიმართული არ არის. მაშინ, როდესაც წლებია უგულვებელყოფილია მინისტრთა კომიტეტის ზემოთ ნახსენები რეკომენდაციები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის შექმნაზე. მაგალითად, 2024 წლის 3 აპრილიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში დაინიციირდა და დაჩქარებული წესით მიიღეს 304 კანონი, რომლებიც საპოლიციო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების შემოღების, სპეციალური საშუალებების გამოყენების მკაფიო რეგულირების ნაცვლად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას და ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა.

2026 წლოს 12 ივნისს, გადაცემის ანონსის გავცელების შემდგომ, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით: “საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.”

ამავე განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს მის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში სდებს ბრალს, მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში თავად პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაერთი ფაქტი გავრცელდა. ამის საპასუხოდ, საპოლიციო ძალებში ძალადობის პრევენციისა და ამ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირების შესახებ ძალოვან უწყებებს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და სრულყოფილი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

საიას შეფასებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება არ ცვლის საქართველოში საპოლოციო ძალადობის და ამ შემთხვევის სისტემურ ხასიათს  და ზემოთ განხილული მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემების ფონზე, ამ შემთხვევაშიც ღია რჩება მნიშვნელოვან შეკითხვები დამნაშავეთა პასუხისმგებლობასთან და დაზარალებულთა მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ:

  • რატომ დასჭირდა დამნაშავეთა გამოვლენას და სისხლისსამართლებრივ დევნას 3 წელზე მეტი?
  • რატომ ვერ ხედავს საქართველოს პროკურატურა მომხდარში წამება/დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს?
  • რეპორტაჟის მიხედვით, მოძალადე პოლიციელები ძალადობის ამსახველ ვიდეოკადრებს ჯგუფურ ჩატებში აზიარებდნენ. რატომ არის დევნა დაწყებული მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ და რატომ არ დადგა ამ მიმოწერის წევრი სხვა პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი?
  • იმუშავა თუ არა გამოძიებამ ხელმძღვანელი პირების სავარაუდო ბრალეულობის დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით? რატომ არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობის საკითხი და ინფორმირებულები იყვნენ თუ არა ისინი განხორციელებული ძალადობის და ჯგუფური ჩატის არსებობის შესახებ?
  • რა დახმარება გაეწიათ დაზარალებულებს. ხომ არ იქნა ასეთი მოპყრობით მოპოვებული ჩვენებები გამოყენებული მათ წინააღმდეგ?

საიას შეფასებით, სისტემური წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ სახელმწიფოს მიდგომები ასეთი ფაქტების ნორმალიზებისა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისკენაა მიმართული.  ასეთ ვითარებაში, ცალკეულ პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ ფასადურ ქმედებად შეიძლება შეფასდეს.

„ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფრია“ – იურისტი პოლიციაში ძალადობის გამოძიებაზე

„ეს არის მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფრის მიცემა, ან სამართლებრივი გადარჩენა, ან მოძალადე სისტემის სამართლებრივი გადარჩენის ოპერაცია“, – განაცხადა იურისტმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 13 ივნისს „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში. მას ქობულეთის პოლიციის შენობაში, პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის კადრების შეფასება სთხოვეს.

პროკურატურამ მწამებელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. მაია მწარიაშვილის შეფასებით, სწორედ ეს არის პოლიციელებისთვის „სამართლებრივი თავშესაფარი“.

„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. ეს კადრები ტელეკომპანია „პირველმა“, კერძოდ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაასაჯაროვა.

გადაცემის ანონსის შემდეგ დღეს, დილით, პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით“.

მაია მწარიაშვილის შეფასებით, ეს არის პასუხისმგებლობისგან დაცლილი განცხადება:

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მსხვერპლი, როდესაც ამას ჩადის სახელმწიფოს წარმომადგენელი და პოლიციელი კონკრეტულად, ეს არის მიზნით განსაზღვრული დანაშაული. არაერთხელ მითქვამს – წამება არ არის მხოლოდ ის, როდესაც ცოცხალ ადამიანს ფრჩხილებს აძრობენ. წამება არის ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ტანჯვა, მათ შორის, რომლის ამოცანაც არის ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, ჩვენების მიღება. ანგარიშსწორება გარკვეული ქმედებებისთვის, მისი ან სხვისი ქმედებებისთვის.

ეს კლასიკური წამებაა. ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სამართლის ანა-ბანაში ერკვევა, რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ეს [რაც კადრებში ჩანს] არის კლასიკური წამება. წამებას კლასიკური გეგებით ვერ ჩაიდენს მოქალაქე, აქ სუბიექტი ყოველთვის არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და კონკრეტულად პოლიციელი.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრების ავთენტურობას. კადრებში ჩანს, რომ განყოფილებაში არაერთი პოლიციელი დაკავებულ პირებზე ჯგუფურად ძალადობს. შსს-ს განცხადებით, ფაქტი 2022 წელს მოხდა, თუმცა დანაშაული მხოლოდ 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა, ანუ 4 წლის შემდეგ, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.

გადაცემის მსვლელობისას ეთერში გაუშვეს ასევე კადრები მზია ამაღლობელის საქმიდან, სადაც ჩანს, როგორ აგინებს და ემუქრება მას ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი ირაკლი დგებუაძე. მზია ამაღლობელმა მისი მხრიდან განხორციელებულ ძალადობასა და ზეწოლაზე უამბო, როგორც სახალხო დამცველს, ასევე სასამართლოს.

ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ადანაშაულებდა ასევე არაერთი სხვა დაკავებული მოქალაქეც, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეებიც.

"სისხლით ბო*იშვილი ვიყო" - პოლიციის უფროსის მუქარა მზია ამაღლობელისადმი

ზრუნვა გარემოზე სკოლიდან – „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გარემოს დაცვის კვირეული მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, ტრადიციულად, შუახევი ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა.

კვირეულის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები ამჯერად სხალთის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს ქაღალდისა და პლასტიკის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის განკუთვნილი ურნები გადასცეს და პირობაც დადეს, რომ უზრუნველყოფენ შეგროვებული დახარისხებული ნარჩენების გატანასა და შესაბამის გადამამუშავებელ პუნქტებში ტრანსპორტირებას.

„ჩვენი მიზანია ბავშვებთან ერთად ვისაუბროთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ნარჩენების დახარისხებაზე და მის გადამუშავებაზე. გვინდა ბავშვებს ვუთხრათ, რომ პატარა ნაბიჯებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩვენ მათ გადავეცით ქაღალდის და პლასტიკის ურნები, რათა თავიანთ სკოლაში შეაგროვონ ნარჩენები, ჩვენი კომპანია კი უზრუნველყოფს შეგროვებული ნარჩენების მიტანას შესაბამის პუნქტამდე, სადაც მოხდება მათი გადამუშავება. 

მიგვაჩნია, რომ მსგავს შეხვედრებს, ცნობიერების ამაღლებას და პატარა უნარ-ჩვევების გამომუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის კუთხით“ – განაცხადა ნინო გაგუამ, კომპანიის გარემოსდაცვით რეგულაციებთან შესაბამისობის ხელმძღვანელმა.

2026 წლის გარემოს დაცვის დღის მთავარი თემა იყო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, კამპანიის მთავარი გზავნილი კი იყო – #NowForClimate („ახლა კლიმატისთვის“).

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის სწორედ ამ გზავნილსა და კამპანიასთან დაკავშირებული ინტერაქტიული პრეზენტაცია ჩაატარეს. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, განახლებადი ენერგიის განვითარება, ნარჩენების მართვა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ტყეების დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების მაღალი პასუხისმგებლობით გამოყენება.

„ჩვენი სკოლა უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ სხვადასხვა გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის ტერიტორიის გამწვანების პროექტი, რის ფარგლებშიც კომპანიამ სკოლას ნერგები გადასცა, ხოლო მათი დარგვის პროცესში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი“ – ამბობს სხალთას საჯარო სკოლის დირექტორი, თემურ შაინიძე.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ეს შეხვედრაც საინტერესო და ინტერაქტიული იყო:

„მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე, ამავდროულად თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში და საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებდნენ. დისკუსიის მიმდინარეობის კი დაგეგმეს, მომავალში რა აქტივობებს განახორციელებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით“ – ამბობს სხალთის საჯარო სკოლის დირექტორი. 

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: ენერგო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, შუახევი ჰესის ხელმძღვანელი და მიმართულების მენეჯერები.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით რეგულარულად ახორციელებს გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო ინიციატივებს.

როგორ გაუყიდეს ოჯახებს კერძო საკუთრებასთან მისასვლელი – მოქალაქეები მერიის წინააღმდეგ

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში მცხოვრებ მოქალაქეებს: ანზორ ძირკვაძესა და ლამარა აბაშიძეს მერიამ კომერციულ საკუთრებამდე მისასვლელი გაუყიდა. კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა.

გაყიდული მუნიციპალური ქონებისთვის დავა უფრო და უფრო მწვავდება.

„ბათუმელებმა“ ამ თემაზე 22 მაისს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია და ვიდეო მასალაც.

ახლახან კომერციული ფართობების მესაკუთრეებს სარჩელი ჩაჰბარდათ – მათ სასამართლოში უჩივიან.

„სარჩელი ჩამბარდა. ჩემი მაღაზიის შესასვლელის მყიდველი ამბობს, რომ მისი ქონებით ვსარგებლობ და 2900 ლარი უნდა გადავუხადო თვეში. ჯამში ჩემთვის 43 500 ლარის დაკისრებას და ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს. სარჩელში წერს, რომ შეიძლება დავა 3 წელი არ დასრულდეს და მისი ქონება ამ წლებში დაგროვილ ვალს არ ეყოფა, ამიტომ ქონება და ანგარიშებიც დაუყადაღეთო“, – გვიყვება ანზორ ძირკვაძე.

დავის საგანია მცირე ზომის რამდენიმე ფართობი, ჯამში 128 კვ.მეტრი, რომელიც მერიამ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა და გაყიდა. ამ გადაწყვეტილებით მესაკუთრეებს კომერციულ ფართობებამდე მისასვლელის გარეშე რომ ტოვებდა, მერიამ ამის შესახებ კარგად იცოდა. 

სასამართლო სარჩელის პარალელურად საქმეში ჩაერთო ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც – კომერციული ფართობის მესაკუთრე ანზორ ძირკვაძე ადმინისტრაციულ სხდომაზე დაიბარეს და შეატყობინეს, რომ უპირებენ დაჯარიმებას და შესაძლოა საურავიც დააკისრონ. 11 ივნისს, მუნიციპალურმა ინსპექციამ ის ადმინისტრაციულ განხილვაზე დაიბარა.

მუნიციპალური ინსპექციის შეტყობინება

საქმე ისაა, რომ 2019 წელს, ანზორ ძირკვაძემ თავის საკუთრების კედლის მიჯნაზე, მერიასთან შეთანხმებით მოაწყო ფართობი და როგორც თვითონ ამბობს, შუშები ჩასვა უნებართვოდ. ანზორ ძირკვაძის თქმით, რადგან ადგილი „არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირების“ თავშეყრის ადგილად იქცა, მეზობლები ბრაზობდნენ, ამიტომაც იძულებული გახდა ეს სივრცე შუშის ვიტრაჟით შეეფუთა.

„მეზობლები წუხდნენ და მეუბნებოდნენ ასეთი რა თანხა დაგეხარჯება, ეს რომ მოაგვაროო. დანაგვიანებული იყო ადგილი და იყო ხმაურიც, ამიტომაც ჩავსვი ვიტრაჟი. შეთანხმებული ესკიზიდან 1 სანტიმეტრი გადაცდომაც კი არ მაქვს, არც სიმაღლე, არც სიგანე. ბაწარიც კი გავავლე, არაფერი გადამიჭარბებია“, – ამბობს ანზორ ძირკვაძე.

ანზორ ძირკვაძის თქმით, 2019 წელს ჩადენილ დარღვევაზე მერიამ პასუხი ექვსი წლის, ანუ მას შემდეგ მოსთხოვა, რაც ამ ადგილით მშენებელი კომპანიების მესაკუთრე ბექა თვალაძე დაინტერესდა და დაჰპირდა მას, რომ „ჯარიმებით აავსებდა“:

„გვითხრა, თქვენზე იმდენ ჯარიმას გამოვაწერინებ აქეთ შემეხვეწებით, რომ თქვენი ფართობი ვიყიდოო“ – ამბობს ანზორ ძირკვაძე. 

ანზორ ძირკვაძემ მუნიციპალურ ინსპექციას განუმარტა, რომ ადგილი, სადაც მან დამატებითი ფართობი მოაწყო, მერიამ უკვე სხვაზე გაყიდა. სწორედ ამიტომ არ შეუძლია სხვის ტერიტორიაზე ვიტრაჟის დემონტაჟი. მით უფრო, რომ ამჟამინდელ მესაკუთრესთან აქვს კონფლიქტი და დაძაბულობა.

„ერთადერთი დარღვევა მაქვს ის, რომ შუშა ჩავსვი, აგიხსენით რატომაც. რაც შეეხება მითითებას, მიჩივის ეს კაცი ყველაფერზე – მართალია, ასმათ ასამბაძეა მფლობელი, მაგრამ ჩვენ მისი სიძე, ბექა თვალაძე დაგვემუქრა. თუ მე იქ ნგრევას დავიწყებ, შეიძლება უფრო გამწვავდეს სიტუაცია, კონფლიქტი მოხდეს. ჯერ სასამართლოშია ამ ადგილის საქმე, როცა გადაწყდება, შესაბამისად ვიმოქმედებ“, – უთხრა ანზორ ძირკვაძემ მუნიციპალურ ინსპექციას სხდომაზე, 11 ივნისს.

როგორც ჩანს, მცირე ზომის მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მყიდველს, ბექა თვალაძეს იმედი ჰქონდა, რომ მეზობლად არსებული კომერციული ფართობების მესაკუთრეებს მარტივად და იაფად დაათმობინებდა კერძო საკუთრებას, შემდეგ კი, ამ ადგილზე მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად, კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაზე დაიწყებდა ზრუნვას.

