ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟზე კომერციული საქმიანობებისთვის გამოყოფილი ადგილები აუქციონზე გაიტანა. 800 კვ.მეტრიდან – 1500 კვ.მეტრამდე კომერციული ფართობები პლაჟზე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად უნდა გასხვისდეს. პირობა მხოლოდ შეზლონგების, ქოლგებისა და ნაგვის ურნების განთავსების შესაძლებლობას უშვებს და არ არის განკუთვნილი საკლუბო ან კაფეს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ადგილების გასასხვისებლად 22 მაისს გამოაცხადეს და 29 მაისს უნდა დასრულდეს.
ბათუმის ბულვარმა აუქციონზე უკვე გაიტანა და მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისა ე.წ. წიგნის ფორმის მცირე ზომის კომერციული ობიექტები, რომლებსაც ძირითადად სუვენირებით მოვაჭრეები იყენებენ.
წიგნის ფორმის ობიექტების საწყისი ფასი 2656 ლარი იყო, ხოლო ბიჯი 80 ლარი, უმეტეს შემთხვევაში კონკურენციის პირობებში 50-ზე მეტი ბიჯი დაიდო. თუმცა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა დადებული ბიჯების ოდენობამ 120-ს გადააჭარბა. საბოლოოდ, წიგნის ფორმის კომერციული ობიექტები ერთ შემთხვევაში 12 416 ლარად გაასხვისეს, 2 შემთხვევაში 10 000 ლარზე მეტად, სამ შემთხვევაში 5-7 ათას ლარად, ხოლო 12 შემთხვევაში დაახლოებით 3000 ლარად.
ბულვარის ადმინისტრაციამ წიგნის ფორმის კომერციული ობიექტები პირველ იანვრამდე გაასხვისა.
ბულვარის შესასვლელთან ადმინისტრაციამ, მაღალი კონკურენციის პირობებში, გაასხვისა ასევე მცირე ზომის კვების ობიექტი, საწყისი ფასი 30 094 ლარი იყო და 84 ბიჯით ქონება 105 043 ლარად გასხვისდა. ეს ქონებით სარგებლობის წლიური საფასურია და ხუთი წლის ვადით გასხვისდა.

ბათუმის ბულვარი
მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღეში აამოქმედოს სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების გართობისა და კვების ობიექტი. ეს ქონება 14 მაისს გაიცა იჯარით.
კორტების მიმდებარედ პლაჟზე, 12 257 ლარად გაასხვისეს ასევე მიწის ნაკვეთი ბულვარში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიტნეს სივრცის განსათავსებლად.
ბულვარში ე.წ. ეშმაკის ბორბალთან არსებული 77 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 17.28 კვ.მეტრი საპირფარეშო ერთ-ერთი ყველაზე მაღალკონკურენტული ობიექტი აღმოჩნდა – ქონების საწყისი ფასი 7800 ლარი იყო და 309 ბიჯით 80 106 ლარად გასხვისდა 3 წლის ვადით.
- მიმდინარე აუქციონები
ანბანის კოშკთან, ბულვარის ადმინისტრაცია საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად 1491 კვ.მეტრ ტერიტორიას ასხვისებს. აუქციონი 22 მაისს გამოაცხადეს და 29 მაისს უნდა დასრულდეს.
ქონების საწყისი ფასი 53 766 ლარი, ბიჯი 1613 ლარია. ელექტრონული ვაჭრობისას საბოლოოდ დაფიქსირებული თანხა საიჯარო პერიოდის საფასურის სახით ჩაიწერება ხელშეკრულებაში, აუქციონში გამარჯვებულმა ეს თანხა [სარგებლობის საფასური] ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად უნდა გადაიხადოს, სარგებლობის ვადა კი ხელშეკრულების დადებიდან პირველ ნოემბრამდე განსაზღვრეს.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღეში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“.
გარდა ამისა, აუქციონის პირობების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია:
- სახელშეკრულებო ვადაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება.
- სექტორზე განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა [შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი], სადაც ერთი ერთეული შეზლონგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო ერთი ერთეული ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ხუთ ლარს.
- სექტორზე განათავსოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება მომსახურების ფასები ქართულ და ინგლისურ ენაზე, ბანერის ვიზუალური მხარე უნდა შეთანხმდეს ბათუმის ბულვართან.
- მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ წინასწარი თანხმობის გარეშე.
- მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანხმობის გარეშე.
- მოიჯარე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს ზღვაზე სასეირნო დაფები [საბბორდები].
აუქციონზე თითქმის იდენტური პირობებით არის გატანილი ასევე, 1199 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი პლაჟზე, სასტუმრო კემპინსკის მარჯვენა მხარეს – საწყისი ფასი 23 093 ლარია, ბიჯი 693 ლარი. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს პლაჟზე არსებული 496 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი საწყისი ფასით 10 030 ლარად, ბიჯი 301 ლარი.