მაგრამ უარი მიიღო, როგორც ძირკვაძისგან, ისე აბაშიძისგან.

როგორც ამას კომერციული ფართობების მესაკუთრეები გვიყვებიან, უარის შემდეგ ბექა თვალაძე მუქარებზე გადავიდა, შემდეგ კი, რაც მუქარამ არ გაჭრა და არც მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობამ, მყიდველი 128 კვ.მეტრით სარგებლობის საფასურს სასამართლოს წესით ითხოვს.

სარჩელის მიხედვით, ანზორ ძირკვაძემ მყიდველს თვეში 2900 ლარი უნდა გადაუხადოს. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2025 წლის თებერვლიდან 2026 წლის მაისამდე სარგებლობის საფასურის სახით მოსარჩელე ჯამში 43 500 ლარის გადახდას ითხოვს.  

კომერციული ფართობების მესაკუთრეები, რომლებიც უკვე 15 წელზე მეტია სარგებლობენ მერიის მიერ გაყიდული ფართობებით, დანებებას არ აპირებენ და არ გამორიცხავენ, რომ მერიას სასამართლოში უჩივლონ.

მერიის უკანონო ქმედებების გამო ზიანი ადგება ჩემს მარწმუნებელს, ამიტომ არ არის გამორიცხული მერიის წინააღმდეგ შევიტანოთ სარჩელი. ანზორ ძირკვაძეს მიმართული ჰქონდა მერიისთვის, იმ ფართობის საკუთრებად აღიარებისთვის, მაგრამ არ უღიარეს. რეალურად, ეს ადგილი ერთადერთი შესასვლელია ძირკვაძის კერძო საკუთრებაში. ქუჩაში გამვლელი გლეხი რომ გააჩერო, გეტყვის, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. როგორ შეიძლება კაცს კერძო ქონების შესასვლელი გაუყიდო?“ – ამბობს კომერციული ფართობების მესაკუთრეების ადვოკატი ირაკლი შავაძე.

სარჩელში ასევე ვკითხულობთ, რომ მოსარჩელე მხარე სასამართლოს სთხოვს ყადაღა დაედოს ანზორ ძირკვაძის ანგარიშებს იმისთვის, რომ თუ ძირკვაძე კომერციულ ფართობს გაასხვისებს, მოსარჩელე სარგებლის გარეშე არ დარჩეს.

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს #63 – საუბარია შენობასა და ტროტუარს შორის ფართობზე, რომელსაც კომერციული ფართობის მესაკუთრე შესასვლელად და გარკვეული ნივთების განსათავსებლად იყენებს.
ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს #63. წითელი ფერით მონიშნული ანზორ ძირკვაძის და ლამარა აბაშიძის საკუთრება, მწვანე ფერით კი 3 მცირე ზომის მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიამ გაყიდა

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მერიამ 2024 წელს ანზორ ძირკვაძის საკუთრების წინ 41 კვ. მეტრი და 64 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები გაასხვისა. მისი მეზობლის, ლამარა აბაშიძის კომერციული ფართობის წინ კი – 23 კვ.მეტრი. ეს ჯამში 128 კვ.მეტრია.

ეს ნაკვეთები ანზორ ძირკვაძეს და ლამარა აბაშიძე 15 წელზე მეტია სარგებლობაში აქვთ. მერიას მისი საკუთრებაში დაკანონებაც მოსთხოვეს, იმ კანონის შესაბამისად, რომელიც თვითნებურად დაკავებული ფართობების საკუთრებაში დარეგისტრირებას ითვალისწინებს.

ადვოკატი ირაკლი შავაძე დარწმუნებულია, რომ ბექა თვალაძე [სადაო მიწის ნაკვეთის ოფიციალური მყიდველის სიძე] მერიასთან ერთად მოქმედებს:

„შეუძლებელი იყო მერიას გაეყიდა, თუ არ იქნებოდნენ წინასწარ შეთანხმებული მასთან, ვინც აუქციონზე ეს მიწა იყიდა და რატომ? – ეს ქონება რეალურად მდებარეობს ფეხით მოსიარულეთა ტროტუარსა და ჩემი მარწმუნებლის საკუთრების კედლის მიჯნაზე. მისი გასხვისება ჯერ ერთი იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ საკუთრების უფლება მოიცავს არა მხოლოდ საკუთრების ქონას, არამედ თავის თავში მოიცავს საკუთრებით სარგებლობას და ფლობას, ანუ, ეს არის ერთადერთი ფეხით მისასვლელი გზა.

ამ მცირე ზომის ნაკვეთების გაყიდვით საკუთრების უფლება დაირღვა, კონსტიტუციით გარანტირებული მე-19 მუხლი. ფაქტობრივად, მიწის ფართობის სიმცირიდან გამომდინარე, მოქალაქე იქ ვერაფერს ვერ ააშენებდა და ვერც ჩადგამდა. იქ რომ რაიმე  ჩადგა, შესასვლელს უნდა მოაშორო.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულია საკუთრების უფლება. ამ შემთხვევაში ბათუმის მერიამ ქონება გაასხვისა ისე, რომ საკუთრების უფლებით სარგებლობა შეუზღუდა ჩემს მარწმუნებელს და ფაქტობრივად მოახდინა დანაშაულის პროვოცირებაც.

ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება, რომ კომერციული ფართობი გაქვს წლების მანძილზე საკუთრებაში და შესასვლელი 40 კვადრატი გაგიყიდონ, შემდეგ ვიღაცამ ამისთვის ფული მოგთხოვოს… შეთანხმებული იყო, სხვა შემთხვევაში არ იყიდდა.

ვინც ამას ყიდულობდა და ამხელა თანხა გადაიხადა ამ მცირე მიწის ნაკვეთებში, დარწმუნებული იყო, რომ შემდგომში ბათუმის მერია აიძულებდა ჩემს მარწმუნებელს დაეთმო საკუთრების უფლება, შემდეგ კი გასცემდნენ კორპუსის მშენებლობის ნებართვას“, – განმარტავს ადვოკატი.

„ბათუმელებმა“ ამჯერადაც სცადა ბექა თვალაძესთან დაკავშირება, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს ისევ არ უპასუხა, სამაგიეროდ დაგვიკავშირდა ასმათ არძენაძის ადვოკატი, ნათია გოგიჩაიშვილი.

ადვოკატის განმარტებით, მან როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის ადვოკატმა, კომერციული ფართობების მესაკუთრეებთან მოლაპარაკება არაერთხელ სცადა, თუმცა ისინი „უკმაყოფილო დარჩნენ შეთავაზებული კოეფიციენტით“ და მიუხედავად არაერთი მცდელობისა „დადებითი უკუკავშირი მოლაპარაკების არცერთ დეტალთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებიათ“.

„შეთავაზება წერილობითაც კი არის გადაგზავნილი ბატონ ანზორთან. დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ვცდილობდით მორიგებით დაგვესრულებინა, ორივე მხარის ინტერესი გათვალისწინებული ყოფილიყო, თუმცა უშედეგოდ. შეთავაზებული კოეფიციენტი მათთვის მიუღებელი იყო. ჩართული იყო არაერთი წარმომადგენელი ბატონი ანზორის მხრიდან. ვინაიდან მხარესთან შეუძლებელია მოლაპარაკებაზე საუბარი და ჩვენ გვსურს საკუთარი უძრავი ქონებით მოვახდინოთ გარკვეული ბიზნესინტერესების გათვალისწინება – ეს პროექტი იქნება თუ სხვა რაიმე სახის ბიზნესი, ვითხოვდით აღნიშნული ფართობის გამოთავისუფლებას.

2024 წლის მიწურულს მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ვინაიდან ბატონი ანზორი დღემდე სარგებლობს აღნიშნული ნივთით.

დაახლოებით ერთი თვის უკან, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევიტანეთ დამატებითი სარჩელი, სადაც ვითხოვთ საიჯარო ქირის გადახდას. აუდიტორული დასკვნა ერთვის სარჩელს – რის საფუძველზე და რა გაანგარიშებით ვითხოვთ აღნიშნულ თანხას.

რაც შეეხება ქალბატონ ლამარას, სასამართლოს მივმართეთ 2026 წლის 27 მაისს და ვითხოვთ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და საიჯარო ქირის გადახდას, ვინაიდან მხარეს ადგება ზიანი. ის ვერ სარგებლობს თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით“.

ადვოკატის ინფორმაციით, მოლაპარაკება სცადეს მას შემდეგაც, როცა მათთვის ცნობილი გახდა, რომ ანზორ ძირკვაძემ და ლამარა აბაშიძემ მიმართეს სასამართლოს სარჩელით, რომლითაც ითხოვდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ანზორ ძირკვაძემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენთვის ცნობილია, რომ გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში და ველოდებით გადაწყვეტილებას“, – ამბობს ნათია გოგიჩაიშვილი.

ადვოკატს ვკითხეთ, თუ იცოდა ასმათ არძენაძემ, როგორი იყო მის მიერ უკვე შესყიდული ნაკვეთების კონფიგურაცია და დაინტერესდა თუ არა მიწის შესყიდვამდე მომიჯნავედ არსებული კომერციული ფართობების მეპატრონეების პოზიციით.

„აუქციონი ჩვენზე დამოკიდებული არ არის, ის იდება გარკვეული პირობებით და ვადით. დროში შეზღუდული ვიყავით, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება“, – განგვიმარტა ნათია გოგიჩაიშვილმა.

ბულვართან პლაჟები მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისეს – გონიოში კი აუქციონები მეტწილად ჩაიშალა

ბათუმის ბულვარის გასწვრივ მცირე ზომის მიწის ნაკვეთები პლაჟზე მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისეს, გონიო კვარიათში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე კი აუქციონები უმეტესად ჩაიშალა.

ბათუმის მერიამ გონიოში, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე მცირე ზომის ადგილები კომერციული საქმიანობებისთვის საიჯარო წესით გასასხვისებლად 3 ივნისს გაიტანა ელექტრონულ აუქციონზე. გასხვისდა მხოლოდ რამდენიმე მათგანი, უმეტესწილად აუქციონები არ შედგა იმის გამო, რომ მონაწილეობა არავინ მიიღო.

ეს ჩავარდნა სავარაუდოდ ფასებმა განაპირობა, თუმცა  პირველად არ ხდება, როცა მერიას პლაჟების სეზონური სარგებლობისთვის გასასხვისებლად განმეორებითი აუქციონების გამართვა სჭირდება.

გასხვისებულებს შორის კი დაფიქსირდა მაღალი კონკურენციის შემთხვევაც. კერძოდ მერიამ გონიოს პლაჟზე 400 კვ.მეტრი საწყისი ფასით 6135 ლარად გაიტანა აუქციონზე, თუმცა ის 76-ე ბიჯით 20 195 ლარად გასხვისდა, ბიჯის ოდენობა 185 ლარი იყო.

გამარჯვებულს უფლება ეძლევა პლაჟის კონკრეტული მონაკვეთზე 4 თვის გაანმავლობაში განათავსოს საპლაჟე ინფრაქტრუქტურა და განახორციელოს კომერციული საქმიანობა.

აუქციონების გაცილებით მცირე ნაწილი არ შედგა ბათუმის ბულვარში. ბულვარის გასწვრივ პლაჟზე მცირე ზომის მიწის ნაკვეთების საიჯარო წესით ასათვისებლად აუქციონები ბულვარის ადმნისტრაციამ გამოაცხადა.

ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის გასწვრივ, ფეხბურთის სტადიონის წინ მდებარე 800  კვ მეტრი პლაჟზე ბულვარის ადმინისტრაციამ 2026 წლის პირველ ნოემბრამდე ვადით 66 680 ლარად გაასხვისა.

ბულვარის გაწვრივ პლაჟზე მცირე ზომის ადგილები მეტწილად მაღალი კონკურენციის პირობებში გასხვისდა. მაგალითად 525 კვ მეტრი პლაჟზე  კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გასწვრივ ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონულ აუქციონზე 10 616 ლარად გაიტანა, რომელიც 64-ე ბიჯით 30 968 ლარად გასხვისდა, 2026 წლის პირველ ნოემბრამდე ვადით. ვაჭრობის ბიჯი 318 ლარი იყო, საწყისი ფასი 21 104 ლარი. ელექტრონულ ვაჭრობაში სამი მსურველი უწევდა ერთმანეთს კონკურენციას, საბოლოოდ ეს ადგილი 27-ე ბიჯით გასხვისდა. ფასი 45 000 ლარით გაიზარდა.

რესტორან აჭარული სახლის გასწვრივ 900 კვ. მეტრი კი რომელიც საწყისი ფასით 110 322 ლარად გაიტანეს აუქციონზე კონკურენციის პირობებში 193 072 ლარად გაასხვისეს, 2026 წლის პირველ ნომებრამდე.

ანბანის კოშკის მარჯვენა მხარეს 1491 კვ.მეტრი ერთი ბიჯით 55 379 ლარად გააასხვისეს პირველ ნოემბრამდე ვადით.

ამ სეზონზე ბათუმში ერთი შეზლონგის ფასი მაქსიმუმ 10 ლარი, ქოლგის – 5 ლარი იქნება.  ბათუმის პლაჟების სარგებლობის უფლებით გასხვისების პირობების მიხედვით, წელს ბათუმში ერთი შეზლონგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო ერთი ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს.

გარდა ამისა, გასხვისების პირობების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად.

ვის შეხვდება ადგილები ბათუმის ბულვარში – ქონების იჯარით გასხვისება დაწყებულია

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 381 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 015 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 739 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 43 953 ერთეული [+88]
  • MLRS – 1 865 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 418 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 347 033 ერთეული [+2 164]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 648 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 106 274 ერთეული [+424]
  • სპეცტექნიკა – 4 287 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები 15 ივნისს გაიხსნება

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სამსუნი – ტრაბზონი – სარფი: ახალი სარკინიგზო ხაზი თურქეთში

თურქეთი შავიზღვისპირეთში მასშტაბური სარკინიგზო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

სამსუნიდან სარფამდე აშენდება მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„სამსუნი-ტრაბზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის რკინიგზის პროექტი ტრაბზონსა და სამსუნს შორის მგზავრობის დროს 2 საათამდე შეამცირებს. ჩვენ დავაკავშირებთ ჩვენს ყველა ქალაქს სამსუნს; მათ შორის ორდუს, გირესუნს, ტრაბზონს, რიზეს და ართვინს,“ – თქვა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ ტრაბზონში სამი კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა დაგეგმილ პროექტზე. მისი თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზის საშუალებით ისტორიაში პირველად, შესაძლებელი გახდება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქები ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდეს.

გეგმის თანახმად, მატარებლის ბოლო სადგური თურქეთის მხარეს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იქნება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქებს ერთმანეთს დააკავშირებს და ცენტრალურ ანატოლიასთან ინტეგრირებულ სატრანსპორტო ქსელს შექმნის.

  • რა ეტაპზეა ახლა პროექტი?

პროექტის პირველი ფაზა, მოიცავს ცენტრალურ ანატოლიაში სარკინიგზო ხაზის მშენებლობას.

მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად დაწყებულია ანკარა-ქირიქალე-ჩორუმი-სამსუნის მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.

კერძოდ, მიმდინარეობს სამუშაოები ქირიქალესა და ჩორუმს შორის 120 კილომეტრიანი ხაზის ასაშენებლად.

ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წელს დაგეგმილია ტენდერის ჩატარება ჩორუმი-სამსუნის მონაკვეთზე.

რაც შეეხება სამსუნი-ორდუ-გირესუნი-ტრაბზონი-რიზე-ართვინი-სარფის მონაკვეთს, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სარკინიგზო ხაზის სიგრძე 513 კილომეტრია. ამ ხაზზე 14 სადგური იქნება. პროექტი საათში 250 კილომეტრის სიჩქარის მიღწევაზეა გათვლილი.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით, „პროექტი წელიწადში 12 მილიონი მგზავრის და 14 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას გულისხმობს. აშენდება მრავალი გვირაბი და ვიადუკი. აღნიშნული პროექტი 2026 წლის საინვესტიციო პროგრამაში წინასწარი კვლევისა და დიზაინის სამუშაოების დასაწყებად იყო შემოთავაზებული“.

ოფიციალური ცნობა, თუ როდის დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, ჯერჯერობით, გაცხადებული არაა.

„შეიძლება ეს იყოს ოცნების უკანასკნელი შანსი“ – რას მოუტანს განათლებას ჩინური სისტემა

„ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთი ჯერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა, შემდეგ კი ვიზიტებს მოუხშირა ამ ქვეყანაში.

არაერთი ვიზიტით იმყოფებოდა „ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძეც კომუნისტურ ჩინეთში. ბოლო ვიზიტი ივნისის დასაწყისში ჰქონდა და პრესრელიზების მეშვეობით გვამცნო, რომ საქართველოსა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

მიქანაძის აზრით, ჩინეთთან გაფორმებული პარტნიორული ურთიერთობები ქართველ ახალგაზრდებს მისცემს „უნიკალურ შესაძლებლობებს“ მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და გაიღრმაონ პროფესიული უნარები.

რას ნიშნავს დასავლეთთან ურთიერთობების დაზიანების შემდეგ, ჩინეთთან აქტიური თანამშრომლობა და როგორ შეიძლება აისახოს ამ ურთიერთობების შედეგები განათლების თავისუფლებაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი ხიშტოვანს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, რას შეიძლება ველოდეთ ჩინეთთან „ოცნების“ გახშირებული ვიზიტებისგან. თუ ხედავთ რისკებს იმაში, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემა შესაძლოა დაუახლოვდეს იმ ქვეყნის სისტემას, რომელიც არ გამოირჩევა თავისუფლების მაღალი ხარისხით?

ჩემი აზრით, ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. პირველი ის, რომ ჩინეთი არის ძალიან განვითარებული სახელმწიფოა და უმაღლეს სასწავლებლებშიც აქვთ განათლების ძალიან მაღალი ხარისხი. ამიტომ ამ მხრივ, ნამდვილად შეუძლია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, რომ ნახოს სარგებელი ამ თანამშრომლობით.

მაგრამ მეორე ფაქტორია აქ გასათვალისწინებელი. ის, თუ რა ფორმები აქვს ჩინურ უმაღლეს განათლებას. ჩვენ ვიცით, რომ ის თავისუფალი ლიბერალური საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ჩვენთან არსებობს, გულისხმობს თანამშრომლობას ევროპასთან.

ჩინური მოდელი კი უფრო მეტად დაფუძნებულია კონტროლზე, სტუდენტებისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ამიტომაც, ამ ნაწილში ცხადია არსებობს რისკები. რადგან ჩვენ აქამდე ვთანამშრომლობდით ევროპასთან ჯერ Tempus-ის, შემდეგ Erasmus-ის, ახლა Erasmus+-ის პროგრამების საშუალებით და ვუახლოვდებოდით ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას, ვცდილობდით, თავსებადი ყოფილიყო ჩვენი სისტემა ევროპულთან, რომ გამარტივებულიყო ჩვენი სტუდენტების წასვლა ევროპაში და ჩვენი განათლების აღიარება.

გივი მიქანაძე და პეკინის განათლების და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორი იუ იუნფენგი.

ცხადია, ჩინეთისგანაც შეიძლება იხეიროს სტუდენტმა, მიეცეს შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების საშუალებით ცოდნის გაღრმავების, მაგრამ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ევროპული მიდგომების ჩანაცვლება ჩინურით, რაც დაგვაშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას – ეს არის პირველი რისკი.

უნივერსიტეტები, რომლებიც ისედაც არ გამოირჩევიან მაღალი ავტონომიით, აკადემიური თავისუფლების ხარისხით და დღეს მეტად იზღუდება ეს თავისუფლება, მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნებიან მოქცეული პარტიული სახელმწიფოს დიქტატის ქვეშ.

  • სტუდენტებისგან, მოგზაურებისგან მსმენია, რომ ჩინეთში ადამიანები თავს არიდებენ პოლიტიკაზე ლაპარაკს. აკრძალულია ხელისუფლების კრიტიკა, შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება. მაშინ, როცა „ოცნების“ პროპაგანდაც მუშაობს იმაზე, რომ „უნივერსიტეტები უნდა დაიცალოს პოლიტიკისგან“, რომ უნივერსიტეტში არ არის პოლიტიკის ადგილი და ასე შემდეგ, არადემოკრატიულ ქვეყანასთან ჩვენი განათლების სისტემის მიბმა, კიდევ უფრო მეტად არ დააზიანებს თავისუფლების ხარისხს?

ამ მხრივ „ქართულ ოცნებას“, შეიძლება ითქვას, გაცხადებული მიზანი აქვს, რომ საქართველოს განათლების სისტემა მიემსგავსოს ჩინურს. ამის უკან იგულისხმება ის, რომ ქართული უმაღლესი განათლება და უნივერსიტეტი არ იყოს თავისუფალი აზროვნების კერა.

უმაღლეს სასწავლებელში არ იყოს აკადემიური თავისუფლება, ლექტორს არ შეეძლოს იმის კვლევა და სწავლება, რაც მას აინტერესებს. ამიტომ შემთხვევითი არ არის ჩინეთში მოხშირებული ვიზიტები. ეს სასურველი მოდელია მათთვის.

რას გულისხმობს ეს მოდელი? მაგალითად, ავიღოთ ე.წ დიპლომატიური უნივერსიტეტის შექმნის ინიციატივა, რაც გულისხმობს იმას, რომ სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამები პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის ქვეშ იქნება მოქცეული.

ახლო მომავალში მივიღებთ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკური მეცნიერებები, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები აღარ ისწავლება თსუ-ში ან სხვა უნივერსიტეტებში და მხოლოდ ამ უნივერსიტეტის ქვეშ შეეძლება სტუდენტს ამ პროფესიის მიღება.

ყველას, ვისაც მოუნდება ისწავლოს და გახდეს დიპლომატი, პოლიტიკის მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, სახელმწიფო უწყების ქვეშ არსებულ უნივერსიტეტში მიიღებს განათლებას. ეს არის ჩინური მოდელი.

მაგალითად, ჩინეთში ასეთი უნივერსიტეტი მეცნიერებათა აკადემიის ქვეშ არის მოქცეული და აქაც, არის მცდელობა, რომ კრიტიკული მიმართულებები იყოს მონოპოლიზებული ისეთი სასწავლებლების მხრიდან, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან სახელმწიფო უწყებას და ეს სახელმწიფო უწყება გაიგივებულია პარტია „ოცნებასთან“.

ამიტომ, ჩინეთი არის კარგი მაგალითი – ჩვენც ასეთ, სახელმწიფო დომინაციაზე დაფუძნებულ უმაღლეს განათლების სისტემას მივიღებთ.

  •  „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმაც ხომ რეალურად აქეთკენ არის მიმართული?

კი, „ოცნების“ რეფორმა ამ მხრივ მიესადაგება ჩინურ მოდელს და პროპაგანდასაც მარტივად შეუძლია „დაასაბუთოს“, რომ აი, ჩინეთი წარმატებული სახელმწიფოა.

თუ გათვალისწინებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ვერანაირ რეალურ თანამშრომლობაზე ვერ დაიყოლია ჩინეთი, ამდენი მცდელობის მიუხედავად, განათლების სფერო შეიძლება იყოს უკანასკნელი შანსი, რასაც შეიძლება „ოცნება“ ჩაეჭიდოს ამ ურთიერთობაში.

ჩინური რბილი ძალის დემონსტრირებაა თუნდაც საგანმანათლებლო სფეროში გავლენების გაფართოება, გაცვლითი პროგრამები და ასე შემდეგ.

შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთის მხრიდან რბილი ძალის გატარების სურვილის პარალელურად, შესაძლოა მსოფლიოს აჩვენოს, რომ ჩინეთთან სერიოზული თანამშრომლობა აქვს დაწყებული.

  • ღირებულებების ნაწილში რამდენად თავსებადი იქნება ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა განათლების ნაწილში?

ბოლო ორი წელია „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა საქართველოს მოსახლეობას, რომ მისთვის ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატია არ არის მნიშვნელოვანი ღირებულება.

აქედან გამომდინარე, ძალიან თავსებადია ის, რასაც ჩინეთი აკეთებს ჩინეთში და ის, რასაც „ოცნება“ აკეთებს საქართველოში. აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, რომ ეს ორი – ჩინეთის კომუნისტური პარტია და „ქართული ოცნება“ – თანხვედრაშია.

ამიტომაც არის „ქართული ოცნების“ რეფორმის მიზანი, საბოლოოდ დაამყაროს სრული კონტროლი უმაღლესი განათლების სისტემაზე. ჯერჯერობით ეს შეეხო სახელმწიფო უნივერსიტეტებს, თუმცა ნაწილობრივ კერძო უნივერსიტეტებსაც, რადგან ფაქტობრივად, სახელმწიფო განუსაზღვრავს კერძო უნივერსიტეტებს რამდენი უცხოელი სტუდენტი მიიღოს და საბოლოოდ, ჩემი ვარაუდით, სახელმწიფო განსაზღვრავს იმასაც, ვინ, სად და რა შინაარსით ასწავლოს.

ეს არის „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკა. მათი ყველა ქმედება ამისკენ მიდის.

„დედა, ნაყინი მინდა“ – მარტოხელა 30 წლის დედა 4 შვილით ბარაკში

„მინდა, რომ ჩემს შვილებს სახლი ჰქონდეთ, მეტს არაფერს არ ვითხოვ,“ – ამბობს 30 წლის ირმა მამულაძე. იგი მარტოხელა დედაა, 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს.

ირმა მამულაძე ბინას ითხოვს. იგი რამდენჯერმე იყო ბათუმში გამართულ აქციაზე, სადაც უსახლკაროებმა ბინა მოითხოვეს. მარტოხელა დედის თქმით, 4 შვილთან ერთად მერიასთან მისულ დედასაც კი არ შეხვდა ბათუმის მერი. გაუგებარია, რატომ იქცევა ასე ბათუმის მერიო – წუხს ირმა მამულაძე და ბარაკში შევყავართ – ვიწრო და ღარიბულად მოწყობილ მისაღებში შესვლისთანავე მძაფრად იგრძნობა ნესტის სუნი.

ბარაკი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს, ბათუმის მერიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობიდან ორ ნაბიჯში. აქ რამდენიმე ოჯახი წლებია ბარაკში ცხოვრობს.

ირმა მამულაძე გვიყვება, რომ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ იძულებული გახდა, მოძალადე ქმრის ოჯახიდან წამოსულიყო და ბებიასთან დაბრუნებულიყო, ბარაკებში.

 

ირმა მამულაძე ჩვენს წინ ჯდება დივანზე. დედასთან სხდებიან შვილებიც, ერთ-ერთი მათგანი მიყვება, ჩემს თოჯინასაც მარიამი ჰქვია, ანუ ჩემი სახელი, ყველაზე პატარა დაიკო საბავშვო ბაღშია და საღამოს ერთად უნდა მივაკითხოთ, ბებია კი, სტუმრად არის წასულიო.

ოჯახის შემოსავლის წყარო სოციალური შემწეობაა – თვეში 1050 ლარი, ამას ემატება მარტოხელა დედის პენსია. ირმა მამულაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მას შშმ პირის სტატუსი აქვს და თვეში 250 ლარს იღებს:

„აქედან 200 ლარი უკვე დავხარჯე გუშინ წამლებში, 50 ლარი დამრჩა, რა ვიყიდო?“ – კითხულობს ირმა მამულაძე და წამლების შეფუთვას გვაჩვენებს.

ირმა მამულაძის სამზარეულო

„ღარიბი ვინცაა და დახმარება სჭირდება, მართლა რომ გადასცენ ბინა და დაეხმარონ, არ შეიძლება?“ – გვეკითხება მარტოხელა დედა და სამზარეულოსაც გვაჩვენებს: დღესაც სასადილოდან მოვიტანეთ სადილი, მაცივარი კი გაფუჭებულია, წლებია კარადად ვიყენებთო.

„მთავრობა არაფერში არ დამხმარებია, მხოლოდ სოციალურს ვიღებ. მამაჩემი მეხმარებოდა, ხანდახან ჯართს გაყიდდა, ან ფქვილის ტომრებს დაცლიდა… მამაჩემიც გარდაიცვალა ამ წლის დასაწყისში, სიმსივნე ჰქონდა, მე ვუვლიდი.

ბავშვების მამა კი, არათუ ალიმენტს იხდის, ბავშვებს საერთოდ არ ნახულობს… ჩემი ერთი ძმა „ოცნების ქალაქშია“, მეორე – ციხეში. ეს ბარაკი ბებიას ეკუთვნის, აქ არც იცხოვრება, სავსეა აქაურობა ნესტით და ნაგვით… მეც აქ დავიბადე, ამ ბარაკში, როდის აშენდა, არ ვიცი,“ – ამბობს ირმა მამულაძე და ვიწრო გასასვლელიდან ჯერ საერთო, მოუწესრიგებელ ეზოში გავყავართ: ნახეთ, არსად არაა ბავშვებისთვის სათამაშო ადგილიო, მერე ბარაკში სახელდახელოდ მოწყობილ აბაზანას გვაჩვენებს. ირმა მამულაძე გვიხსნის, რომ სამზარეულოში აცხელებს წყალს და ის შეაქვს აბაზანაში.

„ესეც ჩვენი საძინებელია, რომელსაც ფანჯარაც არ აქვს, მხოლოდ ვიწრო ღრიჭოა… როცა წვიმს, კიდევ უფრო საშინლად დგება ნესტის სუნი. მე და ჩემი შვილები, ხუთივე, ამ ერთ ოთახში ვიძინებთ 2 საწოლზე, კარადა არ გვაქვს, მეორე ოთახში ბებია იძინებს და სათავსოა,“ – გვიყვება ირმა მამულაძე.

საძინებელი, სადაც მარტოხელა დედას 4 შვილთან ერთად სძინავს

„არ მყოფნის საჭმელზე ფული, ბავშვებს ხან ტკბილეული უნდათ, ხან ნაყინი. დედა ნაყინი მინდაო და ვერ ვყიდულობ, სხვებმა ჭამონ და ჩემმა შვილებმა უყურონ?

დილით ავდგები და ესენი მიმყავს ბაღში და სკოლაში, მერე მოვლა სჭირდებათ, მუშაობას ვერ ვახერხებ. მე-9 კლასი დავამთავრე და მეტი არ მისწავლია. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ისწავლონ. 18 წლისა დავოჯახდი,“ – გვიყვება ირმა მამულაძე.

„მე მასწავლებელი გამოვალ,“ – გვეუბნება ირმას უფროსი შვილი.

„შუათანა პირველ კლასში რომ გავუშვი, უფროსი გოგოს დაპატარავებული ტანსაცმელი ჩავაცვი, სად მრჩება ტანსაცმლის ფული?

ვისაც ბინა აქვს, იმას ეხმარებიან და ჩემს შვილებს სასადილოდან მოტანილ საჭმელს ვაჭმევ, იმიტომ არის ხალხი აჯანყებული, არ გავჩერდებით, სანამ ბინებს არ მივიღებთ. მთელი სასადილოს ხალხი ვიყავით მერიასთან მისული,“ – გვითხრა ირმა მამულაძემ.

ირმა შვილებთან ერთად

ვინ იმღერებს საზღვაო სეზონის გახსნაზე ბათუმში – 144,5 ათასი ლარი ჰონორარებში

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „საზღვაო ტურისტული სეზონის“ გახსნის ორდღიანი ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ფარგლებში მოწვეულ 16 DJ-სა და მუსიკალურ ჯგუფს ჰონორარის სახით ჯამში 144 ათას 500 ლარს გადაუხდის.

აქედან „ურსას“ – 30 ათასი ლარი, „კახაბერი და ხანუმები“ – 25 ათასი, „სინთეზი“ – 20 ათასი, „მიქსტურა“ – 16 ათასი, New one – 13 ათასი ლარი და ა.შ.

აჭარის სააგენტომ ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე, ჰონორარების ტენდერის გარეშე გადახდის თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განაცხადით უკვე მიმართა.

ფესტივალის ჩატარება 2026 წლის 20-21 ივნისს არის დაგეგმილი, თუმცა „თარიღი შეიძლება გადატანილ იქნეს ამინდის გათვალისწინებით“.

„აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნისა და დაანონსების მიზნით ქალაქ ბათუმში მიმდინარე წლის 20-21 ივნისს ჩატარდება ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“.

ზაფხულის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ფერადი ფესტივალია, რომელიც უკვე წლებია იმართება ბათუმში, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარედ.

ორდღიანი ფესტივალის მუსიკალური ნაწილი გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და მუსიკალური გემოვნების ადამიანებზე, იქნება მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა“, – წერია „ექსკლუზიური უფლების ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში.

ამავე ბრძანებით ირკვევა, რომ შემსრულებლები „სააგენტოს მიერ ორგანიზებულ გასულ ფესტივალებში მონაწილე შემსრულებლების გამოსვლაზე მაყურებელთა სიმრავლითა და საზოგადოების მხრიდან მოწონების, აგრეთვე მათი შემოქმედების, რეპერტუარის, მაღალი რეიტინგისა და ცნობადობის გათვალისწინებით“ შეარჩიეს.

  • სააგენტოს მიერ შერჩეული არიან:

DJ Chiki [არჩილ დავითაძე] – ჰონორარი 2 000 ლარი [საკონცერტო შესრულება]

DJ Nugo [ნუგზარ ხიმშიაშვილი] – 2 000 ლარი [1 საათიანი პროგრამა]

DJ ბენე [გიორგი ცინცაძე] – 2 000 ლარი [2-სააათიანი პროგრამა]

DJ Guri de sal [გური სალუქვაძე] – მომსახურების ღირებულება 4 000 ლარი [ღონისძიების მუსიკალური გაფორმება, 2-სააათიანი პროგრამა].

  • ასევე მუსიკალური ჯგუფები:

Ocean drive – ჰონორარი 3 000 ლარი

Latino orchestra – 3 000 ლარი

4up – 3 000 ლარი [40 წუთიანი პროგრამა]

Why not – 3 000 ლარი [40 წუთი]

La fiesta – 3 000 ლარი [40 წუთი]

Emotion – 4 500 ლარი [მუსიკალური გაფორმება, 40 წუთიანი პროგრამა]

„სინთეზი“ – 20 000 ლარი [6 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები; 1-საათიანი პროგრამა]

„მიქსტურა“ – 16 000 ლარი [5 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები]

„ურსა“ – 30 000 ლარი [5 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები; 1-საათიანი პროგრამა]

კახაბერი და ხანუმები – 25 000 ლარი [ჰონორარი, ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება]

¼ და ლინდა ადამია – 10 000 ლარი [5 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები; 1-საათიანი პროგრამა]

New one – 13 000 ლარი [5 ადამიანის ჰონორარი, ტრანსპორტის, ღამისთევის, კვების ხარჯები]

ჰონორარების ოდენობები აღებულია იმ ინვოისებიდან, რომლებიც აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაუგზავნა.

შესყიდვების სააგენტოში საკითხის განხილვის საბოლოო თარიღად 2026 წლის 16 ივნისია დაფიქსირებული.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო 

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მაისში, შვიდი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

პირველი ტრენინგი პრობლემების სისტემური გადაჭრის თემატიკას დაეთმო. ინტერაქციულ  ვორქშოფზე, მონაწილეებმა რეალურ პრობლემებზე იმუშავეს და   ისწავლეს, როგორ უნდა იპოვონ ძირეული მიზეზები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.

მეორე შეხვედრის თემას  ფინანსების მართვის 10 ოქროს წესი წარმოადგენდა და მას Amadeo-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი უძღვებოდა.

მესამე შეხვედრა ციფრული მარკეტინგის თემატიკაზე ჩატარდა. ალექსანდრე ჩომახიძემ აუდიტორიას მეტას განახლებების და ალგორითმის ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო რჩევები გაუზიარა.

მაისის თვის ტრენინგები  ასევე შეეხო საცალო ქსელებში შესვლის სტრატეგიას, საგადასახადო სიახლეებს და ხარჯების მართვის თემებსაც. მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ ინფორმაცია  ხარჯების ეფექტურად მართვისა  და  სწორი ფინანსური სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება. ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია  დაწყებულია და მასში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს  წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

„ოცნების“ რომელი დეპუტატები და შემწირველები ფლობენ ავტოსადგომებს საბაჟო პუნქტებთან

„ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი, გიორგი ჭყონია და ვიქტორ ჯაფარიძე საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი ლიცენზირებულ  TIR PARK-ებს ფლობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, დეპუტატი გიორგი ჭყონია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის #2-ში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ფიგოილის“ 50% წილის მფლობელია.

გიორგი ჭყონია „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია.

შპს „ფიგოილთან“ დაკავშირებულმა პირებმა, „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე, ჯამში 797, 000 ლარი შესწირეს.

კიდევ ერთ დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძის სახელთანაა დაკავშირებული წითელ ხიდთან არსებული TIR PARK-ი.

„წითელ ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ტირ პარკ მარნეული 2014-ის” ყოფილი მეწილეები არიან „ხალხის ძალის“ და პროპაგანდისტული არხის, „პოსტივის“ დამფუძნებლის, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი და მათ ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი – ოთარ ჩართოლანი.

ორივემ, 2016-2018 წლებში, როდესაც ამ კომპანიის წილებს ფლობდნენ, „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, 208 000 ლარი შესწირეს,“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან. მათ „ქართულ ოცნებას“ და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე, ჯამში 1 991 000 ლარი შესწირეს.

გარდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა, ლიცენზირებულ ტირ პარკებს ფლობენ პარტია „ქართული ოცნების“ სხვა მსხვილი შემწირველებიც.

„გუგუთის (სოფელ პატარა დმანისში) და სადახლოს საავტომობილო (სოფელ სადახლოში) საბაჟო გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი TIR PARK-ების, შპს „გუგუთი ვერტექსის” და შპს „პარკ ვერტექსის” მეწილეები და ხელმძღვანელი არიან თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და სანქცირებულ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები გიორგი და რომან აბრამიშვილები.

მათ, 2018 წლიდან დღემდე, „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, 774 000 ლარი შესწირეს.

ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სოფელ მაწიმში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ნიუ ჯორჯიას” 30% წილის ყოფილი მფლობელია, „ქართული ოცნების“ აქტიური  მხარდამჭერი და მათთან დაახლოებული ბიზნესმენი, მინდია საბანაძე, რომელმაც 2016-2017 წლებში, ამ კომპანიაში 30% ფლობის დროს, „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირა“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

საქართველოში სულ 35 ლიცენზირებული TIR PARK-ია და ისინი 9 საბაჟო გამშვები პუნქტის – სარფის, ყაზბეგის, წითელი ხიდის, სადახლოს (საავტომობილო), ლაგოდეხის, გუგუთის, ნინოწმინდას, ვალესა და კარწახის, მიმდებარედ არის მოწყობილი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებული რიგების მოწესრიგების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სატვირთო ავტომობილი, იმის მიუხედავად, ცარიელია ის თუ დატვირთული, საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს სახელმწიფო საზღვრებთან არსებულ იმ ავტოსადგომებში, ე.წ TIR PARK-ებში, რომლებიც ლიცენზირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის მიერ და ჩართულნი არიან ავტოსატრასნპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

ამ TIR PARK-ების მომსახურების საფასური ერთეულ ტრაილერზე შეადგენს 80 ლარს, რის სანაცვლოდ ისინი არანაირ სერვის არ იღებენ, გარდა რიგის მართვის მომსახურებისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ეკრძალებათ სახელმწიფო საზღვრისკენ მოძრაობა და შემდგომში საზღვრის გადაკვეთა, რასაც საპატრულო პოლიციის მორიგე ეკიპაჟები მუდმივად აკონტროლებენ.

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება – ნახეთ რა ეღირება ბილეთი

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2026 წლის 25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება.

აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს.

„ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს,“ – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციით თბილისი-ბათუმის რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 108 ევროდან [დაახლოებით 331 ლარიდან] იწყება. [შენიშვნა: განახლებამდე ამავე ვებგვერდზე ფასი 132 ევრო-დან იყო მითითებული]

„ჯორჯიან ეარვეისის“ ვებგვერდიდან

 

 

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება

19-20-21 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2026-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს.

თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, წელსაც GTWT-ს მთავარი სპონსორია. გვჯერა, ვქმნით ინოვაციას – სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს წამოწყებებს, სადაც ახალი იდეები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები იბადება.

200-ზე მეტი სპიკერი, 300-ზე მეტი ინვესტორი, 10 ათასზე მეტი სტუმარი – ეს არის შეხვედრების, ლექციების, ვორქშოფების, კონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების სერია, სადაც თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი ტექ პროფესიონალები.

Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

ღონისძიების მასშტაბურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აქტივობები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე ჩატარდება. 20 ივნისს კი, მთავარი ღონისძიება Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც 5 სცენა და არაერთი საინტერესო ამბავი დაგხვდებათ.

Google, Apple, Revolut, Nike, Fuckup Nights – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელთა წარმომადგენლებსაც გლობალ ტექ ვიქენდის სცენებზე შეხვდებით. სპიკერებს შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან თიბისელები:

არჩილ ვარდიძე – თიბისის დიზაინის მთავარი ოფიცერი;

გიორგი კინწურაშვილი – ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი;

გუგა ბურდული – ციფრული ანალიტიკის ლიდერი;

ალექსანდრე შაფათავა – ეჯაილ ქოუჩი.

Global Tech Weekend Tbilisi 2026-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად, ისარგებლეთ ბმულით – Global Tech Weekend | Tbilisi.

„მოვითხოვ გამოძიების დაწყებას და ბოდიშს“ – საზმაუს ეთერში დაცემული 10 წლის ბავშვის დედა

10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონცერტის მსვლელობისას მისი შვილის დაცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მას იმედი აქვს, რომ გამოძიება დაინტერესდება, შეამჩნიეს თუ არა სტუდიაში მისი შვილის მოწყვეტით დავარდნა გადაცემის წამყვანებმა, „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლებმა ან იმ პირებმა, ვინც იმ დროს სტუდიაში იმყოფებოდა.

„წამყვანები, ოპერატორები, მშობლები, „სიმღერის აკადემია“, – ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, სადღაც 20-მდე ადამიანი მაინც იქნებოდა. ვინც დაინახა და არ ჰქონდა რეაგირება, გამოიჩინა გულგრილობა, მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. ვინც იმ წუთებში იმყოფებოდა სტუდიაში, ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია. ამიტომ გამოძიება ალბათ დაადგენს ვინ იმყოფებოდა სტუდიაში, ვინ დაინახა ჩემი შვილის მოწყვეტით დავარდნა და ამაზე არ ჰქონდა რეაქცია“, – ამბობს თამარ აკობია „ბათუმელებთან“.

ის ამბობს, რომ გამოძიებისთვის მას ჯერ არ მიუმართავს, თუმცა გავრცელებული ვიდეო და საზოგადოების რეაქციები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს მომხდარზე.

თამარ აკობია ასევე ითხოვს ბოდიშის მოხდას „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელებისგან, რადგან მათ წაიყვანეს დილის გადაცემაში მონაწილეობისთვის ბავშვები, მათ შორის 10 წლის ანკა, რომელიც პირდაპირი ეთერის დროს სცენაზე მოწყვეტით დაეცა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღებას არავინ მიაქცია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა დამირეკა და მომიხადა ბოდიში, ამიტომ ველოდები მათ ბოდიშსაც. ბოდიში მოუხადონ ბავშვს, ოჯახს და ყველა იქ მყოფ ბავშვს იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში ამღერეს ანკას თანაგუნდელები. ამ შემთხვევით დააზიანეს არა მარტო ანკა, მთელი გუნდი, არასრულწლოვნები, მოზარდები დააზიანეს.

ამ ბავშვების მიმართაც იყო კრიტიკა, ამიტომ არ არის ადვილი მოსასმენი კრიტიკა საზოგადოებისგან. თუმცა მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. თუ მშობელი ან ხელმძღვანელი არ ასწავლის, თუ სასწავლო დაწესებულება არ აჩვენებს მაგალითს, ჩვენ, საზოგადოებამ მაინც ვაჩვენოთ რა არის სწორი მაგალითი.

ეს არის ჩემი მიზანი, რომ გაიაზრონ ადამიანებმა თავიანთი შეცდომა და არა ის, რომ ვიღაც გავლანძღო. მიზანია ის, რომ ყველა სასწავლო დაწესებულება გამოფხიზლდეს და გაიგოს, რომ ბავშვებთან ასე უპასუხისმგებლო მოქცევა არ შეიძლება“, – ამბობს თამარ აკობია.

როგორც დედა ამბობს, სცენაზე დაცემის შედეგად მის შვილს დაუზიანდა თითები და ახლა ფიქსატორში აქვს, სხვა რაიმე სერიოზული დაზიანება არ მიუღია 10 წლის ანკას.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს და ჰკითხა, ხომ არ დაუწყიათ გამოძიება საზმაუს ეთერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, შსს ჯერ-ჯერობით ცვენს შეკითხვებს არ პასუხობს.

_____________________

ამ თემაზე:

„3 წუთი ბავშვი იატაკზე იწვა უყურადღებოდ“ – რა მოხდა პირველი არხის ეთერში

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივნისის 21 საათიდან 13 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 18  – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 14-15 ივნისს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია წვიმა.

ავტომაგისტრალებზე სპეციალურ სასწორებს დაამონტაჟებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით საქართველოში ავტომაგისტრალებსა და გზებზე სპეციალურ სასწორებს დაამონტაჟებენ, რომლებიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს.

„ვმუშაობთ, ჩვენს მაგისტრალებსა და გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომელიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას.

ჩვენი ინიციატივები არაა ერთჯერადი. ესაა კომპლექსური, ერთიანი მიდგომის ერთი ნაწილი. აქ ბევრი კომპონენტი მოიაზრება, გეგმაზომიერად მივუყვებით რეფორმების კურსს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

რაც შეეხება შეფერხებებს გზების მშენებლობაში, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ უხარისხოს არაფერს ჩაიბარებენ: „მიმდინარე პროექტებზეც გვაქვს შეფერხებები. გვირჩევნია გვქონდეს შეფერხებები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ხარისხიანი გზები და ინფრასტრუქტურა აშენდეს“.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნება ახალი სახელმწიფო კომპანია, რომელიც „არ იქნება სამშენებლო ან გზების დამგები ორგანიზაცია. მისი ფუნქცია იქნება ოპერატიული მართვა, მონიტორინგი და გადაწყვეტილებების მიღება იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებულ საინჟინრო სირთულეს წარმოადგენს“.

რევაზ სოხაძის თქმით, სახელმწიფოსთვის მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების გადაადგილებისას იწყება.

„ჩემთვის, ისევე როგორც მთლიანად მთავრობისთვის, მიუღებელია მდგომარეობა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც რომელიმე სახელმწიფო წარმომადგენლის გადაადგილების შესახებ ხდება ცნობილი.

ჩვენი მიზანი არ არის, გაკეთებული საქმე მხოლოდ ჩვენ ვნახოთ. მთავარი არის, რომ მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავდეს მოვლილ, უსაფრთხო და მოწესრიგებულ გზებს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება – რა ეღირება ბილეთი

საქართველოს საავიაციო ბაზარზე რუმინული კომპანია Dan Air-ი შემოდის.

კომპანია ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს 2026 წლის ივლისიდან, კვირაში ორჯერ შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, Dan Air-ი არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის.

კომპანიის გვერდზე აღნიშნულია, რომ ივლისში ფრენის ფასი თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით 80 ევრო იქნება. პირველი პირდაპირი ავიარეისი თბილისსა და ბუქარესტს შორის 4 ივლისს შესრულდება.

 

 

სროლა იყო ბათუმის ბულვარში – დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმის ბულვარში, რესტორან „აკროპოლისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. შემთხვევა 11 ივნისს, ღამის საათებში მოხდა.

გასროლის შედეგად მსუბუქად დაშავდა დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულებს კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.

სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს ერთი პირი.

„ბათუმელები“ ინფორმაციას დაწყებული გამოძიების შესახებ შს სამინისტროში აზუსტებს.

ჯიპას სტუდენტებმა პრაქტიკა შუახევი ჰესზე გაიარეს 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკა ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შუახევის ჰესების კასკადის ობიექტებზე გაიარეს.

პრაქტიკა მოიცავდა საინფორმაციო ნაწილს და ასევე, გულისხმობდა ენერგოობიექტების დეტალურ მიმოხილვას, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და ინსტრუქტაჟს.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან, კონკრეტულად, განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამასთან და მოხარული ვართ, რომ შუახევი ჰესი შეირჩა, როგორც მათი პრაქტიკის ობიექტი.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ შუახევი ჰესის ყველა მნიშვნელოვან ობიექტს.

რა თქმა უნდა, მათი ვიზიტი დაიწყო ჰიდროელექტროსადგურიდან, რომელიც ჩვენი კასკადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ასევე, სტუდენტებმა მოინახულეს სხალთა ჰესი, დიდაჭარის კაშხალი და სრული ინფორმაცია მიეწოდათ ყველა ობიექტის ოპერირების შესახებ.

შუახევი ჰესი ყოველწლიურად აუმჯობესებს თავის ტექნიკურ მონაცემებს, ჩვენ მუდმივად მივყვებით მსოფლიო პროგრესს და ვცდილობთ, ყოველწლიურად დავგეგმოთ ახალი მიდგომები, ახალი ტექნოლოგიები და მზად ვართ, ეს ცოდნა გავუზიაროთ როგორც სტუდენტებს, ასევე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რადგან მიგვაჩნია რომ განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ – ამბობს იზა გოცაძე, აჭარისწყალი ჯორჯიას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

პრაქტიკის დაწყებამდე სტუდენტებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა უმასპინძლა და კომპანიის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაცია მოიცავდა მფლობელების, კრედიტორების, მენეჯმენტის, სტრუქტურის, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების, განხორციელებული და დანერგილი ინოვაციების და სხვა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაციას.

უშუალოდ სასწავლო პრაქტიკას რაც შეეხება, სტუდენტებმა პირველ რიგში დეტალური ინსტრუქტაჟი გაიარეს ენერგოობიექტის უსაფრთხოების მენეჯმენტში, განიხილეს უსაფრთხოების წესები და მისი პრაქტიკული დანერგვის გზები.

თინათინ ჭყონია, ჯიპას პროფესიული მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, განმარტავს, რატომ იყო ეს პრაქტიკა მათთვის მნიშვნელოვანი: „ჩვენ ვსწავლობთ განახლებადი ენერგიების მენეჯმენტს და შესაბამისად, ჰიდროენერგია მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი პროგრამის.

პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა დაგვეთვალიერებინა სამი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი.

ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია და ზუსტად ამავე პრინციპით, ძალიან საინტერესო იყო როცა ადგილზე შეგვეძლო გვენახა როგორც სათავე ნაგებობა, ასევე გამშვები პუნქტი და ენერგეტიკული კვანძი.

ახლა, მაგალითად, ვიმყოფებით დიდაჭარის კაშხალზე, სადაც არის შედარებით წყალუხვობა და საშუალება გვაქვს ვნახოთ როგორ ჩაედინება წყალი. ეს საინტერესო სანახავია, არა მარტო პროფესიულად, არამედ ვიზუალურადაც ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია.

ასევე მნიშვნელოვანი იყო და ვიზუალურად შთამბეჭდავი, შედარებით უფრო პატარა, მაგრამ ამავე კომპლექსის ნაწილი სხალთის ჰესი, რომელიც გამოკვეთილ კლდეში განთავსებული ენერგო ობიექტია. აქ შეგვიძლია გენერატორები და ჰიდროენერგეტიკის ინფრასტრუქტურა ძალიან თვალსაჩინოდ, პატარა სივრცეში დავინახოთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ეს პრაქტიკა, რადგან შეგვეძლო დაგვენახა ის, რასაც მანამდე თეორიულად ვსწავლობდით ან სხვა, უფრო პატარა ჰესების მაგალითზე ვნახულობდით.

ასევე, ძალიან კარგი იყო ტრენინგი, რომელიც აქ არსებულმა პერსონალმა ჩაგვიტარა და მოგვცა საშუალება უფრო დეტალურად და კარგად გაგვეგო თითოეული მოწყობილობის მოქმედება და შინაარსი“ – გვითხრა სტუდენტმა.

შუახევის ელექტრო სადგურში დაათვალიერეს და განიხილეს ენერგობლოკი და ელექტროენერგიის გენერაციის დანადგარები, ტურბინები და გენერატორები, მართვის ოთახი და ციფრული მონიტორინგის სისტემები და წყლის მიმღები ინფრასტრუქტურა.

სხალთა ჰესზე სტუდენტებმა დაათვალიერეს ობიექტის ენერგობლოკი და რეზერვუარი, ადგილზე ნახეს ტურბინები და გენერატორები და ინფორმაცია მიიღეს აღჭურვილობის მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ.

სტუდენტური პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დიდაჭარის კაშხალიც, სადაც პროექტის მონაწილეებმა განიხილეს გვირაბის გაყვანის სამუშაოები და კაშხლის მშენებლობისა და ტექნიკური მოვლის დეტალები.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 380 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 014 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 728 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 43 865 ერთეული [+78]
  • MLRS – 1 861 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 417 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 344 869 ერთეული [+2 218]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 636 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 105 850 ერთეული [+352]
  • სპეცტექნიკა – 4 280 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 11 ივნისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა 50 წლამდე ქალი. ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველის თქმით, შემთხვევა საღამოს ცხრა საათის შემდეგ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

ამ ქუჩაზე მოძრაობას პერიოდულად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც აფერხებს. „ბათუმელებმა“ არაერთხელ გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო მასალა, რაც ადასტურებს, რომ ამ ქუჩის დიდ ნაწილზე გარეგანათება დიდი ხანია გამორთულია, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია.

საპენსიო სესხი მაღალი პროცენტით – 4 წლის წინ 960 ლარი გამოვიტანე და დღემდე ვიხდი

„პენსიას უნდა ვიღებდე 495 ლარს და მერიცხება 280 ლარი… ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო“, – ეს 71 წლის პენსიონერმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასიათასობით მოქალაქეს შორის, ვისაც საქართველოში ყველაზე ძირიანი, ანუ საპენსიო სესხი აქვს.

ქალბატონ ფატის [მან გვარის დასახელება არ ისურვა] შემთხვევით ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდით აეროპორტის გზატკეცილზე, დაღლილი პენსიონერი თურქეთიდან ბრუნდებოდა ხელვაჩაურში.

ფატის საპენსიო სესხი 4 წლის წინ აუღია – 960 ლარი.

„მაშინ 960 ლარი გამოვიტანე შვილის საქორწინოდ – გოგოს ქორწილი იყო და ხომ იცით, ჩვენი ტრადიციები, რამდენი რამ გჭირდება.

თავის დროს 32 პროცენტად მომცეს სესხი, მერე მითხრეს 8 პროცენტი დავაკელითო.

ჩვენს ქვეყანაში ვინც მდიდარია, ის მდიდრდება ისევ, ჩვენთვის არაფერი იცვლება, ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ?“ – კითხულობს პენსიონერი და მიგვანიშნებს, მოსაცდელიც კი არაა მოწყობილი, ჩრდილს რომ შევაფარო თავი, ვიდრე ავტობუსი მოვაო.

საპენსიო სესხი აქვს ნაზი თაფაქიძესაც. იგი 73 წლისაა, ონკოპაციენტი და ბათუმში ცხოვრობს:

„370 ლარს ვიღებ პენსიას, როცა თვეში 495 ლარს უნდა ვიღებდე. 120 ლარამდე ყოველთვიურად საპენსიო სესხში მიდის,“ – გვიყვება ნაზი თაფაქიძე. – „წამლების გამო დამჭირდა სესხის აღება, ონკოპაციენტი ვარ, წლების წინ წამლების გამო დამჭირდა ამ სესხის აღება… როცა დამიდგინეს სიმსივნე, ძალიან ბევრი გამოკვლევა დამჭირდა, წამლები. არ მეყო ფული. ახლა საერთოდ ვეღარ ვყიდულობ წამალს. მოცემით წამალს ვინ მოგცემს? კიდევ კარგი, მთავრობამ ოპერაცია დამიფინანსა.

სიარულიც მიჭირს, რომ ბანკში მივიდე და გავიგო, როდის სრულდება ეს სესხი. ამას წინათ, მიპასუხეს 2027 წელს დასრულდებაო.

შვილთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შვილი ახერხებს მუშაობას და საჭმელი არ მაკლია, მაგრამ წამალი ხომ იცით, როგორი ძვირია? ექიმთან ვეღარ მივდივარ,“ – უთხრა ნაზი თაფაქიძემ „ბათუმელებს“.

ნაზი თაფაქიძე

ამ ქვეყანაში პენსიონერები რომ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ამას სტატისტიკაც ადასტურებს – ყველა მე-3 პენსიონერს ყველაზე მაღალპროცენტიანი სესხი აქვს, ანუ საპენსიო სესხი. საქართველოში 2025 წელს 888 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობდა, მათგან 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი ჰქონდა.

წამლის საყიდლად, თუ თავის გადასარჩენად პენსიონერებს ისევ უწევთ ყველაზე ძვირადღირებული სესხის აღება. წინა მოწვევის პარლამენტმა ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგა და პენსიონერების სესხს რამდენიმე პროცენტი ჩამოაკლდა, თუმცა საპენსიო სესხი საქართველოში, სხვა სესხებთან შედარებით, ისევ ყველაზე ძვირია – იპოთეკური თუ სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, პენსიონერები სესხში დაახლოებით 26 %-მდე იხდიან.

წლებია „ოცნება“ საპენსიო სესხზე აღარ საუბრობს. „ოცნების“ პარლამენტი რეპრესიული კანონების მიღებითაა დაკავებული და არა, მაგალითად, პენსიონერის რეალური პრობლემების მოგვარებით.

  • რა შეიცვალა საპენსიო სესხში? 

ღარიბ პენსიონერებს საქართველოში ყველაზე მაღალ პროცენტს ახდევინებენ საბანკო სესხში. როცა იპოთეკური სესხი საშუალოდ 12-16 %-ად გაიცემა, ხოლო სამომხმარებლო სესხის განაკვეთია საშუალოდ 15-18 %, ამ დროს ღარიბ პენსიონერს ახდევინებენ სესხში 26%-ს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს აქვს აღებული საპენსიო სესხი. ამ სესხების მოცულობა, ჯამურად, 497 მილიონ 790 ათას 386 ლარია. პენსიონერები 2023 წლამდე სესხში 30-32%-ზე მეტს იხდიდნენ, 2023 წლიდან კი, განისაზღვრა მაქსიმალური ზღვარი – 26%.

ნაზი თაფაქიძის შემთხვევა რომ ავიღოთ: 70 წელს გადაცილებული პენსიონერის თვიური პენსიის 495 ლარის 26 % [ანუ საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი] არის 128.7 ლარი. ნაზი თაფაქიძეს თვეში 120 ლარს აჭრიან. ყოველთვიურად პენსიიდან 120 ლარის ჩამოჭრა სიღარიბეში მცხოვრებს პენსიონერისთვის ძალიან მძიმე ტვირთია.

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ 2020 წლიდან პერიოდულად აქვეყნებდა სხვადასხვა პენსიონერის მძიმე ისტორიას რუბრიკაში „პენსია სესხად“. მაგალითად, ქობულეთში 2021 წელს ავთანდილ ღაღაიშვილმა მაშინ გვაჩვენა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს 3433 ლარი სესხად მისცეს და მას ჯამში 5960 ლარი უნდა დაებრუნებინა. სმენისა და მეტყველების უნარების არმქონე, უსინათლო პენსიონერს 2527 ლარის გადახდა უწევდა მხოლოდ პროცენტში.

ამ პრობლემის გააქტიურების შემდეგ პარლამენტში სხვადასხვა კომიტეტის სხდომა გაიმართა, ასევე საგანგებო მოსმენა „მოქალაქეების“ ინიციატივით. 2023 წელს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით საპენსიო სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად 26 % განისაზღვრა, თუმცა სახალხო დამცველის მიერ მომზადებული 2024 წლის ეფასებით, პენსიონერებს 2023 წლამდე აღებულ სესხებში ისევ მაღალი პროცენტის გადახდა უწევთ.

რატომ აღარ მუშაობს პარლამენტი საპენსიო სესხებზე? – „ბათუმელებმა“ პარლამენტის პრესსამსახურს მიმართა თხოვნით, რომ „ოცნების“ რომელიმე დეპუტატი ჩაგვეწერა, თუმცა უშედეგოდ.

  • ლიბერთი ბანკში“ ახალი მენეჯმენტია – ეს ბანკი გასცემს საპენსიო სესხებს 

„ლიბერთი ბანკი“ გასცემს საქართველოში ძირითადად საპენსიო სესხებს. ეს ბანკი ემსახურება პენსიონერებს.

„ლიბერთი ბანკი“ ირაკლი რუხაძემ – „ქართული ოცნების“  პროპაგანდის მანქანა 2026 წელს გაყიდა. რა ფასად გაიყიდა ლიბერთი ბანკი, უცნობია. „ბაზის ბანკის“ მთავარი მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“.

„ლიბერთი ბანკის“ გასხვისების შესახებ მაშინდელი მფლობელი ირაკლი რუხაძემ 2025 წლის ივნისში განაცხადა. ირაკლი რუხაძე 2026 წლის თებერვლის დასაწყისში პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედს“ კი 1000 ლარად დაემშვიდობა – 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია „იმედი“ დაასანქცირა.

რა შეიცვალა საპენსიო სესხში? აპირებს „ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტი საპენსიო სესხის პირობების გადახედვას? – „ბათუმელებმა“ შეკითხვებით მიმართა „ლიბერთი ბანკის“ პრესცენტრს. პასუხის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

  • „მომხმარებლები სოციალურ სესხებს, ძირითადად, სწორედ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების შესაძენად იყენებენ“

„ნებისმიერი ქვეყნის შეფასება შეიძლება იმით, როგორ ექცევიან ბავშვებს და მოხუცებს. ბავშვებისთვის და მოხუცისთვისაც გვაქვს ძალიან უგრძნობი, ცარიელი სახელმწიფო“, – მიიჩნევს იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი. საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტზე 2023 წელს კვლევა მოამზადა კონკრეტულ ისტორიებზე დაყრდნობით საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხმა“. ამ კვლევის ავტორია ვახტანგ ნაცვლიშვილი.

2023 წლის კვლევის მიხედვით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების უმეტესობისთვის უცნობია ორ პროდუქტს – საპენსიო სესხსა და ოვერდრაფტს შორის განსხვავება, „ბანკი კი მომხმარებლებს ხელშეკრულების პირობებს სათანადოდ არ აცნობს.“

„კვლევის ერთ-ერთი მიგნება იყო ოვერდრაფტების და სესხის აღრევა – ეს ოვერდრაფტი ისეთი ფორმაა სესხის, ამ შემთხვევაში პენსიონერებისთვის, როცა ყოველ თვეში იხდი პროცენტს, მაგრამ ძირ თანხას არაფერი არ აკლდება… თვითონ ჰყვებოდნენ „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები კვლევის ფარგლებში, რომ ოვერდრაფტის გაცემა პენსიონერზე უფრო მაღალ ბონუსს აძლევდა მათ, ვიდრე ჩვეულებრივი საპენსიო სესხის გაცემა პენსიონერზე. შეიძლება ითქვას, რომ „ლიბერთი ბანკმა“ თავისი თანამშრომლები აქცია თანამზრახველებად.

ასევე იყო ხელშეკრულებების თვითნებური ცვლილებები პანდემიის შემდეგ პერიოდში, გამოიკვეთა, რომ ბანკს ჰქონდა არაკეთილსინდისიერი საბანკო პრაქტიკა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ადეკვატური რეაქცია… ამ ინფორმაციას უნდა მოჰყოლოდა ეროვნული ბანკის მხრიდან კონკრეტული ქმედებები – ეს ყველაზე მინიმალური, თორემ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულთანაც გვქონოდა საქმე. ეს ეხება ასიათასობით პენსიონერს…“ – მიიჩნევს იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი.

რა შეიცვალა საპენსიო სესხში საპროცენტო განაკვეთის დაკლებით?

„საპროცენტო განაკვეთი დაიწიაო, რომ ვამბობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ ყველაზე მაღალია საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი. არავის უნდა ეგონოს, რომ პენსიონერებს თითქოს შეღავათები დაუწესეს,“ – გვიყვება ვახტანგ ნაცვლიშვილი. – „მეტიც, სესხის განაკვეთი არასდროს არ ყოფილა ამ სისტემის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იმდენად დაუზღვეველია პენსიონერის რისკები და ცხოვრება, რომ საბაზისო საჭიროებისთვის უწევს პენსიონერს სესხის აღება.

წამლისთვის, ექიმთან მისასვლელად და სამკურნალოდ რომ სესხის აღება დაგჭირდება, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ უკეთეს საპროცენტო განაკვეთში აიღო სესხი, მაგრამ სურათს ეს არ შეცვლის. თუ საბაზისო საჭიროებებისთვის სესხი გჭირდება, ესე იგი, ძალიან ცუდად ცხოვრობ და პრობლემა მარტო სესხის განაკვეთშია კი არ არის, ხანდაზმულთათვის ზრუნვის პოლიტიკაში არის პრობლემა და ეს არსებითად არ გადახედილა,“ – გვითხრა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.

2023 წელს „ლიბერთი ბანკს“ უჩივლეს სახალხო დამცველთანაც.

ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელიც სოციალურ სესხს ეხებოდა, სახალხო დამცველმა 2022 წელს შეისწავლა. მაშინ სახალხო დამცველმა გამოცემული ზოგადი წინადადებით სოციალური ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოითხოვა. განმცხადებელი დევნილის სტატუსის მქონე პირი იყო, რომელსაც 2021 წელს აუღია სესხი 568 ლარი. მას 30,69 %-ად მისცეს სესხი და 568 ლარის ნაცვლად, ჯამში 993,60 ლარი უნდა დაებრუნებინა.

დევნილის შემწეობიდან თვეში 45 ლარიდან  20.70 ლარი სესხის დასაფარად მიდიოდა.

რა ჩაწერა სახალხო დამცველმა ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში:

„როგორც განსახილველი საქმის ფარგლებში გამოვლინდა, სოციალური სესხის მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მათი საარსებო საშუალებებისთვის გამიზნული სახელმწიფო გასაცემელების არცთუ მცირე ნაწილით უწევთ სესხის დაფარვა. ამავდროულად, სესხის ვადის განმავლობაში ჯამურად გადასახდელი თანხა [მოცემულ შემთხვევაში, 993.60 ლარი – ძირი და პროცენტი] სესხის სახით მიღებულ თანხას [მოცემულ შემთხვევაში, 568 ლარი] დაახლოებით 75%-ით აღემატება…

სხვადასხვა დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ნათელია, რომ მომხმარებლები სოციალურ სესხებს, ძირითადად, სწორედ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების შესაძენად იყენებენ, რომელთათვისაც სხვადასხვა სახელმწიფო გასაცემელი საკმარისი არ არის. ესენია: მედიკამენტები, შეშა, სურსათი და სხვა საარსებო საშუალებები.

აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სოციალური თუ სხვა სახის სარგოს მიმღებ პირებზე გაცემული სესხის საშუალო თანხა 1000 ლარის ფარგლებშია, რაც, ბუნებრივია, ვერ იქნება მიმართული ფუფუნების საგნების შესაძენად. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მედიკამენტებსა და სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოსთვის აღიარებულ გამოწვევებს წარმოადგენს.

სოციალური სესხისგან განსხვავებით, სამომხმარებლო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში 11.85%-დან იწყება,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

იურისტ ვახტანგ ნაცვლიშვილს ვკითხეთ „ლიბერთი ბანკის“ აქამდე გაჟღერებულ, მთავარ არგუმენტზე, რომ საპენსიო სესხი მაღალი რისკის შემცველია და ამიტომაცაა საბაზრო პროცენტი მაღალი.

„იმისთვის, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ რისკებში, უნდა ვნახოთ რეალური ფორმულა, როგორ გამოთვლიან პროცენტს. ამ წლების მანძილზე რამდენი მილიონის მოგება ნახეს, რის ხარჯზე ნახეს და ასე შემდეგ… არგუმენტი, რომელსაც ზურგს არაფერი უმაგრებს, უფრო მითოლოგიას ჰგავს. თუ უნდათ, რომ ეს არგუმენტი სათვალავში იყოს მიღებული, მაშინ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროონ,“ – მიიჩნევს ვახტანგ ნაცვლიშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ, როგორც მხოლოდ ბანკთან დაკავშირებულ პრობლემას:

„საპენსიო სესხები მარტო ასაკით პენსიონერებზე კი არ გაიცემა, გაიცემა ყველაზე, ვინც იღებს სახელმწიფოს გასაცემელს. უფრო ფართო სურათის დანახვაა საჭირო. ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გარეშე, წამლების პოლიტიკის რეფორმის გარეშე, შეუძლებელი იქნება პენსიონერი გაუმკლავდეს იმ ხარჯებს, რაც მას აქვს…

როცა მთავრობა საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკური ზრდა მაშინ აისახება მოსახლეობის ფართო ჯგუფებზე, როდესაც სახელმწიფოს აქვს გადანაწილებითი და ინტერვენციული პოლიტიკა, როცა მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს აბანდებს ზრუნვის სერვისებში, აბანდებს საჯარო ინტერესში, ჯანდაცვაში, განათლებაში და ასე შემდეგ.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ეკონომიკური ზრდით ავტომატურად ცხოვრების ხარისხი შეიძლება სულ არ გაიზარდოს და საქართველო ამის დასტური: ციფრებით ჩვენთან ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკა, მაგრამ იზრდება სიღარიბეც,“ – გვითხრა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.

ჭოროხის კარიერზე საკმარისი ხრეში არ აღმოჩნდა ბულვარის პლაჟისთვის – გარემოს დაცვა

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, პრომინადის გასწვრივ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა მთავარი, რისთვისაც ეს ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, ანუ პლაჟი, არ არის.

ბანაობის სეზონი კი ბათუმში, მართალია „არაოფიციალურად“, მაგრამ დაწყებულია.

ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ჭოროხის კალაპოტში არ აღმოჩნდა.

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ არც პლაჟია და ზღვა ნაპირდამცავი ლოდების კონსტრუქციასაც შლის / 10.06.2026

რა ხდება?

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე სანაპიროს დასაცავად თავის დროზე სპეციალური ნაგებობა ლოდებით ააგეს, რაშიც 52,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ყოველწლიურად, ზღვის ხელოვნური კვება იყო საჭირო პლაჟის მოწყობა-შენარჩუნებისთვის.

საჭირო რაოდენობის ხრეშის შეუტანლობის გამო აქ არსებული პლაჟის ვიწრო ზოლი ზღვამ კვლავ წარეცხა, პარალელურად ნაპირდამცავ ლოდებსაც ისევ შლის.

სანაპიროზე ხრეშის [ინერტული ნატანის] შესატანად აჭარის 2025 წლის ბიუჯეტიდან ფული არ დახარჯეს, არადა ამისათვის 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 2026 წლის ბიუჯეტში კი, პლაჟის ხელოვნური კვებისთვის, მთლიანობაში 2 650 000 ლარი გაწერეს.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი 2 472 349 ლარით გამოაცხადა, თუმცა ეს ტენდერი 2026 წლის მარტში შეწყვიტა. ტენდერის შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა.

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა, პლაჟი არ არის / 10.06.2026

ტენდერის შეწყვეტის მიზეზი სატენდერო კომისიის 2026 წლის 5 მარტის ოქმიდან:

„სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 4 მარტს სამმართველოს გეოლოგიის სამსახურმა შეისწავლა მდ. ჭოროხის კალაპოტში სანაპირო ზოლის პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოებისთვის გამოყოფილი კარიერის ტერიტორია ვიზუალურად.

ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კარიერის ფართობზე ფიქსირდება დაახლოებით 20 სმ სიმძლავრის წვრილფრაქციული მასალით (შლამით) დაფარული მონაკვეთები, რაც კარიერის საერთო ფართობის დაახლოებით 40%-ია. აღნიშნული გამოწვეულია ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად მდ. ჭოროხის კალაპოტში წყლის დონის მკვეთრი მატებით.

გეოსაინფორმაციო პაკეტის მიხედვით, კარიერიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვება შესაძლებელია მაქსიმუმ 1,5 მეტრის სიღრმეზე. წყალმოვარდნის შედეგად გავრცელებული შლამის ფენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობაზე, ისე მასალის ფრაქციულ შემადგენლობაზე, რაც იწვევს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ინერტული მასალის მოცულობის შემცირებას.

გამომდინარე აქედან, წყალმოვარდნის შედეგად წარმოქმნილი და გავრცელებული შლამის ფენის გამო შემცირდა სამუშაოებისთვის საჭირო ინერტული მასალის მოცულობა, რის გამოც ბათუმის სანაპირო ზოლის შესაბამის მონაკვეთებში ვერ მოხდება პლაჟის გასამაგრებელი პროექტით განსაზღვრული რაოდენობის ინერტული ნატანის შეტანა.

სატენდერო კომისიის წევრები გაეცნენ გეოლოგიის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ითქვა, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული ფართობის დამატებითი შესწავლა.

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული ფართობის დამატებითი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს გეოსაინფორმაციო პაკეტის კორექტირების საკითხი, ხოლო მოცემულ ეტაპზე სატენდერო პირობებში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.

წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების, არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოები) შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / 10.06.2026

2026 წელს, შეწყვეტილი ტენდერის ფარგლებში, 110 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა [ხრეში], უნდა შეეტანათ სანაპიროზე – აეროპორტის ასაფრენ ზოლთან და ახალ ბულვარში – დანგრეული პირსის მიმდებარედ.

ზემოთ აღნიშნული მიზეზით ტენდერი 5 მარტს შეწყვიტეს. 18 მარტს კი, „ოცნების“ მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხელოვნური კუნძულისთვის დამატებით 301 ათას 140 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ ამოღების უფლება მისცეს.

ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ლიცენზიისგან არაერთხელ გაათავისუფლეს. კომპანია მასალებს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, ჭოროხის კალაპოტშიც მოიპოვებს.

სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის ამოღება მშენებლობისთვის დაუშვებელია და ეს მასალა სრულად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც არცერთი დონის ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს.

ნაპირსამაგრი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის ბათუმში, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / 10.06.2026

ტენდერში, რომელიც შეწყვიტეს, 3 კომპანია მონაწილეობდა: შპს „იქსენერჯი გრუპ“ [შეთავაზება 1 456 000 ლარი], შპს „ენ-დი როუდი“ [1 656 240 ლარი] და შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“ [1 854 250 ლარი]. აქედან პირველ ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

„ბათუმელები“ აჭარის გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იგეგმება თუ არა ტენდერის ხელახლა გამოცხადება და სავარაუდოდ რა პერიოდისთვის. სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მათ წერილით უნდა მივმართოთ.

განახლება: „თუ არ შეიტანეს ინერტული მასალა სანაპიროზე და პლაჟი ხელოვნურად არ გაამაგრეს, რა თქმა უნდა, სანაპირო ხაზი გაირეცხება… მაგალითად, ადლია-ანგისის მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ადგილია, შეიძლება, 5-7 წელიწადში ბეტონის ბორდიურებამდეც კი წაირეცხოს სანაპირო,“ – ამბობს გეომორფოლოგი ზურაბ ჯანელიძე.

ვრცლად: ახალ ბულვარში პლაჟი აღარაა, რა ელის ბათუმის სანაპიროს? – ინტერვიუ პროფესორთან

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა ეს მონაკვეთი ბანაობისთვის არარეკომენდებული ან აკრძალული ადგილების ჩამონათვალში ჯერ-ჯერობით არ არის / ფოტო: 10.06.2026

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა „ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) პროექტი“, რომელიც სამმართველომ 2022 წლის 10 მაისს ჩაიბარა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:

„სანაპიროს მკვებავ მდინარეებში აღარ არსებობს პლაჟების მკვებავი მასალა, ვინაიდან მათი პირდაპირი დანიშნულების მაგივრად მდინარის ნატანს იყენებენ სხვადასხვა სამშენებლო მიზნებით [შემოვლითი გზების და უბრალოდ გზების მშენებლობა, მაღლივი კორპუსების მშენებლობა უშუალოდ ზღვასთან და ხშირ შემთხვევაში იქ, სადაც პლაჟი და ზვინული უნდა იყოს].

აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“. 

ბათუმის ახალ ბულვართან და მის გაგრძელებაზე ჩაწყობილი ლოდები რომ უსაფრთხო არ არის ეს თავის დროზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდშიც დაგვიდასტურეს. / ფოტო: 10.06.2026

„ახალ სტრატეგიასთან“ დაკავშირებით 2025 წლის 30 დეკემბერს „ბათუმელებმა“ წერილობით აჭარის მთავრობას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ბათუმის მერიას იდენტური კითხვებით მიმართა. გვაინტერესებდა დაწყებული იყო თუ არა ამ კუთხით მუშაობა. 2026 წლის 27 იანვარს პასუხი მხოლოდ გარემოს სამმართველოდან მივიღეთ, სადაც ეწერა:

„რაც შეეხება „სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიას“, სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს თავისი მოსაზრებები“. 

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / 10.06.2026

მდინარეებში ნატანის კლებამ და ზღვის ხელოვნური კვების შეწყვეტამ პრობლემები შეუქმნა ქობულეთის პლაჟებსაც.

140 ათასი კუბური მეტრი ხრეშის ქობულეთის პლაჟზე შესატანად ტენდერი 5 267 457 ლარით წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს გამოცხადებული.

დეპარტამენტმა შპს „გზამშენს“, რომელიც მომსახურებას 3 950 593 ლარად სთავაზობდა, დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. მეორე პრეტენდენტია შპს „სკინჩი“, რომელიც სამუშაოების შესრულებას დეპარტამენტს 4 213 966 ლარად სთავაზობს.

ეს ტენდერი 2026 წლის 11 ივნისის მდგომარეობით შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

მდგომარეობა სანაპიროზე ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ ერთ-ერთ ჩასასვლელთან / 10.06.2026

ბათუმის სანაპიროს პრობლემებს რაც შეეხება, „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი უმთავრეს პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებდა:

  • ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა;
  • თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
  • ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა;
  • შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება;
  • ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.

ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

 

სწავლა 2-3 ცვლაში – რა პრობლემებს უქმნით ბავშვებს სკოლების გაჭიანურებული მშენებლობა

„მე-5 საჯარო სკოლის დაუსრულებელი და გაუთავებელი რემონტის გამო, ჩვენი შვილები სწავლობენ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. ის განსაკუთრებით შორსაა ჩვენი ოჯახებიდან. მე მახინჯაურში ვცხოვრობ, ზოგი ახალშენში, ზოგიც ანგისაზე.

სკოლას [სადაც ახლა ბავშვები დადიან] არ გააჩნია ნორმალური გათბობა, რის გამოც ხშირად ავადმყოფობენ ბავშვები. მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა ექიმთან ვიზიტი და მედიკამენტები. გაცდენები კი იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას.

ძალიან გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი მშობლების და მოსწავლეების გულის ტკივილი, ყურადღება მოგვაქციოს მან, ვისაც ევალება დასახელებული სკოლის რემონტის დროულად დასრულება“, –  ერთ-ერთმა მშობელმა ეს წლის დასაწყისში დაწერა ფეისბუქზე.

ის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაზე წერს, რომელიც რამდენიმე წელია რემონტდება. „ბათუმელები“ ამ სკოლის დირექტორს თებერვლის დასაწყისში ესაუბრა. მან გვითხრა, რომ სკოლაში პირველ მარტს განახლდებოდა სწავლა.

ასე არ მოხდა. აჭარის განათლების სამინისტროში ახლა გვითხრეს, რომ სწავლა სექტემბერში განახლდება.

ყველა არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხან 300 ახალი სკოლის აშენებას ჰპირდება მოსახლეობას, ხან 300-ზე მეტის, თუმცა აუშენებელი და დაუსრულებელი სკოლების პრობლემა თითქმის ყველა წელს დგას ქვეყანაში.

მაგალითად აჭარაში, ჯერ კიდევ 2021 წელს 10 ახალი სკოლის მშენებლობაზე საუბრობდა ხელისუფლება. აქედან 4 ბათუმში უნდა აშენებულიყო.

2026 წელია და აჭარის მთავრობაში ისევ გვეუბნებიან, რომ 5 ახალ სკოლას აშენებენ. 3 სკოლას კი რეაბილიტაცია უტარდება.

იმ სკოლის რეაბილიტაცია, რომლის დაუსრულებლობაზეც მშობელი წუხდა, 2022 წელს დაიწყო და 2024-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა არაერთხელ შეიცვალა და გადავადდა დასრულების ვადები.

მსგავს მდგომარეობაშია ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაც, სადაც ასევე პირველ მარტს უნდა გახსნილიყო სკოლის კარები, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები, არც ამ სკოლაში დასრულდა დროულად. დირექტორი ისევ ელის, რომ განახლებულ სკოლაში სწავლას სექტემბერში შეძლებენ. „მალე გადავალთ, მერხები გადამაქვს უკვე“, – გვეუბნება სკოლის დირექტორი. თუმცა ასეთივე კომენტარი გააკეთა მან „ბათუმელებთან“ მარტის დასაწყისში.

შიდა მიგრაციის გამო დიდ ქალაქებში მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოსწავლეების ნაკადიც სკოლებში. არსებული ინფრასტრუქტურა კი ვერ პასუხობს მოთხოვნებს.

ქალაქის ცენტრალურ სკოლებში 1500-2000-მდე მოსწავლე სწავლობს, რაც იწვევს კლასების გადატვირთვას და თავისუფალი სივრცეების გაქრობას.

დაუსრულებელი მშენებლობების გამო კი სკოლების სხვა სკოლებში შეხიზვნა, ასევე იწვევს სკოლების გადატვირთვას და როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც სტრესულ გარემოში იმყოფებიან.

გაჩნდა ახალი პრობლემა, უკვე ტენდენციად იქცა ძველი სკოლების ეზოების ათვისება და იქ სკოლის ფლიგელების ჩადგმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებისთვის თავისუფალი სივრცეები კიდევ უფრო შემცირდა. 

მაგალითად, ეზოების ხარჯზე ჩადგეს დამატებითი კორპუსები ბათუმის პირველ, მე-2, მე-3, მე-6, მე-14 და მე-18 საჯარო სკოლებში. მე-14 და მე-18 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსები ჯერ ისევ მშენებლობის პროცესშია.

დაუსრულებელია 31-ე საჯარო სკოლის მშენებლობაც. ხელშეკრულების მიხედვით, სკოლის მშენებლობა მომავალს წელს უნდა დასრულდეს.

სად და რამდენი სკოლა უნდა აშენებულიყო ქვეყნის მასშტაბით და აშენდა თუ ვერა, ამაზე საქართველოს განათლების სამინისტრო ღიად არ საუბრობს. არც კონკრეტული მონაცემები უდევთ საჯაროდ, რომ ამით ვიხელმძღვანელოთ. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ თბილისში მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლების დაუსრულებელი მშენებლობების გამო რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს.

ასე იყო მაგალითად წელს, როცა თბილისის მე-14 საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა სკოლის დროულად აღდგენის მოთხოვნით გამართეს აქცია. მათი სკოლა 4 წლის წინ უნდა აშენებულიყო, თუმცა დღეს, როგორც მშობლები და მოსწავლეები აცხადებენ, სკოლის ადგილი ნაგავსაყრელად არის ქცეული. ბავშვები კი სხვადასხვა სკოლაში არიან შეხიზნულები.

„კორპუსს თუ აპროექტებენ 2 წელიწადში, ფუნდამენტიდან იწყებენ და აშენებენ 25 სართულს, 3-სართულიანი სკოლა რა გახდა, რომ ვერ აშენდა 4 წელიწადში?!“ – ამბობდნენ მშობლები საპროტესტო აქციაზე.

მსგავსი მოთხოვნით გაიმართა მშობლების საპროტესტო აქცია 2025 წელსაც, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში, დადიანის ქუჩაზე მოითხოვდნენ დანგრეული სკოლის აღდგენას.

„რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს მეოთხე საჯარო სკოლა და მას მერე იქ ისევ მინდორია. მშობლებს კი ბავშვების ტარება სახლიდან შორს, სხვა უბნის სკოლებში უწევთ.

ძალიან დაღლილები ვართ, აღარ შეგვიძლია, დაგვიბრუნონ ჩვენი სკოლა“, – ამბობდა ერთ-ერთი მშობელი აქციაზე.

აუშენებელ სკოლებზე წუხან რეგიონებშიც. მაგალითად 22 აპრილს, „ქართლის ამბები“ წერდა, რომ სოფელ მოხისში მეოთხე წელია, რაც სკოლა დაკეტილია და 100-ზე მეტი ბავშვი მეზობელ სოფელში დადის. „2 საათზე მიდიან და საღამოს 7 საათზე ბრუნდებიან. დაიღალნენ ბავშვები, სწავლა შესჯავრდათ“, – ამბობდა ერთ-ერთი ადგილობრივი.

რატომ არ ან ვერ შენდება სკოლები დროულად და საჭირო რაოდენობით საქართველოში და რა განაპირობებს ამას? – ხელისუფლების გულგრილობა, თუ კორუფცია და როგორ აისახება ხიზნობა და სივრცეების ნაკლებობა ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, რა პრობლემებს აჩენს ეს.

დაუსრულებელი სკოლები და, შესაბამისად, კლასებში სიმჭიდროვე, რამდენად იწვევს დაღლილობასა და სტრესს ბავშვებში? – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორის, ეკატერინე სლოვინსკის შეფასებით, გავლენა მრავალმხრივი და უარყოფითია.

ეკატერინე სლოვინსკი, ილიაუნის პროფესორი.

პროფესორის შეფასებით, როდესაც მოსწავლე სკოლაში მიდის, მას უნდა ჰქონდეს იქ გარკვეული სივრცე, რადგან სკოლა არის ფიქრის, ურთიერთობის, კომუნიკაციის ადგილი, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს.

„თქვენ რომ მიხვიდეთ ისეთ სკოლებში, სადაც ორი ან მეტი ცვლაა, კლასში დაგხვდებათ ცარიელი კედლები. ანუ არაფერი ნიშანი არ არის იმის, რომ ამ სივრცეს მოსწავლისთვის რაღაც პერსონალური დატვირთვა აქვს. არ არის კლასში არაფერი – არც კუთხე, არც ბავშვის ნახატი, არც სხვა რაიმე, რაც კლასთან ასოცირებადი რაიმე სახის თვალსაჩინოებაა.

ეს არის გაუცხოებული გარემო. აქ შედის ორი განსხვავებული კლასი და არც პირველი ცვლის მასწავლებლები და არც მეორე ცვლის მასწავლებლები ამ საკლასო სივრცეში საერთოდ არაფერს ტოვებენ, რაც შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეს იმაში, რომ კუთვნილების განცდა გაუჩნდეს ამ სივრცის მიმართ.

გეგონება მეტროს რომელიღაც სადგურია, სადაც ვიღაცები გადიან და გამოდიან და არანაირი კუთვნილება ამ სივრცის მიმართ მოსწავლეს არ გაუჩნდება. ეს წარმოუდგენელია და, რა თქმა უნდა, აზიანებს სასწავლო პროცესს. მე ნამყოფი ვარ ასეთ კლასში“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.

მისი შეფასებით, როცა მოსწავლე ორ-სამცვლიან სკოლაში დადის, ეს ნიშნავს, რომსახელმწიფო ჰპარავს მოსწავლეებს იმ დროს, რაც მათ ეკუთვნით იმისათვის, რომ ისწავლონ სკოლაში“.

რას ნიშნავს ეს? – როგორც ეკატერინე სლოვინსკი ამბობს, სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულია, რომ პირველ კლასში გაკვეთილები უნდა იყოს 35-წუთიანი, მეორეში 40 და შემდგომ კლასებში, 45-წუთიანი.

„ოღონდ ეს 35-წუთიანი გაკვეთილი იმას კი არ ნიშნავს, რომ ხუთწუთიანი შესვენების შემდეგ უცებ მეორე გაკვეთილი დაიწყოს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო ერთმანეთთან კომუნიკაციის, თამაშის, რაღაც რომ შექმნან ერთად და გარკვეული სოციალური უნარები გამოუმუშავდეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

როცა კონვეიერულად არის მიწყობილი გაკვეთილები ხუთ-ხუთწუთიანი შესვენებებით, ეს არ არის სკოლის სწორი მართვა. ამას თუ ერთვის მეორე სმენის შემოსვლა სკოლაში, წარმოგიდგენიათ ეს რა არის? „გამარჯობის” თქმას ვერ ასწრებს მასწავლებელი და გაკვეთილი დასრულებულია.

დავინტერესდი და ევროკავშირის ქვეყნების სავალდებულო სწავლების საათების რაოდენობა ვნახე. ევროკავშირში სავალდებულო საათების რაოდენობა არის საშუალოდ 7 868 საათი. საქართველოში 10 წლიანი სავალდებულო განათლების შემთხვევაში, ეს იყო 7 601 საათი.

9-წლიან სავალდებულო სწავლებაზე რაც გადავედით, ეს იქნება 6 750 საათი. ოღონდ თუ ერთ ცვლაში ისწავლიან ბავშვები და ექნებათ 45-წუთიანი გაკვეთილები.

ხედავთ რამხელა განსხვავებაა? ამ მარტივი კალკულაციითაც კი ჩანს, რომ სკოლა ვერ ახერხებს სათანადო სივრცის, გარემოს, დროით უზრუნველყოფას ჩვენი მოსწავლეებისთვის“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ე.წ რეფორმა სკოლებში სწავლის ხარისხის გაზრდის მიზნით წამოიწყო. რამდენად შესაძლებელია მსგავს პირობებში განათლების ხარისხის ამაღლება? – ვეკითხებით ეკატერინე სლოვინსკის.

„ჩვენთან ასეთი მიდგომაა, რადგან ხარისხიან განათლებას ვერ უზრუნველვყოფთ, ამიტომ იყოს ნაკლები. [სკოლები გახადეს 11-წლიანი]. არ საუბრობენ იმაზე, რომ კარგი სკოლები ააშენონ, ინფრასტრუქტურა გამართონ, სივრცეები შეუქმნან ბავშვებს.

არის უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში არიან ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, ვისთვისაც კვების უზრუნველყოფა სკოლაში იქნება იმის წინაპირობა, რომ მათ სწავლის შედეგები გაიუმჯობესონ. ამაზე არავინ ფიქრობს.

ასე იქმნება სტრესული, ძალადობრივი გარემო, სადაც ბავშვი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად. არ არის ემოციური სიმშვიდე, კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე და არა მარტო ამაზე. ამას გრძელვადიანი შედეგები აქვს შემდეგ.

რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს საბაზისო მოთხოვნებია და არ სჭირდება დიდი ჩაღრმავება და კვლევა იმას, რაც ხელის გულზე დევს, რომ აუცილებელია სკოლაში იყოს კარგი ინფრასტრუქტურა, კვება, გათბობა, მშვიდი გარემო, სწავლის კარგი მეთოდიკა, სახელმძღვანელოები. ჩვენ შემთხვევაში კი ალოგიკურად მიდის ყველაფერი.

როცა სახელმწიფო იძახის, ვთქვათ, რომ სპორტი არის პრიორიტეტი, მაშინ მოსწავლეებს სკოლაში უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სპორტის კარგი აქტივობებით დაკავდნენ. კვირაში სამი საათი უნდა ჰქონდეთ სპორტის გაკვეთილები და 1500-2000 მოსწავლე რომ სწავლობს სკოლაში, იქ ფიზიკურად ვერ დაატევ ამდენ ბავშვს სპორტულ დარბაზში.

არ სჭირდება ამას რაიმე განსაკუთრებული ცოდნა, რომ ბავშვებს მეტი სივრცეები სჭირდებათ განვითარებისთვის.

ურბანულ გარემოში კატასტროფა ხდება. რამდენიმე სკოლა ვიცი ჩემ გარშემო, არცერთს აღარ დარჩა სპორტული მოედანი. ყველგან საცხოვრებელი კორპუსი ჩაიდგა. მზის სხივები აღარ შემოდის კლასში. რაღაც გეტოსავით გახდა თბილისი და როგორც ვიცი, ბათუმშიც იგივე პრობლემებია.

გვინახავს ევროპაში სკოლები, რამხელა სივრცეები აქვთ, რამხელა ეზოები, ერთ მოსწავლეზე რამხელა ფართობია გამოყოფილი იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იგრძნოს თავი. და მეორე, მასწავლებლებსაც აღარ რჩებათ სივრცე, რომ ადამიანურად დასხდნენ და იმუშაონ, იფიქრონ, მოამზადონ მომდევნო დღისთვის მასალები, გაკვეთილები ან რაღაც კლუბური სამუშაო გააკეთონ. ამ გადარბენა გადმორბენაში უნდა მოასწრონ ყველაფერი – ჯერ ერთ სივრცეში შევარდნენ, მერე მეორეში, რაც ყოვლად გაუმართლებელია“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.

მისი თქმით, ამ გარემოებების გამო ბავშვის ცხოვრება გახდა სტრესული, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებასა და სწავლის ხარისხზეც.

„თუ ეს ყველაფერი კორუფციის შედეგია, თავად უნდა გამოიძიონ და მიიღონ ზომები, რადგან დრო გადის და თაობები კარგავენ წლებს, რაც ძალიან დასანანია“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.

________________

მთავარი ფოტო: ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის შენობა/ფოტო: „ბათუმელები“.

ბათუმიდან თურქეთის გენერალური კონსული კაზინოში გადაღებული ფოტოს გამო გაიწვიეს – მედია

ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ადნან ალთაი ალთინორსი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სკანდალის ფონზე გაიწვია.

თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური კონსული ბათუმიდან მას შემდეგ გაიწვიეს, რაც გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახულია კაზინოში მყოფი ადნან ალთაი ალთინორსი.

კაზინოში გადაღებული ფოტო, რომელიც თურქული მედიის თანახმად კონსულის ვადაზე ადრე გაწვევის მიზეზი გახდა

თურქული პრესა წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იძიებს.

ადნან ალთაი ალთინორსი გენერალურ კონსულად 2024 წლის შემოდგომაზე დაინიშნა და მას როტაცია ჯერ არ უწევდა.

ადნან ალთაი ალთინორსი

„ბათუმელებმა“ სცადა ინფორმაციის გადამოწმება ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

წერილობით მივმართეთ საქართველოში თურქეთის საელჩოსაც. დავინტერესდით, რატომ გაიწვია სამინისტრომ გენერალური კონსული ბათუმიდან, ვადაზე ადრე.

ოფიციალური პასუხების მიღების შემთხვევაში, ის მასალაში აისახება.

თურქულმა გამოცემებმა ბათუმიდან გენერალური კონსულის  გაწვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 9 ივნისს გაავრცელეს. ფოტო სავარაუდოდ რამდენიმე თვის წინაა გადაღებული, რადგან ბოლო ორი თვეა ბათუმში გენერალური კონსულის სტატუსით შეხვედრებს ბანუ თერზიოღლუ ესწრება, რომელიც მანამდე თბილისში, თურქეთის საელჩოში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბანუ თერზიოღლუ 2026 წლის 29 აპრილს უკვე გენერალური კონსულის სტატუსით ესწრებოდა საქართველოში თურქეთის ახალი ელჩის, მუსტაფა თურქერ არის შეხვედრას ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან.

საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი და გენერალური კონსული ბათუმში ბანუ თერზიოღლუ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრაზე

თურქეთის ახალი გენერალური კონსული ბათუმში ბანუ თერზიოღლუ ODTÜ-ს, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

მან თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2005 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს პროტოკოლის, სამხრეთ აზიისა და ევროკავშირის საქმეთა გენერალურ სამდივნოში.

2016 წლიდან 2019 წლამდე იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ხოლო 2019 წელს გენერალურ კონსულად დაინიშნა კარლსრუეში, გერმანიაში.

ბათუმში გენერალურ კონსულად დანიშვნამდე ბანუ თერზიოღლუ თბილისში, თურქეთის საელჩოში მუშაობდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში ბანუ თერზიოღლუ და საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი

პროფესიული განათლების მქონე პირებს მასწავლებლობის უფლება მიეცემათ

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს მასწავლებლობის უფლება მიეცემათ გამოცდის ჩაბარებისა და 60-კრედიტიანი პროგრამის ან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის შემთხვევაში.

დღეს მოქმედი კანონით, პროფესიული განათლების საფუძველზე მასწავლებლობის უფლება ეძლევა მხოლოდ სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს.

შემდეგი ცვლილება ეხება მასწავლებლობის მაძიებლობის საკითხს.

კერძოდ, „მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც უმაღლესი განათლებით არ აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია.

მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად მას შესაბამისი გამოცდის ჩაბარება განესაზღვრება. ასევე, თუ პირს უმაღლესი განათლებით აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის რომელიმე საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგრამ მაძიებლობის პროგრამაში სხვა საგნით ჩაერთვება, შესაბამისი წინაპირობა მისთვისაც საგნის გამოცდის ჩაბარება იქნება“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცვლილებები შეეხო შემცვლელ სპეციალურ მასწავლებელსაც.

კერძოდ, „დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელად/შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით სპეციალური მასწავლებლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს ან პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება.

ფლობს მასწავლებლობის უფლებას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი.

თუ სკოლის მიერ აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია კონკურსის გზით ვერ შეივსო, სპეციალურ მასწავლებლად ასევე შეიძლება დასაქმდეს პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება და ფლობს მასწავლებლობის უფლებას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი.

ამ შემთხვევაში, პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს შესაბამისი სასწავლო წლის ბოლომდე, ხოლო სასწავლი წლის ბოლოს სკოლას ვალდებულება ექნება, გამოაცხადოს კონკურსი.“

კანონში შეტანილი ცვლილებით, სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, „რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც“.

Exit mobile version